1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს, რომ დაბრუნდნენ და დაიბანაკონ ფი-ჰეხიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის გასწვრივ. მის პირდაპირ ზღვასთან დაიბანაკონ.
3 . იფიქრებს ფარაონი ისრაელის შვილებზე, გზა აებნათო ამ მიწაზე, უდაბნომ მოიმწყვდიაო.
4 . გავუმძვინვარებ გულს ფარაონს და დაგედევნებათ უკან. განვდიდდები ფარაონსა და მთელ მის ჯარზე; და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი”. ასეც მოიქცნენ.
5 . ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი; შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ და თქვეს: "ეს რა ვქენით, როგორ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობისგან?”
6 . შეკაზმა ფარაონმა თავისი ეტლი და გაიყოლა თავისი ხალხი.
7 . თან წაიყოლა ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი და მათი მეთაურები.
8 . გული გაუსასტიკა უფალმა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და უკან დაედევნა იგი ისრაელის შვილებს; ისრაელის ძენი კი შემართული ხელით გამოდიოდნენ.
9 . უკან დაედევნენ მათ ეგვიპტელნი, ფარაონის ყოველი ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და ჯარი; ფი-ჰეხიროთთან, ბაყალ-ცეფონის გასწვრივ ზღვასთან დაბანაკებულთ დაეწივნენ.
10 . ახლოვდებოდა ფარაონი, აღაპყრეს თვალები ისრაელის შვილებმა და დაინახეს: ეგვიპტელნი მოსდევენ უკან. შეეშინდათ ფრიად და შეღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.
11 . უთხრეს მოსეს: "განა ეგვიპტეში არ იყო სამარხები, უდაბნოში რომ არ წამოგეყვანეთ დასახოცად? ასეთი რამ რად გაგვიკეთე, რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?
12 . განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: "დაგვეხსენი, ეგვიპტელთა მსახურები ვიქნებით-თქო? რადგან უდაბნოში დახოცვას, ეგვიპტელთა მონობა გვირჩევნია”.
13 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და იხილავთ უფლისმიერ ხსნას, რომელსაც დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის და ეგვიპტელებს, რომელთაც დღეს ხედავთ, მეტად აღარ იხილავთ უკუნისამდე.
14 . უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ”.
15 . უთხრა უფალმა მოსეს: "რად შემომღაღადებ? უთხარი ისრაელიანებს, წინ წავიდნენ.
16 . ასწიე კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, გააპე იგი და გავლენ ისრაელის შვილები მშრალად შუა ზღვაში!
17 . მე კი, აჰა, გავასასტიკებ ეგვიპტელთა გულს და შეყვებიან უკან; მაშინ განვდიდდები ფარაონზე, მის ყოველ ჯარზე, ეტლებსა და მხედრებზე.
18 . და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ვუჩვენებ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებსა და მხედრებზე”.
19 . და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან.
20 . ჩადგა ეგვიპტისა და ისრაელის ბანაკთა შორის და იყო ღრუბლად და სიბნელედ ერთი მხარისათვის, მეორე მხარეს კი ღამეს უნათებდა. არ მიახლოვებულან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.
21 . გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და უკან დაახევინა ზღვას უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს. გაიპო წყალი და მშრალ მიწად აქცია ზღვა.
22 . და შევიდნენ ისრაელიანები შუა ზღვაში მშრალ მიწაზე; წყალი კი გალავნად იყო მათთვის მარჯვნიდან და მარცხნიდან.
23 . დაედევნენ ეგვიპტელნი და შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენი, მისი ეტლები და მხედრები.
24 . ისე მოხდა, რომ მოხედა უფალმა დილის გუშაგობისას ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლოვანი და ღრუბლოვანი სვეტიდან და შეაძრწუნა მათი ბანაკი.
25 . დააძრო უფალმა ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: "გავიქცეთ ისრაელიანთაგან, რადგან მათ გამო ებრძვის უფალი ეგვიპტელებს”.
26 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზღვაზე და მოიქცევა წყალი ეგვიპტელებზე, მათ ეტლებსა და მხედრებზე!”
27 . გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და განთიადისას მიიქცა ზღვა თავის ადგილზე, ხოლო მათკენ გაქცეული ეგვიპტელნი შუა ზღვაში ჩაყარა უფალმა.
28 . დაბრუნდა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები, ფარაონი და მთელი ჯარი, რომლებიც ზღვაში უკან მისდევდნენ მათ; არც ერთი არ გადარჩენილა.
29 . მიდიოდნენ ისრაელიანები მშრალ მიწაზე შუა ზღვაში და წყალი იყო მათთვის გალავნად მარჯვნიდან და მარცხნიდან.
30 . და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთა ხელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელნი ზღვის ნაპირზე.
31 . იხილა ისრაელმა დიადი საქმე, რომელიც მოახდინა უფალმა ეგვიპტელებზე და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ ისინი უფალს და მოსეს, მის მსახურს.
1 . ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
2 . უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
3 . ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
4 . თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.
5 . თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
6 . ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7 . შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
8 . ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.
9 . ხიზანს ნუ შეავიწროებ; თავად იცით ხიზნის ყოფა, რადგან ხიზნად იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10 . ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.
11 . მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12 . ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13 . დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
14 . წელიწადში სამჯერ იდღესასწაულე ჩემთვის.
15 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16 . მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.
17 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი უფალ ღმერთთან.
18 . საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირის სისხლს, არ დარჩეს ჩემი სადღესასწაულო ცხიმი დილამდე.
19 . მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.
20 . აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
21 . იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22 . თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23 . რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:
24 . თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25 . უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
26 . არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27 . წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენი ყოველი მტრის ზურგს მოვაქცევ შენკენ.
28 . კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს შენგან.
29 . არ გავრეკავ მათ ერთი წლის განმავლობაში, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ ველური მხეცები.
30 . თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31 . გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
32 . ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
33 . არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
1 . "როცა შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, ნუ აერიდები: აუცილებლად დაუბრუნე ისინი შენს ძმას.
2 . თუ შორსაა შენგან ან არ იცნობ მას, მაშინ სახლში წაასხი საქონელი და იყოს იქ, ვიდრე მოაკითხავს პატრონი. მაშინ დაუბრუნე.
3 . ასევე მოექეცი მის სახედარს, სამოსელს და ყოველ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ვინმე, შენ კი იპოვი; ნუ აერიდები.
