ლევიანნი თავი 22

1 . უთხრა უფალმა მოსეს:

2 . "უთხარი აჰარონსა და მის ძეებს, გაუფრთხილდნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს და არ შებღალონ ჩემი წმიდა სახელი იმით, რასაც მიძღვნიან. მე ვარ უფალი.

3 . უთხარი მათ: თუ მთელი თქვენი შთამომავლობიდან, თაობიდან თაობამდე, ვინმე გაუწმიდურებული მიეახლება უფლისადმი ისრაელიანთა მიძღვნილ სიწმიდეებს, მოიკვეთება იგი ჩემგან. მე ვარ უფალი.

4 . არცერთი კაცი აჰარონის შთამომავალთაგან, რომელიც კეთროვანია ან გამონადენი აქვს, არ ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. თუ შეეხება რაიმე უწმიდურს: მიცვალებულს, თესლდენის მქონეს,

5 . თუ რომელიმე ქვემძრომს შეეხება და გაუწმიდურდება ან რაიმეთი გაუწმიდურებულ კაცს, რა უწმიდურებაც არ უნდა იყოს,

6 . უწმიდური იქნება საღამომდე და არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ წყლით არ განიბანს სხეულს.

7 . ჩავა მზე და ისიც განიწმიდება, მაშინ შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია.

8 . ლეში ან ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რათა არ გაუწმიდურდეს; მე ვარ უფალი.

9 . დაიცვან ჩემი დადგენილებანი, თორემ ცოდვას იტვირთავენ და დაიხოცებიან, მათი შებღალვის გამო. მე ვარ უფალი, მათი გამწმედი.

10 . უცხომ არ უნდა ჭამოს წმიდა; არც მღვდლის ხიზანმა ან მოჯამაგირემ ჭამოს წმიდასგან.

11 . მღვდლის მიერ თავისი ფულით ნაყიდ მონას და მის სახლში დაბადებულს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.

12 . თუ მღვდლის ასული უცხოს მისთხოვდა, არ ჭამოს წმიდა შენაწირთაგან.

13 . თუ მღვდლის ასული დაქვრივდა ან ქმარს გაცილდა, შვილი არ ჰყავს და მამის სახლში დაბრუნდა, ჭამოს მამის პური, როგორც თავისი სიყმაწვილის დროს. მაგრამ უცხომ არ უნდა ჭამოს.

14 . ვინმე თუ შეცდომით შეჭამს წმიდას, ზედ მისი მეხუთედი წილი დაურთოს და მისცეს მღვდელს წმიდასთან ერთად.

15 . ნუ შებღალავენ ისრაელიანები სიწმიდეებს, რომლებსაც უფალს სწირავენ.

16 . თორემ დადანაშაულდებიან და სასჯელს დაატეხენ ისრაელს, სიწმიდეთა ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი”.

17 . უთხრა უფალმა მოსეს:

18 . "ელაპარაკე აჰარონს, მის ძეებს, ყოველ ისრაელიანს და უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ხიზანთაგან მსხვერპლს მოიტანს თავისი რომელიმე აღთქმისთვის ან სამშვიდობო ძღვნად, რომელსაც სრულადდასაწველად შესწირავენ უფალს;

19 . იმისათვის, რომ კეთილგანწყობა მოიპოვოთ, იყოს ის უნაკლო მამალი - ცხვარი, თხა ან საქონელი.

20 . ნაკლიანი არაფერი შესწიროთ, რადგან არ იქნება მიღებული.

21 . თუ ვინმე სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს უფალს აღთქმის შესასრულებლად ან ძღვნად, მსხვილფეხა იქნება ეს თუ წვრილფეხა საქონელი: უნაკლო უნდა იყოს, რათა მიღებულ იქნას; არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს.

22 . ბრმა, დასახიჩრებული, დასერილი, დაკოჟრილი ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს და არც სრულადდასაწველად მისცეთ იგი უფლისთვის სამსხვერპლოზე.

23 . ზედმეტად გაზრდილი ან მოკლე კიდურებიანი ხარი და კრავი შეგიძლიათ შესწიროთ ძღვნად, მაგრამ აღთქმისთვის მიღებული არ იქნება.

24 . კვერცხებგაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი არ შესწიროთ უფალს და თქვენს ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი არ გაიღოთ.

25 . უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლიანი და გაფუჭებულია; არ იქნება მიღებული”.

26 . უთხრა უფალმა მოსეს:

27 . "როცა მოზვერი, კრავი ან თიკანი გაჩნდება, შვიდი დღე დედასთან იყოს, მერვე დღიდან კი გამოსადეგია უფლისთვის სრულადდასაწველად.

28 . ძროხა ან ცხვარი არ დაკლათ ერთ დღეს თავის ნაშობთან ერთად.

29 . როცა სამადლობელ მსხვერპლს შესწირავთ უფალს, ისე გააკეთეთ, რომ მიიღოს თქვენი მსხვერპლი.

30 . იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი.

31 . დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.

32 . ნუ შებღალავთ ჩემს წმიდა სახელს, რათა წმიდა ვიყო ისრაელის ძეთა შორის, მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი,

33 . რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი”.