1 . ამის შემდეგ მივიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში”.
2 . თქვა ფარაონმა: "ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? არც უფალს ვცნობ და არც ისრაელს გავუშვებ”.
3 . უთხრეს: "ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ გაგვწყვიტოს შავი ჭირით ან მახვილით”.
4 . უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: "მოსე და აჰარონ! ხალხს საქმეს რატომ აცდენთ? გასწით, შეუდექით თქვენს სამუშაოს!”
5 . თქვა ფარაონმა: "აჰა, მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი და უნდა მოაცდინოთ სამუშაოს?”
6 . ასე უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის უფროსებსა და ზედამხედველებს:
7 . "ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს ალიზის გასაკეთებლად, როგორც აქამდე აძლევდით. დაე, წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ ბზე.
8 . და იმდენივე აგურის გაკეთება დააკისრეთ მათ, რამდენსაც აქამდე აკისრებდით, ნუ დააკლებთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაიძახიან: წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს ღმერთს.
9 . დაუმძიმდეს სამუშაო მაგ ხალხს, იმუშაონ და ყური აღარ ათხოვონ ამაო სიტყვებს”.
10 . გამოვიდნენ ხალხის მმართველნი და ზედამხედველები და ხალხს უთხრეს: "ასე ამბობსო ფარაონი: ‘მე აღარ მოგცემთ ბზეს.’
11 . წადით, თვითონ მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან არ შემცირდება თქვენი სამუშაო”.
12 . და მოეფინა ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას, რათა ნამჯა შეეგროვებინათ ბზის სანაცვლოდ.
13 . აჩქარებდნენ მათ ზედამხედველნი და ეუბნებოდნენ: "ისე აღასრულეთ თქვენი ყოველდღიური სამუშაო, როგორც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ”.
14 . და სცემდნენ ფარაონის მმართველები ისრაელის ძეთაგან დაყენებულ ზედამხედველებს, იმდენივე აგური რატომ არ გააკეთეთ, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ, დღემდე აკეთებდითო.
15 . მივიდნენ ისრაელის ძეთაგან დაყენებული ზედამხედველები და ასე შეღაღადეს ფარაონს: "რად ექცევი ასე შენს მსახურებს?
16 . ბზე აღარ ეძლევათ შენს მსახურებს, თან გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო და აჰა, გვცემენ კიდეც შენს მსახურთ, ბრალი კი შენს ხალხზეა”.
17 . უთხრა მათ ფარაონმა: "ზარმაცები ხართ, ზარმაცები; ამიტომ ამბობთ: გაგვიშვი, მსხვერპლი შევწიროთო უფალს.
18 . ახლა გასწით და იმუშავეთ, ბზე არ მოგეცემათ, ხოლო აგურების დადგენილ რაოდენობას ძველებურად მოგვცემთ”.
19 . და მიხვდნენ ისრაელიანთა ზედამხედველები, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ, რაკი უთხრეს: "არ შეამციროთო თქვენზე ყოველდღიურად დაკისრებული აგურების რაოდენობა”.
20 . ფარაონისაგან გამომავალნი, მათთან შესახვედრად გზაზე მდგარ, მოსესა და აჰარონს შეეყარნენ.
21 . უთხრეს: "დაე, გადმოგხედოთ უფალმა და განგსაჯოთ, რადგან მოძულებული გაგვხადეთ ფარაონისა და მისი მსახურების თვალში; ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში”.
22 . მოუბრუნდა უფალს მოსე და უთხრა: "უფალო! რად უბოროტე ამ ხალხს, რატომ მომავლინე?
23 . იმ დღიდან, რაც ფარაონთან შენი სახელით მივედი სალაპარაკოდ, ბოროტად ექცევა ამ ხალხს, შენ კი არ გამოგიხსნია შენი ხალხი”.