4 . როცა გზაზე დაცემულ სახედარს ან ხარს დაინახავ, ნუ აერიდები მათ, წამოაყენე ისინი.
5 . დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი არ ჩაიცვას და მამაკაცი ქალის სამოსით არ შეიმოსოს, რადგან საზიზღარია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას სჩადის.
6 . ფრინველის ბარტყებიან ან კვერცხებიან ბუდეს თუ წააწყდები გზაზე - ხეზე ან მიწაზე, დედაც იჯდეს ბარტყებზე ან კვერცხებზე, შვილებითურთ ნუ აიყვან მას,
7 . გაუშვი დედა, შვილები კი თან წაიყვანე, რათა კარგად იყო და იდღეგრძელო.
8 . როცა ახალ სახლს აიშენებ, მოაჯირი გაუკეთე ბანს, რათა ვინმე არ ჩავარდეს და სისხლი არ დაიღვაროს შენს სახლში.
9 . ორნაირ თესლს ნუ დათესავ შენს ვენახში, რათა არ წაიბილწოს შენს მიერ დათესილი თესლის ნაყოფი და ვენახის მოსავალი.
10 . ხარითა და ვირით ერთად ნუ მოხნავ.
11 . მატყლისა და სელის ნარევი ქსოვილი არ ჩაიცვა.
12 . ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე შენს მოსასხამს, რომლითაც იმოსები.
13 . თუ ვინმე ცოლს შეირთავს, დაწვება მასთან და მერე მოიძულებს მას,
14 . ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,
15 . მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.
16 . უთხრას ყმაწვილქალის მამამ უხუცესებს: ცოლად მივეცი ამ კაცს ჩემი ასული, მან კი მოიძულა იგი.
17 . აჰა, ცილი დასწამა, ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ასული; აი, ნიშანი ჩემი ასულის ქალწულობისა. და გაშალოს სამოსი ქალაქის უხუცესთა წინაშე.
18 . მაშინ ადგნენ იმ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი;
19 . ასი ვერცხლით დააჯარიმონ იგი და მისცენ ყმაწვილქალის მამას, რადგან ცუდი ხმა გაავრცელა ისრაელიან ქალწულზე; და დარჩება იგი მის ცოლად: ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
20 . ხოლო თუ ნათქვამი მართალი გამოდგა და ყმაწვილქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21 . გამოიყვანონ იგი თავისი მამის სახლის კართან და სასიკვდილოდ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან სამარცხვინოდ მოიქცა ისრაელში - იმრუშა მამამისის სახლში; ასე ამოშანთავთ თქვენგან ბოროტს.
22 . თუ ქმრიან ქალთან წოლისას წაასწრებენ კაცს, ორივენი მოკვდნენ: ამ ქალთან მწოლი კაციც და ქალიც; ამოშანთეთ ბოროტი ისრაელისგან.
23 . მამაკაცთან დანიშნულ ახალგაზრდა ქალწულს რომ შეხვდეს ვინმე ქალაქში და დაწვეს მასთან,
24 . მაშინ იმ ქალაქის კარიბჭესთან გამოიყვანეთ ორივე და სასიკვდილოდ ჩაქოლეთ: ყმაწვილქალი იმისთვის, რომ კივილით არ უხმო მშველელს, მამაკაცი კი იმისთვის, რომ თავისი მოყვასის ცოლს ნამუსი ახადა; ასე ამოშანთავთ ბოროტს თქვენგან.
25 . ხოლო თუ მინდორში შეხვდება ვინმე დანიშნულ ყმაწვილქალს, და ძალით დაწვება მასთან, მხოლოდ კაცი მოიკლას, რომელმაც გააუპატიურა ქალი.
26 . ყმაწვილქალს კი ნურაფერს დაუშავებთ: ცოდვა არ ჩაუდენია მას, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოყვასზე აღდგეს და მოკლას;
27 . მინდორში შეხვდა მას და რომც ეკივლა ყმაწვილქალს, ვერავინ მიეშველებოდა.
28 . თუ კაცი ისეთ ქალწულს შეხვდება, რომელიც დანიშნული არ არის, შეიპყრობს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,
29 . მისცეს ქალთან ნაწოლმა კაცმა ყმაწვილქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და გახდეს ქალი იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას და ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
30 . მამამისის ცოლი არავინ შეირთოს და არ გადაწიოს თავისი მამის კალთა.
1 . ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: "გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.
2 . ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე?
3 . ისიც გითხარით, აღარ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, მარყუჟად იქნებიან ისინი თქვენთვის და მახედ გექცევიან მათი ღმერთები.
4 . როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელს, ხმა აღიმაღლა ხალხმა და ატირდა.
5 . და უწოდეს ამ ადგილს სახელად ბოქიმი (მტირალნი) და მსხვერპლი შესწირეს უფალს.
6 . გაუშვა იეშუამ ხალხი და წავიდნენ ისრაელის ძენი, თითოეული თავის წილხვედრ მიწაზე, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
7 . უფალს ემსახურებოდა ხალხი იეშუასა და იმ უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლებიც იეშუას შემდგომ იყვნენ და ნახეს უფლის ყველა დიადი საქმე, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
8 . გარდაიცვალა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა.
9 . და დაკრძალეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10 . მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.
11 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ბაყალებს ემსახურებოდნენ.
12 . და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს.
13 . მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.
14 . აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
15 . და ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი მათ წინააღმდეგ იყო საბოროტოდ, როგორც უთხრა და დაუფიცა უფალმა; დიდ უბედურებაში ჩაცვივდა ხალხი.
16 . და აღუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებმაც მძარცველებისგან იხსნეს ისინი.
17 . მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.
18 . როცა უფალმა მსაჯულები დაადგინა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, მათი გმინვის გამო, მჩაგვრელები და შემავიწროებლები რომ ტანჯავდნენ;
19 . მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, თავიანთ მამებზე მეტად იხრწნებოდნენ, სხვა ღმერთების კვალს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ეთაყვანებოდნენ მათ; არ მიატოვეს თავიანთი ბოროტი საქმეები და სიჯიუტე.
20 . კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და თქვა: "რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და აღარ ისმენს ჩემს ხმას,
21 . მეც აღარ განვდევნი მათგან იმ ხალხებს, რომლებიც იეშუას დარჩა განსადევნი, როცა მოკვდა.
22 . მათი მეშვეობით გამოვცდი ისრაელს: დაუბრუნდებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები”.
23 . და დატოვა უფალმა ეს ხალხები, აღარ განდევნა და არ ჩაუგდო ხელში იეშუას.
1 . ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი; პირმშო იყო იგი, მაგრამ შებილწა თავისი მამის სარეცელი და მისი პირმშოობა ისრაელის ძის, იოსების ძეთ გადაეცა, ამიტომ პირმშოდ ვეღარ ჩაიწერებოდნენ.
2 . გაძლიერდა იუდა თავის ძმათა შორის და წინამძღვარიც მისგან იყო; პირმშოობა კი იოსებმა მიიღო.
3 . რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოხი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
4 . იოელის ძენი: შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი,
5 . მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი,
6 . მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი.
7 . მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და მისი საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: მთავარი იეყიელი, ზაქარია,
8 . და ბელაყი, ყაზაზის ძე, შემაყის ძე, იოელის ძე. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
9 . აღმოსავლეთით დასახლდა, მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან გაუმრავლდათ საქონელი გილყადის ქვეყანაში.
10 . ეომებოდნენ აგარელებს საულის დღეებში და დაეცნენ კიდეც მათი ხელით. და დაისაკუთრეს მათი კარვები, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
11 . გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში - სალქამდე:
12 . მთავარი იოელი, მეორე შაფამი, შემდეგ იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
13 . მათი ძმები, თავ-თავისი მამების სახლეულებით: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაქყანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.
14 . ესენი არიან ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახაის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა და ბუზის ძისა;
15 . ახი, ყაბდიელის ძე, გუნის ძე, მათი მამისსახლის თავკაცი.
16 . ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის ქალაქებში, ასევე შარონის მთელ საძოვრებზე, მთელ მის საზღვრებში.
17 . ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამისა და ისრაელის მეფის, იერობყამის დღეებში.
18 . რეუბენის ძენი, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი მამაცი კაცები იყვნენ, ფარ-შუბის ამღებნი, მშვილდოსანნი, ომებში დახელოვნებულნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცი გადიოდა საომრად.
19 . ეომებოდნენ აგარელებს, იეტურს, ნაფიშს და ნოდაბს.
20 . მიეხმარნენ ბრძოლაში და ხელში ჩაუვარდათ აგარელები და ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ეს იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა, რაკი მიენდნენ მას.
21 . წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი ცხვარი, ორი ათასი სახედარი და ასი ათასი ტყვე,
22 . მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღმერთისგან იყო ეს ომი. და დასახლდნენ ისინი მათ ადგილზე, სანამ გადაასახლებდნენ ტყვეობაში.
23 . მენაშეს ძეთა ნახევარი ტომიც დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
24 . ესენი იყვნენ მათი მამისსახლთა თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.
25 . უღალატეს თავისი მამების ღმერთს და იმრუშეს იმ ქვეყნის ხალხთა ღმერთების კვალობაზე, ღმერთმა რომ მოსპო მათგან.
26 . მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გადაასახლა რეუბენიანნი, გადელნი და მენაშეს ნახევარი ტომი და მიიყვანა ისინი ხელახში, ხაბორსა და ჰარაში, მდინარე გოზანთან, ამ დღემდე.
27 . ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
28 . კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
29 . ყამრამის ძენი: აჰარონი, მოსე და მირიამი; აჰარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
30 . ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.
31 . აბიშუაყმა შვა ბუკი და ბუკიმ შვა ყუზი,
32 . ყუზიმ შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი,
33 . მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი,
34 . ახიტუბმა შვა ცადოკი და ცადოკმა შვა ახიმაყაცი,
35 . ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი,
36 . იოხანანმა შვა ყაზარია, - ეს იმ ტაძრის მღვდელი იყო, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
37 . ყაზარიამ შვა ამარია და ამარიამ შვა ახიტუბი,
38 . ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
39 . შალუმმა შვა ხილკია და ხილკიამ შვა ყაზარია,
40 . ყაზარიამ შვა სერაია და სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
41 . გადასახლებულ იქნა იეჰოცადაკი, როცა უფალმა ტყვედ წაასხა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით.
1 . ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2 . ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3 . არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4 . შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5 . ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6 . მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7 . განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8 . შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9 . რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10 . მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11 . გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12 . კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13 . ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14 . შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15 . შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16 . შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17 . კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18 . აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19 . მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 . მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21 . შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22 . ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23 . დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24 . შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25 . მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26 . გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27 . გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28 . დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29 . გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30 . გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31 . მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32 . შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33 . მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34 . გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35 . დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36 . განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37 . ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38 . დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39 . ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40 . აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41 . მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42 . და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43 . ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44 . დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45 . ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46 . ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47 . გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48 . ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49 . გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50 . ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51 . ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52 . ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53 . თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54 . სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55 . ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56 . ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57 . ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58 . გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59 . ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60 . ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61 . ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62 . შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63 . თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64 . შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65 . კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66 . კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67 . ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68 . კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69 . ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70 . დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71 . კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72 . უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73 . შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74 . მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75 . ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76 . დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77 . მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78 . შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79 . დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80 . იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81 . დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83 . ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84 . რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85 . გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86 . ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87 . ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88 . შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89 . უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90 . თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91 . შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92 . რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93 . უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94 . შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95 . მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96 . ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97 . რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98 . ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99 . ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100 . მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101 . ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102 . შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103 . რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104 . შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105 . ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106 . დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107 . დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108 . აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109 . სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110 . დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111 . დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112 . მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113 . ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114 . თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115 . შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116 . შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117 . შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118 . მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119 . როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120 . თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121 . ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122 . გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124 . მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125 . მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126 . ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127 . ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128 . ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129 . საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130 . საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131 . პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132 . მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133 . ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134 . გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 . შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136 . წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137 . მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138 . ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139 . დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140 . ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141 . მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142 . სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143 . განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144 . სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145 . მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146 . შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147 . ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148 . ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149 . ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150 . მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151 . ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152 . ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153 . იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154 . გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155 . შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156 . წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157 . ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158 . ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159 . ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160 . საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161 . მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162 . ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163 . სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164/165 . დღეში შვიდგზის გაქებ შენ ,სიმართლის სამართალთათვის. 165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166 . იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167 . იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168 . ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169 . მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170 . მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171 . წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172 . იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173 . იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174 . ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175 . იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176 . დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
1 . ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 . სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზამრუდეს კი სძულს იგი.
