რომაელთა თავი 2

1 . ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.

2 . ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის.

3 . შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?

4 . თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?

5 . ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,

6 . რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:

7 . მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;

8 . ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას.

9 . ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც.

10 . ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.

11 . რადგან ღმერთთან არ არსებობს პირმოთნეობა.

12 . ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.

13 . ვინაიდან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,

14 . რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან.

15 . რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ,

16 . იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.

17 . აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,

18 . იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.

19 . და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,

20 . უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.

21 . როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?

22 . ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!

23 . რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ.

24 . რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.

25 . ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა.

26 . მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?

27 . ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს.

28 . ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.

29 . არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.