1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეებისთვის და მერე კი შეუერთდები შენს ხალხს”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის”.
4 . ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან უნდა გაგზავნოთ ომში.
5 . ყოველი ტომიდან ათას-ათასი იქნა წარგზავნილი, ისრაელიანთა ათასეულებიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული მეომარი.
6 . და წარგზავნა მოსემ საბრძოლველად, ათას-ათასი თითოეული ტომიდან და ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე მათთან ერთად, წმიდა ჭურჭლით და საყვირებით ხელში.
7 . გაილაშქრეს მიდიანელთა წინააღმდეგ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მოკლეს ყველა მამაკაცი;
8 . და სხვებთან ერთად მიდიანის მეფეებიც ამოხოცეს: ევი და რეკემი, ცური, ჰური და რებაყი - მიდიანის ხუთი მეფე და ბილყამ ბეყორის ძეც მოკლეს მახვილით.
9 . და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები თავიანთ ბავშვებთან ერთად; მთელი მათი საქონელი, მათი ფარები და მთელი ქონება დაიტაცეს.
10 . გადაწვეს ყველა მათი საცხოვრებელი ქალაქი და ყოველი მათი ბანაკი.
11 . გამოიყოლეს მთელი ნადავლი და ნაძარცვი, ადამიანიდან პირუტყვამდე.
12 . წამოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანეს გასწვრივ, იერიხოსთან.
13 . გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი ბანაკის გარეთ, მათ შესახვედრად.
14 . და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.
15 . უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?
16 . განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?
17 . ახლა მოკალით ყოველი მამრი ბავშვი და ყოველი ქალი, რომელმაც შეიცნო მამაკაცი მასთან დაწოლით.
18 . ხოლო ყოველი მდედრი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მასთან დაწოლით, ცოცხლად დაიტოვეთ.
19 . და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.
20 . ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.
21 . უთხრა ელეაზარ მღვდელმა ბრძოლაში მონაწილე მეომრებს: "აი რჯულის დადგენილება, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს:
22 . ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია,
23 . ყოველი ცეცხლგამძლე საგანი, ცეცხლში გაატარეთ და განიწმიდება, მაგრამ დამატებით, განმწმედი წყლით უნდა განიწმიდოს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყლით განწმიდეთ.
24 . გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ, ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა.
27 . თანაბრად გაყავით ნადავლი ომში გამსვლელ მეომართა და დანარჩენ თემს შორის.
28 . ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.
29 . აიღე მათი ნახევარი და ელეაზარ მღვდელს მიეცი უფლისთვის აღსავლენად.
30 . ისრაელის ძეთა ნახევრიდან კი ორმოცდაათიდან ერთი წილი აიღე: ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისგან, სახედრებისგან, წვრილფეხა საქონლისგან, ყველა პირუტყვისგან და მიეცი ლევიანებს - უფლის სავანის მსახურებს”.
31 . და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . მეომრების მიერ დატაცებულის გარდა, ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი იყო წვრილფეხა საქონელი,
33 . მსხვილფეხა საქონელი - სამოცდათორმეტი ათასი,
34 . სახედარი - სამოცდაერთი ათასი,
35 . ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც მამაკაცი არ ჰყავდათ შეცნობილი მასთან წოლით, ყოველი სული - ოცდათორმეტი ათასი.
36 . ნახევარი - ბრძოლაში გასულთა წილი, აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი.
37 . ამ წვრილფეხა საქონლიდან უფლისთვის ხარკმა - ექვსას სამოცდათხუთმეტი შეადგინა;
38 . მსხვილფეხა საქონლიდან - ოცდათექვსმეტი ათასი და ხარკი მათგან უფლისთვის - სამოცდათორმეტი;
39 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი, მათგან ხარკი უფლისთვის - სამოცდაერთი;
40 . ადამიანი - თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისთვის - ოცდათორმეტი სული.