3 . სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.
4 . სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.
5 . სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
6 . დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
7 . ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
8 . წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი - საკუთარი თავების მოტყუებაში.
9 . ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
10 . მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
11 . ბოროტეულთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
13 . სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
14 . გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება, კეთილი კი - თავისი გზებით.
15 . გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.
16 . ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17 . გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18 . გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.
19 . ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.
20 . ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21 . თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.
22 . განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
23 . ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
24 . ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
25 . ჭეშმარიტი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ტყუილის მოლაპარაკე კი მოღალატეა.
26 . უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
28 . ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
29 . რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
30 . მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობა.
31 . ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
32 . უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33 . გონიერი კაცის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა შორისაც კი საცნაურია იგი.
34 . სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.
35 . გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
1 . კრავი გაუგზავნეთ ქვეყნის მთავარს, სელაყიდან უდაბნოს გავლით, სიონის ასულის მთაზე.
2 . ბუდემოშლილი, გზააბნეული ფრინველის მსგავსად იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებზე.
3 . მოგვეცი რჩევა, აღასრულე სამართალი, მწუხრივით გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, შეიფარე განდევნილები, გაქცეულს ნუ გასცემ.
4 . შეიფარე განდევნილი მოაბელნი გამტიალებლის სახისგან, სანამ არ გაქრება მწვალებელი, სანამ არ შეწყდება ძარცვა და არ მოისპობა ქვეყნიდან მჩაგვრელი.
5 . წყალობით განმტკიცდება ტახტი და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარვის მსაჯული; სამართალს მოიძიებს და სიმართლეს აღასრულებს.
6 . გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა - ფუჭია მისი ტრაბახი.
7 . ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.
8 . ვინაიდან გადაჭკნა ხეშბონის მინდვრები, სიბმას ვენახები, ხალხთა ბატონებმა გათელეს მისი რჩეული ვაზები, იაყზერს რომ სწვდებოდა, უდაბნოში რომ იშლებოდა, იფურჩქნებოდა და ზღვაზე რომ გადადიოდა.
9 . ამიტომ მწარედ მოვთქვამ იაყზერზე, სიბმას ვაზზე; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს, რადგან შეწყდა მოძახილი შენი ზაფხულის ნაყოფსა და მოსავალზე.
10 . წართმეული აქვს მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მინდვრებს, აღარ იქნება ვენახებში სიმღერა და მხიარული მოძახილი, აღარ დაწურავს საწნახელში ღვინოს დამწურველი, შეწყდა ჟრიამული.
11 . ამიტომაც ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შინაგანი - კირ-ხერესზე.
12 . და იქნება: როცა წარსდგება მოაბი, რადგან მოიქანცება თავის მაღლობებზე და შევა თავის საწმიდარში სალოცად, ეს ვეღარ უშველის.
13 . ეს არის სიტყვა, რომელიც იმ დროს თქვა უფალმა მოაბზე.
14 . ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: "სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.
1 . გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება.
2 . გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას.
3 . გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.
4 . უთხარით სულსწრაფებს: "გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”.
5 . ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.
6 . ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე - ნაკადულები.
7 . ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად - მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.
8 . და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.
9 . ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე.
10 . დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.
1 . სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას პირით.
2 . "გამოაცხადეთ და აუწყეთ ხალხებს, ალამი ასწიეთ და აუწყეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: დაპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, გაწბილებულია მისი კერპები და დამსხვრეულია მათი ქანდაკებები!
3 . რადგან ხალხი მოადგა ჩრდილოეთიდან და უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას; აღარ იქნება მასში მცხოვრები, ადამიანიდან პირუტყვამდე ყველა დაიძრება და წავა.
4 . იმ დღეებში და იმ ჟამად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელის ძენი და იუდას ძენი, ერთად ივლიან და გზადაგზა იტირებენ, ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5 . სიონის გზას იკითხავენ, მისკენ მიმართავენ სახეებს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს საუკუნო აღთქმით, რომელიც აღარ იქნება დავიწყებული!
6 . დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა გადაახვევინეს გზიდან, მთებისკენ მიაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ახეტიალეს, თავიანთი მოსასვენებელი ადგილი დაავიწყეს.
7 . მათი მპოვნელები ჭამდნენ; მათი მტრები ამბობდნენ: რა ჩვენი ბრალია, უფალს შესცოდეს, რომელიც სიმართლის სამკვიდროა, უფალს, მათი მამების იმედსო.
8 . გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.
9 . რადგან, აჰა, წამოვაყენებ და მოვიყვან ბაბილონის წინააღმდეგ დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და დაატყვევებენ; მათი ისრები გამოცდილი მეომრებივით არიან, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
10 . ნადავლად იქცევა ქალდეველთა ქვეყანა და გაძღება ყველა მისი მძარცველი, ამბობს უფალი.
11 . რადგან გიხარიათ და დღესასწაულობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან დეკეულივით კუნტრუშობთ და ცხენებივით ჭიხვინებთ.
12 . დიდად შერცხვება დედათქვენი, დამცირდება თქვენი მშობელი; უკანასკნელი იქნები ერებს შორის - უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი.
13 . უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, მთლიანად გაუდაბურდება. ყველა, ვინც ბაბილონს ჩაუვლის, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მისი წყლულების დამნახავი.
14 . ჩამწკრივდით ბაბილონის გარშემო, მშვილდის მომზიდველნო! ესროლეთ, ისრებს ნუ დაინანებთ, რადგან უფალს შესცოდა.
15 . ყოველი მხრიდან დაეცით საბრძოლო ყიჟინა; დანებდა, დაეცნენ მისი საძირკვლები, დაინგრნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა; შური იძიეთ მასზე, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.
16 . მთესველი და ნამგლის დამჭერი ამოძირკვეთ ბაბილონიდან მოსავლის აღების დროს. მოძალადის მახვილისგან ყოველი თავისი ხალხისკენ გაბრუნდეს და ყოველი თავის ქვეყანაში გაიქცეს.
17 . გაფანტული ცხვარია ისრაელი, ლომებმა გაფანტეს. პირველად აშურის მეფემ შეჭამა იგი, ბოლოს კი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაუმტვრია ძვლები”.
18 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.
