1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . ამის შემდეგ მივიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში”.
2 . თქვა ფარაონმა: "ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? არც უფალს ვცნობ და არც ისრაელს გავუშვებ”.
3 . უთხრეს: "ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ გაგვწყვიტოს შავი ჭირით ან მახვილით”.
4 . უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: "მოსე და აჰარონ! ხალხს საქმეს რატომ აცდენთ? გასწით, შეუდექით თქვენს სამუშაოს!”
5 . თქვა ფარაონმა: "აჰა, მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი და უნდა მოაცდინოთ სამუშაოს?”
6 . ასე უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის უფროსებსა და ზედამხედველებს:
7 . "ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს ალიზის გასაკეთებლად, როგორც აქამდე აძლევდით. დაე, წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ ბზე.
8 . და იმდენივე აგურის გაკეთება დააკისრეთ მათ, რამდენსაც აქამდე აკისრებდით, ნუ დააკლებთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაიძახიან: წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს ღმერთს.
9 . დაუმძიმდეს სამუშაო მაგ ხალხს, იმუშაონ და ყური აღარ ათხოვონ ამაო სიტყვებს”.
10 . გამოვიდნენ ხალხის მმართველნი და ზედამხედველები და ხალხს უთხრეს: "ასე ამბობსო ფარაონი: ‘მე აღარ მოგცემთ ბზეს.’
11 . წადით, თვითონ მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან არ შემცირდება თქვენი სამუშაო”.
12 . და მოეფინა ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას, რათა ნამჯა შეეგროვებინათ ბზის სანაცვლოდ.
13 . აჩქარებდნენ მათ ზედამხედველნი და ეუბნებოდნენ: "ისე აღასრულეთ თქვენი ყოველდღიური სამუშაო, როგორც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ”.
14 . და სცემდნენ ფარაონის მმართველები ისრაელის ძეთაგან დაყენებულ ზედამხედველებს, იმდენივე აგური რატომ არ გააკეთეთ, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ, დღემდე აკეთებდითო.
15 . მივიდნენ ისრაელის ძეთაგან დაყენებული ზედამხედველები და ასე შეღაღადეს ფარაონს: "რად ექცევი ასე შენს მსახურებს?
16 . ბზე აღარ ეძლევათ შენს მსახურებს, თან გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო და აჰა, გვცემენ კიდეც შენს მსახურთ, ბრალი კი შენს ხალხზეა”.
17 . უთხრა მათ ფარაონმა: "ზარმაცები ხართ, ზარმაცები; ამიტომ ამბობთ: გაგვიშვი, მსხვერპლი შევწიროთო უფალს.
18 . ახლა გასწით და იმუშავეთ, ბზე არ მოგეცემათ, ხოლო აგურების დადგენილ რაოდენობას ძველებურად მოგვცემთ”.
19 . და მიხვდნენ ისრაელიანთა ზედამხედველები, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ, რაკი უთხრეს: "არ შეამციროთო თქვენზე ყოველდღიურად დაკისრებული აგურების რაოდენობა”.
20 . ფარაონისაგან გამომავალნი, მათთან შესახვედრად გზაზე მდგარ, მოსესა და აჰარონს შეეყარნენ.
21 . უთხრეს: "დაე, გადმოგხედოთ უფალმა და განგსაჯოთ, რადგან მოძულებული გაგვხადეთ ფარაონისა და მისი მსახურების თვალში; ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში”.
22 . მოუბრუნდა უფალს მოსე და უთხრა: "უფალო! რად უბოროტე ამ ხალხს, რატომ მომავლინე?
23 . იმ დღიდან, რაც ფარაონთან შენი სახელით მივედი სალაპარაკოდ, ბოროტად ექცევა ამ ხალხს, შენ კი არ გამოგიხსნია შენი ხალხი”.
1 . და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4 . არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5 . თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
6 . და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
7 . არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
8 . გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.
9 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
10 . ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11 . რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12 . პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
13 . არა კლა.
14 . არ იმრუშო.
15 . არ იქურდო.
16 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17 . არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
18 . ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.
19 . უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.
20 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”.
21 . მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მივიდა ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
23 . ნუ გაიკეთებთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთებს, ვერცხლისა და ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24 . გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25 . თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა სატეხს, წაბილწავ მას.
26 . საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
1 . ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს.
2 . ისე იტანჯებოდა ყამნონი, რომ დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ყამნონმა, რომ გაუძნელდებოდა მასთან რაიმეს გაკეთება.
3 . მეგობარი ჰყავდა ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ცბიერი კაცი იყო იონადაბი.
4 . უთხრა: "რა დაგემართა, დღითიდღე რომ ხმები უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: "თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და”.
5 . უთხრა იონადაბმა: "ლოგინში ჩაწექი, ვითომ ავად გახდი. მამაშენი რომ მოვა შენს სანახავად, უთხარი: გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და პური მაჭამოს-თქო; აქვე, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო”.
6 . ჩაწვა ყამნონი, ვითომ ავად გახდა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: "გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და ჩემს თვალწინ გამოაცხოს ნამცხვარი. მინდა მისი ხელიდან ვჭამო”.
7 . გააგზავნა დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: "წადი შენი ძმის, ყამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე”.
8 . მივიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის სახლში. ლოგინად იწვა ყამნონი. და აიღო ქალმა ცომი, მის თვალწინ მოზილა და ნამცხვრები გამოაცხო.
9 . აიღო კეცი და წინ დაუდო, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ყამნონმა: "გაიყვანეთ ყველანი!” ყველა გავიდა.
10 . მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: "უკანა ოთახში გაიტანე საჭმელი, შენი ხელიდან შევჭამ”. აიღო თამარმა ნამცხვრები და უკანა ოთახში შეუტანა ყამნონს.
11 . და როცა მიაწოდა რომ ეჭამა, ხელი ჩაავლო ყამნონმა თამარს და უთხრა: "მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო”.
12 . მიუგო: "არა, ძმაო, ნუ მაიძულებ. არ უნდა მოხდეს ასეთი რამ ისრაელში, ნუ ჩაიდენ ამ სისაძაგლეს.
13 . სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. ახლა გევედრები, ელაპარაკე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს”.
14 . მაგრამ, არ შეისმინა ყამნონმა მისი სიტყვები, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15 . და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: "ადე, მოშორდი აქედან”.
16 . მიუგო თამარმა: "არა, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა ახლა ჩემი გაგდება”. მაგრამ არ ინდომა ყამნონმა მისი მოსმენა.
17 . დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: "გაიყვანე ეს ქალი აქედან და კარი ჩარაზე”.
18 . ჭრელი მოსასხამი ემოსა ქალს, რადგან ასეთი სამოსით იმოსებოდნენ მეფის ქალწული ასულები. გაიყვანა მსახურმა ქალი და კარი ჩარაზა.
19 . ნაცარი დაიყარა თავზე თამარმა, შემოიხია ჭრელი მოსასხამი ტანზე, თავზე ხელი დაიდო და წავიდა ტირილით.
20 . უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: "შენი ძმა ყამნონი იყო შენთან? დამშვიდდი, დაო. შენი ძმა არის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს”. და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, განმარტოებით.
21 . გაიგო ეს ამბავი მეფე დავითმა და განრისხდა დიდად.
22 . აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი. შეიძულა აბესალომმა ყამნონი იმის გამო, რომ შეურაცხჰყო თამარი, მისი და.
23 . გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაყალ-ხაცორში, ეფრემის სიახლოვეს. მეფის ყველა ძე მიიწვია აბესალომმა.
24 . მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: "აჰა, ცხვრის მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად”.
25 . უთხრა მეფემ აბესალომს: "არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, ტვირთად არ დაგაწვებით”. დაჟინებით სთხოვდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26 . თქვა აბესალომმა: "თუ ასეა, გთხოვ, ჩემი ძმა ყამნონი მაინც წამოვიდეს”. უთხრა მეფემ: "რისთვის წამოვიდეს?”
27 . არ მოეშვა აბესალომი და დავითმაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები.
28 . უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: "თვალყური ადევნეთ და როცა ღვინით გამხიარულდება ყამნონი, გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს; თქვენც დაჰკარით და მოკალით, ნუ შეგეშინდებათ. მე გიბრძანებთ ამას, გამხნევდით და გაბედულად მოიქეცით”.
29 . ისე მოექცნენ აბესალომის მსახურები ყამნონს, როგორც ჰქონდა ნაბრძანები აბესალომს. და წამოცვივდნენ მეფის ძეები, შესხდნენ ჯორებზე და გაიქცნენ.
30 . ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: "ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
31 . ადგა მეფე, შემოიხია სამოსელი და მიწაზე გაწვა. მისი სამოსელშემოხეული მსახურებიც იქვე დადგნენ.
32 . უთხრა მეფეს იონადაბმა, შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა: "ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა ძალით დაწვა ყამნონი თამართან.
33 . ნუ მიიტანს გულთან მეფე, ჩემი ბატონი ამ ხმას, თითქოს მეფის ყველა ძე მოკვდაო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი”.
34 . გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი ეშვება გზაზე, მთის ფერდობზე.
35 . და უთხრა იონადაბმა მეფეს: "აჰა, მოდიან მეფის ძეები; როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა”.
36 . დაასრულა ლაპარაკი და, აჰა, მოვიდნენ მეფის ძენიც, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც.
37 . გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. ყოველდღე გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38 . და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
1 . სამ წელს არ უომიათ ერთმანეთთან არამსა და ისრაელს.