41 . და მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
42 . ისრაელის ძეთა კუთვნილი ნახევრისგან, რომელიც მეომრებს გამოართვა მოსემ,
43 . ეს ნახევარი თემისთვის იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი,
44 . მსხვილფეხა საქონელი - ოცდათექვსმეტი ათასი,
45 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი
46 . და ადამიანი - თექვსმეტი ათასი.
47 . ორმოცდამეათედი წილი აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისგან: კაციდან პირუტყვამდე და მისცა ლევიანებს, უფლის სავანის მსახურებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
48 . და მივიდნენ მოსესთან ჯარის ათასეულთა სარდლები, ათასისთავები და ასისთავები.
49 . უთხრეს მოსეს: "აღრიცხეს შენმა მსახურებმა მებრძოლნი, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი.
50 . ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.
51 . და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ეს ოქრო, ყოველი ჭურჭელი - ოსტატურად ნაკეთები.
52 . მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.
53 . ვინაიდან თავისთვის ჰქონდათ მეომრებს დატაცებული.
54 . აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ათასისთავებისა და ასისთავების ოქრო და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სახსენებლად.
1 . იმ დღეებში, როცა მეფე არ ჰყავდა ისრაელს, ერთი ლევიანი ხიზნობდა ეფრემის მთის ფერდობზე; და ხარჭა მოიყვანა თავისთვის, იუდას ბეთლემიდან.
2 . მაგრამ იმრუშა მისმა ხარჭამ, განშორდა და წავიდა მამის სახლში - იუდას ბეთლემში და იყო იქ ოთხი თვე.
3 . ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა გულითადად დალაპარაკებოდა და დაებრუნებინა თავისთან. თან მსახური და წყვილი სახედარი ახლდა. ქალმა მამის სახლში შეიყვანა. დაინახა იგი ყმაწვილქალის მამამ და სიხარულით შეეგება.
4 . და აღარ გაუშვა იგი სიმამრმა, იმ ყმაწვილქალის მამამ. სამი დღე იმყოფებოდა მასთან, ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.
5 . ადგნენ მეოთხე დღეს დილაადრიანად და წასასვლელად მოემზადა კაცი. უთხრა ყმაწვილქალის მამამ თავის სიძეს: "ჯერ გული გაიმაგრე ლუკმა პურით და მერე წადი”.
6 . დასხდნენ ერთად, ჭამეს და სვეს; და უთხრა ყმაწვილქალის მამამ იმ კაცს: "გთხოვ, დარჩი ეს ღამეც და გაიმხიარულე გული”.
7 . წამოიმართა კაცი წასასვლელად, მაგრამ შეეხვეწა სიმამრი და ის ღამეც იქ გაათია.
8 . მეხუთე დღეს დილაადრიანად ადგა კაცი და წასასვლელად მოემზადა. უთხრა ყმაწვილქალის მამამ: "ჯერ გული გაიმაგრე და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრება”. და ჭამა ორივემ.
9 . ადგა კაცი თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად წასასვლელად და უთხრა სიმამრმა, ყმაწვილქალის მამამ: "უკვე მწუხრისკენ იხრება დღე, აქ გაათიეთ ღამე, გაიმხიარულე გული, ხვალ კი ადექით დილაადრიანად და გაუდექით თქვენს გზას შენი კარვისკენ”.
10 . მაგრამ აღარ ინება კაცმა ღამის იქ გათევა, ადგა, წავიდა და მივიდა იებუსამდე (იერუსალიმამდე); თან ხარჭა და ორი დატვირთული სახედარი ახლდა.
11 . იებუსს რომ მიუახლოვდნენ, უკვე გადახრილი იყო დღე. უთხრა მსახურმა თავის ბატონს: "შევუხვიოთ იებუსელთა ამ ქალაქისკენ და იქ გავათიოთ ღამე”.
12 . უპასუხა ბატონმა: "არა, უცხოტომელთა ქალაქში არ შევუხვევთ, სადაც არ ცხოვრობენ ისრაელის ძენი, ბარემ გიბყამდე მივიდეთ”.
