1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და ზღვის პირას დაჯდა.
2 . და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავზე ავიდა და ჩაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
3 . მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: "აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4 . თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
5 . ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს.
6 . ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი.
8 . სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
9 . ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!”
10 . მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: "რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?”
11 . პასუხად კი უთხრა მათ: "იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ.
12 . ამიტომ, ვისაც აქვს, მას მიეცემა და უხვად ექნება, ხოლო, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
13 . იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
14 . მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
15 . ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
16 . ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები - რომ ისმენენ.
17 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
18 . თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე.
19 . ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.
20 . ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას;
21 . მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
22 . ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
23 . ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.
24 . სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
25 . როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა.
26 . ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
27 . მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია?
28 . მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ.
29 . მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.
30 . გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
31 . სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
32 . იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.
33 . სხვა იგავიც უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.
34 . ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
35 . რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”.
36 . მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”.
37 . მან პასუხად მიუგო: "კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.
38 . ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.
39 . მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.
40 . ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.
41 . წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს,
42 . და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
43 . მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
44 . ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
45 . კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
46 . როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
47 . კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ.
48 . როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან.
49 . ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან.
50 . ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
51 . "თუ გაიგეთ ყოველივე ეს?” კიო, მიუგეს მას.
52 . იესომ კი უთხრა მათ: "ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სამეფოს მოწაფე გახდა, წააგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი”.
53 . იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გასცილდა.
54 . მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: "საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა?
55 . განა ეს ხუროს ძე არ არის? განა მარიამი არ ჰქვია დედამისს, მის ძმებს კი იაკობი და იოსები, სიმონი და იუდა?
56 . განა ჩვენ შორის არ არიან მისი დანი? საიდან აქვს ყოველივე ეს?”
57 . და შებრკოლდნენ ამის გამო. იესომ კი უთხრა მათ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა”.
58 . არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
1 . პასექამდე ექვსი დღით ადრე, ბეთანიაში მივიდა იესო, სადაც იყო ლაზარე, მკვდრეთით რომ აღადგინა.
2 . ვახშამი მოუმზადეს. მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
3 . მარიამმა ერთი ლიტრი სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი აიღო, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა; ნელსაცხებლის სურნელით აივსო სახლი.
4 . იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
5 . "რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?”
6 . ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.
7 . იესომ უთხრა: "დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის შემოინახა ეს.
8 . რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთან გეყოლებათ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით”.
9 . იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო და მივიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მკვდრეთით აღადგინა მან.
10 . მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს,
11 . რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩამოშორდა მათ და ერწმუნა იესოს.
12 . მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო.
13 . აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”
14 . იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15 . "ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.
16 . მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.
17 . და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
18 . ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
19 . ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.
20 . დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
21 . მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.
22 . ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს.
23 . იესომ მიუგო და უთხრა მათ: "დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25 . ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
26 . ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.
27 . ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28 . მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.
29 . იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.
30 . მიუგო იესომ და უთხრა: "ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31 . ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი.
32 . და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”.
33 . ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
34 . უთხრა ხალხმა: "რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”
35 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
36 . სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.
37 . ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი,
38 . რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?”
39 . ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ:
40 . "თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
41 . ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
42 . ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ.
43 . რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
44 . იესომ შესძახა და თქვა: "ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
45 . და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
46 . მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.
47 . თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი.
48 . ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
49 . რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50 . და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.
1 . პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.
2 . მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
3 . კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
4 . უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
5 . ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
6 . ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
7 . რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
8 . ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით,
9 . რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს - სულის ხსნას,
10 . ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ.
11 . იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
12 . რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
13 . ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
14 . როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
15 . არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
16 . ვინაიდან დაწერილია: "იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”.
17 . თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.
18 . რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,
19 . არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
20 . რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
21 . ვინც მის მიერ იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
22 . და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
23 . რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ.
24 . რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
25 . უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
1 . ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
2 . რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.
3 . ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამ
4 . რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.
5 . მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
6 . მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.
7 . და ყველა, ვინც აბრაჰამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა: "ისაკში იწოდება შენი თესლი”.
8 . ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.
9 . რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე”.
10 . და არა მარტო ეს, არამედ ასე დაემართა რებეკასაც, როცა მას ჩაესახა ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან;
11 . ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
12 . საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”.
13 . როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.
14 . თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15 . რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
16 . ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17 . ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.
18 . ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
19 . შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?
20 . ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
21 . ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22 . მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23 . რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
24 . ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25 . როგორც ოსიაში ამბობს, არა ჩემს ხალხს ვუწოდებ ჩემს ხალხს და არა საყვარელს - საყვარელს.
