1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
2 . უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
3 . აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
4 . მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
5 . ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
6 . და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
7 . "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
8 . ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
9 . წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
10 . და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
11 . უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
12 . ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
13 . უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
14 . წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
15 . აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
16 . ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
17 . და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
18 . მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
19 . უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
20 . უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
21 . უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22 . და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23 . ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24 . ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
25 . უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
26 . უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27 . მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
28 . მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
29 . გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
30 . როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
31 . მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
32 . ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
33 . ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
34 . რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
35 . უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
36 . თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
37 . და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
38 . ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
39 . მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
40 . შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
41 . შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
42 . ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
43 . ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
44 . ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
45 . შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
46 . უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”
1 . დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.
2 . განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”
3 . უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.
4 . მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5 . დაორსულდა ბილჰა და ძე უშვა იაკობს.
6 . თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
7 . კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.
8 . თქვა რახელმა: ღვთიური ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას და ვძლიე კიდეც”. და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9 . დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
10 . და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.
11 . თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.
12 . და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.
13 . თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
14 . გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15 . უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16 . საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.
17 . უსმინა ღმერთმა ლეას, დაორსულდა და მეხუთე ძე უშვა იაკობს.
18 . და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
19 . კვლავ დაორსულდა ლეა და იაკობს მეექვსე ძე უშვა.
20 . თქვა ლეამ: "კარგი საჩუქარი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე გავუჩინე”. და უწოდა სახელად ზებულუნი.
21 . ამის შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22 . გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.
23 . დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24 . უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”
25 . მას შემდეგ, რაც იოსები გააჩინა რახელმა, უთხრა იაკობმა ლაბანს: "გამიშვი, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში.
26 . მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.
27 . უთხრა ლაბანმა: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ჩემთან დარჩი! მივხვდი, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა”.
28 . უთხრა: "თქვი, რას ითხოვ ჩემგან საზღაურად და მოგცემ”.
29 . უთხრა იაკობმა: "შენც იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემს ხელში!
30 . რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და ფრიად გაგიმრავლდა. გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით, ჩემი სახლისთვის კი როდისღა ვიზრუნო?”
31 . ჰკითხა ლაბანმა: "რა მოგცე?” მიუგო იაკობმა: "ნურაფერს მომცემ. რასაც გეტყვი, იმ საქმეს თუ გამიკეთებ, კვლავ დავმწყემსავ და დავიცავ შენს ცხვარს.
32 . გავივლი დღეს შენს ფარაში; და გამოაცალკევე ყოველი დაწინწკლული და ჭრელი კრავი, ყოველი შავი ცხვარი და ჭრელი და დაწინწკლული თიკანი. და ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33 . და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”.
34 . უთხრა ლაბანმა: "დაე იყოს შენი სიტყვისამებრ”.
35 . და გამოაცალკევა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნერბი, და ყველა რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის ძეებს ჩააბარა.
36 . და დაცილდა იაკობს ლაბანი სამი დღის სავალ მანძილზე და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37 . აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და წაბლის ნედლი წნელები და ისე შემოაჭრა ქერქი, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38 . აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39 . ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.
40 . გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და ლაბანის ზოლიანი და შავი ფარის პირდაპირ აყენებდა; ასე გამოყო თავისი სამწყსო და არ დატოვა ლაბანის ფარასთან.
41 . ჯანსაღი ფარის ახურებისას, იაკობი ცხვრის თვალწინ დაზოლილ წნელებს ჩაჰყრიდა ხოლმე გეჯებში, რათა წნელებთან შეწყვილებულიყვნენ.
42 . და როცა სუსტი იყო ფარა, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს კი - ჯანსაღი.
43 . და ძალიან გამდიდრდა ეს კაცი, ფრიად გაუმრავლდა ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და სახედრები.
1 . და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2 . იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3 . და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
4 . გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
5 . უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
6 . თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7 . მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
8 . იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
9 . წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
10 . ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11 . და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
12 . მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13 . მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
14 . მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15 . განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16 . ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
17 . ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
18 . წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
19 . ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
20 . გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
21 . გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
22 . მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
23 . წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
24 . ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
25 . დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
26 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
27 . ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
28 . ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
29 . შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
30 . ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
31 . მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
32 . და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
33 . შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34 . აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35 . და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
36 . განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37 . მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
38 . ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
39 . მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
40 . დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
41 . ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
42 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
43 . მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
44 . ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
45 . აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
46 . და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
47 . და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
48 . თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
49 . და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
50 . თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
51 . და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
52 . მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
53 . აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
54 . შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
55 . ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა: "შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
2 . შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
3 . რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა, აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა!
4 . მაგრამ წყალივით დაუოკებელი ხარ და ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!
5 . სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი.
6 . ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
7 . წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია; და გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
8 . იუდა! გაქებენ ძმები. მტრის ხერხემალზე გიდევს ხელი და გეთაყვანებიან მამაშენის ძენი.
9 . ლომის ბოკვერია იუდა; ნადავლზე აღმართულხარ, შვილო. წაიხარა, გაწვა, როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი - ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
10 . არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!
11 . გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს, ლერწზე - თავისი ფაშატის ნაშიერს. ღვინოში გარეცხავს თავის ტანსაცმელს, ყურძნის სისხლში - სამოსელს.
12 . თვალები მისი ღვინოზე უწითლესია, კბილები მისი - რძეზე უთეთრესი!
13 . ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დამკვიდრდება, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
14 . ისაქარი საპალნეებს შორის გაწოლილი ძვალმსხვილა სახედარია.
15 . იხილა, რომ კარგია მოსვენება, რომ საამოა მიწა: ტვირთის საზიდად წაუხრია ქედი, ხარკის მუშად იქცა!
16 . დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ-ერთი ტომი ისრაელისა.
17 . იქნება დანი გველად გზაზე და გესლიან ასპიტად - ბილიკზე, რომელიც გესლავს ცხენის ტერფს და უკან გადაექანება მხედარი!
18 . შენგან მოველი ხსნას, უფალო!
