1 . შინყარის მეფის, ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფემ და თიდყალმა, გოიმის მეფემ,
2 . ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
3 . ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
4 . თორმეტ წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
5 . მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი, მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და დაამარცხა რეფაიმელნი ყაშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელნი - ჰამში, ემიელნი - შავეკირიათაიმში.
6 . ხორიელები კი - სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
7 . უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, რომელიც კადეშშია და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, ასევე ამორელნიც, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
8 . და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.
9 . ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
10 . და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო; და შიგ ჩაცვივდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.
11 . და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
12 . ლოტიც, აბრამის ძმისწულიც წაიყვანეს, მთელი მისი ქონებითურთ და წავიდნენ.
13 . და მოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა; აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი.
14 . როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.
15 . გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
16 . დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ.
17 . გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
18 . და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.
19 . აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.
20 . კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.
21 . უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: "ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”.
22 . უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,
23 . რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო - მე გავამდიდრეო აბრამი!
24 . გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად; ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავ-თავიანთი წილი წაიღონ”.
1 . ეგვიპტეში ჩაიყვანეს იოსები და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა და მცველთა უფროსმა.
2 . არ მიუტოვებია უფალს იოსები და ხელი ემართებოდა ყველაფერში. თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში ცხოვრობდა იგი.
3 . და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.
4 . მადლი ჰპოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას. დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მას ჩააბარა მთელი თავისი საბადებელი.
5 . მას შემდეგ, რაც თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა, აკურთხა უფალმა იმ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და კურთხეული იყო უფლისგან მთელი მისი ქონება სახლში თუ მინდვრად.
6 . იოსებს მიანდო მთელი თავისი ქონება, თვითონ კი აღარაფერზე ფიქრობდა ჭამა-სმის გარდა. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
7 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: "დაწექი ჩემთან”.
8 . მაგრამ იუარა იოსებმა და უთხრა ბატონის ცოლს: "ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა გააჩნია, რადგან მთელი თავისი ქონება მე ჩამაბარა.
9 . ამ სახლში ჩემზე დიდი არავინაა; არაფერი ამიკრძალა შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?”
10 . და ყოველდღე სთავაზობდა ქალი იოსებს, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია იოსები.
11 . რთ დღეს იოსები თავის საქმეზე შევიდა სახლში; შინ არავინ იყო სახლეულიდან;
12 . ჩაეჭიდა ქალი იოსებს სამოსელში და უთხრა: "წამოდი, დაწექი ჩემთან!” და ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი, გაიქცა და გარეთ გავარდა.
13 . დაინახა რა ქალმა, რომ ხელში შეატოვა სამოსელი იოსებმა და გარეთ გაიქცა,
14 . დაუძახა თავის სახლის კაცებს და უთხრა: "შეხედეთ, ჩვენს დასაცინად მოგვიყვანა ებრაელი კაცი! ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე დიდი ხმით ვიყვირე;
15 . ჩემი კივილი რომ გაიგონა, მიატოვა სამოსელი და გაიქცა”.
16 . გვერდით დაიდო ქალმა ბატონის შინ დაბრუნებამდე იოსების ტანსაცმელი.
17 . და ასე უამბო ქმარს ეს ამბავი: "შენი მოყვანილი ებრაელი მონა, ჩემთვის პატივის ასახდელად შემოვიდა!
18 . ხმა რომ ავიმაღლე და ვიკივლე, სამოსელი ჩემთან მიატოვა და გარეთ გაიქცა!”
19 . როცა მოისმინა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი: შენი მონა ასე მომექცაო! ძალიან განრისხდა.
20 . წაიყვანა ბატონმა იოსები და ჩააგდო საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულნი. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
21 . მაგრამ უფალი იყო იოსებთან, წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
22 . იოსებს ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი და ის გახდა ყველაფრის განმგებელი, რასაც საპყრობილეში აკეთებდნენ.
23 . აღარაფერზე ზრუნავდა საპყრობილის უფროსი, რადგან უფალი იყო იოსებთან და რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი.
1 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ შესცოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ.
2 . და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
3 . შეაგდო ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
4 . იოსები მიუჩინა მათ მცველთა უფროსმა და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5 . ერთ ღამეს სიზმარი ესიზმრა ორთავეს - თითოეულს საკუთრივ განსამარტი: მწდეთუხუცესსაც და მეპურეთუხუცესსაც.
6 . მივიდა დილით იოსები მათთან და ხედავს, აჰა, დაღვრემილნი არიან.
7 . ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად: "რატომ ხართ დაღვრემილნი”?
8 . უთხრეს: "სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ ამხსნელი არავინაა”. უთხრა იოსებმა: "განა უფლისაგან არ არის ახსნა? მე მიამბეთ”.
9 . უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: "სიზმარში ვხედავ, აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
10 . სამი ლერწი ჰქონდა; როგორც კი გაიფურჩქნა, კვირტები გამოიღო და მტევნები დამწიფდა.
11 . ხელთ ფარაონის ფიალა მეჭირა; ავიღე ყურძენი, ფიალაში ჩავწურე და ფარაონს მივართვი”.
12 . უთხრა იოსებმა: "ეს არის მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
13 . სამი დღის შემდეგ აგამაღლებს ფარაონი და დაგაბრუნებს ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევ ფიალას ფარაონს უწინდელივით, როცა მისი მწდე იყავი.
14 . ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე; ქენი სიკეთე, გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
15 . რადგან ებრაელთა ქვეყნიდან მომიპარეს და აქაც ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დილეგში ვიჯდე”.
16 . დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა სიზმარი იოსებმა და უთხრა: "მეც ვნახე სიზმარი: აჰა, პურის სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
17 . ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი; და ფრინველი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან”.
18 . მიუგო იოსებმა: "ესაა მისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;
19 . სამი დღის შემდეგ თავს მოგკვეთს ფარაონი და ხეზე ჩამოგკიდებს; შენს ხორცს კი ფრინველი დაძიძგნის”.
20 . მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა.
21 . დააბრუნა მწდეთუხუცესი ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევდა ფარაონს ფიალას;
22 . ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მას იოსებმა.
23 . და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, რადგან დაავიწყდა.
1 . ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;
2 . და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.
3 . მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.
4 . და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.
5 . კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
6 . მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.
7 . და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
8 . შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.
9 . და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:
10 . განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.
11 . ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.
12 . იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.
13 . როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.
14 . მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
15 . უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.
16 . მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
17 . და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.
18 . აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.
19 . მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.
20 . დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.
21 . შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.
22 . კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
23 . აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.
24 . წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
25 . უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
26 . შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
27 . მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.
28 . ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.
29 . აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
30 . მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.
31 . ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
32 . და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
33 . ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.
34 . ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.
35 . დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.
36 . ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.
37 . მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.
38 . უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”
39 . და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
40 . შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.
41 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.
42 . და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,
43 . დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
45 . უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46 . ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
47 . უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.
48 . და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.
49 . ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.
50 . ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
51 . და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.
52 . მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.
53 . დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა
54 . და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55 . და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.
56 . შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.
57 . ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.
1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
1 . ეს არის ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც, თითოეული თავისი სახლეულით, იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში.
2 . რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
3 . ისაქარი, ზებულონი და ბენიამინი,
4 . დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5 . ყოველი მათგანი იაკობის საზარდულიდან იყო გამოსული, სულ სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6 . და გარდაიცვალა იოსები, ყველა მისი ძმა და მთელი მათი თაობა;
7 . ისრაელის ძენი კი მომრავლდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ, მეტისმეტად გაძლიერდნენ და აღივსო ის ქვეყანა მათით.
8 . და დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
9 . უთხრა თავის ხალხს: "ჩვენზე ბევრნი და ძლიერნი არიან ისრაელის ძეთა ხალხი.
10 . ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან; და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, იომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან”.
11 . და დაუნიშნეს მათ სამუშაოს უფროსნი, რომ მძიმე შრომით დაეუძლურებინათ ისინი. აუშენეს მათ ფარაონს სამარაგო ქალაქები - ფითომი და რაყმესესი.
12 . მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელის ძეთა წინაშე.
13 . უმოწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელის ძეებს ეგვიპტელნი.
14 . სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხაზე, აგურზე და მინდვრებში. ყველა საქმეში, რომლითაც ამუშავებდნენ, დაუნდობლად ექცეოდნენ მათ.
15 . უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს შიფრა, ხოლო მეორეს ფუყა ერქვა.
16 . უთხრა: "ებრაელ ქალებს, რომ მოამშობიარებთ, შეხედეთ, თუ ვაჟი იქნება, მოკალით, ხოლო თუ ქალი იქნა - იცოცხლოს”.
17 . მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
18 . იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და ჰკითხა: "რატომ იქცევით ასე, ცოცხლად რად ტოვებთ ვაჟებს?”
19 . უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: "ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, უფრო ჯანსაღნი არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ”.
20 . სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.
21 . და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.
22 . და ასე უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს: "ყოველი ახალშობილი ვაჟი მდინარეში ჩააგდეთ, ქალი კი ცოცხალი დატოვეთ!”
1 . წავიდა ერთი კაცი ლევის ტომიდან და ლევიანი ქალი შეირთო ცოლად.
2 . დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. დაინახა, რომ მშვენიერი იყო ბავშვი და მალავდა სამ თვეს.
3 . დამალვა რომ ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კალათა, შეგლისა კუპრითა და ფისით, შიგ ყრმა ჩააწვინა და ლერწმიანში, ნილოსის პირას დადო.
4 . ხოლო ყრმის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოხდებოდა.
5 . ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მოახლენი კი მდინარის ნაპირზე მიმოდიოდნენ. დაინახა ლერწმიანში კალათა და გაგზავნა თავისი მოახლე მოსატანად.
6 . გახსნა და ბავშვი დაინახა; აჰა, ტირის ყრმა; შეიბრალა იგი და თქვა: "ებრაელის ბავშვია”.
7 . და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”
8 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წადი”. წავიდა გოგო და დაუძახა ყრმის დედას.
9 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წაიყვანე ეს ყრმა, ძუძუ აწოვე და გასამრჯელოს მოგცემ”. ქალმაც წაიყვანა და აწოვებდა ძუძუს.
10 . გაიზარდა ყრმა და მიუყვანა ფარაონის ასულს და გახდა იგი ფარაონის ასულის ძე; და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: "რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი”.
11 . გავიდა დრო, გაიზარდა მოსე. გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა; ხედავს, ერთი ეგვიპტელი ებრაელს, მის თვისტომს, სცემს.
12 . მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
13 . გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”
14 . მიუგო მოძალადემ: "ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელივით?” შეეშინდა მოსეს და თქვა: "გამჟღავნებულა ეს ამბავი”.
15 . ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.
16 . შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.
17 . მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.
18 . მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”
19 . მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.
20 . უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.
21 . და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.
22 . და უშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა: "მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
23 . გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.
24 . გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
25 . მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
1 . და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.
2 . და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: "ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3 . თქვა მოსემ: "მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.
4 . იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: "მოსე! მოსე!” უთხრა: "აქა ვარ”.
5 . უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
6 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.
7 . უთხრა უფალმა: "ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
8 . და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
9 . აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
10 . ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
11 . უთხრა მოსემ ღმერთს: "ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
12 . უთხრა ღმერთმა: "მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.
13 . უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”
14 . უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
15 . კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16 . წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
17 . და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
18 . შეისმენენ შენს ნათქვამს, მიხვალ ეგვიპტის მეფესთან ისრაელის უხუცესებთან ერთად და ეტყვით მას: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფლისთვის, ჩვენი ღმერთისთვის.
19 . ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.
20 . გავიწვდი ხელს და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ მის შუაგულში; და ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21 . მადლს ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და როცა გამოხვალთ, არ იქნებით ხელცარიელნი.
22 . ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი მდგმური ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი; შემოსეთ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და ასე გაძარცვეთ ეგვიპტელნი”.
1 . ამის შემდეგ მივიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში”.
2 . თქვა ფარაონმა: "ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? არც უფალს ვცნობ და არც ისრაელს გავუშვებ”.
3 . უთხრეს: "ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ გაგვწყვიტოს შავი ჭირით ან მახვილით”.
4 . უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: "მოსე და აჰარონ! ხალხს საქმეს რატომ აცდენთ? გასწით, შეუდექით თქვენს სამუშაოს!”
5 . თქვა ფარაონმა: "აჰა, მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი და უნდა მოაცდინოთ სამუშაოს?”
6 . ასე უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის უფროსებსა და ზედამხედველებს:
7 . "ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს ალიზის გასაკეთებლად, როგორც აქამდე აძლევდით. დაე, წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ ბზე.
8 . და იმდენივე აგურის გაკეთება დააკისრეთ მათ, რამდენსაც აქამდე აკისრებდით, ნუ დააკლებთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაიძახიან: წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს ღმერთს.
9 . დაუმძიმდეს სამუშაო მაგ ხალხს, იმუშაონ და ყური აღარ ათხოვონ ამაო სიტყვებს”.
10 . გამოვიდნენ ხალხის მმართველნი და ზედამხედველები და ხალხს უთხრეს: "ასე ამბობსო ფარაონი: ‘მე აღარ მოგცემთ ბზეს.’
11 . წადით, თვითონ მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან არ შემცირდება თქვენი სამუშაო”.
12 . და მოეფინა ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას, რათა ნამჯა შეეგროვებინათ ბზის სანაცვლოდ.
13 . აჩქარებდნენ მათ ზედამხედველნი და ეუბნებოდნენ: "ისე აღასრულეთ თქვენი ყოველდღიური სამუშაო, როგორც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ”.
14 . და სცემდნენ ფარაონის მმართველები ისრაელის ძეთაგან დაყენებულ ზედამხედველებს, იმდენივე აგური რატომ არ გააკეთეთ, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ, დღემდე აკეთებდითო.
15 . მივიდნენ ისრაელის ძეთაგან დაყენებული ზედამხედველები და ასე შეღაღადეს ფარაონს: "რად ექცევი ასე შენს მსახურებს?
16 . ბზე აღარ ეძლევათ შენს მსახურებს, თან გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო და აჰა, გვცემენ კიდეც შენს მსახურთ, ბრალი კი შენს ხალხზეა”.
17 . უთხრა მათ ფარაონმა: "ზარმაცები ხართ, ზარმაცები; ამიტომ ამბობთ: გაგვიშვი, მსხვერპლი შევწიროთო უფალს.
18 . ახლა გასწით და იმუშავეთ, ბზე არ მოგეცემათ, ხოლო აგურების დადგენილ რაოდენობას ძველებურად მოგვცემთ”.
19 . და მიხვდნენ ისრაელიანთა ზედამხედველები, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ, რაკი უთხრეს: "არ შეამციროთო თქვენზე ყოველდღიურად დაკისრებული აგურების რაოდენობა”.
20 . ფარაონისაგან გამომავალნი, მათთან შესახვედრად გზაზე მდგარ, მოსესა და აჰარონს შეეყარნენ.
21 . უთხრეს: "დაე, გადმოგხედოთ უფალმა და განგსაჯოთ, რადგან მოძულებული გაგვხადეთ ფარაონისა და მისი მსახურების თვალში; ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში”.
22 . მოუბრუნდა უფალს მოსე და უთხრა: "უფალო! რად უბოროტე ამ ხალხს, რატომ მომავლინე?
23 . იმ დღიდან, რაც ფარაონთან შენი სახელით მივედი სალაპარაკოდ, ბოროტად ექცევა ამ ხალხს, შენ კი არ გამოგიხსნია შენი ხალხი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; და შენი ძმა აჰარონი შენი წინასწარმეტყველი იქნება.
