1 . ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში.
2 . გაემგზავრნენ რეფიდიმიდან, მივიდნენ სინაის უდაბნოში და იქ მთის პირდაპირ დაბანაკდა ისრაელი.
3 . ავიდა მოსე ღმერთთან და მოუხმო მას უფალმა მთიდან: "ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის შვილებს:
4 . ხომ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს; არწივის ფრთებზე აგიყვანეთ და ჩემთან მოგიყვანეთ.
5 . ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.
6 . იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”
7 . და მივიდა მოსე, მოიწვია უხუცესნი ხალხიდან და მოახსენა ყველაფერი, რაც უბრძანა უფალმა.
8 . მიუგო მთელმა ხალხმა ერთად და თქვა: "რაც თქვა უფალმა, ყველაფერს ავასრულებთ”. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "მოვალ შენთან სქელი ღრუბლით, რათა მოისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და გერწმუნოს სამუდამოდ”. და ამცნო მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
10 . უთხრა უფალმა მოსეს: "წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ და გაირეცხონ სამოსელი.
11 . მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12 . ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მის კალთებს არ შეეხოთ; ყველა, ვინც შეეხება, უსათუოდ მოკვდება.
13 . არ შეეხოს მას ხელით, რადგან ჩაიქოლება იგი ან შუბით განიგმირება; გინდ პირუტყვი იყოს, გინდ კაცი - ვერ იცოცხლებს. როცა ბუკის ხმა გაისმება, მაშინ ავიდნენ მთაზე”.
14 . ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს სამოსელი.
15 . უთხრა ხალხს: "მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.
16 . მესამე დღეს, დილიდანვე ატყდა ჭექა-ქუხილი და მძიმე ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, მეტისმეტად ძლიერად ისმოდა რქის საყვირის ხმა და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17 . და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღმერთთან შესახვედრად ბანაკის გარეთ და დადგნენ მთის ძირას.
18 . ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში; როგორც ღუმელს ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19 . თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა, ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
20 . და ჩამოვიდა უფალი სინაის მთის წვერზე. მოსესაც მთის წვერისკენ მოუხმო უფალმა და ავიდა მოსე.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი და გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრან უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი.
22 . ღვთისმსახურნიც, რომლებიც უფალს მიეახლებიან, უნდა განიწმიდონ, რათა არ შემუსროს ისინი უფალმა”.
23 . უთხრა მოსემ უფალს: "ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაგვაფრთხილე - საზღვარი შემოავლე მთას და გაწმიდეო იგი”.
24 . უთხრა მას უფალმა: "ჩადი და ამოიყვანე აჰარონი, ხოლო ღვთისმსახურნი და ხალხი, ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რათა არ შემუსროს ისინი”.
25 . ჩამოვიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.
1 . დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან;
2 . თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთებს.
3 . მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე ხალხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისით და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძვინვარება ისრაელისგან”.
5 . უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: "ყველა მოკალით იმ კაცთაგან, ვინც ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა”.
6 . და აჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
7 . დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში.
8 . მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი - მუცელში; და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსრვა.
9 . ოცდაოთხი ათასი კაცი მოსრა ამ ჭირმა.
10 . უთხრა უფალმა მოსეს:
11 . "დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოვსპე ისრაელის ძენი ჩემი შურისძიებით.
12 . ამიტომ უთხარი, რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას.
13 . და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მის შემდგომ მღვდლობის მარადიულ აღთქმად, ვინაიდან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი”.
14 . მოკლული ისრაელიანის სახელი კი, რომელიც მიდიანელ ქალთან ერთად მოიკლა, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონის მამისსახლის მთავარი.
15 . ხოლო, მიდიანელ ქალს, რომელიც მოიკლა სახელად ერქვა ქოზბი, ასული ცურისა, მამისეული ტომის მთავრისა მიდიანში.
16 . უთხრა უფალმა მოსეს:
17 . "მტრობდეთ მიდიანელებს და განგმირეთ,
18 . ვინაიდან მტრულად მოგექცნენ ისინი თავისი მზაკვრობით, როდესაც გაცთუნეს ფეღორითა და ქოზბით, მიდიანელთა მთავრის ასულით, რომელიც და იყო მათი და მოიკლა მომსვრელი სენის დღეს - ფეღორის გამო”.
1 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.
2 . იგივე დამართე ჰაღაის და მის მეფეს, რაც იერიხოსა და მის მეფეს დამართე, მხოლოდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. საფარი მოიწყვეთ ქალაქის უკან”.
3 . ადგა იეშუა და მთელი მებრძოლი ხალხი ჰაღაიზე დასაცემად; ამოარჩია იეშუამ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და ღამით გაგზავნა.
4 . უბრძანა: "აჰა, საფარი უნდა მოაწყოთ ქალაქის წინააღმდეგ, ქალაქის უკან; შორს ნუ გასცდებით ქალაქს; ყველანი მზად იყავით;
5 . მე და ჩემთან მყოფი ხალხი, ქალაქს მივადგებით; როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, გავექცევით.
6 . დაგვედევნებიან, ქალაქიდან გამოვიყვანთ, რადგან იტყვიან, მაშინდელივით გარბიანო და ჩვენც გავიქცევით.
7 . მაშინ ადგებით საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს; ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . ქალაქს რომ დაიპყრობთ, ცეცხლი წაუკიდეთ, უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით; აჰა, ნაბრძანები მაქვს”.
9 . გაგზავნა ისინი იეშუამ და ჩასხდნენ საფარში, ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. ხალხთან გაათია ის ღამე იეშუამ.
10 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაათვალიერა ხალხი და წაუძღვა ჰაღაისკენ ისრაელის უხუცესებთან ერთად.
11 . ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები, მიუახლოვდნენ, გაუსწორდნენ ქალაქს და დაბანაკდნენ ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო ჰაღაისა და მათ შორის.
12 . აიყვანა ხუთი ათასამდე კაცი და ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით ჩაასაფრა.
13 . ქალაქის ჩრდილოეთით დაბანაკდა მთელი ხალხი, ჩასაფრებული რაზმი კი - ქალაქის უკან, დასავლეთით; იმ ღამეს შუაგულ ველზე გავიდა იეშუა.
14 . როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ისწრაფეს, ადრიანად ადგნენ ქალაქის კაცები და გამოვიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დანიშნულ დროს, ყარაბას წინ; არ იცოდა, რომ ქალაქის უკან მტერი იყო ჩასაფრებული.
15 . თითქოს დამარცხდნენო, უკუიქცნენ მათგან იეშუა და მთელი ისრაელი, უდაბნოსკენ მიმავალი გზით.
16 . ყიჟინა დასცა ჰაღაიში მყოფმა ხალხმა, ერთად შეიყარნენ და გამოედევნენ იეშუას; მოსწყდნენ ქალაქს.
17 . კაცი არ დარჩა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა, ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელს დაედევნენ.
18 . უთხრა უფალმა იეშუას: "გაიწოდე ჰაღაიზე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას”. და გაიწოდა იეშუამ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისკენ.
19 . როდესაც გაიწოდა ხელი იეშუამ, საჩქაროდ წამოიმართნენ ჩასაფრებულნი თავისი ადგილიდან, სირბილით შეცვივდნენ ქალაქში, დაიპყრეს და მაშინვე ცეცხლი წაუკიდეს.
20 . უკან მოიხედეს ჰაღაის კაცებმა და დაინახეს, რომ ქალაქიდან ასული კვამლი ცას სწვდებოდა, აღარ შერჩათ გასაქცევი ძალა, არც იქით და არც აქეთ, უდაბნოსკენ გაქცეული ხალხი კი მდევრებს შემოუბრუნდა.
21 . დაინახა იეშუამ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი და კვამლი ასდის ქალაქს, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის კაცები.
22 . ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ შესახვედრად და ისრაელიანებს შორის აღმოჩდნენ ჰაღაელნი, ზოგი აქეთ, ზოგი იქით; მუსრეს ისინი და არავინ გაუშვეს ცოცხალი,
23 . ჰაღაის მეფე კი ცოცხლად შეიპყრეს და მიჰგვარეს იეშუას.
24 . როცა დაასრულა ისრაელმა ყოველი ჰაღაელის მუსვრა ველზე და უდაბნოში, სადამდეც სდიეს და დაეცა ყველა მახვილის პირით, მაშინ გაბრუნდა ისრაელი ჰაღაისკენ და შემუსრა იგი მახვილით.
25 . იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან თორმეტი ათასი სული, მამაკაცი და დედაკაცი დაეცა.
26 . იეშუას მანამდე არ დაუშვია შუბგაწვდილი ხელი, ვიდრე არ ამოწყდა ჰაღაის ყველა მცხოვრები.
27 . მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ისრაელმა ამ ქალაქიდან, უფლის ბრძანების მიხედვით, როგორც უბრძანა იეშუას.
28 . გადაწვა იეშუამ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია იგი დღემდე.
29 . ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე, მზის ჩასვლისას ბრძანა იეშუამ და ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
30 . მაშინ აუგო იეშუამ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31 . როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ძეებს. ისე ააგო, როგორც რჯულის წიგნში ეწერა მოსეს, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომლებზეც რკინა არ აღმართულა; მასზე აღუვლინეს უფალს სრულადდასაწველები და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
32 . და გადაწერა იეშუამ იმ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელის ძეთა წინაშე.
33 . მთელი ისრაელი, მისი უხუცესები, ზემდგომნი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს, უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი ასევე მკვიდრი. ერთი ნახევარი გერიზიმის მთის პირდაპირ იდგა, მეორე ნახევარი - ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრე ბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის საკურთხებლად.
34 . ამის შემდეგ წაიკითხა იეშუამ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, როგორც რჯულის წიგნშია ჩაწერილი.
35 . არ დარჩა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხა იეშუას მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების, პატარების და ხიზნების წინაშე, რომლებიც ცხოვრობდნენ მათ შორის.
1 . ასე გალობდნენ იმ დღეს დებორა და ბარაკი, აბინოყამის ძე:
2 . "როცა წამოიმართნენ ისრაელის მთავარნი, ხალხი მოხალისედ გამოვიდა, აკურთხებდეთ უფალს!
3 . ისმინეთ მეფენო, ყურად იღეთ დიდებულნო: უფალს ვუმღერი, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს.
4 . უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,
5 . მთანი იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით სინაის მთაც კი, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
6 . გაუკაცრიელდა გზები შამგარ ყანათის ძისა და იაყელის დროს, და ოღრო-ჩოღრო ბილიკებს დაადგნენ სწორ გზაზე მავალნი.