19 . მოაწყდებიან გადს ურდოები, ის კი თავად მისწვდება მათ ქუსლებს.
20 . აშერის პური ნოყიერია, გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
21 . ნაფთალი - ფეხმარდი ფურირემია, კაზმული სიტყვების მომცემი.
22 . ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები!
23 . გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
24 . ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.
25 . მამაშენის ღმერთისაგან, რომელიც გშველის და ყოვლადძლიერისგან, რომელიც გაკურთხებს ზეციური კურთხევით ზემოდან, უფსკრულში გაწოლილი კურთხევით ქვემოდან, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
26 . კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
27 . მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.
28 . ეს ყველანი ისრაელის თორმეტი ტომია. ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით აკურთხა.
29 . და უანდერძა მათ: "მალე შევუერთდები ჩემს ხალხს; და დამკრძალეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის ველზეა.
30 . მღვიმეში, რომელიც მახფელას ველზეა, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში; მინდორზე, რომელიც აბრაჰამმა იყიდა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.
31 . იქ დაკრძალეს აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი; იქ დაკრძალეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავკრძალე მე ლეა.
32 . ეს ველი და მღვიმე, რომელიც იქ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი”.
33 . დაასრულა იაკობმა ანდერძი თავისი ძეებისათვის, აკრიბა სარეცელზე ფეხები, აღესრულა და შეუერთდა თავის ხალხს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს; ამის მერე გაგიშვებთ ფარაონი, არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგაძევებთ აქედან.
2 . დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ოქროსა და ვერცხლის სამკაული”.
3 . მადლი მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხული ეგვიპტის ქვეყანაში, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.
4 . თქვა მოსემ, ასე ამბობსო უფალი: დაახლოებით შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.
5 . და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში; ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის. მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.
6 . და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაში დიდი მოთქმა-გოდება, რომლის მსგავსი არ ყოფილა და რომლის მსგავსიც აღარასოდეს იქნება.
7 . ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.
8 . ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "არ მოგისმენთ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი ნიშნები ეგვიპტის ქვეყანაში”.
10 . და მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აჰარონმა ფარაონის წინაშე; მაგრამ გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან.
1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.
1 . და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეებისთვის და მერე კი შეუერთდები შენს ხალხს”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის”.
4 . ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან უნდა გაგზავნოთ ომში.
5 . ყოველი ტომიდან ათას-ათასი იქნა წარგზავნილი, ისრაელიანთა ათასეულებიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული მეომარი.
6 . და წარგზავნა მოსემ საბრძოლველად, ათას-ათასი თითოეული ტომიდან და ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე მათთან ერთად, წმიდა ჭურჭლით და საყვირებით ხელში.
7 . გაილაშქრეს მიდიანელთა წინააღმდეგ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მოკლეს ყველა მამაკაცი;
8 . და სხვებთან ერთად მიდიანის მეფეებიც ამოხოცეს: ევი და რეკემი, ცური, ჰური და რებაყი - მიდიანის ხუთი მეფე და ბილყამ ბეყორის ძეც მოკლეს მახვილით.
9 . და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები თავიანთ ბავშვებთან ერთად; მთელი მათი საქონელი, მათი ფარები და მთელი ქონება დაიტაცეს.
10 . გადაწვეს ყველა მათი საცხოვრებელი ქალაქი და ყოველი მათი ბანაკი.
11 . გამოიყოლეს მთელი ნადავლი და ნაძარცვი, ადამიანიდან პირუტყვამდე.
12 . წამოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანეს გასწვრივ, იერიხოსთან.
13 . გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი ბანაკის გარეთ, მათ შესახვედრად.
14 . და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.
15 . უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?
16 . განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?
17 . ახლა მოკალით ყოველი მამრი ბავშვი და ყოველი ქალი, რომელმაც შეიცნო მამაკაცი მასთან დაწოლით.
18 . ხოლო ყოველი მდედრი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მასთან დაწოლით, ცოცხლად დაიტოვეთ.
19 . და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.
20 . ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.
21 . უთხრა ელეაზარ მღვდელმა ბრძოლაში მონაწილე მეომრებს: "აი რჯულის დადგენილება, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს:
22 . ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია,
23 . ყოველი ცეცხლგამძლე საგანი, ცეცხლში გაატარეთ და განიწმიდება, მაგრამ დამატებით, განმწმედი წყლით უნდა განიწმიდოს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყლით განწმიდეთ.
24 . გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ, ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა.
27 . თანაბრად გაყავით ნადავლი ომში გამსვლელ მეომართა და დანარჩენ თემს შორის.
28 . ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.
29 . აიღე მათი ნახევარი და ელეაზარ მღვდელს მიეცი უფლისთვის აღსავლენად.
30 . ისრაელის ძეთა ნახევრიდან კი ორმოცდაათიდან ერთი წილი აიღე: ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისგან, სახედრებისგან, წვრილფეხა საქონლისგან, ყველა პირუტყვისგან და მიეცი ლევიანებს - უფლის სავანის მსახურებს”.
31 . და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . მეომრების მიერ დატაცებულის გარდა, ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი იყო წვრილფეხა საქონელი,
33 . მსხვილფეხა საქონელი - სამოცდათორმეტი ათასი,
34 . სახედარი - სამოცდაერთი ათასი,
35 . ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც მამაკაცი არ ჰყავდათ შეცნობილი მასთან წოლით, ყოველი სული - ოცდათორმეტი ათასი.
36 . ნახევარი - ბრძოლაში გასულთა წილი, აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი.
37 . ამ წვრილფეხა საქონლიდან უფლისთვის ხარკმა - ექვსას სამოცდათხუთმეტი შეადგინა;
38 . მსხვილფეხა საქონლიდან - ოცდათექვსმეტი ათასი და ხარკი მათგან უფლისთვის - სამოცდათორმეტი;
39 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი, მათგან ხარკი უფლისთვის - სამოცდაერთი;
40 . ადამიანი - თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისთვის - ოცდათორმეტი სული.