2 . მესამე წელს ჩამოვიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3 . უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: "ნუთუ არ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არ ვზრუნავთ, რომ გამოვაცალოთ იგი არამელთა მეფეს ხელიდან”.
4 . ჰკითხა იოშაფატს: "წამოგვყვები გილყადის რამოთს საბრძოლველად?” უპასუხა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: "ერთი ვართ მე და შენ; ჩემი ხალხი - შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენებია,
5 . მაგრამ გთხოვ - უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს - ჯერ უფლის სიტყვას დაეკითხე”.
6 . შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: "წავიდე გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმო?” უთხრეს: "წადი და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
7 . თქვა იოშაფატმა: "ნუთუ არაა აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
8 . მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: "არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე. შეგვიძლია მას ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ ბოროტს. უთხრა იოშაფატმა: "ასე ნუ ამბობ, მეფეო”.
9 . მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ საჭურისს და უბრძანა: "სასწრაფოდ მომიყვანე მიქა იმლას ძე”.
10 . თავ-თავის ტახტებზე ისხდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე, იოშაფატი; სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილნი, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან; და მათ წინაშე წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი.
11 . რკინის რქები გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ და თქვა: "ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამელთ, სანამ ბოლომდე არ მოსპობ”.
12 . ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: "გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
13 . მოციქულმა, რომელიც მიქას მოსახმობად წავიდა, უთხრა: "აჰა, წინასწარმეტყველნი, როგორც ერთი ისე წინასწარმეტყველებენ, ყველანი გამარჯვებას და კეთილს უქადიან მეფეს; შენი სიტყვაც მათი სიტყვისამებრ იყოს, შენც სასიკეთოდ ელაპარაკე”.
14 . მიუგო მიქამ: "ცოცხალია უფალი, რასაც მეტყვის უფალი, იმას ვილაპარაკებ!”
15 . მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: "მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმოთ?” მიუგო მიქამ: "წადი და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი”.
16 . უთხრა მას მეფემ: "რამდენჯერ დაგაფიცო, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
17 . მიუგო მიქამ: "ფარასავით მთებზე გაბნეული ვნახე მთელი ისრაელი, რომელსაც მწყემსი არ ჰყავდა. თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაუბრუნდეს თავის სახლს ყოველი”.
18 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "აკი გითხარი, არ მიწინასწარმეტყველებს-მეთქი სასიკეთოს, არამედ მხოლოდ ბოროტს”.
19 . თქვა მიქამ: "ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.
20 . თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა - ეს.
21 . გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ?
22 . უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.
23 . და აჰა, სიცრუის სული ჩაუდო უფალმა ბაგეში ყველა შენს წინასწარმეტყველს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე”.
24 . მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: "როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?”
25 . უთხრა მიქამ: "თვითონ დაინახავ იმ დღეს, როცა სამალავს დაუწყებ ძებნას”.
26 . მაშინ ბრძანა ისრაელის მეფემ: "წაიყვანეთ მიქა და ქალაქისთავ ამონსა და უფლისწულ იოაშს მიუყვანეთ.
27 . უთხარით, ასე თქვა-თქო მეფემ: საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური და არ ასვათ წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე”.
28 . უთხრა მიქამ მეფეს: "თუ მშვიდობით დაბრუნდები, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით”. და კიდევ თქვა: "ხალხნო, მისმინეთ ყველამ?”
29 . წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე და გილყადის რამოთზე გაილაშქრეს.
30 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "შევინიღბები და ისე გავალ საბრძოლველად; შენ კი შენი მოსასხამი მოიცვი”. გადაცმული ჩაება ისრაელის მეფე ბრძოლაში.
31 . ასე უბრძანა არამის მეფემ თავისი ეტლების ოცდათორმეტ მხედართმთავარს: "ნურც დიდს შეებრძოლებით და ნურც პატარას, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეუტიეთ”.
32 . როცა დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს, ნამდვილად ისრაელის მეფეაო და მისკენ მიბრუნდნენ საომრად; და შეჰყვირა იოშაფატმა.
33 . დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა, რომ არ იყო ისრაელის მეფე და შეწყვიტეს მისი დევნა.
34 . ალალბედზე მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და აბჯრის ნაწიბურებს შორის დალახვრა ისრაელის მეფე. უთხრა ახაბმა თავის მეეტლეს: "მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, ვინაიდან დაჭრილი ვარ”.
35 . გახურდა იმ დღეს ბრძოლა; ეტლში მოუწია მეფეს დგომა არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამოს, რადგან სისხლი სდიოდა ჭრილობიდან.
36 . მზის ჩასვლისას ასეთი ხმა დაირხა ბანაკში: "თითოეული თავის ქალაქს და თითოეული თავის ქვეყანას დაუბრუნდეს!”
37 . მოკვდა მეფე, გადაასვენეს სამარიაში და იქ დაკრძალეს.
38 . გარეცხეს ეტლი სამარიის აუზთან, სადაც მეძავებიც ბანაობდნენ და ძაღლები ლოკავდნენ მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ.
39 . ახაბის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, სპილოს ძვლის სახლი და ყველა ქალაქი, რომელიც ააშენა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
40 . მიიძინა ახაბმა თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაზია გამეფდა.
41 . იოშაფატ ასას ძე იუდაზე ისრაელის მეფის, ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა.
42 . ოცდათხუთმეტი წლისა იყო თავისი გამეფებისას იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
43 . მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.
44 . მშვიდობა დაამყარა იოშაფატმა ისრაელის მეფესთან.
45 . იოშაფატის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც აღასრულა და მისი ბრძოლები, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
46 . საკერპოთა მეძავი კაცები კი, რომლებიც მამამისის, ასას დღეებიდან შემორჩა, ამოძირკვა ქვეყნიდან.
47 . მეფე არ იყო მაშინ ედომში; იუდას მეფისნაცვალი მმართველობდა.
48 . ათი სავაჭრო ხომალდი ააგო იოშაფატმა, ოფირიდან ოქროს შემოსაზიდად, მაგრამ ვერ ჩააღწიეს, რადგან დაიმსხვრნენ ყეციონ-გებერში.
49 . მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: ერთად ინაოსნონ ჩემმა და შენმა მსახურებმა გემებზე, მაგრამ არ ინება იოშაფატმა.
50 . მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
51 . სამარიაში კი ახაზია, ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე, იოშაფატის იუდაზე გამეფების მეჩვიდმეტე წელს და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
52 . ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი დედ-მამისა და იერობყამ ნებატის ძის გზით დადიოდა, რომლებმაც აცდუნეს ისრაელი.
53 . ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა. და ანრისხებდა უფალს, ისრაელის ღმერთს ყველა იმ საქმით, რასაც მამამისი აკეთებდა.
1 . დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
2 . გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
3 . რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
4 . არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
5 . შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6 . ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7 . რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
8 . უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
9 . ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
10 . რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
11 . ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.
12 . სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.
1 . გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
2 . ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
3 . წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
4 . და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
5 . შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
6 . ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
7 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
8 . მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
9 . მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
10 . მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
11 . და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
12 . და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
13 . მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
14 . მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
15 . მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
16 . შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
17 . გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
1 . ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
2 . აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
3 . განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
4 . ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
5 . გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
6 . შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
7 . ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
8 . ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
9 . რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
10 . დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად.
11 . უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
12 . როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ,
13 . იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
14 . არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
15 . არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
16 . და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. 17 გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
17 . გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
18 . გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
19 . ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
20 . გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი.
21 . დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
22 . რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
23 . და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
24 . და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
25 . შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
26 . გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
27 . დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
28 . მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე,
29 . გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.
30 . აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.
31 . თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.
32 . წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.
33 . მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
34 . თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
35 . და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა.
36 . და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
37 . და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
38 . გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.
39 . გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
40 . ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
41 . გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
42 . რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.
43 . გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
44 . მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
45 . რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი!
1 . განა არ მოუხმობს სიბრძნე და ხმას არ იმაღლებს გონიერება?
2 . მაღლობთა მწვერვალებზე დგას, გზებსა და გზაჯვარედინებზე,
3 . კარიბჭეებთან, ქალაქის შესასვლელთან, ჭიშკრებთან ღაღადებს:
4 . თქვენ მოგიხმობთ კაცნო, ადამის ძეთ მიმართავს ჩემი ხმა.
5 . შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე - უგუნურნო.
6 . ისმინეთ, რადგან უმთავრესზე ვილაპარაკებ; გავხსნი ბაგეებს სიმართლის სათქმელად.
7 . რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
8 . სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, მზაკვრული და მრუდე არაფერია მათში.
9 . წრფელია ყოველი მათგანი გამგებისთვის და მართებული - ცოდნის მპოვნელისთვის.
10 . აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო.
11 . რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.
12 . მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.
13 . უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
14 . ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
15 . ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,
16 . ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყველა მოსამართლე.
17 . მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.
18 . ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19 . ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უმჯობესია და ჩემი მოსავალი - რჩეულ ვერცხლზე.
20 . სიმართლის გზით დავდივარ, სამართლიანობის ბილიკების შუაგულში,
21 . რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.
22 . თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
23 . ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე - დედამიწის უწინარეს.
24 . მაშინ გამოვჩნდი, როცა არც უფსკრულები იყო და არც უხვი წყაროს წყლები.
25 . სანამ მთები დადგინდებოდნენ, ბორცვებზე ადრე გამოვჩნდი.
