1 . ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
2 . კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
3 . ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და თავის მსგავსად და ხატად შეეძინა ძე, რომელსაც სახელად შეთი უწოდა.
4 . შეთის დაბადების შემდეგ ადამმა კიდევ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
5 . ადამის სიცოცხლის დღეებმა სულ ცხრაას ოცდაათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
6 . იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შეეძინა ენოში.
7 . ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა კიდევ რვაას შვიდი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
8 . შეთის დღეებმა ცხრაას თორმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
9 . იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კენანი.
10 . ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
11 . ენოშის დღეებმა სულ ცხრაას ხუთი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
12 . იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და ეყოლა მაჰალალელი.
13 . კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
14 . კენანის დღეებმა სულ ცხრაას ათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
15 . იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა იარედი.
16 . მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
17 . მაჰალალელის დღეებმა სულ რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
18 . იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
19 . იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
20 . იარედის დღეებმა სულ ცხრაას სამოცდაორი წელი შეადგინა და გარდაიცვალა.
21 . იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
22 . მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი სამასი წელი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი და ასულნი.
23 . ენოქის დღეები სულ სამას სამოცდახუთი წელიწადი იყო.
24 . ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.
25 . იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შეეძინა ლამექი.
26 . მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
27 . მეთუშალახის დღეები მთლიანად ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი იყო და გარდაიცვალა.
28 . იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი.
29 . უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: "ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.
30 . ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
31 . ლამექის დღეებმა სულ შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
32 . ნოე ხუთასი წლის იყო, როცა სამი ვაჟი - სემი, ქამი და იაფეთი - შეეძინა.
1 . როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები,
2 . იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.
3 . და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
4 . ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.
5 . და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
6 . მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
7 . თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
8 . მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9 . ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.
10 . და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11 . მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით.
12 . გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
13 . უთხრა ღმერთმა ნოეს: "დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.
14 . გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.
15 . ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
16 . სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.
17 . და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.
18 . შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19 . ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.
20 . ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.
21 . მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.
22 . და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.
1 . უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.
2 . ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.
3 . ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე.
4 . რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.
5 . და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.
6 . ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე.
7 . და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.
8 . ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
9 . დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
10 . და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.
11 . ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
12 . ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.
13 . იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი: სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები.
14 . ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.
15 . შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო.
16 . მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი.
17 . ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.
18 . გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19 . მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
20 . აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით.
21 . და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22 . და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო - მოისპო.
23 . აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
24 . ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . ხოლო დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო,
2 . ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.
3 . რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
4 . მაგრამ, თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ ქურდივით წამოგეწიოთ დღე.
5 . ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.
6 . ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.
7 . ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.
8 . მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.
9 . რადგან ღმერთმა რისხვისთვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
10 . რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, გვღვიძავს თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
11 . ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს, და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
12 . გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;
13 . უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
14 . და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
15 . თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.
16 . იხარეთ მუდამ.
17 . ილოცეთ განუწყვეტლივ.
18 . მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში.
19 . სულს ნუ ჩააქრობთ.
20 . წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ,
21 . არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.
22 . ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
23 . თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
24 . ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.
25 . ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
26 . მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
27 . გაფიცებთ უფალს, ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხეთ.
28 . ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან, ამინ!