7 . განადგურდა დაბა-სოფლები ისრაელში, მოისპო, სანამ აღვდგებოდი მე, დებორა, ვიდრე აღვდგებოდი მე, დედა, ისრაელში.
8 . არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?
9 . ჩემი გული თქვენთანაა, ისრაელის მთავარნო, რომლებიც თქვენი ნებით გამოხვედით ხალხთან. აკურთხეთ უფალი!
10 . თეთრ სახედრებზე შემომსხდარნო, ძვირფას ხალიჩებზე მორთხმულნო და გზად მიმავალნო, იგალობეთ.
11 . მეისრეთა ხმაზე მეტად ისმის წყაროსთან შემოკრებილთა ხმა; ისინი უფლის სიმართლის საქმეებზე ლაპარაკობენ; სიმართლის საქმეებზე, რომლებიც მის სოფლებში მცხოვრებთათვის მოიმოქმედა! მერე კი ჩავა უფლის ხალხი კარიბჭეებთან.
12 . გაიღვიძე, გაიღვიძე დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! წარმოთქვი საგალობელი! ადექი ბარაკ, ტყვედ წამოასხი შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13 . მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; მე დამიმორჩილა უფალმა მებრძოლნი.
14 . ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში ფესვგადგმულნი; ბენიამინიც მოგყვა შენს ხალხს შორის; მაქირისგან წამოვიდნენ მმართველნი და ზებულონისგან აღმრიცხველთა კვერთხის მპყრობელნი.
15 . მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; როგორც ისაქარი, ისე ბარაკი, ქვეითად წარიგზავნენ ველზე; დიდად ორჭოფობენ რეუბენის რაზმები.
16 . რისთვის იჯექი ფარეხებში, ჯოგთა ბღავილის მოსასმენად? დიადი ორჭოფობა იყო რეუბენის რაზმებში.
17 . გილყადი იორდანეს გაღმა დარჩა, დანი რაღად რჩება ხომალდებზე? აშერი ზღვათა სანაპიროზე ზის და ბინადრობს თავის ნავსადგურზე.
18 . ზებულონის ხალხმა გასწირა თავი სასიკვდილოდ და ნაფთალმა - მინდვრის მაღლობებზე.
19 . მოვიდნენ მეფენი და იომეს; იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ ვერ ჩაიგდეს ვერცხლის ნადავლი.
20 . ციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას.
21 . წალეკა ისინი კიშონის ხევმა, კედუმის ხევმა, კიშონის მდინარემ. გაილაშქრე ძლიერებით თავო ჩემო.
22 . მაშინ ჭენებით იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები, როცა გარბოდნენ მისი მეომრები.
23 . თქვა უფლის ანგელოზმა: "დაწყევლეთ მეროზი, მწარედ დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის შემწედ, უფლის შემწედ ძლიერებთან ერთად”.
24 . კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კენიელი ხებერის ცოლი. კარვის დიაცთა შორის იკურთხოს.
25 . წყალი სთხოვა სისარამ იაყელს, რძე მისცა, ნაღები მიართვა დიდებულთა ფიალით.
26 . ერთი ხელით პალოს დასწვდა, მეორე უროსკენ გაიწოდა და დაჰკრა სისარას, თავი გაუპო, განგმირა, საფეთქელი შეუნგრია.
27 . მის ფეხებთან ჩაიჩოქა, დაეცა, განერთხა; მის ფეხებთან დაიჩოქა, დაეცა; სადაც დაიჩოქა, იქვე დაეცა განგმირული.
28 . სარკმლიდან იმზირება და მოსთქვამს სისარას დედა: რად იგვიანებს მისი ეტლი, რად ყოვნდებიან მისი ეტლის ნაკვალევნი?
29 . მიუგებენ გონიერი ასულნი, თვითონაც პასუხობს თავის თავს:
30 . "ალბათ იპოვეს და იყოფენ ნადავლს - თითოს ან ორ-ორ ქალწულს მეომარზე; ნადავლად ნაქარგი ფერადი სამოსელი სისარას: ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორმხრივად ნაქარგი”.
31 . ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! ხოლო მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით ანათებდნენ მთელი ძლიერებით!” და არ შეწუხებულა ქვეყანა ორმოც წელიწადს.
1 . ერთი წელი იყო გასული საულის გამეფებიდან და მეორე წელიწადი მეფობდა ისრაელზე.
2 . და ამოირჩია თავისთვის სამი ათასი კაცი ისრაელისგან; ორი ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კი - იონათანთან, ბენიამინის გიბყაში; დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
3 . და გაანადგურა იონათანმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი, რომელიც გებაყში იდგა და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა; ჩაჰბერა საულმა საყვირს მთელი ქვეყნის გასაგონად და გამოაცხადა: "ისმინონ ებრაელებმა!”
4 . და მოისმინა მთელმა ისრაელმა: "გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი და შეიძულა ისრაელი ფილისტიმმა”. და შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.
5 . ფილისტიმელნიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად: ოცდაათი ათასი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ და მიქმაშში დაბანაკდნენ, ბეთავენის აღმოსავლეთით.
6 . იხილეს რა ისრაელიანებმა, რომ საფრთხეში იყვნენ, ვინაიდან შეაჭირვეს ხალხი - დაიმალნენ მღვიმეებში, ხეობებში, კლდეთა ნაპრალებში, კოშკებსა და ორმოებში.
7 . ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა, გადისა და გილყადის მიწაზე გადავიდა; მაგრამ ჯერ ისევ გილგალში რჩებოდა საული, მთელი მისი ხალხი კი შეშინებული იყო.
8 . შვიდ დღეს იცდიდა იგი, როგორც სამუელმა დაუთქვა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში; საულს კი ხალხი ეფანტებოდა.
9 . თქვა საულმა: "მომგვარეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირნი!” და მსხვერპლი აღავლინა.
10 . როცა სრულადდასაწველის აღვლენა დაასრულა, სამუელიც გამოჩნდა; და გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11 . უთხრა სამუელმა: "ეს რა ჩაიდინე?” უპასუხა საულმა: "დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი, შენც არ გამოჩნდი დანიშნულ დროზე, ფილისტიმელნი კი მიქმაშში იკრიბებოდნენ.
12 . ვთქვი: ახლა დამეცემიან ფილისტიმელნი გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. ვეღარ მოვითმინე და აღვავლინე სრულადდასაწველი”.
13 . უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
14 . ახლა ვეღარ განმტკიცდება შენი მეფობა; იპოვა უფალმა თავისი გულის სანდომი კაცი და ის დაადგინა თავისი ხალხის მთავრად უფალმა, რადგან არ დაიცავი ღვთის ნაბრძანები”.
15 . ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბყაში წავიდა. საულმა კი აღრიცხა მასთან მყოფი ხალხი, ექვსასამდე კაცი.
16 . საული, მისი ძე, იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში გაჩერდნენ, ხოლო ფილისტიმელნი მიქმაშში დაბანაკდნენ.
17 . გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან დამარბეველთა სამი რაზმი: ერთი ყოფრას გზით, შუალის ქვეყნისკენ გაემართა.
18 . მეორე ბეთხორონის გზაზე წავიდა, მესამე რაზმი _ ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას დაადგა, უდაბნოზე რომ გადის.
19 . მჭედელი აღარ იყო ისრაელის მთელ ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელნი ამბობდნენ: "არ გააკეთონო ებრაელებმა არც მახვილი და არც შუბი”.
20 . და დადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელთა ქვეყანაში, თითოეული თავისი სახნისის, ბარის, წალდის და თოხის გამოსაჭედად.
21 . სახნისის გალესვა სამი შეკელი ღირდა, ისევე, როგორც ბარის, სამკაპის, წალდებისა და მარგილის გალესვა.
22 . ისე მოხდა, რომ ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფ ხალხს არც მახვილები აღმოაჩნდათ და არც შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს, იონათანს აღმოაჩნდათ.
23 . და გაემართა ფილისტიმელთა რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისკენ.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.
2 . წაიყვანა იმ დღეს საულმა დავითი და აღარ გაუშვა მამის სახლში.
3 . კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.
4 . გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 . ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
6 . და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.
7 . უკრავდნენ ქალები, მღეროდნენ და გაიძახოდნენ: "შემუსრა საულმა ათასები, ხოლო დავითმა ათი ათასები”.
8 . დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”
9 . ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.
10 . მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11 . ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12 . ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13 . განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14 . ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
15 . დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი.
16 . მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17 . უთხრა საულმა დავითს: "აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე.
18 . უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
19 . დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.
20 . შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 . თქვა საულმა: "მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: "ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”.
22 . უბრძანა საულმა თავის მსახურებს: "ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!”
23 . ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.
24 . და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25 . თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.
26 . აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27 . ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28 . და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,
29 . კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.
30 . გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნი საბრძოლველად; და როცა გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1 . უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს და თავის მსახურებს, რომ მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძალიან უყვარდა დავითი.
2 . შეატყობინა იონათანმა დავითს: "მოსაკლავად გეძებს მამაჩემი, საული; ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.
3 . მე კი გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები ველზე, სადაც შენ იქნები; შენზე დაველაპარაკები მამაჩემს და რასაც გავიგებ, გიამბობ”.
4 . ელაპარაკა იონათანი საულს, მამამისს დავითის სასიკეთოდ; უთხრა: "ნუ შესცოდავს მეფე დავითთან, თავის მსახურთან, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე; მისი საქმენიც ფრიად სასიკეთოა შენთვის.
5 . საფრთხეში ჩაიგდო თავი, როცა ფილისტიმელს შეერკინა და დიდი ხსნა მოუვლინა უფალმა მთელ ისრაელს; შენც ნახე ეს და გაიხარე; რაღად უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და უმიზეზოდ მოაკვლევინო დავითი?”
6 . შეისმინა საულმა იონათანის ხმა და დაიფიცა: "ცოცხალია უფალი, არ მოკვდება დავითი”.
7 . მოიხმო იონათანმა დავითი და ყველაფერი უამბო. მერე საულთან მიიყვანა იგი და იყო მასთან, როგორც წინა დღეებში.
8 . ისევ დაიწყო ომი, გავიდა დავითი და იბრძოდა ფილისტიმელებთან. სასტიკად დაამარცხა ისინი და გარბოდნენ მისგან.
9 . მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.
10 . შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.
11 . მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: "თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”.
12 . სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი, გაიქცა და გადარჩა.
13 . აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხის ტყავი დაუდო და სამოსელი გადააფარა.
14 . კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: "ავადაა”.