41 . და მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
42 . ისრაელის ძეთა კუთვნილი ნახევრისგან, რომელიც მეომრებს გამოართვა მოსემ,
43 . ეს ნახევარი თემისთვის იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი,
44 . მსხვილფეხა საქონელი - ოცდათექვსმეტი ათასი,
45 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი
46 . და ადამიანი - თექვსმეტი ათასი.
47 . ორმოცდამეათედი წილი აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისგან: კაციდან პირუტყვამდე და მისცა ლევიანებს, უფლის სავანის მსახურებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
48 . და მივიდნენ მოსესთან ჯარის ათასეულთა სარდლები, ათასისთავები და ასისთავები.
49 . უთხრეს მოსეს: "აღრიცხეს შენმა მსახურებმა მებრძოლნი, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი.
50 . ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.
51 . და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ეს ოქრო, ყოველი ჭურჭელი - ოსტატურად ნაკეთები.
52 . მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.
53 . ვინაიდან თავისთვის ჰქონდათ მეომრებს დატაცებული.
54 . აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ათასისთავებისა და ასისთავების ოქრო და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სახსენებლად.
1 . გამოვიდა ნახაშ ყამონელი და გილყადის იაბეშთან დაიბანაკა. უთხრა ნახაშს იაბეშის ყველა მკვიდრმა: "დაგვიდე შეთანხმება და შენი მსახურნი ვიქნებით”.
2 . უპასუხა ნახაშ ყამონელმა: "დაგიდებთ შეთანხმებას, ოღონდ ჯერ ყველას მარჯვენა თვალს დაგთხრით, რათა შევარცხვინო მთელი ისრაელი”.
3 . უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: "შვიდი დღე მოგვეცი, მოციქულებს გავგზავნით ისრაელის ყველა კუთხეში, და თუ არავინ გვიხსნა, გამოვალთ შენს წინაშე”.
4 . მივიდნენ მოციქულნი საულის გიბყაში და გააგებინეს ხალხს ეს ამბავი. ხმამაღლა ატირდა მთელი ხალხი.
5 . ამ დროს, საული მოდიოდა მინდვრიდან და ხარებს მოერეკებოდა. იკითხა: "რა დაემართა ხალხს, რად ტირის?” და გადასცეს იაბეშელთა სიტყვები.
6 . ღვთის სული დაეშვა საულზე, როცა ეს სიტყვები მოისმინა და განრისხდა ფრიად.
7 . აიყვანა წყვილი ხარი, დაჭრა ნაწილებად და ისრაელის ყოველ კუთხეში დააგზავნა მოციქულთა ხელით, ამ სიტყვებით: "ასე მოუვა მის ხარებს, ვინც არ გაჰყვება საულსა და სამუელს”. დაეცა ხალხს უფლის შიში და ერთი კაცივით გამოვიდა მთელი ხალხი.
8 . როცა აღრიცხა ისინი ბეზეკში, ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
9 . მოციქულებს კი, რომლებიც მოსულიყვნენ, უთხრეს: "გადაეცით გილყადის იაბეშელთ: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, თქვენი ხსნა იქნება-თქო”. დაბრუნდნენ მოციქულები, გადასცეს ამბავი იაბეშის მცხოვრებთ და გაიხარეს.
10 . უთხრეს იაბეშის მცხოვრებლებმა ყამონელებს: "ხვალ გამოვალთ და ისე მოგვექეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით”.
11 . მეორე დღეს სამ რაზმად გაყო ხალხი საულმა, შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას და მოსრეს ყამონელნი მზის მცხუნვარებამდე; გადარჩენილები კი ისე გაიფანტნენ, ორი ერთად არ დარჩენილა.
12 . უთხრა ხალხმა სამუელს: "ვინ იყო რომ ამბობდა: ნუთუ საულმა უნდა იმეფოს ჩვენზეო? მოგვეცი ის კაცები, რომ დავხოცოთ”.
13 . უპასუხა საულმა: "არავინ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა ისრაელში”.
14 . უთხრა სამუელმა ხალხს: "წამოდით, გილგალში წავიდეთ და იქ განვაახლოთ მეფობა”.
15 . წავიდა მთელი ხალხი გილგალში. იქ გაამეფეს საული და დაკლეს სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე; ფრიად გაიხარა იქ საულმა და მთელმა ისრაელმა.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.
2 . წაიყვანა იმ დღეს საულმა დავითი და აღარ გაუშვა მამის სახლში.
3 . კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.
4 . გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 . ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
6 . და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.
7 . უკრავდნენ ქალები, მღეროდნენ და გაიძახოდნენ: "შემუსრა საულმა ათასები, ხოლო დავითმა ათი ათასები”.
8 . დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”
9 . ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.
10 . მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11 . ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12 . ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13 . განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14 . ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
15 . დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი.
16 . მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17 . უთხრა საულმა დავითს: "აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე.
18 . უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
19 . დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.
20 . შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 . თქვა საულმა: "მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: "ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”.
22 . უბრძანა საულმა თავის მსახურებს: "ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!”
23 . ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.
24 . და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25 . თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.
26 . აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27 . ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28 . და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,
29 . კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.
30 . გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნი საბრძოლველად; და როცა გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
1 . ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.
2 . სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3 . უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.
4 . მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”.
5 . თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6 . მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”.
7 . წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”
8 . გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.
9 . მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა.
10 . მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”.
11 . განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.
12 . განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.
13 . მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.
14 . ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
15 . დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.
16 . ელისემ უპასუხა: "ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არაფერს ავიღებ”. აძალებდა აღებას, მაგრამ უარი უთხრა.
17 . თქვა ნაყამანმა: "თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
18 . ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.
19 . უთხრა ელისემ: "მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას.
20 . იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: "აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”.
21 . დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: "ხომ მშვიდობაა?”
22 . მიუგო: "ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.
23 . თქვა ნაყამანმა: "ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.
24 . მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ.
25 . წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: "საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: "არსად წასულა შენი მსახური”.
26 . თქვა ელისემ: "განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე?
27 . დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.
1 . წაიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზია, რომელიც თექვსმეტი წლისა იყო მაშინ და გაამეფეს მამამისის, ამაციას ნაცვლად.
