1 . როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები,
2 . იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.
3 . და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
4 . ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.
5 . და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
6 . მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
7 . თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
8 . მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9 . ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.
10 . და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11 . მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით.
12 . გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
13 . უთხრა ღმერთმა ნოეს: "დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.
14 . გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.
15 . ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
16 . სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.
17 . და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.
18 . შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19 . ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.
20 . ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.
21 . მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.
22 . და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4 . ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . როცა სამშვიდობო შესაწირს შესწირავთ უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.
6 . თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო, რაც მესამე დღემდე მორჩება - ცეცხლში დაიწვას.
7 . თუ მესამე დღეს შეიჭამა მსხვერპლი, შებღალულად ჩაითვლება და არ იქნება მიღებული.
8 . მისი მჭამელი ცოდვას იტვირთავს, რადგან შებღალა უფლის სიწმინდე და მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
9 . როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
10 . ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
11 . არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
12 . ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
13 . არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
14 . ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
15 . უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
16 . ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
17 . შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
18 . შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
19 . დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.
20 . თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.
21 . მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
22 . და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.
23 . როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს;
24 . მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმიდა, უფლის საქებარ შესაწირად.
25 . მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26 . არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.
27 . არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
28 . მკვდართათვის სხეული არ დაიკაწროთ და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
29 . ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.
30 . დაიცავით ჩემი შაბათები და გეშინოდეთ ჩემი საწმიდრისა; მე ვარ უფალი.
31 . ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
32 . წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
33 . როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
34 . როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35 . უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
36 . სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
37 . დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი”.
1 . "და როცა შეხვალ ქვეყანაში, რომელსაც გიმკვიდრებს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ და დასახლდები მასში,
2 . უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად.
3 . მიდი მღვდელთან, რომელიც იმ დღეებში იქნება და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შევედი მიწაზე, რომლის მოცემაც შეჰფიცა უფალმა ჩვენ მამებს.
4 . გამოგართმევს მღვდელი კალათს ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინაშე.
5 . ილაპარაკებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: "მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი, ჩავიდა ეგვიპტეში და მცირერიცხოვან ხალხად მდგმურობდა იქ და შეიქნა იქ დიდ ერად, ძლიერად და მრავალრიცხოვნად.
6 . გვიბოროტეს ეგვიპტელებმა, გვავიწროებდნენ და სასტიკად გვიმონებდნენ;
7 . და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, იხილა ჩვენი გაჭირვება, ჯაფა და ჩაგვრა.
8 . გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით, შემართული მკლავით, ძრწოლით, დიადი ნიშნებითა და სასწაულებით.
9 . მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა - მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
10 . აჰა, მოვიტანე პირველნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო! დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
11 . და გაიხარე ყველა იმ სიკეთით, რომელიც უფალმა, შენმა ღმერთმა მოგცა, შენ, შენს სახლეულს და შენს მხარეში მყოფ ლევიანსა და ხიზანს, შენთან ერთად.
12 . როცა დაასრულებ მესამე წელს - მეათედის წელს, გამოყავი და მიეცი შენი მოსავლის მეათედი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ.
13 . და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: სახლიდან გავიღე წმიდა წილი და ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს მივეცი, შენი მცნების მიხედვით, რომელიც მამცნე; არ გადავუხვიე შენ მცნებებს და არ დავივიწყე.
14 . არ მიჭამია მისგან გაჭირვებაში, არ გამიღია იგი გაუწმიდურებულს და მიცვალებულისთვის არ მიმიცია; ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის ხმა და ავასრულე ყოველივე, რაც მამცნე.
15 . გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფელიდან, ზეციდან და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს; ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
16 . გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.
17 . რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.
18 . აღგითქვა დღეს უფალმა, რომ იქნები მისი საუნჯე, როგორც აქვს ნათქვამი, რათა იცავდე მის ყველა მცნებას.
19 . და რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ერზე მეტად, ქებით, სახელითა და დიდებით და იყო წმიდა ხალხი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც აქვს ნათქვამი უფალს”.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ილოცა ხანამ და თქვა: "ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.
2 . არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
3 . აღარ ილაპარაკოთ ქედმაღლურად; კვეხნა ნუ გამოვა თქვენი ბაგეებიდან, რადგან ცოდნის ღმერთია უფალი, ის განსჯის ყველა საქმეს.
4 . ძლიერთა მშვილდი დაიმსხვრევა, უძლურნი კი ძალას შემოისარტყლავენ.
5 . მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; უშვილომ შვიდი დაბადა; მრავალშვილიანი კი დაჭკნა.
6 . უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7 . უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
8 . მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
9 . იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.
10 . უფალი მოსპობს მის მოწინააღმდეგეთ, ციდან იგრგვინებს მათზე. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს, ძალას მისცემს თავის მეფეს და მოამაღლებს თავისი ცხებულის რქას!”
11 . წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად.
12 . უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები, არ იცნობდნენ უფალს.
13 . არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.
14 . ჩაჰკრავდა ქვაბში, ან ქვაბქოთანში, ან ტაფაში, ანდაც ქილაში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდლის ძეს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მიმსვლელ ყველა ისრაელიანელს.
15 . უფრო მეტიც: ქონის კმევამდეც მოდიოდა მღვდლის მსახური და ეუბნებოდა შესაწირის პატრონს: "შესაწვავი ხორცი მიეცი მღვდელს, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი”.
16 . თუ ეტყოდა კაცი: "ჯერ ქონს ვაკმევ და მერე წაიღე, რაც გენებოსო,” მიუგებდა: "არა, ახლა მომეცი, თორემ ძალით წაგართმევ”.
17 . ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.
18 . ყმაწვილი სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე და სელის ეფოდი ემოსა.
19 . პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.
20 . აკურთხებდა ხოლმე ყელი ელკანასა და მის ცოლს და ეტყოდა: "უფალმა მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა, უფლისთვის მიძღვნილის სანაცვლოდ!” და ბრუნდებოდნენ სახლში.
21 . მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.
22 . ძალზე მოხუცდა ყელი; ესმოდა, როგორც ექცეოდნენ მისი ვაჟები ისრაელს, და როგორ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ.
23 . ეუბნებოდა: "რატომ იქცევით ასე? ხალხისგან მესმის თქვენი ბოროტების ამბავი.
24 . არ გინდათ, შვილებო, არ არის კარგი, რაც მესმის: თქვენგან ირყვნება უფლის ერი.
25 . თუ კაცმა კაცს შესცოდა, უფალი უშუამდგომლებს, მაგრამ თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ უშუამდგომლებს?” და არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა.
26 . ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლს იხვეჭდა უფლისა და ხალხის თვალში.
27 . მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის მონობის სახლში ყოფნისას?
28 . ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან ჩემს მღვდლად, რომ ჩემს სამსხვერპლოზე ასულიყო კეთილსურნელების საკმევად და ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე მივეცი მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო შესაწირი.
29 . რატომ თელავთ ფეხქვეშ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირის საუკეთესო წილით?
30 . ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან!
31 . აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.
32 . მეტოქეს დაინახავ ჩემს სამყოფელში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება; შენს სახლში კი უკუნისამდე აღარ იქნება მოხუცებული.
33 . მაგრამ ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რათა თვალები დაგებინდოს და სული შეგიწუხდეს; და შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში.
34 . და აჰა, ნიშანი, რომელიც შენს ორ ვაჟზე, ხოფნიზე და ფინხასზე აღსრულდება: ერთ დღეს მოკვდებიან ორივენი.
35 . და დავიდგენ ჩემთვის ერთგულ მღვდელს, რომელიც იმას აღასრულებს, რაც ჩემს გულსა და აზრშია. მყარ სახლს ავუშენებ და ივლის მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე.
36 . და ყოველი გადარჩენილი შენს სახლში, მივა მასთან, მოიდრიკება მის წინაშე ვერცხლის ფულისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: დამადგინე რაიმე სამღვდლო მსახურებაზე, რომ ვჭამო ლუკმაპური”.
1 . მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა:
2 . "მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი.
3 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;
4 . რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!
5 . შენ თვითონ იცი, რაც იოაბ ცერუიას ძემ მიყო, როგორ მოექცა ისრაელის ორ მხედართმთავარს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს. მოკლა ისინი და საბრძოლო სისხლი დაღვარა მშვიდობის ჟამს; საბრძოლო სისხლში გაისვარა სარტყელი, რომელიც წელზე ერტყა და ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე ემოსა.
6 . შენი სიბრძნისამებრ მოექეცი, მშვიდობით ნუ ჩაიყვან მის ჭაღარას საფლავში.
7 . გილყადელი ბარზილაის ძეთ სიკეთე უყავ, სუფრასთან გესხდნენ, რადგან თვითონაც ასე მომექცნენ, აბესალომს, შენს ძმას რომ გავურბოდი.
8 . აჰა, შენთანაა შიმყი გერას ძე, ბენიამინელი, ბახურიმიდან, რომელიც მწარედ მწყევლიდა, მახანაიმში რომ მივდიოდი, მაგრამ იორდანესთან ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და ასე შევფიცე უფლის სახელით: არ მოგკლავ-მეთქი მახვილით!
9 . მაგრამ შენ ნუ დატოვებ დაუსჯელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე საფლავში!”
