1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს!
2 . თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მთელ შენს მიწას ბაყაყებით მოვსრავ.
3 . გაივსება მდინარე ბაყაყებით, ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში, შენს საწოლ ოთახში, შენს სარეცელზე, შენი მსახურებისა და ხალხის სახლებში, შენს თონეებსა და ვარცლებში.
4 . შენ, შენს ხალხს და ყოველ შენს მსახურს შემოგახტებათ ბაყაყები”.
5 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: გაიწოდე კვერთხიანი ხელი მდინარეებზე, ნაკადულებსა და ტბებზე და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე”.
6 . გაიწოდა აჰარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა.
7 . იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.
8 . დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "ილოცეთ უფლის მიმართ, რომ მოაშოროს ბაყაყები ჩემგან და ჩემი ხალხისაგან; გავუშვებ თქვენს ხალხს და შესწირონ მსხვერპლი უფალს”.
9 . უთხრა მოსემ ფარაონს: "დანიშნე დრო, როდის ვილოცო შენთვის, შენი მსახურებისთვის და შენი ხალხისთვის - ბაყაყების შენგან და შენი სახლებიდან მოსასპობად, მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.
10 . და უთხრა: "ხვალ”. მიუგო მოსემ: "იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არავინ არის უფლის, ჩვენი ღმერთის მსგავსი.
11 . მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს; მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.
12 . გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს.
13 . აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.
14 . მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა.
15 . იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
16 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს, გაიწოდეო კვერთხი, დაჰკარი მიწის მტვერს და გადაიქცევა მტვერი მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
17 . ასეც მოიქცა: გაიწოდა აჰარონმა კვერთხიანი ხელი, დაჰკრა მიწის მტვერს და მკბენარი მოედო ადამიანსა და პირუტყვს. მთელი მიწის მტვერი კოღოდ გადაიქცა ეგვიპტის ქვეყანაში.
18 . და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით, მკბენარის წარმოსაქმნელად, მაგრამ ვერ შეძლეს და მკბენარი ეხვია ადამიანსა და პირუტყვს.
19 . უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: "ეს ღვთის თითია”. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
20 . უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი დილაადრიან, დადექი ფარაონის წინაშე და როცა წყალთან გამოვა, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
21 . კიდევ თუ არ გამოუშვებ ჩემს ხალხს, მოვავლენ შენზე, შენს ხალხზე და შენს სახლეულზე ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და თვით მიწაც, რომელზეც ისინი არიან.
22 . და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც ჩემი ხალხი ბინადრობს, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა გაიგო, რომ მე ვარ უფალი ქვეყნის შუაგულში.
23 . გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისაგან. აჰა, ხვალ მოხდება ეს ნიშანი”.
24 . და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა: შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონისა და მისი მსახურების სახლებს და მთელი ეგვიპტის მიწას; მოისრა ქვეყანა ბუზანკალისგან.
25 . დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს, მაგრამ ამ ქვეყანაში გააკეთეთ ეს”.
26 . უთხრა მოსემ: "ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, უფლის, ჩვენი ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვა; განა არ ჩაგვქოლავენ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ რომ შევწიროთ?
27 . წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს”.
28 . უთხრა ფარაონმა: "გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში; ოღონდ შორს ნუ წახვალთ; შეევედრეთ ჩემთვის!”
29 . უთხრა მოსემ: "აჰა, გავდივარ შენგან და ვილოცებ უფლის მიმართ, ხვალიდან განშორდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს; ოღონდ ნუღარ მოგვატყუებს ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად”.
30 . გამოვიდა მოსე ფარაონისაგან და შეევედრა უფალს.
31 . აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს; ერთიც არ დარჩენილა.
32 . ამჯერადაც გაისასტიკა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი.
1 . "არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
2 . ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით იყავით ჩემი საწმიდრის წინაშე, მე ვარ უფალი.
3 . თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ,
4 . მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე - თავის ნაყოფს.
5 . რთვლამდე გაგიგრძელდებათ ლეწვა, რთველი კი - თესვამდე; ძღომამდე შეჭამთ თქვენს პურს და მშვიდად იცხოვრებთ თქვენს ქვეყანაში.
6 . მშვიდობას მოგცემთ ქვეყნად და უშფოთველად დაწვებით; მტაცებელ მხეცებს მოგაშორებთ მიწიდან და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
7 . დაედევნებით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
8 . ხუთი თქვენიანი ასს განდევნის, ასი კი - ათი ათასს და მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
9 . მოვიხედავ თქვენკენ, მოგაშენებთ, გაგამრავლებთ და განვამტკიცებ თქვენთან ჩემს აღთქმას.
10 . შარშანდელს, ძველს შეჭამთ და გადაყრით ძველს ახლისთვის.
11 . ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული.
12 . ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
13 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად; დავგლიჯე თქვენი უღლის აპეურები და წელგამართულნი წამოგიყვანეთ.