2 . შენ ეტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო აჰარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.
3 . გავასასტიკებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
4 . არ მოგისმენთ ფარაონი, მაშინ ხელს გავიწვდი ეგვიპტეზე და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
5 . და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.
6 . ასეც მოიქცნენ მოსე და აჰარონი; როგორც უბრძანა უფალმა, ასე მოიქცნენ.
7 . ოთხმოცი წლის იყო მოსე, ხოლო აჰარონი - ოთხმოცდასამის, ფარაონს რომ დაუწყეს ლაპარაკი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
9 . "თუ გეტყვით ფარაონი - მოახდინეთ სასწაული, მაშინ ეტყვი აჰარონს: აიღე შენი კვერთხი, დააგდე ფარაონის წინაშე და გველად იქცევა იგი”.
10 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა უფალმა. წინ დაუგდო აჰარონმა თავისი კვერთხი ფარაონსა და მის მსახურებს და იქცა იგი გველად.
11 . უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით.
12 . დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13 . გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
15 . წადი ფარაონთან დილით; გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირზე; კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16 . უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა-თქო შენთან ამის სათქმელად: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში; აჰა, არ შეისმინე აქამდე.
17 . ასე ამბობს უფალი: ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი - კვერთხს, რომელიც ხელში მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს და სისხლად იქცევა;
18 . თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება და მდინარე ამყრალდება, ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი მდინარის წყალს”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: ‘აიღე შენი კვერთხი, გაიწოდე შენი ხელი ეგვიპტელთა წყლებზე - მათ მდინარეებზე, ნაკადულებზე, მათ ტბებსა და ყველა მათ წყალსატევზე!’ და იქცევიან სისხლად და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ასევე ქვებშიც”.
20 . ისე მოიქცნენ მოსე და აჰარონი, როგორც უბრძანა უფალმა. ფარაონის და მისი მსახურების თვალწინ აღმართა კვერთხი, დასცა მდინარის წყალს და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად.
21 . ამოწყდა თევზი მდინარეში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები მდინარის წყალს; და იყო სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
22 . და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
23 . გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24 . თხრიდა ყოველი ეგვიპტელი მდინარის გასწვრივ, რომ სასმელი წყალი ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
25 . და გასრულდა შვიდი დღე მას შემდეგ, რაც დაჰკრა უფალმა მდინარეს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
2 . თუ უარს იტყვი მის გაშვებაზე და კვლავ დააკავებ,
3 . აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, რომელიც ველზეა - ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, ცხვარზე და ძროხაზე. გაჩნდება საშინელი ჭირი.
4 . და გამოარჩევს უფალი ისრაელის საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის შვილებს”.
5 . დანიშნა უფალმა დრო და თქვა: ხვალ გააკეთებს უფალი ამ საქმეს ქვეყანაში.
6 . აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და ამოწყდა ეგვიპტის მთელი საქონელი. ისრაელიანთა საქონლისგან არც ერთი არ მომკვდარა.
7 . გაგზავნა ფარაონმა ამბის გასაგებად და, აჰა, ისრაელის საქონელთაგან არც ერთი არ მომკვდარა. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აიღეთ ქურიდან სავსე პეშვი ნაცარი და ააფრქვიოს იგი მოსემ ცისკენ ფარაონის თვალწინ;
9 . მტვრად მოეფინება ეგვიპტის მთელ ქვეყანას და გამოაჩნდება ადამიანებსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
10 . აიღეს ქურის ნაცარი, წარსდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია მოსემ ცისკენ; და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარათ ადამიანებსა და პირუტყვს.
11 . ვერ შეძლეს გრძნეულებმა მოსეს წინაშე დადგომა, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებს და ყოველ ეგვიპტელსაც.
12 . გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
13 . და უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი სისხამ დილით, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
14 . თორემ, ამჯერად ყველა ჩემს სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურთ და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინ არის ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.
15 . ახლავე გავიწვდიდი ხელს და უსათუოდ მოგსრავდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს და მოისპობოდით დედამიწიდან.
16 . მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
17 . ჯერ კიდევ იმაღლებ თავს ჩემი ხალხის წინააღმდეგ და არ უშვებ მათ.
18 . აჰა, ხვალ ამ დროს, ძალიან მაგარ სეტყვას ჩამოვყრი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში მისი დაარსების დღიდან აქამდე.
19 . ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა”.
20 . ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთა შორის, ჭერქვეშ შერეკა თავისი მონები და საქონელი.
21 . ხოლო, ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, თავისი მონები და საქონელი ველზე დატოვა.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზეცისკენ, რათა მოვიდეს სეტყვა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, ადამიანებზე, პირუტყვსა და ველის ყოველ ბალახზე ეგვიპტის ქვეყანაში”.
23 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24 . მოდიოდა სეტყვა და გიზგიზებდა ცეცხლი სეტყვაში, ძალზე ძლიერი, რომლის მსგავსიც მთელი ეგვიპტის მიწაზე არ მოსულა, მათი ერად ქცევის დღიდან.
25 . ყველაფერი მოსპო სეტყვამ ეგვიპტის მიწაზე, რაც მინდვრად დარჩა, კაციც და პირუტყვიც. მოსრა სეტყვამ ყოველი ბალახი ველისა და დალეწა ყოველი ხე ველისა.
26 . მხოლოდ გოშენის ქვეყანა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობდნენ.
27 . წარგზავნა ფარაონმა, დაიბარა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ამჯერად შევცოდე; მართალია უფალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავენი ვართ.
28 . გვიშუამდგომლეთ უფალთან, გვაკმაროს ეს დიადი გრგვინვა და სეტყვა და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ”.
29 . მიუგო მოსემ: "როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.
30 . მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები”.
31 . განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ამოთავთავებული, სელი კი აყვავებული იყო.
32 . ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან ორივე გვიან იმკება.
33 . გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.
34 . როცა იხილა ფარაონმა რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, უფრო მეტად შესცოდა და გაისასტიკეს გულები მან და მისმა მსახურებმა.
35 . და გამძვინვარდა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილნი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
1 . აი, კანონები, რომელთაც დაუდგენ მათ:
2 . თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
3 . თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს.
4 . თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.
5 . ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,
6 . მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
7 . თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება.
8 . თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
9 . თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას.
10 . თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.
11 . თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.
12 . თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
13 . ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს.
14 . თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
15 . ვინც თავის მამას ან დედას შემოჰკრავს, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
16 . ვინც ადამიანი მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოაჩნდეს - სიკვდილით მოკვდეს.
17 . თავისი მამის და დედის მაწყევარი, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
18 . თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბნენ და დაჰკრა ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი და გადარჩა კაცი, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19 . მერე კი ადგა და გარეთ ყავარჯნით სიარული შეძლო, მაშინ ნუ დაისჯება მისი მცემელი, მხოლოდ სამუშაოდან მისი მოცდენისთვის გადაუხადოს და სრულ გამოჯანმრთელებამდე იზრუნოს მასზე.
20 . თუ კაცმა ჯოხით სცემა თავისი მონა ან მხევალი და შემოაკვდა, შური იძიეთ მასზე.
21 . მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე კიდევ იცოცხლა, მაშინ აღარ იძიოთ მასზე შური, რადგან მისი საკუთრებაა იგი.
22 . თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
23 . მაგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.
24 . თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25 . დამწვრობა დამწვრობის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
26 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, მაშინ თვალის წილ გაათავისუფლოს იგი.
27 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ.
28 . თუ ხარმა მამაკაცს ან დედაკაცს ურქინოს და მოკლას, უსათუოდ ჩაიქოლოს ხარი და არ შეიჭამოს მისი ხორცი; ხოლო ხარის პატრონი უდანაშაულოა.
29 . მაგრამ თუ ხარი მანამდეც მარქენალი იყო და გააფრთხილეს პატრონიც, მან კი არ დაამწყვდია და მოკლა ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარიც ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს.
30 . თუ გამოსასყიდი დაეკისრება, მაშინ გადაიხადოს საურავი თავისი სიცოცხლის წილ, დაკისრებულის მიხედვით.
31 . თუ ძეს ან ასულს ურქინოს, ამავე სამართლით მოექეცით მას.
32 . თუ ყმას ან მხევალს ურქინოს ხარმა, მაშინ მიეცეს მათ ბატონს ოცდაათი ვერცხლი, ხარი კი ჩაიქოლოს.
33 . თუ ვინმე თავს მოხდის ან ამოთხრის ორმოს და არ დააფარებს, იქ კი ხარი ან სახედარი ჩავარდება,
34 . მაშინ გადაიხდის ორმოს მფლობელი, ფულით აუნაზღაურებს მათ პატრონს, ხოლო ლეში მისი იქნება.
35 . და თუ ვინმეს ხარი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ფულიცა და ლეშიც შუაზე გაიყონ.
36 . ხოლო თუ მანამდეც ცნობილი იყო, რომ ხარი მარქენალია, მისმა პატრონმა კი არ დაამწყვდია, მაშინ გადაიხადოს ხარის წილ, ხოლო ლეში მისი იქნება.
1 . "ყოველი მეშვიდე წლის მიწურულს გამოაცხადე პატიება.
2 . აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, ვისაც უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნუ მოსთხოვს თავის მოყვასს ან ძმას, რადგან პატიება ცხადდება უფლის სახელით.
3 . უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი - აპატიე.
4 . თუმცა არავინ იქნება შენს შორის ღარიბი, რადგან ფრიად გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
5 . ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა შეასრულო ყველა ის მცნება, რომელსაც გიბრძანებ დღეს.
6 . რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც აღგითქვა და ასესხებ მრავალ ხალხს, თვითონ კი არ ისესხებ. იბატონებ მრავალ ხალხზე, შენზე კი არავინ იბატონებს.
7 . თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ;
8 . არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება.
9 . გაფრთხილდი, გულში არ შეგეპაროს ბოროტი ფიქრი და არ თქვა: მოახლოვდა მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ ძმას და არაფერს მისცემ; შეჰღაღადებს იგი უფალს შენზე და ცოდვა დაგედება.
10 . მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას, რადგან გაკურთხებს ამისთვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში და ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ.
11 . რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.
12 . თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე.
13 . როცა გაათავისუფლებ - ხელცარიელი არ გაუშვა:
14 . დაასაჩუქრე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან მიეცი.
15 . გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ დღეს ამ სიტყვას.
16 . და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა,
17 . მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი.
18 . ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან; და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერში, რასაც გააკეთებ.
19 . მიუძღვენი უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმონაგები მამრი, რაც დაიბადება შენს წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელში; პირველმონაგებ ხარს ნუ ამუშავებ და ნუ გაპარსავ შენი ფარის პირველმონაგებს.
20 . ჭამეთ იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველწლიურად შენ და შენმა სახლეულმა, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
21 . თუ რამ ნაკლი აღმოაჩნდეს, სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ხინჯი, ნუ შესწირავ მას უფალს, შენს ღმერთს.
22 . თქვენ საცხოვრებელში შეჭამეთ იგი; უწმიდურმაც და განწმედილმაც ჭამოს იგი, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამთ.
23 . ოღონდ მისი სისხლი არ ჭამოთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე”.
1 . და მოედო სამუელის სიტყვები მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
2 . დადგნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ, გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან. ოთხი ათასამდე კაცი მოისრა ბრძოლის ველზე.
3 . მოვიდა ხალხი ბანაკში და თქვეს ისრაელის უხუცესებმა: "რატომ დაგვამარცხა უფალმა დღეს ფილისტიმელთა წინაშე? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, ჩვენს შორის იყოს და გვიხსნას მტრების ხელიდან”.
4 . კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე - ხოფნი და ფინხასი ახლდა.
5 . როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.
6 . როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: "ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
7 . შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან თქვეს: "ღმერთი მოვიდაო ბანაკში”. ამბობდნენ: "ვაი ჩვენ, რადგან არ მომხდარა ასეთი რამ არც გუშინ და არც გუშინწინ.
8 . ვაი ჩვენ! ვინ დაგვიხსნის ამ ძლიერი ღმერთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, ეგვიპტელები რომ მოსრა უდაბნოში ყოველგვარი წყლულებით.
9 . გაძლიერდით და ივაჟკაცეთ ფილისტიმელნო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც ისინი გვემონებოდნენ. ვაჟკაცურად დადექით და იბრძოლეთ!”
10 . შეებრძოლნენ ფილისტიმელები და გაანადგურეს ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; ფრიად დიდი იყო მარცხი, ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
11 . წაიღეს ღვთის კიდობანი; და დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი, ხოფნი და ფინხასი.
12 . გაიქცა ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში, სამოსელი ჰქონდა შემოხეული და თავზე მიწის მტვერი ეყარა.
13 . მივიდა და, აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მივიდა ის კაცი ქალაქში და მოყვა, რაც მოხდა; და გლოვა გამართა მთელმა ქალაქმა.
14 . მოესმა ყელის გლოვის ხმა და იკითხა: "ეს რა ხმაურია?” საჩქაროდ მივიდა ის კაცი და უამბო ყველაფერი.
15 . ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
16 . უთხრა კაცმა ყელის: "ლაშქრიდან წამოვედი, დღეს გამოვიქეცი”. ჰკითხა ყელიმ: "რა მოხდა, შვილო?”
17 . მიუგო მაცნემ და უთხრა: "უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს, დიდი მუსვრა იყო ხალხში, შენი ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასიც დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია”.
18 . ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან, სკამიდან კარისკენ, გადაიქცა ყელი, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული და მძიმე იყო. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
19 . ყელის რძალი, ფინხასის ცოლი მოსალოგინებელი იყო. როგორც კი ღვთის კიდობნის წაღების, თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მუხლებზე დაეცა და შვა, რადგან უცაბედად დაეწყო მშობიარობის ტკივილები.
20 . როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ მასთან მყოფი ქალები: "ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა”. მაგრამ ქალი არ პასუხობდა, რადგან უგრძნობი იყო მისი გული;
21 . და დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი. თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს” - ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის გამო თქვა ეს.
22 . თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს, რადგან წაიღეს ღვთის კიდობანი”.
1 . ერთი წელი იყო გასული საულის გამეფებიდან და მეორე წელიწადი მეფობდა ისრაელზე.
2 . და ამოირჩია თავისთვის სამი ათასი კაცი ისრაელისგან; ორი ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კი - იონათანთან, ბენიამინის გიბყაში; დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
3 . და გაანადგურა იონათანმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი, რომელიც გებაყში იდგა და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა; ჩაჰბერა საულმა საყვირს მთელი ქვეყნის გასაგონად და გამოაცხადა: "ისმინონ ებრაელებმა!”
4 . და მოისმინა მთელმა ისრაელმა: "გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი და შეიძულა ისრაელი ფილისტიმმა”. და შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.
5 . ფილისტიმელნიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად: ოცდაათი ათასი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ და მიქმაშში დაბანაკდნენ, ბეთავენის აღმოსავლეთით.
6 . იხილეს რა ისრაელიანებმა, რომ საფრთხეში იყვნენ, ვინაიდან შეაჭირვეს ხალხი - დაიმალნენ მღვიმეებში, ხეობებში, კლდეთა ნაპრალებში, კოშკებსა და ორმოებში.
7 . ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა, გადისა და გილყადის მიწაზე გადავიდა; მაგრამ ჯერ ისევ გილგალში რჩებოდა საული, მთელი მისი ხალხი კი შეშინებული იყო.
8 . შვიდ დღეს იცდიდა იგი, როგორც სამუელმა დაუთქვა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში; საულს კი ხალხი ეფანტებოდა.