15 . ისევ გაგზავნა საულმა ხალხი დავითის სანახავად, თან დააბარა: "სარეცლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ”.
16 . მივიდნენ შიკრიკები, სარეცელზე კი თერაფიმი ნახეს, თხის ტყავი ედო სასთუმლად.
17 . უთხრა საულმა მიქალს: "ასე რად მომატყუე და გაუშვი ჩემი მტერი?” მიუგო მიქალმა: "ასე მითხრა: "გამიშვი, თორემ მოგკლავო”.
18 . გაიქცა დავითი და გადარჩა. მივიდა სამუელთან რამაში და უამბო ყველაფერი, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში გაჩერდნენ.
19 . შეატყობინეს საულს: "აჰა, რამას ნაიოთშია დავითი”.
20 . და გაგზავნა საულმა შიკრიკნი დავითის შესაპყრობად. ნახეს: წინასწარმეტყველთა გუნდი წინასწარმეტყველებს, წინამძღვრად კი სამუელი უდგათ; და გადმოვიდა ღვთის სული საულის ხალხზე და აწინასწარმეტყველდნენ ისინიც.
21 . შეატყობინეს საულს და გაგზავნა სხვა შიკრიკები, მაგრამ ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა შიკრიკები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ.
22 . მერე თვითონ გაემართა რამაში, მივიდა დიდ ჭასთან სექუში და იკითხა: "სად არიან სამუელი და დავითი?” უთხრეს: "რამას ნაიოთში”.
23 . წავიდა რამას ნაიოთისაკენ და მასზეც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა რამას ნაიოთში.
24 . გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: "ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”
1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
1 . ადგა საული და სამი ათას რჩეულ ისრაელიანთან ერთად ჩავიდა ზიფის უდაბნოში, რათა იქ მოეძებნა დავითი.
2 . ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას დაბანაკდა საული; დავითი უდაბნოში რჩებოდა და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში.
3 . გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად საული იყო მოსული.
4 . და მივიდა დავითი იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს ეძინათ. შუაგულ ბანაკში იწვა საული და გარშემო მის ხალხს ეძინა.
5 . ჰკითხა დავითმა ახიმელექ ხეთელს და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას: "ვინ ჩამომყვება საულთან ბანაკში?” უთხრა აბიშაიმ: "მე ჩამოგყვები”.
6 . ღამით მივიდნენ დავითი და აბიშაი ბანაკში და ხედავენ, აჰა, შუაგულ ბანაკში სძინავს საულს, შუბი კი სასთუმალთან ჩაურჭვია მიწაში. აბნერი და დანარჩენები მის გარშემო წვანან.
7 . უთხრა აბიშაიმ დავითს: "ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ნება მომეცი და ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე დარტყმა აღარ დამჭირდება”.
8 . უთხრა დავითმა აბიშაის: "ნუ მოკლავ, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელი არ დარჩება”.
9 . თქვა დავითმა: "უფალს ვფიცავ, თავად უფალი განგმირავს მას ან მისი დღე მოვა და მოკვდება, ან ომში წავა და დაიღუპება.
10 . ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან”.
11 . აიღო დავითმა შუბი და წყლის ჭურჭელი საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავის გზაზე. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია, ყველას ეძინა, ვინაიდან ღრმა ძილი დასცემოდათ უფლისგან.
12 . და გადავიდა დავითი გაღმა, მეორე მხარეს; მთის წვერზე დადგა მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის.
13 . გასძახა დავითმა ხალხს და აბნერ ნერის ძეს: "ხმა გამეც, განა აბნერი არ ხარ?” მიუგო აბნერმა: "ვინა ხარ, მეფეს რომ ეძახი?”
14 . უთხრა დავითმა აბნერს: "ვაჟკაცი ხომ ხარ?! ვინ არის შენი მსგავსი ისრაელში? მაშ, რატომ არ დაიფარავ მეფეს, შენს ბატონს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.
15 . არ არის კარგი რაც გააკეთე. ვფიცავ უფალს, სიკვდილს იმსახურებთ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მოძებნეთ, სად არის მეფის შუბი და წყლის ჭურჭელი, მის სასთუმალთან რომ იყო!”
16 . იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: "შენი ხმაა დავით, შვილო?” მიუგო დავითმა: "ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!”
17 . კვლავ თქვა: "რად დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს, რა ჩავიდინე ისეთი, რა ცოდვა მაწევს?
18 . ახლა მოისმინოს მეფე ბატონმა თავისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა აღგძრა ჩემს წინააღმდეგ, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; ხოლო თუ ადამიანებმა - წყეულიმც იყვნენ ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ მოვწყდომოდი უფლის სამკვიდროს. მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
19 . ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლისგან შორს ყოფნისას, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად გამოსულა ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ ხოლმე მთებში”.
20 . თქვა საულმა: "შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.
21 . მიუგო დავითმა და უთხრა: "აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე ჭაბუკი და წაიღოს.
22 . უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ერთგულების წილ. დღეს ჩამიგდო შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე უფლის ცხებულზე ხელის აღმართვა.
23 . აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.
24 . უთხრა საულმა დავითს: "კურთხეული იყავ, შვილო დავით! დიად საქმეებს აღასრულებ და კიდეც გაიმარჯვებ”. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის სახლში.
25 . თქვა დავითმა გულში: "აჰა, ერთ დღესაც საულის ხელით დავიღუპები; უმჯობესია ფილისტიმელთა ქვეყანაში ვუშველო თავს; დაეკარგება ჩემი პოვნის იმედი მთელ ისრაელში და გადავურჩები მის ხელს”.
1 . მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი და აჰა, სამოსელი ჰქონდა შემოგლეჯილი და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა.
2 . ჰკითხა დავითმა: "საიდან მოდიხარ?” მიუგო: "ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი”.
3 . უთხრა დავითმა: "რა მოხდა, მიამბე!” უპასუხა: "ბრძოლის ველიდან გაიქცა ხალხი, ბევრია დაცემული და მკვდარი, საული და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ”.
4 . უთხრა დავითმა ყმაწვილს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "საიდან იცი, რომ საული და მისი ვაჟი იონათანი დაიხოცნენ?”
5 . და თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: "შემთხვევით გილბოაყის მთაზე აღმოვჩნდი”, მიუგო ყმაწვილმა, "ვხედავ, შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან.
6 . უკან მოიხედა, დამინახა და მიმიხმო. მივუგე, აქა ვარ, ბატონო-მეთქი.
7 . მკითხა: "ვინ ხარ?” ვუპასუხე: "ყამალეკელი ვარ”.
8 . მითხრა: მოდი და მომკალი! ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
9 . მეც დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, მოვხსენი სამაჯური, მკლავზე რომ ეკეთა და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს”.
10 . ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო.
11 . გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
12 . ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "სადაური ხარ?” მიუგო: "ხიზანი ყამალეკელის შვილი ვარ”.
13 . უთხრა დავითმა: "როგორ არ შეგეშინდა და ხელი როგორ აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?”
14 . დაუძახა დავითმა ერთ მსახურ ყმაწვილს და უთხრა: "მოდი და მოკალი ეს კაცი”. მანაც დაჰკრა და მოკლა.
15 . თქვა დავითმა: "შენს თავზე იყოს შენივე სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული”.
16 . ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე.
17 . და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
18 . "შენს მაღლობებზე გაიგმირა შენი მშვენება, ისრაელო! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
19 . ნუ იტყვით ამ ამბავს გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
20 . გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, არც ნაყოფის მომტანი მინდვრები, რადგან მანდ შეიბილწა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
21 . არც განგმირულთა უსისხლოდ და არც ვაჟკაცთა ხორცის დაუგლეჯად უკან არ დაბრუნებულა იონათანის მშვილდი; ფუჭად არ დაბრუნებულა საულის მახვილი!
22 . საული და იონათანი! სიცოცხლეშიც საამონი და საყვარელნი, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი და ლომზე ძლიერნი!
23 . ისრაელის ასულნო! დაიტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ სამოსელს.
24 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
25 . ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე აღმატებული.
26 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საბრძოლო საჭურველი!”
1 . დაეკითხა ამის შემდეგ უფალს დავითი: "წავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?” უთხრა უფალმა: "წადი”. ჰკითხა დავითმა: "საით წავიდე?” უპასუხა: "ხებრონისკენ”.
2 . წავიდა იქ დავითი და მასთან ერთად მისი ორი ცოლი: ახინოყამ იზრეყელელი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
3 . მასთან მყოფი კაცებიც თან წაიყვანა დავითმა, თითოეული თავისი სახლეულით და ცხოვრობდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
4 . მოვიდნენ იუდას კაცები და სცხეს იქ დავითი მეფედ იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს: გილყადის იაბეშელებმა დაკრძალესო საული.
5 . მოციქულები გაგზავნა დავითმა გილყადის იაბეშელებთან და უთხრა: "კურთხეულიმც ყოფილიყავით უფლის მიერ, რომ ასეთი წყალობა გამოიჩინეთ საულის, თქვენი ბატონისადმი და დაკრძალეთ.
6 . დაე, უფალიც წყალობითა და ჭეშმარიტებით მოგექცეთ; მეც სიკეთეს მოგაგებთ, რადგან აღასრულეთ ეს საქმე.
7 . განიმტკიცეთ მკლავნი და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მოკვდა თქვენი ბატონი, საული; ახლა მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ”.
8 . ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ძე და მახანაიმში გადაიყვანა.
9 . და გაამეფა იშბოშეთი გილყადსა და აშურზე, იზრეყელსა და ეფრემზე, ბენიამინსა და მთელ ისრაელზე.
10 . ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ძე, როცა გამეფდა ისრაელზე; მხოლოდ ორი წელი იმეფა; იუდას სახლი კი დავითს გაჰყვა.
11 . შვიდი წელი და ექვსი თვე მეფობდა დავითი ხებრონში, იუდას სახლზე.
12 . მახანაიმიდან გაბაონისკენ გადავიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის ხალხი.
13 . იოაბ ცერუიას ძეც გავიდა დავითის ხალხთან ერთად და გაბაონის წყალსატევთან შეხვდნენ მათ; ერთნი წყალსატევის აქეთა მხარეს განლაგდნენ, მეორენი - იქითა მხარეს.
14 . უთხრა აბნერმა იოაბს: "გამოვიდნენ ჩვენი მეომრები და ჩვენს წინ შეებრძოლონ ერთმანეთს”. თქვა იოაბმა: "შეებრძოლონ”.
15 . თორმეტი ბენიამინელი იშბოშეთის, საულის ძისგან გამოვიდა, თორმეტი კი - დავითის მსახურთაგან.