14 . მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებას,
15 . უკუაგდებთ ჩემს წესებს და მოიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ აღასრულოთ ყოველი ჩემი მცნება და დაარღვიოთ ჩემი აღთქმა.
16 . მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.
17 . სახეს მოვაქცევ თქვენს წინააღმდეგ, განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე და თქვენი მოძულენი იბატონებენ თქვენზე; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
18 . თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.
19 . გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად - მიწას.
20 . ფუჭად დაილევა თქვენი ძალა, არ გამოიღებს მოსავალს თქვენი მიწა და არ მოისხამს ხე ნაყოფს.
21 . და თუ მაინც ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ და არ ისურვებთ ჩემთვის ყურის დაგდებას, შვიდმაგად გაგიმრავლებთ ცემას თქვენი ცოდვების გამო.
22 . მოგისევთ ველის მხეცებს და ამოგიწყვეტენ შვილებს, მოგისპობენ საქონელს, შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
23 . თუ ესეც არ შემოგაბრუნებთ ჩემსკენ და შემეწინააღმდეგებით,
24 . მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგლახვრავთ თქვენი ცოდვებისთვის.
25 . მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
26 . შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.
27 . თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ,
28 . მეც წამოვალ მძვინვარედ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
29 . შეჭამთ თქვენი ძეებისა და ასულების ხორცს.
30 . გაგინადგურებთ მაღლობებს, აგიჩეხავთ მზის სვეტებს, თქვენს მძორებს კერპების ნანგრევებზე დავყრი და შეგიძულებთ ჩემი სული.
31 . გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს, ავაოხრებ თქვენს საწმიდრებს და არ ვიყნოსავ თქვენს კეთილსურნელებას.
32 . ავაოხრებ თქვენს ქვეყანას და განცვიფრდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები.
33 . გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალდაკვალ დაგადევნებთ მახვილს; გაუდაბურდება თქვენი ქვეყანა და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები.
34 . აინაზღაურებს მიწა თავის შაბათებს მისი უკაცრიელების დღეებში, როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით; მაშინ დაისვენებს იგი და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.
35 . მთელი მისი უკაცრიელობის განმავლობაში დაისვენებს მიწა, თითოეული შაბათისთვის, რამდენიც არ დაუსვენია, როცა მასზე მკვიდრობდით.
36 . თქვენგან ცოცხლად გადარჩენილებს, სილაჩრეს ჩავუდებ გულში მათი მტრების ქვეყანაში; დაფრთხებიან შერხეული ფოთლის შრიალზე, გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბოდნენ და დაეცემიან, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი.
37 . ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისგან გაქცეულნი, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი; და არ გექნებათ ძალა მტრების წინააღმდეგ დასადგომად.
38 . დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენი მტრების მიწა.
39 . გადარჩენილნი ჩამოხმებით მტრების ქვეყანაში თქვენი ცოდვების გამო და თქვენი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებით.
40 . და თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და თავისი მამების ბრალს, თავიანთი ორგულობით რომ მიმუხთლეს და ჩემს წინააღმდეგ წამოვიდნენ,
41 . ამიტომ მეც წავედი მათ წინააღმდეგ და მივიყვანე მათი ტყვეობის ქვეყანაში; თუ დამდაბლდება მათი წინადაუცვეთელი გული და აღიარებენ თავის დანაშაულს;
42 . მაშინ გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ჩემს აღთქმას ისაკთან, ჩემს აღთქმას აბრაჰამთან და მიწასაც გავიხსენებ.
43 . მიწაც მიტოვებული იქნება მათ მიერ და დატკბება თავისი შაბათებით მათგან დაცარიელებული და იგემებენ სასჯელს თავისი ცოდვების გამო, რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და მოიძულა ჩემი წესები მათმა გულმა.
44 . და მაინც, ტყვეობის ქვეყანაში მათი ყოფნისას, არ უკუვაგდებ მათ და ისე არ მოვიძულებ, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან; რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45 . და გავიხსენებ აღთქმას მათ მამებთან, რომლებიც ხალხების თვალწინ გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვყოფილიყავი მათი ღმერთი. მე ვარ უფალი”.
46 . ეს არის წესები, სამართალი და რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით დაადგინა უფალმა სინაის მთაზე, საკუთარ თავსა და ისრაელიანთა შორის.
1 . "ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.
2 . არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.
3 . იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: ყველა, ვინც ბაყალ-ფეღორს აჰყვა, მოსპო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენგან.
4 . ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.
5 . აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6 . დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.
7 . რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?
8 . რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?
9 . მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს
10 . იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: "შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.
11 . მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.
12 . და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
13 . გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;
14 . მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15 . იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,
16 . რათა არ გაირყვნა და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;
17 . დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,
18 . რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;
19 . რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
20 . თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
21 . გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
22 . არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
23 . გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
24 . რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი - თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
25 . იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.
26 . ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით.
27 . მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.
28 . და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.
29 . მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.
30 . როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.
31 . რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.
32 . აბა ჰკითხეთ გარდასულ დღეებს, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, დღიდან ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა დედამიწაზე, ცის ქვეშეთში თუ მომხდარა რაიმე, მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?
33 . თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
34 . თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?
35 . ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.
36 . ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
37 . ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,
38 . რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.
39 . გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.
40 . დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.
41 . მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,
42 . მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.
43 . ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.
44 . და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
45 . ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46 . იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
47 . დაიმკვიდრეს მისი და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ამორელთა ორი მეფისა, რომლებიც იორდანეს გამოღმა იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
48 . ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირზეა, სიონის (ხერმონის) მთამდე.
49 . ასევე ყოველი ველი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობზე.
1 . დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
2 . მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
3 . ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
4 . მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
5 . რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
6 . ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
7 . უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
8 . უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
2 . შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
3 . რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
4 . სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
5 . დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
6 . შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.
7 . რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
8 . შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
9 . ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
10 . შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
11 . რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
12 . ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
13 . ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
1 . გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; შეხედე და დაინახე ჩვენი შერცხვენა.
2 . ჩვენი სამკვიდრო უცხოთ გადაეცა, ჩვენი სახლები - უცხოტომელებს.
3 . დავობლდით, მამა აღარ გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები.
4 . ჩვენსავე წყალში ვერცხლს გვახდევინებენ, ჩვენი ტყის შეშას ვყიდულობთ.
5 . ფეხდაფეხ მოგვდევენ; დავიქანცეთ, არ გვაქვს მოსვენება.
6 . ეგვიპტეს გავუშვირეთ ხელი და აშურს, რომ გავძღეთ პურით.
7 . ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ უმართლობის გამო ვისჯებით.
8 . მონები ბატონობენ ჩვენზე და არავინაა, რომ მათი ხელიდან დაგვიხსნას.
9 . ჩვენი სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით.
10 . ღუმელივითაა გავარვარებული ჩვენი კანი, შიმშილის მწველი ხვატის გამო.
11 . გააუპატიურეს ქალები სიონში, ქალწულნი - იუდას ქალაქებში.
12 . მთავრებს ხელებით ჰკიდებენ, უხუცესებს პატივს არ სცემენ.
13 . ჭაბუკები საფქვავს ეზიდებიან, ბიჭები ბარბაცებენ შეშის ტვირთის ქვეშ.
14 . უხუცესები კარიბჭესთან აღარ სხდებიან, ჭაბუკნი აღარ მღერიან.
15 . შეწყდა ჩვენი გულის სიხარული, გლოვად იქცა ჩვენი ცეკვა.
16 . გვირგვინები დაგვცვივდა თავებიდან; ვაი ჩვენ, რადგან შევცოდეთ.
17 . ამიტომ დაგვიუძლურდა გული, ამიტომ დაგვიბნელდა თვალები,
18 . რადგან გაუკაცრიელდა სიონის მთა და მელიები მიდი-მოდიან იქ.
19 . შენ კი, საუკუნოდ ხარ, უფალო, შენი ტახტი თაობიდან თაობამდეა.
20 . სამუდამოდ რატომ დაგვივიწყე? ასე დიდხანს რად მიგვატოვე?
21 . შენკენ მოგვაბრუნე, უფალო, და მოვბრუნდებით! განგვიახლე დღეები, როგორც უწინ,
22 . თუ საბოლოოდ მოგვიძულე და უზომოდ მრისხანებ ჩვენზე?
1 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "შენ კი, ძეო კაცისავ! განიკითხავ და გაასამართლებ სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე!
3 . ეტყვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლს ღვრი შენს შუაგულში, რათა მოვიდეს შენი დრო; კერპებს იკეთებ შენთვის, რათა შეიბილწო.
4 . სისხლით, რაც დაღვარე, ბრალი დაგედო და წაიბილწე კერპებით, რაც გაიკეთე. დაიახლოვე შენი დღე და მიაღწიე შენს ასაკამდე. ამის გამო მიგცემ შესარცხვენად ხალხებს და დასაცინად - ყველა ქვეყანას.
5 . დაგცინებენ ახლობელნი და შორეულნი, სახელგატეხილო და შფოთით აღსავსევ!
6 . აჰა, მთავარნი ისრაელისა, თითოეული თავისი შეძლებისამებრ ცდილობდა, რომ სისხლი დაეღვარა.
7 . მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.
8 . ჩემი სიწმიდე აბუჩად აიგდე და ჩემი შაბათები შებღალე.
9 . ცილისმწამებელნი იყვნენ შენში, რათა სისხლი დაეღვარათ; მაღლობებზე ჭამდნენ შენში და გარყვნილებას ეწეოდნენ.
10 . მამის სიშიშვლეს აჩენდნენ შენში, უწმიდურსა და წიდოვანს ნამუსს ხდიდნენ.
11 . ზოგი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, ზოგი თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და ზოგიც - თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს.
12 . ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
13 . "და, აჰა, ჩემი ხელით წარვხოცავ ძარცვით შეძენილს და შენს სისხლს, რომელიც შენს წიაღში დაიღვარა.
