1 . არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
2 . მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს, დანარჩენები არ მიუახლოვდნენ; ხალხი არ ამოყვეს მათ”.
3 . მივიდა მოსე და გადასცა ხალხს უფლის ყოველი სიტყვა და დადგენილება; ერთხმად მიუგო მთელმა ხალხმა: "შევასრულებთ უფლის ნათქვამ ყოველ სიტყვას”.
4 . და დაწერა მოსემ უფლის ყოველი სიტყვა. ადგა დილაადრიანად, აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ.
5 . წარავლინა მოსემ ჭაბუკნი, ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი და დაკლეს მოზვრები, სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.
6 . აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, ხოლო მეორე ნახევარი სამსხვერპლოს მოაპკურა.
7 . აიღო აღთქმის წიგნი და წაიკითხა ხალხის გასაგონად. მათ თქვეს: "ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით”.
8 . აიღო მოსემ სისხლი, აპკურა ხალხს და თქვა: "აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ სიტყვისამებრ”.
9 . ავიდნენ მოსე და აჰარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი.
10 . და იხილეს მათ ისრაელის ღმერთი. და იყო მის ფეხთა ქვეშ, რაღაც საფირონის ქვაფენილის მსგავსი, ზეცასავით სუფთა.
11 . და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთა რჩეულებზე. იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს.
12 . უთხრა უფალმა მოსეს: "ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ შენ ქვის დაფებს, რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე”.
13 . ადგნენ მოსე და მისი მსახური იეშუა და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
14 . უთხრა მოსემ უხუცესებს: "დაგველოდეთ, ვიდრე დავბრუნდებით; აჰა, აჰარონი და ხური თქვენთან არიან; ვისაც საქმე ექნება, მათთან მივიდეს”.
15 . ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა.
16 . და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა მოსეს შუაგულ ღრუბლიდან.
17 . მოგიზგიზე ცეცხლივით იყო უფლის დიდება მთის მწვერვალზე ისრაელის ძეთა თვალწინ.
18 . შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში და ავიდა მთაზე; ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.
3 . ესაა შესაწირი, რომელსაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
4 . ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილი, თხის მატყლი,
5 . ვერძისა და მაჩვის დათრიმლული ტყავები და აკაციის ძელები;
6 . გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
7 . სარდიონის ქვები და ეფოდსა და გულსაფარში ჩასასმელი ქვები.
8 . და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9 . როგორც მე გაჩვენებ კარავსა და ყოველი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ისე გააკეთე.
10 . კიდობანი აკაციის ხისგან გააკეთეთ: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე და სიმაღლე.
11 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედე; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
12 . ჩამოასხი ოქროს ოთხი რგოლი და ოთხ ქვედა კუთხეში მიამაგრე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი მეორე მხარეს.
13 . გამოთალე კეტები აკაციისგან და მოჭედე ოქროთი.
14 . გაუყარე კეტები კიდობნის გვერდების გასწვრივ რგოლებში, რათა მათი მეშვეობით ატაროთ კიდობანი.
15 . დარჩეს კეტები კიდობნის რგოლებში, არ გამოაძროთ.
16 . ჩადე კიდობანში აღთქმა, რომელსაც მოგცემ.
17 . გაუკეთე სარქველი ხალასი ოქროსგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18 . გამოჭედე ოქროსგან ორი ქერუბი და დასხი სარქვლის ორივე კიდეზე.
19 . ერთი ქერუბი ერთ კიდეზე დაამაგრე და ერთიც - მეორე კიდეზე; სარქვლის ორივე კიდეზე დასხით ქერუბები.
20 . სარქვლის ზემოდან ჰქონდეთ გაშლილი ქერუბებს ფრთები, თავისი ფრთებით დაფარონ სარქველი - სახეები კი ერთმანეთისკენ ექნებათ მიბრუნებული; სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბები.
21 . სარქველი დააფარე ზემოდან კიდობანს; მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ, კიდობანში ჩადე.
22 . მანდ გამოგეცხადები, სარქვლის ზემოდან, ორი ქერუბის შუაგულიდან, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და დაგელაპარაკები ყოველივეზე, რაც ისრაელის შვილებს უნდა ამცნო.
23 . გააკეთე მაგიდა აკაციის ხისგან, ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
24 . მოჭედავ მას წმიდა ოქროთი და ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25 . შემოავლე ირგვლივ მტკაველის ოდენა ჯებირი და ოქროს გვირგვინი შემოარტყი ჯებირს.
26 . გაუკეთე ირგვლივ ოქროს ოთხი რგოლი და ოთხივე ფეხთან, ოთხივე კუთხეზე მიამაგრე რგოლები.
27 . იყოს რგოლები ჯებირთან ახლოს, მაგიდის სატარებელი კეტების მოსათავსებლად.
28 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ მაგიდა.
29 . გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.
30 . და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.
31 . გააკეთე სუფთა ოქროს ჭედური სასანთლე; მისი შვერილი, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები ყველაფერი გამოჭედილი უნდა იყოს.
32 . ექვსი ტოტი გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი ტოტი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი მეორე გვერდიდან;
33 . სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი; და ასე ექვსივე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლეს ღეროდან;
34 . თვით სასანთლეზე - ოთხი ნუშისებრი თასი, თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ; სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
36 . კვირტებიც და ტოტებიც ერთიანი უნდა იყოს, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედური უნდა იყოს.
37 . გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.
38 . ხალასი ოქროსი იყოს მაშები და აქანდაზები.
39 . ერთი ტალანტი ხალასი ოქროთი გაკეთდეს იგი მთელ თავის ჭურჭელთან ერთად.
40 . ნახე და გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაჩვენე მთაზე”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.
3 . მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.
4 . თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,
5 . ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.
6 . ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.
7 . მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
9 . თუ ვინმემ თავისი მამა და დედა დასწყევლოს, უსათუოდ მოკვდეს. მამამისი და დედამისი დასწყევლა მან: მასზეა მისი სისხლი.
10 . თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
11 . ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს ახადა: უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
12 . თუ თავისი შვილის ცოლთან დაწვება ვინმე, უსათუოდ მოკვდნენ ორივენი. აღრევა ჩაიდინეს; მათზეა მათი სისხლი.
13 . თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
14 . თუ ვინმე დედასა და შვილს შეირთავს ცოლად, უზნეობას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით ისინი, რათა უზნეობა არ იყოს თქვენ შორის.
15 . ვინც პირუტყვთან დაიჭერს კავშირს, უსათუოდ მოკვდეს და პირუტყვიც მოკალით.
16 . თუ ქალი რომელიმე პირუტყვს შესაწყვილებლად მიუახლოვდება, მაშინ მოკალით ქალი და პირუტყვიც უსათუოდ მოკვდეს, მათზეა მათი სისხლი.
17 . თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.
18 . თუ ვინმე ცოლთან მისი წიდოვნებისას დაწვება და ახდის სიშიშვლეს, იხილავს მის დენას და ისიც გამოაჩენს თავის სისხლდენას, ორივე მოიკვეთონ თავისი ხალხიდან.
19 . დეიდის ან მამიდის სიშიშვლეს არავინ ახადოს, რადგან საკუთარ სისხლსა და ხორცს გააშიშვლებს; თავის ცოდვას იტვირთავენ ისინი.
20 . ვინც თავის ბიცოლასთან დაწვება, ის საკუთარი ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს. თავის ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
21 . თუ ვინმე თავისი ძმის ცოლს შეირთავს, უწმიდურებაა, საკუთარ ძმას ახადა სიშიშვლე: ამიტომ, უშვილონი იქნებიან.
22 . დაიცავით ყოველი ჩემი წესი და სამართალი, აღასრულეთ ისინი და არ ამოგანთხევთ ქვეყანა, სადაც მიმყავხართ საცხოვრებლად.
23 . ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებისამებრ, რომელთაც ვდევნი თქვენგან; ვინაიდან ამ ყოველივეს სჩადიოდნენ და მძაგს ისინი.
24 . აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.
