1 . ყველაფერი შეიტყო ითრომ, მიდიანელმა მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, რაც ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს გაუკეთა, როგორ გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან.
2 . და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, მოსეს ცოლი ციფორა, მისი უკან გაგზავნის შემდეგ.
3 . და მისი ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რადგან თქვა - "ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
4 . მეორეს სახელად ელიეზერი ერქვა, რადგან თქვა: "მამაჩემის ღმერთი შემეწია და დამიხსნა ფარაონის მახვილისგან”.
5 . მივიდნენ ითრო, მოსეს სიმამრი და მისი ცოლი თავისი ძეებითურთ მოსესთან უდაბნოში, სადაც იყო დაბანაკებული, ღვთის მთასთან.
6 . შეატყობინა მოსეს: "მე, შენი სიმამრი, ითრო, მოვდივარ შენთან და მომყავს შენი ცოლი, თავის ორ ძესთან ერთად”.
7 . და გავიდა მოსე თავის სიმამრთან შესახვედრად, თაყვანისცა და ეამბორა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.
8 . უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რა უყო უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და თუ როგორ მფარველობდა მათ უფალი.
9 . გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა ისრაელს, ეგვიპტელთაგან მათი გამოხსნისას.
10 . თქვა ითრომ: "კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელთაგან, რომელმაც იხსნა ეს ხალხი ეგვიპტელთა მონობისგან.
11 . ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი; რადგან რაშიც ამაყად ექცეოდნენ ისრაელიანებს, იმაში იმძლავრა მათზე.
12 . და შესწირა ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავი ღმერთს. და მივიდნენ აჰარონი და ისრაელის ყველა უხუცესი მოსეს სიმამრთან, ღვთის წინაშე პურის საჭმელად.
13 . მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე.
14 . იხილა მოსეს სიმამრმა ყოველივე, რასაც ის ხალხისთვის აკეთებდა და უთხრა: "რას უკეთებ ამ ხალხს? მარტო შენ რად ზიხარ და მთელი ეს ხალხი კი შენს წინ დგას დილიდან საღამომდე?”
15 . უთხრა მოსემ თავის სიმამრს: "იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საძიებლად.
16 . როცა რაიმე საქმე აქვთ, ჩემამდე მოაქვთ და განვსჯი კაცსა და მის მოყვასს შორის, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს”.
17 . უთხრა მოსეს სიმამრმა: "არაა კარგი, რასაც შენ აკეთებ.
18 . გამოიფიტებით შენც და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, მარტო ვერ შეძლებ ამის კეთებას.
19 . ახლა ისმინე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და ღმერთი იყოს შენთან: შენ უშუამდგომლე ხალხს ღმერთთან და წარუდგინე მათი საქმენი ღმერთს.
20 . ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
21 . ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს.
22 . მათ განსაჯონ ხალხი ყოველთვის; ყველა დიდი საქმე შენთან მოიტანონ, ხოლო ყოველი მცირე საქმე თვითონ განსაჯონ; ზიდონ ასე ტვირთი შენთან ერთად და შენც შეგიმსუბუქდება.
23 . თუ ამას გააკეთებ და ღმერთიც ასე გიბრძანებს, მაშინ გაუძლებ და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე”.
24 . ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და აასრულა ყოველი მისი ნათქვამი.
25 . ამოარჩია მოსემ მთელი ისრაელიდან უნარიანი კაცები და ხალხს მეთაურებად: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნა.
26 . და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველთვის: ძნელი საქმე მოსესთან მიჰქონდათ, ყოველ წვრილმან საქმეს კი თვითონ წყვეტდნენ.
27 . გაისტუმრა მოსემ სიმამრი და წავიდა იგი თავის ქვეყანაში.