1 . მივიდა დავითი ახიმელექ მღვდელთან ნობში. თრთოლვით გამოეგება დავითს ახიმელექი და ჰკითხა: "მარტო რატომ ხარ და არავინ გახლავს?”
2 . უთხრა დავითმა ახიმელექ მღვდელს: "საქმე დამავალა მეფემ და მითხრა, არავინ გაიგოს, რასაც გავალებ და სადაც გაგზავნიო, ამიტომაც ამა და ამ ადგილზე დავიბარე ხალხი.
3 . სახელდახელოდ თუ გაქვს რამე? მომეცი ხუთი პური ან რაც გექნება”.
4 . მიუგო მღვდელმა დავითს: "უბრალო პური ხელთ არა მაქვს, მხოლოდ წმიდა პური მაქვს; ოღონდ ქალებს ხომ არ მიჰკარებიან ჭაბუკნი?”
5 . უპასუხა დავითმა: "ქალებს არ გავკარებივართ, რაც გამოვედით, არც გუშინ, არც გუშინწინ; წმიდაა ჩემი ჭაბუკების ჭურჭელი, მით უმეტეს დღეს, როცა განიწმიდება სხეული”.
6 . და მისცა მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომელიც უფლის სახის წინაშე აელაგებინათ, რათა მათ ნაცვლად ახალი პურები დაეწყოთ.
7 . იყო იქ უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მსახურთაგანი, სახელად დოეგ ედომელი, საულის მთავარი მწყემსი.
8 . უთხრა დავითმა ახიმელექს: "ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.
9 . უპასუხა მღვდელმა: "ელაჰის ველზე რომ ფილისტიმელი მოკალი, იმ გოლიათის მახვილია გახვეული სამოსელში, ეფოდის უკან; თუ გინდა, აიღე, რადგან სხვა არაფერია მის გარდა”. უთხრა დავითმა: "ვერაფერი შეედრება, მომეცი”.
10 . ადგა დავითი, გაექცა იმ დღეს საულს და მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
11 . უთხრეს აქიშს მისმა მსახურებმა: "ეს ხომ დავითია, იმ ქვეყნის მეფე! მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა - ათი ათასსო?”
12 . გულში ჩაიდო ეს სიტყვები დავითმა და ძალიან ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
13 . თავი მოიგიჟიანა მათ თვალში, ყვიროდა, ხაზებს კაწრავდა კარიბჭეზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე.
14 . უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: "აჰა, გაგიჟებულა კაცი, რაღად მომიყვანეთ?
15 . შეშლილიღა მაკლდა, რომ მოგიყვანიათ ჩემთან და გიჟობს?! ნუთუ ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?”
16 . წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. როცა გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა, ჩავიდნენ იქ მასთან.