9 . თქვა საულმა: "მომგვარეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირნი!” და მსხვერპლი აღავლინა.
10 . როცა სრულადდასაწველის აღვლენა დაასრულა, სამუელიც გამოჩნდა; და გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11 . უთხრა სამუელმა: "ეს რა ჩაიდინე?” უპასუხა საულმა: "დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი, შენც არ გამოჩნდი დანიშნულ დროზე, ფილისტიმელნი კი მიქმაშში იკრიბებოდნენ.
12 . ვთქვი: ახლა დამეცემიან ფილისტიმელნი გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. ვეღარ მოვითმინე და აღვავლინე სრულადდასაწველი”.
13 . უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
14 . ახლა ვეღარ განმტკიცდება შენი მეფობა; იპოვა უფალმა თავისი გულის სანდომი კაცი და ის დაადგინა თავისი ხალხის მთავრად უფალმა, რადგან არ დაიცავი ღვთის ნაბრძანები”.
15 . ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბყაში წავიდა. საულმა კი აღრიცხა მასთან მყოფი ხალხი, ექვსასამდე კაცი.
16 . საული, მისი ძე, იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში გაჩერდნენ, ხოლო ფილისტიმელნი მიქმაშში დაბანაკდნენ.
17 . გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან დამარბეველთა სამი რაზმი: ერთი ყოფრას გზით, შუალის ქვეყნისკენ გაემართა.
18 . მეორე ბეთხორონის გზაზე წავიდა, მესამე რაზმი _ ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას დაადგა, უდაბნოზე რომ გადის.
19 . მჭედელი აღარ იყო ისრაელის მთელ ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელნი ამბობდნენ: "არ გააკეთონო ებრაელებმა არც მახვილი და არც შუბი”.
20 . და დადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელთა ქვეყანაში, თითოეული თავისი სახნისის, ბარის, წალდის და თოხის გამოსაჭედად.
21 . სახნისის გალესვა სამი შეკელი ღირდა, ისევე, როგორც ბარის, სამკაპის, წალდებისა და მარგილის გალესვა.
22 . ისე მოხდა, რომ ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფ ხალხს არც მახვილები აღმოაჩნდათ და არც შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს, იონათანს აღმოაჩნდათ.
23 . და გაემართა ფილისტიმელთა რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისკენ.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . ფილისტიმელთა მთავრები ასეულებსა და ათასეულებს მიუძღოდნენ, ხოლო დავითი აქიშს მიჰყვებოდა თავის კაცებთან ერთად.
2 . თქვეს ფილისტიმელმა მთავრებმა: "აქ რას აკეთებენ ეს ებრაელები?” უპასუხა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: "განა არ იცნობთ დავითს, ისრაელის მეფის, საულის მსახურს? წელიწადზე მეტია ჩემთანაა და მისი მოსვლიდან დღემდე, ცუდი ვერაფერი ვპოვე მასში”.
3 . ძლიერ განრისხდნენ ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს: "გაუშვი ეგ კაცი და დაბრუნდეს ადგილზე, რომელიც მიუჩინე; ნუ წამოგვყვება ომში, რათა მტრად არ გვექცეს. რითი დაიმსახურებს თავისი ბატონის წყალობას, თუ არა ჩვენი მებრძოლების თავებით?
4 . განა ეს ის დავითი არაა, როკვისას რომ უმღეროდნენ: განგმირა საულმა ათასი, დავითმა კი - ათი ათასიო?!”
5 . მოუხმო აქიშმა დავითს და უთხრა: "ცოცხალია უფალი, უმწიკვლო ხარ; ჩემთვის მოსაწონია შენი შესვლა და გამოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან არ შემინიშნავს შენში ბოროტება ჩემთან შენი მოსვლიდან დღემდე, მაგრამ მთავრებს არ მოუდიხარ თვალში.
6 . ახლა მშვიდობით გაბრუნდი და ფილისტიმელი მთავრების თვალში ცუდი არაფერი გააკეთო”.
7 . ჰკითხა დავითმა აქიშს: "განა ჩავიდინე ან შენიშნე შენს მსახურში რამე, დღიდან ჩემი მოსვლისა დღემდე, რომ არ წამოვიდე და არ ვიბრძოლო ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ?”
8 . მიუგო მას აქიშმა: "ვიცი, რომ ღვთის ანგელოზივით კეთილი ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელ მთავრებს არ უნდათ, რომ წამოგვყვე ომში.
9 . ამიტომ დილაადრიანად ადექით შენ და შენი მებრძოლნი, რომლებიც თან გახლავს და ინათებს თუ არა, უკან გაბრუნდით”.
10 . ადრიანად ადგა დავითი თავის კაცებთან ერთად ფილისტიმელთა ქვეყანაში დასაბრუნებლად. ფილისტიმელნი კი იზრეყელში წავიდნენ.
11 . სანამ მესამე დღეს დავითი და მისი ხალხი ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან შეესივნენ ციკლაგს, შემუსრეს ციკლაგი და გადაწვეს.
1 . ფეკახ რემალიაჰუს ძის მეფობის მეჩვიდმეტე წელს იუდაზე ახაზ იოთამის ძე გამეფდა.
2 . ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში; არ იქცეოდა მამამის დავითივით სწორად უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
3 . ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა. თავისი ძეც კი გაატარა ცეცხლში, იმ წარმართთა საზიზღარი წესისამებრ, რომლებიც განდევნა ისრაელის ძეთაგან უფალმა.
4 . სწირავდა და აკმევდა მაღლობებზე, მწვერვალებსა და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ.
5 . მაშინ გამოვიდნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად: ალყაში მოაქციეს ახაზი, მაგრამ ვერ დაძლიეს იგი.
6 . დაუბრუნა რეცინმა, არამელთა მეფემ, ეილათი არამს და განდევნა იქიდან ებრაელნი; მოვიდნენ ეილათს ედომელნი და დღემდე იქ მკვიდრობენ.
7 . მოციქულები გაუგზავნა ახაზმა თიგლათფილესერს, აშურის მეფეს ამ სიტყვებით: "შენი მსახური და შენი ძე ვარ; მოდი და მიხსენი არამისა და ისრაელის მეფეთაგან, რომლებიც ამხედრდნენ ჩემს წინააღმდეგ”.
8 . აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რომელიც უფლის ტაძარსა და მეფის სასახლის საგანძურში ინახებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს.
9 . ისმინა მისი აშურის მეფემ, გავიდა დამასკოს წინააღმდეგ. დაიპყრო იგი და კირაში გადაასახლა მისი მცხოვრებნი, რეცინი კი მოკლა.
10 . დამასკოს წავიდა მეფე ახაზი თიგლათფილესერის, აშურის მეფის სანახავად. იხილა სამსხვერპლო, რომელიც დამასკოში იყო. გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაკეთობის გეგმა.
11 . მეფე ახაზის მიერ დამასკოდან გამოგზავნილი გეგმის მიხედვით ააგო ურია მღვდელმა სამსხვერპლო, მეფე ახაზის დაბრუნებამდე.
12 . როცა მეფე დამასკოდან დაბრუნდა, ნახა სამსხვერპლო, მიეახლა და აღავლინა მასზე.
13 . აღავლინა მან სრულადდასაწველი და პურეული ძღვენი, გადმოღვარა თავისი საღვრელი და აპკურა სამსხვერპლოზე თავისი სამშვიდობო შესაწირის სისხლი.
14 . ხოლო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც უფლის წინაშე იყო, გადასწია ტაძრის წინა მხრიდან, ახალ სამსხვერპლოსა და უფლის ტაძრის შუა ადგილიდან და თავისი სამსხვერპლოს ჩრდილოეთით მოათავსა.
15 . უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: "დიდ სამსხვერპლოზე აკმიე დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეული შესაწირი; მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეული ძღვენი, ქვეყნის მთელი ხალხის სრულადდასაწველი და მისი პურეული ძღვენი, მათი სასმლის საღვრელები და მასზევე აპკურე სრულადდასაწველებისა და მსხვერპლების მთელი სისხლი; სპილენძის სამსხვერპლოს კი მე მივხედავ”.
16 . ყოველივე აღასრულა ურია მღვდელმა, რაც ბრძანა მეფე ახაზმა.
17 . გვერდები მოახლიჩა მეფე ახაზმა კვარცხლბეკებს და მოხსნა საბანელი; მოხსნა სპილენძის ზღვა ხარებს, რომლებიც მის ქვეშ იყვნენ, და ქვის ფილებზე მოათავსა იგი.
18 . გააუქმა აშურის მეფის გამო შაბათის ტალავერიანი შესასვლელი, რომელიც ტაძართან ააშენეს და დაანგრია ტაძრის სამეფო შესასვლელი.
19 . ახაზის დანარჩენი საქმენი, რომელიც აღასრულა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
20 . განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიკრძალა მათთან დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.
1 . მაშინ გასცა ბრძანება მეფე დარიოსმა და მოძებნეს ბაბილონის წიგნთსაცავებში, სადაც საგანძური ინახებოდა.
2 . და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის სასახლეში, ერთი გრაგნილი, რომელზეც ასე ეწერა: სამახსოვრო წიგნი.
3 . მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს განკარგულება გასცა მეფე კიროსმა ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: „დაე, აშენდეს სახლი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ; მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს სახლს, სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანე - სამოცი წყრთა;
4 . სამი წყება ლოდებისგან იყოს და ერთი წყება ახალი ძელებისგან; საფასურს მეფის სასახლე გადაიხდის.
5 . აგრეთვე ღვთის სასახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში და ღმერთის სახლში მოთავსდეს.
6 . და ახლა, თათენაი, მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზნაი და მათო თანამოაზრენო, მდინარისგაღმელო მმართველებო, თავი დაანებეთ მათ!
7 . ხელს ნუ შეუშლით ღვთის სახლის მშენებლობას! ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდეველთა უხუცესებმა ღვთის სახლი თავის ადგილზე.
8 . განკარგულება გავეცი იმის თაობაზე, რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ხელახლა ასაგებად: მეფის საგანძურიდან და მდინარის გაღმა აკრეფილი გადასახადებიდან დაუყოვნებლივ მიეცით ამ კაცებს სახარჯოდ, რომ არ შეფერხდეს საქმე.
9 . რაც კი სჭირდებათ: მოზვრები, ვერძები და კრავები ცათა ღმერთისთვის სრულადდასაწველის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც მოითხოვენ იერუსალიმის მღვდლები, ყოველდღიურად მიეცით მათ შეუფერხებლად;
10 . რათა შესწირონ სასურველი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფის და მისი ძეების დღეგრძელობისთვის.
11 . ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას - გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.
12 . დაე ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად ან ღვთის სახლის დასანგრევად, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა გავეცი განკარგულება და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს!”
13 . მაშინ თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვა დაუყოვნებლივ აღასრულეს.
14 . აშენებდნენ ებრაელთა უხუცესნი და წარმატებას აღწევდნენ, ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველების თანახმად. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ; და კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას - სპარსეთის მეფეების ბრძანებისამებრ.
15 . დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.
16 . სიხარულით იდღესასწაულეს ღვთის სახლის მიძღვნა ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედ ნამყოფმა ხალხმა.
17 . და შესწირეს ღვთის სახლის მიძღვნისას: ასი მოზვერი, ორასი ვერძი, ოთხასი კრავი; და თორმეტი ვაცი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირად, ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით.
18 . დააყენეს მღვდლები მათი დანიშნულების მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით, ღმერთის მსახურებისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
19 . და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
20 . რადგან ერთიანად განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები, ყველანი წმიდები იყვნენ; და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მღვდელი ძმებისთვის და თავიანთთვის.
21 . ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხების უწმიდურებას, რათა ეძებნათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
22 . შვიდ დღეს ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს, რადგან გაახარა ისინი უფალმა და მოაბრუნა მათკენ აშურის მეფის გული, რათა განემტკიცებინა მათთვის ხელი ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის მშენებლობისას.
1 . დიდი უკმაყოფილება ჩამოვარდა ხალხში და მათ ცოლებში იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ.
2 . იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენ, ჩვენი ძეებითა და ასულებით, ბევრნი ვართ, ამიტომ ვიშოვოთ მარცვლეული, რათა ვჭამოთ და ვიცოცხლოთ”.
3 . იყვნენ სხვები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს ვაგირავებთ, რათა მარცვლეული ვიშოვოთ და არ ვიშიმშილოთ”.
4 . და იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ამბობდნენ: "ფული ვისესხეთ, რათა მეფისათვის ხარკი გადაგვეხადა, ჩვენი ყანებისა და ვენახებისათვის.
5 . თუმცა ჩვენი ხორცი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ძმებისა და ჩვენი ძენიც ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ იძულებულნი ვართ ჩვენი ძეები და ასულები მონებად მივცეთ, ხოლო ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია; აღარ ძალუძს ჩვენს ხელებს მათი გამოხსნა; ჩვენი ყანები და ვენახებიც სხვებს ეკუთვნის”.
6 . ძალიან გავბრაზდი, როცა მათი მოთქმა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.
7 . გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ.
8 . ვთქვი: "რაც შევძელით გამოვისყიდეთ წარმართებზე მიყიდული იუდაელი ძმები, თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” დადუმდნენ, რა ეთქვათ არ იცოდნენ.
9 . ვუთხარი: "არ არის კარგი თქვენი საქციელი! განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ არ შერცხვეთ წარმართებისა და ჩვენი მტრების თვალში?
10 . მეც, ჩემი ძმებიც და მსახურებიც სესხად ვაძლევდით მათ ვერცხლსა და მარცვლეულს; მოდით, ნუღარ მოვითხოვთ ამ ვალს,
11 . დღესვე დაუბრუნეთ მათ ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ვერცხლის სარგებელი, მარცვლეული, ღვინო და ზეთი, რასაც ვახშად იღებდით”.
12 . მითხრეს: "დავუბრუნებთ და აღარ მოვითხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც ამბობ!” მოვუხმე მღვდელს და აღთქმა დავადებინე, რომ შეესრულებინათ სიტყვა.
13 . კალთები ჩამოვიბერტყე და ვთქვი: "ასე გაბერტყოს ღმერთმა თავისი სახლისგან და ნაშრომისგან ყოველი კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ სიტყვას; ასე გაბერტყილი და ცარიელი იყოს!” და თქვა მთელმა კრებულმა: "ამინ!” ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.
14 . იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყნის განმგებლობა მიბრძანა, ართახშასთას მეფობის მეოცედან ოცდამეთორმეტე წლამდე, თორმეტი წლის განმავლობაში, მე და ჩემს ძმებს განმგებლისთვის განწესებული პური არ გვიჭამია.
15 . განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ.
16 . პირიქით, კედლის შენებას ვჩქარობდი და ყველა ჩემი მსახური იქ იკრიბებოდა სამუშაოდ. მიწები არ მიყიდია.
17 . მაგიდასთან ჩვენთან მოსულ მეზობლად მცხოვრები ხალხებიდან მოსულთა გარდა, ას ორმოცდაათი ებრაელი და მოხელე მეჯდა.
18 . აი, რა მზადდებოდა ყოველდღიურად: ერთი მოზვერი, ექვსი რჩეული ცხვარი და ფრინველი; ყოველ ათ დღეში - ნაირგვარი ღვინო უხვად. მაგრამ არც ამის გამო მომითხოვია გამგებლის პური, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის შრომა.
19 . სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო, ყველაფერი რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.
1 . როდესაც სანბალატმა, ტობიამ, არაბმა გაშმუმ და ჩვენმა დანარჩენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და ბზარი არ დაგვიტოვებია მასში, თუმცა იმ ჟამად კარიბჭეებში კარები არ მქონდა ჩაყენებული,
2 . კაცი მომიგზავნეს სანბალატმა და გაშმუმ და შემომითვალეს: "წამო, ონოს დაბლობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ”. განზრახული ჰქონდათ, რომ ბოროტება შეემთხვიათ ჩემთვის.