25 . განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და წმიდა და უწმიდური ფრინველი; ნუ შეიბილწებით პირუტყვით, ფრინველით და ყოველი ქვემძრომით მიწაზე, რაც უწმიდურია და გამოვაცალკევე თქვენგან;
26 . და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.
27 . თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.
1 . "ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.
2 . არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.
3 . იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: ყველა, ვინც ბაყალ-ფეღორს აჰყვა, მოსპო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენგან.
4 . ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.
5 . აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6 . დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.
7 . რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?
8 . რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?
9 . მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს
10 . იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: "შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.
11 . მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.
12 . და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
13 . გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;
14 . მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15 . იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,
16 . რათა არ გაირყვნა და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;
17 . დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,
18 . რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;
19 . რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
20 . თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
21 . გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
22 . არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
23 . გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
24 . რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი - თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
25 . იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.
26 . ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით.
27 . მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.
28 . და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.
29 . მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.
30 . როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.
31 . რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.
32 . აბა ჰკითხეთ გარდასულ დღეებს, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, დღიდან ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა დედამიწაზე, ცის ქვეშეთში თუ მომხდარა რაიმე, მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?
33 . თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
34 . თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?
35 . ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.
36 . ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
37 . ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,
38 . რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.
39 . გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.
40 . დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.
41 . მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,
42 . მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.
43 . ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.
44 . და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
45 . ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46 . იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
47 . დაიმკვიდრეს მისი და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ამორელთა ორი მეფისა, რომლებიც იორდანეს გამოღმა იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
48 . ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირზეა, სიონის (ხერმონის) მთამდე.
49 . ასევე ყოველი ველი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობზე.
1 . მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: "ისმინე, ისრაელ, წესდებანი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს შენს გასაგონად; რათა ისწავლო და შეასრულო ისინი.
2 . აღთქმა დაგვიდო ხორებში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
3 . ჩვენს მამებთან კი არა, უფალმა ეს აღთქმა ჩვენთან დადო, ვინც დღეს აქ ვართ, ცოცხლები.
4 . პირისპირ გელაპარაკებოდა უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან,
5 . მე კი იმ დროს უფალსა და შენს შორის ვიდექი, რათა უფლის სიტყვა მეუწყებინა შენთვის, რადგან გეშინოდა ცეცხლის და არ ამოსულხარ მთაზე. მან თქვა:
6 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
7 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.
8 . არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ.
9 . არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;
10 . და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.
11 . არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.
12 . დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს, შენს ღმერთს.
13 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,
14 . ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ და ასულმა, არც შენმა მონამ და მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მონამ და მხევალმა.
15 . გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
16 . პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.
17 . არა კლა.
18 . არ იმრუშო.
19 . არ იქურდო.
20 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
21 . არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი და შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა და მსახური, არც მისი მხევალი და ხარი, არც სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
22 . ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ შენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და ნისლის შუაგულიდან, დიადი ხმით და აღარაფერი დაუმატებია და დაწერა ქვის ორ დაფაზე და მე მომცა.
23 . როცა მოისმინეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, ხოლო მთა ცეცხლით იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ყველა ტომის მთავარი და უხუცესი;
24 . მითხარით: "აჰა, გვიჩვენა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე და გვესმა მისი ხმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა იგი.
25 . ახლა რად უნდა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი: თუ კიდევ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, დავიხოცებით!
26 . რადგან ვინ არის ის ხორციელი, ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღმერთის ხმა რომ მოესმინოს და ცოცხალი დარჩენილიყოს ჩვენსავით?
27 . მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის და მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გეტყვის. ჩვენ მოვისმენთ და შევასრულებთ”.
28 . მოისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკი, მე რომ მელაპარაკებოდით და მითხრა: "ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკი, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.
29 . ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ჩემი ყოველი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი ძენი უკუნისამდე.
30 . წადი და უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავიანთ კარვებში.
31 . ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან და გეტყვი ყველა მცნებას, წესს და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რათა შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც ვაძლევ დასამკვიდრებლად”.
