1 . "შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი რომ გამოჩნდეს და ნიშანი ან სასწაული მოგცეს,
2 . და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გამოგიცხადა და თან გითხრას: გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და მათ ვემსახუროთო,
3 . ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდის უფალი, შენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვარს თუ არა უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით!
4 . უფლის, შენი ღმერთის კვალს გაჰყევი და მისი გეშინოდეს; მისი მცნებანი დაიცავი, მისი ხმა გაიგონე, მას ემსახურე და მიეწებე.
5 . ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან უფლის, შენი ღმერთისგან განდგომა გირჩია, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანა და მონობის სახლიდან გამოგისყიდა; რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზე სიარულიც უფალმა, შენმა ღმერთმა, გიბრძანა; ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენს შორის.
6 . თუ ჩურჩულით წაგაქეზებს შენი ძმა - დედაშენის შვილი, შენი ძე ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან შენი მეგობარი, საკუთარი სულივით რომ გიყვარს: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები,
7 . იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენ გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, დედამიწის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე,
8 . არ დასთანხმდე და ნუ გაუგონებ; ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ და ნუ დაიფარავ;
9 . არამედ მოკალი იგი; პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე მთელი ხალხისა.
10 . ჩაქოლეთ იგი, რომ მოკვდეს; რადგან შენი ჩამოცილება ჰქონდა განზრახული უფლის, შენი ღმერთისგან, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა.
11 . მთელი ისრაელი გაიგებს ამას, შეშინდება და აღარ ჩაიდენს ასეთ ბოროტებას შენს შორის.
12 . თუ გაიგებ, რომ რომელიმე შენს ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი საცხოვრებლად,
13 . გამოჩნდა უღირსი ხალხი შენი წიაღიდან და შეაცდინეს ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ,
14 . მაშინ გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და კარგად გამოიკითხეთ ყველაფერი; აჰა, მართლა მოხდა ეს სისაძაგლე შენს წიაღში,
15 . მახვილის პირით შემუსრეთ იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მისი პირუტყვიც გაჟლიტეთ მახვილით.
16 . მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე მოაგროვე და დაწვი ქალაქი და ნადავლი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ნანგრევებად დარჩეს უკუნისამდე და აღარასოდეს აშენდეს.
17 . დარისხებულიდან არაფერს მიეკაროს შენი ხელი, რათა განელდეს უფლის მძვინვარე რისხვა და გიჩვენოს წყალობა, შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც დაუფიცა შენს მამებს;
18 . თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელსაც გიბრძანებ დღეს და სწორად მოიქცევი უფლის, შენი ღმერთის თვალში.
1 . იმ დღეებში, მსაჯულთა მმართველობის დროს, შიმშილი იყო ქვეყანაზე. იუდას ბეთლემიდან კაცი გაიხიზნა მოაბის ველებზე საცხოვრებლად, თავის ცოლსა და ორ ძესთან ერთად.
2 . ელიმელექი ერქვა იმ კაცს, მის ცოლს - ნაყომი, ძეებს კი - მახლონი და ქილიონი, ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. და მივიდნენ მოაბის ველებზე და იქ დარჩნენ.
3 . მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ძით.
4 . შეირთეს მათ მოაბელი ცოლები - ერთს ყორფა ერქვა, მეორეს - რუთი და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ იქ.
5 . მაგრამ დაიხოცნენ მახლონი და ქილიონი და დარჩა ნაყომი თავის ქმრისა და შვილების გარეშე.
6 . და როცა შეიტყო მოაბის ქვეყანაში, რომ მოხედა თავის ხალხს უფალმა და მისცა სანოვაგე, სახლში დასაბრუნებლად მოემზადა ნაყომი თავის რძლებთან ერთად.
7 . დატოვა თავის რძლებთან ერთად ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა და გაუდგა გზას იუდას მიწისკენ.
8 . უთხრა ნაყომიმ თავის რძლებს: "წადით, თითოეული თქვენი დედის სახლში დაბრუნდით! კეთილად მოგექცეთ უფალი, როგორც თქვენ გვექცეოდით გარდაცვლილებსა და მე!
9 . უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე, თითოეულს თავისი ქმრის სახლში!” და ეამბორა რძლებს. მათ კი ხმა აიმაღლეს და ტიროდნენ.
10 . უთხრეს ნაყომის: "შენთან ერთად დავბრუნდებით შენს ხალხთან!”
11 . მაგრამ უპასუხა ნაყომიმ: "გაბრუნდით, ჩემო ასულნო, რად მომყვებით? განა კიდევ მეყოლება ვაჟები, რომ თქვენზე იქორწინონ?
12 . გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი,
13 . ნუთუ დაელოდებით მათ დაზრდას? განა მათი გულისთვის დარჩებით გაუთხოვარნი? არა, ჩემო ასულნო, ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა უფლის ხელი!”
14 . კვლავ აღიმაღლეს ხმა და აქვითინდნენ. და ეამბორა ყორფა თავის დედამთილს გამოსამშვიდობებლად, რუთი კი არ მოეშვა.
15 . უთხრა: "აჰა, შენი მაზლის ცოლი ბრუნდება თავის ხალხთან და ღმერთთან. შენც დაბრუნდი!”
16 . უპასუხა რუთმა: "ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი - ჩემი ღმერთი.
17 . სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!”
18 . დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა.
19 . და გაუდგნენ გზას ორივენი, ვიდრე ბეთლემს მიაღწევდნენ. ბეთლემში რომ შევიდნენ, მთელი ქალაქი შეჩოჩქოლდა. ამბობდნენ: "ნუთუ ნაყომია ეს ქალი?”
20 . უთხრა მათ ნაყომიმ: "ნუღარ მიწოდებთ ნაყომის (სასიამოვნოს), არამედ დამიძახეთ მარა (სიმწარე), რადგან ფრიად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
21 . სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღად მიწოდებთ ნაყომის? ჩემს წინააღმდეგ განეწყო უფალი და უბედურება დამატეხა ყოვლადძლიერმა.
22 . ასე დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად და ქერის მკა იწყებოდა ბეთლემში რომ მივიდნენ.
1 . როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.
2 . წაიყვანა იმ დღეს საულმა დავითი და აღარ გაუშვა მამის სახლში.
3 . კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.
4 . გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 . ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
6 . და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.
7 . უკრავდნენ ქალები, მღეროდნენ და გაიძახოდნენ: "შემუსრა საულმა ათასები, ხოლო დავითმა ათი ათასები”.
8 . დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”
9 . ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.
10 . მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11 . ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12 . ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13 . განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14 . ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
15 . დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი.
16 . მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17 . უთხრა საულმა დავითს: "აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე.
18 . უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
19 . დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.
20 . შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 . თქვა საულმა: "მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: "ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”.
22 . უბრძანა საულმა თავის მსახურებს: "ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!”
23 . ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.
24 . და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25 . თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.
26 . აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27 . ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28 . და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,
29 . კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.
30 . გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნი საბრძოლველად; და როცა გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
1 . მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი და აჰა, სამოსელი ჰქონდა შემოგლეჯილი და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა.
2 . ჰკითხა დავითმა: "საიდან მოდიხარ?” მიუგო: "ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი”.
3 . უთხრა დავითმა: "რა მოხდა, მიამბე!” უპასუხა: "ბრძოლის ველიდან გაიქცა ხალხი, ბევრია დაცემული და მკვდარი, საული და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ”.
4 . უთხრა დავითმა ყმაწვილს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "საიდან იცი, რომ საული და მისი ვაჟი იონათანი დაიხოცნენ?”
5 . და თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: "შემთხვევით გილბოაყის მთაზე აღმოვჩნდი”, მიუგო ყმაწვილმა, "ვხედავ, შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან.
6 . უკან მოიხედა, დამინახა და მიმიხმო. მივუგე, აქა ვარ, ბატონო-მეთქი.
7 . მკითხა: "ვინ ხარ?” ვუპასუხე: "ყამალეკელი ვარ”.
8 . მითხრა: მოდი და მომკალი! ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
9 . მეც დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, მოვხსენი სამაჯური, მკლავზე რომ ეკეთა და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს”.
10 . ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო.
11 . გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
12 . ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "სადაური ხარ?” მიუგო: "ხიზანი ყამალეკელის შვილი ვარ”.
13 . უთხრა დავითმა: "როგორ არ შეგეშინდა და ხელი როგორ აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?”
14 . დაუძახა დავითმა ერთ მსახურ ყმაწვილს და უთხრა: "მოდი და მოკალი ეს კაცი”. მანაც დაჰკრა და მოკლა.
15 . თქვა დავითმა: "შენს თავზე იყოს შენივე სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული”.
16 . ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე.
17 . და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
18 . "შენს მაღლობებზე გაიგმირა შენი მშვენება, ისრაელო! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
19 . ნუ იტყვით ამ ამბავს გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
20 . გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, არც ნაყოფის მომტანი მინდვრები, რადგან მანდ შეიბილწა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
21 . არც განგმირულთა უსისხლოდ და არც ვაჟკაცთა ხორცის დაუგლეჯად უკან არ დაბრუნებულა იონათანის მშვილდი; ფუჭად არ დაბრუნებულა საულის მახვილი!