2 . მან ააშენა და დაუბრუნა იუდას ელოთი, მას შემდეგ, რაც მეფემ თავის მამებთან განისვენა.
3 . თექვსმეტი წლისა იყო ყაზარია, როცა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იექოლია, იერუსალიმელი.
4 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი.
5 . ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.
6 . გამოვიდა და ებრძოდა ფილისტიმელებს, გაარღვია გათის, იაბნესა და აშდოდის გალავანი. ქალაქები გააშენა აშდოდსა და ფილისტიმში.
7 . შეეწია ღმერთი ყუზიას ფილისტიმელების, გურ-ბაყალში მცხოვრები არაბებისა და მეყუნიმელების წინააღმდეგ;
8 . ხარკს უხდიდნენ ყამონელნი ყუზიას და ეგვიპტემდე განითქვა მისი სახელი, რადგან დიდად გაძლიერდა იგი.
9 . კოშკები ააშენა ყუზიამ იერუსალიმში, კუთხეთა კარიბჭეებზე, ხეობის კარიბჭესა და ყველა კიდეზე და გაამაგრა ქალაქი.
10 . ააშენა კოშკები უდაბნოში და ჭები ამოკვეთა, რადგან დიდძალი საქონელი ყავდა მას ბარსა და ვაკეზე; აგრეთვე მიწათმოქმედნი და მევენახენი - ქარმელის მთებზე, რადგან მიწის მოყვარული იყო.
11 . მებრძოლი ჯარი ჰყავდა ყუზიას; ომში რაზმებად გამოდიოდა, თვლითა და სიის მიხედვით, რომელიც იეყიელ მწერლისა და მაყასეიაჰუ ზედამხედველის ხელით იყო შედგენილი, ხანანიას, მეფის ერთ-ერთი მთავრის ხელმძღვანელობით.
12 . მთელი რიცხვი მამისსახლთა მამაცი მეთაურებისა ორი ათას ექვსასი იყო.
13 . მათ ხელთ სამასშვიდიათას ხუთასიანი ჯარი იყო, რომელიც დიდი თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
14 . გაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარ-შუბი და მუზარადები, აბჯრები, მშვილდი და სატყორცნი ქვები.
15 . გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა.
16 . როცა გაძლიერდა, გაუამაყდა გული თავის დასაღუპად, უღალატა უფალს, თავის ღმერთს და სამსხვერპლოზე საკმევად შევიდა უფლის ტაძარში.
17 . უფლის ოთხმოც მამაც მღვდელთან ერთად შეჰყვა მას ყაზარია მღვდელი.
18 . გადაეღობნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისთვის კმევა, არამედ მღვდლებს, აჰარონის ძეთ, რომლებიც კმევისთვის არიან დადგენილნი; გადი საწმიდრიდან, რადგან უმართლოდ მოიქეცი და არ გექნება პატივი ღვთისგან”.
19 . განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
20 . მიუბრუნდნენ მას ყაზარია მღვდელმთავარი და ყოველი მღვდელი და, აჰა, მთელი შუბლი კეთროვანი აქვს. სწრაფად გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა, რადგან უფალმა დალახვრა იგი.
21 . სიკვდილის დღემდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია და კეთროვანისთვის გამოყოფილ სახლში იჯდა, რადგან მოკვეთილ იქნა უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი განაგებდა მეფის სასახლეს და განიკითხავდა ქვეყნის ხალხს.
22 . ყუზიას დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, წინასწარმეტყველმა ესაია ამოცის ძემ აღწერა.
23 . განისვენა ყუზიამ თავის მამებთან და საფლავების ველზე დაკრძალეს იგი, რომელიც მეფეთათვის იყო. რადგან ამბობდნენ, კეთროვანიაო. მის ნაცვლად კი იოთამი, მისი ძე გამეფდა.
1 . დიდი უკმაყოფილება ჩამოვარდა ხალხში და მათ ცოლებში იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ.
2 . იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენ, ჩვენი ძეებითა და ასულებით, ბევრნი ვართ, ამიტომ ვიშოვოთ მარცვლეული, რათა ვჭამოთ და ვიცოცხლოთ”.
3 . იყვნენ სხვები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს ვაგირავებთ, რათა მარცვლეული ვიშოვოთ და არ ვიშიმშილოთ”.
4 . და იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ამბობდნენ: "ფული ვისესხეთ, რათა მეფისათვის ხარკი გადაგვეხადა, ჩვენი ყანებისა და ვენახებისათვის.
5 . თუმცა ჩვენი ხორცი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ძმებისა და ჩვენი ძენიც ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ იძულებულნი ვართ ჩვენი ძეები და ასულები მონებად მივცეთ, ხოლო ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია; აღარ ძალუძს ჩვენს ხელებს მათი გამოხსნა; ჩვენი ყანები და ვენახებიც სხვებს ეკუთვნის”.
6 . ძალიან გავბრაზდი, როცა მათი მოთქმა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.
7 . გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ.
8 . ვთქვი: "რაც შევძელით გამოვისყიდეთ წარმართებზე მიყიდული იუდაელი ძმები, თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” დადუმდნენ, რა ეთქვათ არ იცოდნენ.
9 . ვუთხარი: "არ არის კარგი თქვენი საქციელი! განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ არ შერცხვეთ წარმართებისა და ჩვენი მტრების თვალში?
10 . მეც, ჩემი ძმებიც და მსახურებიც სესხად ვაძლევდით მათ ვერცხლსა და მარცვლეულს; მოდით, ნუღარ მოვითხოვთ ამ ვალს,
11 . დღესვე დაუბრუნეთ მათ ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ვერცხლის სარგებელი, მარცვლეული, ღვინო და ზეთი, რასაც ვახშად იღებდით”.
12 . მითხრეს: "დავუბრუნებთ და აღარ მოვითხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც ამბობ!” მოვუხმე მღვდელს და აღთქმა დავადებინე, რომ შეესრულებინათ სიტყვა.
13 . კალთები ჩამოვიბერტყე და ვთქვი: "ასე გაბერტყოს ღმერთმა თავისი სახლისგან და ნაშრომისგან ყოველი კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ სიტყვას; ასე გაბერტყილი და ცარიელი იყოს!” და თქვა მთელმა კრებულმა: "ამინ!” ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.