32 . ისე დაიცავი, როგორც ნაბრძანები აქვს შენთვის უფალს, შენს ღმერთს; ნუ გადაიხრები ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ.
33 . იარე ყველა იმ გზით, რომელიც გამცნო შენმა ღმერთმა, რათა იცოცხლო, სიკეთე გქონდეს და დღეგრძელი იყო იმ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებ.
1 . "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
2 . ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
3 . არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
4 . რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
5 . ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
6 . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
7 . იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
8 . არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
9 . იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
10 . მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
11 . დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
12 . თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
13 . შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
14 . კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
15 . მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16 . შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17 . თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
18 . არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
19 . ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20 . კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21 . არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
22 . თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23 . გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
24 . ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
25 . ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
26 . ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
1 . "იმ დროს მითხრა უფალმა: "გამოთალე ქვისგან ორი დაფა, მსგავსი უწინდელისა, ამოდი ჩემთან მთაზე და გააკეთე ხის კიდობანი;
2 . და დავწერ დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც შენს მიერ დამსხვრეულ პირვანდელ დაფებზე ეწერა და ჩადე ისინი კიდობანში.
3 . აკაციის ხისგან გავაკეთე კიდობანი, გამოვთალე პირვანდელთა მსგავსი, ქვის ორი დაფა და ავედი მთაზე; ხელთ ორი დაფა მეპყრა.
4 . და დაწერა მან დაფებზე, როგორც მანამდე ეწერა, ათი მცნება, რომლებიც მთაზე შეკრების დღეს, შუაგულ ცეცხლიდან გითხრათ უფალმა, და მომცა ისინი უფალმა.
5 . დავბრუნდი, ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე დაფები ჩემს მიერ გაკეთებულ კიდობანში და აწყვია იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
6 . იაყაქანის ძეთა ჭებიდან მოსერასკენ დაიძრნენ ისრაელიანები; იქ გარდაიცვალა აჰარონი და იქვე დაიკრძალა; და დადგა მის მაგიერ ელეაზარი, მისი ძე.
7 . იქიდან გუდგოდასკენ დაიძრნენ და გუდგოდადან - იოტბათასკენ, ნაკადულთა ქვეყნისკენ.
8 . იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი უფლის აღთქმის კიდობნის სატარებლად, რომ მდგარიყვნენ და ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ, როგორც დღემდეა.
9 . ამიტომ არ ჰქონდა ლევის ტომს წილი და სამკვიდრებელი თავის ძმებთან: უფალია მისი სამკვიდრებელი, როგორც უფალს, შენს ღმერთს აქვს ნათქვამი მისთვის.
10 . დავრჩი მთაზე, როგორც პირველ ჯერზე, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე; ამჯერადაც შეისმინა უფალმა ჩემი და არ ისურვა მან თქვენი მოსპობა.
11 . მითხრა უფალმა: "ადექი, წარუძეხი ამ ხალხს; დაე, მივიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც მათ მამებს შევფიცე მისაცემად”.
12 . ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;
13 . დაიცვა უფლის მცნებანი და დადგენილებანი, რომელთაც შენდა სასიკეთოდ გამცნებ დღეს.
14 . უფალს, შენს ღმერთს ეკუთვნის ცანი და ცა მათ ზემოთ, დედამიწა და ყოველივე, რაც მასშია.
15 . მხოლოდ შენი მამები აირჩია უფალმა, შეიყვარა ისინი და გამოგარჩიათ თქვენ - მათი შთამომავლობა, ყველა ხალხისგან, როგორც დღეს არის.
16 . დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და მეტად ნუღარ გაჯიუტდებით;
17 . ვინაიდან უფალი, შენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთია და უფალთ უფალი, დიადი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც არ პირმოთნეობს და ქრთამს არ იღებს;
18 . სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.
19 . შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
20 . გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე, მას მიეწებე და მის სახელს ფიცულობდე.
21 . ისაა შენი დიდება და შენი ღმერთი, რომელმაც შენს თვალწინ მოიმოქმედა დიადი და საშინელი საქმეები.