13 . უთხრა თავის მსახურს: "მოდი, სადმე სხვაგან მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათენოთ”.
14 . და განაგრძეს გზა, იარეს და ჩავიდა მზე გიბყასთან, რომელიც ბენიამინის ტომს ეკუთვნოდა.
15 . შეუხვიეს გიბყაში, რომ ღამის გასათევად შესულიყვნენ. მივიდნენ და დასხდნენ ქალაქის მოედანზე, მაგრამ სახლში არავინ შეიპატიჟა ღამის გასათევად.
16 . აჰა, მოხუცი მოდიოდა საღამოჟამს თავისი მინდვრიდან; ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ადგილობრივები კი ბენიამინის ძენი იყვნენ.
17 . აღაპყრო თვალნი და მგზავრი დაინახა ქალაქის მოედანზე. ჰკითხა მოხუცმა: "საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?”
18 . უპასუხა: "იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი და უფლის სახლისკენ ვადგავარ გზას, მაგრამ შინ არავინ შემიპატიჟა.
19 . ჩალაც გვაქვს და საკვებიც ჩვენი სახედრებისთვის, პურიც მომეძევება და ღვინოც ჩემთვის, ჩემი მხევლისა და მსახურისთვის - არაფერი მაკლია”.
20 . მიუგო მოხუცმა: "მშვიდობა შენდა, რაც დაგაკლდება ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს”.
21 . შეიყვანა თავის სახლში, საკვები მისცა სახედრებს; ფეხები დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
22 . როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, გარს შემოერტყნენ ქალაქის გარყვნილი კაცები იმ სახლს, აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ მოხუცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, უნდა შევიცნოთო.
23 . გამოვიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: "არა, ძმებო, ბოროტს ნუ დამართებთ, რადგან ჩემი სახლის სტუმარია ეს კაცი, ნუ ჩაიდენთ ამ სისაძაგლეს.
24 . აჰა, ქალწული ასული მყავს, სტუმარს კი ხარჭა ახლავს, გამოგიყვანთ და ახადეთ ნამუსი ან, რაც გენებოთ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უზნეობას”.
25 . მაგრამ არ ინებეს მომხდურებმა მისი მოსმენა. მაშინ მოჰკიდა იმ კაცმა ხელი თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა. ყველამ შეიცნო იგი, მთელი ღამე ძალადობდნენ მასზე განთიადამდე; მხოლოდ ცისკარზე გაუშვეს.
26 . მოვიდა ქალი განთიადისას და დაეცა იმ კაცის სახლის შესასვლელთან, ვისთანაც მისი ბატონი იყო გაჩერებული. გათენებამდე ეგდო.
27 . ადგა დილას მისი ბატონი, გააღო სახლის კარი და გამოვიდა, რომ თავისი გზით წასულიყო. ხედავს, ხარჭა სახლის კართანაა დავარდნილი, ხელები კი ზღურბლისთვის ჩაუვლია.
28 . უთხრა: "ადექი, წავიდეთ”, მაგრამ პასუხი არ გასცა ქალმა. ადგა კაცი, სახედარს გადაკიდა ხარჭა და გაუდგა გზას თავისი სახლისკენ.
29 . როცა მივიდა, აიღო დანა, მოკიდა ხელი თავის ხარჭას, დაანაკუწა თორმეტ ნაწილად და დააგზავნა ისრაელის ყოველ კუთხეში.
30 . და ყოველი ამის მნახველი ამბობდა: "არ ყოფილა და არც ნახულა ასეთი რამ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელიანთა გამოსვლის შემდეგ დღემდე. იფიქრეთ ამაზე, მოითათბირეთ და თქვით, რა ვქნათ”.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, სადაც ცხოვრობდით, და ქანაანის ქვეყნის ჩვეულებებისამებრ, სადაც მიმყავხართ; ნუ იცხოვრებთ მათი წესებით.
