1 . ხოლო დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო,
2 . ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.
3 . რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
4 . მაგრამ, თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ ქურდივით წამოგეწიოთ დღე.
5 . ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.
6 . ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.
7 . ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.
8 . მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.
9 . რადგან ღმერთმა რისხვისთვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
10 . რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, გვღვიძავს თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
11 . ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს, და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
12 . გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;
13 . უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
14 . და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
15 . თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.
16 . იხარეთ მუდამ.
18 . მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში.
19 . სულს ნუ ჩააქრობთ.
20 . წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ,
21 . არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.
22 . ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
23 . თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
25 . ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
26 . მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
27 . გაფიცებთ უფალს, ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხეთ.
28 . ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან, ამინ!