26 . როცა არც დედამიწა იყო შექმნილი, და არც მინდვრები და ქვეყნიერების პირველი მტვერი.
27 . იქ ვიყავი ცათა დაფუძნებისას, როცა წრე შემოავლო ზღვის ზედაპირს,
28 . როცა მაღლა ღრუბლებს ამაგრებდა და უფსკრულში წყაროებს აძლიერებდა,
29 . როცა წესი დაუდგინა ზღვებს, რათა წყლებს არ გადაელახათ მათი ნაპირი და ბრძანებით დაადგინა დედამიწის საფუძვლები.
30 . ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:
31 . ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.
32 . ამიტომ მისმინეთ ახლა, შვილებო, რადგან ნეტარნი არიან ჩემი გზების შემნახველნი.
33 . ისმინეთ ჩემი დარიგება და დაბრძენდით, ნუღარ წაუყრუებთ.
34 . ნეტარია კაცი, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და ჩემი შესასვლელის ზღურბლთან მომელის.
35 . რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
36 . ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . ისე მოხდა, რომ შაბათს, ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან მივიდა პურის საჭმელად, ისინი კი უთვალთვალებდნენ.
2 . და აჰა, მის წინაშე ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი წარსდგა.
3 . ჰკითხა იესომ რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: "შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?”
4 . ისინი დუმდნენ. მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.
5 . მათ კი უთხრა: "რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი ჭაში რომ ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს შაბათ დღეს?”
6 . და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა.
7 . როცა დაინახა, რომ საპატიო ადგილებს ირჩევდნენ მოწვეულნი, უთხრა მათ იგავი:
8 . "თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული.
9 . რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: დაუთმე ამას ადგილი! მაშინ შერცხვენილს ბოლო ადგილის დაკავება მოგიწევს.
10 . როცა მიგიწვევენ, მიდი და ბოლო ადგილზე დაჯექი, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, უფრო საპატიო ადგილზე გადაბრძანდიო! მაშინ მეტი პატივი დაგედება ყოველი თანამეინახის წინაშე.
11 . რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება”.
12 . თავის მასპინძელსაც უთხრა: "როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და სამაგიერო არ მიიღო.
13 . არამედ ლხინს რომ გამართავ, გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები მოიწვიე.
14 . ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
15 . ეს რომ გაიგონა, ერთმა სტუმარმა უთხრა მას: "ნეტარია, ვინც ღმერთის სამეფოში ჭამს პურს”.
16 . მან კი უთხრა: "ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.
17 . სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
18 . ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
19 . მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
20 . მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლიაო მოსვლა.
21 . დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.
22 . უთხრა მონამ: ბატონო, რაც ბრძანე აღსრულებულია, მაგრამ კიდევ დარჩა ადგილი.
23 . უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი;
24 . რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს!”
25 . დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან. მიუბრუნდა და უთხრა:
26 . "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
27 . ვინც თავის ჯვარს არ იტვირთავს და ისე არ გამომყვება, ჩემი მოწაფე ვერ გახდება.
28 . რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
29 . ვინაიდან საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს.
30 . იტყვიან: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
31 . ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
32 . თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის მომხდური და ზავს სთხოვს.
33 . ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.
34 . მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილმა გემო დაკარგა, რიღათი დამარილდეს?
35 . არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ გადაყრიან. ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
1 . იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2 . იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
3 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”.
4 . ეუბნება მას ნიკოდემოსი: "როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
5 . მიუგო იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
6 . ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
7 . ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.
8 . ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
9 . მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: "როგორ შეიძლება ეს მოხდეს?”
10 . მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?
11 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას!
12 . თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13 . არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.
14 . და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
15 . რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
16 . ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17 . რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
18 . ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19 . მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
20 . რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
21 . ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
22 . ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა.
23 . იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,
24 . ვინაიდან, იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25 . მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.
26 . მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
27 . თქვა იოანემ: "ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28 . თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.
29 . ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა.
30 . ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
31 . მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
32 . რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
33 . ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34 . რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
35 . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
36 . ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.
1 . პასექამდე ექვსი დღით ადრე, ბეთანიაში მივიდა იესო, სადაც იყო ლაზარე, მკვდრეთით რომ აღადგინა.
2 . ვახშამი მოუმზადეს. მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
3 . მარიამმა ერთი ლიტრი სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი აიღო, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა; ნელსაცხებლის სურნელით აივსო სახლი.
4 . იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
5 . "რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?”
6 . ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.
7 . იესომ უთხრა: "დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის შემოინახა ეს.
8 . რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთან გეყოლებათ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით”.
9 . იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო და მივიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მკვდრეთით აღადგინა მან.
10 . მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს,
11 . რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩამოშორდა მათ და ერწმუნა იესოს.
12 . მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო.
13 . აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”
14 . იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15 . "ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.
16 . მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.
17 . და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
18 . ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
19 . ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.
20 . დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
21 . მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.
22 . ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს.
23 . იესომ მიუგო და უთხრა მათ: "დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25 . ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
26 . ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.
27 . ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28 . მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.
29 . იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.
30 . მიუგო იესომ და უთხრა: "ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31 . ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი.
32 . და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”.
33 . ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
34 . უთხრა ხალხმა: "რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”
35 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
36 . სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.
37 . ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი,
38 . რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?”
39 . ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ:
40 . "თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
41 . ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
42 . ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ.
43 . რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
44 . იესომ შესძახა და თქვა: "ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
45 . და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
46 . მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.
47 . თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი.
48 . ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
49 . რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50 . და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.
1 . "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
2 . ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3 . თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ.
4 . დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5 . მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 . ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.
7 . თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
8 . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 . როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
10 . თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11 . ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.
12 . ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13 . იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14 . თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
15 . მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
16 . თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
17 . ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 . თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
19 . თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
20 . გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 . მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
22 . მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.
23 . ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24 . მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
25 . რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.
26 . როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27 . თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
1 . ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
2 . საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3 . ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
4 . ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა - ურჯულოებაა.
5 . ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.
6 . ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს; ყოველ შემცოდეს არ უხილავს და არ იცნობს მას.
7 . შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
8 . ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.
9 . ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.
10 . ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
11 . რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
12 . მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
13 . ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.
14 . ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
15 . ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასში მკვიდრობს.
16 . იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
17 . ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
18 . შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
19 . ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე.
20 . რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
21 . საყვარელნო! თუ გული არ გვდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
22 . და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.
23 . ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
24 . მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.
1 . "ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია მარჯვენაში და ოქროს შვიდ სალამპრეს შორის მიმოდის:
2 . ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
3 . მოთმინებაც გაქვს და იტანჯე კიდეც ჩემი სახელის გულისთვის, და არ დაქანცულხარ.
4 . მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
5 . ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
6 . ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.
7 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.
8 . "სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
9 . ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
10 . ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
11 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.
12 . "პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:
13 . ვიცი რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტი დგას, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა, ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს.
14 . მაგრამ ცოტა რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან შენთან ისეთებიც, რომლებიც ბილყამის მოძღვრებას მისდევენ, ბალაკს რომ ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთშენაწირი ეჭამათ და ემეძავათ.
15 . ისეთებიც იმყოფებიან შენთან, ნიკოლაელთა მოძღვრებას რომ მისდევენ, მე რომ მძულს.
16 . მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
17 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანნას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც მიმღების გარდა არავინ იცის”.
18 . "თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ძე ღვთისა, ვისი თვალებიც ცეცხლის ალს წააგავს, ხოლო მისი ფეხები ელვარე სპილენძივითაა:
19 . ვიცი შენი საქმეები, სიყვარული, რწმენა, მსახურება და მოთმინება; და რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირველზე მეტია.
20 . მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ თავის ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს, თავის თავს წინასწარმეტყველს რომ უწოდებს, და ასწავლის და აცდენს ჩემს მორჩილთ, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ.
21 . მე მივეცი დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძავობა.
22 . აჰა, დავაგდებ მას სარეცელზე. ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძავობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.
23 . სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.
24 . ხოლო დანარჩენებს, თიატირაში რომ იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იციან სატანის სიღრმეები - როგორც ისინი ამბობენ - სხვა ტვირთს აღარ გაკისრებთ.
25 . რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე.
26 . ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას ერებზე;
27 . და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან თიხის ჭურჭელივით, ისევე, როგორც მე მივიღე მამისგან.
28 . და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
29 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.
3 . მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.
4 . თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,
5 . ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.
6 . ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.
7 . მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
9 . თუ ვინმემ თავისი მამა და დედა დასწყევლოს, უსათუოდ მოკვდეს. მამამისი და დედამისი დასწყევლა მან: მასზეა მისი სისხლი.
10 . თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
11 . ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს ახადა: უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
12 . თუ თავისი შვილის ცოლთან დაწვება ვინმე, უსათუოდ მოკვდნენ ორივენი. აღრევა ჩაიდინეს; მათზეა მათი სისხლი.
13 . თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
14 . თუ ვინმე დედასა და შვილს შეირთავს ცოლად, უზნეობას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით ისინი, რათა უზნეობა არ იყოს თქვენ შორის.
15 . ვინც პირუტყვთან დაიჭერს კავშირს, უსათუოდ მოკვდეს და პირუტყვიც მოკალით.