26 . და იქნება, რომ სადაც ეთქვათ, არა ხართო ჩემი ხალხი, იქვე იწოდებიან ცოცხალი ღვთის ძეებად.
27 . ესაია კი ღაღადებს ისრაელზე: "ზღვის ქვიშასავით რომ იყოს ისრაელის ძეთა რიცხვი, ნაწილი გადარჩება”.
28 . რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე.
29 . და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: "ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და დავემსგავსებოდით გომორელებს”.
30 . მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან;
31 . ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში.
32 . რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,
33 . როგორც წერია: "აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.
1 . განა თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში?
2 . თუ სხვებისთვის არა, თქვენთვის ხომ მაინც ვარ მოციქული, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენ ხართ უფალში.
3 . აი, რა პასუხს გავცემ ჩემს განმკითხველებს:
4 . განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
5 . განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
6 . თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უმუშევრობის უფლება?
7 . რომელ ჯარისკაცს უომია ოდესმე საკუთარი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს სამწყსოს და სამწყსოდან რძეს არ სვამს?
8 . განა ადამიანურად ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?
9 . რადგან დაწერილია მოსეს რჯულში: პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს. განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10 . თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.
11 . თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?
12 . თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
13 . ნუთუ არ იცით, რომ ტაძრისგან ჭამენ მღვდელმსახურნი? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
14 . ასევე დაუწესა უფალმა სახარების მქადაგებლებს სახარებით ცხოვრება.
15 . თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!
16 . ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
17 . რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ - სახლმართველობა მაქვს მონდობილი.
18 . მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.
19 . ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა ღვთისთვის.
20 . იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
21 . ურჯულოთათვის - როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ - ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა.
22 . უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები.
23 . და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისთვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
24 . განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.
25 . ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.
26 . ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე;
27 . არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.
1 . გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
2 . რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
3 . რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
4 . დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
5 . გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
6 . მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
7 . შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
8 . ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
9 . ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10 . მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11 . და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12 . ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
13 . თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
14 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
15 . ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
16 . რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
17 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18 . მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
19 . და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 . მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
21 . რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
22 . რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
23 . თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24 . მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25 . ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
26 . ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27 . იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28 . და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29 . თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
30 . და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31 . ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
32 . თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33 . ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
34 . ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35 . მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
36 . უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 . და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
38 . ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
39 . ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
40 . არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
41 . სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
42 . ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
43 . ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
44 . ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45 . ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
46 . მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
47 . პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
48 . და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
49 . და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
50 . ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51 . აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
52 . ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53 . ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54 . ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55 . სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56 . სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58 . ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.
1 . ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!
2 . მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3 . ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?
4 . ამაოდ იტანჯეთ ამდენი? თუ ასეა - ამაოდ!
5 . ვინც სულ მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?
6 . როგორც აბრაჰამმა ირწმუნა ღმერთი, და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.
7 . ამიტომ, იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაჰამის შვილები არიან.
8 . წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: "და იკურთხება შენში ყველა ერი”.
9 . ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.
10 . ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: "წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”.
11 . ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით.
12 . ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
13 . ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”.
14 . იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.
15 . ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ გააუქმებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.
16 . ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: "შენს თესლთ” - როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: "შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.
17 . ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული.
18 . ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაჰამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.
19 . აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით.
20 . ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21 . აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
22 . მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.
23 . რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.
24 . ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.
25 . მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით.
26 . რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
27 . ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც.
28 . და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29 . და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაჰამის თესლი ხართ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით.
1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.
2 . ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.
3 . ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე.
4 . რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.
5 . და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.
6 . ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე.
7 . და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.
8 . ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
9 . დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
10 . და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.
11 . ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
12 . ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.
13 . იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი: სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები.
14 . ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.
15 . შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო.
16 . მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი.
17 . ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.
18 . გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19 . მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
20 . აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით.
21 . და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22 . და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო - მოისპო.
23 . აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
24 . ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
1 . ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: "აბრაჰამ!” და უპასუხა: "აქა ვარ!”
2 . მან უთხრა: "წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
3 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.
4 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5 . უთხრა აბრაჰამმა მსახურებს: "თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით”.
6 . აიღო აბრაჰამმა სამსხვერპლო შეშა და თავის ძეს, ისაკს აჰკიდა ზურგზე, თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ ერთად.
7 . უთხრა ისაკმა აბრაჰამს: "მამა!” და მიუგო აბრაჰამმა: "აქა ვარ, შვილო!” ჰკითხა მას ისაკმა: "ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულადდასაწველი კრავი სად არის?”
8 . უთხრა აბრაჰამმა: "ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.
9 . მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.
10 . გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
11 . მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: "აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
12 . უთხრა: "ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”
13 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაჰამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულადდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად.
14 . და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად "იაჰვე ირე” - უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის - "მთაზე უფალი გამოჩნდა”.
15 . და მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაჰამს ციდან.
16 . უთხრა: "გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,
17 . ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
18 . და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.
19 . დაბრუნდა აბრაჰამი თავის მსახურებთან; ადგნენ და წავიდნენ ბეერ-შებაყისკენ. და დამკვიდრდა აბრაჰამი ბეერ-შებაყში.
20 . ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაჰამს: "მილქამაც შვა ძენი ნახორისათვის, შენი ძმისათვის:
21 . ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,
22 . ქესედი, აზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი”.
23 . ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.
24 . მის ხარჭას, სახელად რეუმახს, ასევე ეყოლა ვაჟები: თებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
1 . მაშინ იყო, რომ დაშორდა იუდა თავის ძმებს და ყადულამელი კაცის, სახელად ხირას მახლობლად დასახლდა.
2 . და ნახა იქ იუდამ ვინმე ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან.
3 . დაორსულდა და ეყოლა ძე; და დაარქვა სახელად ყერი.
4 . კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე, რომელსაც ონანი დაარქვა.
5 . კვლავ ეყოლა ძე, რომელსაც სახელად შელა დაარქვა. ქეზიბში იყო იუდა მისი შობის დროს.
6 . ყერს, თავის პირმშოს, ცოლი შერთო იუდამ, რომელსაც თამარი ერქვა.
7 . მაგრამ ბოროტი იყო უფლის თვალში ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
8 . და უთხრა იუდამ ონანს: "შედი შენი ძმის ცოლთან, ქმრად გაუხდი და აღუდგინე თესლი შენს ძმას”.
9 . იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და როცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის.
10 . ბოროტებად ჩაითვალა უფლის წინაშე მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
11 . უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: "ვიდრე შელა, ჩემი ძე, გაიზრდებოდეს, ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში”. ეშინოდა, ისიც მისი ძმებივით არ მომკვდარიყო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამის სახლში.
12 . მრავალმა დღემ განვლო. გარდაიცვალა იუდას ცოლი, შუაყის ასული; და გლოვის დღეების შემდგომ, თიმნაში, თავისი ცხვრის მპარსველებთან წავიდა იუდა, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად.
13 . ამცნეს თამარს: "ცხვრის გასაპარსად მიდისო შენი მამამთილი თიმნაში”.
14 . და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს.
15 . ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული.
16 . მიუბრუნდა და ჰკითხა: "შემომიშვებ შენთან?” არ იცოდა, რომ რძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: "რას მომცემ, რომ შემოგიშვა?”
17 . უპასუხა: "თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან”. უთხრა თამარმა: "წინდს თუ დამიტოვებ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?”
18 . ჰკითხა იუდამ: "რა გინდა, რომ წინდად მოგცე?” უპასუხა ქალმა: "შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთ გაქვს”. მისცა იუდამ და შევიდა მასთან; და დაორსულდა ქალი მისგან.
19 . წავიდა, პირბადე მოიხადა და კვლავ შეიმოსა ქვრივის სამოსით.
20 . გაუგზავნა იუდამ თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით თიკანი, რათა წინდი დაებრუნებინა ქალისაგან, მაგრამ ვერ იპოვა ქალი ყადულამელმა.
21 . ა ჰკითხა იქაურ კაცებს: "სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?” მიუგეს, არ ყოფილაო აქ მეძავი.
22 . დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: "ვერ ვიპოვე ქალი, იქაურმა კაცებმაც მითხრეს, არ ყოფილაო აქ მეძავი”.
23 . თქვა იუდამ: "ნეტა აეღო, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აი, მე გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!”
24 . სამი თვის შემდეგ ამცნეს იუდას: "შენმა რძალმა თამარმა იბოზა და ორსულადაა ახლა”. თქვა იუდამ: "გამოიყვანეთ, რათა დაიწვას”.
25 . და როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა თავის მამამთილს: "იმ კაცისგან ვარ ორსულად, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის”, თან დასძინა: "ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და კვერთხი”.
26 . იცნო იუდამ და თქვა: "მართალია თამარი, რადგან მე არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ძეს”. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.
27 . მშობიარობის ჟამმა რომ მოაწია, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
28 . და შობისას გამოყო ერთმა ხელი და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა; თქვა: "ეს გამოვიდა პირველად”.
29 . როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, გამოვიდა მისი ძმა. თქვა ბებიაქალმა: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?” და ეწოდა სახელად ფერეცი.
30 . შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მეწამული ძაფი ება ხელზე; და ეწოდა სახელად ზერახი.
1 . მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
2 . ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3 . ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
4 . უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
5 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
6 . შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
7 . მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8 . ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
9 . უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
10 . აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
11 . დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
12 . ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13 . და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14 . შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
15 . და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
16 . უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17 . მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
18 . გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19 . რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
20 . და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
21 . მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22 . მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
23 . უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
24 . მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
25 . თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
26 . დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27 . და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
28 . იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
29 . როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
30 . და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
31 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
1 . გაემგზავრნენ ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმისა და სინაის შორისაა; ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა.
2 . ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.
3 . უთხრეს ისრაელის შვილებმა: "ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის; გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი სჯულით.
5 . და მეექვსე დღეს, როცა მოტანილს მოამზადებენ, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ”.
6 . უთხრეს მოსემ და აჰარონმა ისრაელის ყველა შვილს: "საღამოს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7 . დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?”
8 . და თქვა მოსემ: "მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
9 . უთხრა მოსემ აჰარონს: "უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა”.
10 . და როდესაც ელაპარაკებოდა აჰარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, შებრუნდნენ უდაბნოსკენ და, აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
11 . უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
13 . მოფრინდა საღამოხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის გარშემო.
14 . როდესაც ცვარი აორთქლდა, ნახეს უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი ყრია, ჭირხლის მსგავსი.
15 . დაინახეს ისრაელის შვილებმა და ჰკითხეს ერთმანეთს: "რა არის ეს?” რადგან არ იცოდნენ, რა იყო. უთხრა მათ მოსემ: "ეს პურია, რომელიც უფალმა მოგცათ საკვებად.
16 . ასე ბრძანა უფალმა: "აკრიფოს თითოეულმა იმდენი, რამდენსაც შეჭამს - ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ”.
17 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები, ზოგმა ბევრი აკრიფა და ზოგმა ცოტა.
18 . არწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19 . უთხრა მათ მოსემ: "ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”.
20 . მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.
21 . და აგროვებდნენ დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
22 . მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს, ორ-ორი ღომერი თითოეულზე და მივიდა თემის ყველა მთავარი და აუწყეს მოსეს.
23 . უთხრა მათ: "აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ”.
24 . მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ, არც ამყრალდა და არც მატლი გასჩენია.
25 . უთხრა მოსემ: "ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.
26 . ექვს დღეს აგროვეთ, მეშვიდე დღეს კი - შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს”.
27 . და აი, მეშვიდე დღეს ზოგიერთი გავიდა ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს.
28 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს?
29 . იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს”.
30 . და ისვენებდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31 . უწოდა ისრაელის სახლეულმა მას სახელი - მანნა: ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა.
32 . თქვა მოსემ: "ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანნით, თაობიდან თაობამდე შესანახად, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან”.
33 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანნა და დადგი უფლის წინაშე შესანახად თაობიდან თაობამდე”.
34 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აჰარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად.
35 . ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძენი მანნას, სანამ დასახლებულ მიწამდე მივიდოდნენ; მანნას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
36 . ღომერი კი ეფის მეათედია.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე:
3 . ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
4 . იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
5 . ბოცვერი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
6 . კურდღელი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
7 . ღორი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი, მაგრამ საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8 . მათი ხორცი არ შეჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის.
9 . აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყოველი, რასაც კი ფარფლი და ქერეჭი აქვს წყალში, ზღვებსა და მდინარეებში, შეგიძლიათ შეჭამოთ.
10 . ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერეჭი არა აქვს ზღვებსა და მდინარეებში, წყლის ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც წყალშია, საძაგელია თქვენთვის.
11 . საძაგელნი იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
12 . ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის.
13 . ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ შეჭამოთ, საძაგელნი არიან: არწივი, სვავი და ფსოვი;
14 . ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,
15 . ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,
16 . სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,
17 . კიოტა, თევზიყლაპია და ძენძერუკი,
18 . ჭოტი, ვარხვი და კოდალა,
19 . ყარყატი, ყანჩა და მათი ჯიშისანი; ოფოფი და ღამურა.
20 . ყოველი მწერი, მფრინავი თუ ოთხზე მოარული, საძაგელია თქვენთვის.
21 . ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22 . ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.
23 . ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის,
24 . მათგან გაუწმიდურდებით; ყოველი ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
25 . და ყველამ, ვინც რამეს აიღებს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს სამოსელი; გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
26 . ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება.
27 . ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უწმიდურია თქვენთვის; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
28 . ვინც მათ მძორს შეეხება, გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; უწმიდურები არიან ისინი თქვენთვის.