10 . განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11 . ორმოც წელს იმეფა დავითმა ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა და ოცდაცამეტ წელიწადს - იერუსალიმში.
12 . დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა.
13 . მივიდა ადონია ხაგითის ძე ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან; ჰკითხა ბათ-შებაყმა: "მშვიდობით მოხვედი?” მიუგო: "მშვიდობით”.
14 . თქვა: "სიტყვა მაქვს შენთან”. უთხრა ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
15 . უთხრა: "იცი, რომ ჩემი იყო სამეფო; მთელმა ისრაელმა მე მომაპყრო თვალი, რომ მეფედ დავმჯდარიყავი, მაგრამ შეტრიალდა სამეფო და ჩემს ძმას ერგო, რადგან მისთვის ჰქონდა უფალს მიცემული”.
16 . ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო და უარს ნუ მეტყვი!” მიუგო ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
17 . თქვა ადონიამ: "მიშუამდგომლე მეფე სოლომონთან, შენ უარს არ გეტყვის, აბიშაგ შუნამელი მომცეს ცოლად”.
18 . უპასუხა ბათ-შებაყმა: "კეთილი, გადავცემ შენს თხოვნას მეფეს”.
19 . მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ.
20 . უთხრა სოლომონს: "ერთ მცირე სათხოვარს ვითხოვ შენგან და უარს ნუ მეტყვი”. მიუგო მეფემ: "მთხოვე, დედაჩემო, არ გეტყვი უარს”.
21 . უთხრა: "ადონიას, შენ ძმას, აბიშაგ შუნამელი მიეცი ცოლად”.
22 . მიუგო მეფე სოლომონმა: "რად ითხოვ აბიშაგ შუნამელს ადონიასთვის? და რადგან ჩემი უფროსი ძმაა იგი ბარემ სამეფოც მთხოვე მისთვის; მასთან არიან აბიათარ მღვდელი და იოაბი, ცერუიას ვაჟი”.
23 . დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი: "ასე და ასე დამმართოს ღმერთმა და უარესიც, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ადონიას ეს სიტყვები!
24 . ახლა, როგორც ჩემი განმამტკიცებელი უფალია ცოცხალი, რომელმაც დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე და შეპირებისამებრ მომცა სამეფო სახლი, ისე დღესვე მოკვდება ადონია”.
25 . გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.
26 . უთხრა მეფემ აბიათარ მღვდელს: "წადი ყანათოთში, შენი ველებისკენ, სიკვდილს იმსახურებ, მაგრამ არ მოგკლავ, რადგან უფლის, ღმერთის კიდობანს ატარებდი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა”.
27 . გააძევა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც ყელის სახლეულზე წარმოითქვა შილოში.
28 . მიუვიდა ეს ამბავი იოაბს, რომელიც ადონიასკენ იყო გადახრილი, თუმცა აბესალომს არ მიმხრობია. გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.
29 . შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ, სამსხვერპლოსკენ გაიქცაო იოაბი; გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დაავალა: "წადი და მოკალი”.
30 . მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: "ასე ბრძანა მეფემ: გამოდი!” მიუგო: "არა, აქვე მოვკვდები”. და შეატყობინა ბენაიამ მეფეს ეს სიტყვები: "ასე თქვაო იოაბმა”.
31 . უთხრა მეფემ: "ისე მოექეცი, როგორც თვითონ თქვა, მოკალი და დამარხე, მომბანე უდანაშაულო სისხლი მეც და მამაჩემის სახლსაც, რომელიც იოაბმა დაღვარა.
32 . უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.
33 . მიექცეს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლობის თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მისი შთამომავლობის სახლსა და ტახტს კი საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან”.
34 . წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე და განგმირა იოაბი; თავისივე სახლში დაიმარხა იგი, უდაბნოში.
35 . მის ნაცვლად ბენაია იეჰოიადაყის ძე დანიშნა მეფემ ლაშქრის სარდლად, აბიათარის ნაცვლად კი - ცადოკ მღვდელი.
36 . წარგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "აიშენე სახლი იერუსალიმში, იქ იცხოვრე და არ გახვიდე იქიდან,
37 . რადგან როგორც კი გახვალ და გასცდები კედრონის ხევს, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება; შენზევე იქნება შენი სისხლი”.
38 . უპასუხა შიმყიმ მეფეს: "კეთილია ეს სიტყვა; როგორც მიბრძანა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური”. და დიდხანს ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში.
39 . სამი წლის თავზე ორი მსახური გაექცა შიმყის აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის: გათში არიანო შენი მსახურნი.
40 . ადგა შიმყი, შეკაზმა სახედარი და წავიდა გათში აქიშთან, რათა გაქცეული მსახურები მოეძებნა. მივიდა შიმყი და წამოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი.
41 . ეუწყა სოლომონს, შიმყი იერუსალიმიდან გათში წავიდა და დაბრუნდაო.
42 . გაგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "განა უფალი არ დაგაფიცე და არ გაგაფრთხილე, როგორც კი გახვალ ქალაქიდან, მოკვდები-მეთქი? ხომ მიპასუხე, შენი ბრძანებისამებრ მოვიქცევიო.
43 . რატომ დაარღვიე უფლის ფიცი და ჩემი ნაბრძანები?!”
44 . კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: "იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!
45 . მეფე სოლომონი კი კურთხეული იქნება და საუკუნოდ განმტკიცდება დავითის ტახტი უფლის წინაშე”.
46 . უბრძანა ბენაია იეჰოიადაყის ძეს, მანაც დაჰკრა და მოკლა შიმყი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
1 . რვა წლის იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იედიდა, ადაიას ასული, ბაცეკათიდან.
2 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დადიოდა მამამისის, დავითის გზით, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
3 . გამეფებიდან მეთვრამეტე წელს ამ დავალებით გაგზავნა მეფე იოშიამ უფლის ტაძარში შაფანი, აცალიაჰუს ძე, მეშულამ მწიგნობრის შთამომავალი:
4 . „ადი მღვდელმთავარ ხილკიასთან და გადათვალოს უფლის ტაძარში შეწირული ფული, რომელიც ხალხისგან შეაგროვეს კარიბჭის მცველებმა.
5 . გადასცენ მოხელეებს, უფლის სახლის მეთვალყურეებს; მათ კი უფლის ტაძარში მომუშავეებს მისცენ ტაძრის შესაკეთებლად:
6 . ხუროებს, მშენებლებსა და კალატოზებს - ხისა და თლილი ქვების საყიდლად, რათა შეკეთდეს სახლი”.
7 . ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს ხელში მისცემენ, რადგან ყოველივეს ერთგულად აკეთებენ ისინი”.
8 . უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში”. მისცა ხილკიამ შაფანს წიგნი და წაიკითხა მან.
9 . მივიდა შაფან მწიგნობარი მეფესთან და მოახსენა: „წამოყარეს შენმა მსახურებმა ფული, რომელიც ტაძარში იყო და უფლის სახლში განწესებულ მოხელეებს გადასცეს”.
10 . აუწყა შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. წაიკითხა შაფანმა მეფის თანდასწრებით.
11 . მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები და სამოსელი შემოიხია.
12 . ასე უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, აქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწიგნობარს და ასაიას, მეფის მსახურს:
13 . „წადით, ჰკითხეთ უფალს ჩემთვის, ჩემი ხალხისა და მთელი იუდასთვის ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო, რადგან დიდი რისხვა აღენთო უფალს ჩვენზე, ვინაიდან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები, რათა ყოველივე ისე აღესრულებინათ, როგორც დაწერილია”.
14 . წავიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, აქბორი, შაფანი და ასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომელიც თიკვას შვილიშვილის, სამოსელთა მცველის, შალუმ ხარხასის ძის ცოლი იყო და იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა; ელაპარაკნენ.
15 . უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით კაცს, რომელმაც ჩემთან მოგავლინათ,
16 . ასე ამბობს-თქო უფალი: მე მოვავლენ ბოროტს ამ ადგილსა და მის მცხოვრებლებზე, ავასრულებ წიგნის ყოველ სიტყვას, რომელიც წაიკითხა იუდას მეფემ,
17 . რადგან მიმატოვეს და უცხო ღმერთებს უკმევდნენ, რათა განმარისხონ თავიანთი საქმიანობით; ანთებულია ჩემი გულისწყრომა ამ ადგილზე და არ ჩაქრება!
18 . ასე უთხარით იუდას მეფეს, უფალთან დასაკითხად თქვენს მომავლინებელს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმ სიტყვებზე, რომლებიც ისმინე:
19 . რადგან მოლბა შენი გული და მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც ამ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე მაქვს ნათქვამი, რომ გაუდაბურდებიან და დაიწყევლებიან ისინი, შემოიხიე სამოსელი და მოსთქვამდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ გისმინე, ბრძანებს უფალი.
20 . აჰა, ამიტომაც წაგიყვან შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ საფლავში და არ იხილავს შენი თვალი ყველა იმ ბოროტებას, რომელსაც ამ ადგილს მოვუვლენ!” გადასცეს მეფეს ეს სიტყვები.
1 . შემოკრიბა დავითმა ისრაელის ყველა მთავარი იერუსალიმში, მამისსახლთა თავკაცები, ჯარების სარდალნი, მეფის მსახურნი, ათასისთავნი, ასისთავნი, მეფისა და მისი ძეების მთელი ქონებისა და ჯოგის გამგებელნი, მეფისწულები თავისი საჭურისებით და ყველა მამაცი ვაჟკაცი.