16 . შეეჭიდნენ ერთმანეთს, მახვილები ჩასცეს ერთურთს ფერდებში და დაეცნენ ერთად; და უწოდეს გაბაონის იმ ადგილს, ხელკათ-ჰაცურიმ (მახვილთა ველი).
17 . ულმობელი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდა აბნერი ისრაელიანებთან ერთად დავითის მეომართა წინაშე.
18 . ცერუიას სამი ძე იყო იქ: იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ველის ქურციკივით ფეხმარდი იყო ყასაელი.
19 . დაედევნა ყასაელი აბნერს და არ გადაუხვევია მისი დევნისას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
20 . მოიხედა აბნერმა უკან და თქვა: "შენა ხარ, ყასაელ?” უპასუხა: "მე ვარ”.
21 . უთხრა აბნერმა: "გადაუხვიე მარჯვნივ ან მარცხნივ, შეიპყარი ვინმე ჭაბუკი და წაართვი საჭურველი”. მაგრამ არ ინება ყასაელმა მისგან მოცილება.
22 . კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: "მომცილდი, რომ არ შემომაკვდე; როგორღა შევხედო სახეში შენს ძმას, იოაბს?”
23 . მაგრამ არ ინება მან მოცილება. მაშინ უკუსცა აბნერმა შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა; დაეცა ყასაელი და იქვე მოკვდა; და ყველა, ვინც კი იმ ადგილას გამოივლიდა, ჩერდებოდა ყასაელის სიკვდილის ადგილზე.
24 . მზის ჩასვლამდე მისდევდნენ იოაბი და აბიშაი აბნერის კვალს; და მივიდნენ ამმაჰის მაღლობზე, გიახის პირდაპირ, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
25 . ზურგს უკან ამოუდგნენ აბნერს ბენიამინელნი, ერთ გუნდად შეიკრნენ და დადგნენ მაღლობის თხემზე.
26 . დაუძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: "როდემდე უნდა ჭამოს მახვილმა? ნუთუ არ იცი, რომ მწარე იქნება ბოლო? რატომ არ ეტყვი ხალხს, რომ თავი დაანებოს თავის მოძმეთა დევნას?”
27 . უპასუხა იოაბმა: "ცოცხალია ღმერთი, შენი ნათქვამი რომ არა, დილიდანვე შეწყვეტდა ხალხი თავის მოძმეთა დევნას”.
28 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და შეწყვიტა ხალხმა ისრაელის დევნა და ბრძოლა.
29 . მთელ იმ ღამეს იორდანეს ტრამალზე მიდიოდნენ აბნერი და მისი ხალხი, გადალახეს იორდანე, გაიარეს მთელი ბითრონი და მივიდნენ მახანაიმს.
30 . დაბრუნდა იოაბი აბნერის დევნისგან და შეკრიბა მთელი ხალხი; ცხრამეტი კაცი აკლდა დავითის მსახურთაგან და ყასაელი.
31 . სამას სამოცდაექვსი მებრძოლი განგმირეს დავითის მეომრებმა ბენიამინელთაგან და აბნერის ხალხისგან.
32 . წაასვენეს ყასაელი და დაკრძალეს თავისი მამის აკლდამაში, ბეთლემში. მთელ ღამეს მიდიოდნენ იოაბი და მისი კაცები და განთიადისას მიაღწიეს ხებრონს.
1 . ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები - სიტყვები დავითისა, იესეს ძისა, დიდად ამაღლებული კაცისა, იაკობის ღმერთის ცხებულისა და ისრაელის ტკბილხმოვანი მგალობლისა:
2 . უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.
3 . თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
4 . იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.
5 . ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?
6 . უწმიდურნი ეკლებივით გადაიყრებიან, ხელს არავინ მოჰკიდებს მათ.
7 . კაცი, რომელიც შეეხება მათ, რკინითა და შუბის ტარით შეიარაღდეს. ადგილზევე ცეცხლით დაიწვებიან ისინი.
8 . ესენია დავითის ძლიერი მეომრების სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, სამეულის მეთაური, რომელმაც რვაას კაცს მოუქნია შუბი და ერთ ბრძოლაში დახოცა.
9 . მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ ძლიერ მებრძოლთაგან, რომლებიც დავითთან ერთად იდგნენ, როცა ლანძღვით იწვევდნენ საომრად შეკრებილ ფილისტიმელებს.
10 . ადგა იგი და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწება. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლის ასაკრეფად გაჰყვა მას ხალხი.
11 . მის შემდეგ იყო შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები. ყანის ნაკვეთი იყო იქ, სადაც ცერცვი ეთესა და ხალხი გარბოდა მათგან.
12 . ჩადგა იგი შუა ნაკვეთში და იცავდა მას: შემუსრა ფილისტიმელები და დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა.
13 . ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა.
14 . მაშინ დავითი გამაგრებულ ადგილას იყო, ხოლო ფილისტიმელების საგუშაგო ბეთლემში იდგა.
15 . ინატრა დავითმა და თქვა: "აჰ, ნეტავ ვინმე ბეთლემის ჭის წყალს დამალევინებდეს, კარიბჭესთან რომ არის!”
16 . გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
17 . თქვა: "შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმის გაკეთება! განა ეს ამ კაცების სისხლი არ არის, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში!” არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. აი, ასე მოიქცა ეს სამი ვაჟკაცი.
18 . აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამასი კაცის წინააღმდეგ გამოვიდა შუბით და დახოცა. მეტი სახელი ჰქონდა მას ამ სამთა შორის.
19 . ამ სამზე მეტად პატივდებული იყო და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
20 . ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, მამაცი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ჩავიდა შუაგულ ორმოში თოვლიან დღეს და ლომი მოკლა.
21 . მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, მრისხანე შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. კეტით ჩაუხტა, გამოსტაცა ხელიდან შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
22 . ეს გააკეთა ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ამ სამ ვაჟკაცს შორის.
23 . ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
24 . ყასაელი, იოაბის ძმა, ერთი ოცდაათაგანი იყო, ასევე ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
25 . შამა ხაროდელი; ელიკა ხაროდელი;
26 . ხელეც ფალტიელი; ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი;
27 . აბიყეზერ ყანათოთელი; მებუნაი ხუშათელი;
28 . ცალმონ ახოხელი; მაჰარაი ნეტოფათელი;
29 . ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი, რიბას ძე, ბენიამინის გიბყადან;
30 . ბენაიაჰუ ფირყათონელი; ჰიდაი გაყაშიდან;
31 . აბიყალბონ ყარბათელი; ყაზმავეთ ბარხუმელი;
32 . ელიახბა შაყალბონელი; იაშენის ძეთაგან, იონათანი;
33 . შამა ჰარარელი; ახიამ შარარის ძე, არარელი;
34 . ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი; ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი;
35 . ხეცრაი ქარმელელი; ფაყარაი არბელი;
36 . იგალ ნათანის ძე, ცობადან; ბანი გადელი;
37 . ცელეკ ყამონელი; ნახარაი ბეეროთელი, იოაბის, ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი.
38 . ყირა ითრელი; გარებ ითრელი;
39 . ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . შეიკრიბა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ;
2 . წარსულშიც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გაგყავდა და შემოგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავო ჩემს ხალხს და შენ იქნებიო ჩემი ქვეყნის, ისრაელის, მთავარი”.
3 . და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს. აღთქმა დადო დავითმა მათთან უფლის წინაშე ხებრონში და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
4 . გაილაშქრა დავითმა და მთელმა ისრაელმა იერუსალიმისკენ, იგივე იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი.
5 . უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ!” მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
6 . თქვა დავითმა: „ვინც პირველი შემუსრავს იებუსელებს, ის იქნება მეთაური და მთავარსარდალი”. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
7 . დამკვიდრდა დავითი იმ ციხე-სიმაგრეში და ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
8 . მან შემოაშენა ქალაქი გარშემო მილოდან შემოგარენამდე, იოაბმა კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი აღადგინა.
9 . უფრო და უფრო დიდდებოდა დავითი, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან.
10 . ესენი არიან დავითის ძლიერი მეომრების თავკაცები, რომლებიც მასთან ერთად გაძლიერდნენ სამეფოში და ხელი შეუწყეს მის გამეფებას მთელ ისრაელთან ერთად, უფლის სიტყვის მიხედვით.
11 . აჰა, დავითის ძლიერი მეომრების ნუსხა: იაშაბყამ ჰაქმონის ძე, ოცდაათეულის მთავარი. სამასი კაცი მოკლა მან ერთი შერკინებისას თავისი შუბი.
12 . მის შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი, სამ ძლიერ მებრძოლთაგანი.
13 . იგი დავითთან ერთად იდგა ფასდამიმში, სადაც ფილისტიმელნი იყვნენ საბრძოლველად შეკრებილნი. ქერის ყანა იყო იქ და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
14 . ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, გადაარჩინეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს; დიდი გამარჯვება მოუტანა მათ უფალმა!
15 . ოცდაათი მთავრიდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის მღვიმეში; ხოლო ფილისტიმელთა ლაშქარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
16 . მაშინ ციხე-სიმაგრეში იყო დავითი, ხოლო ფილისტიმელთა ძალები ბეთლემში იდგნენ.
17 . მოსწყურდა დავითს, ინატრა და თქვა: „ნეტავი ვინმემ ბეთლემის ჭის წყალი დამალევინოს, კარიბჭესთან რომ არის!”
18 . გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომაა, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა წყლის დალევა და უფალს დაუღვარა.
19 . თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე, რომ ამ კაცების სისხლი დავლიო, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში და თავიანთი სიცოცხლის ფასად მოიტანეს წყალი”. აღარ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ასე მოიქცა ის სამი მეომარი.
20 . აბიშაი, იოაბის ძმა, ამ ოცდაათში უფროსი იყო. სამას კაცს შეებრძოლა შუბით და განგმირა. სახელოვანი იყო ამ ოცდაათში.
21 . მათზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
22 . ბენაია იეჰოიადაყის ძე, კაბცეელელი მამაცი ვაჟკაცი იყო, განთქმული ძლიერი საქმეებით; მან შემუსრა ორი მოაბელი ლომკაცი, ორმოში ჩავიდა და ლომი მოკლა თოვლიან დღეს.
23 . მანვე განგმირა ხუთი წყრთის სიმაღლის ეგვიპტელი კაცი: შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც მქსოველს საქსელავი. გაეჭრა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და განგმირა მისივე შუბით.
24 . ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ოცდაათ მეომარს შორის.