29 . აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;
30 . ანაკა, ნიანგი, ბაყაყი, ლოკოკინა და ქამელეონი.
31 . ესენია თქვენთვის უწმიდურნი ქვეწარმავლებში; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32 . და ყველაფერი, რასაც რომელიმე მათგანის მძორი დაეცემა, გაუწმიდურდება: ხის რაიმე ჭურჭელი, ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა და ნებისმიერი საგანი, რომელიც საქმეში გამოიყენება, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და იქნება უწმიდური საღამომდე, მერე კი განიწმიდება.
33 . ყოველგვარი თიხის ჭურჭელი, რომელშიც რომელიმე იმათგანი ჩავარდება და ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
34 . ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმევა და მასში ასეთი ჭურჭლიდან შეაღწია წყალმა, გაუწმიდურდება და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ, ყოველ ასეთ ჭურჭელში, გაუწმიდურდება.
35 . ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება; თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: გაუწმიდურებულნი არიან ისინი და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც.
36 . მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა, ხოლო ვინც მათ მძორს შეეხება - გაუწმიდურდება.
37 . და თუ რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც უნდა დაითესოს, დაეცა რაიმე მათი მძორისგან, სუფთაა იგი.
38 . თუ თესლს წყალი დაესხა და მათი მძორისგან რაიმე დაეცა, უწმიდური იქნება თქვენთვის.
39 . თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ და მის მძორს ვინმე შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე;
40 . მისი მძორის მჭამელმა, სამოსელი უნდა გაირეცხოს და იქნება უწმიდური საღამომდე; უნდა გაირეცხოს სამოსელი მისი მძორის წამღებმა და იქნება უწმიდური საღამომდე.
41 . ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, საძაგელია, არ უნდა შეიჭამოს.
42 . ყოველი მუცელზე მხოხავი, ყოველი ოთხზე მოარული და ყოველი მრავალფეხა ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, არ ჭამოთ, რადგან საძაგელნი არიან.
43 . თავს ნუ წაიბილწავთ ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
44 . რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე და ნუ გაიუწმიდურებთ
45 . რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
46 . ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომლებიც წყალში იძვრიან და ყოველი არსებისა, რომლებიც მიწაზე ქვემძრომობენ,
47 . რათა იყოს განსხვავება უწმიდურსა და წმიდას შორის და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4 . ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . როცა სამშვიდობო შესაწირს შესწირავთ უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.
6 . თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო, რაც მესამე დღემდე მორჩება - ცეცხლში დაიწვას.
7 . თუ მესამე დღეს შეიჭამა მსხვერპლი, შებღალულად ჩაითვლება და არ იქნება მიღებული.
8 . მისი მჭამელი ცოდვას იტვირთავს, რადგან შებღალა უფლის სიწმინდე და მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
9 . როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
10 . ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
11 . არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
12 . ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
13 . არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
14 . ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
15 . უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
16 . ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
17 . შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
18 . შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
19 . დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.
20 . თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.
21 . მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
22 . და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.
23 . როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს;
24 . მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმიდა, უფლის საქებარ შესაწირად.
25 . მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26 . არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.
27 . არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
28 . მკვდართათვის სხეული არ დაიკაწროთ და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
29 . ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.
30 . დაიცავით ჩემი შაბათები და გეშინოდეთ ჩემი საწმიდრისა; მე ვარ უფალი.
31 . ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
32 . წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
33 . როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
34 . როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35 . უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
36 . სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
37 . დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი”.
1 . "და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა.
2 . გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
3 . კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში.
4 . კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
5 . კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი;
6 . კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას.
7 . და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8 . კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9 . დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.
10 . იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი.
11 . სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
12 . გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
13 . თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.
14 . ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
15 . მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
16 . წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.
17 . წყეული იქნება შენი კალათა და გობი.
18 . წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
19 . წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.
20 . გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
21 . მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ.
22 . წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.
23 . ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა - რკინად.
24 . წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები.
25 . დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში.
26 . და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.
27 . მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან.
28 . მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
29 . ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
30 . საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ;
31 . დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე.
32 . სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში.
33 . და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.
34 . და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.
35 . გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე.
36 . წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს.
37 . საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
38 . უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.
39 . დარგავ და დაამუშავებ ვენახებს, ღვინოს კი ვერ დალევ და ნაყოფს ვერ მოკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40 . ზეთისხილი გექნება მთელ შენს მიწაზე და ზეთს კი ვერ იცხებთ, რადგან დაცვივდება ნაყოფი.
41 . გააჩენ ძეებსა და ასულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ.
42 . ყოველი ხე და ნაყოფი შენი მიწისა კალიის მიერ გაჩანაგდება.
43 . ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.
44 . ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი - კუდი.
45 . და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
46 . საუკუნო ნიშნად და სასწაულად იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე.
47 . რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
48 . ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.
49 . შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;
50 . ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
51 . შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.
52 . შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,
53 . და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
54 . ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
55 . რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.
56 . შენში მცხოვრები განაზებული და განებივრებული ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო, მიწაზე ტერფის დადგმაც არ უცდია, მტრულად შეხედავს თავის ქმარს, ძესა და ასულს,
57 . და თანმოყოლილს, რომელიც დაბადებისას მოჰყვა თავის შვილებს მის ფერხთა შორის; რადგან ფარულად შეჭამს მათ გაჭირვებაში, ალყასა და სიდუხჭირეში, როცა შეგაჭირვებს მტერი შენს საცხოვრებლებში.
58 . თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
59 . მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს.
60 . მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან.
61 . ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.
62 . დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63 . და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64 . გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.
65 . ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.
66 . ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.
67 . გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
68 . და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.
1 . გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება.
2 . მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.
3 . დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით.
4 . დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე.
5 . ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
6 . მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.
1 . გაატანე შენი პური წყალს და ჰპოვებ მას მრავალი დღის შემდეგ.
2 . გაანაწილე შენი წილი შვიდ ან რვა ნაწილად, ვინაიდან არ იცი, რა უბედურება შეიძლება მოხდეს ქვეყანაზე.
3 . თუ ივსებიან ღრუბლები, წვიმას ღვრიან დედამიწაზე; თუ დაეცემა ხე მიწაზე - სამხრეთით იქნება ეს თუ ჩრდილოეთით, სადაც ხე დაეცემა, იქვე იქნება ის.
4 . ქარის მომზირალი ვერ დათესავს და ღრუბლებზე დამკვირვებელი - ვერ მოიმკის.
5 . როგორც შენ არ უწყი როგორია სულის გზა და როგორ ისახება ძვლები ორსულის მუცელში, ისევე ვერ შეიცნობ ღმერთის საქმეს, რომელიც ყოველივეს შემოქმედია.
6 . დათესე დილით შენი თესლი და ნურც საღამოს მოასვენებ შენს ხელს, ვინაიდან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას - ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად კარგი იქნება.
7 . ტკბილია სინათლე და საამურია თვალისათვის მზის ხილვა.
8 . მრავალი წელიც რომ ცოცხლობდეს ადამიანი და მუდამ ხარობდეს, დაე ახსოვდეს მას სიბნელის დღენი, რამეთუ მრავალნი იქნებიან. და ყოველივე, რაც მოვა, ამაოება იქნება.
9 . გაიხარე ჭაბუკო, შენს სიყმაწვილეში და გამხიარულებდეს შენი გული სიჭაბუკის დღეებში; იარე შენი გულის გზებისა და თვალთა წადილის მიხედვით, მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამის გამო სამსჯავროზე მიგიყვანს ღმერთი.
10 . მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და ტკივილი - შენი სხეულიდან, რადგან სწრაფად გარბის ბავშვობა და სიჭაბუკე.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "ელაპარაკეთ ისრაელის შვილებს და უთხარით: თუ ვინმეს გამონადენი ექნება სხეულიდან, უწმიდურია იგი გამონადენის გამო.
3 . აი, რა არის მისი უწმიდურება: როდესაც გამონადენი სდის სხეულიდან და როდესაც უჩერდება გამონადენი სხეულში, ეს მისი უწმიდურებაა.
4 . ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება - უწმიდურია.
5 . ვინც მის საწოლს შეეხება, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
6 . ვინც იქ დაჯდება, სადაც ლორწომდინარი იჯდა, გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
7 . ლორწომდინარის სხეულის შემხებმა სამოსელი უნდა გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
8 . თუ ლორწომდინარი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, გაირეცხოს მან სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
9 . ყოველი დასაჯდომი, რომლითაც ლორწომდინარი მგზავრობდა, უწმიდურია.
10 . ყოველი შემხები იმისი, რაც მის ქვეშ იყო, უწმიდური იქნება საღამომდე.
11 . ყველას, ვისაც კი ლორწომდინარი შეეხება და ხელი წყალში არ ექნება დაბანილი, უნდა გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
12 . თიხის ჭურჭელი, რომელსაც ლორწომდინარი შეეხება, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველ ხის ჭურჭელში წყალი უნდა იქნას გამოვლებული.
13 . როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
14 . აიყვანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან და მისცეს ისინი მღვდელს.
15 . და შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად და გამოისყიდოს იგი უფლის წინაშე მისი გამონადენისთვის.
16 . მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე.
17 . ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
18 . როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა - ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.