4 . აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები, მათით იცხოვრეთ; მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუ მათ დაიცავს; მე ვარ უფალი.
6 . არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.
7 . მამაშენის და დედაშენის სიშიშვლე არ გამოაჩინო. დედაშენია ის, არ ახადო მის სიშიშვლეს.
8 . მამაშენის ცოლის სიშიშვლე არ გამოაჩინო. ეს მამაშენის სიშიშვლეა.
9 . შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო.
10 . შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულის სიშიშვლეს ნუ ახდი, ვინაიდან ეს შენი სიშიშვლეა.
11 . მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენისგან შობილის, სიშიშვლეს ნუ ახდი: ის შენი დაა.
12 . მამაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო: მამაშენის სისხლია იგი.
13 . დედაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო, რადგან დედაშენის სისხლია იგი.
14 . მამაშენის ძმის ცოლს არ მიუახლოვდე, ნუ ახდი მის სიშიშვლეს; შენი ბიცოლაა იგი.
15 . არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი.
16 . არ ახადო შენი ძმის ცოლის სიშიშვლეს: ეს შენი ძმის სიშიშვლეა.
17 . ნუ ახდი სიშიშვლეს დედაკაცს და მის ასულს; მისი ძისა და ქალიშვილის ასულს სიშიშვლის ასახდელად ნუ მიუახლოვდები. ერთი სისხლი აქვთ მათ. ეს გარყვნილებაა.
18 . ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში.
19 . წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად.
20 . შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.
21 . არავინ მისცე მოლოქისთვის ცეცხლში გასატარებლად, ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
22 . არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.
23 . არცერთ პირუტყვს არ შეუერთდე, რადგან შეიბილწები მისით; ნურც ქალი დაუდგება წინ პირუტყვს, მასთან შესაერთებლად, ეს გარყვნილებაა.
24 . ნუ შეიბილწებით ყოველივე ამით, ვინაიდან ამას აკეთებენ ის ხალხები, რომელთაც ვდევნი თქვენგან.
25 . ამიტომ შეიბილწა ქვეყანა, დავხედე მათ უმართლობას და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი.
26 . დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და ამ სისაძაგლეებიდან ნურაფერს ჩაიდენს თქვენ შორის მცხოვრები მკვიდრი და მწირი;
27 . რადგან ყველა ამგვარი საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა;
28 . რათა არ ამოგანთხიოთ თქვენ ქვეყანამ, როცა შებილწავთ მას, როგორც ის ხალხი, რომელიც თქვენზე წინ იყო.
29 . რადგან ყოველი, ვინც ამ სისაძაგლეთაგან ჩაიდენს რაიმეს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
30 . დაიცავით ჩემი ბრძანებანი და ნუ ჩაიდენთ საძაგელ საქმეებს, რაც თქვენამდე კეთდებოდა, რათა არ შეიბილწოთ მათით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.
3 . მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.
4 . თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,
5 . ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.
6 . ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.
7 . მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
9 . თუ ვინმემ თავისი მამა და დედა დასწყევლოს, უსათუოდ მოკვდეს. მამამისი და დედამისი დასწყევლა მან: მასზეა მისი სისხლი.
10 . თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
11 . ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს ახადა: უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
12 . თუ თავისი შვილის ცოლთან დაწვება ვინმე, უსათუოდ მოკვდნენ ორივენი. აღრევა ჩაიდინეს; მათზეა მათი სისხლი.
13 . თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
14 . თუ ვინმე დედასა და შვილს შეირთავს ცოლად, უზნეობას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით ისინი, რათა უზნეობა არ იყოს თქვენ შორის.
15 . ვინც პირუტყვთან დაიჭერს კავშირს, უსათუოდ მოკვდეს და პირუტყვიც მოკალით.