25 . აჰა, ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
26 . მეომრებიდან მამაცები იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა; ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
27 . შამოთ ჰარორელი; ხელეც ფელონელი;
28 . ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი; აბიყეზერ ყანათოთელი;
29 . სიბქაი ხუშათელი; ყილაი ახოხელი;
30 . მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი;
31 . ითაი რიბაის ძე, ბენიამინის ძეთაგან, გიბყადან; ბენაია ფირყათონელი;
32 . ხურაი გაყაშის ხევიდან; აბიელ ყარბათელი;
33 . ყაზმავეთ ბახარუმელი; ელიახბა შაყალბონელი;
34 . ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
35 . ახიამ საქარის ძე, ჰარარელი; ელიფალ ურის ძე,
36 . ხეფერ მეხერათიელი, ახია ფელონელი,
37 . ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი, ეზბაის ძე,
38 . იოელი, ნათანის ძმა, მიხბარ ჰაგრის ძე,
39 . ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველმტვირთველი.
40 . ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
41 . ურია ხეთელი, ზაბად ახალაის ძე.
42 . ყადინა შიზას ძე, რეუბენიანი, რეუბენიანთა მეთაური, თავის ოცდაათ კაცთან ერთად.
43 . ხანან მაყაქას ძე და იოშაფატ მითნიელი,
44 . ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი, ხოთამის ძენი, ყაროყერელნი.
45 . იედიყაელ შიმრის ძე და მისი ძმა, იოხა თიციელი.
46 . ელიელ მახაველი, ირიბაი და იოშავია, ელყამის ძენი და ითმა მოაბელი.
47 . ელიელი, ყობედი, იაყასიელი, მეცობაელი.
1 . აჰა, ესენი მივიდნენ დავითთან ციკლაგში, როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულ კიშის ძეს. ძლევამოსილი ვაჟკაცები იყვნენ და ბრძოლაში ეხმარებოდნენ დავითს.
2 . მშვილდითა და შურდულით შეიარაღებულნი, ორივე ხელით ქვისა და ისრის მტყორცნელნი, საულის მოძმენი, ბენიამინისგან.
3 . მეთაურობდნენ ახიყეზირი და იოაში, გიბყათელი შემაყას ძენი; იეზიელი და ფელეტი, ყაზმავეთის ძენი; ბერაქა და იეჰუ ყანათოთელი,
4 . იშმაყია გაბაონელი, ძლევამოსილი ოცდაათთაგანი და ოცდაათის მეთაური. იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი იოზაბადი;
5 . ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ და ხარუფელი შეფატია;
6 . ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი იოყეზერი და იაშაბყამი - კორახიანები;
7 . იოყელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ძენი.
8 . გადელთაგან, ფარებითა და შუბებით შეიარაღებული ბრძოლისთვის გაწვრთნილი ვაჟკაცი მეომრები გადავიდნენ დავითის მხარეს უდაბნოს სიმაგრეში. სახეებით ლომის მსგავსნი და მთის ქურციკივით სწრაფნი.
9 . ყეზერი - მეთაური, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი;
10 . მეოთხე - მიშმანა, მეხუთე - იერემია.
11 . მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი.
12 . მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი.
13 . მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.
14 . ესენი გადის ძეთაგან იყვნენ, ლაშქრის მეთაურნი; ყველაზე სუსტი ასს გაუტოლდებოდა, ყველაზე ძლიერი კი - ათასს.
15 . სწორედ მათ გადალახეს იორდანე პირველ თვეში, როდესაც ნაპირებიდან გადმოდის მდინარე და გააქციეს იქაური მკვიდრნი, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით.
16 . და მივიდნენ სიმაგრეში დავითთან ბენიამინისა და იუდას ძენი.
17 . გამოვიდა დავითი მათთან შესახვედრად და უთხრა: „თუ მშვიდობით მოხვედით ჩემთან, მზად ვარ გავერთიანდეთ, მაგრამ თუ საღალატოდ მოხვედით, აჰა სუფთაა ჩემი ხელები, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა დაინახოს ეს და განსაჯოს”.
18 . მაშინ სულმა მოიცვა ყამასა, ოცდაათმეთაური და თქვა: „შენი ვართ დავით და შენს მხარეს ვართ, იესეს ძეო! მშვიდობა, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, ვინაიდან ღმერთია შენი შემწე!” მიიღო ისინი დავითმა და ლაშქრის მეთაურებად დააყენა.
19 . მენაშესგანაც გადავიდნენ დავითისკენ, როცა ფილისტიმელებთან ერთად მოვიდა საულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა არ დახმარებიან მათ, რადგან თათბირის შემდეგ, უკან მიაბრუნეს იგი ფილისტიმელმა დიდებულებმა ამ სიტყვებით: „თავისი ბატონის, საულის მხარეზე გადავა ჩვენდა საზიანოდ”.
20 . როცა ციკლაგში დაბრუნდა, მენაშეს ტომიდანაც შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილათი - მენაშეს ტომის ათასისთავნი.
21 . ისინი შველოდნენ დავითს ყამალეკელთა ურდოების წინააღმდეგ, რადგან ყველა გმირი, მამაცი და ჯარის სარდალი იყო.
22 . დღითი დღე ემატებოდნენ დავითს და ეხმარებოდნენ, ვიდრე ღვთის დიადი ლაშქარივით არ გაიზარდა მისი ჯარი.
23 . ეს არის რიცხვი საომრად აღკაზმული მეთაურებისა, რომლებიც ხებრონში მივიდნენ დავითთან, რათა უფლის სიტყვისამებრ მისთვის გადაეცათ საულის სამეფო:
24 . იუდას ძენი, ფარ-შუბის მატარებელნი, ექვსიათას რვაასნი, საბრძოლველად იყვნენ გამზადებულნი.
25 . სიმონის ძენი, ვაჟკაცი მეომარნი - შვიდიათას ასი;
26 . ლევის ძეთაგან - ოთხიათას ექვსასი.
27 . იეჰოიადაყი აჰარონის სახლს წინამძღოლობდა და თან სამი ათას შვიდასი მებრძოლი ახლდა;
28 . ვაჟკაც ყმაწვილს, ცადოკს და მამამისის სახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
29 . ბენიამინის ძენი, საულის ძმათაგან, სამი ათასი იყვნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ საულის სახლს ემხრობოდა.
30 . ეფრემის ძეთაგან - ოციათას რვაასი მამაცი მებრძოლი, სახელგანთქმული კაცები იყვნენ თავ-თავის მამის სახლებში.
31 . მენაშეს ნახევარტომიდან - თვრამეტი ათასი მებრძოლი, რომლებიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ;
32 . ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც დრო-ჟამთა განსაზღვრა შეეძლოთ და უწყოდნენ, თუ რა უნდა ექნა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდა.
33 . ზებულონის ტომიდან გამოვიდა და საომრად იყო დარაზმული ყოველგვარი საბრძოლო იარაღით შეიარაღებული ორმოცდაათი ათასი მებრძოლი, რათა ერთსულოვნად დახმარებოდნენ დავითს.
34 . ნაფთალის ტომიდან - ათასი მთავარი, რომელთაც თან ფარ-შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი მოლაშქრე ახლდათ.
35 . დანის ტომელთაგან, საომრად იყვნენ დარაზმულნი - ოცდარვაათას ექვსასნი.
36 . აშერის ტომიდან საომრად დარაზმული ორმოცი ათასი გამოვიდა.
37 . იორდანეს გაღმა რეუბენიანთაგან, გადელთა და მენაშეს ნახევარტომისგან, ყოველგვარი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი - ასოცი ათასი მებრძოლი.
38 . ყველანი გამოცდილი მებრძოლნი იყვნენ, საომრად დარაზმულნი; მთელი გულით მოვიდნენ ხებრონს, დავითის გასამეფებლად ისრაელზე. დანარჩენი ისრაელიც ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად.
39 . იყვნენ იქ დავითთან სამი დღე, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან ყველაფერს ამზადებდნენ მათთვის მათი ძმები.
40 . მათთან ახლომყოფ ისაქარის, ზებულონის და ნაფთალის ტომებიდანაც მოჰქონდათ პური და საჭმელი სახედრებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით: საუკეთესო ფქვილისგან გამომცხვარი ლეღვის ნამცხვრები და ჩამიჩის ნამცხვრები, ღვინო და ზეთი, ცხვრები და ხარები, რადგან სიხარული იყო ისრაელში.
1 . ერთი წლის შემდეგ, მეფეთა ბრძოლაში გასვლის ჟამს, გაიყვანა იოაბმა ლაშქარი და ააოხრა ყამონის ძეთა ქვეყანა. მივიდა და ალყა შემოარტყა რაბას. დავითი კი იერუსალიმში რჩებოდა. დაიპყრო იოაბმა რაბა და დაანგრია.
2 . გვირგვინი მოჰხადა თავიდან მათ მეფეს დავითმა და აღმოჩნდა, რომ ტალანტი ოქრო იყო მისი წონა, უამრავი ძვირფასი ქვა იყო მასზე; თავზე დაიდგა იგი დავითმა და მრავალი ნადავლი გამოიტანა იმ ქალაქიდან.
3 . იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა მხერხავებად, ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავის ხალხთან ერთად იერუსალიმში.
4 . ამის შემდეგ იყო, რომ ომი ატყდა ფილისტიმელებთან გეზერში. მაშინ მოკლა ხუშათელმა სიბექაიმ სიფაი, რეფაიმელთა ბუმბერაზი შთამომავალი და დამორჩილდნენ ფილისტიმელნი.
5 . კვლავ გაჩაღდა ომი ფილისტიმელებთან და განგმირა ელხანან იაირის ძემ ლახმი, გითელი ბუმბერაზის ძმა, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვისოდენა იყო.
6 . ისევ გაიმართა ბრძოლა გათში. იყო იქ კაცი ახოვანი, რომელსაც ექვს-ექვსი თითი ქონდა, სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზთა შთამომავალი იყო.
7 . დასცინოდა იგი ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა, დავითის ძმის, შიმყის ძემ.
8 . ესენი იყვნენ გათში ბუმბერაზისგან დაბადებულნი; დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ ისინი.
1 . მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი ახალგაზრდა, რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს რეხაბყამისთვის სამეფოს დასაბრუნებლად.
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
3 . „ელაპარაკე რეხაბყამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს, იუდას და ბენიამინს და უთხარი:
4 . ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს მოძმეებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი!” დაემორჩილნენ უფლის სიტყვას და იერობყამთან საბრძოლველად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
5 . რეხაბყამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ამაგრებდა ქალაქებს იუდაში:
6 . გაამაგრა: ბეთლემი, ყეტამი და თეკოაყი,
7 . ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
8 . გათი, მარეშა, ზიფი,
9 . ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
10 . ცორყა, აიალონი და ხებრონი - ციხე-სიმაგრეებიანი ქალაქები იუდასა და ბენიამინის სამთავროში.
11 . და გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრენი, ჩააყენა მათში სარდლები და მოაწყო სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის საცავები.
12 . ყველა ქალაქში ფარ-შუბები ჩამოარიგა და ძლიერ განამტკიცა ისინი. იუდა და ბენიამინი მის მხარეს იყვნენ.
13 . მთელ ისრაელში მყოფი მღვდლები და ლევიანები თავ-თავისი საზღვრებიდან დაიძრნენ მისკენ და გვერდში დაუდგნენ მას.
14 . ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ საძოვრებსა და სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობყამმა და მისმა ძეებმა უფლის მსახურება დაუშალეს.
15 . თავისი მღვდლები დააყენა მაღლობებზე, ციკნებისა და ხბორების კერპებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
16 . ისრაელის ყველა ტომიდან მიჰყვებოდნენ ლევიანებს, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისთვის.
17 . გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს უჭერდნენ მხარს რეხაბყამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელიწადს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
18 . რეხაბყამმა ცოლად მახალათი შეირთო, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული.
19 . უშვეს ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
20 . ამის შემდეგ მაყაქა შეირთო, აბესალომის ასული, რომელმაც აბია, ყათაი, ზიზა და შელომითი უშვა.
21 . რეხაბყამს ყველა თავის ცოლსა და ხარჭაზე მეტად უყვარდა მაყაქა, აბესალომის ასული, რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა. ოცდარვა ძე და სამოცი ასული შვა რეხაბყამმა.
22 . დააყენა რეხაბყამმა თავკაცად აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად მის ძმათა შორის, რადგან მის გამეფებას ფიქრობდა.
23 . გონივრულად მოქმედებდა, თავისი ყველა შვილი ყოველ გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა იუდასა და ბენიამინის მთელ მიწაზე, სარჩო-სანოვაგეც უხვად მისცა და მრავალი ცოლი უთხოვა.
1 . როცა გაიგო სანბალატმა, რომ კედელს ვაშენებთ, გაბრაზდა, ძალიან განრისხდა და დაცინვა დაუწყო იუდაელებს.
2 . თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: "რას აკეთებენ ეს უსუსური იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ შეძლებენ ქვების აღდგენას დანაცრებული ნანგრევებიდან?”
3 . მის გვერდით მდგომმა ყამონელმა ტობიამ კი მიუგო: "მელაც რომ მიადგეს, ისიც კი დაანგრევს მათ მიერ აშენებულ ქვის კედელს!”
4 . ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში!
5 . ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
6 . ავაშენეთ ქალაქის კედელი და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, რადგან ხალხს გული ერჩოდა საქმის საკეთებლად.
7 . როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ შენდებოდა იერუსალიმის კედლები და ბზარები მთელდებოდა, ძალიან გაბრაზდნენ.
8 . ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და არეულობის მოსაწყობად.
9 . ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.
10 . თქვა იუდამ: „ძალა ეცლებათ ტვირთის მზიდავებს, ნაგავი კი უამრავია: ამის გამო აღარ ძალგვიძს კედლის შენება”.
11 . ჩვენი მტრები კი ამბობდნენ: "ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, ამოვხოცავთ და შევაჩერებთ სამუშაოს.
12 . მოვიდნენ მათ გარშემო მცხოვრები იუდაელები და ათჯერ მაინც გვეუბნებოდნენ: "მოგვიბრუნდებიან და ყოველი მხრიდან თავს დაგვესხმიან”.
13 . მაშინ, დაბლობ ადგილებში, კედლის უკან და მოშიშვლებულ ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოების მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
14 . შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ დიდი და საშინელი უფალი და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლების გულისთვის”.
15 . როცა გაიგეს ჩვენმა მტრებმა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი განზრახვა, ჩაშალა ღმერთმა მათი გეგმები და ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე.
16 . იმ დღიდან მოყოლებული მსახურთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მეორე ნახევარს კი აბჯრით შემოსილებს ხელში შუბები, ფარები და მშვილდები ეჭირათ. ხოლო მთავრები იუდას სახლის უკან იდგნენ.
17 . კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ, ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
18 . თითოეული მშენებელი წელზე მახვილშებმული აშენებდა, მებუკე კი ჩემ გვერდით იყო.
19 . ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "საქმე დიდია და ვრცელი, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.
20 . ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმას გაიგონებთ იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის.
21 . ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში.
22 . იმ დროს ვუთხარი ხალხს: "თითოეულმა თავისი მსახურით იერუსალიმში გაათიოს ღამე, ისე რომ, ღამით გუშაგად იქნება ჩვენთვის, დღისით კი - მუშაკად”.
23 . არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურები და არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, სამოსელს არ ვიხდიდით; თითოეულს მაშინაც კი მახვილი გვეჭირა ხელში, როცა წყალზე მივდიოდით.
1 . სიტყვა, რომელიც იხილა ესაია ამოცის ძემ იუდასა და იერუსალიმზე.
2 . უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას.
3 . მრავალი ხალხი მოვა და იტყვის "მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
4 . ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან - ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.
5 . იაკობის სახლო! მოდით, ვიაროთ უფლის სინათლეში!
6 . მიტოვებული გყავს შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან მისნობენ აღმოსავლეთის მსგავსად და მკითხაობენ ფილისტიმელთა მსგავსად; და მიეწებნენ უცხოტომელთა შვილებს.
7 . ოქრო-ვერცხლით გაივსო მათი ქვეყანა და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ცხენებით გაივსო მათი ქვეყანა და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
8 . კერპებით გაივსო მათი ქვეყანა და საკუთარ ნახელავს სცემენ თაყვანს - იმას, რაც მათმა თითებმა გამოძერწა;
9 . მოიდრიკა ადამიანი და დამდაბლდა კაცი; არ შეუნდობ მათ.
10 . შედით კლდეში და მტვერში ჩაიმალეთ უფლის შიშისა და მისი სიდიადის ბრწყინვალების გამო.
11 . კაცის ქედმაღლური მზერა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნება დამდაბლდება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.
12 . რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი;
13 . ის გამოვა ლიბანის ყველა მაღალი და ამაღლებული კედარისა და ბაშანის ყველა მუხის წინააღმდეგ;
14 . ყველა მაღალი მთისა და ყველა ამაღლებული ბორცვის წინააღმდეგ;
15 . ყველა მაღალი კოშკისა და ყველა გამაგრებული გალავნის წინააღმდეგ;
16 . თარშიშის ყველა ხომალდისა და მათი ყველა სასურველი მოკაზმულობის წინააღმდეგ.
17 . დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა და დამცირდება კაცთა ამპარტავნება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს,
18 . და მთლიანად გაქრებიან კერპები.
19 . კლდის გამოქვაბულებში შევლენ და მიწის ხვრელებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
20 . იმ დღეს ადამიანები თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თაყვანსაცემად რომ გაიკეთეს.
21 . მთის გამოქვაბულებსა და კლდის ბზარებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
22 . განშორდით ადამიანს, რომელსაც სუნთქვა აქვს ნესტოებში, ვინაიდან ძალიან მცირეა იგი, მასზე რომ იფიქრო!
1 . უფლის სიტყვა ერებზე, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველისადმი.
2 . ეგვიპტეზე და ეგვიპტის მეფის, ფარაონ ნექოს ლაშქარზე, მდინარე ევფრატთან, ქარქემიშში რომ იდგა, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ დაამარცხა იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს.
3 . "ფარები და ჯავშნები დაამწკრივეთ და საბრძოლველად გადით.
4 . ცხენები შეკაზმეთ და ამხედრდით, მხედრებო; მყარად დადექით თავჩაჩქნიანებო, შუბები ალესეთ და ჯავშნით შეიმოსეთ.
5 . რას ვხედავ? უკან იხევენ თავზარდაცემულნი, დამარცხდნენ მათი მამაცი მეომრები, გარბიან, რომ თავს უშველონ, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
6 . ვერ გაგექცევიან ფეხმარდნი, ძლიერნი ვერ გადარჩებიან; ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან წაიბორძიკეს და დაეცნენ.
7 . ვინ არის ნილოსივით რომ ადიდებულა, მდინარეების წყლებივით რომ იძვრის?
8 . ადიდდა ეგვიპტე ნილოსივით და მდინარეების წყლებივით იძვრის. ამბობს: ავდიდდები და მიწას დავფარავ, დავანგრევ ქალაქს და მის მკვიდრთო.
9 . ამხედრდით ცხენებზე, გიჟურად გაქანდით, ეტლებო; გამოდით, მამაცო მეომრებო: ქუშელნო და ფუთელნო - ფარის დამჭერნო, ლიდიელნო - მშვილდის დამჭერნო და მომზიდველნო.
10 . რადგან ეს დღე ცაბაოთ უფალ ღმერთს ეკუთვნის; შურისგების დღეა და შურს იძიებს თავის მტრებზე. შეჭამს მახვილი და გაძღება, მათი სისხლით დარწყულდება, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, მდინარე ევფრატთან.
11 . ადი გილყადზე და აიღე მალამო, ქალწულო, ეგვიპტის ასულო; ამაოდ იმარაგებ წამლებს, კურნება არ გექნება.
12 . ერებმა გაიგონეს შენი სირცხვილი, აავსო ქვეყანა შენმა კივილმა, რადგან ძლიერი ძლიერს შეეჯახა და ორივე ერთად დაეცა”.
13 . სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის შემუსვრაზე:
14 . "გამოაცხადეთ ეგვიპტეში და აუწყეთ მიგდოლს, აუწყეთ ნოფს და თახფანხესში თქვით: წამოდექით და მოემზადეთ, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.
15 . რატომ განერთხნენ შენი ძლიერები? ფეხზე ვეღარ დგანან, რადგან უფალმა დაამხო ისინი.
16 . გამუდმებით ბორძიკობენ, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექით, დავუბრუნდეთ ჩვენს ხალხს და ჩვენს მშობლიურ ქვეყანას - შორს მოძალადის მახვილისგან.
17 . ხმამაღლა აცხადებენ: დიდი ხმაურის გარდა არაფერია ფარაონი, ეგვიპტის მეფე! გაეპარა მიცემული დრო.
18 . ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელია ცაბაოთ უფალი; როგორც თაბორი დგას მთათა შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე ვიცი, რომ მოვა ის.
19 . სახეტიალოდ ბარგი მოამზადე, ეგვიპტეში მცხოვრებო ასულო, რადგან გაუდაბურდება ნოფი, დაიწვება და გაუკაცრიელდება.