19 . თუ ქალს სისხლდენა აქვს სხეულიდან, შვიდი დღე იქნება განმარტოებული. ყველა, ვინც შეეხება - საღამომდე უწმიდური იქნება.
20 . ყველაფერი, რაზეც განმარტოების დროს დაწვება იგი, გაუწმიდურდება და ყოველივე, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურდება.
21 . ყველამ, ვინც შეეხება მის საწოლს, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
22 . ყველამ, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც ის იჯდა, სამოსელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და იქნება უწმიდური საღამომდე.
23 . თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რომელზეც ის იჯდა, და შეეხო მას მამაკაცი, მაშინ საღამომდე უწმიდური იქნება.
24 . თუ დაწვება მასთან მამაკაცი და მოეცხება ქალის თვიური ნადენი, მაშინ უწმიდური იქნება ის მამაკაცი შვიდ დღეს და ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება იგი, უწმიდური იქნება.
25 . თუ ქალი არ არის წიდოვანი და მრავალი დღის განმავლობაში აქვს სისხლდენა, ან წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს აქვს დენა, მაშინ სისხლდენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდურია იგი.
26 . ყოველი საწოლი, რომელზეც სისხლდენის დროს დაწვება, უწმიდურების საწოლად ჩაითვლება მისთვის; და რაზეც დაჯდება უწმიდური იქნება, როგორც წიდოვანების დროს.
27 . ყველა, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება; გაირეცხოს სამოსელი, წყლით დაიბანოს და უწმიდური იქნება საღამომდე.
28 . როცა განიწმინდება სისხლდენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე და შემდეგ იქნება სუფთა.
29 . და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
30 . შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად; და გამოისყიდის მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმინდურების გამო.
31 . ასე მოაცილე უწმიდურება ისრაელის შვილებს, რათა არ დაიხოცნონ თავისი უწმიდურებით, შებღალავენ რა ჩემს სავანეს, რომელიც მათ შორისაა.
32 . ესაა რჯული ლორწომდინარის და იმისა, ვისაც თესლდენა დაემართება, რაც გააუწმიდურებს მას;
33 . წიდოვანისა და ლორწომდინარისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება”.
1 . მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
2 . "როდემდე ინადირებ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ:
3 . პირუტყვებად და უგუნურებად რად ვითვლებით შენს თვალში?
4 . შენივე რისხვამ უნდა დაგღრნას? შენ გამო უნდა გაუდაბურდეს მიწა ან კლდე დაიძრას თავისი ადგილიდან?
5 . უსათუოდ ჩაქრება ბოროტეულთა ნათელი, აღარ აელვარდება ალი მისი ცეცხლისა.
6 . მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი ლამპარიც ჩაქრება.
7 . შევიწროვდება ფეხსადგამი მისი ძლიერებისა და საკუთარი ზრახვები დაამხობს,
8 . რადგან ფეხებით ბადეშია გახლართული და მახეშია გაბმული.
9 . მარყუჟი ქუსლზე გამოედება, ხაფანგი შეიპყრობს მას.
10 . დამალულია მიწაზე მისი მარყუჟი, და ხაფანგია დაგებული მის ბილიკზე.
11 . ყოველმხრივ შიში და ძრწოლა აკრავს და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი.
12 . შიმშილი დააუძლურებს და მის გვერდით დაღუპვაა გამზადებული.
13 . ავადმყოფობა შეუჭამს კანს, სიკვდილის პირმშო _ კიდურებს.
14 . ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და საშინელებათა მეფეს მიჰგვრიან მას.
15 . მის კარავში ისაა დავანებული, ვინც მისიანი არ არის; გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს.
16 . მიწისქვეშ ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება.
17 . გაქრება მისი სახსენებელი ქვეყნად და აღარავინ ახსენებს მის სახელს კარიბჭესთან.
18 . ნათლიდან ბნელში განიდევნება და მიწისპირიდან აღიგვება.
19 . თესლი და შთამომავალი არ ეყოლება თავის ხალხში, არავინ დაურჩება თავის სამკვიდრებელში.
20 . გაოგნდებიან მისი ბედის გამო დასავლეთში და ძრწოლა შეიპყრობს აღმოსავლეთს.
21 . დიახ, ასეთია ბოროტეულთა სამკვიდრებელი და ასეთია მათი ადგილი ვინც ღმერთს არა სცნობს!
1 . კვლავ დაიწყო სწავლება ზღვასთან. ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ ნავზე ავიდა და ზღვაში შევიდა, ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.
2 . ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა თავის მოძღვრებაში:
3 . "ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4 . თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
5 . ზოგი კლდოვან ადგილას დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, მალე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.
6 . ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა; და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო იგი; ნაყოფი ვეღარ გამოიღო.