22 . სულ სამოცდაათნი იყვნენ შენი მამები, ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ და ახლა ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლა უფალმა, შენმა ღმერთმა.
1 . "უფლის, თქვენი ღმერთის ძეები ხართ; მკვდრის გამო სხეულს ნუ დაისერავთ და თვალთა შორის ნუ გაიპარსავთ;
2 . რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად - ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.
3 . სისაძაგლე არაფერი ჭამოთ.
4 . ამ ცხოველების ჭამა შეიძლება: ხარი, კრავი, ცხვარი, თხა,
5 . ირემი, ქურციკი, შველი, ჯიხვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი.
6/7 . ყოველი ცხოველი, რომელსაც ორად გაყოფილი ჩლიქი და ორივე ჩლიქზე ღრმა ჭრილი აქვს და რომელიც იცოხნება - ჭამეთ
8 . და ღორი, რომელსაც ჩლიქი კი აქვს ორად გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნება - უწმიდურია თქვენთვის; მათი ხორცი არ ჭამოთ და ნურც მათ მძორს შეეხებით.
9 . შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი, რაც კი არსებობს წყალში, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს;
10 . რასაც ფარფლი და ქერცლი არ აქვს - ნუ შეჭამთ, სუფთა არ არის იგი თქვენთვის.
11 . ჭამეთ ყოველი სუფთა ფრინველი;
12 . არ უნდა შეჭამოთ: არწივი, ორბი, სვავი,
13 . ძერა, შევარდენი, სონღული თავისი გვარებით,
14 . არც ერთი სახის ყორანი,
15 . სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი თავისი გვარებით,
16 . კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი,
17 . ვარხვი, ფსოვი, თევზიყლაპია,
18 . ყარყატი, ყანჩა თავისი გვარებით, ოფოფი და ღამურა.
19 . ყოველი ფრთოსანი მწერი უსუფთაოა თქვენთვის, არ ჭამოთ.
20 . ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ.
21 . არავითარი ლეში არ ჭამოთ; თქვენს შორის მყოფ მდგმურს მიეცით და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ; რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში.
22 . ყოველწლიურად მინდვრის ნათესის მთელი მოსავლის მეათედი გამოყავით,
23 . და ჭამეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც თვითონ ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად: თქვენი მარცვლეულის, ღვინის და ზეთის მეათედი; თქვენი საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი, რათა ისწავლოთ უფლის, თქვენი ღმერთის შიში სამუდამოდ.
24 . თუ შორია გზა თქვენგან და ვერ შეძლებთ მის ზიდვას, იმ ადგილის სიშორის გამო, რომელიც ამოირჩია უფალმა, თქვენმა ღმერთმა, როდესაც გაკურთხებთ უფალი, ღმერთი თქვენი,
25 . მაშინ ფულზე გადაცვალეთ, აიღეთ ეს ფული და წადით იმ ადგილზე, რომელიც ამოირჩია უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
26 . შეიძინეთ ამ ფულით ყველაფერი, რასაც ისურვებთ: ძროხა, ცხვარი, ღვინო თუ მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც ინატრებთ და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა.
27 . არ მიატოვოთ თქვენს მხარეში მყოფი ლევიანი, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს მას თქვენთან.
28 . სამი წლის მიწურულს გამოიტანეთ იმ წლის მოსავლის მეათედი და დადეთ კარიბჭესთან.
29 . მოვა ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრებელი თქვენთან, მოვა მწირი, ობოლი და ქვრივი, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, ჭამენ და გაძღებიან, რათა გაკურთხოთ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რომლისკენაც ხელს გაიწვდი.
1 . "და როცა შეხვალ ქვეყანაში, რომელსაც გიმკვიდრებს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ და დასახლდები მასში,
2 . უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად.
3 . მიდი მღვდელთან, რომელიც იმ დღეებში იქნება და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შევედი მიწაზე, რომლის მოცემაც შეჰფიცა უფალმა ჩვენ მამებს.
4 . გამოგართმევს მღვდელი კალათს ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინაშე.
