1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
2 . ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
3 . მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
4 . აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
5 . და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6 . ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
7 . მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
8 . და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
9 . ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
10 . და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
11 . "შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
12 . მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
13 . და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
14 . ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
15 . სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
16 . აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
17 . ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
18 . კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
19 . მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
20 . და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
21 . იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
22 . ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
23 . და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24 . კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
25 . ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
26 . ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
27 . ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
28 . ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29 . უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
30 . და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”
1 . მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: "ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.
2 . ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
3 . მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4 . ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ წითელ ზღვაში.
5 . დაფარა ისინი წყალმა; ლოდებივით ჩაეშვნენ სიღრმეში.
6 . მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.
7 . შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
8 . შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.
9 . თქვა მტერმა: "დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ამოვიყრი, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ხელი ჩემი”.
10 . დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი - ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
11 . ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
12 . გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.
13 . წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
14 . ისმინეს ხალხებმა და ათრთოლდნენ; ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მკვიდრნი.
15 . მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთვარნი, აცახცახდნენ მოაბის თავკაცნი და შეკრთნენ მკვიდრნი ქანაანისა.
16 . დაეცათ შიში და ძრწოლა; შენი მკლავის სიმაგრემ ლოდივით დაადუმა ისინი, სანამ გაივლის შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლის ეს ხალხი, რომელიც შეისყიდე.
17 . მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
18 . უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე”.
19 . როდესაც ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებით ზღვაში შევიდნენ, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ისრაელის შვილებმა კი მშრალ მიწაზე გაიარეს შუა ზღვაში.
20 . აიღო წინასწარმეტყველმა მირიამმა, აჰარონის დამ, დაფდაფი ხელში, და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21 . და ხოტბით უპასუხა მირიამმა: "უგალობეთ უფალს, რადგან ფრიად განდიდდა იგი; ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი”.
22 . წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23 . მივიდნენ მარას და ვერ შეძლეს წყლის დალევა მარაში, რადგან მწარე იყო, ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24 . და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: "რა დავლიოთ?”
25 . შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26 . თქვა: "თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27 . მივიდნენ ელიმში და იყო იქ თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე; და იქ დაიბანაკეს წყლის პირას.
1 . ეს არის სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის.
2 . ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთის გზაზე, კადეშ-ბარნეაყამდე.
3 . მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
4 . მას შემდეგ, რაც მოკლეს სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხებრონში მკვიდრობდა და ყოგი, ბაშანის მეფე, რომელიც ყაშთაროთში მკვიდრობდა, ედრეყში.
5 . იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
6 . "უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ ამ მთაზე ყოფნა;
7 . გაბრუნდით, წადით და მიდით ამორელთა მთაზე და ყველა მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე.
8 . აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა, მიდით და დაიმკვიდრეთ მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს - აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მათ შთამომავლობას მათ შემდგომ.
9 . ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
10 . გაგამრავლათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით აურაცხელნი ხართ დღეს.
11 . კიდევ ათასჯერ გამრავლოთ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ.
12 . მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
13 . ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ თავკაცებად.
14 . თქვენ კი მიპასუხეთ: კარგი საქმე დაგვავალე გასაკეთებლად.
15 . ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით.
16 . მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის.
17 . მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
18 . მაშინ გამცნეთ ყველა საქმე, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19 . დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორელთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე.
20 . გითხარით: მოხვედით ამორელთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.
21 . აჰა, მოგცათ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა, წადით და დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა; ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
22 . მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: "გავგზავნით კაცებს ჩვენ წინ, რომ გამოიკვლიონ ქვეყანა და მოგვითხრონ იმ გზის შესახებ, რომლითაც უნდა ვიაროთ და იმ ქალაქების ამბავი, რომლებშიც შევალთ”.
23 . მომეწონა ეს სიტყვა და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
24 . გაემართნენ, გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს ქვეყანა.
25 . თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: "კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
26 . თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
27 . დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: "ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.
28 . სად წავიდეთ? გულები შეგვიშინეს ჩვენმა ძმებმა, ამბობდნენ - იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთო იქ”.
29 . მე კი გითხარით: ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეუშინდებით-მეთქი მათ;
30 . უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
31 . და უდაბნოში, სადაც ხედავდით, როგორ გატარებდათ უფალი, თქვენი ღმერთი, იმ კაცივით, თავის ძეს რომ ატარებს, მთელ გამოვლილ გზაზე, ვიდრე აქამდე მოაღწევდით.
32 . მაგრამ არც ამაში გჯეროდათ უფლის, თქვენი ღმერთის,
33 . რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
34 . გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და დაიფიცა:
35 . "ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს.
36 . მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.
37 . ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: "ვერც შენ შეხვალ იქ.
38 . იეშუა ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ; გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მიწას ისრაელს.
39 . და შევლენ იქ თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო და თქვენი ძენი, რომლებიც ავსა და კარგს ვერ არჩევენ დღეს, მათ მივცემ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
40 . თქვენ კი გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით გაემგზავრეთ უდაბნოში”.
41 . მიპასუხეთ: "შევცოდეთ უფალს; წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო იარაღი და იოლ საქმედ მიიჩნიეთ მთაზე ასვლა”.
42 . მითხრა უფალმა: "უთხარი მათ, არ ახვიდეთ და არც შეებრძოლოთ, რადგან თქვენ შორის არა ვარ და შეიმუსრებით მტერთა წინაშე”.
43 . გელაპარაკეთ და არ შეისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას და გაამაყებულნი ახვედით მთაზე.
44 . გამოვიდნენ იმ მთის მკვიდრი ამორელნი თქვენს წინააღმდეგ, ფუტკარივით დაგედევნენ და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
45 . დაბრუნდით და ატირდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი.
46 . და მრავალი დღე დარჩით კადეშში, იმდენი, რამდენ ხანსაც დარჩით”.
1 . "გადავუხვიეთ და ავედით ბაშანის გზით; გამოვიდა ყოგი - ბაშანის მეფე, ჩვენს შესახვედრად, მთელი თავისი ხალხით, ედრეყში საბრძოლველად.
2 . და მითხრა უფალმა: "ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი, მთელი მისი ხალხითა და ქვეყნით; ისე მოექეცი მას, როგორც მოექეცი სიხონს, ამორელ მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
3 . ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ბაშანის მეფე ყოგიც მთელი თავისი ხალხით და ისე გავანადგურეთ იგი, რომ არავინ გადარჩენილა ცოცხალი.
4 . იმ დროს ავიღეთ ყველა მისი ქალაქი; არ დარჩენილა ქალაქი, მისთვის, რომ არ წაგვერთვა: სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო, ბაშანში,
5 . ყველა ეს ქალაქი მაღალი გალავნით, ბჭეებითა და ურდულებით იყო გამაგრებული, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
6 . სიხონივით, ხეშბონის მეფესავით, გავანადგურეთ ისინი, ყველა ქალაქი - კაცებთან, ქალებთან და პატარებთან ერთად.
7 . მაგრამ იმ ქალაქების საქონელი და ნადავლი ჩვენთვის დავიტოვეთ.
8 . მაშინ წავართვით ქვეყანა ამორელთა ორ მეფეს, იორდანეს გამოღმა, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე.
9 . სიდონელები სირიონს უწოდებენ ხერმონს, ამორელნი კი სენირს.
10 . ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი, მთელი გილყადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში,
11 . რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმელთა მოდგმიდან. აჰა, რკინისაა მისი სარეცელი, განა რაბათში არაა იგი ყამონის ძეებთან? სიგრძე მისი ცხრა, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთაა, მამაკაცის წყრთით.
12 . იმ დროს დავიმკვიდრეთ ეს ქვეყანა: არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან, გილყადის მთის ნახევარი და მისი ქალაქები რეუბენისა და გადის ძეთ მივეცი.
13 . დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ ტომს მივეცი, არგობის მთელი მიდამო, მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება.
14 . და აიღო იაირმა, მენაშეს ძემ მთელი არგობის მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე და უწოდა ბაშანს თავისი სახელი: სოფლები იაირისა და ასე ეწოდება დღემდე.
15 . მაქირს გილყადი მივეცი.
16 . ყამონის ძეთა საზღვრამდე - იაბოკის ხევამდე მივეცი მიწა რეუბენისა და გადის ძეთ, გილყადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაგულამდე და საზღვრამდე.
17 . ყარაბა და იორდანე საზღვარია, ქინერეთიდან ვიდრე იამ-ყარაბამდე, მარილოვან (მკვდარ) ზღვამდე, ფისგას ფერდობების ქვეშ, აღმოსავლეთით.
18 . ასე გიბრძანეთ მაშინ: "უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; წინ წაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ყოველი შეიარაღებული, გულადი კაცი.
19 . მხოლოდ ცოლები, თქვენი პატარები და პირუტყვი - ვიცი, რომ დიდძალი პირუტყვი გყავთ - დატოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია,
20 . ვიდრე თქვენსავით მოასვენებს უფალი თქვენს ძმებს და დაიმკვიდრებენ ისინი ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი, თქვენი ღმერთი, იორდანეს გაღმა; მაშინ დაუბრუნდებით თითოეული საკუთარ სამკვიდრებელს, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის”.
21 . ვამცნე იმ დროს იეშუას: "შენი თვალით ნახე, რა დამართა უფალმა, შენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს; ამასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც გაივლი.
22 . ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის”.
23 . ასე შევევედრე იმ დროს უფალს:
24 . "უფალო, ღმერთო! შენ წამოიწყე შენი მსახურისთვის შენი სიდიადისა და ძლიერი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცაში ან დედამიწაზე, რომ თავისი საქმეებითა და ძლიერებით შეგედაროს?
25 . ნება მომეცი, გადავიდე და ვიხილო ის ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, ის მშვენიერი მთიანი მიწა და ლიბანი”.
26 . განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ ისმინა ჩემი; მომიგო უფალმა: "გეკმაროს, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
27 . ადი ფისგას მწვერვალზე, გადაიხედე დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ და თვალი მოავლე გარემოს, რადგან ვერ გადახვალ იორდანეს გადაღმა.
28 . დაადგინე, გაამხნევე და გაამაგრე იეშუა, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს და ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც დაინახავ”.
29 . და ბეთ-ფეღორის გასწვრივ გავჩერდით, ველზე”.
1 . როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, როგორ აიღო იეშუამ ჰაღაი და როგორ გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხოსა და მის მეფეს მოექცა, რომ დაეზავნენ გაბაონის მკვიდრნი ისრაელს და დარჩნენ მათ შორის,
2 . ფრიად შეშინდა, რადგან სამეფო ქალაქივით დიდი ქალაქი იყო გაბაონი, ჰაღაისაც აღემატებოდა და მისი კაცებიც მამაცნი იყვნენ.
3 . შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს და დებირს, ყეგლონის მეფეს:
4 . "ამოდით ჩემთან და შემეწიეთ, რომ მოვსრათ გაბაონი, რადგან იეშუას და ისრაელის ძეებს დაეზავა”.
5 . შეიკრიბნენ და ავიდა ხუთი ამორელი მეფე - იერუსალიმის, ხებრონის, იარმუთის, ლაქიშისა და ყეგლონის მეფეები და მთელი მათი ლაშქარი, დაიბანაკეს გაბაონის პირდაპირ და ბრძოლა გაუმართეს.
6 . გაგზავნეს გაბაონის კაცებმა იეშუასთან გილგალის ბანაკში და შეუთვალეს: "ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებზე; ისწრაფე, ამოდი ჩვენთან, გვიხსენი და მოგვეშველე: რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიკრიბნენ მთაში მცხოვრები ამორელი მეფეები”.
7 . და გავიდა იეშუა გილგალიდან ყველა ბრძოლისუნარიანი ხალხითა და მაგარი ვაჟკაცებით.
8 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი; ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ”.
9 . და მოულოდნელად მიადგა მათ იეშუა, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
10 . თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი დიდი შემუსვრით გაბაონში, სდია ბეთ-ხორონის აღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.
11 . როცა ისრაელიანთაგან ბეთ-ხორონის აღმართზე გარბოდნენ, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან ყაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი დახოცა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.
12 . მაშინ ელაპარაკა იეშუა უფალს, იმ დღეს, როცა უფალმა ამორელები ჩააგდებინა ხელში ისრაელიანებს; თქვა ისრაელის გასაგონად: "მზეო, შეჩერდი გაბაონზე და მთვარევ, აიალიონის ველზე!”
13 . შეჩერდა მზე და დადგა მთვარე, ვიდრე მტერი არ დაამარცხა ხალხმა. განა ჩაწერილი არ არის ეს იაშარის წიგნში: "იდგა მზე შუაგულ ცაზე და მთელი დღე არ ჩქარობდა ჩასვენებას!”
14 . არ ყოფილა ასეთი დღე არც მანამდე და არც მერე, რომ ამგვარად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.
15 . დაბრუნდა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში.
16 . გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას მღვიმეში დაიმალა.
17 . აუწყეს იეშუას: "იპოვეს ხუთი მეფე, მაკედას მღვიმეში იმალებიან”.
18 . თქვა იეშუამ: "მიაგორეთ დიდი ლოდები მღვიმის პირთან და დააყენეთ კაცები მათ საყარაულოდ.
19 . თქვენ კი ნუ შეჩერდებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, ნუ დაანებებთ თავიანთ ქალაქებში შესვლას, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა”.
20 . დაასრულეს იეშუამ და ისრაელის ძეებმა მათი ჟლეტა დიადი შემუსვრით და საბოლოოდ გაანადგურეს; გადარჩენილებმა გამაგრებულ ქალაქებს შეაფარეს თავი;
21 . და მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იეშუასთან მაკედას ბანაკში; ვერავინ დაძრა ენა ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
22 . თქვა იეშუამ: "გახსენით მღვიმის პირი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე მღვიმიდან”.
23 . ასეც მოიქცნენ, გამოუყვანეს ის ხუთი მეფე მღვიმიდან: იერუსალიმის, ხებრონის, იარმუთის, ლაქიშისა და ყეგლონის მეფეები.
24 . როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იეშუას, მაშინ მოუხმო იეშუამ მთელ ისრაელს და მხედართმთავრებს, თან რომ ახლდნენ, უთხრა: "ახლოს მოდექით და ქედზე ფეხით შედექით ამ მეფეებს”. მიუახლოვდნენ და დაადგეს ქედზე ფეხი.
25 . უთხრა მათ იეშუამ: "ნუ შეგეშინდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი შეებრძოლებით”.
26 . შემდეგ დახოცა ისინი იეშუამ, მოკლა, ხუთ ხეზე ჩამოკიდა და საღამომდე ეკიდნენ ხეებზე.
27 . ბრძანა იეშუამ მზის ჩასვლისას, ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და დაყარეს იმ მღვიმეში, რომელშიც იმალებოდნენ; ქვის ლოდები მიაყარეს მღვიმის პირს და ასეა დღემდე.
28 . იმავე დღეს დაიპყრო იეშუამ მაკედა, მოსრა იგი და მისი მეფე, მახვილის პირით გაანადგურა მასში მყოფი ყოველი სულდგმული, არავინ დაუტოვებია ცოცხალი; მაკედას მეფესაც ისევე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს.
29 . გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედადან ლიბნასკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
30 . ხელში ჩაუგდო უფალმა ლიბნაც და მისი მეფეც; მახვილის პირით განგმირა იგი და მასში მყოფი ყოველი სუდგმული; არ დატოვა არც ერთი სულიერი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა.
31 . და გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი, ლიბნადან ლაქიშისკენ; დაიბანაკა მის წინააღმდეგ და ბრძოლა გაუმართა.
32 . ხელში ჩაუგდო უფალმა ლაქიში ისრაელს და დაიპყრო იგი მეორე დღეს, და მახვილის პირით მოსრა იგი და მასში მყოფი ყოველი სულდგმული, ისევე, როგორც ლიბნაში.
33 . მაშინ ამოვიდა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის დასახმარებლად და ისე შემუსრა იეშუამ ის და მისი ხალხი, რომ არავინ დაუტოვებია ცოცხალი.
34 . იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი, ლაქიშიდან ყეგლონისკენ გაემართა, დაიბანაკა მის წინააღმდეგ და ბრძოლა გაუმართა.
35 . იმავე დღეს დაიპყრო იგი და მოსრა მახვილის პირით მასში მყოფი ყოველი სულდგმული; ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.
36 . გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი, ყეგლონიდან ხებრონისკენ და ბრძოლა გაუმართა.
37 . დაიპყრო ხებრონი და მოსრა იგი მახვილის პირით, მისი მეფე და ყოველი მისი ქალაქი და მასში მყოფი ყოველი სულდგმული; არავინ დატოვა ცოცხალი ისევე, როგორც ყეგლონში. მოსპო იგი და მასში მყოფი ყოველი სულდგმული.
38 . მობრუნდა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი დებირისკენ და ბრძოლა გაუმართა.
39 . დაიპყრო იგი, მისი მეფე, ყოველი მისი ქალაქი და გაწყვიტა ისინი მახვილის პირით, მოსპო მასში მყოფი ყოველი სულდგმული, არ დატოვა არავინ. როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დებირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
40 . მოსრა იეშუამ მთელი მთიანი ქვეყანა, სამხრეთი მხარე, დაბლობი, ფერდობები და მათი მეფეები; არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყოველი სულდგმული მოსპო, როგორც უბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
41 . მოსრა ისინი იეშუამ კადეშ-ბარნეაყიდან ღაზამდე, მთელი გოშენის ქვეყანა გაბაონამდე.
42 . ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე აიღო იეშუამ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა ისრაელისთვის;
43 . და დაბრუნდა იეშუა მთელ ისრაელთან ერთად გილგალის ბანაკში.
1 . მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა ყველა მისი მტრისგან მოასვენა ისრაელი ყოველი მხრიდან, მოხუცდა იეშუა და ხანში შევიდა.
2 . მოუხმო მან მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზედამხედველებს და უთხრა: "მოვხუცდი, ხანში შევედი,
3 . ნანახი გაქვთ ყველაფერი, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ერებს თქვენ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი თავად იბრძოდა თქვენთვის.
4 . აი, წილისყრით დაგინაწილეთ ეს დანარჩენი ერები, სამკვიდრებლად თქვენი ტომებისთვის და მოვსპე ყოველი ხალხი იორდანედან დიდ ზღვამდე, დასავლეთისკენ.
5 . უფალი, თქვენი ღმერთი, თავად განდევნის მათ თქვენგან და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც გელაპარაკათ უფალი, თქვენი ღმერთი.
6 . ძლიერ განმტკიცდით, რათა დაიცვათ და აასრულოთ ყველაფერი, რაც არის ჩაწერილი მოსეს რჯულის წიგნში, ნუ გადაიხრებით მისგან ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ,
7 . რომ არ შეერიოთ იმ ერებს, რომლებიც დარჩნენ თქვენ შორის. ნურც მოიხსენიებთ და დაიფიცებთ მათი ღმერთების სახელს; არც ემსახუროთ და არც თაყვანი სცეთ მათ.