3 . მაცნეები გავუგზავნე და შევუთვალე: "დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა; რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ და ჩამოვალ თქვენთან?”
4 . ოთხჯერ გამომიგზავნეს ამ სიტყვით მაცნე და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე.
5 . ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ეჭირა.
6 . წერილში ეწერა: "ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული.
7 . წინასწარმეტყველებიც დაგიდგენია, რათა იერუსალიმში განაცხადონ შენზე და თქვან: არის მეფე იუდაში! ახლა მეფესაც აცნობებენ ამ სიტყვებს; ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ”.
8 . გავუგზავნე მაცნე და შევუთვალე: "ასეთი რამ, რასაც ამბობ, არ თქმულა, რადგან შენი გონებით თხზავ მაგას!”
9 . ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: "ხელები დაუსუსტდებათ და საქმეს ვერ დაასრულებენო”. ღმერთო, ახლა უფრო განმიმტკიცე ხელები!
10 . ამის შემდეგ შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის სახლში შევედი, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი და მითხრა: "ღვთის სახლში წავიდეთ, ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად”.
11 . ვუთხარი: "განა ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? ანდა ისეთი, როგორიც მე ვარ, სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში უნდა შევიდეს? არ შევალ-მეთქი!”
12 . მივხვდი, რომ ღმერთის გამოგზავნილი არ იყო. ჩემს წინააღმდეგ იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიასა და სანბალატს დაექირავებინათ.
13 . დაიქირავეს იმისთვის, რომ შემშინებოდა და ჩემი საქციელით ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაგმობად გამოიყენებდნენ.
14 . ღმერთო ჩემო, გაიხსენე ტობია და სანბალატი ამ საქმეებისამებრ; აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი და დანარჩენი წინასწარმეტყველებიც, რომლებსაც ჩემი დაშინება სურდათ.
15 . დასრულდა ქალაქის კედელი ელულის ოცდახუთში - ორმოცდათორმეტ დღეში.
16 . როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ერებმა დაინახეს, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენმა ღმერთმა აღასრულა ეს საქმე.
17 . იმ დღეებში, იუდას დიდებულების მრავალი წერილი მისდიოდა ტობიას, ტობიას წერილები კი მათ მისდიოდათ,
18 . რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მის ძეს, იოხანანს, ცოლად მეშულამ ბერექიაჰუს ძის ასული ჰყავდა.
19 . ჩემს წინაშე მის კეთილ საქმეებზე ლაპარაკობდნენ, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ, ხოლო ტობია წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.
1 . შეიტყო მორდექაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და შუაგულ ქალაქში გავიდა; ხმამაღლა მოსთქვამდა და მწარედ ღაღადებდა.
2 . მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან ჯვალოთი შემოსილი ვერავინ შევიდოდა მეფის კარიბჭეში.
3 . ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ გამართული ებრაელებს, მარხვა, გოდება და ქვითინი; ბევრს ქვეშ ჯვალო და ნაცარი ეგო.
4 . მივიდნენ ესთერთან მისი მხევლები და საჭურისები და უამბეს ეს ამბავი. დიდად დამწუხრდა დედოფალი. სამოსელი გაუგზავნა, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.
5 . მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მეფემ მიუჩინა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა ხდებოდა.
6 . და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ.
7 . უამბო მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და იმ ვერცხლის ზუსტი რაოდენობაც აუწყა, რომელიც ჰამანს უნდა შეეტანა მეფის საუნჯეში იუდეველთა მოსასპობად.
8 . დაწერილი განკარგულების პირიც გადასცა, შუშანში რომ გაიცა მათ გასანადგურებლად, რათა ესთერისთვის ეჩვენებინა და ყველაფერი ეამბნა; დაავალა ესთერს, რომ მეფესთან მისულიყო, შევედრებოდა და წყალობა გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.
9 . მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის სიტყები.
10 . ელაპარაკა ესთერი ჰათაქს და დააბარა მორდექაისთან:
11 . "მეფის ყველა მსახურმა და სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, კანონის თანახმად ერთი სასჯელი - სიკვდილი ელის; მხოლოდ ის იცოცხლებს, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც თავისთან არ მივუხმივარ მეფეს”.
12 . და გადასცეს მორდექაის ესთერის სიტყვები.
13 . შეუთვალა მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ: "ნუ იფიქრებ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები ებრაელთაგან მეფის სახლში.
14 . რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”
15 . და მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:
16 . "წადი და შეკრიბე შუშანის მთელი ებრაელობა, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად და ისე მივალ მეფესთან, თუმცა ამით წესს დავარღვევ; თუ დავიღუპები, დავიღუპო!”
17 . წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ესთერმა.
1 . იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს ებრაელთა მტრის, ჰამანის სახლი. მორდექაი კი მეფის წინაშე წარსდგა, რადგან გაუმხილა ესთერმა, ვინ იყო იგი მისთვის.
2 . წაიძრო მეფემ ჰამანისთვის ჩამორთმეული ბეჭედი და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სასახლის განმგებლად დანიშნა მორდექაი.
3 . კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხთით და ტირილით ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტება და მისი განზრახვა, რომელიც ებრაელთა წინააღმდეგ განიზრახა.
4 . გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.
5 . თქვა: "თუ ინებებს მეფე, თუ მადლი მიპოვია მის წინაშე, თუ მისაღებია ეს საქმე მეფისთვის და მეც სათნო ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს აგაგელი ჰამან ჰამედათას ძის მიერ მეფის ყველა სამთავროში მცხოვრებ ებრაელთა გასანადგურებლად შეთხზულ წერილებს.
6 . რადგან, როგორ ვუყურო იმ ბოროტებას, რაც ჩემს ხალხს უნდა შეემთხვას? როგორ ვუყურო ჩემიანების დაღუპვას?”
7 . და უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და მორდექაი ებრაელს: "აჰა, მე მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან ებრაელებზე აღმართა ხელი.
8 . თქვენ კი მეფის სახელით დაწერეთ და მეფის ბეჭედით დაბეჭდეთ ებრაელებზე ის, რაც სათნოდ მიგაჩნიათ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი განკარგულება”.
9 . მაშინ მესამე თვეს, სივანის თვის ოცდამესამე დღეს, მოუხმეს მეფის მწიგნობრებს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ ებრაელებს, სატრაპებს, განმგებლებსა და სამთავროთა მთავრებს, ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, ებრაელებსაც თავისი დამწერლობით და თავის ენაზე.
10 . მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით დაბეჭდა და სამეფო ცხენებზე, ჯორებსა და აქლემებზე ამხედრებული შიკრიკების მეშვეობით დააგზავნა წერილები.
11 . ნებას აძლევდა მეფე ებრაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რომ შეკრებილიყვნენ და დაეცვათ თავისი სიცოცხლე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ იმ ხალხებისა და სამთავროს შენაერთები, რომელიც მტრულად მოეკიდებოდა მათ და გაილაშქრებდა მათი შვილებისა და ქალების წინააღმდეგ და ნადავლად წაეღოთ მათი ქონება.
12 . ერთი დღის განმავლობაში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს,
13 . წერილის ასლი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში და უნდა გამოქვეყნებულიყო ყველა ხალხისთვის, რომ მზად ყოფილიყვნენ ებრაელები ამ დღისთვის, თავის მტრებზე შურის საძიებლად.
14 . აჩქარებით და გამალებით დაიძრნენ სამეფო ბედაურებზე ამხედრებული შიკრიკები, მეფის ბრძანებით. სატახტო ქალაქ შუშანშიც გამოცხადდა მეფის განკარგულება.
15 . გამოვიდა მორდექაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და მეწამული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.
16 . და იყო ებრაელთათვის ნათელი, სიხარული, მხიარულება და პატივი.
17 . ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და მხიარულება ჰქონდათ ებრაელებს, ნადიმი და დღესასწაული. იმ მიწაზე მცხოვრები ხალხებისგან ბევრი გაებრაელდა, რადგან ებრაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
1 . მეთორმეტე თვის, ადარის მეცამეტე დღეს, როცა მეფის ბრძანების აღსრულების დრო მოახლოვდა, იმ დღეს, როცა ებრაელთა მტრები მათ დამორჩილებას იმედოვნებდნენ, საქმე ისე შემობრუნდა, რომ თვით ებრაელებმა დაიმორჩილეს თავიანთი მოძულენი.
2 . და შეიკრიბნენ ებრაელნი თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე და წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო მთელი ხალხი.
3 . მხარეთა ყველა მთავარი, სატრაპი, გამგებელი და მეფის საქმის აღმსრულებელი ებრაელთ ედგნენ მხარში, რადგან მორდექაის შიში დაეცათ.
4 . დიახ, დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში, მისი ამბავი ყველა სამთავროს მოედო და სულ უფრო იზრდებოდა ამ კაცის, მორდექაის სიდიადე.
5 . მახვილით დასცეს ებრაელებმა თავიანთი მტრები, კლავდნენ და ანადგურებდნენ თავიანთ მოძულეთ, როგორც უნდოდათ.
6 . ხუთასი კაცი დახოცეს და მოსპეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში.
7 . ფარშანდათა, დალფონი, ასფათა,
8 . ფორათა, ადალია, არიდათა,
9 . ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიეზათა -
10 . ჰამან ჰამედათას ძის, იუდეველთა მტრის ათი ძე მოკლეს, ნადავლისთვის კი ხელი არ დაუდიათ.
11 . იმ დღესვე აუწყეს მეფეს შუშანის ციხე-ქალაქში მოკლულთა რიცხვი.
12 . უთხრა მეფემ დედოფალ ესთერს: "ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი დახოცეს და გაანადგურეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში; დანარჩენ სამთავროებში რაღას იზამდნენ! აბა, კიდევ რა თხოვნა გაქვს? აგისრულდება! რა არის შენი სათხოვარი? აღსრულებულ იქნება!”
13 . მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ხვალაც მიეცეთ უფლება ებრაელებს, რომლებიც შუშანში იმყოფებიან, დღევანდელი ბრძანებისამებრ იმოქმედონ და ძელებზე ჩამოკიდონ ჰამანის ათი ძე”.
14 . და ბრძანა მეფემ, რომ ასე გაკეთებულიყო! გაიცა ბრძანება შუშანში და ძელებზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
15 . ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, ქონებას კი ხელი არ ახლეს.
16 . დანარჩენი ებრაელები კი მეფის სამთავროებში შეიკრიბნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ. და დახოცეს სამოცდათხუთმეტი ათასი, მაგრამ მათ ქონებას ხელი არ ახლეს.
17 . ადარის თვის მეცამეტე დღეს მოხდა ეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ჭამა-სმისა და მხიარულების დღედ აქციეს.
18 . შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი, როგორც მეცამეტე, ისე მეთოთხმეტე დღესაც; მეთხუთმეტე დღეს კი მშვიდობა იყო და ნადიმობდნენ და მხიარულობდნენ.
19 . ამიტომ არის, რომ უგალავნო ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ებრაელნი ადარის თვის მეთოთხმეტე დღეს ზეიმობენ, ნადიმობენ, დღესასწაულობენ და საჩუქრებს უგზავნიან ერთმანეთს.
20 . აღწერა მორდექაიმ ეს ამბები და წერილები დაუგზავნა მეფე ახაშვეროშის სამთავროების ყველა ებრაელს, ახლო მაცხოვრებლებსა და შორს მაცხოვრებლებს,
21 . რათა დაედგინათ თავისთვის და ყოველწლიურად ეზეიმათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე,
22 . დღეები, როცა თავიანთი მტრებისგან მოისვენეს ებრაელებმა და მწუხარება - სიხარულად, გლოვა კი დღესასწაულად ექცათ; რათა ნადიმისა და მხიარულების დღეებად ექციათ ისინი, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღეებად.
23 . და მიიღეს ებრაელებმა ის, რასაც თავადაც აკეთებდნენ და რაც მისწერა მათ მორდექაიმ,
24 . რადგან ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, ყველა ებრაელის მოძულე, ფიქრობდა ებრაელთა მოსპობას და "ფური” ჰყარა მათ აღმოსაფხვრელად და დასაღუპად.
25 . მაგრამ როცა წარსდგა ესთერი მეფის წინაშე, მან მაშინვე ბრძანა წერილობით, რომ ჰამანის ბოროტი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული მასვე დაბრუნებოდა და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი!”
26 . ამიტომ უწოდეს ამ დღეს "ფურიმი”, წილისყრის გამო და თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და ყოველივე იმისა, რაც თვითონ იხილეს და შეემთხვათ.
27 . და დაიდგინეს ებრაელებმა თავისთვის, თავისი მოდგმისა და ყველა მათთან მიკედლებულისთვის, რომ გარდაუვლად ედღესასწაულათ ეს ორი დღე მითითებისამებრ და დადგენილ დროს, ყოველწლიურად.
28 . რათა გაეხსენებინათ ამ დღეს და ეზეიმათ თაობიდან თაობაში, ოჯახიდან ოჯახში, სამთავროდან სამთავროში და ქალაქიდან ქალაქში; ხოლო ფურიმის ეს დღეები არ დავიწყებულიყო მათ შთამომავლობაში.
29 . მთელი ძალაუფლებით დაწერეს დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის ასულმა და ებრაელმა მორდექაიმ დასტური, რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს მეორე წერილი.
30 . გაგზავნეს წერილები მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვებით, ყველა ებრაელთან, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდივე სამთავროში,
31 . რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც ამას მორდექაი და დედოფალი ესთერი აღასრულებდნენ და როგორც დაიდგინეს თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის, მარხვებისა და ლოცვების დღეებში.
32 . ასე განამტკიცა ესთერის ბრძანებამ სიტყვები ფურიმის შესახებ და ჩაწერილ იქნა წიგნში.
1 . ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
2 . მისი ძალაუფლების, მიღწევებისა და შეძლების საქმე, მორდექაის სრული სიდიადე, თუ როგორ განადიდა იგი მეფემ, განა მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეში არ არის ჩაწერილი?
3 . რადგან ებრაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო ებრაელთა შორის და მიღებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავისი ხალხისთვის და მშვიდობის მეტყველი მთელი თავისი ერისთვის.
1 . იყო სიტყვა უფლისგან იერემიასადმი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი მისი ლაშქარი, მისი გამგებლობის ქვეშ მყოფი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და სხვა ქალაქებს.
2 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: "წადი, ელაპარაკე იუდას მეფეს, ციდკიაჰუს, და უთხარი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში გადაბუგავს მას.
3 . ვერც შენ გაექცევი მას, უსათუოდ შეგიპყრობენ და ხელში ჩაგიგდებენ. თვალს გაუსწორებ ბაბილონის მეფეს და პირისპირ დაელაპარაკები; ბაბილონში წახვალ”.
4 . მაგრამ ისმინე უფლის სიტყვა, ციდკიაჰუ, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: "მახვილით არ მოკვდები!
5 . მშვიდობაში მოკვდები; როგორც შენს მამა-პაპას და შენს წინამორბედ მეფეებს, შენზე წინ რომ იყვნენ, უკმევდნენ საკმეველს, შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონო, დაგიტირებენ, რადგან მე ვთქვი სიტყვა!” - ამბობს უფალი.
6 . უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში,
7 . მაშინ, როცა ბაბილონის მეფის ლაშქარი ებრძოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშსა და აზეკას, რადგან ესენიღა იყვნენ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.
8 . სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიაჰუმ აღთქმა დადო მთელ ხალხთან, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ მონობისგან თავისუფლებას გამოაცხადებდა;
9 . რომ ყველას უნდა გაეთავისუფლებინა თავისი მონა და თავისი მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, რათა აღარავის ჰყოლოდა მონად თავისი მოძმე ებრაელი.
