1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "ელაპარაკეთ ისრაელის შვილებს და უთხარით: თუ ვინმეს გამონადენი ექნება სხეულიდან, უწმიდურია იგი გამონადენის გამო.
3 . აი, რა არის მისი უწმიდურება: როდესაც გამონადენი სდის სხეულიდან და როდესაც უჩერდება გამონადენი სხეულში, ეს მისი უწმიდურებაა.
4 . ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება - უწმიდურია.
5 . ვინც მის საწოლს შეეხება, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
6 . ვინც იქ დაჯდება, სადაც ლორწომდინარი იჯდა, გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
7 . ლორწომდინარის სხეულის შემხებმა სამოსელი უნდა გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
8 . თუ ლორწომდინარი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, გაირეცხოს მან სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
9 . ყოველი დასაჯდომი, რომლითაც ლორწომდინარი მგზავრობდა, უწმიდურია.
10 . ყოველი შემხები იმისი, რაც მის ქვეშ იყო, უწმიდური იქნება საღამომდე.
11 . ყველას, ვისაც კი ლორწომდინარი შეეხება და ხელი წყალში არ ექნება დაბანილი, უნდა გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
12 . თიხის ჭურჭელი, რომელსაც ლორწომდინარი შეეხება, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველ ხის ჭურჭელში წყალი უნდა იქნას გამოვლებული.
13 . როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
14 . აიყვანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან და მისცეს ისინი მღვდელს.
15 . და შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად და გამოისყიდოს იგი უფლის წინაშე მისი გამონადენისთვის.
16 . მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე.
17 . ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
18 . როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა - ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.
19 . თუ ქალს სისხლდენა აქვს სხეულიდან, შვიდი დღე იქნება განმარტოებული. ყველა, ვინც შეეხება - საღამომდე უწმიდური იქნება.
20 . ყველაფერი, რაზეც განმარტოების დროს დაწვება იგი, გაუწმიდურდება და ყოველივე, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურდება.
21 . ყველამ, ვინც შეეხება მის საწოლს, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
22 . ყველამ, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც ის იჯდა, სამოსელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და იქნება უწმიდური საღამომდე.
23 . თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რომელზეც ის იჯდა, და შეეხო მას მამაკაცი, მაშინ საღამომდე უწმიდური იქნება.
24 . თუ დაწვება მასთან მამაკაცი და მოეცხება ქალის თვიური ნადენი, მაშინ უწმიდური იქნება ის მამაკაცი შვიდ დღეს და ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება იგი, უწმიდური იქნება.
25 . თუ ქალი არ არის წიდოვანი და მრავალი დღის განმავლობაში აქვს სისხლდენა, ან წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს აქვს დენა, მაშინ სისხლდენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდურია იგი.
26 . ყოველი საწოლი, რომელზეც სისხლდენის დროს დაწვება, უწმიდურების საწოლად ჩაითვლება მისთვის; და რაზეც დაჯდება უწმიდური იქნება, როგორც წიდოვანების დროს.
27 . ყველა, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება; გაირეცხოს სამოსელი, წყლით დაიბანოს და უწმიდური იქნება საღამომდე.
28 . როცა განიწმინდება სისხლდენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე და შემდეგ იქნება სუფთა.
29 . და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
30 . შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად; და გამოისყიდის მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმინდურების გამო.
31 . ასე მოაცილე უწმიდურება ისრაელის შვილებს, რათა არ დაიხოცნონ თავისი უწმიდურებით, შებღალავენ რა ჩემს სავანეს, რომელიც მათ შორისაა.
32 . ესაა რჯული ლორწომდინარის და იმისა, ვისაც თესლდენა დაემართება, რაც გააუწმიდურებს მას;
33 . წიდოვანისა და ლორწომდინარისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება”.