გამოსვლა თავი 10

1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან, რადგან მე გავუქვავე გული მას და მის მსახურებს, რათა ჩემი ნიშნები გამომევლინა მათ შორის.

2 . რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.

3 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ებრაელთა ღმერთი: "როდემდე უარყოფ დამდაბლებას ჩემს წინაშე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.

4 . და თუ კიდევ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, აჰა, ხვალვე კალიას მოვავლენ შენს საზღვრებში.

5 . ისე დაფარავს იგი ქვეყნის ზედაპირს, რომ შეუძლებელი გახდება მიწის დანახვა და შთანთქავს იგი გადარჩენილთა ნატამალს, რომელიც სეტყვას გადაურჩა; და შეჭამს ყოველ ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ.

6 . აღავსებენ შენი, შენი მსახურების და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავს შენს მამა-პაპას მათი არსებობის დღიდან დედამიწაზე”. გამობრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.

7 . უთხრეს ფარაონს მისმა მსახურებმა: "როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ჩვენს მახედ? გაუშვი კაცები და ემსახურონ უფალს, თავ-თავის ღმერთს, ვეღარ გაიგე, რომ იღუპება ეგვიპტე?

8 . დააბრუნეს მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: "წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. მაგრამ ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?”

9 . უთხრა მოსემ: "ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებით, ჩვენი ქალ-ვაჟით, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით წავალთ, რადგან უფლისთვის უნდა ვიდღესასწაულოთ”.

10 . უთხრა მათ ფარაონმა: "ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.

11 . ასე არა! წადით თქვენ, მამაკაცები და ემსახურეთ უფალს, რაკი ასე გსურთ”. და გამოაგდეს ისინი ფარაონისგან.

12 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიის გამოსახმობად, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის მიწას და შთანთქას ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა”.

13 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ეგვიპტის მიწაზე და მოავლინა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყანაზე მთელ დღეს და მთელ ღამეს. გათენდა და კალია მოზიდა აღმოსავლეთის ქარმა.

14 . შეესია კალია ეგვიპტის მიწას და დაუნდობლად მოეფინა ეგვიპტის ყოველ კუთხე-კუნჭულს; არც მანამდე ყოფილა ამდენი კალია და არც ამის შემდეგ იქნება.

15 . დაფარა მან მთელი მიწის ზედაპირი ისე, რომ დაბნელდა ქვეყანა და შთანთქა ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა და აღარ დარჩა არანაირი სიმწვანე, აღარც ხე და ბალახი მინდვრისა ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.

16 . სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.

17 . გთხოვთ, ამჯერადაც შემინდეთ ცოდვა და ილოცეთ უფლის, თქვენი ღმერთისადმი, ოღონდ ამარიდოს ეს სიკვდილი”.

18 . გამოვიდა მოსე ფარაონისგან და ილოცა უფლის მიმართ.

19 . მოაქცია უფალმა ზღვის ძლიერი ქარი, წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. არ დარჩენილა არც ერთი კალია ეგვიპტის საზღვრებში.

20 . გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილები.

21 . უთხრა უფალმა მოსეს: "ცისკენ გაიწოდე ხელი, რათა იყოს წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაზე, ხელშესახები სიბნელე”.

22 . გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და წყვდიადის ბურუსი ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე სამ დღეს.

23 . ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამი დღე; ხოლო ისრაელის შვილებს სინათლე ჰქონდათ თავ-თავის სამყოფელში.

24 . მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: "წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”.

25 . უთხრა მოსემ: "სამსხვერპლო და სრულადდასაწველიც უნდა მოგვცე და შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.

26 . ჩვენი საქონელიც უნდა წაგვყვეს, ჩლიქიც კი არ დარჩება, ვინაიდან მისგან გამოვარჩევთ უფლის, ჩვენი ღვთის შესაწირს; სანამ იქ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახურებით უფალს”.

27 . მაგრამ გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ ინება მათი გაშვება.

28 . უთხრა მას ფარაონმა: "წადი აქედან და გაფრთხილდი, რომ აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მაშინვე მოკვდები.

29 . უთხრა მოსემ: "სწორად ამბობ. აღარასოდეს ვიხილავ შენს სახეს”.