1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . გაუგზავნა უფალმა დავითს ნათანი; ისიც მივიდა და უთხრა: "ორი კაცი იყო ერთ ქალაქში, ერთი მდიდარი, ერთი ღარიბი.
2 . მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა მდიდარს.
3 . ღარიბს კი არაფერი ებადა ერთი პატარა კრავის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა. კვებავდა და თავის შვილებთან ერთად ზრდიდა, მისი ლუკმიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა და მის უბეში ეძინა. საკუთარი ასულივით ჰყავდა.
4 . ერთხელ მგზავრი ეწვია ამ მდიდარ კაცს, მაგრამ მდიდარმა ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ სტუმარს გამასპინძლებოდა; წამოიყვანა ღარიბი კაცის კრავი და მასთან მოსულ კაცს სადილად მოუმზადა”.
5 . ძლიერი რისხვით აინთო დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: "ცოცხალია უფალი, სიკვდილს იმსახურებს ამის ჩამდენი კაცი!
6 . კრავი კი ოთხმაგად უნდა ზღოს, რადგან ასე შეუბრალებლად მოიქცა”.
7 . მიუგო დავითს ნათანმა: "ის კაცი შენა ხარ! ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხე ისრაელის მეფედ და მე გიხსენი საულის ხელიდან;
8 . შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი!
9 . რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.
10 . ამიერიდან მახვილი აღარ მოშორდება შენს სახლს, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი დაისვი ცოლად.
11 . ასე ამბობს უფალი: აჰა, შენივე სახლიდან მოგივლენ უბედურებას, ავიყვან შენს ცოლებს შენს თვალწინ და მივცემ მათ შენს მოძმეს, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან!
12 . შენ ფარულად გააკეთე, მე კი მზისით გავაკეთებ ამას, მთელი ისრაელის თვალწინ!”
13 . და უთხრა დავითმა ნათანს: "შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
14 . მაგრამ, რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ძე, რომელიც შეგეძინა, მოკვდება”.
15 . წავიდა ნათანი თავის სახლში და დალახვრა უფალმა ბავშვი, რომელიც ურიას ცოლმა უშვა დავითს და დასნეულდა იგი.
16 . ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
17 . თავზე დაადგნენ სახლის უხუცესნი მიწიდან ასაყენებლად, მაგრამ არ ინება და არც პური ჭამა მათთან.
18 . მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ეშინოდათ დავითის მსახურებს, რომ ეუწყებინათ მისთვის ბავშვის სიკვდილი; ამბობდნენ: "აჰა, სანამ ცოცხალი იყო ბავშვი, ველაპარაკებოდით და არ გვისმენდა, როგორღა ვაცნობოთ მისი სიკვდილი, თავს ბოროტი არაფერი აუტეხოს!”
19 . დაინახა დავითმა მოჩურჩულე მსახურები, მიხვდა, რომ მოკვდა ბავშვი და ჰკითხა მათ: "მოკვდა ბავშვი?” უპასუხეს: "მოკვდა”.
20 . ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, მივიდა უფლის სახლში და თაყვანი სცა. მერე დაბრუნდა თავის სახლში, საჭმელი მოითხოვა და ჭამა.
21 . ჰკითხეს მსახურებმა: "რას ნიშნავს შენი საქციელი: ცოცხალი ბავშვისთვის მარხულობდი და მოსთქვამდი, მოკვდა ბავშვი, შენ კი ადექი და პური ჭამე?!”
22 . მიუგო დავითმა: "ბავშვის სიცოცხლეში ვმარხულობდი და მოვთქვამდი, რადგან ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და ცოცხალი დამიტოვოს ბავშვი?
23 . ახლა მკვდარია იგი, რაღად ვიმარხულო? განა შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან და ის კი აღარ დამიბრუნდება”.
24 . ნუგეში სცა დავითმა ბათ-შებაყს, თავის ცოლს, მივიდა და დაწვა მასთან; ძე გაუჩინა მან და უწოდა სოლომონი. და შეიყვარა იგი უფალმა.
