1 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს, რომ დაბრუნდნენ და დაიბანაკონ ფი-ჰეხიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის გასწვრივ. მის პირდაპირ ზღვასთან დაიბანაკონ.
3 . იფიქრებს ფარაონი ისრაელის შვილებზე, გზა აებნათო ამ მიწაზე, უდაბნომ მოიმწყვდიაო.
4 . გავუმძვინვარებ გულს ფარაონს და დაგედევნებათ უკან. განვდიდდები ფარაონსა და მთელ მის ჯარზე; და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი”. ასეც მოიქცნენ.
5 . ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი; შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ და თქვეს: "ეს რა ვქენით, როგორ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობისგან?”
6 . შეკაზმა ფარაონმა თავისი ეტლი და გაიყოლა თავისი ხალხი.
7 . თან წაიყოლა ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი და მათი მეთაურები.
8 . გული გაუსასტიკა უფალმა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და უკან დაედევნა იგი ისრაელის შვილებს; ისრაელის ძენი კი შემართული ხელით გამოდიოდნენ.
9 . უკან დაედევნენ მათ ეგვიპტელნი, ფარაონის ყოველი ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და ჯარი; ფი-ჰეხიროთთან, ბაყალ-ცეფონის გასწვრივ ზღვასთან დაბანაკებულთ დაეწივნენ.
10 . ახლოვდებოდა ფარაონი, აღაპყრეს თვალები ისრაელის შვილებმა და დაინახეს: ეგვიპტელნი მოსდევენ უკან. შეეშინდათ ფრიად და შეღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.
11 . უთხრეს მოსეს: "განა ეგვიპტეში არ იყო სამარხები, უდაბნოში რომ არ წამოგეყვანეთ დასახოცად? ასეთი რამ რად გაგვიკეთე, რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?
12 . განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: "დაგვეხსენი, ეგვიპტელთა მსახურები ვიქნებით-თქო? რადგან უდაბნოში დახოცვას, ეგვიპტელთა მონობა გვირჩევნია”.
13 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და იხილავთ უფლისმიერ ხსნას, რომელსაც დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის და ეგვიპტელებს, რომელთაც დღეს ხედავთ, მეტად აღარ იხილავთ უკუნისამდე.
14 . უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ”.
15 . უთხრა უფალმა მოსეს: "რად შემომღაღადებ? უთხარი ისრაელიანებს, წინ წავიდნენ.
16 . ასწიე კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, გააპე იგი და გავლენ ისრაელის შვილები მშრალად შუა ზღვაში!
17 . მე კი, აჰა, გავასასტიკებ ეგვიპტელთა გულს და შეყვებიან უკან; მაშინ განვდიდდები ფარაონზე, მის ყოველ ჯარზე, ეტლებსა და მხედრებზე.
18 . და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ვუჩვენებ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებსა და მხედრებზე”.
19 . და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან.
20 . ჩადგა ეგვიპტისა და ისრაელის ბანაკთა შორის და იყო ღრუბლად და სიბნელედ ერთი მხარისათვის, მეორე მხარეს კი ღამეს უნათებდა. არ მიახლოვებულან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.
21 . გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და უკან დაახევინა ზღვას უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს. გაიპო წყალი და მშრალ მიწად აქცია ზღვა.
22 . და შევიდნენ ისრაელიანები შუა ზღვაში მშრალ მიწაზე; წყალი კი გალავნად იყო მათთვის მარჯვნიდან და მარცხნიდან.
23 . დაედევნენ ეგვიპტელნი და შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენი, მისი ეტლები და მხედრები.
24 . ისე მოხდა, რომ მოხედა უფალმა დილის გუშაგობისას ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლოვანი და ღრუბლოვანი სვეტიდან და შეაძრწუნა მათი ბანაკი.
25 . დააძრო უფალმა ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: "გავიქცეთ ისრაელიანთაგან, რადგან მათ გამო ებრძვის უფალი ეგვიპტელებს”.
26 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზღვაზე და მოიქცევა წყალი ეგვიპტელებზე, მათ ეტლებსა და მხედრებზე!”
27 . გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და განთიადისას მიიქცა ზღვა თავის ადგილზე, ხოლო მათკენ გაქცეული ეგვიპტელნი შუა ზღვაში ჩაყარა უფალმა.
28 . დაბრუნდა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები, ფარაონი და მთელი ჯარი, რომლებიც ზღვაში უკან მისდევდნენ მათ; არც ერთი არ გადარჩენილა.
29 . მიდიოდნენ ისრაელიანები მშრალ მიწაზე შუა ზღვაში და წყალი იყო მათთვის გალავნად მარჯვნიდან და მარცხნიდან.
30 . და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთა ხელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელნი ზღვის ნაპირზე.
31 . იხილა ისრაელმა დიადი საქმე, რომელიც მოახდინა უფალმა ეგვიპტელებზე და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ ისინი უფალს და მოსეს, მის მსახურს.