14 . გადაიტანს შენი გული, ან თუ განგიმტკიცდება ხელი იმ დღეებში, მე რომ ვამზადებ შენთვის? მე, უფალმა, ვილაპარაკე და კიდეც აღვასრულებ!
15 . ერებში გაგფანტავ! ქვეყნებში გაგაბნევ და მოვსპობ შენს უწმიდურებას!
16 . მიიღებ შენს საზღაურს ერების თვალწინ და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!”
17 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
18 . "ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდად იქცა; ყველანი სპილენძივით, კალასავით, რკინასა და ტყვიასავით არიან ბრძმედში, ვერცხლის წიდასავით.
19 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ყველანი წიდად იქეცით, მოგაქუჩებთ შუაგულ იერუსალიმში,
20 . როგორც ვერცხლსა და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას აქუჩებენ ღუმელში, რათა ცეცხლი შეუნთონ გამოსადნობად, ასე მოგაქუჩებთ ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში და დაგდებთ გადასადნობად.
21 . შეგკრებთ, შემოგინთებთ ჩემი წყრომის ცეცხლს და გადადნებით.
22 . როგორც ვერცხლი დნება ღუმელში, ისე დადნებით მის წიაღში და გაიგებთ, რომ მე, უფალმა, გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა თქვენზე”.
23 . კიდევ იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
24 . "ძეო კაცისავ! უთხარი მას: განუწმედავი მიწა ხარ, არც წვიმით დანამულხარ მრისხანების დღეს.
25 . შეთქმულება მოაწყვეს შენს წიაღში შენმა წინასწარმეტყველებმა, მბრდღვინავი ლომივით, ნადავლს რომ გლეჯს; სიცოცხლის მთქვლეფავნი ქონებასა და ძვირფასეულობას აქუჩებდნენ, ქვრივებს ამრავლებდნენ შენში.
26 . მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებდნენ და ჩემს წმიდას ბღალავდნენ; წმიდასა და წაბილწულს არ არჩევდნენ, უწმიდურსა და სუფთაზე არ მიუთითებდნენ, ჩემს შაბათებს თვალს არიდებდნენ და უპატიოდმყვეს მათ შორის.
27 . შენი მთავრები შენს წიაღში, მგლებივით გლეჯდნენ ნადავლს სისხლის დასაღვრელად და სულთა დასაღუპად, რათა ნაძარცვით ესარგებლათ.
28 . შენი წინასწარმეტყველნი ამაო ხილვების ბათქაშით ათეთრებდნენ, ტყუილს ჩხიბავდნენ და ამბობდნენ: ასე ამბობსო ღმერთი, უფალი! უფალს კი არ ულაპარაკია!
29 . ჩაგრავდა და ძარცვავდა ამ ქვეყნის ხალხი, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და ხიზანს უსამართლოდ ავიწროებდა.
30 . ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს ამ ქვეყნისთვის ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვპოვე.
31 . ამიტომაც გადმოვღვრი მათზე ჩემს მრისხანებას, ჩემი გულისწყრომის ცეცხლში ვშთანთქავ მათ და მათივე თავებზე მოვაქცევ მათ გზებს!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . ისრაელს რომ ვკურნავდი, მაშინ გამოაშკარავდა ეფრემის ურჯულოება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; ქურდი სახლში იპარება, ყაჩაღი ქუჩაში ესხმის თავს.
2 . არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.
3 . თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი სიცრუით - მთავრებს.
4 . ყველანი მრუშობენ ხაბაზის გახურებული ღუმელივით, ცეცხლს რომ ანელებს, ვიდრე ახალი ცომი არ გაფუვდება.
5 . ჩვენი მეფის ლხენის დღეს ღვინით წაიბილწნენ მთავრები, ის კი მასხარებს უწვდის ხელს.
6 . რადგან ღუმელივით გახურდნენ თავიანთ გულისთქმებში; გამონელდება თონე მთელი ღამის ძილში, დილით კი კვლავ აგიზგიზებული ცეცხლივით აღეგზნება.
7 . ღუმელივით გახურდა ყველა, თავიანთ მსაჯულებს ჭამენ; განმდგარია მათი ყველა მეფე, აღარავინ მიხმობს მათ შორის.
8 . ხალხებს შეერია ეფრემი, გადაუბრუნებული კვერივით შეიქნა.
9 . უცხონი ჭამენ მის ძალას, მას კი ვერ გაუგია; ჭაღარა შეერია, მას კი არ შეუმჩნევია.
10 . ისრაელის ამპარტავნება მოწმობს მისსავე წინააღმდეგ, მაინც არ მოექცნენ უფლისკენ, თავიანთი ღმერთისკენ, არ მოძებნეს იგი.
11 . ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცევა ეფრემი - ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.
12 . წავლენ თუ არა, ჩემს ბადეს გავშლი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი, როგორც გაფრთხილებულნი იყვნენ თავიანთ კრებულში.
13 . ვაი მათ, რადგან განმიდგნენ! განადგურება მათ, რადგან ჩემს წინააღმდეგ აღდგნენ! გამოვისყიდიდი მათ, მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემს წინააღმდეგ.