10 . დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ერი, ვისაც აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავიანთ მონებსა და მხევლებს, და აღარავის ეყოლებოდა მონა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
11 . მაგრამ მერე გადაიფიქრეს და დაიბრუნეს თავ-თავისი მონები და მხევლები, რომლებიც გაათავისუფლეს და აიძულეს ისინი, რომ კვლავ მონებად და მხევლებად გამხდარიყვნენ.
12 . და იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი, უფლისგან ნათქვამი:
13 . "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდე აღთქმა თქვენს მამებთან იმ დღეს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი; ვუთხარი:
14 . თითოეულმა თქვენგანმა ყოველი შვიდი წლის შემდეგ გაუშვით თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურათ; თავისუფლად გაუშვით იგი თქვენგან! მაგრამ არ მისმინეს თქვენმა მამებმა, ყური არ დამიგდეს.
15 . თქვენ კი მობრუნდით და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, რომ თითოეულმა გაათავისუფლა თავისი მოყვასი და ჩემ წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
16 . მაგრამ მერე გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი; დაიბრუნეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი მონა და მხევალი, რომლებიც მათი ნებისამებრ გყავდათ გათავისუფლებულნი; და აიძულეთ ისინი, რომ ისევ თქვენი მონები და მხევლები გამხდარიყვნენ.
17 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავისი მოყვასი, აჰა, გიცხადებთ, რომ მე დავუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და შიშისზარად გაქცევთ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
18 . იმ კაცებს, რომლებმაც დაარღვიეს ჩემი აღთქმა და არ შეასრულეს იმ აღთქმის პირობები, რომელიც ჩემ წინაშე დადეს, ისე მოვექცევი, როგორც ხბოს, რომელიც ორად გახლიჩეს და მის ნაწილებს შორის გაიარეს.
19 . იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ხალხს, რომლებმაც ხბოს ნაწილებს შორის გაიარეს,
20 . ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მინდვრის მხეცთა საჯიჯგნად იქცევა.
21 . ხოლო ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, და მის მთავრებს, მათი მტრებისა და მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში ჩავაგდებ, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან.
22 . ასეთ ბრძანებას გავცემ, ამბობს უფალი, და ამ ქალაქისკენ მოვაბრუნებ მათ, შეებრძოლებიან, დაიპყრობენ და ცეცხლით გადაბუგავენ მას; უკაცრიელ უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს”.
1 . და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ:
2 . "ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ!”
3 . ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშისკენ მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ გადახვეწილიყო უფლის პირისგან.
4 . მაგრამ ძლიერი ქარი ამოაგდო უფალმა, დიდი ქარიშხალი ამოვარდა, ისეთი, რომ დალეწვის პირას მიიყვანა ხომალდი.
5 . შეშინდნენ მეზღვაურნი და ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც ტვირთი ჰქონდათ, ზღვაში გადაყარეს, რომ შეემსუბუქებინათ ხომალდი, იონა კი ხომალდის ბანქვეშ იყო ჩასული, იწვა და ეძინა.
6 . მივიდა ხომალდის მეთაური და უთხრა: "რა დროს ძილია? ადექი, შენს ღმერთს მოუხმე, იქნებ შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ”.
7 . ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "წილი ვყაროთ, იქნებ გავიგოთ, ვის გამო დაგვატყდა თავს ეს უბედურება”. ყარეს წილი და იონას შეხვდა წილი.
8 . უთხრეს: "გვითხარი, რის გამო დაგვატყდა ეს უბედურება? რა ხელობის კაცი ხარ და საიდან მოდიხარ? რომელი ქვეყნიდან ხარ და რომელი ხალხიდან?”
9 . მიუგო: "ებრაელი ვარ, მოშიში უფლისა, ცათა ღმერთისა, ვინც შექმნა ზღვა და ხმელეთი”.
10 . დიდად შეშინდნენ ეს კაცები, როცა უამბო იონამ, რომ უფლის პირს გაურბოდა. უთხრეს: "ეს რა ჩაგიდენია?”
11 . ჰკითხეს: "რა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?” რადგან ზღვა უფრო და უფრო ღელავდა.
12 . მიუგო: "ამიყვანეთ და ზღვაში გადამაგდეთ, მაშინ დაწყნარდება იგი; ვიცი, რომ ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს”.
13 . მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთისკენ გაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.
14 . მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: "გევედრებით, უფალო, ამ კაცის გამო ნუ დაგვღუპავ, მაგრამ ნურც უდანაშაულო სისხლს მოგვკითხავ, რადგან ყველაფერი ისე ხდება უფალო, როგორც შენ გინდოდა”.
15 . ადგნენ, ზღვაში გადააგდეს იონა და დამშვიდდა აბობოქრებული ზღვა.
16 . დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს უფალს და აღთქმები დაუდეს.
17 . დიდი თევზი მოავლინა უფალმა, რომ გადაეყლაპა იონა. სამი დღე და სამი ღამე იყო იონა თევზის მუცელში.
1 . იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან
2 . მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
3 . ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.
4 . ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.
5 . მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.
6 . წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.
7 . ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში; მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
8 . ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.
9 . მაშინ ადგნენ ზოგიერთები იმ სინაგოგებიდან ლიბერტინელებს, კვირინელებსა და ალექსანდრიელებს რომ უწოდებდნენ, აგრეთვე ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და შეედავნენ სტეფანეს.
10 . მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
11 . მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: "გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს”.
12 . აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს
13 . წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს: ეს კაცი გამუდმებით ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.
14 . გავიგონეთ, როგორ ამბობდა, იესო ნაზარეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო.
15 . და ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, უყურებდა სტეფანეს და ხედავდა მის სახეს, როგორც ანგელოზისას.
1 . ო, ნეტა ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს უგუნურებას! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
2 . ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3 . მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
4 . ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
5 . მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
6 . მართალია, სიტყვაში გაუწაფავი, მაგრამ არა ცოდნაში; თუმცა ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე.
7 . ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8 . სხვა ეკლესიებს ვართმევდი და გასამრჯელოს ვიღებდი მათგან, რათა თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მიჭირდა, არავინ შემიწუხებია.
9 . ვინაიდან ჩემს ნაკლულობას მაკედონიიდან მოსული ძმები ავსებდნენ; ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით და კვლავაც ვეცდები.
10 . და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
11 . რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
12 . მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან.
13 . რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
14 . თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
15 . მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16 . და კვლავაც ვიტყვი - ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო.
17 . რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით,
18 . და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
19 . ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
20 . იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ.
21 . ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.
22 . ისინი ებრაელები არიან? - მეც. ისრაელიანები არიან? - მეც. აბრაჰამის თესლნი არიან? - მეც.
23 . ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
24 . ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
25 . სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი;
26 . გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;
27 . შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
28 . გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29 . ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?
30 . თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
31 . ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
32 . დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.
33 . სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.
1 . და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2 . ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ ბოროტმოქმედებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3 . რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
4 . თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
5 . წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,
6 . ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
7 . მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.
8 . ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;
9 . და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
10 . რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
11 . რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12 . არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
13 . ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
14 . ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
15 . ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16 . ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17 . ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
18 . ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19 . მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20 . ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,
21 . რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
1 . 1. როდესაც შეწყვიტა ღაღადისი ისრაელის ღმერთის მიმართ და გაასრულა ყოველი სათქმელი, 2. წამოდგა ჩოქისგან, უხმო თავის მოახლეს და წავიდა სახლში, სადაც დაჰყო შაბათები და სადღესასწაულო დღეები. 3. გაიხადა ძაძა, რომელიც ეცვა, ქვრივობის სამოსი, დაიბანა ტანი წყლით, იცხო სქელი ნელსაცხებელი, დაივარცხნა თმები, გაიკეთა ზედ თავსაკრავი და ჩაიცვა თავისი სამხიარულო ტანისამოსი, რომელსაც თავისი ქმრის, მენაშეს, სიცოცხლეში იცვამდა. 4. ჩაიცვა ფეხზე სანდლები, გაიკეთა ფარღული და სამაჯურები, ბეჭდები და საყურეები - ყველა თავისი სამკაული - და ძლიერ გაილამაზა თავი, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა მას. 5. მისცა თავის მოახლეს ღვინის ტიკი და ზეთის ჭურჭელი, გაავსო ხურჯინი ქერის პურით, ჩირით და წმინდა პურით. ჩააწყო მთელი თავისი სანოვაგე და აჰკიდა მას. 6. მივიდნენ ბეთულიას ქალაქის კარიბჭესთან, ნახეს იქ მდგომი ყუზია და ქალაქის უხუცესნი - ხაბრისი და ხარმისი. 7. როგორც კი დაინახეს მათ ივდითი, მისი გადასხვაფერებული გარეგნობა და გამოცვლილი სამოსი, ძლიერ განცვიფრდნენ მისი სილამაზით და უთხრეს: 8. ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგმადლოს შენ და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელიანთა საამაყოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად. 9. თაყვანისცა ღმერთს ივდითმა და უთხრა მათ: ბრძანეთ, რომ გამიღონ ქალაქის კარიბჭე, რათა გავემართო იმ საქმის აღსასრულებლად, რაზეც მელაპარაკეთ. უბრძანეს ჭაბუკებს გაეღოთ მისთვის კარიბჭე, როგორც მან თქვა. 10. ასეც მოიქცნენ. გავიდა თავად ივდითი და მოახლე მასთან ერთად. ქალაქის კაცები თვალს ადევნებდნენ მას, სანამ მთას გადაივლიდა და ხევში შევიდოდა. ამის შემდეგ აღარ დაუნახავთ იგი. 11. ისინი ხევ-ხევ წავიდნენ და გადაუდგა წინ აშურელთა ყარაული. 12. შეიპყრეს იგი და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? უპასუხა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც განწირულნი არიან თქვენგან ჩასანთქმელად. 13. მე კი თქვენი ლაშქრის მხედართმთავართან, ოლოფერნესთან, მივდივარ, რათა ვაუწყო მას სინამდვილე და ვუჩვენო გზა, რომლითაც გაემართება იგი და დაიპყრობს მთელ მთიანეთს ისე, რომ ძე ხორციელი არ დაიღუპება მისი ხალხიდან. 14. მისი ნათქვამი რომ მოისმინეს კაცებმა და მის სახეს შეხედეს - განსაცვიფრებლად ლამაზი ჩანდა იგი მათ თვალში - უთხრეს მას: 15. გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში. 16. როცა წარსდგები მის წინაშე, ნუ შეშინდები, მოახსენე შენი სათქმელი და უთუოდ კეთილად მოგექცევა. 17. გამოარჩიეს თავიანთაგან ასი კაცი, ჩააბარეს მათ იგი თავის მოახლესთან ერთად და ოლოფერნეს კარავში წაიყვანეს. 18. დიდი მღელვარება შეიქნა მთელ ბანაკში, რადგან ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ, ის კი ოლოფერნეს კარვის გარეთ იდგა, სანამ მოახსენებდნენ მასზე. 19. აკვირვებდა მათ ივდითის სილამაზე, აკვირვებდა ისრაელიანთა ამბავი. უთხრა თითოეულმა თავის ახლობელს: როგორ შეიძლება ამ ხალხის არად ჩაგდება რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? ერთი კაციც არ უნდა გადარჩეს მათგან, თორემ გადარჩენილნი ჭკუაზე შეშლიან მთელ ქვეყანას. 20. გამოვიდნენ ოლოფერნეს მესაწოლენი, ყველა მისი მსახური და შეიყვანეს იგი კარავში. 21. ოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული. 22. როცა ივდითზე მოახსენეს, კარვის წინ გამოვიდა იგი, ვერცხლის ჩირაღდნები მოუძღოდა წინ. 23. როცა ივდითი წარსდგა ოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე, ყველა განცვიფრებული დარჩა მისი სახის სილამაზით. დაემხო ივდითი მის წინაშე და თაყვანი სცა მას. მისმა მორჩილებმა წამოაყენეს იგი.
1 . 1. ბრძანა ოლოფერნემ, შეეყვანათ იგი იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო. გაეშალათ მისთვის სუფრა მისი კერძეულისგან და მისი ღვინო მიეცათ სასმელად. 2. თქვა ივდითმა: არ შევჭამ ამას, რომ საფრთხე არ მოხდეს, ჩემს საგზალს ვიკმარებ. 3. უთხრა მას ოლოფერნემ, როცა შემოგაკლდება შენი საგზალი, რანაირად მოგაწოდოთ მაგის მსგავსი, რადგან არავინაა ჩვენთან შენი მოდგმისა. 4. მიუგო მას ივდითმა: შენმა სიცოცხლემ, ჩემო ბატონო, არ დახარჯავს შენი მორჩილი ყველაფერს, რაც თან აქვს, ვიდრე არ აღასრულებს უფალი ჩემი ხელით იმას, რაც განზრახული მაქვს. 5. შეიყვანეს იგი ოლოფერნეს მორჩილებმა კარავში და იძინა მან შუაღამემდე. გამთენიისას ადგა 6. და შეუთვალა ოლოფერნეს: ბრძანოს ჩემმა ბატონმა და სალოცავად წასვლის ნება დართოს თავის მორჩილს. 7. უბრძანა ოლოფერნემ მცველებს, არ დაებრკოლებინათ იგი. ასე დაჰყო მან ბანაკში სამი დღე. გადიოდა ღამით ბეთულიას ხეობაში და წყაროს წყალში განიბანებოდა. 8. როცა ამოვიდოდა წყლიდან, შესთხოვდა ისრაელის უფალ ღმერთს, წარემართა მისი გზა უფლის ერის ასამაღლებლად. 9. ბრუნდებოდა განბანილი და კარავში რჩებოდა, სანამ საღამოთი თავის საზრდოს მიიღებდა. 10. მეოთხე დღეს გამართა ოლოფერნემ ლხინი მხოლოდ თავის მორჩილთათვის და სხვას არავის უხმო იმათგან, ვისი მოწვევაც საჭირო იყო. 11. უთხრა ბაგუას, თავის საჭურისს, რომელიც მთელი მისი საბადებლის განმგებელი იყო: მიდი და არწმუნე ის ებრაელი ქალი, შენთან რომ იმყოფება, მოვიდეს და ჩვენთან ერთად ჭამოს და სვას. 12. სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ასეთი ქალი ისე გავუშვათ, რომ არ დავუახლოვდეთ. თუ ვერ მოვიზიდავთ მას, დაგვცინებს კიდეც. 13. გავიდა ბაგუა ოლოფერნესგან, მივიდა ქალთან და უთხრა: ნუ აყოვნებს მშვენიერი მხევალი ჩემს ბატონთან მისვლას, რათა განდიდებულ იქნას მის წინაშე და სასიხარულოდ სვას ჩვენთან ერთად ღვინო და ისე მოიქცეს დღეს, როგორც იქცევიან აშურელი ქალიშვილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის სახლში იმყოფებიან. 14. მიუგო მას ივდითმა: ვინ ვარ მე, უარი რომ ვუთხრა ჩემს უფალს. ყველაფერს უმალ გავაკეთებ, რაც მის თვალში უკეთესი იქნება, და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს. 15. ადგა, მოირთო სამოსითა და ყოველგვარი სადიაცო სამკაულით. გაუძღვა მისი მხევალი და დაუფინა მიწაზე ოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი, რომელიც ბაგუას გამოართვა ყოველდღიური საჭიროებისათვის, რომ საჭმელის ჭამის დროს მასზე ინახით მჯდარიყო. 16. შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად. 17. უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად. 18. მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში. 19. აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა. 20. გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი.