2 . ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა: „მისმინეთ, ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო! გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხთათვის კვარცხლბეკის აშენება; აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად.
3 . მითხრა უფალმა: არ ააშენო ტაძარი ჩემს სახელზე, რადგან მებრძოლი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი!
4 . მამაჩემის მთელი სახლეულიდან გამომარჩია უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უკუნისამდე სამეფებლად ისრაელზე, რადგან იუდა გამოარჩია მმართველად, იუდას სახლში მამაჩემის სახლი აირჩია, მამაჩემის ძეთა შორის კი, ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე!
5 . ჩემი ყველა ვაჟიდან კი, ვინაიდან მრავალი ძე მომცა უფალმა, სოლომონი ამოირჩია, უფლის სამეფოს, ისრაელის ტახტზე დასასმელად.
6 . მითხრა: სოლომონი, შენი ძე, ის ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან ის ავირჩიე ჩემთვის ძედ და მე ვიქნები მის მამად.
7 . სამარადისოდ განვუმტკიცებ სამეფოს, თუ მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებსა და დადგენილებებს, როგორც დღეს იცავს!
8 . ახლა კი, მთელი ისრაელის, უფლის კრებულის წინაშე და ჩვენი ღმერთის გასაგონად ვამბობ: დაიცავით და გამოიკვლიეთ უფლის, თქვენი ღმერთის ყოველი მცნება, რათა დაიმკვიდროთ ეს ბარაქიანი ქვეყანა და დაუტოვოთ თქვენს ძეთ, თქვენ შემდეგ სამუდამოდ.
9 . შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას - იპოვი, თუ მიატოვებ - სამუდამოდ უარგყოფს.
10 . აჰა, შენ გამოგარჩია უფალმა, რათა სახლი აუშენო საწმიდრად, მტკიცედ იდექი და შეასრულე!”
11 . და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, კარიბჭის, მისი სახლების, ზედა სათავსების, ქორედების, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლის ნახაზები;
12 . ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც სულით უნდოდა, უფლის სახლის ეზოების, ირგვლივ თითოეული ოთახების, ღვთის ტაძრის საგანძურებისა და შეწირული ნივთების საგანძურებისა;
13 . მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის ყველა მსახურებისა და მისთვის საჭირო მთელი ჭურჭლისა;
14 . ოქროს ნივთებისა განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა, ვერცხლის ყველა ნივთისა, განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა.
15 . ოქროს სალამპრეებისა თავ-თავისი წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით და ვერცხლის სალამპრეებისა წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით, თითოეული სალამპრე თავისი სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ.
16 . ოქროს წონა, საწინაშეო პურის მაგიდისთვის, თითოეული მაგიდისთვის და ვერცხლიც, ვერცხლის მაგიდისთვის.
17 . ასევე სუფთა ოქრო ჩანგლების, თასებისა და ოქროს ფიალებისთვის ოქროსავე სარქვლებით, თითოეული სარქვლისთვის წონით, ასევე ვერცხლიც წონით, თითოეული სარქვლისთვის.
18 . და საკმევლის სამსხვერპლოსთვის ხალასი ოქრო, განსაზღვრული წონა და ეტლის გამოსახულება ოქროს ფრთებგაშლილი ქერუბებით, რომლებიც უფლის აღთქმის კიდობანს ფარავდნენ.
19 . და თქვა დავითმა: "ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონა აღსასრულებლად”.
20 . უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: „მტკიცედ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე.
21 . და აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები ყოველგვარი მსახურებისთვის ღვთის სახლში და ყველა გულმოდგინე, ხელოსნობაში გაწაფული კაცი შენთან არის ყოველ საქმეში; ასევე ყველა მთავარი და მთელი ხალხი, შენს ბრძანებაზეა”.
1 . და უთხრა მეფე დავითმა მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე ამოირჩია ღმერთმა, ყმაწვილია იგი და გამოუცდელი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს ტაძარი კაცისთვის კი არა, უფალი ღმერთისთვისაა.
2 . რაც შემეძლო ყველაფერი მოვამზადე ღვთის სახლისთვის: ოქრო - ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი - ვერცხლის ნივთებისთვის, სპილენძი - სპილენძის ნივთებისთვის, რკინა - რკინის ნივთებისთვის, ხე - ხის ნაკეთობებისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასასმელი ქვები და დაფერილი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვა და უამრავი მარმარილოს ქვა.
3 . ამასთან ერთად, ჩემი ღმერთის სახლის სიყვარულის გამო საკუთარ ოქროსა და ვერცხლის საგანძურს ჩემი ღმერთის სახლს ვაძლევ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა ტაძრისთვის მაქვს მომზადებული:
4 . სამი ათასი ტალანტი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ტალანტი გამოდნობილი ვერცხლი, შენობის კედლების მოსაპირკეთებლად,
5 . ოქრო - ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი - ვერცხლის ნივთებისთვის, ყველა ოსტატური საქმისთვის. კიდევ ვის სურს შესწიროს დღეს უფალს სავსე ხელით?”
6 . საკუთარი ნებით სწირავდნენ მამისსახლთა თავკაცები და მთავრები, ათასეულთა და ასეულთა სარდლები და მეფის საქმეთა გამგებლები.
7 . და გაიღეს ღვთის სახლის სამსახურისთვის: ხუთი ათასი ტალანტი ოქრო, ათი ათასი დრაქმა და ათი ათასი ტალანტი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ტალანტი სპილენძი და ასი ათასი ტალანტი რკინა.
8 . და ვისაც კი ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა, უფლის სახლის საგანძურს გადასცეს იეხიელ გერშონელის ხელით.
9 . ხარობდა ხალხი შესაწირის გამო, რადგან ყველა მათგანი მთელი გულით სწირავდა უფალს; მეფე დავითიც ხარობდა დიდი სიხარულით.
10 . აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა: „კურთხეული ხარ შენ, უფალო, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამაო, უკუნითი უკუნისამდე.
11 . შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე.
12 . სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,
13 . ახლა, გმადლობთ ჩვენო ღმერთო და ვაქებთ შენს დიდებულ სახელს.
14 . ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი, ამდენის შემოწირვა რომ შევძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ!
15 . რადგან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად! აჩრდილივით არის ჩვენი დღეები ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
16 . უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმდიდრე, რაც მოვამზადეთ შენს წმიდა სახელზე სახლის ასაშენებლად, შენმა ხელმა მოგვცა და ყველაფერი შენ გეკუთვნის.
17 . ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ ცდი ჩვენს გულებს და სიმართლით ხარობ. ჩემი გულის სიწრფელით და ნებით შემოგწირე ეს ყველაფერი და ახლა ვხედავ, რომ სიხარულით გიძღვნის შესაწირს შენი ხალხი.
18 . უფალო, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის, ჩვენი მამების ღმერთო! დაიცავი უკუნისამდე შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვები და შენკენ წარმართე მათი გული.
19 . მიეცი სოლომონს, ჩემს ძეს, ერთგული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი მოწმობანი და წესები, რომ ყოველივე ამასთან ერთად ტაძარი აგიშენოს, რომლისთვისაც მოვამზადე ყველაფერი”.
20 . უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, თქვენი ღმერთი!” და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამების ღმერთი, მოიდრიკნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს.
21 . მეორე დღეს მსხვერპლები შესწირეს უფალს და სრულადდასაწველი აღუვლინეს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი თავისი საღვრელით და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისთვის.
22 . დიდი სიხარულით ჭამეს და სვეს იმ დღეს უფლის წინაშე და მეორედ გაამეფეს სოლომონი, დავითის ძე და სცხეს მთავრად უფლის წინაშე, ხოლო ცადოკი მღვდლად.
23 . დაჯდა სოლომონი უფლის ტახტზე მეფედ, დავითის, მამამისის ნაცვლად, წარმატებული იყო იგი და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
24 . ყველა მთავარი, ძლიერი მეომარი და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა მეფე სოლომონს.
25 . დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური ბრწყინვალება მისცა, როგორიც არც ერთ მის წინამორბედ მეფეს არ ჰქონია ისრაელში.
26 . და მეფობდა მთელს ისრაელზე დავით იესეს ძე.
27 . ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე: აქედან შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა, ოცდაცამეტს კი - იერუსალიმში.
28 . და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით; მის ნაცვლად კი სოლომონი, მისი ძე გამეფდა.
29 . მეფე დავითის საქმეები, პირველი და უკანასკნელი, აჰა, წინასწარმეტყველ სამუელის წიგნში, წინასწარმეტყველ ნათანის წიგნსა და წინასწარმეტყველ გადის წიგნშია აღწერილი,
30 . მთელი მისი მეფობა, მისი ძალა და ამბები, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყნების სამეფოებს გადახდა.
1 . და მივიდნენ მეფე და ჰამანი დედოფალ ესთერთან სანადიმოდ.
2 . ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინო რომ დალიეს: "რა არის შენი სათხოვარი, დედოფალო ესთერ? აჰა, მოგეცემა. ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, აღსრულდება!”
3 . მიუგო დედოფალმა ესთერმა და უთხრა: "მეფევ, თუ მიპოვია მადლი შენს თვალში და თუ ინებებს მეფე, მებოძოს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ხალხის სიცოცხლე ჩემს სავედრებელში!
4 . რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ, მე და ჩემი ხალხი გასანადგურებლად, დასახოცად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს”.
5 . ჰკითხა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს: "ვინ არის იგი და სად არის, ვინც ამის გაკეთება განიზრახა?”
6 . თქვა ესთერმა: "არაკეთილმოსურნე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!” თავზარი დაეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე.
7 . წამოდგა ნადიმიდან განრისხებული მეფე და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა თავისი სული გამოეთხოვა დედოფალ ესთერისგან, რადგან დაინახა, რომ უბედურება ელოდა მეფისგან.
8 . მობრუნდა მეფე სანადიმო დარბაზში სასახლის ბაღიდან, ჰამანი კი ესთერის სარეცელზე იყო დამხობილი. თქვა მეფემ: "დედოფლის დამორჩილებაც განუზრახავს ჩემს სახლში?!” სიტყვა თქვა მეფემ და მყისვე დაუფარეს სახე ჰამანს.
9 . თქვა ხარბონამ, მეფის წინაშე მდგომმა ერთ-ერთმა საჭურისმა: "აჰა, ორმოცდაათწყრთიანი ძელი დგას ჰამანის სახლთან, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, ვისმა სიტყვამაც გადაარჩინა მეფე”. და ბრძანა მეფემ: "მასზე ჩამოკიდეთ!”
10 . და ჩამოკიდეს ჰამანი ძელზე, რომელიც მან მორდექაის გაუმზადა და დაცხრა მეფის რისხვა.
1 . მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
2 . ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?
3 . მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისმოსავი ამოირჩია ღმერთმა: უფალი მისმენს, როცა მოვუხმობ მას.
4 . ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.
5 . შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.
6 . მრავალი ამბობს: "ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა, უფალო!
7 . შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას.
8 . მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.
1 . გუნდისლოტბარს, დავითის საგალობელი. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
2 . დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
3 . არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
4 . მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
5 . და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
6 . ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
7 . რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
8 . მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
9 . შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
10 . სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
11 . და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
12 . ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
13 . ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
14 . დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
1 . დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
2 . ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.
3 . ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.
4 . მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ.
5 . რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.
6 . კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა.
7 . უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
8 . უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.
9 . ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე.
1 . გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.
2 . შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
3 . ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
4 . შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.
5 . შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ.
6 . რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.
7 . არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.
8 . ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. სელა.
9 . მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.
10 . უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
11 . მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.
12 . გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.
13 . მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
14 . იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
15 . ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს
16 . შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
17 . ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.
18 . არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.
19 . როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.
20 . ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,
21 . განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
22 . ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.
23 . გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.
24 . რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?
25 . რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.
26 . აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ,როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
2 . მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
3 . რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
4 . შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
5 . აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
6 . აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
7 . მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
8 . მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
9 . სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
10 . სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
11 . ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
12 . დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
13 . ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
14 . მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
15 . უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
16 . რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
17 . შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
18 . კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
19 . მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
1 . მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.
2 . მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.
3 . გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
4 . ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
5 . ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
6 . ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა.
7 . წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.
8 . გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს.
9 . განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
10 . რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
11 . ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.
1 . გუნდის ლოტბარს. გალობა -ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
2 . უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
3 . უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
4 . მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
5 . მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
6 . გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
7 . გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.
8 . ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
9 . შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
10 . რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
11 . მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
12 . შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
13 . მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
14 . რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
15 . მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
16 . მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
17 . მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
18 . სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
19 . ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
20 . კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
1 . ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
2 . მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.
3 . რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
4 . რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
5 . ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
6 . ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
7 . სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
8 . ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
9 . მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
10 . ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
11 . და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
12 . აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
13 . ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
14 . და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
15 . რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
16 . და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
17 . ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
18 . მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
19 . როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
20 . როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
21 . როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა,
22 . უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.
23 . ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
24 . შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
25 . ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
26 . ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
27 . რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.
28 . ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
1 . დავითისფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
2 . ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.
3 . არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
4 . გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე.
5 . თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
6 . თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
7 . ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
8 . დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
1 . ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
2 . ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
3 . სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
4 . ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
5 . კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
6 . რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
7 . ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
8 . იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
9 . გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
10 . ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
1 . შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
2 . დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3 . წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
4 . მადლსა და კეთილგონიერებას მოიპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
5 . მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
6 . ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
7 . ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
8 . კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის.
9 . პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;
10 . და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლიდან.
11 . შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.
12 . რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა - შვილს, თავის საქებარს!
13 . ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი - გონიერების მომხვეჭი!
14 . რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი - ბაჯაღლოს.
15 . მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.
16 . დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
17 . მისი გზები საამურია, ბილიკები - მშვიდობიანი.
18 . სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ჩაეჭიდა მას და ნეტარნი არიან მასზე ჩაბღაუჭებულნი.
19 . უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონიერებით განამტკიცა ცანი.
20 . ჯურღმულნი გაიპო მისი ცოდნით და ცვარს აფრქვევენ ღრუბელნი.
21 . შვილო, ნუ მიეფარება შენს თვალს ისინი, ჯანსაღი აზრი და ავკარგიანობა დაიცავი.
22 . და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.
23 . მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზებზე და ფეხი შენი არ წაბორძიკდება.
24 . როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.
25 . არც უეცარი შიში შეგაძრწუნებს და არც სიავე, ბოროტეულთაგან რომ მოვა,
26 . რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.
27 . ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,
28 . ნუ ეტყვი მოყვასს: "წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.
29 . ნუ განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის, როცა დანდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდით.
30 . ნურც უმიზეზოდ შეედავები კაცს, თუ არ უბოროტია შენთვის.
31 . ნუ შეგშურდება მოძალადე კაცისა, მის ნურც ერთ გზას ნუ აირჩევ;
32 . რადგან მზაკვარნი საძაგელნი არიან უფლის წინაშე, წრფელებთან კი ახლობლობს იგი.
33 . უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
34 . დამცინავთ დასცინის, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
35 . ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.
1 . ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ.
2 . რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ.
3 . რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.
4 . მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.
5 . შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.
6 . არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.
7 . მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.
8 . დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.
9 . ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
10 . ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
11 . სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
12 . გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
13 . ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
14 . ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
15 . ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
16 . რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
17 . რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
18 . მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
19 . ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
20 . შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.
21 . თვალი არ მოაშორო, გულის წიაღში შეინახე.
22 . რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის და კურნებაა მისი სხეულისთვის.
23 . ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.
24 . მოიცილე მზაკვრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე.
25 . წინ იყურონ შენმა თვალებმა და პირდაპირი იყოს შენი მზერა შენს წინაშე.
26 . მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.
27 . ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.
1 . შვილო, თუ თავდებად ჩადექი შენი ახლობლისთვის და ხელი ხელზე დაარტყი უცხოსათვის,
2 . მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით.
3 . თუ ხელში ჩაუვარდი ახლობელს, ასე მოიქეცი შვილო და გადაირჩენ თავს: წადი, თავი დაიმდაბლე და ევედრე.
4 . თვალებს ძილს ნუ მიაკარებ და ქუთუთოებს - რულს,
5 . გადაირჩინე თავი, როგორც შველმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
6 . ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
7 . არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი;
8 . ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.
9 . როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ?
10 . ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად,
11 . და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით - გაჭირვება.
12 . უღირსი ადამიანი, ბოროტი კაცი, უკუღმართი პირით დაიარება,
13 . თვალს ჩაუკრავს, ფეხებითა და თითებით ანიშნებს.
14 . უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.
15 . ამის გამო უეცრად დაატყდება უბედურება, მყისიერად შეიმუსრება და არ ექნება კურნება.
16 . ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:
17 . ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
18 . ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,
19 . ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.
20 . შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
21 . განუწყვეტლივ გულზე გქონდეს შებმული, ყელზე მოხვეული.
22 . სიარულისას წინ წაგიძღვება, ძილში გიდარაჯებს და გამოღვიძებულს დაგელაპარაკება.
23 . რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.
24 . რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
25 . ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს,
26 . რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.
27 . განა ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსის დაუწველად?
28 . ნაკვერჩხლებზე თუ გაივლის ვინმე ფეხების დაუწველად?
29 . ასევეა მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც; დაუსჯელი ვერ გადარჩება, ვინც მოყვასის ცოლს მიეკარება.
30 . არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოიპარავს;
31 . მაგრამ თუ წაასწრებენ, შვიდმაგად ზღავს, თავისი სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
32 . ვინც ქალთან მრუშობს - ჭკუანაკლულია; თავს იღუპავს, ვინც ამას სჩადის.
33 . გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
34 . რადგან ეჭვი განარისხებს კაცს და არ დაინდობს შურისძიების დღეს,
35 . არც რაიმე გამოსასყიდს მიიღებს და არც ძღვენთა სიმრავლეს დათანხმდება.
1 . იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
2 . სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
3 . არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.
4 . ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
5 . ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
6 . მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
7 . კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.
8 . გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.
9 . უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.
10 . თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
11 . მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
12 . სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
13 . ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი - ჯოხი.
14 . ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი დაღუპვასთანაა ახლოს.
15 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
16 . მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
17 . დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
18 . სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.
19 . ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
20 . მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს.
21 . მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
22 . უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.