5 . ილაპარაკებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: "მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი, ჩავიდა ეგვიპტეში და მცირერიცხოვან ხალხად მდგმურობდა იქ და შეიქნა იქ დიდ ერად, ძლიერად და მრავალრიცხოვნად.
6 . გვიბოროტეს ეგვიპტელებმა, გვავიწროებდნენ და სასტიკად გვიმონებდნენ;
7 . და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, იხილა ჩვენი გაჭირვება, ჯაფა და ჩაგვრა.
8 . გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით, შემართული მკლავით, ძრწოლით, დიადი ნიშნებითა და სასწაულებით.
9 . მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა - მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
10 . აჰა, მოვიტანე პირველნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო! დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
11 . და გაიხარე ყველა იმ სიკეთით, რომელიც უფალმა, შენმა ღმერთმა მოგცა, შენ, შენს სახლეულს და შენს მხარეში მყოფ ლევიანსა და ხიზანს, შენთან ერთად.
12 . როცა დაასრულებ მესამე წელს - მეათედის წელს, გამოყავი და მიეცი შენი მოსავლის მეათედი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ.
13 . და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: სახლიდან გავიღე წმიდა წილი და ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს მივეცი, შენი მცნების მიხედვით, რომელიც მამცნე; არ გადავუხვიე შენ მცნებებს და არ დავივიწყე.
14 . არ მიჭამია მისგან გაჭირვებაში, არ გამიღია იგი გაუწმიდურებულს და მიცვალებულისთვის არ მიმიცია; ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის ხმა და ავასრულე ყოველივე, რაც მამცნე.
15 . გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფელიდან, ზეციდან და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს; ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
16 . გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.
17 . რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.
18 . აღგითქვა დღეს უფალმა, რომ იქნები მისი საუნჯე, როგორც აქვს ნათქვამი, რათა იცავდე მის ყველა მცნებას.
19 . და რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ერზე მეტად, ქებით, სახელითა და დიდებით და იყო წმიდა ხალხი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც აქვს ნათქვამი უფალს”.
1 . უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს და უთხრეს: "დაიცავი ყოველი მცნება, რასაც გიბრძანებ დღეს.
2 . იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;
3 . და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.
4 . როცა გადალახავ იორდანეს, აღმართე ეს ქვები, როგორც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და შელესე კირით.
5 . აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, რკინა არ შეახო მას.
6 . მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.
7 . შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, ჭამე იქ და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8 . და დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა ძალიან მკაფიოდ”.
9 . ასე უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელს ისრაელს: "დადუმდი და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10 . ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს”.
11 . ასე უბრძანა მოსემ იმ დღეს ერს:
12 . "ესენი დადგებიან გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადალახავ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13 . ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14 . ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა:
15 . წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16 . წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
17 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
18 . წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
19 . წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
20 . წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
21 . წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
22 . წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
23 . წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
24 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
25 . წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
26 . წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
1 . "და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა.
2 . გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
3 . კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში.
4 . კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
5 . კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი;
6 . კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას.
7 . და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8 . კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9 . დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.
10 . იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი.
11 . სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
12 . გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
13 . თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.
14 . ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
15 . მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
16 . წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.
17 . წყეული იქნება შენი კალათა და გობი.
18 . წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
19 . წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.
20 . გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
21 . მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ.
22 . წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.
23 . ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა - რკინად.
24 . წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები.
25 . დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში.
26 . და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.
27 . მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან.
28 . მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
29 . ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
30 . საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ;
31 . დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე.
32 . სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში.
33 . და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.
34 . და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.
35 . გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე.
36 . წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს.
37 . საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
38 . უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.
39 . დარგავ და დაამუშავებ ვენახებს, ღვინოს კი ვერ დალევ და ნაყოფს ვერ მოკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40 . ზეთისხილი გექნება მთელ შენს მიწაზე და ზეთს კი ვერ იცხებთ, რადგან დაცვივდება ნაყოფი.