1 . 1. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი, ძმებო! აიღეთ ეს თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურზე. 2. როცა გათენდება და მზე ამოანათებს ქვეყანაზე, აიღეთ თქვენ-თქვენი საბრძოლო აღჭურვილობა და ქალაქის გარეთ გადით ყველა ძლიერი მამაკაცი. წინ მეთაური გაიძღოლეთ, ვითომ დაბლობზე გადადიხართ, აშურელთა სადარაჯოებთან. ოღონდ ნუ გადახვალთ. 3. ამასობაში ისინი იარაღს აისხამენ, წავლენ თავიანთ ბანაკში და აშურის ჯარის წინამძღოლებს გააღვიძებენ. ოლოფერნეს კარვისკენ გავარდებიან და ვერ იპოვიან მას. შიშის ზარი დაეცემა მათ და უკუიქცევიან. 4. თქვენ და ყველამ, ვინც ისრაელის საზღვრებში მკვიდრობს, განდევნეთ და გაანადგურეთ ისინი თავიანთ გზებზე. 5. ვიდრე ამას მოიმოქმედებდეთ, მიხმეთ აქიორ ყამონელი, რათა შეხედოს და შეიცნოს ისრაელის სახლის შეურაცხმყოფელი და ის, ვინც სიკვდილივით იყო მოვლენილი ჩვენს წინააღმდეგ. 6. უხმეს აქიორს ყუზიას სახლიდან, როცა მოვიდა და ოლოფერნეს თავი დაინახა ხალხის კრებულში მყოფი ერთი კაცის ხელში, პირქვე დაემხო გულწასული. 7. როცა წამოაყენეს, დაემხო იგი ივდითის ფეხებთან, თაყვანი სცა მას და უთხრა: კურთხეულ ხარ მთელ იუდას სამკვიდრებელში და ყველა ხალხს შორის, რომლებიც გაოგნდებიან შენი სახელის გაგონებაზე! 8. ახლა კი მაუწყე, რა მოიმოქმედე ამ დღეებში. უამბო მას ივდითმა ხალხის თანდასწრებით ყველაფერი, რაც მოიმოქმედა გასვლის დღიდან იმ დრომდე, როცა მათ ესაუბრებოდა. 9. რომ დაასრულა ლაპარაკი, ხალხმა ხმამაღლა შეჰღაღადა და სიხარულის ხმა მოედო მათ ქალაქს. 10. როცა აქიორმა იხილა ყოველივე, რაც ისრაელის ღმერთმა მოიმოქმედა, ძლიერ ირწმუნა მისი, წინდაიცვითა და ისრაელის სახლს შეუერთდა. და ასეა დღემდე. 11. როგორც კი გათენდა, გალავანზე გამოჰკიდეს ოლოფერნეს თავი. ყველამ აიღო თავისი საჭურველი და, რაზმებად დაწყობილნი, მთის ასასვლელებისკენ გაემართნენ. 12. როცა აშურელებმა დაინახეს ისინი, ხალხი გაგზავნეს წინამძღოლებთან. ესენიც მივიდნენ სარდლებთან, ასისთავებთან და ყველა მათ მეთაურთან. 13. ოლოფერნეს კარავს რომ მიადგნენ, უთხრეს მის პირად მხლებელს: გააღვიძე ჩვენი უფალი, რადგან გაკადნიერდნენ მონები და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა საბოლოოდ ამოწყდნენ. 14. შევიდა ბაგუა და კარვის კარზე დააკაკუნა. ეგონა, ივდითთან ერთად ეძინა მას. 15. რომ არავინ გამოეპასუხა, გააღო და შევიდა საძინებელში. იატაკზე დაგდებული იპოვა იგი მკვდარი, თავმოკვეთილი. 16. ამოიგმინა ხმამაღალი, მოჰყვა ტირილსა და მოთქმას ძლიერ ხმაზე და ტანისამოსი შემოიგლიჯა. 17. შევიდა კარავში, რომელშიც ივდითი იმყოფებოდა და, რომ ვერ იპოვა იგი, გამოიჭრა ხალხისკენ და იყვირა: 18. დაღუპეს მონებმა! შესარცხვენი საქმე უყო ერთი ებრაელის დედაკაცმა ნაბუქოდონოსორ მეფის სახლს. აჰა, მიწაზე გდია ოლოფერნე, თავმოჭრილი! 19. ეს ამბავი ესმათ აშურის ლაშქრის მეთაურებს, ტანისამოსი შემოიგლიჯეს მათაც. ძლიერ შეშფოთდნენ და ძალზე ხმამაღალი მოთქმა-გოდება ასტეხეს შუაგულ ბანაკში.
1 . 1. ასევე შეიპყრეს შვიდი ძმაც დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით აკრძალული ღორის ხორცი, ემუქრებოდა შოლტებითა და ძარღვებით წამებას. 2. და როცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, რა გინდა შეგვეკითხო და რას მოელი ჩვენგან პასუხად? უმალ მოვკვდებით, ვიდრე მამაპაპეულ რჯულს დავარღვვვდეთო, 3. მეფე გაბოროტდა და ტაფებისა და ქვაბების გახურება ბრძანა. 4. როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა, მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეკვეთათ, ტყავი გაეძროთ და ოთხში ამოეღოთ. 5. სრულიად უმწეოქმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, მეფის ბრძანებით, კოცონთან მიიყვანეს და გახურებულ ტაფაზე დასვეს. როცა ტახტიდან ზრქელი ოხშივარი ამოვარდა, ისინი დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ, ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს, ამბობდნენ: 6. უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს ჩვენ, როგორც განაცხადა მოსემ თავის გალობაში: უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთო, ხალხის წინაშე. 7. ამ წამებაში რომ აღესრულა პირველი ძმა, ახლა მეორე გამოიყვანეს შესაგინებლად; თავზე ტყავს აძრობდნენ თმებიანად და თან ეუბნებოდნენ: ჭამა არ გირჩევნია ოთხში ამოღებას? 8. მან კი მშობლიურ ენაზე უბასუხა: არა. ამიტომ მანაც პირველის მსგავსად მიიღო სატანჯველი. 9. სულს რომ ღაფავდა, თქვა: შენ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან გვათავისუფლებ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი მისი რჯულისთვის დაღუპულთ საუკუნო სიცოცხლისთვის აღგვადგენს. 10. ამის შემდეგ მესამეს მიადგნენ და, როგორც კი უბრძანეს, ენა გამოეყო, მაშინვე გამოყო, ხელებიც უშიშრად გაუწვდინა. 11. და ვაჟკაცურად თქვა: ცამ მომმადლა ესენი და დაუნანებლად ვწირავ რჯულისთვის იმ იმედით, რომ მისგანვე მივიღებ უკან. 12. მეფეც და მისი ამალაც გაოცებულნი იყვნენ ყმაწვილის ასეთი ვაჟკაცობით; არაფრად არ ჩაუგდია ტანჯვა-წამება. 13. ესეც რომ აღესრულა, მეოთხე ყრმაც ასევე გვემეს და აწამეს. 14. მან აღსასრულის წინ თქვა: კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ მიჩანს ღმერთზე დანდობა, რადგან ისევ აღმადგენს, შენ კი არ გეღირსება ცოცხლად აღდგომა. 15. მოიყვანეს მეხუთეც და დაუწყეს წამება. 16. მან კი მეფეს შეხედა და თქვა: შენს ხელთაა უფლება, რაცა გსურს ის დამართო მოკვდავმა ადამიანებს. მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას გაწირავს ღმერთი. 17. შენ კი, ცოტაც და, იხილავ როგორ გაგტანჯავთ მისი ძლევამოსილება შენ და შენს შთამომავლობას. 18. შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ ესა თქვა: ძმაო, ნუ იტყუებ თავს, ჩვენ ხომ თვითონვე მივიზღავთ წამებას, რადგან ჩვენს ღმერთს შევცოდეთ. ამიტომაც ხდება საკვირველი ამბები. 19. შენ კი, ნუ გგონია დაუსჯელი დარჩე, ღმერთთან ბრძოლა რომ გაგიმართავს. 20. მათი დედა საკვირველი და ღირსსახსენებელი ქალი, მოწმე ერთ დღეს შვიდივე შვილის დაღუპვისა, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ უბედურებას. 21. თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა: 22. მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი. 23. ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი. 24. ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა. 25. როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა. 26. ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი. 27. დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე. 28. გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც. 29. ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო. 30. კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას. 31. შენ კი, ებრაელთათვის ყოველივე ბოროტის განმზრახველო, ვერ გაექცევი ღვთის ხელს. 32. რადგან ჩვენ ჩვენი შეცოდებების გამო ვეწამებით, 33. და თუ მოკლე ხნით მრისხანებს ჩვენზე ცოცხალი უფალი ჩვენი მხილებისა და გაწრთვნის მიზნით, კვლავ შეურიგდება თავის მორჩილთ. 34. შენ კი, უწმიდურო და უბილწესო კაცთა შორის, ტყუილად ნუ ზეობ და ფუჭი იმედით ნუ იკვეხნი, ხელი რომ აღგიმართავს ცის შვილთა წინააღმდეგ, 35. რადგან ჯერ არ დაგიღწევია თავი ყოვლადძლიერი და ყოვლისმხილველი ღმერთის სამსჯავროსათვის. 36. ახლა ხომ ჩვენი ძმები მცირე ხნის წამების შემდეგ ღვთის აღთქმულ მარადიულ ცხოვრებას ეწიენ. შენ კი კადნიერებისათვის ღვთის მსჯავრით საკადრისი სასჯელი მოგეზღვება. 37. მეც ჩემი ძმების მსგავსად სხეულსა და სულს ვუძღვნი მამაპაპეულ რჯულს; ვევედრები ღმერთს, რათა მალე მოიღოს მოწყალება ჩვენს ხალხზე; შენ კი სასჯელითა და გვემით დაგარწმუნოს, რომ მარტოოდენ ის არის ღმერთი, 38. დაე, ჩემსა და ჩემს ძმებზე შეჩერდეს ყოვლადძლიერის რისხვა, სამართლიანად რომ მოევლინა მთელს ჩვენს მოდგმას. 39. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ ყმაწვილისთვის სული. 40. ამანაც ასე წმინდად აღასრულა სიცოცხლე, მთლიანად ღმერთს მინდობილმა. 41. ბოლოს, შვილების შემდეგ დედაც აღესრულა. 42. ეს კმაროდეს სათქმელად მსხვერპლის ჭამისა და თავს დატეხილ უბედურებათა შესახებ.
1 . 1. სულ მცირე ხნის შემდეგ ლისიამ, მეფის მცველმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ შეწუხებულმა, 2. შეაგროვა ოთხმოციათასამდე ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა და იუდაელებზე გამოილაშქრა, რაკი იმედოვნებდა, რომ მათ ქალაქს ელინთა სამკვიდრებლად გადააქცევდა. 3. ტაძარს გადასახადით დაბეგრავდა წარმართთა სხვა საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრობას კი ყოველწლიურად გასაყიდად აქცევდა. 4. არაფრად ჩააგდო ღვთის ძალა თავისი ათიათასი ქვეითის, ათასი ცხენოსნის და ოთხმოცი სპილოს იმედით. 5. შემოვიდა იუდაში, მიუახლოვდა ბეთ-ცურს, გამაგრებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონით იყო დაშორებული, და ძლიერ შეავიწროვა იგი. 6. როცა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, რომ ლისიამ იერიში მიიტანა სიმაგრეზე, ხალხთან ერთად გოდებითა და ცრემლებით შესთხოვეს უფალს, რომ კეთილი ანგელოზი მოევლინებინა ისრაელის დასახსნელად. 7. პირველად მაკაბელმა აისხა იარაღი და სხვებს არწმუნებდა, საფრთხეს არ დარიდებოდნენ მასავით და ძმებს დახმარებოდნენ. და ყველანი ერთად დაიძრნენ. 8. იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, უცებ წინამძღოლად გამოეცხადათ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი, რომელიც ოქროს იარაღს არხევდა. 9. მაშინ ყველამ ერთიანად შესწირა მადლი მოწყალე ღმერთს და სული გაიმაგრეს, მზად იყვნენ, არა მარტო ადამიანები, არამედ სასტიკი მხეცები ან თვით რკინის კედლებიც კი შეემუსრათ. 10. წამოვიდნენ საბრძოლო წყობით ცით მოვლენილი თანამებრძოლის მფარველობით, რადგან უფალმა მოიღო მათზე წყალობა. 11. ლომებივით დაეძგერნენ მტერს და გაანადგურეს იგი - თერთმეტი ათასი ქვეითი და ათასექვსასი ცხენოსანი, დანარჩენი ყველა უკუაქციეს. 12. ბევრი მათგანი შიშველი და დაჭრილი გაიქცა, თავად ლისიამაც სამარცხვინო უკუქცევით უშველა თავს. 13. რაკი უგუნური კაცი არ იყო და თავისით ასწონ-დასწონა მის თავს მოწეული მარცხი, მიხვდა, რომ უძლეველნი არიან ებრაელები, რადგან ძლიერი ღმერთი იბრძვის მათ მხარეზე. 14. ამიტომ მოციქულები გაუგზავნა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე დაყაბულდებოდა და მეფესაც დაარწმუნებდა, იუდაელებთან მეგობრობა დაემყარებინა. 15. რაკი მაკაბელს საერათო სიკეთე სურდა, დათანხმდა ყველაფერზე რასაც ლისია სთავაზობდა. მეფემაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც მაკაბელმა წარუდგინა წერილობით ლისიას იუდაელებთან დაკავშირებით. 16. იუდაელებისადმი გამოგზაგნილ ლისიას წერილში კი ეს იყო ნათქვამი: ლისია ყველა იუდაელს სალამს უთვლის. 17. იოანემ და აბესალომმა, თქვენმა მოციქულებმა, გადმოგვცეს თქვენი ხელმოწერილი სიგელი და იზრუნეს გაეცნოთ, რაც წერილშია წარმოდგენილი. 18. მე მოვახსენე მეფეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მისთვის წარსადგენად, და რაზეც შეიძლებოდა დათანხმება, მეფე დათანხმდა. 19. თუ კეთილგანწყობილებას შეინარჩუნებთ ხელისუფლების მიმართ, მომავალშიც ვეცდები შეგეწიოთ სასიკეთოდ. 20. რაც კერძო საკითხებს შეეხება, მე დავავალე თქვენს მოციქულებს და ჩემს რწმუნებულთ, მოილაპარაკონ თქვენთან ერთად. 21. დღეგრძელი იყავით. ასორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის ოცდაოთხი. 22. მეფის წერილში კი ეს ეწერა: მეფე ანტიოქოსი ძმას, ლისიას სალამს უთვლის. 23. მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთებთან გადავიდა, ჩვენ მოვისურვეთ, სამეფოს ქვეშევრდომთ უშფოთველად წარემართათ თავიანთი საქმეები. 24. როცა გავიგეთ, რომ იუდაელები არ ეთანხმებიან მამაჩვენის ახლადშემოღებულ ელინურ წეს-ჩვეულებებს, საკუთარ წეს-ჩვეულებებს ანიჭებენ უპირატესობას და მოითხოვენ, ნება მიეცეთ საკუთარი რჯულის დაცვისა, 25. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა იცხოვროს, და დავადგინეთ: აღდგენილ იქნას მათი ტაძარი და იცხოვრონ თავიანთი მამაპაპეული რჯულის თანახმად. 26. შენ კი კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და დაუზავდები მათ, რათა ჩვენს კეთილმოსურნეობაში დარწმუნებულებმა, სიხარულით და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმეები. 27. ხოლო იუდაელი ხალხისადმი მეფის წერილი ამას გვაუწყებდა: მეფე ანტიოქოსი იუდაელთა უხუცესთა საბჭოს და ყველა იუდაელს სალამს უთვლის. 28. ჯანმრთელად თუ ხართ, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენც კარგად ვართ. 29. მენელაოსმა გვაუწყა, რომ შინ დაბრუნებას აპირებთ თქვენი საქმეების მისახედად. 30. და ვინც ქსანთიკოსის ოცდამეათე დღემდე ჩამოვა, ყველა უზრუნველყოფილი იქნება მეგობრობითა და სრული ნებართვით 31. იუდაელთათვის, რომ წინანდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელები და დაიცვან თავიანთი რჯული, რომ არავის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებენ, რაც არ უნდა ჩაიდინონ თავიანთი უმეცრებით. 32. ვაგზავნი თქვენთან მოსალაპარაკებლად მენელაოსს. 33. ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი. 34. რომაელებმაც გაუგზაგნეს იუდაელებს წერილი, რომელშიც ეწერა, კვინტუს მემიუსი, ტიტუს მანიუსი, რომაელთა უხუცესნი სალამს უთვლიან იუდაელ ხალხს. 35. რაც ლისიამ, მეფის ნათესავმა, თქვენ დაგითმოთ, ამას ჩვენც ვადასტურებთ. 36. რასაც იგი გადაწყვეტს მოახსენოს მეფეს, მყისვე აწონ-დაწონეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რომ შეგეწიოთ თქვენთვის საჭირო საქმეში, რადგან ანტიოქიაში მოვდივართ. 37. ამიტომ იჩქარეთ, გვაუწყეთ ამბავი, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა აზრს დაადექით. 38. ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.