25 . წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).
26 . ებრძოდა იოაბი ყამონის რაბათს და დაიპყრო სამეფო ქალაქი.
27 . გაუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შეუთვალა: "ვებრძოლე რაბათს და ქალაქის წყაროები ვიგდე ხელთ.
28 . ახლა შემოიკრიბე ხალხი, ალყაში მოაქციე ქალაქი და აიღე, თორემ მე ავიღებ და ჩემი სახელი დაერქმევა”.
29 . შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი, წავიდა რაბათს, შეებრძოლა და აიღო.
30 . გვირგვინი მოჰხადა დავითმა მეფეს, ტალანტ ოქროს იწონიდა, ზედ ძვირფასი ქვა ამშვენებდა. თავზე დაიდგა დავითმა იგი და დიდძალი ნადავლი გამოიტანა იმ ქალაქიდან.
31 . იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა მხერხავებად, ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავის ხალხთან ერთად იერუსალიმში
1 . მცირე მანძილით ჩასცდა დავითი მწვერვალს და, აჰა, ციბა, მეფიბოშეთის მსახური წყვილი შეკაზმული სახედრით მოდის მის შესახვედრად; თან მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი ასხმა ლეღვი და ტიკჭორა ღვინო.
2 . ჰკითხა მეფემ ციბას: "რისთვის მოგიტანია ესენი?” მიუგო ციბამ: "სამგზავრო სახედრებია მეფის სახლეულისთვის, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად, ღვინო კი უდაბნოში დაღლილთა სასმელად”.
3 . ჰკითხა მეფემ: "შენი ბატონის ვაჟი სადღაა?” მიუგო ციბამ: "იერუსალიმში დარჩა, ამბობს, ახლა მაინც აღმიდგენსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს!”
4 . უთხრა მეფემ ციბას: "შენთვის მომიცია ყოველივე, რაც მეფიბოშეთისაა”. თაყვანი სცა და მიუგო ციბამ: "მადლიმც მეპოვოს შენს თვალში მეფევ, ჩემო ბატონო!”
5 . ბახურიმამდე მივიდა მეფე დავითი და, აჰა, კაცი მოდის საულის საგვარეულოდან, სახელად შიმყა, გერას ძე. მოდის და იწყევლება.
6 . ქვებს უშენს დავითსა და მის მსახურთ; მარჯვნივ და მარცხნივ ედგნენ ხალხი და მამაცი მებრძოლნი დავითს.
7 . ასე იწყევლებოდა შიმყა: "განვედ, განვედ, სისხლისმღვრელო და უკეთურო კაცო!
8 . შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ”.
9 . უთხრა მეფეს აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "რად უნდა წყევლიდეს ეს მკვდარი ძაღლი მეფეს, ჩემს ბატონს? გამიშვი, რომ თავი წავაცალო”.
10 . მიუგო მეფემ: "რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”
11 . უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: "აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!
12 . ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.
13 . მიდიოდნენ დავითი და მისი ხალხი გზაზე, შიმყა კი გვერდით მიჰყვებოდა მთის ფერდობზე, წყევლიდა, ქვებს უშენდა და მტვერს აყრიდა.
14 . მივიდა მეფე და მასთან მყოფი მთელი ხალხი იორდანესთან, დაღლილ-დაქანცულნი და იქ დაისვენეს.
15 . აბესალომი კი იერუსალიმში შევიდა მთელ ისრაელთან ერთად, ახითოფელიც თან ახლდა.
16 . მივიდა დავითის მეგობარი, ხუშაი არქელი აბესალომთან და თქვა: "იცოცხლოს მეფემ, იცოცხლოს მეფემ!”
17 . მიუგო აბესალომმა ხუშაის: "ესაა შენი ერთგულება მეგობრისადმი? რატომ შენს მეგობარს არ გაყევი?”
18 . მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ვინც უფალმა, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მასთან ვარ და მასთან ვიქნები.