8 . არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
9 . განდევნა უფალმა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები და დღემდე ვერავინ აღგიდგათ წინ.
10 . ერთი თქვენგანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც გელაპარაკათ.
11 . ძალა დაატანეთ თქვენს თავებს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი;
12 . რადგან თუ კვლავ უკუიქცევით უფლისგან, მიეტმასნებით თქვენ შორის დარჩენილ ხალხებს, დაუმოყვრდებით და აღირევით მათთან,
13 . მაშინ, მტკიცედ იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი აღარ განდევნის ამ ხალხებს თქვენგან და მარყუჟად და მახედ გექცევიან ისინი, შოლტად თქვენი ფერდებისთვის და ეკლად თქვენი თვალებისთვის, სანამ არ მოისპობით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
14 . აჰა, მთელი ქვეყნის გზით მივდივარ დღეს. თქვენ კი იცოდეთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი გონებით, რომ არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა იმ კეთილ სიტყვათაგან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა წარმოთქვა თქვენზე; ყოველივე ასრულდა და არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა.
15 . და როგორც აგისრულდათ უფლის, თქვენი ღმერთის მიერ თქვენზე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისე აგისრულებთ უფალი ყოველ ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ განადგურდებით ამ ბარაქიან მიწაზე, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
16 . როგორც კი დაარღვევთ უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებ აღთქმას, წახვალთ, ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება უფლის რისხვა თქვენზე და უმალვე დაიღუპებით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა.
1 . მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.
2 . დიდმა დრომ - ოცმა წელიწადმა - განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დამკვიდრებიდან; და მოენატრა უფალი ისრაელის მთელ სახლს.
3 . ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
4 . განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5 . თქვა სამუელმა: "შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს”.
6 . შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: "შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
7 . გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ.
8 . უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: "ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
9 . აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.
10 . როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.
11 . გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე.
12 . აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: "ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.
13 . დამარცხდნენ ფილისტიმელნი და მეტად აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
14 . და დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთა მიერ წართმეული ქალაქები: ყეკრონიდან გათამდე; მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორს შორის.
15 . მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
16 . დადიოდა წლიდან წლამდე, გარს უვლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას და მთელ იმ ადგილებში მსაჯულობდა ისრაელზე.
17 . მერე რამაში ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი. იქაც განსჯიდა ისრაელს და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
2 . რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
3 . ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
4 . ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
5 . ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
6 . ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
7 . მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
8 . ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
9 . მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
10 . ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
1 . ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!
2 . რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.
3 . კიდევ თქვეს: "ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე”.
4 . დაემხნენ ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და ამბობდნენ: "ამინ! ალილუია!”
5 . გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
6 . და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
7 . გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
8 . და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა”.
9 . და მითხრა: "დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო სერობაზე მიწვეულნი”. მითხრა: "ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვებია ესენი”.
10 . და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.
11 . ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12 . მისი თვალები მსგავსია ცეცხლის ალისა, თავზე მრავალი დიადემა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
13 . სისხლში ამოვლებული სამოსელი ემოსა. მისი სახელია ‘ღმერთის სიტყვა’.
14 . ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და სუფთა ბისონით შემოსილი.
15 . მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს; ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით; და დაწურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
16 . სამოსელსა და თეძოზე აწერია სახელი: "მეფეთა მეფე და უფალთა უფალი".
17 . ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. მან დიდი ხმით შესძახა და უთხრა ყოველ ფრინველს, შუა ცაში რომ დაფრინავდა: "მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ სერობაზე,
18 . რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, პატარებისა და დიდების ხორცი”.
19 . და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20 . და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.
21 . დანარჩენები კი ცხენზე მჯდომის პირიდან გამოსული მახვილით ამოიხოცნენ, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.