20 . მშვენიერი დეკეულია ეგვიპტე, მაგრამ ჩრდილოეთიდან მოდის კრაზანა, მოდის!
21 . მისი დაქირავებულნიც მის შუაგულში ნასუქალი ხბორებივით არიან, მაგრამ ისინიც უკუიქცნენ, ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უბედურების დღე მოვიდა მათზე, მათი დასჯის ჟამი.
22 . მისი ხმა გველის სისინივით გაისმება, როცა ლაშქარი გადაადგილდება და ხისმჭრელებივით ცულებით მოადგებიან.
23 . მისი ტყე გაუჩეხავთ, ამბობს უფალი, და აღარ იპოვება; კალიაზე აურაცხელია იგი, არა აქვს სათვალავი.
24 . შერცხვენილ იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს გადაეცა ხელში.
25 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებედან, ფარაონსა და ეგვიპტეს, მის ღმერთებსა და მის მეფეებს, ფარაონსა და მასზე დაიმედებულებს!
26 . მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში ჩავაგდებ მათ, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფისა და მის მსახურთა ხელში, ამის შემდეგ კი უწინდელივით დასახლდება, ამბობს უფალი.
27 . შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ ფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შორეთიდან და შენს თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს უსაფრთხოდ და მშვიდად, არ ეყოლება შემშინებელი.
28 . ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთან ვარ; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, ვისთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, მაგრამ სამართლიანად დაგსჯი; არავითარ შემთხვევაში დაუსჯელს არ დაგტოვებ”.
1 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის მთავარო.
2 . მოგატრიალებ და გამოგათრევ, ჩრდილოეთის კიდეებიდან აგიყვან და ისრაელის მთებზე მოგიყვან.
3 . მშვილდს მარცხენა ხელიდან გაგაგდებინებ, ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ.
4 . ისრაელის მთებზე დაეცემი შენ, მთელი შენი ლაშქარი და ხალხი, შენთან ერთად რომ არის. ყოველგვარი მტაცებელი ფრინველისა და ველის მხეცების საჭმელად შეიქნები.
5 . ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
6 . დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
7 . ჩემს წმიდა სახელს გავაცხადებ ჩემი ხალხის წიაღში, ისრაელში, და მეტად აღარ შევაბღალინებ ჩემს წმიდა სახელს; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი, წმიდა, ისრაელში.
8 . აჰა, მოდის და ახდება! ამბობს უფალი ღმერთი, ეს ის დღეა, რომელზეც ვლაპარაკობდი.
9 . ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი გამოვლენ, ცეცხლს გააჩაღებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ხელჯოხებსა და შუბებს; შვიდი წლის განმავლობაში ენთებათ ცეცხლი.
10 . აღარ გაზიდავენ შეშას მინდვრიდან და ტყეშიც აღარ მოჭრიან, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს; თავიანთ გამძარცველთ გაძარცვავენ და თავიანთ წამართმეველთ წაართმევენ, ამბობს უფალი ღმერთი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ მივცემ დასამარხ მიწას გოგს, იქ, ისრაელში, ზღვის აღმოსავლეთით გამვლელთა ხეობაში და გზას გადაუღობავს გამვლელთ; იქ დამარხავენ გოგს, მთელ მის სიმრავლეს და უწოდებენ მას ჰამონ-გოგის ხეობას.
12 . შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი, რომ გაასუფთავოს ქვეყანა.
13 . დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ხალხი და დიადი იქნება ის დღე, როცა გავიმარჯვებ, ამბობს უფალი ღმერთი.
14 . კაცებს დანიშნავენ, რომლებიც გამუდმებით ივლიან ამ ქვეყანაში და დახოცილებსა და მიწის ზედაპირზე დარჩენილებს დამარხავენ, რათა გაასუფთავონ ქვეყანა. შვიდი თვის თავზე დაიწყებენ ძებნას.
15 . ჩაივლიან ქვეყანაში გამვლელნი, ნახავენ ადამიანის ძვალს და ნიშანს აღმართავენ მასთან, ვიდრე დამმარხველნი დამარხავდნენ მას ჰამონ-გოგის ხეობაში.
16 . ქალაქის სახელიც ჰამონა იქნება და გაასუფთავებენ ამ ქვეყანას.
17 . და შენ, ძეო კაცისავ! უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ფრთოსანს ყოველგვარს და მინდვრის ყოველ მხეცს: შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც გწირავთ, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; ხორცს შეჭამთ და სისხლს შესვამთ.
18 . ძლიერთა ხორცს შეჭამთ და ამ ქვეყნის მთავართა სისხლს ისე შესვამთ, თითქოს ყველა მათგანი ბაშანში გამოკვებილი ვერძები, ბატკნები, ვაცები და მოზვრები ყოფილიყვნენ.
19 . ძლიერთა ხორცს შეჭამთ და ამ ქვეყნის მთავართა სისხლს ისე შესვამთ, თითქოს ყველა მათგანი ბაშანში გამოკვებილი ვერძები, ბატკნები, ვაცები და მოზვრები ყოფილიყვნენ.
20 . ჩემს სუფრაზე გაძღებით ცხენებთან, მეეტლეებთან, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად! - ამბობს უფალი ღმერთი.
21 . ჩემს დიდებას გამოვაჩენ ხალხებში და ყოველი ერი დაინახავს ჩემს სამსჯავროს, მე რომ აღვასრულე და ჩემს ხელს, მათზე რომ დავდე.
22 . გაიგებს ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი იმ დღიდან უკუნისამდე.
23 . ერები გაიგებენ, რომ მისი ურჯულოების გამო განიდევნა ისრაელის სახლი; რომ მიღალატეს და მეც სახე ავარიდე მათ, მტრების ხელში ჩავყარე და ყველანი მახვილით მოისრნენ.
24 . მათი უწმიდურობებისა და დანაშაულებების მიხედვით მოვიქეცი და სახე დავფარე მათგან”.
25 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.
26 . დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ ღალატს, ჩემს წინააღმდეგ რომ ჩაიდინეს, როცა თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ დასახლდებიან და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
27 . როცა დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შემოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან; წმიდად გამოვჩნდები მათში მრავალი ხალხების თვალწინ.
28 . მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რადგან მე განვდევნე ისინი ერებში და მევე შემოვკრიბე თავიანთ მიწაზე; არც ერთ მათგანს აღარ დავტოვებ იქ.
29 . აღარ დავფარავ ჩემს სახეს მათგან, რადგან ისრაელის სახლზე მექნება გადმოღვრილი ჩემი სული!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.
2 . შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3 . წილი ჰყარეს ჩემს ხალხზე, ბიჭი მეძავში გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს, რომ დაელიათ.
4 . რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.
5 . იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო წაიღეთ და ჩემი ძვირფასი საგანძური თქვენს ტაძრებში შეიტანეთ;
6 . ბერძენთა ძეებს მიჰყიდეთ იუდასა და იერუსალიმის ძენი, რომ თავიანთი საზღვრებიდან მოგეშორებინათ ისინი.
7 . აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;
8 . თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს მივყიდი და ისინი მათ შაბაელთ მიჰყიდიან, შორეულ ხალხს, რადგან უფალმა ბრძანა.
9 . აუწყეთ ეს ამბავი ხალხებს, მოემზადეთ საომრად; გამოაღვიძეთ ძლიერი ვაჟკაცები, ამოვიდნენ და ახლოს მოდგნენ მეომრები.
10 . სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისგან - შუბები; დაე, თქვას სუსტმა: "ძლიერი ვარ!”
11 . იჩქარეთ, მოდით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! უფალო, დაუძახე შენს ძლიერ მებრძოლებს.
12 . გამოიღვიძონ ხალხებმა და იოშაფატის ველს მიაშურონ, რადგან იქ დავჯდები, რომ გავასამართლო ირგვლივ მცხოვრები ხალხები.
13 . მიუშვით ნამგლები, რადგან მოიწია სამკალმა; მოდით და დაწურეთ, რადგან სავსეა საწნახელი; გაივსო კოდები, რადგან დიდია მათი ბოროტება.
14 . ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.
15 . მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ.
16 . სიონიდან დაიგრგვინებს უფალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის.
17 . მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.
18 . იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.
19 . გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
20 . იუდა კი სამუდამოდ დარჩება და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21 . და მოვიკითხავ მათ სისხლს, რომელიც არ მომიკითხავს, რადგან სიონზე მკვიდრობს უფალი”.
1 . და იქნება უკანასკნელ დღეებში, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში განმტკიცდება, ამაღლდება იგი გორაკებზე და ყოველი ხალხი მისკენ დაიწყებს დინებას.
2 . მრავალი ხალხი მოვა და იტყვის "მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
3 . მრავალ ხალხს შორის სამართალს განსჯის და ამხელს ძლიერ, შორეულ ერებს; ისინი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ და შუბებისგან - ნამგლებს; აღარ აღმართავს მახვილს ერი ერზე და ომს აღარავინ ისწავლის.
4 . და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.
5 . იაროს ყოველმა ხალხმა, თავ-თავიანთი ღმერთის სახელით, ჩვენ კი - უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით ვივლით, უკუნითი უკუნისამდე.
6 . იმ დღეს - ამბობს უფალი - შევკრებ კოჭლებს, შევაგროვებ განდევნილებს და მათ, ვიზეც მე მოვაწიე უბედურება.
7 . ნატამალად მოვიტოვებ კოჭლებს და გაფანტულთ - ძლიერ ხალხად; და იმეფებს უფალი სიონის მთაზე ამიერიდან საუკუნოდ.
8 . შენ კი, სამწყსოს გოდოლო, სიონის ასულის მთაო, შენთან მოვა, უწინდელივით დაგიბრუნდება მეფობა იერუსალიმის ასულისა!
9 . ახლა რღად მოსთქვამ ხმამაღლა? განა არ არის შენში მეფე? თუ დაიღუპნენ შენი მრჩეველნი, მშობიარესავით რომ შეუპყრიხარ ძრწოლას?
10 . მშობიარესავით იტანჯე და ეწამე ტკივილებში, სიონის ასულო, რადგან ახლა გამოხვალ ქალაქიდან და ველზე დასახლდები; ბაბილონამდე მიხვალ და იქ გადარჩები, იქ გიხსნის შენ უფალი მტრების ხელიდან.
11 . ახლა კი შეიკრიბა შენს წინააღმდეგ მრავალი ერი; ამბობენ: წაიბილწოსო და ხედავდესო ჩვენი თვალები სიონის უბედურებას!