22 . საული და იონათანი! სიცოცხლეშიც საამონი და საყვარელნი, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი და ლომზე ძლიერნი!
23 . ისრაელის ასულნო! დაიტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ სამოსელს.
24 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
25 . ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე აღმატებული.
26 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საბრძოლო საჭურველი!”
1 . ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2 . ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
3 . ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
4 . ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
5 . წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6 . ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
7 . ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
8 . რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
9 . უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
10 . და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
11 . ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
12 . მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
13 . მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
14 . უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
15 . უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
16 . გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
17 . გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18 . გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19 . უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
20 . გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
21 . მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
22 . უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
23 . ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
24 . აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25 . უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26 . თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
27 . უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 . აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
29 . გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30 . დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
31 . შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
32 . ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
33 . უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34 . მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
35 . განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
36 . ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
37 . შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
1 . მცირე მანძილით ჩასცდა დავითი მწვერვალს და, აჰა, ციბა, მეფიბოშეთის მსახური წყვილი შეკაზმული სახედრით მოდის მის შესახვედრად; თან მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი ასხმა ლეღვი და ტიკჭორა ღვინო.
2 . ჰკითხა მეფემ ციბას: "რისთვის მოგიტანია ესენი?” მიუგო ციბამ: "სამგზავრო სახედრებია მეფის სახლეულისთვის, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად, ღვინო კი უდაბნოში დაღლილთა სასმელად”.
3 . ჰკითხა მეფემ: "შენი ბატონის ვაჟი სადღაა?” მიუგო ციბამ: "იერუსალიმში დარჩა, ამბობს, ახლა მაინც აღმიდგენსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს!”
4 . უთხრა მეფემ ციბას: "შენთვის მომიცია ყოველივე, რაც მეფიბოშეთისაა”. თაყვანი სცა და მიუგო ციბამ: "მადლიმც მეპოვოს შენს თვალში მეფევ, ჩემო ბატონო!”
5 . ბახურიმამდე მივიდა მეფე დავითი და, აჰა, კაცი მოდის საულის საგვარეულოდან, სახელად შიმყა, გერას ძე. მოდის და იწყევლება.
6 . ქვებს უშენს დავითსა და მის მსახურთ; მარჯვნივ და მარცხნივ ედგნენ ხალხი და მამაცი მებრძოლნი დავითს.
7 . ასე იწყევლებოდა შიმყა: "განვედ, განვედ, სისხლისმღვრელო და უკეთურო კაცო!
8 . შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ”.
9 . უთხრა მეფეს აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "რად უნდა წყევლიდეს ეს მკვდარი ძაღლი მეფეს, ჩემს ბატონს? გამიშვი, რომ თავი წავაცალო”.
10 . მიუგო მეფემ: "რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”
11 . უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: "აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!
12 . ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.
13 . მიდიოდნენ დავითი და მისი ხალხი გზაზე, შიმყა კი გვერდით მიჰყვებოდა მთის ფერდობზე, წყევლიდა, ქვებს უშენდა და მტვერს აყრიდა.
14 . მივიდა მეფე და მასთან მყოფი მთელი ხალხი იორდანესთან, დაღლილ-დაქანცულნი და იქ დაისვენეს.
15 . აბესალომი კი იერუსალიმში შევიდა მთელ ისრაელთან ერთად, ახითოფელიც თან ახლდა.
16 . მივიდა დავითის მეგობარი, ხუშაი არქელი აბესალომთან და თქვა: "იცოცხლოს მეფემ, იცოცხლოს მეფემ!”
17 . მიუგო აბესალომმა ხუშაის: "ესაა შენი ერთგულება მეგობრისადმი? რატომ შენს მეგობარს არ გაყევი?”
18 . მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ვინც უფალმა, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მასთან ვარ და მასთან ვიქნები.
19 . ანდა ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის ძეს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისევე გემსახურები”.
20 . უთხრა ახითოფელს აბესალომმა: "მირჩიე, როგორ მოვიქცეთ”.
21 . უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "შედი მამაშენის ხარჭებთან, რომლებიც სასახლის მისახედად დატოვა და მიხვდება მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ჰყავხარ მამაშენს; განუმტკიცდება ხელი ყველა შენთან მყოფს”.
22 . ერდოზე გაუშალეს აბესალომს კარავი და მთელი ისრაელის თვალწინ შევიდა აბესალომი თავისი მამის ხარჭებთან.
23 . ახითოფელის მიერ გაცემული რჩევა იმ დროს ისე ითვლებოდა, როგორც ღვთისთვის ნაკითხი სიტყვა. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
1 . როცა უფალი ელიას ცად ატაცებას აპირებდა ქარბორბალათი, ელისესთან ერთად გილგალიდან მოდიოდა ელია.
