1თესალონიკელთა თავი 3

1 . ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,

2 . და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, ჩვენივე თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,

3 . რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, რადგან თვითონვე იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი.

4 . ვინაიდან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გითხარით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც აღსრულდა კიდეც, როგორც იცით.

5 . ამიტომ მეც ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა და ტიმოთე გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ გაცდუნათ მაცდურმა და ფუჭი გამოდგეს ჩვენი შრომა.

6 . ახლა კი, როცა ტიმოთე დაგვიბრუნდა და თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი გვახარა, რომ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ - თქვენი;

7 . ამიტომ, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით ვინუგეშეთ თავი ძმებო.

8 . რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.

9 . როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე?

10 . დღედაღამ მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულობა.

11 . თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ.

12 . თქვენ კი უფალმა გაგიმრავლოთ და უხვად მოგცეთ სიყვარული ერთიმეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ ვართ თქვენდამი,

13 . რათა განმტკიცდეს თქვენი გულები უბიწოდ სიწმიდეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას, მის ყველა წმიდანთან ერთად, ამინ!