16 . თუ ქალი რომელიმე პირუტყვს შესაწყვილებლად მიუახლოვდება, მაშინ მოკალით ქალი და პირუტყვიც უსათუოდ მოკვდეს, მათზეა მათი სისხლი.
17 . თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.
18 . თუ ვინმე ცოლთან მისი წიდოვნებისას დაწვება და ახდის სიშიშვლეს, იხილავს მის დენას და ისიც გამოაჩენს თავის სისხლდენას, ორივე მოიკვეთონ თავისი ხალხიდან.
19 . დეიდის ან მამიდის სიშიშვლეს არავინ ახადოს, რადგან საკუთარ სისხლსა და ხორცს გააშიშვლებს; თავის ცოდვას იტვირთავენ ისინი.
20 . ვინც თავის ბიცოლასთან დაწვება, ის საკუთარი ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს. თავის ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
21 . თუ ვინმე თავისი ძმის ცოლს შეირთავს, უწმიდურებაა, საკუთარ ძმას ახადა სიშიშვლე: ამიტომ, უშვილონი იქნებიან.
22 . დაიცავით ყოველი ჩემი წესი და სამართალი, აღასრულეთ ისინი და არ ამოგანთხევთ ქვეყანა, სადაც მიმყავხართ საცხოვრებლად.
23 . ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებისამებრ, რომელთაც ვდევნი თქვენგან; ვინაიდან ამ ყოველივეს სჩადიოდნენ და მძაგს ისინი.
24 . აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.
25 . განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და წმიდა და უწმიდური ფრინველი; ნუ შეიბილწებით პირუტყვით, ფრინველით და ყოველი ქვემძრომით მიწაზე, რაც უწმიდურია და გამოვაცალკევე თქვენგან;
26 . და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.
27 . თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.
1 . "არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
2 . ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით იყავით ჩემი საწმიდრის წინაშე, მე ვარ უფალი.
3 . თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ,
4 . მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე - თავის ნაყოფს.
5 . რთვლამდე გაგიგრძელდებათ ლეწვა, რთველი კი - თესვამდე; ძღომამდე შეჭამთ თქვენს პურს და მშვიდად იცხოვრებთ თქვენს ქვეყანაში.
6 . მშვიდობას მოგცემთ ქვეყნად და უშფოთველად დაწვებით; მტაცებელ მხეცებს მოგაშორებთ მიწიდან და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
7 . დაედევნებით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
8 . ხუთი თქვენიანი ასს განდევნის, ასი კი - ათი ათასს და მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
9 . მოვიხედავ თქვენკენ, მოგაშენებთ, გაგამრავლებთ და განვამტკიცებ თქვენთან ჩემს აღთქმას.
10 . შარშანდელს, ძველს შეჭამთ და გადაყრით ძველს ახლისთვის.
11 . ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული.
12 . ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
13 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად; დავგლიჯე თქვენი უღლის აპეურები და წელგამართულნი წამოგიყვანეთ.
14 . მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებას,
15 . უკუაგდებთ ჩემს წესებს და მოიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ აღასრულოთ ყოველი ჩემი მცნება და დაარღვიოთ ჩემი აღთქმა.
16 . მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.
17 . სახეს მოვაქცევ თქვენს წინააღმდეგ, განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე და თქვენი მოძულენი იბატონებენ თქვენზე; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
18 . თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.
19 . გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად - მიწას.
20 . ფუჭად დაილევა თქვენი ძალა, არ გამოიღებს მოსავალს თქვენი მიწა და არ მოისხამს ხე ნაყოფს.
21 . და თუ მაინც ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ და არ ისურვებთ ჩემთვის ყურის დაგდებას, შვიდმაგად გაგიმრავლებთ ცემას თქვენი ცოდვების გამო.
22 . მოგისევთ ველის მხეცებს და ამოგიწყვეტენ შვილებს, მოგისპობენ საქონელს, შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
23 . თუ ესეც არ შემოგაბრუნებთ ჩემსკენ და შემეწინააღმდეგებით,
24 . მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგლახვრავთ თქვენი ცოდვებისთვის.
25 . მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
26 . შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.
27 . თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ,
28 . მეც წამოვალ მძვინვარედ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
29 . შეჭამთ თქვენი ძეებისა და ასულების ხორცს.
30 . გაგინადგურებთ მაღლობებს, აგიჩეხავთ მზის სვეტებს, თქვენს მძორებს კერპების ნანგრევებზე დავყრი და შეგიძულებთ ჩემი სული.
31 . გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს, ავაოხრებ თქვენს საწმიდრებს და არ ვიყნოსავ თქვენს კეთილსურნელებას.
32 . ავაოხრებ თქვენს ქვეყანას და განცვიფრდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები.
33 . გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალდაკვალ დაგადევნებთ მახვილს; გაუდაბურდება თქვენი ქვეყანა და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები.
34 . აინაზღაურებს მიწა თავის შაბათებს მისი უკაცრიელების დღეებში, როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით; მაშინ დაისვენებს იგი და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.
35 . მთელი მისი უკაცრიელობის განმავლობაში დაისვენებს მიწა, თითოეული შაბათისთვის, რამდენიც არ დაუსვენია, როცა მასზე მკვიდრობდით.
36 . თქვენგან ცოცხლად გადარჩენილებს, სილაჩრეს ჩავუდებ გულში მათი მტრების ქვეყანაში; დაფრთხებიან შერხეული ფოთლის შრიალზე, გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბოდნენ და დაეცემიან, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი.
37 . ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისგან გაქცეულნი, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი; და არ გექნებათ ძალა მტრების წინააღმდეგ დასადგომად.
38 . დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენი მტრების მიწა.
39 . გადარჩენილნი ჩამოხმებით მტრების ქვეყანაში თქვენი ცოდვების გამო და თქვენი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებით.
40 . და თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და თავისი მამების ბრალს, თავიანთი ორგულობით რომ მიმუხთლეს და ჩემს წინააღმდეგ წამოვიდნენ,
41 . ამიტომ მეც წავედი მათ წინააღმდეგ და მივიყვანე მათი ტყვეობის ქვეყანაში; თუ დამდაბლდება მათი წინადაუცვეთელი გული და აღიარებენ თავის დანაშაულს;
42 . მაშინ გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ჩემს აღთქმას ისაკთან, ჩემს აღთქმას აბრაჰამთან და მიწასაც გავიხსენებ.
43 . მიწაც მიტოვებული იქნება მათ მიერ და დატკბება თავისი შაბათებით მათგან დაცარიელებული და იგემებენ სასჯელს თავისი ცოდვების გამო, რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და მოიძულა ჩემი წესები მათმა გულმა.
44 . და მაინც, ტყვეობის ქვეყანაში მათი ყოფნისას, არ უკუვაგდებ მათ და ისე არ მოვიძულებ, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან; რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45 . და გავიხსენებ აღთქმას მათ მამებთან, რომლებიც ხალხების თვალწინ გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვყოფილიყავი მათი ღმერთი. მე ვარ უფალი”.
46 . ეს არის წესები, სამართალი და რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით დაადგინა უფალმა სინაის მთაზე, საკუთარ თავსა და ისრაელიანთა შორის.
1 . "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
2 . ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
3 . არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
4 . რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
5 . ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
6 . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
7 . იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
8 . არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
9 . იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
10 . მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
11 . დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
12 . თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
13 . შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
14 . კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
15 . მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16 . შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17 . თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
18 . არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
19 . ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20 . კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21 . არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
22 . თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23 . გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
24 . ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
25 . ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
26 . ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
1 . "ვერ შევა კვერცხებდაზიანებული და ასომოკვეთილი უფლის კრებულში.
2 . ვერ შევა ნაბუშარი უფლის კრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში.
3 . ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,
4 . რადგან პურითა და წყლით არ შემოგეგებნენ გზაზე, როცა გამოხვედი ეგვიპტიდან და დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბილყამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად.
5 . არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ბილყამის მოსმენა და წყევლა კურთხევად შეგიცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა უფალმა, შენმა ღმერთმა.
6 . ნურასდროს ეძიებ მათთვის მშვიდობასა და კეთილდღეობას, მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.
7 . ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი; ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში;
8 . ძეებს, რომლებიც მესამე თაობაში შეეძინებათ მათ, შეეძლებათ უფლის კრებულში შესვლა.
9 . როცა დაბანაკდები მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველგვარ ბოროტებას.
10 . თუ იქნება თქვენს შორის კაცი, რომელიც ღამით გამონადენით გაუწმიდურდა, გავიდეს ბანაკის გარეთ და არ შემოვიდეს მასში.
11 . საღამო ჟამს წყლით განიბანოს, მზის ჩასვლისას კი შევიდეს ბანაკში.
12 . ადგილი იქონიე ბანაკის გარეთ და გადი იქ,
13 . ნიჩაბიც იქონიე სარტყელში იარაღთან ერთად და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი;
14 . რადგან უფალი, შენი ღმერთი დადის ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები; ამიტომ წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ რაიმე უწმიდური არ იხილოს მან შენში და ზურგი არ გაქციოს.
15 . არ გადასცე თავის ბატონს მონა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს;
16 . იცხოვროს შენთან, შენს გვერდით, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება; არ შეავიწროვო იგი.
17 . ნუ იქნება მეძავი ისრაელის ასულთაგან და ისრაელის ძეთაგან.
18 . არავითარი აღთქმისთვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
19 . ვახშით არ მისცე შენს მოძმეს, არც ფული, არც საჭმელი და არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება.