12 . არ იცოდნენ ზრახვანი უფლისა და ვერ მიხვდნენ მის ჩანაფიქრს, რადგან კალოზე ჩაფანტული ხორბალივით შეიკრიბნენ ისინი.
13 . აღსდექ და გალეწე, სიონის ასულო, რადგან შენს რქებს რკინად გადავაქცევ და შენს ჩლიქებს - სპილენძად. და მრავალ ხალხს დალეწავ და უფალს მიუძღვნი მათ მონახვეჭს, მათ ქონებას კი - მთელი ქვეყნიერების მბრძანებელს.
1 . აღდგა შენი მიმომფანტველი შენს წინააღმდეგ, დაიცავი სიმაგრეები, თვალი გეჭიროს გზაზე, წელი გაიმაგრე და ძალა მოიკრიბე.
2 . ვინაიდან დააბრუნებს უფალი იაკობისა და ისრაელის დიდებას, რამეთუ გააპარტახეს იგი მოძალადეებმა და მოსპეს მისი ლერწები.
3 . მისი ვაჟკაცების ფარი გაწითლებულია, მისი ძლევამოსილი მეომრების სამოსი - მეწამული, ალისფრად ბრდღვიალებენ ბრძოლისთვის გამზადებული ეტლები, ღელავს შუბების ტყე.
4 . ქუჩებში დაჰქრიან ეტლები, გრუხუნებენ მოედნებზე, ჩირაღდანივით ბრწყინავენ და ელვასავით კვესავენ.
5 . უხმობს აშურის მეფე თავის რჩეულთ, მაგრამ ბრკოლდებიან თავიანთ სვლაში; გალავნისკენ მიისწრაფიან, იქაც გამაგრებულია დაცვა.
6 . გახსნილია კარიბჭე მდინარეებისა, წალეკილია სასახლე.
7 . გაშიშვლებულია ნინევე და მიჰყავთ, მტრედებივით კვნესიან მისი მხევალნი, გულზე იცემენ ხელებს.
8 . წყალსატევივით იყო ნინევე, მისი დღეების დასაბამიდან. ახლა კი გარბიან მისგან. "შეჩერდით, შეჩერდით!” მაგრამ არავინაა უკან მომხედი.
9 . დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო. ბოლო არ უჩანს დაუნჯებულ სიმდიდრეს, ძვირფას ჭურჭელს.
10 . დაცარიელებული, გაუდაბურებული, გაცამტვერებულია იგი! გულები დნება და მუხლები კანკალებენ, თრთის მთელი მათი სხეული, ყველას ფერმიხდილი აქვს სახე.
11 . სადღაა ლომთა ბუნაგი და მათი ბოკვრების საკვები ადგილი, სადაც ხვადი და ძუ ლომები დადიოდნენ თავიანთი ბოკვრებით, და არავინ იყო მათი დამაფრთხობელი?
12 . სადღაა ლომი, რომ იტაცებს თავის ბოკვრებისთვის და გუდავს თავისი ძუ ლომისთვის? ნადავლით რომ ავსებს თავის ბუნაგს და დაგლეჯილი ნანადირევით - თავის საბუდარს?
13 . აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ - ამბობს ცაბაოთ უფალი - კვამლში ვშთანთქავ შენს ეტლებს და მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. მოვკვეთ მიწიდან შენს ნადავლს და ვეღარ მოისმენ შენი გზირების ხმას.
1 . საგალობელი ვედრება წინასწარმეტყველ აბაკუმისა.
2 . უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.
3 . თემანიდან მოდის ღმერთი, და წმიდა - ფარანის მთიდან. მისმა ბრწყინვალებამ დაფარა ზეცა და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.
4 . მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
5 . წინ შავი ჭირი მიუძღვება, ფეხდაფეხ სასჯელი მიჰყვება.
6 . შედგა და შეარყია დედამიწა, შეხედა და შეაძრწუნა ერები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო მაღლობები, საუკუნოა მისი გზები.
7 . უბედურებაში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები.
8 . განა მდინარეების წინააღმდეგ იყო უფლის გულისწყრომა? განა მდინარეების წინააღმდეგ იყო შენი რისხვა, ან ზღვის წინააღმდეგ შენი მძვინვარება, შენს ცხენებზე, შენი გადარჩენის ეტლებზე რომ ამხედრდი?
9 . მშვილდი იშიშვლე, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული; მდინარეებით დაღარე დედამიწა.
10 . დაგინახეს და იძვრნენ მთები, წყლის ნაკადებმა გადაიარეს; უფსკრულმა გამოსცა ხმა და ხელები ასწია.
11 . მზე და მთვარე გაირინდნენ თავიანთ სადგომებში. სინათლესავით მოდიოდა შენი ისრები, ელვარებდა შენი შუბის ბრწყინვალება.
12 . გულისწყრომით დადიხარ დედამიწაზე და რისხვით თელავ ერებს.
13 . შენი ხალხის გადასარჩენად, შენი ცხებულის გამოსახსნელად გამოხვედი; ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, ფუძიდან სახურავამდე გააშიშვლე.
14 . მისივე შუბით განუგმირე თავი მის ბელადებს, როცა შემოიჭრნენ ჩვენს გასაფანტად და ყიჟინებდნენ, რომ მალულად ჩაეყლაპათ ჩაგრული.
15 . შენი ცხენებით გათელე ზღვა, ადიდებული წყლის ზვირთები.
16 . მოვისმინე და შემეძრა გულ-მუცელი, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ძვლებმა იწყეს ტეხა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები უბედურების დღეს, როცა აღსდგებიან ჩემი ხალხის წინააღმდეგ და თავს დაესხმიან.
17 . თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი და აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და მინდვრებმა საზრდო არ მოიტანონ; მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი,
18 . მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.
19 . უფალი, ღმერთი ჩემი ძალაა, ფურ-ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს მაღლობებს მომატარებს. გუნდის ლოტბარს - ჩემს სიმებიან საკრავებზე.
1 . მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
2 . ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს.
3 . მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.
4 . პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: "აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
5 . მაშინ გარეთ გამოვიდა იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი; პილატემ უთხრა მათ: "აჰა, ადამიანი!”
6 . იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: "ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” უთხრა მათ პილატემ: "თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე, ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
7 . მიუგეს იუდევლებმა: "ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს”.
8 . ამ სიტყვის გაგონებამ უფრო შეაშინა პილატე.
9 . კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა.
10 . უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?”
11 . მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.
12 . ამის შემდეგ, პილატე შეეცადა გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ იუდევლები აყვირდნენ და ამბობდნენ: "თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ იქნები, რადგან, ყოველი, ვინც მეფეს უწოდებს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება”.
13 . ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო; თვითონ მსაჯულის ტახტზე დაჯდა, იმ ადგილზე, ქვაფენილს რომ უწოდებდნენ, ებრაულად - გაბეთას.
14 . პასექის პარასკევი იდგა, ასე მეექვსე საათი იქნებოდა; უთხრა იუდევლებს: "აჰა, თქვენი მეფე!”
15 . მათ კი იყვირეს: "მოაშორე, მოაშორე, ჯვარს აცვი!” იკითხა პილატემ: "თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მღვდელმთავრებმა უპასუხეს: "კეისრის გარდა არა გვყავს მეფე!”
16 . მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.
17 . იტვირთა თავისი ჯვარი და გავიდა იმ ადგილისკენ, თხემი რომ ერქვა, ებრაულად კი გოლგოთა.
18 . სადაც ჯვარს აცვეს იგი; მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო.
19 . წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა. და იყო დაწერილი: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე".
20 . ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.
21 . ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველი მღვდელმთავრები: "ნუ დაწერ იუდეველთა მეფეს, არამედ, რასაც ის ამბობდა: მე ვარ იუდეველთა მეფე!”
22 . მიუგო პილატემ: "რაც დავწერე, დავწერე”.
23 . როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.
24 . თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები.
25 . იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
26 . დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”
27 . შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.
28 . ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”
29 . იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა; ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
30 . ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: "აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.
31 . რაკი პარასკევი იყო, შაბათს გვამები ჯვარზე რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო, სთხოვეს იუდევლებმა პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32 . მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც.
33 . იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
34 . მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
35 . მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.
36 . რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: "და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.
37 . და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: "შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.
38 . ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
39 . მოვიდა ნიკოდემოსიც, ღამით რომ მივიდა იესოსთან, და ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავი მოიტანა.
40 . აიღეს და ნელსაცხებელთან ერთად, ტილოში შეახვიეს იესოს გვამი, როგორც იუდევლებში დამარხვისას არის მიღებული.
41 . იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
42 . ამიტომ იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.
1 . პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: "კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”.
2 . მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.
3 . მაშინ უთხრა პავლემ: "ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”.
4 . უთხრეს იქ მდგომებმა: "ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?”
5 . უთხრა მათ პავლემ: "არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.
6 . იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”.
7 . ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.
8 . რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.
9 . ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: "ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!”
10 . რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.
11 . მომდევნო ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ისე რომშიც გმართებს დამოწმება”.
12 . რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ.
13 . ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები.
14 . მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: "დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ.
15 . თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.
16 . შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა.
17 . პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: "ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”.
18 . მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”.
19 . ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: "რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?”
20 . მან უთხრა: "იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ.
21 . მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.
22 . გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.
23 . გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: "ღამის მესამე საათისთვის ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი მოამზადეთ კესარიაში წასასვლელად,
24 . და პირუტყვიც, პავლეს შესასმელად, რათა გამგებელ ფელიქსთან მიიყვანოთ”.
25 . თან ეს წერილი მისწერა:
26 . "კლავდიუს ლისია აღმატებულ გამგებელს ფელიქსს, იხარებდე!
27 . ეს კაცი იუდევლებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; მივედი ჯარისკაცებით და როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა, გამოვარიდე მათ.
28 . მინდოდა გამეგო, რაში ადანაშაულებდნენ და სინედრიონში მივუყვანე მათ.
29 . აღმოვაჩინე, რომ მათი რჯულის საკითხებში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყოს.
30 . ხოლო, როდესაც გავიგე, რომ ამ კაცის წინააღმდეგ შეითქვნენ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშე ილაპარაკონ მასზე. იცოცხლე!”
31 . ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიამდე.
32 . მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და თვითონ ციხე-სიმაგრეში დაბრუნდნენ.
33 . მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს.
34 . გამგებელმა წაიკითხა წერილი და ჰკითხა, საიდან ხარო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა:
35 . "მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ”. და ბრძანა, ჰეროდესეულ პრეტორიუმში ჰყოლოდათ.