19 . ანდა ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის ძეს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისევე გემსახურები”.
20 . უთხრა ახითოფელს აბესალომმა: "მირჩიე, როგორ მოვიქცეთ”.
21 . უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "შედი მამაშენის ხარჭებთან, რომლებიც სასახლის მისახედად დატოვა და მიხვდება მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ჰყავხარ მამაშენს; განუმტკიცდება ხელი ყველა შენთან მყოფს”.
22 . ერდოზე გაუშალეს აბესალომს კარავი და მთელი ისრაელის თვალწინ შევიდა აბესალომი თავისი მამის ხარჭებთან.
23 . ახითოფელის მიერ გაცემული რჩევა იმ დროს ისე ითვლებოდა, როგორც ღვთისთვის ნაკითხი სიტყვა. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
1 . ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
2 . წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.
3 . დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.
4 . არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.
5 . დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
6 . დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.
7 . ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.
8 . რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს.
9 . დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
10 . გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.
1 . იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
2 . სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
3 . არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.
4 . ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
5 . ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
6 . მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
7 . კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.
8 . გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.
9 . უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.
10 . თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
11 . მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
12 . სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
13 . ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი - ჯოხი.
14 . ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი დაღუპვასთანაა ახლოს.
15 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
16 . მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
17 . დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
18 . სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.
19 . ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
20 . მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს.
21 . მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
22 . უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.
23 . ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
24 . უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.
25 . გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
26 . რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
28 . მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
29 . უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.
30 . საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.
31 . მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
32 . მართლის ბაგეთ სიკეთე მოაქვს, უკეთურისას კი უკუღმართობა.
1 . ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
2 . ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
3 . ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
4 . მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.
5 . ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
6 . მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
7 . ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გონებას კი ეს არ შეუძლია.
8 . უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.
9 . უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
10 . მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
11 . უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.
12 . დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
13 . მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.
14 . კეთილგონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.
15 . ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.
16 . მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
17 . სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.
18 . ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
19 . ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.
20 . ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
21 . ბრიყვის სიხარული უგუნურებაა, გონიერი კაცი კი სწორი გზით დადის.
22 . რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.
23 . კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
24 . ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
25 . ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
26 . საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.
27 . მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28 . დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.
29 . შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
30 . ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
31 . სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
32 . დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.
33 . უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.
1 . ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
2 . სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
3 . მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი, სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა.
4 . მრისხანება სისასტიკეა, რისხვა წამლეკავია, მაგრამ შურს ვინ დაუდგება წინ?
5 . აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს.
6 . მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.
7 . მაძღარი გოლეულსაც დაიწუნებს, მშიერს კი ყოველივე მწარეც ეტკბილება.
8 . თავისი ბუდის მიმტოვებელი ჩიტივითაა კაცი, რომელიც თავის სახლს ტოვებს.
9 . ნელსაცხებელი და საკმეველი გულს ახარებს, ხოლო მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.
10 . შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ; ნურც შენი ძმის სახლში მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას.
11 . ბრძენი იყავ შვილო და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემზე აუგის მთქმელს.
12 . წინდახედული ხედავს საფრთხეს და თავს არიდებს, გულუბრყვილონი კი აგრძელებენ სიარულს და ისჯებიან.
13 . აიღე მისი ტანსაცმელი, ვინც უცნობს დაუდგა თავდებად; უცხოტომელის წილად გამოართვი მას გირაო.
14 . თუ ვინმე დილაადრიან ხმამაღლა აკურთხებს თავის მეგობარს - წყევლად ჩაეთვლება ეს.
15 . რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, და რაღა ანჩხლი ცოლი;
16 . გინდა ასეთი ქალი შეგიფარია და გინდა ქარი ან ზეთი დაგიჭერია მარჯვენა ხელით.
17 . რკინა რკინას ლესავს, კაცი კი - თავისი მოყვასის სახეს.
18 . ლეღვის მომვლელი მის ნაყოფს შეჭამს, თავისი ბატონის მომვლელი პატივდებული იქნება.
19 . როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ისე ირეკლავს კაცის გული კაცს.
20 . როგორც ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაუმაძღარი ასე ადამიანის თვალიც გაუმაძღარია.
21 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
22 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
23 . კარგად იცნობდე შენს ფარას, ყურადღებით იყავი შენი ნახირის მიმართ,
24 . ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.
25 . გაითიბა ბალახი და ამოიწვერა ჯეჯილი, მთის ბალახს მოიმარაგებენ;
26 . და გეყოლება ბატკნები შენი სამოსლისთვის და თხები - მინდვრის საფასურისთვის.
27 . საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.
1 . საჭიროდ ჩათვალა დარიოსმა, რომ ას ოცი სატრაპი დაეყენებინა თავის სამეფოზე, მთელ სახელმწიფოში რომ ყოფილიყვნენ.
2 . მათ ზემდგომ კი სამი მთავარი დანიშნა, მათ შორის დანიელი პირველი იყო. სატრაპებს ანგარიში უნდა ჩაებარებინათ მათთვის, რათა მეფე არ დაზარალებულიყო.
3 . მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან აღმატებული სული იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას.
4 . ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.
5 . მაშინ თქვეს იმ კაცებმა: "ვერავითარ მიზეზს ვერ ვუპოვით დანიელს, თუ ისევ მისი ღმერთის რჯულში არ მოვუნახეთ რაიმე”.
6 . შეიკრიბნენ მთავარნი და სატრაპნი მეფესთან და უთხრეს: "მეფე დარიოს, იცოცხლე საუკუნოდ!
7 . მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
8 . ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!”
9 . და ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა აკრძალვის წერილს, ყოველივე ამის შემდეგ.
10 . როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.
11 . შეიკრიბნენ ის კაცები და თავს წაადგნენ დანიელს, რომელიც ლოცულობდა და წყალობას ითხოვდა თავისი ღმერთის წინაშე.
12 . მერე მიეახლნენ და ელაპარაკნენ მეფეს სამეფო ბრძანებაზე: "განა შენ არ გაეცი ბრძანება, რომ ყოველი, ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან ადამიანს შენ გარდა, მეფევ, რაიმეს შესთხოვდა, ლომების ხაროში იქნებოდა ჩაგდებული?” თქვა მეფემ: "ჭეშმარიტია ეგ ბრძანება, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ დაირღვევა!”
13 . მაშინ მიუგეს მათ და ილაპარაკეს მეფის წინაშე: "დანიელი, რომელიც გადმოსახლებული იუდევლების ძეა, არც შენ გაქცევს ყურადღებას, მეფევ, და არც იმ ბრძანებას, რომელიც გამოეცი; დღეში სამჯერ შესთხოვს ღმერთს თავის სათხოვარს!”
14 . ეს ამბავი რომ მოისმინა, შეწუხდა მეფე; გულში დანიელის გადარჩენა ჩაიდო და მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
15 . მაგრამ მიადგნენ ეს კაცები მეფეს და ჯიუტად ეუბნებოდნენ: "მეფევ! მიდიელთა და სპარსთა წესია, რომ მეფის მიერ გამოცემული არცერთი ბრძანება და კანონი არ უნდა შეიცვალოს!”
16 . მაშინ ბრძანა მეფემ, მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. და უთხრა მეფემ დანიელს: "შენი ღმერთი, რომელსაც ერთგულად ემსახურები, ის გიხსნის შენ!”
17 . მოიტანეს დიდი ქვა, პირზე დააფარეს ხაროს და მეფისა და დიდებულთა ბეჭდებით დაბეჭდეს, რათა რაიმე არ შეცვლილიყო დანიელის მიმართ.
18 . წავიდა მეფე თავის სასახლეში და მარხვით გაათია ღამე, არც გართობა მოინდომა და ვერც დაიძინა.
19 . გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.
20 . მიუახლოვდა თუ არა ხაროს, შეწუხებული ხმით ჩასძახა დანიელს: "დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, შესძლო შენმა ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა?”
21 . მიუგო დანიელმა: "უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ!
22 . თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!”
23 . ფრიად გაიხარა მეფემ და ბრძანა ხაროდან ამოეყვანათ დანიელი. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარი ზიანი არ აღმოაჩნდა, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.
24 . მაშინ ბრძანა მეფემ და მიიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ სდებდნენ ბრალს; და ჩაყარეს ლომების ორმოში თვითონ, მათი ძენი და მათი ცოლები; ჯერ ორმოს ფსკერამდეც არ მიეღწიათ, რომ ეცნენ ლომები და ძვლები დაულეწეს.
25 . მაშინ მეფე დარიოსმა ყველა ხალხს, ერსა და ყოველ ენაზე მოლაპარაკეს მისწერა, ვინც კი ცხოვრობდა ქვეყანაზე: "დაე, მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
26 . ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა.
27 . ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”.
28 . წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.
2 . რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
3 . რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
4 . ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
5 . თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
6 . ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
7 . ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
8 . ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
9 . არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
10 . ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
11 . მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
12 . როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
13 . შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი.
14 . რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
15 . უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.
16 . მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?
17 . ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
18 . არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.
19 . ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
20 . ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
21 . ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
22 . ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23 . მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
24 . ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
25 . და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26 . ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
27 . და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
28 . როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.
29 . რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
1 . საიდან მომდინარეობს ბრძოლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან?
2 . გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
3 . ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.
4 . მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!
5 . იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
6 . თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: "ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”.
7 . ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
8 . ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!
9 . დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
10 . დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.
11 . ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.
12 . ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
13 . ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;
14 . თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
15 . ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
16 . თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.
17 . ამიტომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, სცოდავს.
1 . ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.
2 . ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის.
3 . შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?
4 . თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
5 . ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,
6 . რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
7 . მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;
8 . ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას.
9 . ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც.
10 . ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.
11 . რადგან ღმერთთან არ არსებობს პირმოთნეობა.
12 . ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.
13 . ვინაიდან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,
14 . რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან.
15 . რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ,
16 . იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.
17 . აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,
18 . იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.
19 . და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,
20 . უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.
21 . როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?
22 . ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!
23 . რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ.
24 . რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.
25 . ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა.
26 . მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?
27 . ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს.
28 . ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.
29 . არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.
1 . რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.
2 . ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.
3 . ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.
4 . ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
5 . ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.
6 . ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
7 . ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის,
8 . ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9 . რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
10 . მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!
11 . რადგან წერია: "ცოცხალი ვარ, - აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს”.
12 . ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.
13 . ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.
14 . მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს.
15 . თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16 . ასე რომ, დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
17 . ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
18 . ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონია ღვთისათვის და მისაღები - ადამიანთათვის.
19 . მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.
20 . საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე სუფთაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.
21 . უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა.
22 . გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23 . ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
1 . ისე უნდა ჩაგვთვალოს ადამიანმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.
2 . მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს.
3 . ჩემთვის კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თქვენ განმიკითხავთ თუ ადამიანთა სამსჯავრო; მე თვითონაც არ განვიკითხავ საკუთარ თავს.
4 . თუმცა არაფერში მამხელს სინდისი, ამით მაინც არ ვმართლდები, რადგან უფალია ჩემი განმსჯელი.
5 . ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
6 . ეს კი ძმებო, თქვენი გულისთვის ვთქვი ჩემი და აპოლოს მაგალითზე, რათა ჩვენგან ისწავლოთ, რომ დაწერილს არ გადახვიდეთ და ერთმანეთს არ გაუყოყოჩდეთ.
7 . რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?
8 . უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.
9 . რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულები, ღმერთმა უკანასკნელად შეგვრაცხა, როგორც სიკვდილმისჯილნი; ვინაიდან სანახაობად ვიქეცით წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანთათვის.
10 . ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში; ჩვენ უძლურები ვართ, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ დიდებულები, ჩვენ კი - უპატიონი.
11 . მშივრები ვართ ამ დრომდე და მწყურვალნი, შიშვლები, ნაცემნი და მოხეტიალენი.
12 . ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ - ვლოცავთ, გვდევნიან - ვითმენთ;
13 . სახელს გვიტეხენ - ვეფერებით; და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე.
14 . თქვენს შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.
15 . ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.
16 . ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი.
17 . ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
18 . ზოგიერთი გადიდგულდა, რადგან ჰგონია რომ არ მოვალ თქვენთან,
19 . მაგრამ მალე მოვალ, თუ ინებებს უფალი და გამოვცდი არა ქედმაღალთა სიტყვებს, არამედ ძალას.
20 . რადგან ღვთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.
21 . რა გსურთ, არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თავმდაბლობის სულით?
1 . თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2 . აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
3 . და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4 . თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5 . ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
6 . ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7 . კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8 . ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი.
9 . მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10 . და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11 . მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.
12 . ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
13 . ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14 . ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
15 . მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16 . აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17 . ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18 . და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19 . ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
20 . კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,
21 . სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
22 . ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23 . სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24 . ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25 . თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26 . ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.
1 . მსურს იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არც უხილავს ჩემი სახე.
2 . რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
3 . რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული.
4 . ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დამაჯერებელი მჭევრმეტყველებით არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6 . ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში
7 . ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.
8 . იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
9 . ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
10 . და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11 . რომელშიც წინადაცვეთილნიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი ბუნების მოშორებით - ქრისტესმიერ წინადაცვეთაში.
12 . მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
13 . და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
14 . გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
15 . განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
16 . ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.
17 . ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.
18 . ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
19 . არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც არის მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შეერთებული და უზრუნველყოფილი, და იზრდება ღვთიური ზრდით.
20 . თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ:
21 . - ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, -
22 . და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს,
23 . ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით - არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.
1 . შენ ის ილაპარაკე, რაც საღ მოძღვრებას შეჰფერის,
2 . რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.
3 . ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
4 . რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,
5 . გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
6 . ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ.
7 . ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,
8 . სიტყვა გქონდეს საღი და წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.
9 . მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი,
10 . არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.
11 . ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია,
12 . რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.
13 . ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
14 . ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.
15 . ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალაუფლებით და ნურც უგულებელგყოს ვინმემ.
1 . შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
2 . არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.
3 . ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
4 . ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა,
5 . მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
6 . რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ;
7 . რათა მისი მადლით გამართლებულები, საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთ, რისი იმედიც გვაქვს.
8 . სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.
9 . სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
10 . განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,
11 . იცოდე, რომ ასეთმა კაცმა გზიდან გადაუხვია და სცოდავს; და თავისივე თავის მიერ არის მსჯავრდებული.
12 . არტემასს და ტვიქიკოსს რომ გამოგიგზავნი, ჩემკენ გამოეშურე ნიკოპოლისს, ვინაიდან აქ გადავწყვიტე გამოზამთრება.
13 . გულმოდგინედ დაეხმარე რჯულის მცოდნე ზენასს და აპოლოს, რომ არაფერი დააკლდეთ გზაში.
14 . ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
15 . ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენთან ყველასთან, ამინ!
1 . აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: "აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.
2 . დღესვე, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან ცელცახში, ბენიამინის საზღვარზე. გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წახვედი; აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო?
3 . გასცდები იმ ადგილს და თაბორის მუხნარამდე მიხვალ. იქ ბეთელისკენ ღმერთთან მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, ხოლო მესამეს - ტიკით ღვინო.
4 . მოგესალმებიან და ორ პურს მოგცემენ; და შენც გამოართმევ.
5 . ამის შემდეგ ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია; ქალაქში შესვლისას, გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს შეხვდები, რომელთაც ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით მიუძღვებიან წინ; თავად კი წინასწარმეტყველებენ.
6 . უფლის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად იწყებ წინასწარმეტყველებას; სხვა კაცად გარდაიქმნები.
7 . ამ ნიშნების შემდეგ, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან.
8 . ჩემზე წინ ჩადი გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდი დღე მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და მე გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე”.
9 . როგორც კი გატრიალდა საული სამუელისგან, სხვა გული მისცა ღმერთმა; და ყველა ნიშანი აუხდა იმ დღეს.
10 . მივიდნენ გორაკთან და, აჰა, წინასწარმეტყველთა გუნდი მოდის მასთან შესახვედრად. გადმოვიდა მასზე უფლის სული და მათთან ერთად იწყო წინასწარმეტყველება.
11 . ყველა, ვინც მანამდე იცნობდა საულს, ხედავდა: აჰა, წინასწარმეტყველთა შორის წინასწარმეტყველებს იგი; ლაპარაკი გააბეს ერთმანეთში: "ეს რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისაა?”
12 . და თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: "ვინ არის მათი მამა?” ასე წარმოიშვა ანდაზა: "ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისააო?”
13 . შეწყვიტა წინასწარმეტყველება და ავიდა მაღლობზე.
14 . უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: "სად იყავით?” უპასუხა: "ვირებს ვეძებდით და რომ ვერ ვიპოვეთ, სამუელთან მივედით”.
15 . "რა გითხრათ სამუელმა?” - ჰკითხა საულს ბიძამ.
16 . მიუგო საულმა: "გვითხრა, ნაპოვნიაო ვირები”. არ გაუმხელია სიტყვა მეფობის შესახებ, რომელიც უთხრა სამუელმა.
17 . და დაუძახა სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
18 . უთხრა ისრაელის ძეებს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან. მე გიხსენით ეგვიპტელთა და ყველა სამეფოს ხელთაგან, რომელიც გავიწროვებდათ”.
19 . გიხსნათ ძნელბედობისა და გაჭირვებისას, თქვენ კი უარყოფთ თქვენს ღმერთს და ეუბნებით: "მეფე დაგვიდგინეო. აჰა, წარსდექით უფლის წინაშე, თქვენ-თქვენი ტომისა და სახლეულის მიხედვით”.
20 . სათითაოდ მოიახლოვა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
21 . მიიყვანა ბენიამინის ტომი სახლეულების მიხედვით და მატრის სახლს ხვდა წილი; მერე კი საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს;
22 . კვლავ დაეკითხნენ უფალს: "უკვე მოვიდა ის კაცი?” უთხრა უფალმა: "აჰა, აღალს არის ამოფარებული”.
23 . გაიქცნენ და წამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხს შორის და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
24 . უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: "ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა, რადგან არავინაა მისი მსგავსი მთელ ხალხში”. შესძახა მთელმა ხალხმა და თქვა: "დღეგრძელი იყოს მეფე!”
25 . და გამოუცხადა სამუელმა მთელ ხალხს მეფის უფლებები, ჩაწერა წიგნში და დადო უფლის წინაშე. გაუშვა სამუელმა ხალხი და დაბრუნდა ყველა თავის სახლში.
26 . საულიც წავიდა თავის სახლისკენ, გიბყაში; და თან გაჰყვნენ ვაჟკაცები, რომელთა გულებსაც შეეხო ღმერთი.
27 . უღირსი ხალხი კი ამბობდა: როგორ გვიხსნისო ეგ კაცი? შეიძულეს, არც პატივი მიაგეს და არც ძღვენი მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.