20 . უცხოტომელზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს ნუ მისცემ ვახშით, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ნაამაგარი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
21 . თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დააყოვნო მისი ასრულება, რადგან მოგკითხავს მას უფალი, შენი ღმერთი, და შენზე იქნება ცოდვა.
22 . თუ არ დადებ აღთქმას, არ იქნება შენზე ცოდვა.
23 . დაიცავი შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და აღასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით.
24 . როცა შენი მოყვასის ვენახში შეხვალ, ჭამე ყურძენი გაძღომამდე, რამდენიც გენდომება, ჭურჭელში კი ნუღარ ჩაიწყობ.
25 . როცა შენი მოყვასის სამკალში მიხვალ, ხელით მოწყვიტე თავთავები, მაგრამ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . იყო ერთი კაცი მაყონში; ქარმელში ჰქონდა მამული; ფრიად შეძლებული იყო ეს კაცი - სამი ათასი ცხვარი და ათასი თხა ჰყავდა, პარსვის დროს ისიც ქარმელში იმყოფებოდა.
2 . ნაბალი ერქვა კაცს, მის ცოლს კი - აბიგაილი; კეთილგონიერი და მშვენიერი იყო ქალი, კაცი კი - ულმობელი და ბოროტმოქმედი; ხალების შთამომავალი იყო იგი.
3 . გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
4 . გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა: "ქარმელში ადით, ნაბალთან მიდით და ჩემი სახელით მოიკითხეთ.
5 . უთხარით: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს და მთელ შენს საბადებელს.
6 . გავიგე მპარსველები გყოლია; ამას წინათ შენი მწყემსები იყვნენ ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს და არაფერი დაუკარგავთ ქარმელში ყოფნის დღეებში.
7 . ჰკითხე შენს ჭაბუკებს და თავადაც გეტყვიან. დაე, მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რადგან სასიკეთო დღეს მოვედით; მიეცი შენს მსახურთ და შენს ძეს, დავითს, რასაც შესძლებ”.
8 . მივიდნენ დავითის ჭაბუკნი, გადასცეს ნაბალს დაბარებული სიტყვები და დაელოდნენ.
9 . მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: "ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.
10 . ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”
11 . გამობრუნდნენ დავითის ჭაბუკნი თავის გზაზე, მივიდნენ და გადასცეს ეს სიტყვები დავითს.
12 . უთხრა დავითმა თავის კაცებს: "შეიბით ყველამ თქვენ-თქვენი მახვილი!” შემოირტყა ყოველმა მახვილი და დავითმაც შეიბა თავისი მახვილი. ოთხასამდე კაცი გაჰყვა დავითს, ორასი კი აღალთან დარჩა.
13 . უთხრა ერთმა ჭაბუკმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს: "აჰა, მოციქულნი გამოგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენი ბატონის მოსაკითხად, მან კი აბუჩად აიგდო ისინი.
14 . ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, სანამ ველზე ვიყავით მათთან ერთად, არ გვჩაგრავდნენ და არც არაფერი დაგვიკარგავს.
15 . ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის ღამით და დღისით, მთელი დროის მანძილზე, სანამ მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს.
16 . ახლა იფიქრე და როგორც გიჯობს ისე მოიქეცი, რადგან გარდაუვალია უბედურება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულზე, ის კი უღირსი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.
17 . აჩქარდა აბიგაილი; აიღო ორასი პური, ორი ტიკჭორა ღვინო, ხუთი მომზადებული ცხვარი, ხუთი საწყაული მშრალი მარცვლეულობა, ასი ასხმა დაჩამიჩებული ყურძენი, ორასი ასხმა ლეღვი და სახედრებს აჰკიდა.
18 . უთხრა თავის ჭაბუკებს: "ჩემს წინ გასწით და მეც გამოგყვებით”. ხოლო ნაბალს, თავის ქმარს, არაფერი უთხრა.
19 . მთის ხრიოკებზე ეშვებოდა ვირზე შემჯდარი და, აჰა, დავითი და მისი კაცებიც მოდიან; და შეეგება მათ აბიგაილი.
20 . ამბობდა დავითი: "ნამდვილად ამაოდ ვიცავდი უდაბნოში ნაბალის ქონებას, არაფერი დაუკარგავს თავისი საბადებლიდან, მაგრამ ბოროტებით გადამიხადა სიკეთეზე.
21 . ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ მთელ მის მოდგმაში ერთი კედელთან მიმშარდავი მაინც დავტოვო ცოცხლად დილამდე”.
22 . დაინახა აბიგაილმა დავითი, სწრაფად ჩამოხტა ვირიდან, პირქვე დაეცა დავითის წინაშე და მიწამდე სცა თაყვანი.
23 . დაეცა მის ფეხებთან და თქვა: "ჩემზეა, ბატონო, დანაშაული; გთხოვ, ალაპარაკე შენი მხევალი და შეისმინე შენი მხევლის სიტყვები.
24 . ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უღირს კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს - ნაბალი (უღირსი), თვითონაც ისეთია; მე კი, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ჭაბუკნი.
25 . ახლა, ჩემო ბატონო, ცოცხალია უფალი და ცოცხალია შენი სული, შეგაკავებს უფალი სისხლისღვრისა და შურისძიებისგან. დაე, ნაბალივით იყვნენ შენი მტრები და ჩემი ბატონისთვის ბოროტის მსურველნი.
26 . აი, ეს ძღვენი, რომელიც შენმა მხევალმა მოართვა ჩემს ბატონს, რათა მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ნაკვალევს რომ მიჰყვებიან.
27 . აპატიე შენს მხევალს დანაშაული, რადგან უსათუოდ აუშენებს მტკიცე სახლს უფალი ჩემს ბატონს, ვინაიდან საღვთო ომშია ჩართული ჩემი ბატონი და მთელი სიცოცხლე არ გაივლებს გულში ბოროტებას.
28 . და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნი.
29 . და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველ სიკეთეს, რაც ნათქვამი აქვს მისთვის და დაგადგენს ისრაელის წინამძღვრად,
30 . ნუ ექნება ჩემს ბატონს გულის ქეჯნა და წუხილი ამაო სისხლისღვრისა და შურისძიების გამო. და როცა კეთილს მიაგებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გაიხსენე შენი მხევალი”.
31 . მიუგო აბიგაილს დავითმა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მოგავლინა დღეს ჩემთან შესახვედრად.
32 . კურთხეულია გონიერება შენი და კურთხეული ხარ შენ, რომ გადამაფიქრებინე დღეს სისხლისღვრა და შურისძიება.
33 . ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც არ ჩამადენინა შენთვის ბოროტება, რადგან საჩქაროდ რომ არ წამოსულიყავ ჩემთან შესახვედრად, არ დარჩებოდა ნაბალს განთიადამდე არც ერთი კედელთან მიმშარდავი”.
34 . მიიღო დავითმა მისი ხელიდან, რაც ჰქონდა მოტანილი და უთხრა: "მშვიდობით გაბრუნდი შენს სახლში; აჰა, ვისმინე შენი ხმა და პატივი დავდე შენს სახეს”.
35 . დაბრუნდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ნადიმობს სახლში, როგორც სამეფო ნადიმზე; მხიარულობდა ნაბალის გული და თან მთვრალი იყო ფრიად; დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
36 . დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.
37 . დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.
38 . გაიგო დავითმა, რომ მოკვდა ნაბალი და თქვა: "კურთხეულია უფალი, რომელმაც უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისთვის და აარიდა ბოროტებას თავისი მსახური; ნაბალს თავისივე სიავე მიუბრუნა უკან უფალმა!” და სიტყვა შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
39 . მივიდნენ დავითის მსახურნი აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: "დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად შეგირთოს”.
40 . ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.
41 . აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.
42 . იზრეყელელი ახინოყამიც მოიყვანა დავითმა და ეს ორნი იყვნენ მისი ცოლები.
43 . საულმა კი მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, ფალტის, გალიმელი ლაიშის ძეს მიათხოვა.
44 . მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: "იცი, რომ დავითი ხაქილას გორაზე იმალება, იეშიმონის პირდაპირ?”
1 . კვლავ შემოიკრიბა დავითმა ისრაელის ყველა რჩეული ვაჟკაცი, ოცდაათი ათასი.
2 . ადგა და წავიდა დავითი, იუდას ბაყალეში, მასთან მყოფ მთელ ხალხთან ერთად, ღვთის კიდობნის გადასატანად, რომელიც ცაბაოთ უფლის სახელით იწოდება, რომელიც ქერუბებზე ზის.
3 . ახალ ურემზე შემოდგეს ღვთის კიდობანი და გაიტანეს აბინადაბის სახლიდან გიბყაში. აბინადაბის ძეთ, ყუზას და ახიოს, მიჰყავდათ ახალი ურემი.
4 . გამოიყვანეს ურემი ღვთის კიდობანთან ერთად აბინადაბის სახლიდან გიბყაში, წინ ახიო მიუძღოდა კიდობანს.
5 . დავითი და ისრაელის მთელი სახლი უფლის წინაშე უკრავდნენ კვიპაროსის ხის ყველა საკრავით: ქნარებით, ჩანგებით, დაფდაფებით, ბობღნებითა და წინწილებით.
6 . ნახონის კალომდე რომ მივიდნენ, ღვთის კიდობნისკენ გაიწოდა ყუზამ ხელი დასაჭერად, რადგან კინაღამ გადმოაგდეს იგი ხარებმა.
7 . აღინთო უფლის რისხვა ყუზაზე და დასცა იგი ღმერთმა მისი უპატივცემლობის გამო და მოკვდა იქ, ღვთის კიდობანთან.
8 . დამწუხრდა დავითი, რომ მოკლა უფალმა ყუზა; დღემდე ფერეც-ყუზა (ყუზას განგმირვა) ეწოდება ამ ადგილს.
9 . შეეშინდა დავითს უფლისა იმ დღეს და თქვა: "ჩემამდე როგორ მოვა უფლის კიდობანი?”
10 . აღარ მოინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ მიაბრუნა.
11 . სამ თვეს დარჩა უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლეული.
12 . ეუწყა მეფე დავითს: "აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლეული და ყველაფერი, რაც გააჩნია”. მაშინ წავიდა დავითი და სიხარულით გადაიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში.
13 . როგორც კი ექვს ნაბიჯს გაივლიდნენ უფლის კიდობნის მზიდველნი, მოზვერსა და ვერძს სწირავდა იგი.
14 . მთელი ძალით ცეკვავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდით იყო შემოსილი.
15 . ყიჟინას სცემდნენ და საყვირებს აყვირებდნენ დავითი და ისრაელის მთელი სახლი ღვთის კიდობნის გადატანისას.
16 . როცა შევიდა უფლის კიდობანი დავითის ქალაქში, სარკმლიდან იმზირებოდა მიქალი, საულის ასული. დაინახა უფლის წინაშე მხტომელი და მროკველი მეფე დავითი და დამცირდა იგი მის გულში.
17 . მიიტანეს უფლის კიდობანი და დადგეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც მისთვის გაშალა დავითმა; და აღავლინა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე.
18 . დაასრულა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლების აღვლენა და აკურთხა ხალხი ცაბაოთ უფლის სახელით.
19 . ისრაელის მთელ სახლს, ყოველ მამაკაცსა და ქალს საკვები ჩამოურიგა: თითო პური, ხორცის ნაჭერი და გამომშრალი ყურძნის ნამცხვარი; და გაბრუნდა ხალხი თავის სახლებში.
20 . დაბრუნდა დავითიც თავისი სახლეულის საკურთხებლად; გამოეგება მიქალი, საულის ასული და უთხრა: "რარიგ გამოირჩეოდა დღეს მეფე ისრაელისა, რომელიც ისე გაშიშვლდა თავისი მხევლების წინაშე, როგორც ერთი უგუნური ვინმე!”
21 . უპასუხა მიქალს დავითმა: "იმ უფლის წინაშე ვროკავდი, რომელმაც მამაშენსა და მთელ მის სახლეულს მამჯობინა და მმართველად დამადგინა თავის ხალხზე, ისრაელზე. ამიტომაც სიხარულით ვიზეიმებ უფლის წინაშე.
22 . და რაც უფრო მეტადაც გავუგუნურდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში და იმ მხევლების წინაშე, რომლებიც მიხსენე, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები”.
23 . და არ ჰყოლია შვილი მიქალს, საულის ასულს, სიკვდილამდე.
1 . ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
2 . იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
3 . შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.
4 . სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.
5 . მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.
6 . ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.
7 . მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
8 . ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომლებიც თავ-თავის ღმერთებს უკმევდნენ და სწირავდნენ.
9 . განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
10 . რომელმაც უბრძანა, არ გაჰყოლოდა უცხო ღმერთების კვალს; მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11 . უთხრა უფალმა სოლომონს: "იმის გამო, რომ ასეთი გახდი და არ დაიცავი ჩემი აღთქმა და წესები, რომლებიც გიბრძანე, უსათუოდ გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს.
12 . ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის გულისთვის; შენს ძეს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13 . მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს ძეს მივცემ - დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, მე რომ ავირჩიე”.
14 . და აღუდგინა უფალმა მტერი სოლომონს, ედომელი ჰადადი, ედომის მეფის შთამომავალი.
15 . ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად იმის მერე, რაც გაწყვიტა ყოველი მამაკაცი ედომში,
16 . რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, ვიდრე არ მოსპეს ყოველი მამაკაცი ედომში,
17 . გაიქცა ჰადადი მამამისის მსახურ ედომელებთან ერთად, რომ ეგვიპტეში ჩასულიყვნენ; პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18 . აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს. წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ეგვიპტეში, ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, რომელმაც მისცა მას სახლი, სარჩო და მიწა.
19 . დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მისცა მას ცოლად თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის და.
20 . და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. ფარაონის სახლში გაზარდა ბავშვი თახფენესმა და იზრდებოდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21 . გაიგონა ჰადადმა ეგვიპტეში, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი. უთხრა ჰადადმა ფარაონს: "გამიშვი, წავალ ჩემს ქვეყანაში”.
22 . უთხრა ფარაონმა: "რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში წასვლა რომ მოინდომე?” უპასუხა: "არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი”.
23 . კიდევ აღუდგინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადად-ყეზერს, ცობის მეფეს, თავის ბატონს;
24 . შემოიკრიბა კაცები და გახდა მძარცველთა მეთაური. მას შემდეგ, რაც მოსრა დავითმა ისინი ცობში, დამასკოსკენ წავიდნენ, დასახლდნენ და იქ ბატონობდნენ.
25 . ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის დღეებში; იმ ხანად ისრაელს ჰადადიც მტრობდა. სძულდა მას ისრაელი და არამზე გამეფდა იგი.
26 . იერობყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, ხელი აღმართა მეფეზე.
27 . აი, მიზეზი, რის გამოც ხელი აღმართა მეფეზე: მილო ააშენა სოლომონმა, დანგრეულ ნაპრალებს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28 . მამაცი კაცი იყო იერობყამი. დაინახა სოლომონმა, რომ კარგად ასრულებდა საქმეს ეს ახალგაზრდა და ჩააბარა იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29 . ერთ დღეს გავიდა იერობყამი იერუსალიმიდან და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ემოსა. მხოლოდ ეს ორნი იყვნენ მინდვრად.
30 . აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31 . უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.
32 . ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან,
33 . რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.
34 . არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელ სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს.
35 . ხელიდან გამოვგლეჯ მის ძეს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს,
36 . მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.
37 . აგირჩევ და ისე იმეფებ, როგორც შენი სული მოისურვებს; შენ იქნები ისრაელის მეფე.
38 . თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39 . ამის გულისთვის მოვდრეკ დავითის შთამომავლებს, ოღონდ არა სამუდამოდ”.
40 . ეძებდა სოლომონი იერობყამს მოსაკლავად, მაგრამ ადგა და ეგვიპტეში გაიქცა იერობყამი, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან; და იყო იქ სოლომონის სიკვდილამდე.
41 . სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი სიბრძნე სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42 . ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43 . განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.
1 . ერთხელ ნისანის თვეში, მეფე ართახშასთას მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; რაკი სევდიანი არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
2 . მკითხა მეფემ: "რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა!” და ძალზე შევშინდი.
3 . ვუთხარი მეფეს: "იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სევდიანი სახე, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების სამარხებია, დანგრეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?”
4 . მკითხა მეფემ: "რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
5 . ვუთხარი მეფეს: "თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.
6 . მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალი ეჯდა გვერდით: "რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და ინება მეფემ ჩემი გაგზავნა და მეც დავუთქვი დრო.
7 . ვუთხარი: "თუ ინებებს მეფე, წერილები მომცენ მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა გზა მომცენ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
8 . ერთი წერილი ასაფთან გამატანონ, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, ასევე ქალაქის კედლისთვის და სახლისთვის, რომელშიც შევალ”. და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
9 . მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ ჯარის სარდლები და მხედრები გამომაყოლა.
10 . როდესაც ეს ამბავი სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მსახურმა, გაიგეს, დიდად აღშფოთდნენ, რომ კაცი მოვიდა ისრაელის ძეთა საკეთილდღეოდ.
11 . მივედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
12 . ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.
13 . ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
14 . გავიარე წყაროს კარიბჭისკენ და მეფის აუზისკენ, მაგრამ ადგილი არ აღმოჩნდა იქ, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რაზეც ვიჯექი.
15 . ასე ავუყევი ღამით ხევს და დავათვალიერე კედელი; ისევ უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან და შინ დავბრუნდი.
16 . ქალაქის მთავრებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მთავრებს და არც დანარჩენი საქმის მკეთებელთ ვეუბნებოდი ჯერ რაიმეს.
17 . ბოლოს ვუთხარი: "თქვენ ხედავთ იმ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით, როგორ არის იერუსალიმი მოოხრებული და მისი კარიბჭეები ცეცხლით დამწვარი: წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
18 . და მოვუყევი ჩემი ღმერთის ხელის შესახებ, სასიკეთოდ რომ იდო ჩემზე, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, რომლებიც მითხრა. და თქვეს: "ავდგეთ და ავაშენოთ!” და განიმტკიცეს ხელი კეთილი საქმისთვის.
19 . გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მსახურმა და არაბმა გეშემმა. დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: "რას სჩადიხართ? მეფეს უჯანყდებით?”
20 . ვუპასუხე მათ: "ცათა ღმერთი მოგვიმართავს ხელს და ჩვენ, მისი მსახურები, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი არა გაქვთ წილი, უფლება და სახსენებელი იერუსალიმში!”
1 . მიუგო იობმა უფალს:
2 . „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
3 . ამბობდი: ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით? - ვამბობდი იმას, რაც არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
4 . ამბობდი: მომისმინე და ვილაპარაკებ; შეგეკითხები და მიპასუხე.
5 . ყურმოკვრით გიცნობდი; ახლა კი გხედავენ ჩემი თვალები.