1 . 1. ხოლო ნიკანორმა გაიგო, რომ იუდა და მისი თანამებრძოლნი სამარიას მიდამოებში იმყოფებოდნენ და განიზრასა თავს დასხმოდა მათ მოულოდნელად, შესვენების დღეს. 2. იუდაელები, ვინც იძულებით თან ახლდა მას, ეუბნებოდნენ: ნუ ამოწყვეტ მათ ასე სასტიკად და არაადამიანურად, პატივი მიაგე ყოვლისმხილველის მიერ ნაკურთხ დღეს. 3. მაშინ ამ უწმიდურმა იკითხა: არსებობს კი მეუფე ცაში, შაბათების აღნიშვნა ვინც განაწესა? 4. როცა განუცხადეს: არის ცოცხალი ღმერთი, ზეციური მეუფე, ვინც გვიბრძანა დავიცვათ მეშვიდე დღე, 5. მან უპასუხა: მე კი, მიწიერი მეუფე, გიბრძანებთ, აისხათ იარაღი და შეასრულოთ, რასაც მეფე გიბრძანებთ. მაგრამ ვერ მოახერხა განზრახულის განხორციელება. 6. ნიკანორმა, ქედმაღლობითა და კადნიერებით თავგასულმა, განიზრახა იუდაზე და მის მომხრეებზე საბოლოო გამარჯვება ეზეიმა. 7. ხოლო მაკაბელს ღვთის შეწევნის შეურყეველი იმედი ასაზრდოებდა, 8. იგი თავის ხალხს მოუწოდებდა, წარმართების შემოტევას არ შეშინებოდნენ, გაეხსენებინათ ზეციური თანადგომის უწინდელი შემთხვევები და კვლავაც ჰქონებოდათ გამარჯვებისა და ყოვლისმპყრობელის შემწეობის მოლოდინი. 9. ამხნევებდა რჯულისა და წინასწარმეტყველთა კანონებით, ახსენებდა თვითონ მათ მიერვე ჩადენილ გმირობებს და ვაჟკაცობისთვის აღანთებდა მათ. 10. ამასთან, უღვივებდა რა საბრძოლო სულისკვეთებას, წარმართთა ვერაგობასა და ფიცის გატეხვასაც აუწყებდა თავისიანებს. 11. და აღჭურვა ისინი არა იმდენად მტკიცე ფარებითა და შუბებით, რამდენადაც გამამხნევებელი კეთილი მოწოდებებით, და ყველანი გაახარა, როცა ღირსასახდენი სიზმარიც უამბო. 12. ხილვა კი, რომელიც მას მოევლინა, ასეთი იყო: ონია, ყოფილი მღვდელმთაეარი, ღირსებითა და სიკეთით შემკული კაცი, სიტყვა-პასუხში მოკრძალებული, მშვიდი საქციელითაც და მეტყველებითაც, კაცი, რომელიც სიყრმიდანვე ხარბად ითვისებდა ყოველგვარ სათნოებას, ხელაპყრობილი ლოცულობდა მთელი იუდაელი ხალხისათვის. 13. შემდეგ გამოეცხადა მაკაბელს სხვა კაცი, ჭაღარითა და დიდებით შემკული, უცხო და უჩვეულო დიდებულებით გარემოსილი. 14. და თქვა ონიამ: ეს არის კაცი, ძმათა მოყვარული, ვინც ბევრს ლოცულობს ხალხისა და წმიდა ქალაქისთვის - იერემია, უფლის წინასწარმეტყველი. 15. იერემიამ კი გაიწვდინა მარჯვენა, გადასცა იუდას ოქროს მახვილი და გადაცემისას უთხრა: 16. აიღე ეს წმიდა მახვილი, ღვთისგან მოძღვნილი, ამით დასძლევ მტრებს. 17. ხალხმაც, გამხნევებულმა იუდას მშვენიერი და შთამბეჭდავი სიტყვით, მებრძოლებს - გმირობისკენ, ახალგაზრდებს კი ვაჟკაცობისკენ რომ მოუწოდებდა, გადაწყვიტა კი არ დაბანაკებულიყო, არამედ იერიში მიეგანა მტერზე და მთელი სიმამაცით ჩაბმულიყო ბრძოლაში, რადგან ქალაქსა და წმიდა ტაძარს საფრთხე ემუქრებოდა. 18. ქალებისა და ბავშვების, ძმებისა და ნათესავების ბედი მათ ნაკლებად აწუხებდათ, უფრო მეტად ღვთივკურთხეული ტაძრისთვის ზრუნავდნენ. 19. ხოლო ვინც ქალაქში დარჩა, არც მათ ჰქონდათ ნაკლები სადარდელი, რადგან ბრძოლის ბედი აწუხებდათ, რომელიც მინდვრად იყო გაჩაღებული. 20. და როცა ყველანი უკვე მოელოდნენ, რომ საქმე გადაწყდებოდა, როცა მტრები გაერთიანდნენ და მეომრებიც მწყობრად განალაგეს, კუთვნილი ადგილი მიუჩინეს სპილოებს და აქეთ-იქით ცხენოსნები ამოუყენეს, 21. მაკაბელმა შეხედა საიერიშოდ გამზადებულ მრავალრიცხოვან ლაშქარს, საჭურველთა სიჭრელეს და მხეცების მძვინვარებას, ცისკენ აღაპყრო ხელები და მოუხმო უფალს, სასწაულთმოქმედს და ყოვლისმხილველს, რაკი იცოდა, რომ იარაღით კი არ მოიხვეჭება გამარჯვება, არამედ უფალი თავისი არჩევანით ანიჭებს გამარჯვებას ღირსეულთ. 22. ამას ამბობდა მავედრებელი; შენ, მეუფეო, ანგელოზი მოუვლინე ხიზკიას, იუდას მეფეს, და შემუსრა მან სანქერიბის ჯარი - ასოთხმოცდახუთიათასი კაცი. 23. ახლაც, ზეცათა განმგებელო, მოგვივლინე კეთილი ანგელოზი, წინ რომ გაგვიძღვეს და შიშის ზარი და ძრწოლა მოჰგვაროს მტერს. 24. შენი მკლავის სიძლიერით დაამხე შენს წმიდა ხალხზე აღმდგარი მკრეხელები. ამ სიტყვებით დაამთავრა მან თავისი ლოცვა. 25. საყვირებითა და საბრძოლო ყიჟინით მოდიოდა ნიკანორის ჯარი. 26. იუდას ხალხი კი ღვთის მოხმობით და ლოცვებით ეკვეთა მტერს. 27. მარჯვენა ბრძოლისთვის, გული კი ღვთისთვის ლოცვად ჰქონდათ გადადებული. ასე, ღვთიური გამოცხადების ხილვით დიდად გახალისებულებმა გაანადგურეს სულ ცოტა ოცდათხუთმეტი ათასი კაცი. 28. როცა აღასრულეს საქმე და სიხარულით შემობრუნდნენ, შეიტყეს, რომ ნიკანორი ბრძოლაში დაღუპულიყო თავისი სრული აღჭურვილობით. 29. ყიჟინა და ხმაური რომ ჩაცხრა, სამადლობელი აღუვლინეს უფალს თავიანთ მამა-პაპათა ენაზე. 30. მაშინ იუდამ, სულითა და ხორცით თავის ხალხზე გადაგებულმა, ვისაც მთელი თავისი ახალგაზრდული კეთილგონიერება თვისტომებისთვის ჰქონდა შემონახული, ბრძანა, ნიკანორისთვის თავი და მკლავი მოეკვეთათ და იერუსალიმში წაეღოთ. 31. რომ მივიდა, მოიხმო თვისტომები და სამსხვერპლოს წინ მღვდლები დააყენა, გააგზავნა ხალხი სიმაგრეთა დამცველთათვის ამბის საუწყებლად, ციხე-სიმაგრის დამცველებიც გამოიხმო თავისთან. 32. და როდესაც ყველას უჩვენა უწმიდური ნიკანორის თავი და უღვთოს ხელი, რომელსაც იგი, თავგასული, ყოვლისმპყრობელის წმიდა სახლისკენ იწვდიდა, 33. ბრძანა ამოეკვეთათ უწმიდური ნიკანორისთვის ენა, ნაწილ-ნაწილ აეკუწათ და ჩიტებისთვის მიეგდოთ, უგუნურის მკლავი კი ტაძრის წინ დაეკიდათ. 34. და ყველანი, ცისკენ თვალაპყრობილნი, განადიდებდნენ უფალს, მათ რომ გამოეცხადა, და ამბობდნენ: კურთხეულ იყოს, რომელმაც დაიცვა შეურყვნელად თავისი ადგილი. 35. და მან ციხიდან გადმოკიდა ნიკანორის თავი, როგორც ცხადი და თვალსაჩინო ნიშანი ღვთიური შეწევნისა. 36. საყოველთაო კენჭისყრით დაადგინეს, რომ არ დარჩეს აღუნიშნავი, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღე გამოცხადდეს დღესასწაულად. სირიულ ენაზე ამ დღეს ეწოდებოდა ადარ, მორდეხაის დღეს ერთი დღით უსწრებს წინ. 37. ასე აღსრულდა ნიკანორის საქმენი. ამიერიდან ებრაელებმა დაიმკვიდრეს ქალაქი, მეც ამით დავასრულებ სათქმელს. 38. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა. 39. ღვინოც ხომ, გაუზავებელს თუ დალევ, მავნეა. ასევე მავნეა მარტო წყალიც. მაგრამ კარგია ღვინო, წყალს შეზავებული; სიამოვნებისა და მადლის მომგვრელი და სიტყვის ჯეროვანი წყობაც თავისი წყობით გვანიჭებს მადლს. აქ იყოს ამბის დასასრული.
1 . 1. იყო ვინმე სიმონი, პოლიტიკური მეტოქე ონიასი, მშვენიერი და კეთილი კაცისა, რომელსაც მღვდელმთავრობა ეჭირა მთელი სიცოცხლე. რაკი მრავალგვარი ცილისწამებით მან ვერ მოახერხა სახელი გაეტეხა ონიასთვის ხალხის თვალში, გაიქცა სამშობლოდან მის საღალატოდ. 2. წავიდა აპოლონიოსთან - სირიის, ფინიკიის და კილიკიის განმგებელთან და უთხრა: 3. სამეფო ხელისუფლების ერთგული მოვსულვარ, რათა მოგახსენო, იერუსალიმის საგანძურებში დიდძალი კერძო ქონებაა შენახული, რომელიც არ არის ტაძრის საკუთრება, არამედ მეფე სელევკოსს ეკუთვნის. 4. როცა წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი აპოლონიოსმა, შეუქო სიმონს მეფისადმი ერთგულება, ეახლა სელევკოსს და მოახსენა საგანძურის ამბავი. 5. და მიიღო უფლება სასწრაფოდ წამოსულიყო ჩვენს სამშობლოზე დიდძალი ლაშქრით, წყეულ სიმონთან ერთად. 6. განაცხადა, რომ მეფის ბრძანების თანახმად არის მოსული, რათა საგანძურიდან კერძო პირთა ქონება წაიღოს. 7. ამ სიტყვამ აღაშფოთა ხალხი, ისინი შეეწინააღმდეგენ აპოლონიოსს; მათი აზრით, ეს გაძარცვა იქნებოდა იმათი, ვინც წმიდა საგანძურს მიაბარეს თავიანთი ქონება; და ისინი არასგზით არ დათმობდნენ მას. 8. მაშინ აპოლონიოსი მუქარით დაიძრა ტაძრისაკენ. 9. ხოლო მღვდლები ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტაძარში ევედრებოდნენ ღმერთს, რათა დაეფარა მას ხელყოფისგან ეს წმიდა ადგილი. 10. და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად, გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში, დიდი შიშისა და ზარის მომგვრელნი. 11. მაშინ დაემხო ცოცხალ-მკვდარი აპოლონიოსი ტაძრის საერთო ეზოში, იწვდიდა ზეცისკენ ხელებს და აცრემლებული ევედრებოდა ებრაელებს, ელოცათ მისთვის ზეციური მხედრობის მოსალმობიერებლად. 12. ამბობდა, სიკვდილის ღირსი ცოდვა ჩავიდინე, და გადავრჩი, ამ კურთხეულ ადგილს მთელი ხალხის წინაშე განვადიდებო. 13. ამ სიტყვებით შეძრულმა ონია მღვდელმთავარმა თუმცა იჭვნეულად, მაგრამ მაინც ილოცა მისთვის, რათა სელევკოსი დარწმუნებულიყო, რომ აპოლონიოსი ადამიანურმა მუხანათობამ კი არ დაამხო, არამედ ღვთიურმა სამართალმა. 14. სასწაულით გადარჩენილი აპოლონიოსი უკან გამობრუნდა, მეფისთვის რომ მოეხსენებინა მომხდარი. 15. სელევკოს მეფე რომ გარდაიცვალა, ხელმწიფება მიიღო მისმა ძემ - ანტიოქოს ეპიფანემ, თავხედმა და სასტიკმა ადამიანმა. 16. მან გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან ონია და დანიშნა ონიას ძმა, იასონი. 17. რომელსაც მღვდელმთავრობის საფასურად ყოველწლიურად სამიათას ექვსას სამოცი ტალანტი უნდა ეძლია მისთვის. 18. ამგვარად, უბოძა მან იასონს მღვდელმთავრობა და ხალხის წინამძღოლობა. 19. ააცდინა იასონმა სწორ გზას ხალხი და ყოველგვარი ურჯულოებით განაგებდა საზოგადო საქმეებს. 20. არა მხოლოდ გიმნაზიონი აშენდა ჩვენი სამშობლოს მთაზე, არამედ სატაძრო სამსახურიც კი გაუქმდა. 21. გაუწყრა ხალხს ამის გამო ღვთიური სამართალი და ანტიოქოსი გამოალაშქრებინა მათზე. 22. რადგან, როცა პტოლემეოსს ეომებოდა ეგვიპტეში, გაიგო, რომ ხალხში ცრუ ხმები გავრცელდა, მოკვდაო ანტიოქოსი, და რომ მისი სიკვდილის ამბავი დიდი სიხარულით მიიღეს იერუსალიმელებმა. ამიტომაც მაშინვე გამოილაშქრა მათზე. 23. და როცა დაარბია ისინი, განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მამა-პაპის რჯულის დამცველი აღმოჩნდებოდა. 24. მაგრამ ვერანაირი განკარგულებით ვერ აიძულა ხალხი მშობლიური რჯულისადმი მორჩილება დაერღვიათ; პირიქით, დარწმუნდა, რომ არაფრად მიიჩნევდნენ ისინი მეფის მუქარასა და სასჯელებს. 25. დედებს თავიანთი შვილების წინდაცვეთის გამო ჩვილებთან ერთად კლდიდან ისროდნენ, მაგრამ მაინც არ არღვევდნენ ამ რჯულს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რა სასჯელიც მოელოდათ. 26. რაკი არად ჩააგდო ხალხმა მეფის განკარგულებანი, მან დაიფიცა, რომ თავისი ხელით იძულებით შეაჭმევდა თითოეულ მათგანს უსურმაგის ხორცს და იუდაელობას დააგმობინებდა.
