1 . "გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისგან, ხუთი წყრთა იყო მისი სიგრძე და ხუთი - სიგანე; ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.
2 . გაუკეთე რქები ოთხივე კუთხეში; მისგანვე იყოს რქები და სპილენძით მოაპირკეთე.
3 . გაუკეთე ქოთნები ფერფლის გასატანად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები, მისი ყოველი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთე.
4 . გაუკეთე ბადისებრი ცხაური სპილენძისგან, გაუკეთე ბადეს ოთხი სპილენძის რგოლი ოთხივე კუთხეში.
5 . დადე იგი სამსხვერპლოს წრიული შვერილის ქვეშ ისე, რომ ბადე სამსხვერპლოს შუამდე სწვდებოდეს.
6 . გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, კეტები აკაციის ხისგან და სპილენძით მოჭედე.
7 . გაუყარე კეტები რგოლებში და იყოს სამსხვერპლოს ორივე მხარეს, მის სატარებლად.
8 . ღრუიანი გააკეთე იგი ფიცრებისგან; როგორც მთაზე გაჩვენე - ისე გააკეთონ.
9 . სამხრეთის მხარეს სავანის ეზო მოაწყვე, ასი წყრთის სიგრძის გრეხილი ბისონის ფარდები ჰქონდეს ეზოს ერთ მხარეზე.
10 . სვეტები მისი - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით: სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა.
11 . ჩრდილოეთის მხარის გასწვრივაც ასი წყრთის სიგრძის ფარდა იყოს; სვეტები - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა.
12 . ეზოს სიგანეზე დასავლეთით ორმოცდაათი წყრთის სიგრძის ფარდა ჰქონდეს; თავისი ათი სვეტითა და ათი კვარცხლბეკით.
13 . ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, მზის აღმოსავლისკენ - ფარდა ორმოცდაათი წყრთა იყოს;
14 . თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი მხარისთვის თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
15 . მეორე მხარისთვისაც - თხუთმეტი წყრთა ფარდა სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
16 . ჩამოსაფარებელი ეზოს შესასვლელისათვის - ოცი წყრთა, ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილებისა და მოქარგული, დაგრეხილი ბისონისგან; ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.
17 . ეზოს ყოველი სვეტი ვერცხლის კაუჭებით იყოს შეერთებული ირგვლივ; მათი სამაგრები ვერცხლის იყოს და მათი კვარცხლბეკები _ სპილენძისა.
18 . ეზოს სიგრძე ასი წყრთაა, ხოლო სიგანე - ორმოცდაათი. სიმაღლე ხუთი წყრთაა; ფარდები გრეხილი ბისონისა, თავისი სპილენძის კვარცხლბეკებით.
19 . სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ და ყველა მისი პალო და ეზოს პალო - სპილენძის უნდა იყოს.
20 . და უბრძანე ისრაელის შვილებს, მოგიტანონ წმიდა ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
21 . საკრებულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ანთებული ჰქონდეთ იგი აჰარონს და მის ძეებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო წესი ისრაელის ძეთათვის თაობიდან თაობამდე”.