2 . უთხრა ელიამ ელისეს: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა შორს, ბეთელში მიმავლინა”. მიუგო ელისემ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ჩავიდნენ ბეთელს.
3 . გამოვიდნენ ბეთელში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს ელისეს: "იცი, რომ უფალი დღეს აიტაცებს შენს თავს ზემოთ შენს ბატონს?” უპასუხა: "მეც ვიცი, დადუმდით”.
4 . უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იერიხოში წარმავლინა”. მიუგო ელიას: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” მივიდნენ იერიხოს.
5 . მიეახლნენ ელისეს იერიხოში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: "იცი, რომ უფალი დღეს შენს თავს ზემოთ აიტაცებს შენს ბატონს?” უპასუხა: "ვიცი, დადუმდით”.
6 . უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იორდანესთან გამაგზავნა”. მიუგო: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” წავიდნენ ორივენი.
7 . ორმოცდაათი კაცი, წინასწარმეტყველთა ძეთაგან, მივიდნენ და მათ პირდაპირ დადგნენ მოშორებით, ეს ორნი კი იორდანესთან იდგნენ.
8 . აიღო ელიამ თავისი მოსასხამი დაგორგლა და დაჰკრა წყალს; ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ორივემ.
9 . როგორც კი გადალახეს, უთხრა ელიამ ელისეს: "მთხოვე, რაც გინდა, სანამ ავიტაცები შენგან”. მიუგო ელისემ: "გთხოვ, სული, რომელიც შენზეა, ორმაგად იყოს ჩემზე”.
10 . უთხრა ელიამ: "ძნელ საქმეს ითხოვ, მაგრამ თუ დამინახავ ატაცებულს, აგისრულდება; თუ ვერ დამინახავ, არ აგისრულდება”.
11 . როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
12 . დაინახა ელისემ და შეჰყვირა: "მამაო ჩემო, მამაო ჩემო! ისრაელის ეტლობავ და მხედარნო!” და მეტად აღარ დაუნახავს. ჩაბღუჯა თავისი სამოსი და ორად გაგლიჯა.
13 . აიღო მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაბრუნდა და იორდანეს ნაპირთან დადგა.
14 . მოიმარჯვა მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: "სადაა უფალი, ელიას ღმერთი?” წყალს რომ დაჰკრა ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ელისემ.
15 . შორიდან დაინახეს იგი იერიხოში მყოფმა წინასწარმეტყველთა ძეებმა და თქვეს: "ელიას სულია ელისეზე”. მოვიდნენ მასთან შესახვედრად და მიწამდე დაუკრეს თავი.
16 . უთხრეს: "აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: "ნუ გაგზავნით”.
17 . ისე დაიჟინეს, რომ შერცხვა და უთხრა: "გაგზავნეთ!” გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამი დღე ამაოდ ეძებეს, ვერ იპოვეს.
18 . მობრუნდნენ. ელისე იერიხოში იჯდა; უთხრა: "განა არ გითხარით, ნუ გაგზავნით-მეთქი?”
19 . უთხრეს ელისეს იმ ქალაქის კაცებმა: "კარგ ადგილზე მდებარეობს ეს ქალაქი, როგორც ჩვენი ბატონი ხედავს, მაგრამ წყალი ცუდია და უნაყოფოა მიწა”.
20 . თქვა ელისემ: "მომეცით ახალი თასი და შიგ მარილი ჩაყარეთ”. მათაც მიუტანეს.
21 . გამოვიდა ელისე წყლის სათავესთან, ჩაყარა შიგ მარილი და თქვა: "ასე ამბობს უფალი: მე განვკურნე ეს წყალი! აღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა”.
22 . დღემდე განკურნებულია ის წყალი ელისეს სიტყვისამებრ, რომელიც თქვა.
23 . იქიდან ბეთელში წავიდა. გზაზე რომ მიდიოდა, ბავშვები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და ეძახდნენ: "წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!”
24 . მოტრიალდა, დაინახა ისინი და დაწყევლა უფლის სახელით. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
25 . წავიდა ქარმელის მთისკენ, იქიდან კი სამარიაში დაბრუნდა.
1 . მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად; და მათ შორის სატანაც მივიდა უფლის წინაშე წარსადგომად.
2 . უთხრა უფალმა სატანას: "საიდან მოდიხარ?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
3 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.
4 . მიუგო სატანამ უფალს: "ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი;
5 . აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!
6 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, შენს ხელშია იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!”
7 . გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.
8 . აიღო იობმა თიხის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ჩაჯდა ნაცარში.
9 . უთხრა ცოლმა იობს: "ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”
10 . უპასუხა: "ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.
