1 .
უთხრა სამუელმა საულს: "უფალმა წარმომგზავნა, რომ მეცხე მისი ხალხის, ისრაელის მეფედ; ახლა მოისმინე უფლის სიტყვები.
2 .
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მახსოვს, როგორ მოექცა ყამალეკი ისრაელს, როცა წინ აღუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
3 .
ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აქლემი და სახედარი”.
4 .
შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი და ათი ათასი კაცი იუდას ტომიდან.
5 .
მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6 .
უთხრა საულმა კენიელთ: "წადით, განშორდით, გადით ყამალეკელთაგან, რომ თქვენც არ მოგსრათ მათთან ერთად, ვინაიდან კეთილად მოექეცით ისრაელს ეგვიპტიდან გამოსვლისას”. და განშორდნენ კენიელნი ყამალეკელებს.
7 .
და გაანადგურა საულმა ყამალეკი ხავილადან შურის მისადგომებამდე, რომელიც ეგვიპტის პირდაპირაა.
8 .
აგაგი, ყამალეკის მეფე ცოცხლად შეიპყრო, დანარჩენი ხალხი კი მოსპო, მახვილის პირით ამოხოცა.
9 .
მაგრამ დაზოგეს საულმა და ხალხმა აგაგი, აგრეთვე საუკეთესო ცხვარი და საქონელი, ნასუქი ვერძები და ყოველივე საუკეთესო. არ ისურვეს მათი მოსპობა, ხოლო ყოველივე უმნიშვნელო და ცუდი მოსპეს.
10 .
და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
11 .
"ვწუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს”. დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს.
12 .
მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: "აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.
13 .
მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: "კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.
14 .
მაგრამ თქვა სამუელმა: "მაშ ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს?”
15 .
უთხრა საულმა: "ყამალეკისგან გამორეკეს; ხალხმა საუკეთესო ცხვარი და საქონელი დაზოგა, რომ უფალს, შენს ღმერთს შესწიროს. დანარჩენი კი გავანადგურეთ”.
16 .
მიუგო სამუელმა საულს: "მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა”. თქვა საულმა: "ილაპარაკე”.
17 .
უთხრა სამუელმა: "განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?!
18 .
წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა: წადი და ააოხრე ეს ცოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!
19 .
რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”
20 .
უპასუხა საულმა სამუელს: "ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე.
21 .
მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”.
22 .
მაგრამ მიუგო სამუელმა: "განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
23 .
რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.
24 .
მიუგო საულმა სამუელს: "შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
25 .
ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.
26 .
უპასუხა საულს სამუელმა: "არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან უარყავი უფლის სიტყვა და უფალმაც უარყო შენი მეფობა ისრაელზე”.
27 .
გამობრუნდა სამუელი წამოსასვლელად, მაგრამ მოსასხამის კალთას ჩაებღაუჭა საული და მოგლიჯა იგი.
28 .
მაშინ უთხრა სამუელმა: "ასე გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის სამეფო და მისცა იგი შენს მოყვასს, შენზე უკეთესს.
29 .
არ იცრუებს და არ გადაიფიქრებს ისრაელის დიდება, რადგან ადამიანი არაა, რომ გადაიფიქროს”
30 .
მიუგო საულმა: "შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რათა თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს”.
31 .
გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32 .
მასთან შებორკილი აგაგი, რადგან ფიქრობდა ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი!
33 .
უთხრა სამუელმა აგაგს: "როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები შვილების გარეშე, ისე დედაშენი იყოს ქალთა შორის შვილმკვდარი”. და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში, უფლის წინაშე.
34 .
წავიდა სამუელი რამაში, საული კი გიბყაში, თავის სახლისკენ გაემართა
35 .
და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა სამუელი საულისთვის, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.