14 . იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყნის განმგებლობა მიბრძანა, ართახშასთას მეფობის მეოცედან ოცდამეთორმეტე წლამდე, თორმეტი წლის განმავლობაში, მე და ჩემს ძმებს განმგებლისთვის განწესებული პური არ გვიჭამია.
15 . განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ.
16 . პირიქით, კედლის შენებას ვჩქარობდი და ყველა ჩემი მსახური იქ იკრიბებოდა სამუშაოდ. მიწები არ მიყიდია.
17 . მაგიდასთან ჩვენთან მოსულ მეზობლად მცხოვრები ხალხებიდან მოსულთა გარდა, ას ორმოცდაათი ებრაელი და მოხელე მეჯდა.
18 . აი, რა მზადდებოდა ყოველდღიურად: ერთი მოზვერი, ექვსი რჩეული ცხვარი და ფრინველი; ყოველ ათ დღეში - ნაირგვარი ღვინო უხვად. მაგრამ არც ამის გამო მომითხოვია გამგებლის პური, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის შრომა.
19 . სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო, ყველაფერი რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.
1 . ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ ოლქზე მეფობდა.
2 . იმ დღეებში, როცა მეფე ახაშვეროში თავის სამეფო ტახტზე იჯდა, შუშანის სასახლეში,
3 . თავისი მეფობის მესამე წელს, ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურთ. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის მხედართმთავარნი, დიდებულნი და ოლქთა მთავარნიც მის წინაშე ისხდნენ.
4 . ას ოთხმოცი დღის განმავლობაში აჩვენებდა თავისი დიდი სამეფოს სიმდიდრესა და სიდიადის ბრწყინვალებას.
5 . ამ დღეთა დასასრულს კი მეფემ შუშანის სასახლეში მყოფი ყველა ხალხისთვის შვიდდღიანი ნადიმი მოაწყო სამეფო სასახლის ეზოში.
6 . ლაჟვარდოვანი და თეთრი ბამბეულის ქსოვილები მეწამული ბისონის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის ტახტრევნები იდგა ალისფერი ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე.
7 . სასმელს ოქროს მრავალფერი სასმისებით სვამდნენ; სამეფო ღვინო კი უხვად იყო მეფური ხელგაშლილობისამებრ.
8 . როგორც წესი, ძალდატანების გარეშე სვამდნენ, რადგან ასე დაავალა მეფემ თავის სახლმმართველებს, რომ თითოეულს თავისი სურვილისამებრ მოქცეოდნენ.
9 . დედოფალმა ვაშთიმაც მოაწყო ნადიმი ბანოვანთათვის ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.
10 . მეშვიდე დღეს, როცა მეფის გული ღვინით გამხიარულდა, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს, მეფე ახაშვეროშის მომსახურე შვიდ საჭურისს,
11 . რომ მეფის წინაშე მოეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და დიდებულებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო იგი.
12 . მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.
13 . დაეკითხა მეფე დრო-ჟამის მცოდნე ბრძენკაცთ, რადგან ასე სჩვეოდა მეფეს საქმის გადაწყვეტა, კანონისა და სამართლის ყოველი მცოდნის წინაშე.
14 . მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის სახის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი.
15 . "როგორ მოვექცეთ დედოფალ ვაშთის კანონით იმისთვის, რომ არ აღასრულა საჭურისების პირით შეთვლილი მეფე ახაშვეროშის ბრძანება?”
16 . თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: "არა მარტო მეფის წინაშე დააშავა დედოფალმა ვაშთიმ, არამედ ყველა მთავრისა და იმ ხალხთა წინაშე, მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში რომ ცხოვრობენ.
17 . გაიგებენ დედოფლის ამბავს დედაკაცები და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს; იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა მის წინაშე დედოფალ ვაშთის მიყვანა ბრძანა, ის კი არ მივიდაო.
18 . სპარსეთისა და მიდიის მთავართა ცოლებიც, ვინც გაიგებს დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს და მრავლად შეგვხვდება დამცირება და წყენა.
19 . თუ ინებებს მეფე, გასცეს სამეფო განკარგულება, რომ სპარსეთისა და მიდიის კანონებში ჩაიწეროს და არ შეიცვალოს: აღარასოდეს შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე, მისი დედოფლობა კი, მეფემ სხვას, მასზე ღირსეულს მისცეს.
20 . მეფის განკარგულება მთელ მის ვრცელ სამეფოში გამოცხადდება და ყოველი დედაკაცი, დიდიდან მცირემდე, პატივისცემით მოექცევა თავის ქმარს”.
21 . მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს და მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე,
22 . ყველა მხარეში დაიგზავნა წერილები - ყოველ ოლქს თავისი დამწერლობით; და ეუწყა ყოველ ხალხს თავის ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ იმ ერში, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში.
1 . ამ ამბების შემდეგ, როცა დაცხრა მეფე ახაშვეროშის რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.
2 . და თქვეს მეფის გარემოცვამ, მისმა მსახურებმა: "მოუძებნონ მეფეს ყმაწვილი ლამაზი ქალწულები.
3 . დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რათა შეკრიბონ ყველა ლამაზი და ყმაწვილი ქალწული შუშანში, სატახტო ქალაქში, ქალთა სახლში და ჩააბარონ ჰეგეს, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს და დაურიგოს მათთვის საჭირო ნელსაცხებლები.
4 . ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად!” მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
5 . იყო ერთი ებრაელი კაცი სატახტო ქალაქ შუშანში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,
6 . რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან და იმ ტყვეებთან ერთად, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ.
7 . მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.
8 . როცა მეფის ბრძანებითა და განკარგულებით მრავალ ყმაწვილქალს მოუყარეს თავი სატახტო ქალაქ შუშანში და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს.
9 . მოეწონა მას ყმაწვილქალი და მადლი ჰპოვა ჰეგეს თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის განკუთვნილი ნელსაცხებელი და მისი წილი საზრდო; მეფის სახლიდან შვიდი საუკეთესო მხევალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო სადგომში გადაიყვანა, თავის მხევლებთან ერთად.