8 . ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. აღმოცენდა, იმატა და ნაყოფი გამოიღო - ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად და ერთი ასად”.
9 . თქვა: "ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
10 . მარტო რომ დარჩა, ჰკითხეს იგავზე, მასთან მყოფებმა თორმეტთან ერთად.
11 . მან უთხრა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
12 . რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ”.
13 . უთხრა მათ: "არ გესმით ეს იგავი? მაშ როგორ გაიგებთ ყველა სხვა იგავს?
14 . მთესველი თესავს სიტყვას.
15 . გზის პირას ისინი არიან, ვისშიც ითესება სიტყვა; მაგრამ როგორც კი მოისმენენ მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.
16 . ასევე, კლდოვანზე დათესილი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ მას;
17 . მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ მათში და ხანმოკლენი არიან; როგორც კი გასაჭირი დადგება ანდა სიტყვის გამო დევნა დაიწყება, მაშინვე ცდუნდებიან.
18 . ეკალთა შორის დათესილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას,
19 . მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
20 . კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად”.
21 . უთხრა მათ: "განა იმისთვის მოაქვთ ლამპარი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან? განა იმისთვის არა, რომ სალამპრეზე დადგან?
22 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამომჟღავნდეს.
23 . თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
24 . უთხრა მათ: "დაუკვირდით, რას ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.
25 . რადგან ვისაც აქვს, კიდევ მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს”.
26 . და თქვა: "ღმერთის სამეფო ჰგავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში.
27 . ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.
28 . რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, შემდეგ თავთავი, მერე კი სავსე მარცვალი თავთავში.
29 . რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”.
30 . თქვა: "რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო? რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
31 . იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე მცირეა არსებულ თესლთა შორის.
32 . დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა ბოსტნეულს შორის. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ”.
33 . მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.
34 . იგავების გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
35 . იმავე დღეს, მოსაღამოვებულზე უთხრა მათ: "გაღმა გადავცუროთ”.
36 . გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი იმ ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან ერთად სხვა ნავებიც იყო.
37 . ამოვარდა დიდი გრიგალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდნენ, ისე რომ ნავი უკვე წყლით ივსებოდა.
38 . ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ვიღუპებით?”
39 . მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: "დადუმდი, ჩადექ!” ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა.
40 . უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ? რატომ არა გაქვთ რწმენა?”
41 . ისინი ძალიან შეშინდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ ემორჩილება?”
1 . ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.
2 . ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;
3 . იოანა, ჰეროდეს სახლმმართველ ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
4 . დიდძალი ხალხი რომ მოგროვდა და ქალაქის მცხოვრებნიც მოვიდნენ, იგავის მეშვეობით ილაპარაკა მან:
5 . "გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6 . ზოგი კლდოვან ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და მაშინვე გახმა, რადგან სინოტივე აკლდა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო.
8 . ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო”. ეს თქვა და დაიძახა: "ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!”
9 . მოწაფეებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს იგავი?
10 . მან თქვა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11 . ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
12 . გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
13 . კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14 . ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
15 . კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
16 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.
17 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18 . ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.
19 . მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.
20 . შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21 . ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.
22 . და იყო, ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო, და გაცურეს.
23 . ცურვისას ჩაეძინა; ტბაზე გრიგალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში ჩავარდნენ.
24 . მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით”. წამოდგა, შერისხა ქარი და ტალღები, დაცხრნენ და მყუდროება ჩამოვარდა.
25 . მაშინ უთხრა მათ: "სად არის თქვენი რწმენა?” ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: "ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?”
26 . გაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარესაა.
27 . ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28 . როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.
29 . რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.
30 . ჰკითხა მას იესომ: "რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: "ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული;
31 . და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32 . იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება.
33 . გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო.
34 . ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.
35 . გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.
36 . უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37 . შეევედრა გერასენელთა შემოგარენის მთელი ხალხი, რომ გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38 . ხოლო კაცი, ვისგანაც ეშმაკები გავიდნენ, იესოს შეევედრა, წამოგყვებიო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39 . "შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
40 . იესო რომ დაბრუნდა, ხალხი შეეგება მას, რადგან ყველანი ელოდნენ.
41 . და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო; დაემხო იესოს ფერხთით და შეევედრა, შინ გამომყევიო.
42 . რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. გზად მიმავალ იესოს კი ხალხი აწყდებოდა ზედ.
43 . და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა.
44 . უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45 . და იკითხა იესომ: "ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: "მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?”
46 . ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.
47 . დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48 . უთხრა მას: "ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
49 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.
50 . იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.
51 . სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.
52 . ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.
53 . ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54 . მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”
55 . დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56 . გაოცდნენ ბავშვის მშობლები; ხოლო მან ბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.