41 . გააჩენ ძეებსა და ასულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ.
42 . ყოველი ხე და ნაყოფი შენი მიწისა კალიის მიერ გაჩანაგდება.
43 . ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.
44 . ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი - კუდი.
45 . და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
46 . საუკუნო ნიშნად და სასწაულად იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე.
47 . რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
48 . ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.
49 . შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;
50 . ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
51 . შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.
52 . შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,
53 . და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
54 . ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
55 . რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.
56 . შენში მცხოვრები განაზებული და განებივრებული ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო, მიწაზე ტერფის დადგმაც არ უცდია, მტრულად შეხედავს თავის ქმარს, ძესა და ასულს,
57 . და თანმოყოლილს, რომელიც დაბადებისას მოჰყვა თავის შვილებს მის ფერხთა შორის; რადგან ფარულად შეჭამს მათ გაჭირვებაში, ალყასა და სიდუხჭირეში, როცა შეგაჭირვებს მტერი შენს საცხოვრებლებში.
58 . თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
59 . მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს.
60 . მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან.
61 . ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.
62 . დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63 . და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64 . გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.
65 . ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.
66 . ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.
67 . გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
68 . და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.
1 . ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.
2 . მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;
3 . დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.
4 . და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.
5 . ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.
6 . პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7 . მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.
8 . ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
9 . დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10 . ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;
11 . თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,
12 . რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,
13 . რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
14 . არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,
15 . არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.
16 . რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.
17 . ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.
18 . ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
19 . რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.
20 . არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21 . გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22 . და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
23 . გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
24 . იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25 . და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.
26 . წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27 . და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
28 . და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
29 . დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . "ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი რჯული: წმიდათა წმიდაა იგი.
2 . იმ ადგილზე, სადაც დაკლავენ სრულადდასაწველს, დანაშაულისთვის შესაწირი დაიკლას და მოეპკუროს მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
3 . შესწიროს მთელი მისი ქონი: დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს;
4 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმელებს.
5 . და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად უფლისთვის. ეს დანაშაულისთვის შესაწირია.
6 . ყოველმა მამრმა მღვდლების შვილთაგან ჭამოს იგი. წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
7 . ერთი რჯული აქვს ცოდვისთვის შესაწირს და დანაშაულისთვის შესაწირს: მღვდელს ეკუთვნის იგი, რომელიც მისი მეშვეობით გამოისყიდის.
8 . თუ ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს სწირავს მღვდელი, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის.
9 . ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც თონეშია გამომცხვარი და ყველაფერი, რაც ქოთანში ან ტაფაზეა დამზადებული, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს.
10 . პურეულის ყოველი ძღვენი, ზეთში არეული თუ მშრალი, აჰარონის ყველა ძეს ეკუთვნის, როგორც ერთს, ასევე მეორესაც.
11 . ესაა რჯული სამშვიდობო შესაწირისა, რომელსაც უფალს სწირავენ:
12 . თუ სამადლობელს სწირავს, მაშინ სამადლობელის შეწირვისას შესწიროს ზეთში შეზელილი უფუარი პურები და ზეთწაცხებული უფუარი ნამცხვრები და ზეთში მოზელილი წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები.
13 . გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად.
14 . ერთი ნაწილი თითოეული შესაწირიდან უფლისადმი აღსამართი იყოს; იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლს აპკურებს.
15 . სამადლობელი და სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს მისგან.
16 . თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს შეიჭამოს, რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
17 . დარჩენილი მსხვერპლის ხორცი ცეცხლში დაიწვას მესამე დღეს.
18 . თუ მესამე დღესაც შეიჭმევა სამშვიდობო შესაწირის ხორცი, არ იქნება კეთილსასურველი, არ ჩაეთვლება მის შემწირველს; საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს, ცოდვას იტვირთავს.
19 . ხორცი, რომელიც რაიმე უწმინდურს შეეხო, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში დაიწვას. ვინც განწმედილია, იმას შეუძლია ჭამოს ხორცი.