23 . ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
24 . უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.
25 . გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
26 . რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
28 . მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
29 . უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.
30 . საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.
31 . მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
32 . მართლის ბაგეთ სიკეთე მოაქვს, უკეთურისას კი უკუღმართობა.
1 . გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
2 . კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.
3 . უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება.
4 . უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი - ავი დღისთვის.
5 . ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.
6 . წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
7 . როდესაც მოსაწონია უფლისათვის კაცის გზები, მტერთანაც კი შეარიგებს მას.
8 . სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
9 . კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
10 . ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
11 . მართალი სასწორი და საწყაო აქვს უფალს, მისი შექმნილია აბგის ყველა საწონი.
12 . სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
13 . მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
14 . სიკვდილის მაუწყებელია მეფის რისხვა, ბრძენი კი დააცხრობს მას.
15 . მეფის ხალას მზერაში სიცოცხლეა, მისი კეთილგანწყობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
16 . სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა - რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.
17 . წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება.
18 . დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა.
19 . ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.
20 . საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
21 . გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ, ტკბილი საუბარი დამაჯერებლობას მატებს.
22 . გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
23 . ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
24 . სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი - სულისთვის და კურნება - ძვლებისთვის.
25 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილია.
26 . მშრომელს თავისი მადა აშრომებს, შიმშილი უბიძგებს შრომისკენ.
27 . უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.
28 . უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
29 . მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე ატარებს.
30 . ვინც თვალებს ჭუტავს უკუღმართობას განიზრახავს, ვინც ბაგეს იკვნეტს ბოლომდე მიჰყავს ბოროტი ზრახვები.
31 . ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
32 . რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს.
33 . წილს კალთაში ყრიან, მაგრამ ყველა განაჩენი უფლისგან მოდის.
1 . გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება.
2 . გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას.
3 . გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.
4 . უთხარით სულსწრაფებს: "გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”.
5 . ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.
6 . ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე - ნაკადულები.
7 . ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად - მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.
8 . და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.
9 . ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე.
10 . დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.
1 . "მიმოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, დაზვერეთ, მოიძიეთ მის მოედნებზე, სამართლიან კაცს თუ იპოვით, ჭეშმარიტების მძებნელს. მაშინ შევიწყალებდი იერუსალიმს.
2 . თუმცა ამბობენ: "როგორც უფალია ცოცხალიო”, მაგრამ ნამდვილად ცრუდ იფიცებენ”.
3 . უფალო, განა ჭეშმარიტებას არ ეძებს შენი თვალი? დალახვრე ისინი, მაგრამ არ ეტკინათ, შთანთქე ისინი, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს; კლდეზე მეტად გაიქვავეს სახეები, არ სურთ მობრუნება.
4 . ვთქვი ჩემთვის: "საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის განკითხვანი.
5 . დიდკაცებთან მივალ, დაველაპარაკები, მათ მაინც ეცოდინებათ-მეთქი უფლის გზა, განკითხვანი თავიანთი ღმერთისა”; მაგრამ მათაც ერთიანად დაუმსხვრევიათ უღელი და დაუწყვეტიათ საბელები.
6 . ამის გამო შემუსრავს მათ ტყის ლომი, უდაბნოს მგელი გააპარტახებს, ჯიქი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს, დაგლეჯს ყოველ იქიდან გამოსულს, რადგან გამრავლდა მათი დანაშაული, გახშირდა მათი განდგომა.
7 . "როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ.
8 . გამაძღარი, ატეხილი ულაყებივით არიან - თითოეული თავისი მოყვასის ცოლს შეჭიხვინებს.
9 . არ დაგსაჯოთ ამის გამო? ამბობს უფალი. შურს არ იძიებს ჩემი სული ასეთ ხალხზე?
10 . შედით მის ვენახში და მოსპეთ, მაგრამ არა ბოლომდე. ყლორტები ააჭერით, რადგან უფლისა არ არიან ისინი.
11 . რადგან მიღალატა ისრაელისა და იუდას სახლმა!” - ამბობს უფალი;
12 . ცილს სწამებდნენ უფალს და ამბობდნენ: "არ არის იგი, სიავე არ გვეწევა, მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო.
13 . წინასწარმეტყველნი განქარდებიან, უფლის სიტყვა არ არის მათში; ასემც დამართნიათ მათ”.
14 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: "რადგან ასეთი სიტყვა თქვით, აჰა, ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში, ამ ხალხს კი - შეშად, რომელსაც შთანთქავს იგი!
15 . აჰა, შორიდან მომყავს თქვენზე ხალხი, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი. ძლიერი ხალხია, ძველი ხალხი, ხალხი, რომლის ენა არ იცი, ამიტომ მის ნალაპარაკებს ვერ გაიგებ.
16 . პირღია საფლავია მისი კაპარჭი, ყველანი მამაცი მეომრები არიან.
17 . ის შეჭამს შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამს შენს ძეებსა და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარსა და ძროხას, შეჭამს შენს ვაზსა და ლეღვს, მახვილით მოაოხრებს შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომლებზეც დაიმედებულხარ.
18 . იმ დღეებშიც კი - ამბობს უფალი - არ მოგსპობთ მთლიანად.
19 . და იქნება, როცა იკითხავენ, რის გამო დაგვსაჯაო ასე უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მაშინ უთხარი მათ: როგორც მე დამივიწყეთ და საკუთარ ქვეყანაში უცხო ღმერთებს ემსახურებოდით, ასევე მოემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ არის.
20 . აუწყეთ ეს იაკობის სახლს და ასე გამოაცხადეთ იუდაში:
21 . ახლა ეს ისმინე, სულელო და უბედურო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყურები აქვს და ვერ ისმენს,
22 . ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად, სამუდამო წესად, რომელსაც ვერ გადაუხვევს; თუმცა ბობოქრობენ მისი ტალღები, მაინც ვერ სძლევენ, ღრიალებენ, მაგრამ ვერ გასცდებიან მას.
23 . ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ.
24 . გულშიც კი არ უთქვამთ: "გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.
25 . თქვენმა ურჯულოებამ მიატრიალა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა წაგართვათ ეს სიკეთე.
26 . რადგან არიან ჩემს ხალხში ბოროტმოქმედნი, სულგანაბულნი რომ ჩასაფრებულან ფრინველზე მონადირეებივით, დგამენ ხაფანგებს და ადამიანებს იჭერენ.
27 . როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ისე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ.
28 . გასუქდნენ და გალაღდნენ, ზღვარს გასცდნენ ბოროტებაში, ობოლთა საქმეში სამართალს არ დაეძებენ, რათა არ გაიმარჯვონ, ღარიბთა საქმეს არ განსჯიან.
29 . არ დაგსაჯო ამის გამო? ამბობს უფალი. განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
30 . საზარელი და საშინელი რამ ხდება ამ ქვეყნად.
31 . წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები მათი მეშვეობით ბატონობენ, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს, მაგრამ ბოლოს რაღას იზამთ?”
1 . მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ, უფლის სახლის ზედამხედველმა, ეს სიტყვები, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა.
2 . აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.
3 . მეორე დღეს, როცა ფაშხურმა იერემია გამოუშვა დილეგიდან, უთხრა მას იერემიამ: "ფაშხურს კი აღარ გიწოდებს უფალი, არამედ მაგორ-მისსაბიბს (შიშის ზარი ყოველი მხრიდან).
4 . რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიშის ზარს დაგცემ შენ და ყველა შენს მეგობარს, თავიანთი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი და შენი თვალით ნახავ ამას; ბაბილონის მეფეს მივცემ ხელში მთელ იუდას, ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით მოსრავს.
5 . ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მის ნაჯაფარსა და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეების მთელ საგანძურს ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, წაიღებენ და ბაბილონში მიიტანენ.
6 . შენც, ფაშხურ, და ყველას, ვინც შენს სახლში ცხოვრობს, ტყვედ წაასხამენ, ბაბილონში წახვალ, იქ მოკვდები. იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მეგობარი, რომლებსაც სიცრუეს უწინასწარმეტყველებდი”.
7 . შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.
8 . რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
9 . ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
10 . ბევრისგან ცუდი მესმოდა, შიში იყო ირგვლივ, ამბობენ: ბრალი დასდეთ და ჩვენც დავდებთო. ყველა მეგობარი, ვისაც ვენდობოდი, ჩემს წაბორძიკებას დარაჯობს; ამბობენ: "იქნებ შეცდეს, მაშინ ვძლევთ და შურს ვიძიებთო”.
11 . უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
12 . ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
13 . უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი! რადგან მან იხსნა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
14 . წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15 . წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.
16 . იმ ქალაქებივით იყოს ის კაცი, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად. დაე, კივილი ესმოდეს დილაობით და საბრძოლო განგაშის ხმა შუადღისას,
17 . იმის გამო, რომ საშოში არ მომკლა, რათა დედაჩემი გამხდარიყო ჩემი სამარე, მისი საშო კი - მარად ორსული.
18 . რისთვის გამოვედი საშოდან? რომ სატანჯველი და მწუხარება მენახა და სირცხვილში გამეტარებინა ჩემი დღეები?
1 . ყამონის ძეებზე კი ასე ამბობს უფალი: "განა, არა ჰყავს ისრაელს ძენი? განა არა ჰყავს მემკვიდრე? მაშ რატომ დაეპატრონა მალქომი გადს? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
2 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი, როცა რაბამდე გაიგებენ ყამონის ძეთა საბრძოლო საყვირის ხმას, და იქცევა ის ნანგრევების გროვად, მისი შემოგარენი კი ცეცხლით გადაიბუგება; და დაეპატრონება ისრაელი თავის სამკვიდროს! ამბობს უფალი.
3 . იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
4 . რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
5 . აჰა, მე მოვაწევ შენზე ძრწოლას, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, შენ ირგვლივ მყოფთაგან; სათითაოდ გაგაძევებენ და არავინ იქნება განდევნილთა შემკრები.
6 . ამის შემდეგ კი მე დავაბრუნებ ყამონის ძეებს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
7 . ედომზე კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აღარ არის სიბრძნე თემანში? გამტყუნდა გონიერთა რჩევა? გაქრა მათი სიბრძნე?
8 . გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.
9 . ყურძნის მკრეფავნი რომ შემოგსეოდნენ, განა არ დარჩებოდათ მარცვლები? ქურდები რომ შემოპარულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მიიტაცებდნენ?
10 . რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი სამალავი და ვეღარ შეძლებს თავის შეფარებას. გაცამტვერდა მისი შთამომავლობა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. აღარ იქნება იგი.
11 . დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: აჰა, ვისაც მისჯილი არ ჰქონდა ამ ფიალის შესმა, აუცილებლად შესვამს და შენ არ დაისჯები? დაუსჯელი არ დარჩები, აუცილებლად შესვამ.
13 . რადგან ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ საფრთხობელად, სამარცხვინოდ, აოხრებულად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი - საუკუნო ნანგრევებად”.
14 . ამბავი მესმა უფლისგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: "შეიკრიბეთ და მოდით მის წინააღმდეგ და აღსდექით საბრძოლველად!
15 . რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხებში, საძულველი გაგხადე ადამიანებში.
16 . საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.
17 . საფრთხობელად გადაიქცევა ედომი, გაოცდება ყოველი გამვლელი და დაუსტვენს მისი წყლულების დამნახავი.
18 . როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.
19 . აჰა, ლომივით ამოვა იგი იორდანეს უღრანიდან გამაგრებულ საცხოვრებლებზე, მაგრამ მყისიერად ვაიძულებ მისგან გაქცევას; ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი, ან ვინ დამინიშნავს დროს? ვინაა ის მწყემსი, წინ რომ დამიდგება?
20 . ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
21 . მათი დაცემის ხმაზე მიწა შეირყევა და მათი ყვირილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
22 . აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული”.
23 . დამასკოზე: "შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.
24 . დაუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
25 . როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი სიხარულის ქალაქი?
26 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და მისი ყველა მებრძოლი დადუმდება იმ დღეს! ამბობს ცბაოთ უფალი.
27 . ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.
28 . კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასცა. ასე ამბობს უფალი: "ადექით, წადით კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი.
29 . თავისთვის წაასხამენ მათ ფარებს და წაიღებენ მათ კარვებს; მათ ფარდაგებს, მთელ მათ ჭურჭელსა და აქლემებს; ყველა მხრიდან ძრწოლას მოჰგვრიან.
30 . გაიქეცით, შორს წადით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, ხაცორის მცხოვრებნო, ამბობს უფალი, რადგან გადაწყვეტილება მიიღო თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და სიავე განიზრახა თქვენზე.
31 . ადექით, დაეცით უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს! ამბობს უფალი, არც კარები აქვს, არც დარაბები, განმარტოებულად სახლობს.
32 . წაასხამენ მათ აქლემებს და მათ საქონელს ნადავლად. გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ ქარის ყველა მიმართულებით და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას! ამბობს უფალი.
33 . იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად და საუკუნო უდაბნოდ; არავინ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში”.
34 . უფლის სიტყვა ელამზე, რომელიც ესმა იერემიას იუდაზე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში.
35 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გადავტეხავ ელამის მშვილდს, მისი ძლევამოსილების საფუძველს.
36 . ოთხ ქარს მოვაწევ ცის ოთხი კიდიდან ელამზე და გავფანტავ მათ ამ ქარებთან ერთად; არ დარჩება ერი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ელამელი.
37 . მე გავანადგურებ ელამელთ მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა თვალწინ; მოვაწევ მათზე უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, ამბობს უფალი, მახვილს დავადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.
38 . დავიდგამ ტახტს ელამში და იქიდან მოვსპობ მეფესა და მთავრებს, ამბობს უფალი.
39 . მაგრამ უკანასკნელ დღეებში დავაბრუნებ ელამს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მიმართე სახე ყამონის ძეთაკენ და მათ წინააღმდეგ იწინასწარმეტყველე.
3 . უთხარი: ყამონის ძენო, ისმინეთ-თქო უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგანაც გაიცინე ჩემს საწმიდარზე, როცა შეიბღალა და ისრაელის მიწაზე, როცა გაუკაცრიელდა და იუდას სახლზე, როცა დევნილობაში წავიდა.
4 . ამიტომ, აჰა, მეც აღმოსავლეთის ძეთ მიგცემ სამკვიდროდ, შენ შორის დასცემენ ბანაკებს და საცხოვრებლებს მოიწყობენ. შენს ნაყოფს შეჭამენ და შენს რძეს დალევენ.
5 . აქლემების საძოვრად ვაქცევ რაბას, ყამონის ძეთა ქვეყანას კი - ცხვრის ფარების სადგომად; და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
6 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტაშს უკრავდი, ფეხს აბაკუნებდი და სულის მთელი მძულვარებით ხარობდი ისრაელის მიწაზე.
7 . ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და გასაძარცვად გადაგცემ ხალხებს; აღმოგფხვრი ხალხებიდან და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
8 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, სხვა ერებივით გახდაო იუდას სახლი;
9 . ამიტომ, აჰა, გვერდებს შემოვაცლი მოაბის ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს.
10 . აღმოსავლეთის ძეთ მივცემ სამკვიდროდ ყამონის ძეებიანად, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონის ძენი ხალხებში.
11 . სამართალს აღვუსრულებ მოაბს და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
12 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ედომი იუდას ტაძრის წინააღმდეგ წავიდა და შური იძია, ამით დააშავა და მასზეც შური იქნება ნაძიები!
13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც მოვუღერებ ხელს ედომს, მოვუსპობ კაცსა და პირუტყვს, ნანგრევებად ვაქცევ მას და თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
14 . შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელნი და შური იძიეს სულის ზიზღით, რათა გაენადგურებინათ იუდა მარადიული მტრობით,
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვისპირეთის ნატამალს.
17 . მრისხანე მხილებებით აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემს შურისგებას აღვასრულებ მათზე!”
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და თავის ქალაქში მივიდა.
2 . და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: "გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”.
3 . ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო.
4 . იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: "რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში?
5 . რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?
6 . ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!”
7 . ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
8 . ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.
9 . იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: "გამომყევი”. ისიც წამოდგა და გაჰყვა.
10 . მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან.
11 . ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
12 . იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.
13 . თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
14 . მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: "რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?”
15 . უთხრა მათ იესომ: "განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
16 . ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მაინც მოიხევა სამოსელისგან და უარესად დაიხევა.
17 . არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება”.
18 . ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: "ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”.
19 . წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას.
20 . აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო.
21 . ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო.
22 . იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: "გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.
23 . მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
24 . უთხრა მათ: "წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
25 . ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა.
26 . მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
27 . იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: "შეგვიწყალე, ძეო დავითისა!”
28 . სახლში შესულს, ბრმებიც მიადგნენ. უთხრა მათ იესომ: "გწამთ, რომ ძალმიძს ამის გაკეთება?” უპასუხეს: "ჰო, უფალო!”
29 . მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: "თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!”
30 . და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: "აჰა, არავინ გაიგოს!”
31 . ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
32 . გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი.
33 . როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.
34 . ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
35 . დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.
36 . ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
37 . მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: "სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.
38 . ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.
1 . იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2 . დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: "აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.
3 . იესომ უპასუხა: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?
5 . ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?
6 . ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
7 . თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
8 . რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
9 . წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.
10 . და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
11 . მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?
12 . ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.
13 . და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
14 . ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15 . იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა,
16 . და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.
19 . არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
20 . ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;
21 . და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
22 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
23 . მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”
24 . ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
25 . იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
26 . თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27 . თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.
28 . მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
29 . ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.
30 . ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
31 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32 . ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33 . ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.
34 . იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35 . კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
36 . თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37 . რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.
38 . მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.
39 . მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
40 . რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.
41 . ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
42 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
43 . როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.
44 . მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
45 . მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.
46 . როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.
47 . მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.
48 . მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”
49 . გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
50 . რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
1 . მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს:
2 . "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”.
3 . მიუგო მათ პასუხად: "თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო?
4 . რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.
5 . თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი,
6 . ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; და გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემების გამო.
7 . თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:
8 . ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
9 . ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.
10 . მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: "ისმინეთ და შეიგნეთ:
11 . ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამეს ის, რაც პირიდან გამოდის; ეს ბილწავს ადამიანს”.
12 . მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს: "იცი, რომ ცდუნდნენ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით?”
13 . მან კი პასუხად მიუგო: "ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
14 . მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.
15 . პეტრემ უთხრა: "განგვიმარტე ეს იგავი”.
16 . ხოლო მან უთხრა: "აქამდე ვერ მიმხვდარხართ?
17 . ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი რაც პირში შედის, ნაწლავებს გაივლის და გარეთ გამოდის?
18 . ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს.
19 . ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
20 . ეს ყველაფერი ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს”.
21 . გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში.
22 . და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: "შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”.
23 . მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: "გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”.
24 . მან კი უთხრა პასუხად: "მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”.
25 . მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, უფალო!”
26 . ხოლო მან მიუგო: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
27 . უთხრა დედაკაცმა: "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”.
28 . მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.
29 . იქიდან წამოსული იესო გალილეის ზღვასთან მივიდა, ავიდა მთაზე და დაჯდა.
30 . დიდძალი ხალხი მივიდა მასთან; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი,
31 . ისე, რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა, ალაპარაკებულ მუნჯებს, გამოჯანსაღებულ ავადმყოფებს, მოსიარულე კოჭლებს და მხედველ ბრმებს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
32 . მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: "მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”.
33 . მოწაფეებმა უთხრეს: "უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?”
34 . იესომ ჰკითხა: "რამდენი პური გაქვთ?” უთხრეს: "შვიდი, და ცოტაოდენი თევზი”.
35 . მაშინ უბრძანა ხალხს, მიწაზე დამსხდარიყვნენ.
36 . აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლობა შესწირა, დაამტვრია და მისცა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს.
37 . ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი შვიდი კალათი გაივსო.
38 . ხოლო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.
39 . გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას მხარეში.
1 . იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა:
2 . "ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
3 . გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
4 . კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
5 . მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.
6 . სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
7 . ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
8 . მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ.
9 . ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში.
10 . გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
11 . შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.
12 . უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა.
13 . მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
14 . რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
15 . მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე.
16 . ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
17 . ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”
18 . იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
19 . მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.
20 . ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”
21 . თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”
22 . ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
23 . იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
24 . "მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.
25 . ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
26 . ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
27 . ბოლოს ქალიც მოკვდა.
28 . ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.
29 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
30 . ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
31 . ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:
32 . მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.
33 . ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
34 . ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
35 . ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
36 . "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
37 . უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
38 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
39 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
40 . ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
41 . ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ:
42 . "რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”.
43 . უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
44 . უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.
45 . თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?”
46 . და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.
1 . რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო.
2 . უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3 . მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4 . და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით.
5 . მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”
6 . ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:
7 . "რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”
8 . იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: "რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?
9 . რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?
10 . ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:
11 . შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!”
12 . ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.
13 . კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მივიდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14 . გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: "გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.
15 . მის სახლში რომ ვახშმობდა, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, რადგან მრავალნი იყვნენ და მას გამოჰყვნენ.
16 . დაინახეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და ჰკითხეს მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
17 . ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.
18 . იოანეს მოწაფენი და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და ჰკითხეს: "რატომ არის, რომ იოანესა და ფარისევლების მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფენი კი არა?”
19 . იესომ უთხრა მათ: "განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე გვერდით ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა.
20 . მაგრამ მოვა დღე, როცა წაერთმევათ ნეფე და იმარხულებენ იმ დღეს.
21 . ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალი ქსოვილის საკერებელს; თორემ ახლად დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გამოიხევა.
22 . არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ დახეთქავს ტიკებს ღვინო და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ”.
23 . ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
24 . უთხრეს ფარისევლებმა მას: "აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”
25 . მიუგო იესომ: "ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
26 . როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”
27 . უთხრა: "შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
28 . ამიტომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
1 . როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგესა და ბეთანიას მხრიდან, ზეთისხილის მთის მახლობლად, თავისი ორი მოწაფეთაგანი წარგზავნა
2 . და უთხრა: "წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში. როგორც კი მიხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა; ახსენით და მოიყვანეთ.
3 . თუ ვინმემ გკითხოთ, ამას რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე ისევ აქ დააბრუნებს-თქო”.
4 . წავიდნენ, იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი.
5 . იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: "რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?”
6 . მათ უთხრეს, როგორც იესომ დაარიგა, და ისინიც მოეშვნენ.
7 . მიუყვანეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.
8 . ბევრმა დაუფინა გზაზე თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი - ველზე მოჭრილი რტოები.
9 . ღაღადებდნენ წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც: "ოსანა! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!
10 . კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!”
11 . იერუსალიმში კი ტაძარში შევიდა იესო და დაათვალიერა ყველაფერი; უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად ბეთანიისკენ გაემართა.
12 . მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა.
13 . შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან ჯერ არ იყო ლეღვობის დრო.
14 . უთხრა მას: "ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!” და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.
15 . მივიდნენ იერუსალიმში, შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო ტაძრიდან გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.
16 . არავის ანებებდა რაიმეს გატან-გამოტანას ტაძარში.
17 . ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: "განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.
18 . გაიგონეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა და ეძიებდნენ როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით.
19 . როცა მოსაღამოვდა გავიდნენ ქალაქიდან.
20 . დილით რომ გამოიარეს დაინახეს: ფესვებიანად გამხმარიყო ლეღვის ხე.
21 . გაახსენდა პეტრეს და უთხრა: "რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გახმა”.
22 . პასუხად უთხრა მათ იესომ: "გქონდეთ ღმერთის რწმენა!
23 . ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, გულში კი არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება მას.
24 . ამიტომ გეუბნებით, ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ, და მოგეცემათ.
25 . ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.
26 . ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს”.
27 . კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როდესაც ტაძარში მიმოდიოდა მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.
28 . ჰკითხეს: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება, რომ ესენი მოიმოქმედო?”
29 . იესომ უპასუხა მათ: "მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
30 . იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ!”
31 . ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ; ამბობდნენ: თუ ვიტყვით, ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რატომ არ იწამეთო მისი?
32 . თუ ვიტყვით - კაცთაგანო, ხალხის ეშინოდათ, რადგან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.
33 . უთხრეს იესოს: არ ვიცითო. მაშინ იესომაც მიუგო: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას!”
1 . დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: "კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.
2 . დრომ რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი მიეღო მათგან.
3 . მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4 . მერე სხვა მონა გაუგზავნა. მასაც ქვები დაუშინეს, თავში დაჭრეს და შეურაცხყოფილი გააბრუნეს.
5 . სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6 . ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
7 . მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8 . შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახის გარეთ გადააგდეს.
9 . რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.
10 . ნუთუ არ წაგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?
11 . უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში”.
12 . ხოლო მათ მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ. მიატოვეს და წავიდნენ.
13 . ფარისევლები და ჰეროდიანელები მიუგზავნეს, რომ სიტყვაში დაეჭირათ.
14 . მივიდნენ და უთხრეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?”
15 . იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.
16 . მიუტანეს; ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?” "კეისრისა”, უთხრეს მას.
17 . იესომ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა - ღმერთს”. და გაუკვირდათ მისი.
18 . ამის შემდეგ სადუკეველნი მიადგნენ, რომლებიც ამბობენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს:
19 . "მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და ცოლი დარჩება, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლად და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
20 . შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
21 . მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ;
22 . შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველაზე ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
23 . აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?”
24 . იესომ უთხრა მათ: "იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?
25 . მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26 . ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მაყვლოვანთან ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?
27 . ღმერთი მკვდრების კი არ არის, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი დიდად ცდებით”.
28 . მივიდა მასთან ერთი მწიგნობარი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და დარწმუნებულმა, რომ კარგი პასუხი გასცა მათ, ჰკითხა: "რომელია უპირველესი მცნება?”
29 . იესომ მიუგო: "უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.
30 . შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
31 . მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
32 . უთხრა მას იმ მწიგნობარმა: "კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი, ვინაიდან ღმერთი ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
33 . და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.
34 . იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: "შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.
35 . იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: "როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36 . რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.
37 . თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?” და მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.
38 . ამბობდა თავის მოძღვრებაში: "ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;
39 . სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - საპატიო ადგილები.
40 . რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.
41 . დაჯდა საგანძურის წინ იესო და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
42 . მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩაყარა ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
43 . დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველაზე მეტი ჩადო.
44 . ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სიღარიბიდან ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი”.
1 . "ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 . მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ.
3 . როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4 . და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”.
5 . უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”
6 . უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
7 . მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
8 . უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”.
9 . უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
10 . ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11 . მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13 . რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14 . თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.
15 . თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
16 . მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
17 . ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
18 . ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19 . კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.
20 . იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.
21 . ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
22 . იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?”
23 . მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
24 . ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25 . ეს გელაპარაკეთ თქვენთან ყოფნისას.
26 . ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
27 . მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28 . ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
29 . ახლა გითხარით ეს, სანამ ამხდარა, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 . ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
31 . მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.
1 . ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.
2 . მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.
3 . და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.
4 . ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5 . და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
6 . როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7 . ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8 . როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
9 . პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,
10 . ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი,
11 . როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
12 . ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?”
13 . სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.
14 . ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
15 . ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა.
16 . არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით:
17 . იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18 . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
19 . ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
20 . მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
21 . და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
22 . ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
23 . იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
24 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
25 . ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.
26 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
27 . რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
28 . შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
29 . კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე.
30 . მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
31 . მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას.
32 . ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
33 . ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
34 . რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35 . ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
36 . მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
37 . ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”
38 . ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39 . რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
40 . და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.
41 . ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.
42 . და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
43 . ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44 . ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45 . მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
46 . ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
47 . აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.
1 . მაშინ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "ასეა, როგორც ამბობენ?”
2 . მან თქვა: "კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა.
3 . და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4 . მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ.
5 . მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.
6 . ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
7 . მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
8 . და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვა მან ისაკი და წინადაცვითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი - იაკობი, ხოლო იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.
9 . შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
10 . იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად.
11 . შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები.
12 . როცა ესმა იაკობს, ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა.
13 . მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავისი თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
14 . გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა, სამოცდათხუთმეტი სული.
15 . ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იქვე გარდაიცვალნენ ისიც და ჩვენი მამებიც.
16 . იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს, აბრაჰამმა რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ძეთაგან.
17 . ღმერთის მიერ აბრაჰამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,
18 . ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
19 . ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
20 . იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
21 . როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა.
22 . ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.
23 . ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები, ისრაელიანები მოენახულებინა.
24 . დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.
25 . ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
26 . მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?
27 . მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28 . ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ?
29 . ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.
30 . ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში.
31 . გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
32 . მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.
33 . უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
34 . ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
35 . ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი
36 . მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
37 . ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!
38 . ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
39 . ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით.
40 . უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან.
41 . გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
42 . ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს?
43 . მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.
44 . მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა.
45 . ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე.
46 . მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის.
47 . თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი.
48 . მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49 . ცა ტახტია ჩემი, დედამიწა - ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
50 . განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
51 . ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
52 . წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
53 . თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”
54 . ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
55 . ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.
56 . თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.
57 . მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას.
58 . ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
59 . ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
60 . მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.
1 . ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,
2 . იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.
3 . ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,
4 . არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.
5 . ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
6 . როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7 . ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
8 . და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
9 . ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
10 . რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
11 . ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,
12 . რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
13 . ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
14 . მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
15 . წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
16 . კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.
17 . რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია კარგი საქმეების გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტ საქმეთა გამო.
18 . რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19 . რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -
20 . ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;
21 . ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,
22 . რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
1 . მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
2 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
3 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
4 . რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
5 . არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
6 . მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
7 . ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
8 . რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.
9 . ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;
10 . უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
11 . მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.
12 . ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.
13 . და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14 . მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
15 . სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
16 . მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.
17 . ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
18 . ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
19 . თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20 . ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21 . უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
22 . იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 . წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 . თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 . სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 . რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 . რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 . ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 . უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 . მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 . მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 . ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 . რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 . მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 . ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 . ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 . ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 . ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 . ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 . იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 . ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 . რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 . თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 . და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 . რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 . ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 . და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 . აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 . ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 . უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 . იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 . ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.
2 . ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის.
3 . შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?
4 . თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
5 . ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,
6 . რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
7 . მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;
8 . ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას.
9 . ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც.
10 . ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.
11 . რადგან ღმერთთან არ არსებობს პირმოთნეობა.
12 . ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.
13 . ვინაიდან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,
14 . რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან.
15 . რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ,
16 . იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.
17 . აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,
18 . იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.
19 . და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,
20 . უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.
21 . როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?
22 . ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!
23 . რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ.
24 . რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.
25 . ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა.
26 . მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?
27 . ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს.
28 . ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.
29 . არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.
1 . მაშ, რა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც!
2 . ჩვენ, რომლებიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
3 . ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?
4 . ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.
5 . ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
6 . რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.
7 . ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან მართლდება.
8 . და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ ვიცოცხლებთ კიდეც მასთან ერთად,
9 . რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე.
10 . ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს.
11 . თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
12 . მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.
13 . ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
14 . ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.
15 . მაშ, ახლა რა, ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!
16 . ნუთუ არ იცით, რომ ვისაც გადასცემთ თქვენს თავებს, რათა იყოთ მისი მონა-მორჩილნი, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.
17 . ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.
18 . გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.
19 . ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედად.
20 . რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
21 . აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.
22 . ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი - მარადიული სიცოცხლე.
23 . ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი - მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
1 . ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
2 . ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად.
3 . რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
4 . ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5 . რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
6 . ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: "ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?” ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად;
7 . ანდა: "ვინ ჩავა უფსკრულში?” ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8 . მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
9 . იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები.
10 . ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
11 . რადგან ამბობს წერილი: "ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
12 . და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.
13 . რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
14 . მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
15 . და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”
16 . მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?”
17 . ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.
18 . მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს - მათი სიტყვები.
19 . მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ იცოდა ისრაელმა? პირველად მოსე ამბობს: "მე გავაღვივებ თქვენში შურს არა-ხალხით, გაგარისხებთ უგუნური ხალხით”.
20 . ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: "მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა; გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა”.
21 . ხოლო ისრაელს ეუბნება: "მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.
1 . ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,
2 . არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.
3 . თუ არის კიდეც დაფარული ჩვენი სახარება, დაღუპულთათვის არის დაფარული.
4 . ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
5 . ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.
6 . ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.
7 . მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.
8 . ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი;
9 . დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
10 . უფალ იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს სხეულში.
11 . ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.
12 . ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი - სიცოცხლე.
13 . და რაკი იგივე რწმენის სული გვაქვს, როგორც სწერია: ‘მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი’, ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ;
14 . რადგან ვიცით, რომ ის, ვინც უფალი იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
15 . ეს ყველაფერი თქვენთვის არის, რათა მრავალთა მიმართ მადლის გავრცელებით, მრავლდებოდეს მადლიერება, ღმერთის სადიდებლად.
16 . ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.
17 . ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის;
18 . რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.
1 . თუმცა ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე.
2 . რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.
3 . ძმები კი იმისთვის გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი.
4 . რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად, მოუმზადებლები არ გპოვონ და არ შევრცხვეთ; არ ვამბობ თქვენ არ შერცხვეთ-მეთქი, რადგან ასე დაბეჯითებით ჩვენ დავიკვეხნეთ.
5 . ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მეთხოვა ძმებისთვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენგან უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად ყოფილიყო როგორც კეთილი ნების და არა როგორც ნაძალადევი საჩუქარი.
6 . იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.
7 . თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;
8 . ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
9 . როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!
10 . ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,
11 . რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
12 . ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;
13 . რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.
14 . თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმ მადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში.
15 . და მადლობა ღმერთს მისი ენითაღუწერელი საჩუქრისთვის.
1 . ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
2 . მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
3 . ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4 . ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
5 . ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6 . ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
7 . ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
8 . ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
9 . ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
10 . ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11 . და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
12 . რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13 . ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
14 . რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15 . არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16 . ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
17 . ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
18 . დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19 . ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20 . ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21 . რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
22 . რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
23 . და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
24 . და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
25 . ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
26 . განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27 . ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28 . მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
29 . არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
30 . ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
31 . ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32 . იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
1 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2 . პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
3 . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
4 . თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5 . მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
6 . არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7 . გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
8 . იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9 . და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10 . დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11 . შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12 . რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13 . ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
14 . მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
15 . და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16 . და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17 . აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18 . ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19 . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20 . რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21 . რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
22 . რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23 . მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
24 . მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!
1 . მიუგო ცოფარ ნაყამათელმა იობს:
2 . "განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
3 . განა შენი კვეხნა ხალხს დაადუმებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ შეგარცხვენს?
4 . ამბობდი: ხალასია ჩემი მოძღვრება და უდანაშაულო ვარო შენს თვალში!
5 . ეჰ, რომ ალაპარაკდებოდეს ღმერთი და შენს წინააღმდეგ გახსნიდეს თავის ბაგეს,
6 . გაუწყებდეს თავის დაფარულ სიბრძნეს, რადგან ორი მხარე აქვს სიბრძნეს! იცოდე, ღმერთი იმაზე ნაკლებად გსჯის, ვიდრე შენი უმართლობა იმსახურებს!
7 . ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?
8 . მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
9 . ზომით დედამიწაზე გრძელია და ზღვაზე ფართო.
10 . თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, ვინ შეაჩერებს?
11 . ვინაიდან იცნობს იგი ცბიერ ადამიანებს და როცა ხედავს უსამართლობას, განა არ მიაპყრობს ყურადღებას?
12 . ვინაიდან ამაო კაციც დაბრძენდება, თუმცა ველური ჩოჩორივით იბადება ადამიანი.
13 . თუ განიმზადებ გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,
14 . თუ უმართლობას განიშორებ ხელთაგან და არ დამკვიდრდება შენს კარვებში უსამართლობა,
15 . მაშინ აღმართავ სახეს უბიწოდ, მტკიცე იქნები და არ შეშინდები,
16 . რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
17 . შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლე და განთიადივით გაცისკროვნდები.
18 . დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.
19 . დაწვები და არავინ შეგაშფოთებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
20 . ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.