6 . ამიტომ უკან ვიხევ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში”.
7 . მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, მიმართა უფალმა ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
8 . ახლა კი წაიყვანეთ თქვენთვის შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი და მიდით ჩემს მსახურ იობთან, აღავლინეთ სრულადდასაწველი თქვენთვის და ილოცებს თქვენთვის ჩემი მსახური იობი, რადგან მხოლოდ მის ლოცვას მივიღებ, რათა ისე არ მოგექცეთ, როგორც დაიმსახურეთ, იმის გამო, რომ ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე”.
9 . წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ უფალმა. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა.
10 . აღუდგინა უფალმა იობს მისი დანაკარგი, როცა ილოცა მან თავისი მეგობრებისთვის და ორმაგად გაუმრავლა უფალმა იობს ყველაფერი, რაც მანამდე ებადა.
11 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი. ჭამეს მასთან პური მის სახლში, თანაუგრძნეს და ნუგეში სცეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც მოუვლინა მას უფალმა. თითოეულმა ერთი ვერცხლის ფული და ოქროს ერთი ბეჭედი მისცა.
12 . და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი ხრდალი ვირი.
13 . ჰყავდა შვიდი ძე და სამი ასული.
14 . ერთს სახელად იემიმა დაარქვა, მეორეს - კეციყა და მესამეს - კერენ-ჰაფუქი.
15 . მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა მშვენიერი ქალები. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
16 . იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი; და იხილა თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა.
17 . მოკვდა იობი მოხუცებული და დღეებით მაძღარი.
1 . ყურად იღე ჩემი ნათქვამი, უფალო, ჩასწვდი ჩემს წუხილს.
2 . ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
3 . უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
4 . რადგან არა ხარ სიავის მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
5 . ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.
6 . შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
7 . მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.
8 . უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
9 . რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.
10 . განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
11 . გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
12 . რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
1 . გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
2 . ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
3 . ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
4 . რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
5 . განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
6 . მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
7 . ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
8 . და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
9 . უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
10 . შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
11 . უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
12 . რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
13 . შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
14 . რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
15 . ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
16 . ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
17 . დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
18 . სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
19 . აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
20 . უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
21 . რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
22 . ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
23 . რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
24 . ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
25 . გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
26 . თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
27 . მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
28 . ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
29 . დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
30 . მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
31 . თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
32 . აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
33 . რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
34 . უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
35 . გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
36 . უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
37 . უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
38 . გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
1 . გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
2 . ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.
3 . ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
4 . უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
5 . აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
6 . დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
7 . უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
8 . ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
9 . გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.
10 . მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.
11 . ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
12 . რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?
13 . ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.
14 . ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
15 . გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
16 . დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
17 . იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
18 . და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
19 . უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
1 . ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2 . ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3 . არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4 . შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5 . ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6 . მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7 . განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8 . შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9 . რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10 . მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11 . გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12 . კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13 . ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14 . შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15 . შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16 . შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17 . კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18 . აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19 . მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 . მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21 . შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22 . ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23 . დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24 . შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25 . მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26 . გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27 . გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28 . დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29 . გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30 . გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31 . მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32 . შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33 . მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34 . გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35 . დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36 . განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37 . ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38 . დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39 . ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40 . აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41 . მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42 . და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43 . ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44 . დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45 . ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46 . ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47 . გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48 . ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49 . გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50 . ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51 . ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52 . ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53 . თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54 . სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55 . ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56 . ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57 . ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58 . გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59 . ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60 . ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61 . ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62 . შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63 . თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64 . შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65 . კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66 . კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67 . ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68 . კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69 . ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70 . დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71 . კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72 . უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73 . შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74 . მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75 . ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76 . დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77 . მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78 . შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79 . დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80 . იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81 . დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83 . ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84 . რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85 . გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86 . ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87 . ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88 . შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89 . უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90 . თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91 . შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92 . რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93 . უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94 . შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95 . მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96 . ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97 . რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98 . ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99 . ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100 . მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101 . ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102 . შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103 . რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104 . შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105 . ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106 . დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107 . დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108 . აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109 . სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110 . დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111 . დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112 . მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113 . ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114 . თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115 . შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116 . შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117 . შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118 . მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119 . როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120 . თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121 . ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122 . გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124 . მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125 . მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126 . ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127 . ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128 . ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129 . საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130 . საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131 . პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132 . მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133 . ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134 . გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 . შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136 . წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137 . მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138 . ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139 . დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140 . ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141 . მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142 . სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143 . განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144 . სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145 . მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146 . შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147 . ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148 . ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149 . ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150 . მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151 . ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152 . ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153 . იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154 . გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155 . შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156 . წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157 . ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158 . ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159 . ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160 . საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161 . მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162 . ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163 . სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164/165 . დღეში შვიდგზის გაქებ შენ ,სიმართლის სამართალთათვის. 165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166 . იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167 . იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168 . ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169 . მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170 . მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171 . წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172 . იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173 . იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174 . ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175 . იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176 . დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
1 . თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება.
2 . ბრიყვს გონიერება კი არ ეამება, არამედ მხოლოდ თავისი აზრის - გამხელა.
3 . მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.
4 . კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო - მოჩუხჩუხე ნაკადული.
5 . არ არის კარგი დამნაშავესადმი მიმხრობა, არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე.
6 . ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.
7 . ბრიყვს თავისი პირი ღუპავს, მისი ბაგეები მისივე სულის მახეა.
8 . ჭორის გამავრცელებლის სიტყვები ნუგბარივითაა, მუცლის სიღრმემდე აღწევენ.
9 . თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
10 . უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.
11 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
12 . დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
13 . მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
14 . კაცის სულს სნეულების ატანა შეუძლია, მაგრამ ვინ აიტანს შემუსვრილ სულს?
15 . გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.
16 . ძღვენი გზას უფართოებს კაცს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17 . თითქოს მართალია დავის წამომწყები, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და გამოიძიებს მას.
18 . წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.
19 . განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.
20 . კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.
21 . სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.
22 . ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.
23 . ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24 . არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.
1 . როცა მთავართან დაჯდები სადილად, კარგად დააკვირდი, რა არის შენს წინ;
2 . და ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
3 . ნუ მოისურვებ მის ნუგბარს, ვინაიდან მაცდურია ის პური.
4 . ძალღონეს ნუ შეალევ სიმდიდრის შეძენას, შეეშვი ამაზე ფიქრს.
5 . მიაპყრობ თვალებს და აღარ არის; არწივივით ფრთებს შეისხამს და ცად აფრინდება.
6 . ძუნწი კაცის პურს ნუ შეჭამ და მის ნუგბარს ნუ ისურვებ,
7 . რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი: ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება.
8 . ნაჭამ ლუკმას ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ თავაზიან სიტყვებს.
9 . ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან აბუჩად აიგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.
10 . ნურც ძველ საზღვარს გადასცდები და ნურც ობოლთა მინდვრებზე გადახვალ,
11 . ვინაიდან ძლიერია მათი გამომსყიდველი, ის შეგედავება მათ საქმეზე.
12 . გული შენი დარიგებას მიაპყარ და ყური შენი - ცოდნის სიტყვებს.
13 . წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება;
14 . წკეპლით სცემ მას და შავეთისგან იხსნი მის სულს.
15 . შვილო, თუ გული დაგიბრძენდება, ჩემი გულიც გაიხარებს;
16 . ჩემი შინაგანიც გამხიარულდება, როდესაც სიმართლეს ილაპარაკებენ შენი ბაგენი.
17 . ნურც ცოდვილებისა შეშურდება შენს გულს, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ,
18 . რადგან არსებობს მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.
19 . შვილო, ისმინე და დაბრძენდი; მიმართე შენი გული სწორ გზაზე.
20 . ნურც ღვინის მსმელთა და ხორცით გაუმაძღართა შორის იქნები;
21 . ვინაიდან გაღატაკდება ლოთი და ღორმუცელა, თვლემა კი ძონძებით შემოსავს მათ.
22 . უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
23 . ჭეშმარიტება იყიდე და ნუ გაყიდი, შეიძინე სიბრძნე, დარიგება და გონიერება.
24 . ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
25 . გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა; მოილხინონ შენმა მშობლებმა.
26 . შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემი გზები დაიცვან.
27 . ვინაიდან ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა - უცხო ქალი.
28 . ყაჩაღივითაა ჩასაფრებული და კაცთა შორის ორგულებს ამრავლებს.
29 . ვინ ოხრავს და ვინ წუხს? ვინ დაობს და ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები და ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
30 . ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის.
31 . ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს, ფიალაში რომ ელვარებს და ლაღად გადადის ყელში.
32 . ბოლოს გველივით იკბინება და ასპიტივით იგესლება.
33 . შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
34 . და იქნები ზღვის შუაგულსა და ანძის წვერზე მძინარესავით.
35 . იტყვი: "მცემდნენ და არ მტკიოდა! მირტყამდნენ და ვერ ვგრძნობდი! გავიღვიძებ და ისევ სასმელს დავუწყებ ძებნას”.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა:
2 . "ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
3 . გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
4 . კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
5 . მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.
