გამოსვლა თავი 11

1 . უთხრა უფალმა მოსეს: "კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს; ამის მერე გაგიშვებთ ფარაონი, არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგაძევებთ აქედან.

2 . დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ოქროსა და ვერცხლის სამკაული”.

3 . მადლი მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხული ეგვიპტის ქვეყანაში, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.

4 . თქვა მოსემ, ასე ამბობსო უფალი: დაახლოებით შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.

5 . და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში; ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის. მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

6 . და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაში დიდი მოთქმა-გოდება, რომლის მსგავსი არ ყოფილა და რომლის მსგავსიც აღარასოდეს იქნება.

7 . ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.

8 . ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.

9 . უთხრა უფალმა მოსეს: "არ მოგისმენთ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი ნიშნები ეგვიპტის ქვეყანაში”.

10 . და მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აჰარონმა ფარაონის წინაშე; მაგრამ გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან.