1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, მოგართვან ზეთისხილის დაწურული, სუფთა ზეთი, გასანათებლად, რათა მუდმივად ენთოს ლამპარი.
3 . საკრებულო კარავში, მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ დადგას იგი აჰარონმა, უფლის წინაშე მუდმივ განათებად საღამოდან დილამდე; სამარადისო წესად იქონიეთ ეს თაობიდან თაობამდე.
4 . მუდმივად სუფთა სასანთლეზე განალაგოს ლამპრები უფლის წინაშე.
5 . აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი; ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი.
6 . ორ წყებად დააწყვე ისინი უფლის წინაშე, ექვს-ექვსი, სუფთა ოქროს მაგიდაზე.
7 . სუფთა საკმეველი დადე თითოეულ წყებაში და იქნება პური მოსახსენებლად, უფლისთვის შესაწირად.
8 . ყოველ შაბათს, მუდმივად დაალაგონ ისინი უფლის წინაშე, ისრაელის ძეთაგან მარადიულ აღთქმად.
9 . შეჭამენ მას აჰარონი და მისი ძენი წმიდა ადგილზე, ვინაიდან წმიდათა წმიდაა ეს, უფლის სრულადდასაწველ შესაწირთაგან. მარადიული წესია ეს”.
10 . და გამოვიდა ძე ისრაელი ქალისა, მამით ეგვიპტელი, ისრაელის ძეთა შორის და წაეკიდნენ ერთმანეთს ბანაკში ისრაელიანი ქალის შვილი და ისრაელის ძენი.
11 . ჰგმო ისრაელიანი ქალის ძემ, დაწყევლა უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან; დედამისს შელომითი ერქვა, დიბრის ასული იყო იგი, დანის ტომიდან.
12 . და ჩასვეს ძე საპყრობილეში, სანამ უფლის ბრძანებით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
13 . უთხრა უფალმა მოსეს:
14 . ავის მთქმელი ბანაკის გარეთ გაიყვანე და ყველამ, ვინც ისმინა, თავზე დაადოს ხელი და ჩაქოლოს იგი მთელმა კრებულმა.
15 . ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც დაწყევლის თავის ღმერთს, ცოდვას იტვირთავს.
16 . უსათუოდ მოკვდეს უფლის სახელის ყოველი მგმობელი, ჩაქოლოს ის მთელმა კრებულმა, ხიზანი იქნება თუ მკვიდრი, უნდა მოკვდეს უფლის სახელის გმობისთვის!
17 . კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.
18 . ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს: პირუტყვი - პირუტყვის წილ.
19 . თუ ვინმე მოყვასს დაასახიჩრებს, ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ მოიქცა.
20 . მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ: როგორც ის დაასახიჩრებს ადამიანს, ისევე მოექეცით მას.
21 . ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს იგი, კაცის მკვლელი კი უნდა მოკვდეს.
22 . ერთნაირი სამართალი გქონდეთ, როგორც ხიზნის, ისე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
23 . ეს უთხრა მოსემ ისრაელიანებს; გაიყვანეს მაწყევარი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს. ყველაფერი აღასრულეს ისრაელის ძეთ, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.