19 . დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე, და იბალახებს იგი ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემისა და გილყადის მაღლობებზე დაიკმაყოფილებს სურვილს.
20 . იმ დღეებში და იმ ჟამს, ამბობს უფალი, მოიძიებენ ისრაელის დანაშაულს და აღარ იქნება, იუდას ცოდვებს - და ვეღარ იპოვნიან, რადგან მე მივუტევებ, ვისაც მოვიტოვებ.
21 . მერათაიმის ქვეყანაზე და ფეკოდის მცხოვრებლებზე გაილაშქრე, ააოხრე და გაანადგურე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი, ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც მე გიბრძანე!
22 . ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში, დიდი ნგრევაა.
23 . როგორ გატყდა და დაიმტვრა მთელი ქვეყნის ურო! როგორ იქცა ბაბილონი საშინელებად ერებისთვის?
24 . მახე დაგიგე და გაები, ბაბილონო, მაშინ, როცა არ ელოდი. მოგძებნეს და შეგიპყრეს, რადგან უფალს შეეჭიდე.
25 . გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა თავისი რისხვის იარაღი, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს საქმე აქვს ქალდეველთა ქვეყანაში.
26 . შორეული კიდეებიდან მოდით მის წინააღმდეგ, გახსენით მისი ბეღლები, ზვინებივით დაახვავეთ, სრულად გაანადგურეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს მისგან.
27 . მახვილს მიეცით მისი მოზვრები, დასაკლავად ჩავიდნენ; ვაი მათ, რადგან მათი დღე დადგა, მათი დასჯის ჟამი.
28 . აჰა, გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმა ისმის ბაბილონის ქვეყნიდან, რომ სიონში განაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება, მისი ტაძრის გამო.
29 . მრავალნი შეჰყარეთ ბაბილონის წინააღმდეგ, ყველა მშვილდის მომზიდველი. ბანაკად შემოეწყვეთ ყოველი მხრიდან, არავინ გაგექცეთ. მისი საქმისამებრ მიუზღეთ; როგორც გექცეოდათ, ისე
30 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის ქუჩებში და ყველა მისი მებრძოლი დადუმდება იმ დღეს, ამბობს უფალი.
31 . აჰა, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, რადგან შენი დღე დადგა, შენი დასჯის ჟამი.
32 . წაიბორძიკებს მედიდური და დაეცემა, არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება.
34 . მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
35 . მახვილი ქალდეველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ბაბილონის მცხოვრებლების წინააღმდეგ, მისი მთავრებისა და მისი ბრძენკაცების წინააღმდეგ;
36 . მახვილი მისი მისანი ქურუმების წინააღმდეგ და გაუგუნურდებიან; მახვილი მისი ძლიერი კაცების წინააღმდეგ და დაუძლურდებიან;
37 . მახვილი მისი ცხენების წინააღმდეგ, მისი ეტლებისა და ყველა უცხოტომელის წინააღმდეგ, მის წიაღში რომ არიან და დიაცებად იქცევიან; მახვილი მისი საგანძურების წინააღმდეგ და გაიძარცვებიან.
38 . გვალვა მის წყლებზე და ამოშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ მრისხანე კერპებისგან.
39 . დაიბუდებენ იქ უდაბნოს არსებები ტურებთან ერთად და სირაქლემები. უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.
40 . როგორც ღმერთის მიერ დაქცეულ სოდომში და გომორასა და მის მეზობელ ქალაქებში, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ დასახლდება, კაციშვილი აღარ იცხოვრებს მასში.
41 . აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ერი; მრავალი მეფე აღდგება ქვეყნის კიდეებიდან;
42 . მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი არიან, დაუნდობელნი; მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს, ცხენებზე არიან ამხედრებულნი; ერთი კაცივით მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
43 . გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.
44 . აჰა, ლომივით ამოვალ იორდანის უღრანიდან საძოვრებზე, გამუდმებით რომ ირწყვება. წამში გავაქცევ მათ და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? სამსჯავროზე ვინ დამიძახებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?”
45 . ამიტომ ისმინეთ უფლის განზრახვა, ბაბილონზე რომ განიზრახა; მისი გადაწყვეტილება, ქალდეველთა ქვეყანაზე რომ გადაწყვიტა; უსათუოდ წაათრევენ ფარის პატარა ბატკნებსაც კი, უსათუოდ გაუდაბურდება მათი საძოვრები.
46 . მიწა შეიძრება, როცა ხმა გაისმება: "შეიპყრეს ბაბილონი”; კივილი გაისმება ერებში.
1 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა?
3 . ცხიმს ჭამთ, მატყლს იცვამთ და მსუქან ცხვარს კლავთ, მაგრამ ფარას არ მწყემსავთ.
4 . სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
5 . მიმოიფანტნენ მწყემსის გარეშე, ველის მხეცებს გაუხდნენ კერძად და გაიფანტნენ.
6 . ყველა მთასა და მაღალ ბორცვზე დაწანწალებს ჩემი ფარა, მიმოიფანტა მთელ ქვეყანაზე ჩემი ფარა და არავინაა მძებნელი და მომკითხავი.
7 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა:
8 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, რადგან დასატაცებელი გახდა ჩემი ფარა და ველის მხეცთა კერძად იქცა ჩემი ცხვარი უმწყემსობის გამო; რადგან არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, არამედ საკუთარ თავებს მწყემსავდნენ, ჩემს ცხვრებს კი - არა!
9 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა,
10 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს! ჩამოვართმევ ფარაზე მწყემსობას და ვეღარც საკუთარ თავებს დამწყემსავენ! წავგლეჯ ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათი კერძნი!
11 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას.
12 . როგორც მწყემსი ეძებს თავის ფარას, როცა თავის გაფანტულ ცხვარშია, ისე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და ვიხსნი ყველა ადგილიდან, სადაც ღრუბლიან და ბურუსიან დღეს გაიფანტნენ.
13 . გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხიდან, შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე; დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებსა და ხევებში და ქვეყნის ყველა სამკვიდრებელში.
14 . პოხიერ საძოვარზე ვაძოვებ, ისრაელის მაღალ მთებში ექნებათ ფარეხები. იქ განისვენებენ შვებით და ისრაელის მთათა ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ.
15 . თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
16 . "დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!
17 . თქვენ კი, ჩემო ფარავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, მე განვსჯი სამართალს კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის.