14 . გულიდან არ შემომღაღადებენ, როცა კვნესიან თავიანთ საწოლებზე; ხორბლისა და ღვინის გამო იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
15 . ვმოძღვრავდი, მკლავს ვუმაგრებდი, მაგრამ მაინც ბოროტი განიზრახეს ჩემს წინააღმდეგ.
16 . მიიქცნენ, მაგრამ არა უზენაესისკენ, მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უკუღმართი ენის გამო და დასაცინად შეიქნებიან ეგვიპტის ქვეყანაში.
1 . "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2 . როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 . შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4 . რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
5 . როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6 . შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 . ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
8 . ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
9 . თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10 . მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12 . და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13 . და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14 . ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15 . ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16 . როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17 . ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
18 . რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
19 . ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20 . დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21 . რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
22 . სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
23 . ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
24 . არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26 . შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
27 . ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
28 . სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29 . მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
31 . მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32 . რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33 . თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34 . მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
1 . იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და ზღვის პირას დაჯდა.
2 . და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავზე ავიდა და ჩაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
3 . მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: "აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4 . თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
5 . ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს.
6 . ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი.
8 . სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
9 . ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!”
10 . მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: "რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?”
11 . პასუხად კი უთხრა მათ: "იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ.
12 . ამიტომ, ვისაც აქვს, მას მიეცემა და უხვად ექნება, ხოლო, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
13 . იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
14 . მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
15 . ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
16 . ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები - რომ ისმენენ.
17 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
18 . თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე.
19 . ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.
20 . ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას;
21 . მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
22 . ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
23 . ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.
24 . სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
25 . როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა.
26 . ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
27 . მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია?
28 . მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ.
29 . მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.
30 . გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
31 . სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
32 . იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.
33 . სხვა იგავიც უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.
34 . ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
35 . რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”.
36 . მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”.
37 . მან პასუხად მიუგო: "კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.
38 . ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.
39 . მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.
40 . ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.
41 . წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს,
42 . და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
43 . მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
44 . ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
45 . კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
46 . როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
47 . კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ.
48 . როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან.
49 . ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან.
50 . ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
51 . "თუ გაიგეთ ყოველივე ეს?” კიო, მიუგეს მას.
52 . იესომ კი უთხრა მათ: "ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სამეფოს მოწაფე გახდა, წააგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი”.
53 . იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გასცილდა.
54 . მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: "საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა?
55 . განა ეს ხუროს ძე არ არის? განა მარიამი არ ჰქვია დედამისს, მის ძმებს კი იაკობი და იოსები, სიმონი და იუდა?
56 . განა ჩვენ შორის არ არიან მისი დანი? საიდან აქვს ყოველივე ეს?”
57 . და შებრკოლდნენ ამის გამო. იესომ კი უთხრა მათ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა”.
58 . არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
1 . ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.
2 . ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
3 . რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
4 . დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
5 . ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
6 . ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
7 . უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
8 . ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.
9 . რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
10 . შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
11 . ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
12 . შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.
13 . შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
14 . რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.
15 . შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
16 . რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
17 . მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
18 . დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
19 . რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
20 . რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
21 . რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.
22 . როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
23 . გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
24 . ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
25 . უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
26 . ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
27 . შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
28 . ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.
1 . "ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
2 . ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.
3 . მაგრამ სირცხვილად გექცევათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში თავის შეფარება - დამცირებად.
4 . რადგან მისი მთავრები ცოყანში არიან და მისმა წარგზავნილებმა ხანესამდე მიაღწიეს.
5 . ყველა შერცხვება იმ ხალხის გამო, რომელიც უსარგებლოა, ვერ იხსნის, სარგებლობას ვერ მოუტანს, მხოლოდ შეარცხვენს და შეურაცხყოფს.
6 . წინასწარმეტყველება ნეგების პირუტყვზე: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი, ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მიაქვთ მათ თავიანთი სიმდიდრე და აქლემთა კუზით - თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან.
7 . ეგვიპტის შემწეობა ფუჭია და ამაო, ამიტომ განვაცხადე: ‘მათი ძალა უქმად ჯდომაშია.’
8 . ახლა მიდი, ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოუკვეთე და დარჩეს უკანასკნელ დღემდე, მოწმობად უკუნითი უკუნისამდე.
9 . რადგან მეამბოხეა ეს ხალხი, ცრუ ძენი არიან, შვილები, რომლებსაც უფლის შეგონების მოსმენა არ სურთ;
10 . მხედველებს ეუბნებიან: "ნუ ხედავთ ხილვებს”, წინასწარმეტყველებს: "სიმართლეს ნუ გვიწინასწარმეტყველებთ, სასიამოვნო სიტყვები გვითხარით, სიცრუე გვიწინასწარმეტყველეთ.
