1მეფეთა თავი 19

1 . უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს და თავის მსახურებს, რომ მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძალიან უყვარდა დავითი.

2 . შეატყობინა იონათანმა დავითს: "მოსაკლავად გეძებს მამაჩემი, საული; ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.

3 . მე კი გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები ველზე, სადაც შენ იქნები; შენზე დაველაპარაკები მამაჩემს და რასაც გავიგებ, გიამბობ”.

4 . ელაპარაკა იონათანი საულს, მამამისს დავითის სასიკეთოდ; უთხრა: "ნუ შესცოდავს მეფე დავითთან, თავის მსახურთან, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე; მისი საქმენიც ფრიად სასიკეთოა შენთვის.

5 . საფრთხეში ჩაიგდო თავი, როცა ფილისტიმელს შეერკინა და დიდი ხსნა მოუვლინა უფალმა მთელ ისრაელს; შენც ნახე ეს და გაიხარე; რაღად უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და უმიზეზოდ მოაკვლევინო დავითი?”

6 . შეისმინა საულმა იონათანის ხმა და დაიფიცა: "ცოცხალია უფალი, არ მოკვდება დავითი”.

7 . მოიხმო იონათანმა დავითი და ყველაფერი უამბო. მერე საულთან მიიყვანა იგი და იყო მასთან, როგორც წინა დღეებში.

8 . ისევ დაიწყო ომი, გავიდა დავითი და იბრძოდა ფილისტიმელებთან. სასტიკად დაამარცხა ისინი და გარბოდნენ მისგან.

9 . მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.

10 . შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.

11 . მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: "თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”.

12 . სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი, გაიქცა და გადარჩა.

13 . აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხის ტყავი დაუდო და სამოსელი გადააფარა.

14 . კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: "ავადაა”.

15 . ისევ გაგზავნა საულმა ხალხი დავითის სანახავად, თან დააბარა: "სარეცლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ”.

16 . მივიდნენ შიკრიკები, სარეცელზე კი თერაფიმი ნახეს, თხის ტყავი ედო სასთუმლად.

17 . უთხრა საულმა მიქალს: "ასე რად მომატყუე და გაუშვი ჩემი მტერი?” მიუგო მიქალმა: "ასე მითხრა: "გამიშვი, თორემ მოგკლავო”.

18 . გაიქცა დავითი და გადარჩა. მივიდა სამუელთან რამაში და უამბო ყველაფერი, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში გაჩერდნენ.

19 . შეატყობინეს საულს: "აჰა, რამას ნაიოთშია დავითი”.

20 . და გაგზავნა საულმა შიკრიკნი დავითის შესაპყრობად. ნახეს: წინასწარმეტყველთა გუნდი წინასწარმეტყველებს, წინამძღვრად კი სამუელი უდგათ; და გადმოვიდა ღვთის სული საულის ხალხზე და აწინასწარმეტყველდნენ ისინიც.

21 . შეატყობინეს საულს და გაგზავნა სხვა შიკრიკები, მაგრამ ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა შიკრიკები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ.

22 . მერე თვითონ გაემართა რამაში, მივიდა დიდ ჭასთან სექუში და იკითხა: "სად არიან სამუელი და დავითი?” უთხრეს: "რამას ნაიოთში”.

23 . წავიდა რამას ნაიოთისაკენ და მასზეც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა რამას ნაიოთში.

24 . გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: "ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”