1მეფეთა თავი 23

1 . დაეკითხა დავითი უფალს: "წავიდე და მოვსრა ეს ფილისტიმელნი?” უპასუხა უფალმა: "წადი, შემუსრე ფილისტიმელნი და იხსენი კეყილა”.

2 . უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აჰა, იუდაში ვართ და გვეშინია, კეყილას როგორღა წავალთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?!”

3 . კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა: "ადექი და წადი კეყილას, რადგან მე ჩაგიგდებ ხელში ფილისტიმელებს!”

4 . და წავიდა დავითი თავის კაცებთან ერთად კეყილას, შეება ფილისტიმელებს, წამოასხა მათი პირუტყვი და სასტიკად მუსრა ფილისტიმელები; ასე იხსნა დავითმა კეყილას მცხოვრებნი.

5 . როცა აბიათარი, ახიმელექის ძე, დავითთან გამოიქცა კეყილასაკენ, თან ეფოდი წამოიღო.

6 . და გააგებინეს საულს, კეყილაში ჩავიდაო დავითი. თქვა საულმა: "ხელში ჩამიგდო ღმერთმა, რადგან გალავნიან და კარიბჭიან ქალაქში გამოუმწყვდევია თავი”.

7 . საომრად იხმო საულმა მთელი ხალხი, რომ კეყილაში ჩასულიყვნენ და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.

8 . შეიტყო დავითმა საულის ბოროტი განზრახვა და უთხრა აბიათარ მღვდელს: "მოიტანე ეფოდი”.

9 . თქვა დავითმა: "უფალო, ისრაელის ღმერთო! დანამდვილებით მესმა შენს მსახურს, რომ კეყილას მოემართება საული, რათა ჩემ გამო დაანგრიოს ქალაქი.

10 . თუ გადამცემენ კეყილას მთავარნი მის ხელს? მართლა ჩამოვა საული, როგორც უთხრეს შენს მსახურს? უფალო, ისრაელის ღმერთო, გთხოვ, მიპასუხო შენს მსახურს!” უთხრა უფალმა: "ჩამოვა”.

11 . ჰკითხა დავითმა: "თუ გადაგვცემენ კეყილას მთავარნი მე და ჩემს კაცებს საულის ხელთ?” უთხრა უფალმა: "გადაგცემენ”.

12 . ადგა დავითი თავის ექვსასამდე კაცით, დატოვა კეყილა და წავიდა, საითაც შეეძლო. შეატყობინეს საულს კეყილადან დავითის გაქცევის ამბავი და გადაიფიქრა საულმა სალაშქროდ გასვლა.

13 . ზიფის უდაბნოში, მიუვალ ადგილას, მაღლობზე იმალებოდა დავითი. ყოველდღე ეძებდა მას საული, მაგრამ ხელთ არ ჩაუგდო ღმერთმა იგი.

14 . ხედავდა დავითი, რომ მოსაკლავად ეძებდა საული და რჩებოდა ზიფის უდაბნოში.

15 . ადგა იონათანი, საულის ძე, წავიდა დავითთან ტყეში და უფლით გაამხნევა.

16 . უთხრა: "ნუ შეშინდები, რადგან ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი; შენ გამეფდები ისრაელზე, მე კი შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც იცის ეს”.

17 . აღთქმა დაუდეს ერთმანეთს უფლის წინაშე და დარჩა დავითი ტყეში, იონათანი კი სახლში დაბრუნდა.

18 . ამოვიდნენ ზიფელნი გიბყაში საულთან და უთხრეს: "აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხაქილას მაღლობზე, იეშიმონის სამხრეთით.

19 . ჩამოდი მეფევ, როცა ინებებ; ჩვენი ვალია დაგეხმაროთ მის შეპყრობაში”.

20 . უპასუხა საულმა: "უფალიმც გაკურთხებთ, რადგან ასე შემიბრალეთ.

21 . ახლა წადით, კვლავ გამოიკვლიეთ და დაათვალიერეთ ის ადგილი, სადაც იმალება და ნანახი ჰყავთ, რადგან მითხრეს, რომ დიდი ცბიერი ვინმეა.

22 . მოჩხრიკეთ და დაზვერეთ ყოველი თავშესაფარი, სადაც შეიძლება დაიმალოს და უტყუარი პასუხით დაბრუნდით ჩემთან; მერე კი წამოვალ და თუ იქ იქნება, იუდას თითოეულ ათასეულში მოვძებნი”.

23 . ადგნენ და საულზე წინ წავიდნენ ზიფში. ხოლო დავითი და მისი კაცები მაყონის უდაბნოში იყვნენ, ყარაბაში, იეშიმონის მარჯვნივ.

24 . და წავიდნენ საული და მისი მეომრები დავითის საძებრად. ეს რომ გაიგო დავითმა, კლდეს შეეფარა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და უკან მიჰყვა დავითს მაყონის უდაბნოში.

25 . საული მთის ერთ მხარეს მიუყვებოდა, დავითი და მისი კაცები კი - მეორე მხარეს. ძალიან ჩქარობდა დავითი საულისგან გაქცევას, რადგან საული და მისი კაცები ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი კაცებისთვის, რათა შეეპყროთ ისინი.

26 . ამ დროს მივიდა მაცნე საულთან და უთხრა: "იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელნი შემოესივნენ ქვეყანას”.

27 . მიატოვა საულმა დავითის დევნა და წავიდა ფილისტიმელთა დასახვედრად. ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სელაყ-ჰამახლეკოთი (გამყოფი კლდე).

28 . წავიდა იქიდან დავითი და ყენგედის მიუვალ ადგილებში გაჩერდა.