11 . გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, მოგვაშორეთ ისრაელის წმიდა”.
12 . ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: "რადგან უარყავით ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედად ხართ და ამას ეყრდნობით,
13 . ამიტომ ეს დანაშაული თქვენთვის დამანგრეველი ბზარივით იქნება, მაღალ კედელზე გაჩენილი ნაპრალივით, რომლის ჩამოქცევაც უცაბედად, ერთ წამში მოხდება.
14 . ისე დალეწავს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ლეწავენ, ისე შეუბრალებლად, რომ ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვის ნამსხვრევებში, რათა კერიდან ცეცხლი აიღოს ან ჭურჭლიდან წყალი ამოხაპოს.
15 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: "მონანიებასა და სიმშვიდეში იქნებოდით დახსნილნი, სიწყნარესა და მყუდროებაში იქნებოდა თქვენი ძალა. მაგრამ არ ინდომეთ.
16 . ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო - ამიტომაც გაიქცევით; კიდევ: სწრაფად გავაჭენებთო! - ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები.
17 . ერთის მუქარა ათასს გააქცევს, ხუთის მუქარაზე კი ყველანი გაიქცევით, ვიდრე ალამივით არ შერჩებით მთის თხემზე და ნიშანივით - მაღლობზე”.
18 . მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.
19 . რადგან, აღარ იტირებ და მოსთქვამ, ხალხო სიონისა, მცხოვრებო იერუსალიმში. შეგიწყალებს შენი ღაღადის ხმაზე; მოსმენისთანავე გიპასუხებს.
20 . უფალი მოგცემს გაჭირვებაში პურს და ძალადობისას წყალს, აღარ დაიმალება შენი წარმმართველი და შენი თვალები იხილავენ მას.
21 . შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: "ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
22 . სიბილწედ მიიჩნევთ ვერცხლით დაფარულ თქვენს ქანდაკებებს და ოქროთი მოჭედილ ჩამოსხმულ კერპებს, გაფანტავთ მათ როგორც სისაძაგლეს და იტყვით: მოგვცილდითო.
23 . და იქნება: წვიმას მისცემს იგი შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე; და პური, მიწის ნაყოფი, მსუყე იქნება და ნოყიერი. იბალახებს იმ დღეს შენი პირუტყვი გაშლილ საძოვარზე.
24 . ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა და ფოცხებით გასუფთავებულს.
25 . ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ მომაღლებულ ბორცვზე წყლის ნაკადები იდინებენ, მრავალთა შემუსვრის დღეს, როცა დაეცემიან კოშკები.
26 . მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი შვიდჯერ მეტად გაბრწყინდება, შვიდი დღის ნათელივით; იმ დღეს უფალი შეუხვევს ჭრილობებს თავის ერს და მის მიერ მიყენებულ ჭრილობებს განუკურნავს.
27 . აჰა, შორიდან მოდის უფლის სახელი, გიზგიზებს მისი რისხვა, შენივთდა კვამლი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით, მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
28 . მისი სუნთქვა მოვარდნილ ნიაღვარს ჰგავს და ყელამდე უწვდენს; რომ ცხრილით გაცხრილოს ხალხები, ლაგამი ამოსდოს ყბაზე და ნგრევისკენ გაუძღვეს.
29 . სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის კურთხევის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურის ჰანგებით მიმავალს, რომ ავიდეთ უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე.
30 . უფალი მოასმენინებს თავისი ძალაუფლების ხმას და შემართულ მკლავს გაიწვდენს მძვინვარე რისხვაში, მშთანმთქმელი ცეცხლის ალში, ქუხილსა და ღვართქაფში, ქვის სეტყვაში.
31 . რადგან უფლის ხმაზე შეძრწუნდება აშური, როცა კვერთხს დასცემს.
32 . ყოველი ჩავლა დამსჯელი კვერთხისა, რომელსაც უფალი დაუშვებს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. მოღერებული მკლავით შეებრძოლება მას.
33 . რადგან დიდი ხანია გამზადებულია სამსხვერპლო ადგილი, მეფისთვის არის გამზადებული, მან გააღრმავა და გააფართოვა იგი. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა, გოგირდის ნიაღვარივით ააგიზგიზებს მას უფლის სუნთქვა.
1 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს სიტყვა იყო უფლისგან იერემიასადმი:
2 . "აიღე გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე მითქვამს იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე, იოშიას გამეფებიდან დღემდე.
3 . მოისმენს იუდას ხალხი ყველა იმ უბედურებაზე, რის ქმნასაც ვუპირებ მათ და იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რომ ვაპატიო ბოროტება და ცოდვა”.
4 . მოუხმო იერემიამ ბარუხ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუხმა გრაგნილში იერემიას პირით ნაკარნახები უფლის ყველა სიტყვა, რაც მას უფალმა უთხრა.
5 . უთხრა იერემიამ ბარუხს: "დამწყვდეული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა,
6 . შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი.
7 . იქნებ აღავლინონ ვედრება უფლის წინაშე, იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რაც უფალმა თქვა ამ ხალხზე”.