18 . განა გეცოტავებათ პოხიერ მოლზე ძოვა, დანარჩენ საძოვარს ფეხით რომ თელავთ? დაწმენდილ წყალს სვამთ, დარჩენილს კი ფეხით რომ ამღვრევთ?
19 . ჩემი ცხვარი თქვენი ფეხით გათელილს უნდა ჭამდეს და თქვენი ფეხით ამღვრეულს სვამდეს?
20 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები განმკითხველი მსუქან და გამხდარ კრავს შორის.
21 . ვინაიდან გვერდებით, მხრებითა და რქებით აწვებით სუსტებს, რომ გარეთ გარეკოთ ისინი.
22 . მე გამოვიხსნი ჩემს ცხვრებს, მეტად აღარ იქცევიან ნადავლად! განმკითხველი ვიქნები კრავსა და კრავს შორის!
23 . გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.
24 . მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი იქნება მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვილაპარაკე.
25 . მშვიდობის აღთქმას დავუდებ მათ და ბოროტ მხეცებს აღვგვი ამ ქვეყნიდან, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და ეძინოთ ტყეებში.
26 . მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.
27 . ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
28 . მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
29 . აღვუდგენ სასახელო ნერგს და აღარ იქნებიან შიმშილის მსხვერპლნი ამ ქვეყანაზე; აღარც ხალხების სირცხვილს იტვირთავენ.
30 . და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა - ჩემი ხალხია! - ამბობს უფალი ღმერთი.
31 . და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი - თქვენი ღმერთი!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.
2 . აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
3 . მან კი იგავი უთხრა მათ:
4 . "რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
5 . იპოვის და სიხარულით შეისვამს მხარზე.
6 . შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად გაიხარეთ, ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული რომ იყოო.
7 . თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.
8 . ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
9 . და როცა იპოვის, დაუძახებს დობილებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, რადგან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
10 . ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.
11 . კიდევ თქვა: "ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
12 . უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება.
13 . რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.
14 . ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.
15 . ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
16 . და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.
17 . როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.
18 . ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,
19 . ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
20 . ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
21 . უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.
22 . მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!
23 . მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ!
24 . ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.
25 . უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
26 . დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია?
27 . მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა.
28 . ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა.
29 . მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა.
30 . ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი.
31 . მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია.
32 . მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.
1 . აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში თავიანთ შესაწირს ყრიდნენ მდიდრები.
2 . დაინახა ღარიბი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო,
4 . ვინაიდან ყველამ მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირიდან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა”.
5 . როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებითა და შეწირულობებით არისო დამშვენებულიო, მიუგო:
6 . "დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
7 . მათ ჰკითხეს: "მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?”
8 . მან კი უთხრა: "იფხიზლეთ, რომ არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, მე ვარ და მოახლოებულიაო ის ჟამი. ნუ გაჰყვებით მათ.
9 . ომებისა და შფოთის ამბებს რომ შეიტყობთ, ნუ შეძრწუნდებით; ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან მყისვე არ დადგება აღსასრული”.
10 . უთხრა მათ: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
11 . იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებები და დიდი ნიშნები ზეციდან;
12 . მაგრამ სანამ ეს ყოველივე მოხდება ხელს დაგადებენ ჩემი სახელის გამო და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს გადაგცემენ, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ.
13 . ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
14 . ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.
15 . რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
16 . გადაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავენ.
17 . და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო.
18 . მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
19 . მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.
20 . ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს რომ დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრების დღე.
21 . მაშინ, ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხიზნოს; ვინც იერუსალიმში - გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად იქნება, ნუღარ დაბრუნდება უკან.
22 . რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
23 . ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
24 . მახვილის პირით დაეცემიან, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში და წარმართნი გათელავენ იერუსალიმს, სანამ არ დასრულდება წარმართთა დღეები.
25 . იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, დედამიწაზე კი ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვისა და ტალღების ღრიალის გამო.
26 . ხალხს გული წაუვა შიშით და დედამიწაზე მომავალთა მოლოდინით, რადგან შეირყევიან ციური ძალები.
27 . მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.
28 . როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.
29 . უთხრა მათ იგავი: "შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
30 . როცა გაიკვირტებიან, შეხედავთ და ხვდებით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
31 . ასევე, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღმერთის სამეფო.
32 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
33 . ცა და დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან!”
34 . "გაფრთხილდით, რომ არ დაგიმძიმდეთ გულები ღრეობით, ლოთობითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე.
35 . ვინაიდან მახესავით დაეცემა თავს მთელი დედამიწის მკვიდრთ.
36 . ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”
37 . დღისით იესო ტაძარში იყო და ასწავლიდა, ღამღამობით კი ზეთისხილისად წოდებულ მთაზე ადიოდა.
38 . დილაობით დიდძალი ხალხი მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.
1 . ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა;
2 . როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
3 . რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
4 . რომელთანაც მიხვედით: ცოცხალ ქვასთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისგან კი რჩეული და ძვირფასია.
5 . თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
6 . ვინაიდან ნათქვამია წერილში: "აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
7 . ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ის ძვირფასია, ურწმუნოთათვის კი ლოდია, მშენებლებისგან დაწუნებული; ის დაიდო ქვაკუთხედად,
8 . დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.
9 . თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
10 . ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი.
11 . საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
12 . კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
13 . დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,
14 . თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
15 . რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
16 . იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
17 . ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
18 . მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.
19 . რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
20 . რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!
21 . ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
22 . რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
23 . რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
24 . რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხართ მისი ჭრილობებით,
25 . რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.
1 . შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
2 . არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.
3 . ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
4 . ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა,
5 . მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
6 . რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ;
7 . რათა მისი მადლით გამართლებულები, საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთ, რისი იმედიც გვაქვს.
8 . სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.
9 . სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
10 . განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,
11 . იცოდე, რომ ასეთმა კაცმა გზიდან გადაუხვია და სცოდავს; და თავისივე თავის მიერ არის მსჯავრდებული.
12 . არტემასს და ტვიქიკოსს რომ გამოგიგზავნი, ჩემკენ გამოეშურე ნიკოპოლისს, ვინაიდან აქ გადავწყვიტე გამოზამთრება.
13 . გულმოდგინედ დაეხმარე რჯულის მცოდნე ზენასს და აპოლოს, რომ არაფერი დააკლდეთ გზაში.
14 . ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
15 . ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენთან ყველასთან, ამინ!
1 . 1. ასორმოცდაცხრა წელს იუდას ყურამდე მივიდა ამბავი, რომ ანტიოქოს ევპატორი დიდი ლაშქრით მოდის იუდაში, 2. და რომ მასთან ერთადაა ლისიაც, მეფის მეურვე და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. თითოეული მათგანის ხელში იყო ელინთა სამხედრო ძალა - ასათიათასი ქვეითი და ხუთიათას სამასი ცხენოსანი, ოცდაორი სპილო და სამასი ეტლი, ცელებით შეიარაღებული. 3. მათ შემოუერთდა მენელაოსიც და დიდის თვალთმაქცობით აქეზებდა ანტიოქოსს იუდაელთა წინააღმდეგ - არა სამშობლოს ხსნისთვის, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების იმედით. 4. ხოლო მეუფეთა მეუფემ აღაგზნო ამ უწმიდურის წინააღმდეგ ანტიოქოსის რისხვა და ლისიამაც დაუსაბუთა მეფეს, რომ მენელაოსია ყოველივე ბოროტების მიზეზი. ანტიოქოსმაც გადაწყვიტა მენელაოსი ბერეაში წაეყვანათ და ადგილობრივი რჯულის მიხედვით დაესაჯათ. 5. ამ ადგილას არის ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი, ნაცრით სავსე; მასზე მოწყობილია იარაღი წრიულად მბრუნავი და ნაცრის მიმართ დამრეცად მოქცეული. 6. აქ მოჰყავდათ ხოლმე სიკვდილმისჯილნი - ტაძრის მძარცველები ან სხვა რამ ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი. 7. ასეთი სიკვდილით მოკვდა უწმიდური მენელაოსი, მიწაც არ ღირსებია მას სამარედ და სავსებით სამართლიანად, 8. რადგან ბევრჯერ შესცოდა მან სამსხვერპლოებს, სადაც წმიდაა ცეცხლი და ნაცარი. ამიტომაც უწია ნაცარში სიკვდილმა. 9. ხოლო მეფემ, რისხვით თავგზააბნეულმა, განიზრახა თავის მამაზე უარესი საქმეები დაეტეხა იუდაელებისთვის. 10. ეს იუდამაც გაიგო და უბრძანა თავის ხალხს დღედაღამ ლოცვები აღევლინათ უფლისათვის, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც შეწევნა მოევლინა რჯულის, სამშობლოსა და წმიდა ტაძრის დაცვის მსურველთათვის; 11. არ ჩაეგდო უღვთოთა ხელში ხალხი, რომელმაც ეს-ესაა სული მოითქვა. 12. როცა ეს ბრძანება ერთსულოვნად აღასრულეს, ლოცვები აღუვლინეს მოწყალე უფალს, სამი დღის მანძილზე განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკით იდგნენ. მერე მოუხმო ხალხს იუდამ და მზადყოფნისკენ მოუწოდა. 13. უხუცესებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ღვთის შეწევნით წარემართათ საქმე, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოიჭრებოდა. 14. სამყაროს შემოქმედის მფარველობას რომ მიენდო, მაკაბელმა მოუწოდა თავისიანებს, ღირსეულად ებრძოლათ რჯულისთვის, ტაძრისთვის, ქალაქისთვის, სამშობლოსთვის და მოქალაქეობისთგის, და მოდეინის მიდამოებში განალაგა ბანაკი. 15. მისცა პირობით ნიშნად სიტყვები - ღვთის გამარჯვება - და უმამაცესი ჭაბუკების რაზმით მეფის კარავს დაეცა ღამით, და ორიათასამდე კაცი გაწყვიტა ბანაკში. მოკლეს მეთაური სპილო და მისი მხედარი. 16. ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან მობრუნდნენ. 17. უკვე გათენებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა ღვთის შეწევნით. 18. ხოლო მეფემ, იუდაელთა სიმამაცე რომ იწვნია თავის თავზე, სცადა ხრიკებითა და მოტყუებით დაეკავებინა ადგილები. 19. მიადგა ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მაგრამ უკუაქციეს იგი, მარცხი აგემეს, დაამცირეს. 20. მეციხოვნიებს კი იუდამ აუცილებელი სახსარი შეუგზავნა. 21. აუწყა მტერს ეს საიდუმლოება როდოკოსმა იუდაელთა ბანაკიდან, მაგრამ იგი ამხილეს, შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს. 22. მეორეჯერ წამოუწყო მოლაპარაკება მეფემ ბეთ-ცურში გამაგრებულთ, ზავი შესთავაზა, მძევლები გაცვალეს, უკან გამობრუნდა, თავს დაესხა იუდას რაზმებს და დამარცხდა. 23. შეიტყო, რომ ფილიპე, რომელიც ანტიოქიაში იყო დატოვებული სახელმწიფო საქმეებისთვის, აჯანყდა; იგი დაიბნა, თხოვნით იუდაელებს მიადგა, მათ დამორჩილდა და ფიცით აღუთქვა ყველაფერი, რაც სამართლიანად ეკუთვნოდათ, შეეშვა მათ და, მსხვერპლიც კი შესწირა. პატივი მიაგო ტაძარს და მკვიდრი ხალხისადმი სიყვარულით განეწყო. 24. მან მაკაბელიც მიიღო და დატოვა განმგებლად ჰეგემონიდე პტოლემაისიდან გერენაიმდე. 25. მერე პტოლემაისში წავიდა. პტოლემაისის მკვიდრნი კი მოლაპარაკებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და დადგენილების გაუქმება სურდათ. 26. ლისია საჯაროდ გამოვიდა და თავი გაიმართლა. ხალხი დაარწმუნა, დაამშვიდა, კეთილად განაწყო და ანტიოქიისკენ გაემართა. ასე დასრულდა მეფის შეტევა და უკუდახევა. თავი მეთოთხმეტე 1. ხოლო მესამე დღეს, როცა მუხის ქვეშ ვიჯექი, 2. აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან, მითხრა: ეზრა, ეზრა! ვთქვი: აჰა, მე ვარ, უფალო-მეთქი და ფეხზე წამოვდექი. და მითხრა მან: 3. მაყვლის ბუჩქიდან გამოვეცხადე და ველაპარაკე მოსეს, როცა ჩემი ხალხი ეგვიპტეში იყო დამონებული, 4. მივავლინე იგი და გავიყვანე ჩემი ხალხი ეგვიპტიდან და სინაის მთის ძირას მივიყვანე, მოსე კი ჩემთან დავიტოვე მრავალი დღე. 5. ვაუწყე მას მრავალი საოცრება და გავუმხილე მას დრო-ჟამის საიდუმლოებანი და დასასრული, დავმოძღვრე იგი და ვუთხარი: 6. ზოგს გაცხადებულად იტყვი, ზოგს კი საიდუმლოდ შეინახავ. 7. ახლა კი გეუბნები: 8. ნიშნები, რომლებიც გაჩვენე და სიზმრები, რომლებიც იხილე და რომელთა განმარტებებიც იხილე, გულში ჩაინერგე. 9. შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე. 10. რადგან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია. 11. თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია, 12. და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი. 13. მაშ, მოიწყვე ახლა შენი სახლი, ამხილე შენი ხალხი, დაამშვიდე დამცირებულნი და უარყავი უკვე გადაგვარებულნი. 14. განდევნე შენგან წარმავალი აზრები და გადაიგდე ადამიანური ტვირთი, მოიცილე უძლური ბუნება, განზე გადადე შენთვის სამძიმო ფიქრები და იჩქარე, რომ დააღწიო თავი ამ დროებას. 15. რასაც ახლა ბოროტებას ხედავ, ამაზე უარესი მოხდება მომავალში. 16. რადგან დაუძლურდა სიბერისგან წუთისთაუელი და უფრო და უფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი. 17. უფრო და უფრო შორს წავა ჭეშმარიტება და მოახლოვდება სიცრუე. უკვე ჩქარობს მოსვლას, როგორც ხილვაში იხილე. 18. ვუპასუხე და ვთქვი: მალაპარაკე-მეთქი შენს წინაშე, უფალო. 19. აჰა, მე წავალ, როგორც მიბრძანე და ვამხილებ ამჟამინდელ ხალხს. მაგრამ კვლავ ვინც გაჩნდება, მათ ვინ გააფრთხილებს? 20. რადგან წყვდიადში იმყოფება ეს წუთისთდცლი და ნათლის გარეშე არიან მისი მკვიდრნი. 21. რადგან დაიწვა შენი რჯული და არავინ იცის, რა შეიქმნა შენგან ან რა მოხდება მომავალში. 22. მაგრამ თუ ვპოვე შენში წყალობა, მოავლინე ჩემზე სულიწმიდა და აღვწერ ყველაფერს, რაც კი შექმნილა ამ წუთისთაუელში დასაბამიდან, რაც შენს რჯულშია ჩაწერილი, რომ შესძლონ ადამიანებმა ბილიკის პოვნა და იცოცხლონ, ვისაც კი სურს სიცოცხლე უკანასკნელ დღეებში. 23. მიპასუხა და თქვა: შეკრიბე ხალხი და უთხარი მათ, რომ არ მოგიკითხონ ორმოცი დღე. 24. შენ კი გაამზადე მრავლად საწერი დაფები და თან წაიყვანე სარეა, დაბრია, სალემია, ექანუსი და ასიელი - ხუთი კაცი, ვისაც შეუძლია სწრაფად წერა, 25. და მოდი აქ. და მე დავანთებ შენს გულში გონების ლამპარს, რომელიც არ ჩაქრება, ვიდრე არ დასრულდება, რის წერასაც შეუდგები. 26. რომ დაასრულებ, ზოგი რამ გააცხადე, ზოგიც საიდუმლოდ გადაეცი ბრძენებს. ხვალ ამ დროს შეუდექი წერას. 27. მეც წავედი, როგორც დამარიგა, შევკრიბე მთელი ხალხი და ვთქვი: 28. ისმინე, ისრაელო, ეს სიტყვები: 29. დასაბამიდან ეგვიპტეში მდგმურობდნენ ჩვენი მამა-პაპანი და მერე გათავისუულდნენ იქიდან, 30. მიიღეს სიცოცხლის რჯული, რომელიც არ დაიცვეს, და რომელსაც თქვენც არღვევთ მათ შემდეგ. 31. წილად გერგოთ თქვენ მიწა, მიწა სიონისა, ხოლო თქვენი მამა-პაპა და თქვენც უკეთურად იქცევით და არ იცავთ გზას, რომელიც გიბრძანათ უზენაესმა. 32. და რაკი სამართლიანი მსაჯულია იგი, თავის დროზე წაგართვათ, რაც მოგცათ. 33. ახლა აქა ხართ თქვენ და თქვენი ძმებიც თქვენს შორის არიან. 34. თუ უბრძანებთ თქვენს გონებას და გაწვრთნით თქვენს გულს, ცოცხლები გადარჩებით და სიკვდილის შემდეგ შეწყალებულნი იქნებით. 35. რადგან მსჯავრი სიკვდილის შემდეგ მოვა, როცა კვლავ გავცოცხლდებით; მაშინ გაცხადდება მართალთა სახელები და გამჟღავნდება უწმინდურთა საქმენი. 36. ახლა ნურავინ მოვა ჩემთან და ნურც მომიკითხავთ ორმოცი დღე. 37. წავიყვანე ხუთი კაცი, როგორც მიბრძანა, წავედით ველზე და იქ დავრჩით. 38. მეორე დღეს, აჰა, მომიწოდა ხმამ: ეზრა, გააღე პირი და დალიე, რასაც შეგასმევ. 39. მეც გავაღე პირი და აჰა, მოწვდილია ჩემთვის სავსე თასი, თითქოს წყლით იყო სავსე, ფერით კი ცეცხლისფერი იყო. 40. მივიღე და შევსვი, და როცა ვსვამდი, გული მევსებოდა აზრით და სიბრძნე მატულობდა მკერდში; გონებაც ინარჩუნებდა მეხსიერებას. 41. პირი გაღებული მქონდა და მეტად აღარ დამიმუწავს. 42. უზენაესმა გაგების უნარი მისცა ხუთ კაცს და მათაც ჩაიწერეს ყოველივე, რაც ითქვა ღამეების განმავლობაში და რაც არ იცოდნენ. 43. ისინი ღამით ჭამდნენ პურს, მე კი დღისით ვლაპარაკობდი და არც ღამით დავდუმებულვარ. 44. ორმოც დღეში ორას ოთხი წიგნი იქნა ჩაწერილი. 45. რომ შესრულდა ორმოცი დღე, თქვა უზენაესმა: პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ, წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც. 46. უკანასკნელი სამოცდაათი კი შეინახე, რათა გადასცე ისინი შენი ხალხის ბრძენებს. 47. ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე. ასეც მოვიქეცი.