1 . უთხრა უფალმა მოსეს სინაის მთაზე:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს.
3 . ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი და აიღე მისი მოსავალი.
4 . მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს.
5 . თავისით აღმოცენებული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ნუ ააგროვებ ყურძენს; შაბათის წელიწადი იყოს მიწისთვის.
6 . იყოს თქვენთვის საჭმელად შაბათის მიწის მოსავალი, შენთვის და შენი მონისთვის, შენი მხევლისთვის და შენი დაქირავებული მუშისთვის და შენი ხიზნისთვის, რომელიც შენთან ცხოვრობს;
7 . მთელი მისი მოსავალი იყოს საჭმელად შენი საქონლისა და ცხოველისთვის, რომელიც შენს ქვეყანაშია.
8 . გადაითვალე შაბათის შვიდი წელი, შვიდჯერ შვიდი წელი და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი საშაბათო წლებისა ორმოცდაცხრა წელი.
9 . დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში და აუწყე თვის მეათე დღეს; აუწყეთ ბუკით გამოსყიდვის დღე მთელ თქვენს მიწაზე.
10 . წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება მთელს ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრებისთვის; საზეიმო იყოს იგი თქვენთვის; დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, თითოეული თავის ოჯახს დაუბრუნდით.
11 . საზეიმო იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც თავისით აღმოცენებული არ მოაგროვოთ, არც ყურძენი დაკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.
12 . რადგან ზეიმია ეს; წმიდა იყოს ის თქვენთვის: ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს.
13 . თითოეული თავის სამკვიდროს დაუბრუნდით ამ საზეიმო წელს.
14 . თუ მიჰყიდი რამეს მოყვასს ან რაიმეს იყიდი შენი მოყვასისგან, არ მოატყუოთ ერთმანეთი.
15 . ზეიმის შემდეგ, წლების რაოდენობის მიხედვით იყიდე მოყვასისგან და სამკალის წლების რაოდენობით მოგყიდოს შენ.
16 . რაც უფრო მეტი იქნება წლები, მით უფრო გაზრდი მის ფასს და რაც უფრო ნაკლები იქნება წლები, მით უფრო შეამცირებ მის ფასს, რადგან მოსავლიანობის ანგარიშით მოგყიდის.
17 . თუ მოატყუებთ ერთმანეთს, გეშინოდეთ თქვენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18 . აღასრულეთ ჩემი წესები, დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ისინი და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად.
19 . მოგცემს მიწა თავის ნაყოფს, შეჭამთ ძღომამდე და იცხოვრებთ მშვიდად.
20 . თუ იკითხავთ - რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, როდესაც არც დავთესავთ და არც მოსავალს ავიღებთო?
21 . ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და იგი მოიყვანს სამი წლის მოსავალს.
22 . დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველი მოსავლიდან შეჭამთ: ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ძველი ჭამეთ.
23 . მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.
24 . თქვენი სამფლობელოს მთელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
25 . თუ გაღარიბდა შენი ძმა და გაყიდა თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული.
26 . თუ გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ გაუჩნდა შესაძლებლობა და იშოვა გამოსასყიდი, რამდენიც საჭიროა მისი გამოსყიდვისთვის,
27 . მაშინ გამოითვალოს გაყიდულის წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა და დაუბრუნდეს თავის სამფლობელოს.
28 . თუ რამდენიც საჭიროა, იმდენ გამოსასყიდს ვერ იშოვის, მაშინ მის მიერ გაყიდული საზეიმო წლამდე დარჩება მყიდველს, ხოლო საზეიმო წელს ჩამოერთმევა და დაუბრუნდება პატრონი თავის სამფლობელოს.
29 . თუ ვინმე გალავნიან ქალაქში გაყიდის საცხოვრებელ სახლს, მაშინ მისი გამოსყიდვა გაყიდვიდან ერთი წლის განმავლობაშია ნებადართული: წლის განმავლობაში შეიძლება მისი გამოსყიდვა.
30 . თუ წლის დასასრულამდე არ იქნა გამოსყიდული, მაშინ სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, მუდმივად დარჩება მის მყიდველს მისი შთამომავლობისთვის, არ ჩამოერთმევა მას საზეიმო წელს.
31 . მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთის თანაბრად იქნენ მიჩნეულნი: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და ჩამოერთმევა საზეიმო წელს.
32 . რაც შეეხება ლევიანთა ქალაქებს, მათი სამფლობელო ქალაქების სახლებს, ლევიანებს ყოველთვის შეუძლიათ მათი გამოსყიდვა.
33 . თუ ვინმე ლევიანისგან მოინდომებს სახლის ყიდვას, მაშინ გაყიდული სახლი, რომელიც ქალაქშია, საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია, ისრაელის ძეთა შორის.
34 . მათი ქალაქების გარშემო არ გაიყიდება საძოვარი მინდვრები, რადგან ეს მათი საუკუნო სამფლობელოა.
35 . თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან.
36 . არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი, გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცხოვროს შენმა ძმამ შენთან.
37 . არ მისცე მას ფული ვახშით და სარგებლისთვის ნუ გასცემ საჭმელს.
38 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ ქანაანის ქვეყანა და ვიყო თქვენი ღმერთი.
39 . თუ გაღარიბდა შენი ძმა და მოგეყიდება, არ დაიმონო ის მონური შრომით.
40 . ქირისკაცივით, მწირივით უნდა იყოს შენთან; საზეიმო წლამდე იმუშაოს შენთან;
41 . მერე კი გავიდეს შენგან და მისი ბავშვები მასთან ერთად, თავის ოჯახს და თავისი მამების სამფლობელოს დაუბრუნდეს.
42 . რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
43 . არ გაბატონდე მასზე ძალმომრეობით, გეშინოდეს შენი ღმერთის.
44 . მონა და მხევალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებისგან იყიდეთ, რომლებიც თქვენს გარშემო ცხოვრობენ.
45 . იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი.
46 . და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისთვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ: სამუდამოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებზე, ისრაელის ძეებზე, არ მბრძანებლობდეთ ძალმომრეობით.
47 . თუ მწირი ან ხიზანი შეძლებული გახდა, შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა მწირს, შენს ხიზანს ან მწირის ოჯახის შთამომავალს,
48 . მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა; ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას;
49 . ან ბიძა ან ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან რომელიმე მისი ნათესავი გამოისყიდის; ან თუ შეძლება ჰპოვა, თავის ხელით გამოისყიდება.
50 . უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა მას, საზეიმო წლამდე; წლების რიცხვზე განაწილდეს მისი ნასყიდობის ვერცხლი; როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან.
51 . თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ფული.
52 . თუ ცოტა წელია დარჩენილი საზეიმო წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს.
53 . როგორც დაქირავებული, ისე იქნება მასთან წლიდან წლამდე და არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
54 . და თუ არ იქნა გამოსყიდული ამ გზით, მაშინ საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად;
55 . რადგან ჩემი მსახურები არიან ისრაელის ძენი; ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.