10 . არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ხალხი და წარმომავლობა, რადგან ასე დაარიგა მორდექაიმ.
11 . ყოველდღე მიმოდიოდა მორდექაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ ესთერის მდგომარეობა და ამბავი გაეგო.
12 . თორმეტი თვის შემდეგ მოუწევდა ყმაწვილქალს მეფე ახაშვეროშთან შესვლის რიგი, როგორც ქალებისთვის იყო დაწესებული, რადგან მანამდე ექვსი თვე მურის ზეთით ზელდნენ და ექვსი თვე _ სურნელებებით და ქალთა ნელსაცხებლებით.
13 . ამის შემდეგ შედიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და რაც არ უნდა მოეთხოვა ქალთა სახლიდან მეფის სახლში მიმავალს, გაატანდნენ ხოლმე.
14 . საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, შაყაშგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით; ვეღარ შევიდოდა მეფესთან, თუ თვითონ მეფე არ მოისურვებდა მას და სახელდებით არ დაუძახებდა.
15 . როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა ჰეგემ ურჩია. და მადლი ჰპოვა ესთერმა ყველა მისი მხილველის თვალში.
16 . მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.
17 . ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და ყველა ქალწულზე მეტი მადლი და სიკეთე ჰპოვა მეფის თვალში. დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
18 . გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისა და მსახურისთვის, გადასახადები შეუმსუბუქა სამთავროებს და საჩუქრები გასცა მეფური გულუხვობით.
19 . როცა მეორედ შეკრიბეს ქალწულები, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი,
20 . ჯერ კიდევ არ ამჟღავნებდა ესთერი თავის წარმომავლობასა და ხალხს, როგორც მორდექაის ჰქონდა ნათქვამი. ისევე ასრულებდა მორდექაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მისი მზრუნველობის ქვეშ იყო.
21 . იმ დღეებში, როდესაც მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი, გაბრაზდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, მისი კარის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჩაიდეს გულში.
22 . შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მეფეს მოახსენა მორდექაის სახელით.
23 . გამოიძიეს ეს საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. და ჩაიწერა ეს მეფის წინაშე, მატიანის წიგნში.
1 . ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, აღამაღლა იგი და მისი ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა დაადგმევინა, მასთან რომ იყვნენ.
2 . მეფის ყველა მსახური, რომელიც სამეფო კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი ბრძანება გასცა მეფემ. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა.
3 . ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომლებიც სამეფო კარიბჭესთან იყვნენ, "რატომ არღვევ მეფის ბრძანებას?”
4 . ყოველდღე ეუბნებოდნენ, ის კი ყურს არ უგდებდა მათ; მაშინ უთხრეს ეს ჰამანს, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა მორდექაი თავის სიტყვაზე, რადგან ნათქვამი ჰქონდა, ებრაელი ვარო.
5 . იხილა ჰამანმა, რომ არ უჩოქებს და არც თაყვანს სცემს მას მორდექაი და აღივსო რისხვით ჰამანი.
6 . ითაკილა მხოლოდ მორდექაის ხელყოფა; რაკი იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ, ამიტომ ახაშვეროშის მთელ სამეფოში მცხოვრები ყველა ებრაელის, მორდექაის ხალხის მთლიანად განადგურება განიზრახა ჰამანმა.
7 . პირველი თვიდან, რომელიც ნისანის თვეა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს, რათა განესაზღვრათ დღე და თვე, და ხვდა წილი მეთორმეტე თვეს, რომელიც ადარის თვეა.
8 . უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: "არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება.
9 . თუ ინებებს მეფე, დაიწეროს ბრძანება მათი მოსპობის შესახებ და ათი ათას ტალანტ ვერცხლსაც მივუწონი მეფის მოხელეებს, რომ შეიტანონ მეფის საგანძურში”.
10 . გაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ჰამანს, აგაგელი ჰამედათას ძეს, ებრაელთა მტერს.
11 . მიუგო მეფემ ჰამანს: "ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი”.
12 . მოუხმეს მეფის მწერალთ პირველ თვეში, მეცამეტე დღეს და დაიწერა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა ჰამანმა მეფის სატრაპთ და ოლქის განმგებელთ, ყოველი ოლქის მთავარს თავისი დამწერლობით და ყველა ხალხს მათ ენაზე; მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და მეფის ბეჭედით დაიბეჭდა.
13 . წარიგზავნა წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროში, რათა ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც იყო ადარის თვე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი - ჩვილიდან მოხუცამდე, ბავშვი და ქალი - და ნადავლად დაეტაცათ მათი ქონება.
14 . წერილის პირი კანონად უნდა მიეღოთ ყოველ სამთავროში, და ყველასთვის უნდა გამოეცხადებინათ, რომ დათქმული დღისთვის მომზადებულიყვნენ.
15 . სწრაფად გავიდნენ მალემსრბოლნი მეფის ბრძანებით და გამოცხადდა განკარგულება შუშანში, სატახტო ქალაქში. და დასხდნენ მეფე და ჰამანი დასალევად, ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა.
1 . და მივიდნენ მეფე და ჰამანი დედოფალ ესთერთან სანადიმოდ.
2 . ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინო რომ დალიეს: "რა არის შენი სათხოვარი, დედოფალო ესთერ? აჰა, მოგეცემა. ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, აღსრულდება!”
3 . მიუგო დედოფალმა ესთერმა და უთხრა: "მეფევ, თუ მიპოვია მადლი შენს თვალში და თუ ინებებს მეფე, მებოძოს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ხალხის სიცოცხლე ჩემს სავედრებელში!
4 . რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ, მე და ჩემი ხალხი გასანადგურებლად, დასახოცად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს”.
5 . ჰკითხა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს: "ვინ არის იგი და სად არის, ვინც ამის გაკეთება განიზრახა?”
6 . თქვა ესთერმა: "არაკეთილმოსურნე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!” თავზარი დაეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე.
7 . წამოდგა ნადიმიდან განრისხებული მეფე და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა თავისი სული გამოეთხოვა დედოფალ ესთერისგან, რადგან დაინახა, რომ უბედურება ელოდა მეფისგან.
8 . მობრუნდა მეფე სანადიმო დარბაზში სასახლის ბაღიდან, ჰამანი კი ესთერის სარეცელზე იყო დამხობილი. თქვა მეფემ: "დედოფლის დამორჩილებაც განუზრახავს ჩემს სახლში?!” სიტყვა თქვა მეფემ და მყისვე დაუფარეს სახე ჰამანს.
9 . თქვა ხარბონამ, მეფის წინაშე მდგომმა ერთ-ერთმა საჭურისმა: "აჰა, ორმოცდაათწყრთიანი ძელი დგას ჰამანის სახლთან, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, ვისმა სიტყვამაც გადაარჩინა მეფე”. და ბრძანა მეფემ: "მასზე ჩამოკიდეთ!”
10 . და ჩამოკიდეს ჰამანი ძელზე, რომელიც მან მორდექაის გაუმზადა და დაცხრა მეფის რისხვა.
1 . "მოუხმე ახლა, თუ გყავს მოპასუხე და წმიდანთაგან ვის მიმართავ?
2 . რადგან უგუნურს რისხვა სრავს, ბრიყვს კი შური კლავს.
3 . კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.
4 . შორს არიან ხსნისგან მისი ძენი, შეიმუსრებიან კარიბჭესთან და არ ეყოლებათ გამომხსნელი.
5 . რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან, მძარცველები შთანთქავენ მის ქონებას.
6 . რადგან მტვრისგან არ გამოდის წუხილი და მიწიდან არ აღმოცენდება უბედურება.
7 . რადგან ტანჯვისთვის იბადება ადამიანი და ნაპერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
8 . მე კი ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთის წინაშე დავდებდი ჩემს საქმეს,
9 . რომელიც დიდ საქმეებს ახდენს და სასწაულებს - აურაცხელად;
10 . ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწევენ წარმატებას მათი ხელნი;
11 . მდაბლებს სიმაღლეზე დასხამს და მგლოვიარეებს ხსნაში აღაზევებს.
12 . ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწვვენ წარმატებას მათი ხელნი.
13 . მათსავე მზაკვრობაში შეიპყრობს ბრძენთ და ამაოებად აქცევს ცბიერთა რჩევას.
14 . დღისით წყვდიადს გადაეყრებიან და შუადღისით ხელის ცეცებით დადიან, როგორც ღამე.
15 . იხსნის გლახაკს მათი პირის მახვილისგან და ძლიერის ხელისგან.
16 . იმედი აქვს უძლურს და პირს კუმავს უსამართლობა.
17 . აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხელს ღმერთი; ყოვლადძლიერის წვრთნას ნუ უგულებელჰყოფ!
18 . რადგან ის აყენებს ტკივილს და თვითონვე უხვევს ჭრილობებს, განგმირავს და თავისივე ხელით კურნავს.
19 . ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის და მეშვიდეში ბოროტება არ შეგეხება.
20 . შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს - მახვილის ძალისგან.
21 . ენის შოლტს დაემალები და განადგურებას არ შეუშინდები, როცა მოვა.
22 . გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.
23 . რადგან ველის კლდეებთან გექნება აღთქმა და მინდვრის ნადირს მშვიდობა ექნება შენთან.
24 . გეცოდინება, რომ მშიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს სამკვიდრებელს და დანაკარგი არ გექნება.
25 . გაიგებ, რომ მრავალრიცხოვანი იქნება შენი ნაშიერი და მიწის ბალახივით - შენი შთამომავლობა.
26 . დღესრული ჩახვალ საფლავში, როგორც ხორბლის ძნა შემოდის თავის დროზე.
27 . აჰა, გამოვიკვლიეთ ეს და ასეა, შეისმინე და იცოდე შენდა სასიკეთოდ.
1 . ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
2 . ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
3 . ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
4 . მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.
5 . ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
6 . მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
7 . ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გონებას კი ეს არ შეუძლია.
8 . უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.
9 . უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
10 . მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
11 . უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.
12 . დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
13 . მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.
14 . კეთილგონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.
15 . ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.
16 . მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
17 . სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.
18 . ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
19 . ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.
20 . ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
21 . ბრიყვის სიხარული უგუნურებაა, გონიერი კაცი კი სწორი გზით დადის.
22 . რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.
23 . კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
24 . ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
25 . ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
26 . საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.
27 . მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28 . დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.
29 . შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
30 . ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
31 . სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
32 . დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.
33 . უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.
1 . თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.
2 . და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.
3 . უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.
4 . არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.
5 . მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.
6 . მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.
7 . მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.
8 . უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.
9 . ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.
10 . უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.
11 . რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
12 . ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.
13 . გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.
14 . მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა.
15 . მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: "რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს.
16 . მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.
17 . დაბრუნდა დანიელი თავის სახლში და აუწყა ეს ამბავი ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას - თავის მეგობრებს,
18 . რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.
19 . მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.
20 . და თქვა დანიელმა: "კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება.
21 . ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.
22 . აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
23 . გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.
24 . მივიდა დანიელი არიოქთან, რომელსაც ბაბილონელ ბრძენთა დახოცვა უბრძანა მეფემ და უთხრა მას: "ნუ დახოცავ ბაბილონელ ბრძენთ, მიმიყვანე მეფის წინაშე და მე გავუცხადებ მეფეს სიზმრის მნიშვნელობას”.
25 . მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.
26 . მიუგო მეფემ დანიელს, რომელსაც იქ ბელტეშაცარს ეძახდნენ: "შეგიძლია მითხრა სიზმარი, რომელიც ვიხილე და მისი მნიშვნელობაც განმიმარტო?”
27 . მიუგო დანიელმა და უპასუხა: "საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები.
28 . მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
29 . ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.
30 . მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
31 . აჰა, დიდი ქანდაკება იხილე სიზმარში, მეფევ; დიდზე დიდი იყო ეს ქანდაკება და საოცრად ელვარე; შენ წინაშე იდგა; საშინელი იყო მისი შესახედაობა.
32 . თავი ამ ქანდაკებისა წმიდა ოქროსი იყო, მკერდი და მკლავები - ვერცხლისა, მუცელი და თეძოები - სპილენძისა,
33 . წვივები - რკინისა, ფეხები - ნაწილი რკინისა და ნაწილი თიხისა.
