გამოსვლა თავი 8

1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს!

2 . თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მთელ შენს მიწას ბაყაყებით მოვსრავ.

3 . გაივსება მდინარე ბაყაყებით, ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში, შენს საწოლ ოთახში, შენს სარეცელზე, შენი მსახურებისა და ხალხის სახლებში, შენს თონეებსა და ვარცლებში.

4 . შენ, შენს ხალხს და ყოველ შენს მსახურს შემოგახტებათ ბაყაყები”.

5 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: გაიწოდე კვერთხიანი ხელი მდინარეებზე, ნაკადულებსა და ტბებზე და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე”.

6 . გაიწოდა აჰარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა.

7 . იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.

8 . დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "ილოცეთ უფლის მიმართ, რომ მოაშოროს ბაყაყები ჩემგან და ჩემი ხალხისაგან; გავუშვებ თქვენს ხალხს და შესწირონ მსხვერპლი უფალს”.

9 . უთხრა მოსემ ფარაონს: "დანიშნე დრო, როდის ვილოცო შენთვის, შენი მსახურებისთვის და შენი ხალხისთვის - ბაყაყების შენგან და შენი სახლებიდან მოსასპობად, მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.

10 . და უთხრა: "ხვალ”. მიუგო მოსემ: "იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არავინ არის უფლის, ჩვენი ღმერთის მსგავსი.

11 . მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს; მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.

12 . გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს.

13 . აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.

14 . მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა.

15 . იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

16 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს, გაიწოდეო კვერთხი, დაჰკარი მიწის მტვერს და გადაიქცევა მტვერი მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.

17 . ასეც მოიქცა: გაიწოდა აჰარონმა კვერთხიანი ხელი, დაჰკრა მიწის მტვერს და მკბენარი მოედო ადამიანსა და პირუტყვს. მთელი მიწის მტვერი კოღოდ გადაიქცა ეგვიპტის ქვეყანაში.

18 . და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით, მკბენარის წარმოსაქმნელად, მაგრამ ვერ შეძლეს და მკბენარი ეხვია ადამიანსა და პირუტყვს.

19 . უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: "ეს ღვთის თითია”. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

20 . უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი დილაადრიან, დადექი ფარაონის წინაშე და როცა წყალთან გამოვა, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.

21 . კიდევ თუ არ გამოუშვებ ჩემს ხალხს, მოვავლენ შენზე, შენს ხალხზე და შენს სახლეულზე ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და თვით მიწაც, რომელზეც ისინი არიან.

22 . და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც ჩემი ხალხი ბინადრობს, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა გაიგო, რომ მე ვარ უფალი ქვეყნის შუაგულში.

23 . გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისაგან. აჰა, ხვალ მოხდება ეს ნიშანი”.

24 . და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა: შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონისა და მისი მსახურების სახლებს და მთელი ეგვიპტის მიწას; მოისრა ქვეყანა ბუზანკალისგან.

25 . დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს, მაგრამ ამ ქვეყანაში გააკეთეთ ეს”.

26 . უთხრა მოსემ: "ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, უფლის, ჩვენი ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვა; განა არ ჩაგვქოლავენ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ რომ შევწიროთ?

27 . წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს”.

28 . უთხრა ფარაონმა: "გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში; ოღონდ შორს ნუ წახვალთ; შეევედრეთ ჩემთვის!”

29 . უთხრა მოსემ: "აჰა, გავდივარ შენგან და ვილოცებ უფლის მიმართ, ხვალიდან განშორდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს; ოღონდ ნუღარ მოგვატყუებს ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად”.

30 . გამოვიდა მოსე ფარაონისაგან და შეევედრა უფალს.

31 . აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს; ერთიც არ დარჩენილა.

32 . ამჯერადაც გაისასტიკა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი.