1 . უთხრა უფალმა მოსეს: "განუცხადე მღვდლებს, აჰარონის ძეებს, და უთხარი: არცერთი მათგანი არ შეიბილწოს მიცვალებულის შეხებით თავის ხალხში.
2 . მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების გამო: დედის და მამის, ძისა და ასულის, თავისი ძმის,
3 . და თავისი დის, ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი - მათთვის შეუძლია გაუწმიდურება.
4 . ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს.
5 . არ მოიტიტვლონ თავი და წვერის კიდეები არ მოიპარსონ, სხეულზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
6 . წმიდები იყვნენ ისინი თავისი ღმერთისთვის და არ შებღალონ თავისი ღმერთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირს, თავისი ღმერთის პურს სწირავენ ისინი და ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები.
7 . მეძავი და წაბილწული არ ითხოვონ ცოლად, ასევე განქორწინებული თავისი ქმრისაგან, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისთვის.
8 . შენ აკურთხე იგი, რადგან შენს ღმერთს სწირავს პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი განმწმედელი.
9 . თუ რომელიმე მღვდლის ასული მრუშობით შეიბღალავს თავს, ამით მამამისსაც შებღალავს, ცეცხლში დაიწვას იგი.
10 . მთავარი მღვდელი თავის ძმათაგან, რომელსაც ზეთი სცხეს თავზე და აკურთხეს, რომ შეიმოსოს შესამოსელით - თავს ნუ მოიშიშვლებს და სამოსელს ნუ შემოიხევს.
11 . არცერთ გვამს არ უნდა მიეკაროს; არც მამას და არც დედას, რომ არ წაიბილწოს.
12 . საწმიდარიდან არ გავიდეს, რათა თავისი ღმერთის საწმიდარი არ წაბილწოს, რადგან მისი ღმერთის ზეთითაა ნაკურთხი. მე ვარ უფალი.
13 . ცოლად ქალწული შეირთოს.
14 . ქვრივი, ქმარგაყრილი ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს; მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან.
15 . არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი მისი გამწმედი”.
16 . უთხრა უფალმა მოსეს:
17 . "ასე უთხარი აჰარონს: კაცი, რომელსაც სხეულის ნაკლი ექნება შენს შთამომავალთაგან თავის თაობებში, არ მივიდეს პურის შესაწირად თავისი ღმერთის წინაშე.
18 . და არცერთი, ვისაც ნაკლი აქვს, არ მივიდეს: კაცი ბრმა ან კოჭლი, ან ცხვირჩაჭყლეტილი ან მახინჯი,
19 . ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ხელი აქვს მოტეხილი,
20 . ან კუზიანი, ან ქონდრისკაცი, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე გადაკრული, ან ქეცი სჭირს, ან კვერცხები აქვს დაჭყლეტილი.
21 . ყოველი კაცი, რომელსაც ნაკლი აქვს აჰარონის, მღვდლის შთამომავალთაგან, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო შესაწირთა შესაწირად; ნაკლიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
22 . თავისი ღმერთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს,
23 . მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ნაკლი აქვს; და არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი”.
24 . და ელაპარაკა მოსე აჰარონსა და მის ძეებს და ისრაელის ყოველ შვილს.