1 . 1. ამიტომ იყო, რომ ღვთისმოსავობით ფილოსოფიის მიმდევარმა ახალგაზრდებმაც გაუძლეს უმძიმეს განსაცდელებს. 2. პირველი ცდისას ხომ აშკარად დამარცხდა მტარვალი, რომელმაც ვერ აიძულა მოხუცი და ვერ შეაჭამა უსურმაგის ხორცი. მაშინ სასტიკი რისხვით შეპყრობილმა ბრძანა, წამოეყვანათ სხვები ებრაელთა საკრებულოდან და, თუ ისინი შეჭამდნენ უსურმაგის ხორცს, გადარჩებოდნენ; უარს თუ იტყვოდნენ, უფრო მძიმედ ეწამებოდნენ. 3. ეს ბრძანა მტარვალმა და წარუდგინეს მას შვიდი ძმა მოხუც დედასთან ერთად. შვიდივე მშვენიერი, მოკრძალებული, კეთილშობილი და ყოველგვარი მადლით შემკობილი იყო. 4. როდესაც დაინახა ისინი მბრძანებელმა, თითქოსდა საფერხულოდ, დედის ირგვლივ თავმოყრილნი, პატივისცემით განიმსჭვალა მათდამი და, მათი ღირსებითა და კეთილშობილებით მოხიბლულმა, გაუღიმა მათ, ახლოს მოუხმო და უთხრა: 5. ჭაბუკებო, კეთილგანწყობილი ვარ თქვენდამი. მაოცებს თქვენი მშვენიერება და ძმების სიმრავლე. ამიტომაც გირჩევთ, არამცთუ არ აჰყვეთ წეღან წამებული მოხუცის უჯიათობას, არამედ გთხოვთ, დაჰყვეთ ჩემს ნებას და შეირგოთ ჩემგან შემოთავაზებული მეგობრობა. 6. მე შემიძლია დაგსაჯოთ ჩემი განკარგულებისადმი ურჩობისათვის და შემიძლია სიკეთე მოგაგოთ ჩემი რჩევისადმი კეთილგანწყობის საზღაურად. 7. დამერწმუნეთ, აღზევდებით ჩემს სამეფო კარზე, თუ უარყოფთ თქვენს მამაპაპეულ წეს-ჩვეულებებს. 8. იცხოვრეთ ელინურად და დატკბით თქვენი ახალგაზრდობით. 9. მაგრამ თუ ურჩობით განმარისხეთ, იძულებულებულს გამხდით, საშინელი წამებით ამოვხადო სული თითოეულ თქვენგანს. 10. მაშ, შეიბრალეთ თქვენი თავი. მე, თქვენი მტერიც კი, შეძრული ვარ თქვენი სინორჩით და მშვენიერებით. 11. ნუთუ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ურჩობის შემთხვევაში გარდაუვალი სატანჯველი მოგელით? 12. ეს თქვა და ბრძანა, წინ დაეწყოთ წამების იარაღები, რათა შიშით აეძულებინა ისინი, რომ უსურმაგის ხორცი ეჭამათ. 13. როცა მცველებმა მოუტანეს ბორბლები, ასოთგამწილავები, მარწუხები, კაუჭები, ისართმტყორცნები, ქვაბები, ტაფები, ხელთათმანები, რკინის ხელები, სოლები და მუგუზლები, და წინ დაუწყვეს, თქვა მბრძანებელმა: 14. გეშინოდეთ, ყმაწვილებო, თუ სამართლის მოწიწება გექნებათ, მოწყალებით მოგექცევათ იგი, როცა იძულებით დაარღვევთ თქვენს რჯულს. 15. მათ მოისმინეს მაცთუნებელი შეგონება, იხილეს საშინელი იარაღები და არამცთუ შედრკნენ, არამედ დაუპირისპირეს კიდეც მბრძანებელს ფილოსოფიური სიტყვა და გონივრული განსჯის წყალობით არად აქციეს მისი მბრძანებლობა. 16. განვსაჯოთ, გულმხდალნი რომ ყოფილიყვნენ მათ შორის და არაკაცნი, როგორი სიტყვები იქნებოდა ნათქვამი? ასეთნი ხომ არა: 17. ვაი, ჩვენ, უბედურებსა და უგუნურებს! როცა მეფე გვიხმობს ჩვენ და პატივს აღგვითქვამს, როგორ არ დავყვეთ მის ნებას და 18. ჩვენი უგუნური გადაწყვეტილებით სიკვდილის მომტანი ურჩობა გავბედოთ? 19. არ გეშინიათ, კაცებო, ძმებო, საწამებელი იარაღებისა და არაფრად მიიჩნევთ წამების მუქარას? არ უნდა გავექცეთ ცუდმედიდობას და დამღუპველ თავმომწონეობას? 20. არ შევიბრალოთ ჩვენი ახალგაზრდობა და არ დავინდოთ დედის სიბერე? 21. გვახსოვდეს, რომ დაგვღუპავს ჩვენი ურჩება. 22. შეგვინდობს ღვთაებრივი სამართალიც, იძულებით რომ დავნებდეთ მეფეს. 23. არ შევირგოთ მათგან ტკბილი ცხოვრება და ხელიდან გავუშვათ ამქვეყნიური სიამენი? 24. მაშ, ნუ შევეწინააღმდეგებით ბედისწერას და ცუდმედიდობის გულისთვის ნუ ჩავიგდებთ თავს სატანჯველში. 25. თავად რჯული არ ინებებს ჩვენს დასჯას, წამებას თუ შევუშინდებით. 26. რას მოგვიტანს ეს ჯიბრი და რას გვარგებს ეს დამღუპველი გამძლეობა, როცა უშფოთველი ცხოვრება გველის, თუ მეფეს დავემორჩილეთ? 27. მაგრამ მსგავსი არაფერი უთქვამთ ახალგაზრდებს, სატანჯველის მომლოდინეთ, არც გაუმხნევებიათ ერთურთი; 28. რადგან სატანჯველის არადჩამგდებნი და ტკივილების დამთმენნი იყვნენ. 29. დაასრულა თუ არა მბრძანებელმა შეგონებები უსურმაგის ხორცის ჭამაზე, ყველამ ერთხმად, თითქოსდა ერთი სულიდან ამბობენო, აღმოთქვა:
1 . 1. თავმოყრილ ხალხს შორის ამაღლებულ ადგილას ჩამომჯდარმა, თავითფეხამდე შეიარაღებული ლაშქრით გარშემორტყმულმა მრძანებელმა ანტიოქოსმა 2. უბრძანა მცველებს, სათითაოდ გამოეყვანათ ებრაელები და იძულებით ეჭმევინებინათ მათთვის ღორისა და კერპთათვის შეწირულ ცხოველთა ხორცი. 3. და თუ ვინმე არ მიეკარებოდა უწმიდურ საჭმელს, ბორბალზე დაებათ და წამებით მოეკლათ. 4. გამოიყვანეს დიდძალი ხალხი და პირველთა შორის მეფეს მიჰგვარეს კაცი, სახელად ელეაზარი. იგი იყო სამღვდელო მოდგმიდან, რჯულის მეცნიერი ხანდაზმული და კარგად ცნობილი სამეფო კარზე ფილოსოფიაში განსწავლულობით. დააყენეს ელეაზარი მბრძანებლის წინ. 5. როცა დაინახა იგი ანტიოქოსმა, თქვა: 6. ვიდრე შენს წამებას შევუდგებოდი, მოხუცო, გირჩევ, შეჭამო ღორის ხორცი და ცოცხალი გადარჩები. 7. რადგან პატივს ვცემ შენს ასაკს და ჭაღარას, თუმცა ამდენი ხანია გამშვენებს ესენი, მაგრამ არა მგონია, ფილოსოფოსი იყო, რაკი იუდაელთა რჯულს მისდევ. 8. რატომ გეზიზღება ბუნებისგან ჩვენთვის მონიჭებული ამ ცხოველის საუკეთესო ხორცის ჭამა? 9. უგუნურებაა არ იგემო უსაყვედურო სიამოვნებანი და უსამართლობაა უკუაგდო ბუნების მომადლებული სიკეთენი. 10. მე ვფიქრობ, უდიდეს უგუნურებას ჩაიდენ, თუკი ამაო სიამაყით აღვსილი დაუპირისპირდები ჭეშმარიტებას და საკუთარი თავის საზიანოდ შეიზიზღებ ჩემს რჩევას. 11. ნუთუ არ გამოფხიზლდები თქვენი ბრიყვული ფილოსოფიისგან და არ გაფანტავ შენს ფუჭ აზრებს? როდის მოიხვეჭ შენი ასაკის შესაფერ გონებას და იფილოსოფოსებ თანახმად ჭეშმარიტებისა, რომელიც საკეთილდღეოა შენთვის? 12. დაინდე შენი სიბერე და დაემორჩილე ჩემს კაცთმოყვარულ რჩევას. 13. იცოდე: თუკი არსებობს რაიმე ძალა, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს რჯულს, ის მოგიტევებს შენ, იძულებით ჩადენილ ურჯულო საქმეს. 14. როცა ამგვარად არწმუნებდა მბრძანებელი ელეაზარს, ეჭამა აკრძალული ხორცი, მან სიტყვა ითხოვა. 15. ნებართვა რომ მიიღო, ესა თქვა საჯაროდ: 16. ჩვენთვის, ანტიოქოს, ღვთიური რჯულის თანახმად მცხოვრებთათვის, ყოველგვარ იძულებაზე ძლიერია ჩვენი რჯულისადმი მორჩილება. 17. ამიტომაც არასგზით არ დავუშვებთ რჯულის დარღვევას. 18. რომც არ იყოს ჩვენი რჯული ღვთიური, როგორც შენ გგონია, და ჩვენც შეცდომით მიგვაჩნდეს იგი ღვთიურად, მაშინაც კი უღირსეობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან ჩვენი ღვთისმოსავობის გაუქმება. 19. ნუ იფიქრებ, რომ მცირე ცოდვა დაგვეკისრება, უწმიდური ცხოველის ხორცს თუ შევჭამთ. 20. ერთია ურჯულოება - დიდი იქნება თუ მცირე, 21. რადგან ორივე შემთხვევაში ირღვევა რჯული. 22. შენ დასცინი ჩვენს ფილოსოფიას, თითქოს უგუნურად წარმართავდეს იგი ჩვენს ცხოვრებას; 23. მაგრამ ის გვასწავლის საღ აზროვნებას - ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავვბას, და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ ყველანაირი გასაჭირი. 24. გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულრბას ერთნაირად მივაგოთ პატივი, გვასწავლის მოწიწებას რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერი მოწონება. 25. ამიტომაც არ ვჭამთ უწმიდურ ცხოველთა ხორცს, რადგან გვწამს, რომ ღვთისგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა. 26. უფლება მოგვცა ის გვეჭამა, რაც უფრო შესაფერისია ჩვენი სიცოცხლისთვის, შეუფერებელი კი აგვიკრძალა. 27. მძლავრობაა შენი მხრით არა მარტო ის, რომ რჯულის დარღვევას გვაიძულებ, არამედ ისიც, რომ ასე დაცინვით შეგვაჭამო აკრძალული ხორცი, რაც ეგზომ საძულველია ჩვენთვის. 28. მაგრამ არ გაგაცინებ ჩემზე და 29. არც ჩემი მამა-პაპის წმიდა ფიცს დავარღვევ ჩვენი რჯულის დაცვის თაობაზე. 30. კიდევაც რომ დამთხარო თვალები და შიგნეულობა ამომიყარო, 31. მე არც ისეთი მოხუცი ვარ და არც ისეთი უძლური, რომ ღვთისმოსავობისთვის ვერ მოვიკრიბო გონება. 32. მაშ, გაამზადე ბორბლები და აღაგზნე ძლიერი ცეცხლი. 33. სანანებლად არ გავიხდი ჩემს სიბერეს, არ შევლახავ ჩემი თავის გამო მამაპაპეულ რჯულს. 34. არ გიღალატებ, რჯულო, რომელმაც გამწრთვენი მე; არ უარგყოფ, ძვირფასო დათმენავ! 35. არ შეგარცხვენ, ფილოსოფიურო აზრო, არ უგულებელგყოფ, საპატიო მღვდლობავ, არც შენ, რჯულის მეცნიერებავ! 36. ვერ წაბილწავ, მეფეო, მოხუცის ღვთისმოსავ ბაგეს, ვერც ჩემს რჯულიერ ხანგრძლივ სიცოცხლეს! 37. უმწიკვლო მიუვალ ჩემს მამა-პაპას, რადგან სიკვდილისაც არ შემშინებია შენს ხელში. ** ** 38. შეგიძლია იმძლავრო უღვთოზე, მაგრამ ჩვენს ღვთისნიერ გონებაზე კი ვერ იბატონებ, ვერც სიტყვით, ვერც საქმით
1 . 1. რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ. 2. ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით. 3. ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი. 4. რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა. 5. შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს. 6. თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა მოხუცმა მოძღვარმა. 7. აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენო. 8. ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით. 9. შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის განგებით მარადიული წამება ცეცხლში. 10. ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი, არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა. 11. უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი. 12. როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი. 13. ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს. 14. თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა: 15. უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო, გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ. 16. ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო. 17. ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები, 18. მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე. 19. ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს ბორბალი. 20. ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა. 21. ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ ყრმას - აბრაამის ძეს, 22. არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად უძლებდა წამებას. 23. ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს, შემომფიცეთ სულიერი ძმობა! 24. საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს იძიებს მტარვალ მბრძანებელზე. 25. ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული. 26. ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ, მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს. 27. ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს. 28. აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი, ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ მძიმე წამებას და ამბობდა: 29. რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა: 30. ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი მოთმინებით რჯულის გულისთვის. 31. მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ ტანჯვას, 32. შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო.
1 . 1. ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თვითონ გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე. 2. ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის მძლავრობა გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე გამოაჩინე. 3. შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა ჭერმა, ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს. 4. მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის იმედი გაქვს, მტკიცე და შეურყეველი. 5. თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე აღმატებული, როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი, მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში. 6. რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან. 7. რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის სურათის დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ დაითმინა დედამ რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო სატანჯველი. 8. შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები წარწერილიყო მათი ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში: 9. აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ შვილთან ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა, შეებღალა ებრაელთა ცხოვრების წესი. 10. მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო სატანჯველი. 11. ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ ისინი, 12. რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების ჯილდო კი უკვდავებაა მრავალჟამიერ სიცოცხლეში. 13. დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს ძმებმა. 14. მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და ადამიანთა ცხოვრება. 15. გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო მოასპარაზენი. 16. ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ შესძრავდა? 17. თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი გამძლეობა, 18. რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან და საუკუნო ნეტარებაში არიან. 19. ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო. 20. პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი მტერთაგან დაუძლეველი. 21. მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს გამოისყიდა ერის ცოდვები. 22. ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული მსხვერპლით იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი. 23. მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის დამნახავმა ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად დაუსახა. 24. ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი; ყველა მტერი დაამარცხეს მათ და დახარკეს.