1 . და გადავიდნენ დავითი და მასთან მყოფი ექვსასი კაცი აქიშთან, მაყოხის ძესთან, გათის მეფესთან.
2 . ცხოვრობდა დავითი აქიშთან გათში, თავის კაცებთან ერთად, თითოეული თავისი სახლეულით; იქ ჰყავდა დავითს თავისი ორი ცოლი: იზრეყელელი ახინოყამი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
3 . შეატყობინეს საულს დავითის გათში გაქცევა და შეწყვიტა მისი ძებნა.
4 . უთხრა დავითმა აქიშს: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე პატარა ქალაქში და იქ ვიცხოვრებ; რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენთან ერთად სამეფო ქალაქში?”
5 . და მისცა მას აქიშმა იმ დღეს ციკლაგი; დღემდე ამიტომ ეკუთვნის ციკლაგი იუდას მეფეებს.
6 . წელიწადი და ოთხი თვე ცხოვრობდა დავითი ფილისტიმელებთან.
7 . წავიდოდნენ დავითი და მისი კაცები და თავს ესხმოდნენ გეშურელებს, გიზრელებს და ყამალეკელებს, რადგან დასაბამიდან ისინი მკვიდრობდნენ ამ ქვეყანაში, შურის მისადგომებიდან ეგვიპტის ქვეყნამდე.
8 . მუსრავდა დავითი იმ ქვეყანას, არც კაცს უშვებდა ცოცხალს და არც ქალს. გამოირეკავდა ცხვარს, ნახირს, სახედრებს, აქლემებს, წამოაყოლებდა სამოსელს და ბრუნდებოდა აქიშთან.
9 . ჰკითხავდა აქიში: "დღეს სად დაარბიეთ?” დავითი მიუგებდა: "იუდას სამხრეთით” ან "იერახმეელის სამხრეთით” ან "კენიელთა სამხრეთით”.
10 . არც კაცს ტოვებდა ცოცხალს და არც ქალს; გათში ცოცხლად არავინ მოჰყავდა დავითს, რადგან ფიქრობდა: არავინ ილაპარაკოს ჩვენზე, ფილისტიმელთა ქვეყნად ცხოვრებისას ასე და ასე იქცეოდაო დავითი, ასეთი წესი ჰქონდაო.
11 . მიენდო აქიში დავითს; ამბობდა: "თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო”.
12 . იმ ხანებში იყო, რომ ლაშქარი შეკრიბეს ფილისტიმელებმა ისრაელთან საომრად; უთხრა აქიშმა დავითს: "იცოდე, უსათუოდ ჩემს ლაშქარში გამოხვალთ შენც და შენი კაცებიც!”