გამოსვლა თავი 25

1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:

2 . "უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.

3 . ესაა შესაწირი, რომელსაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.

4 . ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილი, თხის მატყლი,

5 . ვერძისა და მაჩვის დათრიმლული ტყავები და აკაციის ძელები;

6 . გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.

7 . სარდიონის ქვები და ეფოდსა და გულსაფარში ჩასასმელი ქვები.

8 . და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.

9 . როგორც მე გაჩვენებ კარავსა და ყოველი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ისე გააკეთე.

10 . კიდობანი აკაციის ხისგან გააკეთეთ: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე და სიმაღლე.

11 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედე; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.

12 . ჩამოასხი ოქროს ოთხი რგოლი და ოთხ ქვედა კუთხეში მიამაგრე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი მეორე მხარეს.

13 . გამოთალე კეტები აკაციისგან და მოჭედე ოქროთი.

14 . გაუყარე კეტები კიდობნის გვერდების გასწვრივ რგოლებში, რათა მათი მეშვეობით ატაროთ კიდობანი.

15 . დარჩეს კეტები კიდობნის რგოლებში, არ გამოაძროთ.

16 . ჩადე კიდობანში აღთქმა, რომელსაც მოგცემ.

17 . გაუკეთე სარქველი ხალასი ოქროსგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.

18 . გამოჭედე ოქროსგან ორი ქერუბი და დასხი სარქვლის ორივე კიდეზე.

19 . ერთი ქერუბი ერთ კიდეზე დაამაგრე და ერთიც - მეორე კიდეზე; სარქვლის ორივე კიდეზე დასხით ქერუბები.

20 . სარქვლის ზემოდან ჰქონდეთ გაშლილი ქერუბებს ფრთები, თავისი ფრთებით დაფარონ სარქველი - სახეები კი ერთმანეთისკენ ექნებათ მიბრუნებული; სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბები.

21 . სარქველი დააფარე ზემოდან კიდობანს; მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ, კიდობანში ჩადე.

22 . მანდ გამოგეცხადები, სარქვლის ზემოდან, ორი ქერუბის შუაგულიდან, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და დაგელაპარაკები ყოველივეზე, რაც ისრაელის შვილებს უნდა ამცნო.

23 . გააკეთე მაგიდა აკაციის ხისგან, ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.

24 . მოჭედავ მას წმიდა ოქროთი და ოქროს გვირგვინს შემოავლებ.

25 . შემოავლე ირგვლივ მტკაველის ოდენა ჯებირი და ოქროს გვირგვინი შემოარტყი ჯებირს.

26 . გაუკეთე ირგვლივ ოქროს ოთხი რგოლი და ოთხივე ფეხთან, ოთხივე კუთხეზე მიამაგრე რგოლები.

27 . იყოს რგოლები ჯებირთან ახლოს, მაგიდის სატარებელი კეტების მოსათავსებლად.

28 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ მაგიდა.

29 . გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.

30 . და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.

31 . გააკეთე სუფთა ოქროს ჭედური სასანთლე; მისი შვერილი, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები ყველაფერი გამოჭედილი უნდა იყოს.

32 . ექვსი ტოტი გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი ტოტი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი მეორე გვერდიდან;

33 . სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი; და ასე ექვსივე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლეს ღეროდან;

34 . თვით სასანთლეზე - ოთხი ნუშისებრი თასი, თავისი კვირტებითა და ყვავილებით.

35 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ; სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.

36 . კვირტებიც და ტოტებიც ერთიანი უნდა იყოს, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედური უნდა იყოს.

37 . გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.

38 . ხალასი ოქროსი იყოს მაშები და აქანდაზები.

39 . ერთი ტალანტი ხალასი ოქროთი გაკეთდეს იგი მთელ თავის ჭურჭელთან ერთად.

40 . ნახე და გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაჩვენე მთაზე”.