11 . გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.
12 . შორიდანვე აღაპყრეს თვალები, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ტირილი მორთეს, სამოსელი შემოიხიეს და თავს ზემოთ ცისკენ მტვერი აბნიეს.
13 . შვიდ დღესა და შვიდ ღამეს ისხდნენ მის წინ მიწაზე. სიტყვა არ დასცდენიათ, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "როდემდე უნდა მიტანჯავდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?
3 . უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, არ თაკილობთ ჩემს შევიწროებას;
4 . თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა.
5 . თუ მე მამეტებთ თავებს და ჩემივე სირცხვილს მაყვედრით,
6 . იცოდეთ, რომ ღმერთმა დამცა და გამხვია თავის ბადეში.
7 . აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.
8 . კედელი აღმართა ჩემს გზაზე და აღარ ძალმიძს გავლა, წყვდიადში ჩაძირა ჩემი ბილიკები;
9 . დიდება შემომაძარცვა და თავიდან გვირგვინი მომხადა;
10 . ყოველი მხრიდან მამსხვრევს და უკვე მივდივარ; ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.
11 . თავისი რისხვა აღანთო ჩემზე და საკუთარ მტრად შემრაცხა;
12 . ერთად მოდიან მისი ურდონი, გზა გამოიკაფეს ჩემკენ და ჩემი კარვის ირგვლივ დაბანაკდნენ.
13 . განმაშორა ჩემი ძმები და გამიუცხოვდნენ ახლობლები.
14 . უგულებელმყვეს ჩემმა ნათესავებმა და დამივიწყეს შინაურებმა;
15 . უცხოდ შემრაცხეს ჩემს სახლში შემოკედლებულებმა და მხევლებმა, უცხოტომელივით ვარ მათ თვალში.
16 . მსახურს ვუხმობ და არ მპასუხობს, ვევედრები მას ჩემი პირით.
17 . ჩემი სუნთქვაც შესძაგდა ჩემს ცოლს და სიმყრალე ჩემი - ჩემს ძმებს.
18 . ბავშვებმაც მომიძულეს, წამოვდგები და დამცინიან
19 . გულითადმა მეგობრებმაც შემიზიზღეს, ვინც მიყვარდა, მტრად მომეკიდა;
20 . საკუთარ ტყავსა და ხორცს მიეკრა ჩემი ძვლები, ღრძილებიღა შემრჩა კბილებზე.
21 . შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღმერთის ხელი შემეხო!
22 . ღმერთივით რად მდევნით და არ ძღებით ჩემი ხორცით?
23 . ნეტავ იწერებოდეს ჩემი სიტყვები და წიგნში იბეჭდებოდეს;
24 . რკინის საჭრისით და ტყვიით ამოიკვეთოს კლდეში სამარადისოდ!
25 . მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;
26 . კანიც რომ შემომეცლება, მაინც ჩემივე ხორცში ვიხილავ ღმერთს!
27 . რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა სხვისანი. გული ჩემი გაილია ჩემში!
28 . და თუ იტყვით, როგორ ვდევნოთ იგი, რადგან საქმის ფესვი ნაპოვნიაო მასში,
29 . გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს მახვილის სასჯელი და იცოდეთ, რომ არის განკითხვა!”
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.
2 . უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ.
3 . უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
4 . ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.
5 . ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი“.
6 . და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
7 . ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე.
8 . სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება.
9 . ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ.
10 . ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.
11 . ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
12 . და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.
13 . კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
1 . ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 . სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზამრუდეს კი სძულს იგი.
3 . სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.
4 . სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.
5 . სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
6 . დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
7 . ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
8 . წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი - საკუთარი თავების მოტყუებაში.
9 . ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
10 . მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
11 . ბოროტეულთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
13 . სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
14 . გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება, კეთილი კი - თავისი გზებით.
15 . გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.
16 . ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17 . გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18 . გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.
19 . ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.
20 . ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21 . თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.
22 . განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
23 . ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
24 . ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
25 . ჭეშმარიტი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ტყუილის მოლაპარაკე კი მოღალატეა.
26 . უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
28 . ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
29 . რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
30 . მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობა.
31 . ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
32 . უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33 . გონიერი კაცის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა შორისაც კი საცნაურია იგი.
34 . სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.
35 . გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
1 . ხმელი პურის ნაჭერი და სიმშვიდე სჯობს, საკლავით სავსე სახლსა და დავიდარაბას.
2 . გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე და ძმებს შორის გაინაწილებს მემკვიდრეობას.
3 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.
4 . ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
5 . ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
6 . სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.