34 . უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.
35 . მაშინ ყველაფერი ერთად დაიმსხვრა: რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ზაფხულის კალოს მტვერივით იქცა და ქარმა წაიღო; კვალიც აღარ დარჩა. ხოლო ქვა, ქანდაკებას რომ მოხვდა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აავსო.
36 . ეს არის სიზმარი და მის მნიშვნელობასაც ვიტყვი მეფის წინაშე:
37 . აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.
38 . ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი.
39 . შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.
40 . მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს;
41 . როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ - რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული.
42 . როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე.
43 . ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას.
44 . იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.
45 . შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”.
46 . მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.
47 . მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.
48 . და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.
49 . დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაქი, მეშექი და ყაბედ-ნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა.
1 . დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:
2 . "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
3 . ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 . შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.
5 . უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 . და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
7 . მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.
8 . გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.
9 . მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 . ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 . შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 . და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 . მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.
14 . ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.
15 . და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
16 . როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.
17 . მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
19 . ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
20 . უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.
21 . ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 . ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
23 . მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
1 . დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
2 . ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
3 . უთხრა მას ეშმაკმა: "თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს”.
4 . მიუგო მას იესომ: "დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღმერთის ნათქვამი ყოველი სიტყვით”.
5 . აიყვანა იგი მაღალ მთაზე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო.
6 . უთხრა მას ეშმაკმა: "შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
7 . თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!”
8 . მიუგო იესომ პასუხად: "დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
9 . წაიყვანა იგი იერუსალიმში, ტაძრის ფრთაზე დააყენა და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, აქედან ძირს გადაიგდე თავი,
10 . რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,
11 . და ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა”.
12 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”.
13 . როცა ყველა გამოცდა დაასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი.
14 . სულის ძალაში დაბრუნდა იესო გალილეაში; და მისი ამბავი მთელ იმ არე-მარეს მოედო.
15 . ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებული იყო ყველას მიერ.
16 . მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.
17 . და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა:
18 . "უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
19 . უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.
20 . დახურა წიგნი, მსახურს გადასცა და დაჯდა; სინაგოგაში ყველა მას მისჩერებოდა.
21 . და დაუწყო მათ ლაპარაკი: "დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ”.
22 . ყველამ დაუმოწმა; გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ: "ეს იოსების ვაჟი არ არის?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ, უეჭველია, ასეთ ანდაზას მეტყვით: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ”.
24 . უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში.
25 . ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
26 . და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის ცარფათში.
27 . კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმედილა, გარდა ნაყამან სირიელისა”.
28 . ეს რომ სინაგოგაში მყოფებმა მოისმინეს, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ.
29 . წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან; იმ მთის თხემამდე მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
30 . მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
31 . ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით.
32 . გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.
33 . იყო სინაგოგაში არაწმიდა, ეშმაკის სულით შეპყრობილი კაცი და ხმამაღლა აყვირდა იგი:
34 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ”.
35 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!” ეშმაკმა სინაგოგის შუა დასცა იგი და გამოვიდა მისგან; კაცისთვის კი არაფერი უვნია.
36 . ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: "ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უბრძანებს არაწმიდა სულებს და ისინიც გამოდიან?”
37 . და გავრცელდა ხმა მის შესახებ მთელ იმ არე-მარეში.
38 . სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
38 . სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
39 . დაადგა თავზე და შერისხა სიცხე; მანაც მიატოვა იგი. და მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.
40 . მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
41 . ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!” ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.
42 . როცა გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა; მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
43 . მან თქვა: "სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი”.
44 . და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
1 . უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.
2 . აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
3 . მან კი იგავი უთხრა მათ:
4 . "რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
5 . იპოვის და სიხარულით შეისვამს მხარზე.
6 . შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად გაიხარეთ, ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული რომ იყოო.
7 . თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.
8 . ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
9 . და როცა იპოვის, დაუძახებს დობილებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, რადგან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
10 . ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.
11 . კიდევ თქვა: "ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
12 . უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება.
13 . რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.
14 . ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.
15 . ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
16 . და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.
17 . როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.
18 . ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,
19 . ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
20 . ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
21 . უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.
22 . მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!
23 . მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ!
24 . ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.
25 . უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
26 . დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია?
27 . მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა.
28 . ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა.
29 . მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა.
30 . ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი.
31 . მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია.
32 . მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.
1 . იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
2 . ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3 . რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
4 . მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5 . თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
6 . ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
7 . ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
8 . გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
9 . თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
10 . მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
11 . ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
12 . ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
13 . ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
14 . არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15 . როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16 . ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17 . ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
18 . მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19 . ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
20 . რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21 . ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22 . იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23 . რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
24 . შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25 . მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26 . თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
27 . ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
1 . თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2 . აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
3 . და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4 . თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5 . ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
6 . ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7 . კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8 . ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი.
9 . მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10 . და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11 . მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.
12 . ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
13 . ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14 . ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
15 . მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16 . აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17 . ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18 . და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19 . ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
20 . კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,
21 . სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
22 . ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23 . სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24 . ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25 . თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26 . ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.
1 . ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
2 . მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
3 . ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4 . ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
5 . ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6 . ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
7 . ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
8 . ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
9 . ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
10 . ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11 . და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
12 . რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13 . ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
14 . რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15 . არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16 . ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
17 . ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
18 . დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19 . ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20 . ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21 . რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
22 . რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
23 . და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
24 . და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
25 . ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
26 . განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27 . ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28 . მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
29 . არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
30 . ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
31 . ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32 . იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
1 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2 . პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
3 . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
4 . თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5 . მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
6 . არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7 . გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
8 . იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9 . და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10 . დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11 . შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12 . რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13 . ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
14 . მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
15 . და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16 . და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17 . აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18 . ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19 . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20 . რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21 . რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
22 . რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23 . მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
24 . მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!