1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.