7 . უგუნურს მჭევრმეტყველება არ უხდება, მითუმეტეს წარჩინებულს - ცრუ ბაგენი.
8 . ქრთამი ჯადოსნური ქვაა მისი მფლობელის თვალში, საითაც მიმართავს, წარმატებას აღწევს.
9 . დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს.
10 . გაკიცხვა უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
11 . მეამბოხე მხოლოდ ბოროტებას დაეძებს, ამიტომ სასტიკი ანგელოზი გაეგზავნება მას.
12 . სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით.
13 . ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
14 . წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.
15 . ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.
16 . რისთვის აქვს ბრიყვს სიბრძნის შესაძენი ფული ხელში, მას ხომ გონიერება არ გააჩნია?!
17 . მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.
18 . უგუნური ადამიანი ხელს ხელზე ურტყამს და თავდებად უდგება სხვას.
19 . დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.
20 . გულმრუდი ვერ ჰპოვებს სიკეთეს, მზაკვარი ენის პატრონი უბედურებაში ჩავარდება.
21 . ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავისდა სამწუხაროდ; ვერ ხარობს უგუნურის მამა.
22 . მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
23 . ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა მართლმსაჯულების გზები გაამრუდოს.
24 . გონიერი კაცი სიბრძნეს უმზერს, ბრიყვი კი თვალებს დედამიწის კიდემდე აცეცებს.
25 . ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.
26 . არ არის კარგი მართლის დაჯარიმება და არც კეთილშობილთა ცემა მათი სიმართლის გამო.
27 . სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული - გაგების უნარის მქონე.
28 . მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული - გონიერად.
1 . თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება.
2 . ბრიყვს გონიერება კი არ ეამება, არამედ მხოლოდ თავისი აზრის - გამხელა.
3 . მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.
4 . კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო - მოჩუხჩუხე ნაკადული.
5 . არ არის კარგი დამნაშავესადმი მიმხრობა, არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე.
6 . ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.
7 . ბრიყვს თავისი პირი ღუპავს, მისი ბაგეები მისივე სულის მახეა.
8 . ჭორის გამავრცელებლის სიტყვები ნუგბარივითაა, მუცლის სიღრმემდე აღწევენ.
9 . თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
10 . უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.
11 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
12 . დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
13 . მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
14 . კაცის სულს სნეულების ატანა შეუძლია, მაგრამ ვინ აიტანს შემუსვრილ სულს?
15 . გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.
16 . ძღვენი გზას უფართოებს კაცს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17 . თითქოს მართალია დავის წამომწყები, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და გამოიძიებს მას.
18 . წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.
19 . განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.
20 . კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.
21 . სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.
22 . ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.
23 . ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24 . არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.
1 . ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
2 . სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
3 . მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი, სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა.
4 . მრისხანება სისასტიკეა, რისხვა წამლეკავია, მაგრამ შურს ვინ დაუდგება წინ?
5 . აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს.
6 . მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.
7 . მაძღარი გოლეულსაც დაიწუნებს, მშიერს კი ყოველივე მწარეც ეტკბილება.
8 . თავისი ბუდის მიმტოვებელი ჩიტივითაა კაცი, რომელიც თავის სახლს ტოვებს.
9 . ნელსაცხებელი და საკმეველი გულს ახარებს, ხოლო მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.
10 . შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ; ნურც შენი ძმის სახლში მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას.
11 . ბრძენი იყავ შვილო და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემზე აუგის მთქმელს.
12 . წინდახედული ხედავს საფრთხეს და თავს არიდებს, გულუბრყვილონი კი აგრძელებენ სიარულს და ისჯებიან.
13 . აიღე მისი ტანსაცმელი, ვინც უცნობს დაუდგა თავდებად; უცხოტომელის წილად გამოართვი მას გირაო.
14 . თუ ვინმე დილაადრიან ხმამაღლა აკურთხებს თავის მეგობარს - წყევლად ჩაეთვლება ეს.
15 . რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, და რაღა ანჩხლი ცოლი;
16 . გინდა ასეთი ქალი შეგიფარია და გინდა ქარი ან ზეთი დაგიჭერია მარჯვენა ხელით.
17 . რკინა რკინას ლესავს, კაცი კი - თავისი მოყვასის სახეს.
18 . ლეღვის მომვლელი მის ნაყოფს შეჭამს, თავისი ბატონის მომვლელი პატივდებული იქნება.
19 . როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ისე ირეკლავს კაცის გული კაცს.
20 . როგორც ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაუმაძღარი ასე ადამიანის თვალიც გაუმაძღარია.
21 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
22 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
23 . კარგად იცნობდე შენს ფარას, ყურადღებით იყავი შენი ნახირის მიმართ,
24 . ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.