20 . ვინც წაბილწულია და შეჭამს უფლის სამშვიდობო შესაწირის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან;
21 . ვინც რაიმე არაწმიდას შეეხება, ადამიანურ სიბილწეს ან არაწმიდა პირუტყვს, ან რაიმე არაწმიდა ქვემძრომს და შეჭამს უფლის სამშვიდობო შესაწირის ხორციდან, თავისი ხალხიდან უნდა მოიკვეთოს”.
22 . უთხრა უფალმა მოსეს:
23 . "უთხარი ისრაელის შვილებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის და არც თხის ქონი.
24 . ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში; ჭამით კი არ ჭამოთ,
25 . რადგან ვინც უფლისთვის საცეცხლო შესაწირად შეწირული პირუტყვის ქონს შეჭამს, მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
26 . არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომებში: არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
27 . ყოველი სული, რომელიც შეჭამს ამა თუ იმ სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან”.
28 . უთხრა უფალმა მოსეს:
29 . "უთხარი ისრაელის შვილებს: უფლისადმი სამშვიდობო შესაწირის შემწირველმა მიართვას თავისი შესაწირი უფალს თავისი სამშვიდობო შესაწირიდან.
30 . თავისი ხელით მიართვას საცეცხლო შესაწირი უფალს: ქონი მკერდთან ერთად მიართვას, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
31 . დააკმევს მღვდელი ქონს სამსხვერპლოზე, მკერდი კი აჰარონისა და მისი ძეებისაა.
32 . მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღვლენის შესაწირი თქვენი სამშვიდობო შესაწირიდან.
33 . მარჯვენა ბეჭი ექნება ულუფად აჰარონის ძეს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლსა და ქონს შესწირავს.
34 . რადგან შესარხეველი მკერდი და აღსავლენი ბეჭი ავიღე მე ისრაელის ძეთაგან, მათ სამშვიდობო შესაწირთაგან და მივეცი ისინი აჰარონ მღვდელს და მის ძეებს, საუკუნო წესად ისრაელის ძეთათვის
35 . ეს არის წილი აჰარონისა და წილი მისი ძეებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლო შესაწირიდან, იმ დღიდან, რაც წარდგენილ იქნენ ისინი მსახურ მღვდლებად უფლის წინაშე;
36 . როგორც ბრძანა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისთვის.
37 . ესაა რჯული ყოვლადდასაწველისა, პურეული შესაწირის, ცოდვისათვის შესაწირის, დანაშაულის გამო შესაწირის, მიძღვნისა და სამშვიდობო შესაწირისა,
38 . რომელიც სინაის მთაზე უბრძანა მოსეს უფალმა, იმ დღეს, როცა უბრძანა ისრაელის შვილებს თავის მსხვერპლთა შეწირვა უფლისთვის სინაის უდაბნოში”.
1 . 1. მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. 2. გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა. 3. მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. 4. მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური! 5. ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი. 6. თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს. 7. ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია. 8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. 11. ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. 12. აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან! 13. გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. 14. თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო. 15. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ. 16. აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა. 17. აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. 18. თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი. 19. რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან. 20. კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები: მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო! 21. იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ? 22. ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი. 23. მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს. 24. თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს? 25. ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ. 26. საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
1 . 1. დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე. 2. არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით; 3. რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა. 4. მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა. 5. აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა. 6. უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს. 7. ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ. 8. არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან. 9. ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ. 10. არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე. 11. და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს; 12. შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო. 13. აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ. 14. შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს; 15. რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას. 16. უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე, 17. გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს, 18. არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო. 19. არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო, 20. რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ 21. ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას; 22. ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს, 23. შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება. 24. მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან. 25. და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი. 26. დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო, 27. და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით, 28. როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ 29. თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ. 30. ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე. 31. და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად. 32. განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს. 33. და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე, 34. და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; 35. დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას.