დიდების მძებნელნი კაცთაგან და არა ცოცხალი ღმერთისგან


საკვანძო მუხლები:

მათე 6 : 1 ; მათე 23 : 5 ; იოანე 5 : 44 ; იოანე 12 : 43 ; იაკობი 2 : 1 ; 1პეტრე 1 : 7 ; რომაელთა 2 : 7 ; რომაელთა 8 : 18 ; 1კორინთელთა 4 : 5 ; 2კორინთელთა 3 : 18 ; 2კორინთელთა 10 : 18 ; გალატელთა 6 : 14 ; კოლასელთა 3 : 4 ; 1თესალონიკელთა 2 : 6 ; 2ტიმოთე 2 : 10 ; ებრაელთა 2 : 10 ;
1.9.39 დიდების მძებნელნი კაცთაგან და არა ცოცხალი ღმერთისგან

დიდება - პატივი

1. ადამიანები ერთმანეთისაგან იღებენ დიდებას (რაც დამახასიათებელია
 დანარჩენი ქვეყნიერების ცოდვილი ბუნებისთვის და რასაც ქრისტიანი უკვე უნდა ერიდებოდეს) ინ.5,43.[44]; 12,42.43

ა) საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სხვებისგან ქების დასამსახურებლად 
იყენებენ:
- სიმართლის ქმნას კაცთა დასანახად მათ.6,1; 23,5
- მოწყალების გაცემას 
ბუკ-ნაღარით მათ.6,2-4
- თავის
 მოჩვენებას მლოცველად მათ.6,57; 23,5.14
- მმარხველად მათ.6,16-18
- თვალთმაქცობენ მათ.23,5-7.13.14
- აქვთ თვალსაჩინო ადგილზე ყოფნის სიყვარული მათ.23,6.7
- თავს განიდიდებენ მათ.23,6-12
- დაუმსახურებელ საპატიო ზედწოდებებს, განსაკუთრებით კი ღმრთის ტიტულებს მიიწერენ და იფერებენ მათ.23,7-10

ბ) ქრისტეს რწმენას მალავენ იმის შიშით თუ რას იტყვიან სხვები, ვაითუ კარგი თვალით აღარ შემომხედავენო ინ,12,42.43

გ) სხვა ადამიანებს მიკერძოებით გამოარჩევენ ქონების თუ შემძლეობის ნიშნით და პატივს ამის მიხედვით მიაგებენ ან არ მიაგებენ იაკ.2,1-9

2. ქრისტიანები კაცთაგან დიდებას კი არა ღმერთისგან შექებას მოველით ინ.5,43.[44]; 1პეტ.1,7 რომ.2,6-10.29; 8,18 კოლ.3,4; 1თეს.2,6
ქრისტიანს ვინმესგან განკითხვის შიში არ გააჩნია, რადგან წმინდა აქვს სინდისი ქრისტეს მოლოდინში და დარწმუნებულია, რომ მისგან ქებას დაიმსახურებს 1კორ.4,3-5
- თავს კი არ იქებს, არამედ დარწმუნებულია: ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი 2კორ.10,15-18
- იქადის არა სხვა რაიმეთი, არამედ მისი გამომსყიდველი ქრისტეს ჯვრით გალ.6,14

ა) ქრისტიანი ამქვეყნიურ მაცთუნებელ დიდებას არ ეძიებს, რადგან ის წარმავალია 1პეტ.1,24

ბ) მორწმუნეს ღმერთი ამქვეყნადვე აძლევს დიდებას
- უფლის სულისგან 2კორ.3,18
- ქრისტესმიერი ხსნის მიღებით 2ტიმ.2,10 
ებრ.2,9.10

ბიბლიის მუხლები

მათე 6
1. ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,
4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

მათე 23
5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.
6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.
7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!
8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.
10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.
11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
12. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

იოანე 5
43. მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.
44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?

იოანე 12
42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.

იაკობი 2
1. ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება.
2. რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით,
3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო,
4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?
5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
6. თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
7. განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.
9. მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი.

1პეტრე 1
7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
24. ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.

რომაელთა 2
6. როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:
7. მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;
8. ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.
9. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.
29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.

რომაელთა 8
18. რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.

1კორინთელთა 4
3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.
4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.
5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.

2კორინთელთა 3
18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.

2კორინთელთა 10
15. არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში.
16. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით.
17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს.
18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.

გალატელთა 6
14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.

კოლასელთა 3
4. როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.

1თესალონიკელთა 2
6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.

2ტიმოთე 2
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

ებრაელთა 2
9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.
10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

__თემაზე წერდნენ__
***
კაცთაგან დიდება განმადიდებლებივით არასაიმედოა... დიდების მისაღებად საუკეთესო ხერხი მისგან გაქცევაა... ისე, როგორც მდიდარია არა ის, ვისაც ბევრი რამ არ სჭირდება, არამედ ის, ვისაც აღარაფერი უნდა, ასევე დიდებულია არა ის, ვინც დიდებას ეძიებს, არამედ იგი, ვინც მას გაურბის... თუ გინდა მისწვდე დიდებას, მოიძულე დიდება. ნუ გამოეკიდები მას, თორემ დაკარგავ.
__ იოანე ოქროპირი __

***
თუ გინდა გიცნობდეს ღმერთი, შეეცადე, შეძლებისდაგვარად უცნობი დარჩე კაცთათვის.
__ ამბა თეოგნისტე __

***
იზრუნე ყოველთვის საუკუნო დიდებისთვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღიურად გვატყუებს.
__ გრიგოლ ღვთისმეტყველი __

***
დიდება ცარიელი კვამლია, რომელსაც შეუძლია დროებით თვალი დაგიბინდოს, მაგრამ არ ღირს, მთელი სიცოცხლე მას ეძებდე.
__ ინოკენტი ხერსონელი __

***
ნუ გაგიტაცებს დიდება, რომ არ მოგატყუოს საკუთარმა კეთილდღეობამ, ისევე როგორც ხშირად ცდებიან გაზაფხულის ყინულზე შემდგარნი.
__ დიმიტრი როსტოველი __

***
მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩუმად დაუტევა კათედრა და მორჩილად შედგა ათონის ერთ-ერთ მონასტერში. ის ჯორების მწყემსად დაადგინეს. კელიას არასოდეს კეტავდა, ანდა რისთვის ჩაეკეტა, როცა ერთი ხის საწოლის გარდა არაფერი ებადა. ერთ ზაფხულს მის კელიას ერთმა ბერმა შეაფარა თავი, საწოლზე წამოწვა და ჩათვლიმა. უეცრად ნათლით მოსილი ანგელოზი წარმოუდგა, გვერდში მსუბუქად წაჰკრა და უთხრა: "ადექი, შენ არ უნდა იწვე იქ, სადაც ისვენებს დიდი პატრიარქი!" ბერს გამოეღვიძა, გაუკვირდა ნანახი, მაგრამ მალევე ჩაეძინა.
"გადმოხვალ თუ არა პატრიარქის საწოლიდან? - განურისხდა უფლის ანგელოზი, - ადექი, თორემ განგგმირავ კადნიერებისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობისთვის". ძილში შეშინებული ბერი ცხადში წამოხტა და მონასტრის მამებს უამბო სიზმარი. დაფიქრდნენ ბერები, გაახსენდათ გავრცელებული ჭორები კონსტანტინოპოლის პატრიარქის საყდრიდან მალულად წასვლისა. მიხვდნენ, რომ მწყემსი პატრიარქი იყო და საღამოს სამღვდელმთავრო ზარების რეკვით შეხვდნენ. მწყემსი მიწაზე დაემხო, შენდობა შესთხოვა ძმებს და დაუდასტურა, რომ მართლაც პატრიარქი იყო.

***
ერთხელ ერთი ძმა ამბა თეოდორე ფერმელს სამი დღე ევედრებოდა დამოძღვრას, მაგრამ ამბამ არაფერი უპასუხა. ბერი დამწუხრებული წავიდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, - რატომ არ უთხარი ძმას სიტყვა, დამწუხრდაო. ღირსმა მამამ უპასუხა: - მას სიტყვა იმიტომ არ ვუთხარი, რომ იგი სიტყვით ვაჭარია და სურს, სხვისი ნათქვამით განდიდდესო.