1 . აიღეს ნადაბმა და აბიჰუმ, აჰარონის ძეებმა, თავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, რაც არ იყო ნაბრძანები.
2 . გამოვიდა ცეცხლი უფლისგან, შთანთქა ისინი და დაიხოცნენ უფლის წინაშე.
3 . უთხრა მოსემ აჰარონს: "ესაა, რასაც ამბობდა უფალი: წმინდად უნდა მომეპყრას ვინც მომიახლოვდება და განვდიდდები მთელი ხალხის წინაშე”. და დადუმდა აჰარონი.
4 . მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აჰარონის ბიძის, ყუზიელის ძეებს და უთხრა მათ: "მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი ძმები”.
5 . მივიდნენ და გაიტანეს ისინი თავიანთი კვართებით ბანაკის გარეთ, როგორც თქვა მოსემ.
6 . უთხრა მოსემ აჰარონს და მის ძეებს - ელეაზარსა და ითამარს: "ნუ გაიშიშვლებთ თავებს და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს უფალი მთელ თემზე. თქვენმა ძმებმა და ისრაელის მთელმა სახლმა კი იგლოვოს მათი დაწვა ცეცხლში, რომელიც უფლისგან აღენთო.
7 . ნუ გამოსცდებით საკრებულო კარვის შესასვლელს, რათა არ დაიხოცოთ, რადგან უფლის ზეთით ხართ ცხებულნი”. და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ.
8 . უთხრა უფალმა აჰარონს:
9 . "ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;
10 . რათა განასხვაო წმიდა და უწმიდური, ბინძური და სუფთა;
11 . და შეგეძლოს ისრაელის შვილებისთვის ყველა იმ წესის სწავლება, რომელიც მოსეს მეშვეობით აქვს უფალს ნათქვამი”.
12 . და უთხრა მოსემ აჰარონსა და მის გადარჩენილ შვილებს - ელეაზარსა და ითამარს: "აიღეთ პურეულის შესაწირი, რაც უფლის სრულადდასაწველი შესაწირიდან დარჩა და ჭამეთ საფუარის გარეშე სამსხვერპლოსთან, რადგან წმიდათა წმიდაა იგი.
13 . წმიდა ადგილზე ჭამეთ უფლის საცეცხლო შესაწირთაგან, რადგან შენი და შენი ძეების წილია ეს, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
14 . სუფთა ადგილზე ჭამეთ შესარხეველი მკერდი და აღსამართი ბეჭი, შენ და შენთან ერთად შენმა შვილებმა, რადგან შენი და შენი შვილების წილია ეს, ისრაელიანთა სამშვიდობო შესაწირების მსხვერპლთაგან.
15 . აღსამართი ბეჭი და შესარხეველი მკერდი ქონის საცეცხლო შესაწირთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ ის უფლის წინაშე, შესარხეველ შესაწირად; და იქნება ეს შენთვის და შენი ძეებისთვის სამარადისო წესად, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს.
16 . გულმოდგინედ ეძებდა ცოდვისთვის შესაწირ ვაცს მოსე და აჰა, დამწვარი იყო იგი; და განრისხდა ელეაზარსა და ითამარზე, აჰარონის დარჩენილ ძეებზე:
17 . "რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ხომ წმიდათა წმიდაა ის და იმისთვის მოგეცათ, რომ იტვირთოთ თემის უმართლობა, რათა გამოისყიდოთ ისინი უფლის წინაშე?
18 . აჰა, არ ყოფილა მისი სისხლი საწმიდარში შეტანილი. სწორედ იქ, წმიდა ადგილზე, უნდა გეჭამათ ის, როგორც მე ვბრძანე”.
19 . უთხრა აჰარონმა მოსეს: "აჰა, დღეს შესწირეს მათ თავისი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე; და ასე შემემთხვა მე; დღეს რომ მეჭამა ცოდვის მსხვერპლი, განა სათნო იქნებოდა ეს უფლის თვალში?”
20 . მოისმინა მოსემ და მოიწონა.