16 . თუ ქალი რომელიმე პირუტყვს შესაწყვილებლად მიუახლოვდება, მაშინ მოკალით ქალი და პირუტყვიც უსათუოდ მოკვდეს, მათზეა მათი სისხლი.
17 . თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.
18 . თუ ვინმე ცოლთან მისი წიდოვნებისას დაწვება და ახდის სიშიშვლეს, იხილავს მის დენას და ისიც გამოაჩენს თავის სისხლდენას, ორივე მოიკვეთონ თავისი ხალხიდან.
19 . დეიდის ან მამიდის სიშიშვლეს არავინ ახადოს, რადგან საკუთარ სისხლსა და ხორცს გააშიშვლებს; თავის ცოდვას იტვირთავენ ისინი.
20 . ვინც თავის ბიცოლასთან დაწვება, ის საკუთარი ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს. თავის ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
21 . თუ ვინმე თავისი ძმის ცოლს შეირთავს, უწმიდურებაა, საკუთარ ძმას ახადა სიშიშვლე: ამიტომ, უშვილონი იქნებიან.
22 . დაიცავით ყოველი ჩემი წესი და სამართალი, აღასრულეთ ისინი და არ ამოგანთხევთ ქვეყანა, სადაც მიმყავხართ საცხოვრებლად.
23 . ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებისამებრ, რომელთაც ვდევნი თქვენგან; ვინაიდან ამ ყოველივეს სჩადიოდნენ და მძაგს ისინი.
24 . აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.
25 . განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და წმიდა და უწმიდური ფრინველი; ნუ შეიბილწებით პირუტყვით, ფრინველით და ყოველი ქვემძრომით მიწაზე, რაც უწმიდურია და გამოვაცალკევე თქვენგან;
26 . და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.
27 . თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.
1 . როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?
2 . ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?
3 . ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს - ყოფით საქმეებს!
4 . თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
5 . თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?
6 . მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
7 . ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
8 . მაგრამ თქვენ თვითონ ექცევით უსამართლოდ და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
9 . განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
10 . ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.
11 . ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
12 . ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
13 . საჭმელი მუცლისთვის, ხოლო მუცელი საჭმლისთვის; ღმერთი კი ერთსაც მოსპობს და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისთვის, არამედ უფლისთვის, ხოლო უფალი - სხეულისთვის.
14 . ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
15 . ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
16 . ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.
17 . ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სული იქნება უფალთან.
18 . გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
19 . ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
20 . ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
1 . ადგა იაკობი და აღმოსავლეთის ძეთა ქვეყნისაკენ გაემართა.
2 . ხედავს: ველზე ჭაა და იქვე ცხვრის სამი ფარა წევს, რადგან იმ ჭიდან რწყულდებოდა ცხვარი, ხოლო ჭის პირს დიდი ქვა ახურავს.
3 . იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს; მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე.
4 . ჰკითხა მათ იაკობმა: "სადაურები ხართ, ძმებო?” უპასუხეს: "ხარანელები ვართ!”
5 . ჰკითხა: "ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს?” უპასუხეს: "ვიცნობთ”.
6 . კვლავ ჰკითხა: "ჯანმრთელადაა?” მიუგეს: "ჯანმრთელადაა. აჰა, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება”.
7 . თქვა: "ჯერ ისევ დღეა, საქონლის შეკრების დრო არ დამდგარა! ცხვარი დაარწყულეთ და წაასხით საძოვრად”.
8 . უთხრეს: "ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიყრება და ქვას არ გადააგორებენ ჭის პირიდან. მაშინ დავარწყულებთ ცხვარს”.
9 . ჯერ ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მოვიდა რახელი მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
10 . და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა, ჭის პირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი.
11 . აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.
12 . უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.
13 . როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.
14 . უთხრა ლაბანმა: "მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ!” და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე.
15 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.
16 . ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
17 . ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი - სახით.
18 . შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.
19 . უთხრა ლაბანმა: "უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან”.