6 . სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
7 . ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
8 . მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ.
9 . ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში.
10 . გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
11 . შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.
12 . უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა.
13 . მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
14 . რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
15 . მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე.
16 . ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
17 . ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”
18 . იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
19 . მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.
20 . ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”
21 . თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”
22 . ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
23 . იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
24 . "მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.
25 . ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
26 . ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
27 . ბოლოს ქალიც მოკვდა.
28 . ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.
29 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
30 . ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
31 . ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:
32 . მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.
33 . ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
34 . ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
35 . ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
36 . "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
37 . უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
38 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
39 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
40 . ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
41 . ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ:
42 . "რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”.
43 . უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
44 . უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.
45 . თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?”
46 . და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
1 . ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა.
2 . ჰკითხეს მოწაფეებმა: "რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
3 . უპასუხა იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში.
4 . სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
5 . სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
6 . ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა.
7 . უთხრა: "წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
8 . მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: "ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?”
9 . ერთნი ამბობდნენ - ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს - არა, მაგრამ იმას ჰგავსო. მან კი თქვა: "ეს მე ვარ”.
10 . მაშინ ჰკითხეს: "როგორ აგეხილა თვალები?”
11 . მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”.
12 . მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.
13 . მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, მანამდე რომ ბრმა იყო.
14 . ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.
15 . ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: "ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”.
16 . მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.
17 . კვლავ ჰკითხეს ბრმას: "შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: "წინასწარმეტყველია იგი”.
18 . მაინც არ დაიჯერეს იუდევლებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
19 . ჰკითხეს მათ: "ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?”
20 . მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა.
21 . მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.
22 . ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
23 . ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.
24 . მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს: "დიდება მიაგე ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი”.
25 . მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.
26 . კვლავ ჰკითხეს: "რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?”
27 . უპასუხა: "მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ ხელახლა მოსმენა? იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?”
28 . მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: "შენ თვითონ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”.
30 . უთხრა მათ კაცმა: "საკვირველი სწორედ ისაა, რომ არ იცით, საიდან არის, მან კი თვალები ამიხილა.
31 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.
32 . საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
33 . ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა”.
34 . უთხრეს მას: "შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?” და გარეთ გამოაგდეს იგი.
35 . იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: "გწამს ძე კაცისა?”
36 . მან უთხრა: "ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?”
37 . იესომ უთხრა: "შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”.
38 . უპასუხა: "მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
39 . უთხრა იესომ: "განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ”.
40 . გაიგონა ეს სიტყვები მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა; და ჰკითხეს: "ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?”
41 . უთხრა მათ იესომ: "ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა თქვენზევე რჩება”.
1 . ჩემო ძმებო, მიკერძოება ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენაში.
2 . რადგან თუ შემოვა თქვენს სინაგოგაში ოქროსბეჭდიანი, ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი კაცი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით,
3 . შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო.
4 . განა ამით არ განარჩევთ თქვენში და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
5 . ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?
6 . თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
7 . განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8 . თუ ასრულებთ სამეფო რჯულს წერილის მიხედვით: "შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”, კარგს შვრებით.
9 . მაგრამ თუ პირფერობთ, ცოდვას სჩადიხართ და რჯული გამხელთ, როგორც რჯულის დამრღვევთ,
10 . რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
11 . რადგან "არ იმრუშო!”-ს მთქმელმა ასევე თქვა: "არ მოკლა!” და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.
12 . ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა.
13 . რადგან უმოწყალო სამსჯავრო - წყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.
14 . ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა!
15 . თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,
16 . რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
17 . ასევეა რწმენაც - თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
18 . მაგრამ ვინმე იტყვის: "შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.
19 . შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
20 . შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია?
21 . განა მამაჩვენი აბრაჰამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა?
22 . ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა;
23 . და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: "ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”.
24 . ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.
25 . ასევე რახაბ მეძავიც განა საქმეებით არ გამართლდა, როცა შინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა?
26 . რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.
1 . ჩემო ძმებო, მიკერძოება ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენაში.
2 . რადგან თუ შემოვა თქვენს სინაგოგაში ოქროსბეჭდიანი, ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი კაცი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით,
3 . შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო.
4 . განა ამით არ განარჩევთ თქვენში და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
5 . ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?
6 . თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
7 . განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8 . თუ ასრულებთ სამეფო რჯულს წერილის მიხედვით: "შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”, კარგს შვრებით.
9 . მაგრამ თუ პირფერობთ, ცოდვას სჩადიხართ და რჯული გამხელთ, როგორც რჯულის დამრღვევთ,
10 . რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
11 . რადგან "არ იმრუშო!”-ს მთქმელმა ასევე თქვა: "არ მოკლა!” და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.
12 . ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა.
13 . რადგან უმოწყალო სამსჯავრო - წყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.
14 . ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა!
15 . თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,
16 . რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
17 . ასევეა რწმენაც - თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
18 . მაგრამ ვინმე იტყვის: "შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.
19 . შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
20 . შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია?
21 . განა მამაჩვენი აბრაჰამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა?
22 . ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა;
23 . და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: "ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”.
24 . ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.
25 . ასევე რახაბ მეძავიც განა საქმეებით არ გამართლდა, როცა შინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა?
26 . რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.
1 . ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
2 . და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
3 . ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.
4 . რადგან, როგორც ერთ სხეულში გვაქვს მრავალი ასო, თუმცა ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს;
5 . ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის.
6 . და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად.
7 . თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში.
8 . თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.
9 . სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.
10 . ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
11 . გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
12 . იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.
13 . მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14 . ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
15 . მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
16 . ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;
17 . არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.
18 . თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
19 . შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
20 . ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21 . არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
1 . რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.
2 . ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.
3 . ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.
4 . ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
5 . ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.
6 . ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
7 . ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის,
8 . ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9 . რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
10 . მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!
11 . რადგან წერია: "ცოცხალი ვარ, - აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს”.
12 . ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.
13 . ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.
14 . მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს.
15 . თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16 . ასე რომ, დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
17 . ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
18 . ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონია ღვთისათვის და მისაღები - ადამიანთათვის.
19 . მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.
20 . საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე სუფთაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.
21 . უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა.
22 . გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23 . ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
1 . თვითონ მე, პავლე, რომელიც პირისპირ თქვენ შორის თავმდაბალი ვარ, ხოლო შორით გაბედული თქვენ მიმართ, შეგაგონებთ, ქრისტეს სიმშვიდით და სახიერებით.
2 . გევედრებით, ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს კადნიერი სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთებზე, ვისაც ხორცის მიხედვით მავალნი ვგონივართ.
3 . თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.
4 . ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;
5 . მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
6 . და მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ დაუმორჩილებლობაზე, როცა თქვენი მორჩილება აღსრულდება.
7 . ზედაპირულად ნუ განსჯით! ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე იფიქროს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ისე ვართ ჩვენც!
8 . და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასამხობად, არ შევრცხვები.
9 . ამიტომ ნუ მოგეჩვენებათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ.
10 . ზოგიერთი ამბობს, წერილებში მკაცრიაო და ძლიერი, პირისპირ ყოფნისას კი - უძლური და მისი სიტყვაც უმნიშვნელოაო.
11 . დაე, გაიგოს ასეთმა, რომ, როგორიც შორიდან წერილებში ნათქვამი სიტყვებით ვართ, ისეთივე ვართ საქმეში - პირისპირ.
12 . ვინაიდან ვერ ვბედავთ მივეტოლოთ, ანდა შევედაროთ იმათ, ვისაც თავი მოაქვს: ისინი საკუთარი თავების მიხედვით ზომავენ და თავიანთ თავსვე ედრებიან უგუნურად!
13 . ჩვენ კი უზომოდ არ ვიკვეხნით, არამედ ზომიერების ფარგლებში, როგორც ღმერთმა გვიწილადა; იმ საზომით, თქვენ შორის რომ გვაძლევს მსახურებას.
14 . არა ისე, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე ჩვენი მსახურებით და ვიქადიდეთ, რადგან თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით.
15 . უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად.
16 . რათა თქვენს მიღმაც ვახაროთ, არა სხვათა ნაშრომში, რომ სხვების გამზადებულით არ ვიკვეხნიდეთ.
17 . ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.
18 . ვინაიდან ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ - ვისაც უფალი აქებს.
1 . უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.
2 . ის კი, ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ უგულებელჰყოფს მას, აქაოდა ძმა არისო, არამედ უფრო მეტად ემსახუროს, ვინაიდან მორწმუნენი - საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
3 . ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას,
4 . ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
5 . ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.
6 . აჰა, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად!
7 . რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.
8 . ამიტომ თუ საზრდო და ტანსაცმელი გვაქვს, დავჯერდეთ ამას.
9 . გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს;
10 . ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
11 . შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.
12 . იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.
13 . გამცნებ შენ ღვთის წინაშე, რომელიც აცოცხლებს ყოველს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც დაამოწმა კეთილი აღსარება პონტოელი პილატეს წინაშე,
14 . დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე,
15 . რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,
16 . ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!
17 . მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
18 . ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.
19 . დაიუნჯებენ რა მტკიცე საძირკვლად მომავლისთვის, რათა მიიღონ ჭეშმარიტი სიცოცხლე.
20 . ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,
21 . ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან, ამინ!