2კორინთელთა თავი 4

1 . ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,

2 . არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.

3 . თუ არის კიდეც დაფარული ჩვენი სახარება, დაღუპულთათვის არის დაფარული.

4 . ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.

5 . ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.

6 . ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.

7 . მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.

8 . ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი;

9 . დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.

10 . უფალ იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს სხეულში.

11 . ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.

12 . ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი - სიცოცხლე.

13 . და რაკი იგივე რწმენის სული გვაქვს, როგორც სწერია: ‘მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი’, ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ;

14 . რადგან ვიცით, რომ ის, ვინც უფალი იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.

15 . ეს ყველაფერი თქვენთვის არის, რათა მრავალთა მიმართ მადლის გავრცელებით, მრავლდებოდეს მადლიერება, ღმერთის სადიდებლად.

16 . ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.

17 . ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის;

18 . რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.