20 . შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
21 . უთხრა იაკობმა ლაბანს: "მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.
22 . შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა.
23 . საღამოჟამს ლაბანმა ლეა, თავისი ასული, მიიყვანა იაკობთან; და შევიდა იაკობი ლეასთან.
24 . მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.
25 . დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს: "ეს რა მიყავი! განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე?”
26 . უთხრა ლაბანმა: "ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს.
27 . გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ შვიდ წელიწადს გასწევ”.
28 . ასეც მოიქცა იაკობი, გაასრულა ერთი კვირა და ლაბანმაც მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29 . და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
30 . შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.
31 . იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო.
32 . დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: "იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი”.
33 . კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე; თქვა: "ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც”. და უწოდა სახელად სიმონი.
34 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან მომეწებება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი”. და უწოდა სახელად ლევი.
35 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან ვადიდებ უფალს”. ამიტომ უწოდა სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
1 . დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.
2 . განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”
3 . უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.
4 . მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5 . დაორსულდა ბილჰა და ძე უშვა იაკობს.
6 . თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
7 . კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.
8 . თქვა რახელმა: ღვთიური ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას და ვძლიე კიდეც”. და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9 . დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
10 . და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.
11 . თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.
12 . და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.
13 . თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
14 . გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15 . უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16 . საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.
17 . უსმინა ღმერთმა ლეას, დაორსულდა და მეხუთე ძე უშვა იაკობს.
18 . და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
19 . კვლავ დაორსულდა ლეა და იაკობს მეექვსე ძე უშვა.
20 . თქვა ლეამ: "კარგი საჩუქარი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე გავუჩინე”. და უწოდა სახელად ზებულუნი.
21 . ამის შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22 . გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.
23 . დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24 . უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”
25 . მას შემდეგ, რაც იოსები გააჩინა რახელმა, უთხრა იაკობმა ლაბანს: "გამიშვი, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში.
26 . მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.
27 . უთხრა ლაბანმა: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ჩემთან დარჩი! მივხვდი, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა”.
28 . უთხრა: "თქვი, რას ითხოვ ჩემგან საზღაურად და მოგცემ”.
29 . უთხრა იაკობმა: "შენც იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემს ხელში!
30 . რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და ფრიად გაგიმრავლდა. გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით, ჩემი სახლისთვის კი როდისღა ვიზრუნო?”
31 . ჰკითხა ლაბანმა: "რა მოგცე?” მიუგო იაკობმა: "ნურაფერს მომცემ. რასაც გეტყვი, იმ საქმეს თუ გამიკეთებ, კვლავ დავმწყემსავ და დავიცავ შენს ცხვარს.
32 . გავივლი დღეს შენს ფარაში; და გამოაცალკევე ყოველი დაწინწკლული და ჭრელი კრავი, ყოველი შავი ცხვარი და ჭრელი და დაწინწკლული თიკანი. და ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33 . და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”.
34 . უთხრა ლაბანმა: "დაე იყოს შენი სიტყვისამებრ”.
35 . და გამოაცალკევა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნერბი, და ყველა რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის ძეებს ჩააბარა.
36 . და დაცილდა იაკობს ლაბანი სამი დღის სავალ მანძილზე და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37 . აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და წაბლის ნედლი წნელები და ისე შემოაჭრა ქერქი, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38 . აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39 . ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.
40 . გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და ლაბანის ზოლიანი და შავი ფარის პირდაპირ აყენებდა; ასე გამოყო თავისი სამწყსო და არ დატოვა ლაბანის ფარასთან.
41 . ჯანსაღი ფარის ახურებისას, იაკობი ცხვრის თვალწინ დაზოლილ წნელებს ჩაჰყრიდა ხოლმე გეჯებში, რათა წნელებთან შეწყვილებულიყვნენ.
42 . და როცა სუსტი იყო ფარა, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს კი - ჯანსაღი.