8 . ყველაფერი ისე გააკეთა ბარუხ ნერიას ძემ, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა უბრძანა; უფლის სახლში წაიკითხა გრაგნილში ჩაწერილი უფლის სიტყვები.
9 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს გამოაცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მცხოვრებლებმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ხალხმა.
10 . ხმამაღლა წაიკითხა ბარუხმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.
11 . მოისმინა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის ყოველი სიტყვა გრაგნილიდან,
12 . ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
13 . უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
14 . გაგზავნეს მთავრებმა ბარუხთან იეჰუდი, ქუშის ძე, შელემიას ძე, ნეთანიას ძე და შეუთვალეს: "აიღე ხელში გრაგნილი, ხალხის გასაგონად რომ კითხულობდი და მოდი!” აიღო ბარუხ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მათთან მივიდა.
15 . უთხრეს: "დაჯექი და ჩვენს გასაგონად წაიკითხე”; წაიკითხა ბარუხმა მათ გასაგონად.
16 . როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს, შიშით გადახედეს ერთმანეთს და ბარუხს უთხრეს: "ყველა ამ სიტყვას მეფეს გადავცემთ”.
17 . ჰკითხეს ბარუხს: "გვიამბე, როგორ დაწერე ყველა ეს სიტყვა? იერემია ხომ არ გკარნახობდა?”
18 . "დიახ, უპასუხა ბარუხმა, თავად მკარნახობდა ყველა ამ სიტყვას და მეც მელნით ვიწერდი გრაგნილში”.
19 . უთხრეს მთავრებმა ბარუხს: "წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, ნურავის გააგებინებთ თქვენს სამყოფელს”.
20 . მას შემდეგ, რაც გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახში დადეს, მეფეს ეახლნენ გარე ეზოში და ყოველი სიტყვა მოახსენეს.
21 . მეფემ იეჰუდი გაგზავნა გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახიდან და წაიკითხა მეფისა და მასთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად;
22 . მეცხრე თვე იყო, მეფე ზამთრის სახლში იჯდა, მის წინ ბუხარი გიზგიზებდა.
23 . წაიკითხავდა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის საჭრელი დანით გრაგნილიდან და ცეცხლში ჩააგდებდა, ბუხარში რომ იყო, ვიდრე მთელი გრაგნილი არ დაიწვა ცეცხლში.
24 . არ შეშინებულან და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფესა და მის მსახურებს, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
25 . ელნათანი, დელაია და გემარია ემუდარებოდნენ მეფეს, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ ყური არ დაუგდო მათ.
26 . ამის მაგივრად მეფემ მეფის ძე იერახმეელს, სერაია აზრიელის ძესა და შელემია ყაბდიელის ძეს უბრძანა შეეპყროთ ბარუხ მწერალი და იერემია წინასწარმეტყველი, მაგრამ უფალმა გადამალა ისინი.
27 . და იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუხმა იერემიას კარნახით დაწერა:
28 . "აიღე სხვა გრაგნილი და ყველა ის სიტყვა დაწერე მასზე, რაც იმ პირველ გრაგნილში ეწერა, იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ რომ დაწვა.
29 . ასევე, იეჰოიაკიმს უთხარი, იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უსათუოდ მოვა ბაბილონის მეფე, გაანადგურებს ამ ქვეყანას და ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელს გააქრობსო?
30 . ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: არავინ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი დღის პაპანაქებაში და ღამის ყინვაში ეგდება.
31 . მე დავსჯი მას, მის შვილებსა და მის მსახურებს მათი ბოროტების გამო! მათზე, იერუსალიმზე და იუდას მცხოვრებლებზე ყველა იმ უბედურებას მოვაწევ, რომელიც მათ წინააღმდეგ წარმოვთქვი, რადგან არ მისმინეს”.
32 . აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა.
1 . უფლისგან წარმოთქმული განაჩენი ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც ცანი გადაჭიმა, საძირკველი დაუდო დედამიწას და ადამიანის სული გამოსახა მის წიაღში:
2 . აჰა, გავხდი იერუსალიმს მათრობელ ფიალად ყველა გარემომცველი ხალხისთვის და იუდასთვისაც, როცა ალყაში იქნება იერუსალიმი.
3 . და იქნება იმ დღეს, დავადგენ იერუსალიმს მძიმე ქვად ყველა გარემომცველი ხალხისთვის და ყველა ვინც აწევს, სასტიკად დაზიანდება; მის წინააღმდეგ კი მიწის ყველა ხალხი აღდგება!
4 . იმ დღეს - ამბობს უფალი - დავლახვრავ ყველა ცხენს დაბნეულობით და მათზე მჯდომთ - შეშლილობით და თვალს დავიჭერ იუდას ხალხზე და ხალხთა ყოველ ცხენს სიბრმავით დავლახვრავ.
5 . და იტყვიან იუდას ათასისთავნი თავიანთ გულში: იერუსალიმის მცხოვრებნი არიანო ჩვენი ძალა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის მეშვეობით.
6 . იმ დღეს იუდას მთავართ ანთებულ ღუმლად ვაქცევ ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ზვინებს შორის; და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს მათ გარშემო და ისევ დასახლდება იერუსალიმი თავის ადგილზე - იერუსალიმში.
7 . ჯერ იუდას კარვებს იხსნის უფალი, რათა არ აღემატებოდეს დავითის სახლისა და იერუსალიმის მცხოვრებთა სიამაყე იუდას.
8 . იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მკვიდრთ და მათ შორის უძლური დავითივით იქნება, ხოლო დავითის სახლი ღმერთივით იქნება, როგორც ანგელოზი უფლისა მათ წინაშე.
9 . იმ დღეს მოვინდომებ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსული ყველა ერის განადგურებას.
10 . და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.
11 . იმ დღეს დიდი გლოვა იქნება იერუსალიმში, როგორც მეგიდოს ველზე იყო, ჰადად-რიმონში.
12 . და იგლოვებს ქვეყანა, თითოეული სახლეული თავისთვის, დავითის მოდგმის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის. ნათანის მოდგმის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.
13 . ლევის მოდგმის სახლი თავისთვის, შიმყის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.
14 . ყველა დანარჩენი სახლეული, თითოეული სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე:
3 . ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
4 . იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
5 . ბოცვერი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
6 . კურდღელი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
7 . ღორი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი, მაგრამ საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8 . მათი ხორცი არ შეჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის.
9 . აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყოველი, რასაც კი ფარფლი და ქერეჭი აქვს წყალში, ზღვებსა და მდინარეებში, შეგიძლიათ შეჭამოთ.
10 . ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერეჭი არა აქვს ზღვებსა და მდინარეებში, წყლის ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც წყალშია, საძაგელია თქვენთვის.
11 . საძაგელნი იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
12 . ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის.
13 . ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ შეჭამოთ, საძაგელნი არიან: არწივი, სვავი და ფსოვი;
14 . ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,
15 . ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,
16 . სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,
17 . კიოტა, თევზიყლაპია და ძენძერუკი,
18 . ჭოტი, ვარხვი და კოდალა,
19 . ყარყატი, ყანჩა და მათი ჯიშისანი; ოფოფი და ღამურა.
20 . ყოველი მწერი, მფრინავი თუ ოთხზე მოარული, საძაგელია თქვენთვის.
21 . ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22 . ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.
23 . ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის,
24 . მათგან გაუწმიდურდებით; ყოველი ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
25 . და ყველამ, ვინც რამეს აიღებს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს სამოსელი; გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
26 . ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება.
27 . ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უწმიდურია თქვენთვის; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
28 . ვინც მათ მძორს შეეხება, გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; უწმიდურები არიან ისინი თქვენთვის.
29 . აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;
30 . ანაკა, ნიანგი, ბაყაყი, ლოკოკინა და ქამელეონი.
31 . ესენია თქვენთვის უწმიდურნი ქვეწარმავლებში; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32 . და ყველაფერი, რასაც რომელიმე მათგანის მძორი დაეცემა, გაუწმიდურდება: ხის რაიმე ჭურჭელი, ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა და ნებისმიერი საგანი, რომელიც საქმეში გამოიყენება, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და იქნება უწმიდური საღამომდე, მერე კი განიწმიდება.
33 . ყოველგვარი თიხის ჭურჭელი, რომელშიც რომელიმე იმათგანი ჩავარდება და ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
34 . ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმევა და მასში ასეთი ჭურჭლიდან შეაღწია წყალმა, გაუწმიდურდება და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ, ყოველ ასეთ ჭურჭელში, გაუწმიდურდება.
35 . ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება; თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: გაუწმიდურებულნი არიან ისინი და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც.
36 . მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა, ხოლო ვინც მათ მძორს შეეხება - გაუწმიდურდება.
37 . და თუ რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც უნდა დაითესოს, დაეცა რაიმე მათი მძორისგან, სუფთაა იგი.
38 . თუ თესლს წყალი დაესხა და მათი მძორისგან რაიმე დაეცა, უწმიდური იქნება თქვენთვის.
39 . თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ და მის მძორს ვინმე შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე;
40 . მისი მძორის მჭამელმა, სამოსელი უნდა გაირეცხოს და იქნება უწმიდური საღამომდე; უნდა გაირეცხოს სამოსელი მისი მძორის წამღებმა და იქნება უწმიდური საღამომდე.
41 . ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, საძაგელია, არ უნდა შეიჭამოს.
42 . ყოველი მუცელზე მხოხავი, ყოველი ოთხზე მოარული და ყოველი მრავალფეხა ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, არ ჭამოთ, რადგან საძაგელნი არიან.
43 . თავს ნუ წაიბილწავთ ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
44 . რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე და ნუ გაიუწმიდურებთ
45 . რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
46 . ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომლებიც წყალში იძვრიან და ყოველი არსებისა, რომლებიც მიწაზე ქვემძრომობენ,
47 . რათა იყოს განსხვავება უწმიდურსა და წმიდას შორის და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.