25 . გაითიბა ბალახი და ამოიწვერა ჯეჯილი, მთის ბალახს მოიმარაგებენ;
26 . და გეყოლება ბატკნები შენი სამოსლისთვის და თხები - მინდვრის საფასურისთვის.
27 . საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
1 . "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
2 . ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3 . თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ.
4 . დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5 . მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 . ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.
7 . თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
8 . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 . როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
10 . თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11 . ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.
12 . ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13 . იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14 . თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
15 . მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
16 . თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
17 . ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 . თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
19 . თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
20 . გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 . მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
22 . მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.
23 . ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24 . მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
25 . რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.
26 . როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27 . თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
1 . საიდან მომდინარეობს ბრძოლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან?
2 . გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
3 . ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.
4 . მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!
5 . იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
6 . თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: "ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”.
7 . ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
8 . ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!
9 . დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
10 . დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.
11 . ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.
12 . ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
13 . ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;
14 . თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
15 . ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
16 . თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.
17 . ამიტომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, სცოდავს.
1 . რადგან ვფიქრობდი ჩემთვის, დასამწუხრებლად აღარ მოვსულიყავი თქვენთან.
2 . ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემს მიერ.
3 . სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას წუხილი არ მქონდეს მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა; რადგან დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანში, რომ ჩემი სიხარული თითოეული თქვენგანის სიხარულიცაა.
4 . ვინაიდან დიდი გულისტკივილით, ნაღველითა და უამრავი ცრემლით გწერდით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის მეტისმეტი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
5 . და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.
6 . ასეთისათვის ამგვარი სასჯელიც საკმარისია უმრავლესობისაგან.
7 . ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.
8 . ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.
9 . ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.
10 . ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.
11 . რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
12 . ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
13 . მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე; გამოვემშვიდობე მათ და მაკედონიისაკენ გავემართე.
14 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე.
15 . ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისთვის, დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.
16 . ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. და ვინაა შემძლე ამისა?
17 . ვინაიდან ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით, როგორც მრავალნი, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში.
1 . მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
2 . სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
3 . არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
4 . თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
5 . ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,
6 . მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,
7 . არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.
8 . აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
9 . ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
10 . რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ;
11 . და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
12 . ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
13 . რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
14 . ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.
15 . რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
16 . სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.
17 . მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
18 . ჰოდა, თქვენც გაიხარეთ და გაიზიარეთ ჩემი სიხარული.
19 . ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
20 . ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
21 . რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
22 . თქვენ კი იცით რომ გამოიცადა იგი, რადგან როგორც შვილი მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
23 . იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
24 . დარწმუნებული ვარ უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან.
25 . საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისთვის.
26 . რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.
27 . ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.
28 . ამიტომ მწყუროდა მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც დარდი მომკლებოდა.
29 . აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
30 . ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და სიკვდილს მიუახლოვდა, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის უკმარისობა.
1 . პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, სიცოცხლის აღთქმისამებრ ქრისტე იესოში,
2 . ტიმოთეს, საყვარელ შვილს - მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.
3 . ვმადლობ ღმერთს, რომელსაც წმიდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
4 . ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, მენატრება შენი ნახვა, რათა აღვივსო სიხარულით.
5 . მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;
6 . ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;
7 . რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
8 . მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი - მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,
9 . რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;
10 . ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით,
11 . რომლის მოქადაგედ, მოციქულად და მასწავლებლადაც ვარ დადგენილი.
12 . ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო.
13 . ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.
14 . შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
15 . ეს იცი, რომ ყველამ მიმატოვა აზიაში, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც.
16 . უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მრავალჯერ გამამხნევა მან და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა,
17 . არამედ რომში მოსულმა გულმოდგინედ მეძება და მომნახა.
18 . ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,
3 . ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა იგი, ამიტომაა ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
4 . რადგან ყოვლადძლიერის ისრები მაქვს ჩარჭობილი და მათ გესლს სვამს ჩემი სული. ღვთის საშინელებანი დაეწყვნენ ჩემს წინააღმდეგ.
5 . თუ იყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ იბღავლებს ხარი თივის ზვინის წინ?
6 . თუ ჭამენ უგემურს, უმარილოდ და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
7 . გული არ მიმდის მათზე, მწუხარებისაა ჩემი პური.
8 . ოჰ, რომ ახდებოდეს ჩემი სათხოვარი, და სანატრელს მომაგებდეს ღმერთი!
9 . ნეტავ ინებოს და დამლეწოს უფალმა, გამოიწოდოს ხელი და გამკვეთოს.
10 . ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11 . რადგან რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? რა არის ჩემი ბოლო, რომ სიცოცხლე ვინატრო?
12 . განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ჩემი ხორცი?
13 . აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.
14 . სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.
15 . გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,
16 . ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.
17 . დათბება და გაქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე გაუჩინარდებიან;
18 . იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
19 . მათ დაჰყურებდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
20 . გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
21 . ახლა თქვენც მათი მსგავსნი გახდით, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
22 . განა გითხარით, რამე მომიტანეთ-მეთქი, ან თქვენი ქონებიდან ქრთამი გაეცით-თქო ჩემთვის?
23 . ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან გამომისყიდეთ-თქო მჩაგვრელთა ხელიდან?
24 . მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
25 . რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
26 . ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!
27 . ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.
28 . ახლა ინებეთ და შემომხედეთ, ნახეთ, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
29 . მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჯერ კიდევ აქ არის ჩემი სიმართლე.
30 . განა არის ჩემს ენაზე უმართლობა? ნუთუ ვერ არჩევს მზაკვრულად შეთხზულს სასა ჩემი?
1 . მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
2 . "როდემდე ილაპარაკებ ასე? მძვინვარე ქარია შენი პირის სიტყვები!
3 . ნუთუ აუკუღმართებს ღმერთი სამართალს და სიმართლეს - ყოვლადძლიერი?!
4 . თუ შენმა ძეებმა შესცოდეს, მან მათსავე ურჯულოებას გადასცა ისინი.
5 . შენ რომ ღმერთი გეძებნა და ყოვლადძლიერს შევედრებოდი,
6 . სუფთა და ალალმართალი რომ ყოფილიყავი, უსათუოდ იფხიზლებდა შენთვის და შენი სიმართლის სამყოფელს აღგიდგენდა.
7 . და თუ შენი დასაწყისი უმნიშვნელო იყო, შენი დასასრული ძლიერ გამრავლდებოდა.
8 . აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;
9 . რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები დედამიწაზე.
10 . განა არ გასწავლიან, არ გეტყვიან და გულიდან არ ამოიღებენ სიტყვებს?
11 . თუ იზრდება ჭილი უჭაობოდ? ან ლერწამი - უწყლოდ?
12 . ჯერ კიდევ მწვანეა იგი და მოუჭრელი, და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
13 . ასევეა ყველას ბილიკი, ვინც ივიწყებს ღმერთს და გაქრება უღვთოთა იმედი,
14 . რადგან წარიკვეთება მისი გაბედულება, მისი იმედი ობობას ქსელივითაა.
15 . თავის სახლზეა დანდობილი და ვერ უძლებს, ეჭიდება და ვერ იჭერს.
16 . მზის გულზე ყვავის იგი და ყლორტები ბაღნარზე აქვს გადმოშლილი.
17 . ქვების გროვაში ჩახლართულა მისი ფესვები, ქვის ლოდებში დაუდევს ბინა.
18 . თუ აღმოფხვრიან თავისი ადგილიდან, უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო!
19 . აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.
20 . ღმერთი არ უკუაგდებს უმწიკვლოს და ბოროტმოქმედს არ შეეწევა.
21 . ისევ აგივსებს პირს სიცილით და ბაგეებს სიხარულის ყიჟინით.
22 . შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან და ურჯულოთა კარავი აღარ იქნება!”
1 . რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო.
2 . უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3 . მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4 . და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით.
5 . მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”
6 . ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:
7 . "რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”
8 . იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: "რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?
9 . რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?
10 . ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:
11 . შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!”
12 . ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.
13 . კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მივიდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14 . გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: "გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.
15 . მის სახლში რომ ვახშმობდა, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, რადგან მრავალნი იყვნენ და მას გამოჰყვნენ.
16 . დაინახეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და ჰკითხეს მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
17 . ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.
18 . იოანეს მოწაფენი და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და ჰკითხეს: "რატომ არის, რომ იოანესა და ფარისევლების მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფენი კი არა?”
19 . იესომ უთხრა მათ: "განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე გვერდით ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა.
20 . მაგრამ მოვა დღე, როცა წაერთმევათ ნეფე და იმარხულებენ იმ დღეს.
21 . ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალი ქსოვილის საკერებელს; თორემ ახლად დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გამოიხევა.
22 . არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ დახეთქავს ტიკებს ღვინო და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ”.
23 . ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
24 . უთხრეს ფარისევლებმა მას: "აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”
25 . მიუგო იესომ: "ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
26 . როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”
27 . უთხრა: "შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
28 . ამიტომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.