43 . და ძალიან გამდიდრდა ეს კაცი, ფრიად გაუმრავლდა ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და სახედრები.
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "ელაპარაკეთ ისრაელის შვილებს და უთხარით: თუ ვინმეს გამონადენი ექნება სხეულიდან, უწმიდურია იგი გამონადენის გამო.
3 . აი, რა არის მისი უწმიდურება: როდესაც გამონადენი სდის სხეულიდან და როდესაც უჩერდება გამონადენი სხეულში, ეს მისი უწმიდურებაა.
4 . ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება - უწმიდურია.
5 . ვინც მის საწოლს შეეხება, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
6 . ვინც იქ დაჯდება, სადაც ლორწომდინარი იჯდა, გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
7 . ლორწომდინარის სხეულის შემხებმა სამოსელი უნდა გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
8 . თუ ლორწომდინარი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, გაირეცხოს მან სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
9 . ყოველი დასაჯდომი, რომლითაც ლორწომდინარი მგზავრობდა, უწმიდურია.
10 . ყოველი შემხები იმისი, რაც მის ქვეშ იყო, უწმიდური იქნება საღამომდე.
11 . ყველას, ვისაც კი ლორწომდინარი შეეხება და ხელი წყალში არ ექნება დაბანილი, უნდა გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
12 . თიხის ჭურჭელი, რომელსაც ლორწომდინარი შეეხება, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველ ხის ჭურჭელში წყალი უნდა იქნას გამოვლებული.
13 . როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
14 . აიყვანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან და მისცეს ისინი მღვდელს.
15 . და შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად და გამოისყიდოს იგი უფლის წინაშე მისი გამონადენისთვის.
16 . მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე.
17 . ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
18 . როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა - ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.
19 . თუ ქალს სისხლდენა აქვს სხეულიდან, შვიდი დღე იქნება განმარტოებული. ყველა, ვინც შეეხება - საღამომდე უწმიდური იქნება.
20 . ყველაფერი, რაზეც განმარტოების დროს დაწვება იგი, გაუწმიდურდება და ყოველივე, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურდება.
21 . ყველამ, ვინც შეეხება მის საწოლს, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
22 . ყველამ, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც ის იჯდა, სამოსელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და იქნება უწმიდური საღამომდე.
23 . თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რომელზეც ის იჯდა, და შეეხო მას მამაკაცი, მაშინ საღამომდე უწმიდური იქნება.
24 . თუ დაწვება მასთან მამაკაცი და მოეცხება ქალის თვიური ნადენი, მაშინ უწმიდური იქნება ის მამაკაცი შვიდ დღეს და ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება იგი, უწმიდური იქნება.
25 . თუ ქალი არ არის წიდოვანი და მრავალი დღის განმავლობაში აქვს სისხლდენა, ან წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს აქვს დენა, მაშინ სისხლდენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდურია იგი.
26 . ყოველი საწოლი, რომელზეც სისხლდენის დროს დაწვება, უწმიდურების საწოლად ჩაითვლება მისთვის; და რაზეც დაჯდება უწმიდური იქნება, როგორც წიდოვანების დროს.
27 . ყველა, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება; გაირეცხოს სამოსელი, წყლით დაიბანოს და უწმიდური იქნება საღამომდე.
28 . როცა განიწმინდება სისხლდენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე და შემდეგ იქნება სუფთა.
29 . და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
30 . შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად; და გამოისყიდის მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმინდურების გამო.
31 . ასე მოაცილე უწმიდურება ისრაელის შვილებს, რათა არ დაიხოცნონ თავისი უწმიდურებით, შებღალავენ რა ჩემს სავანეს, რომელიც მათ შორისაა.
32 . ესაა რჯული ლორწომდინარის და იმისა, ვისაც თესლდენა დაემართება, რაც გააუწმიდურებს მას;
33 . წიდოვანისა და ლორწომდინარისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება”.