დანიელი თავი 2

1 . თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.

2 . და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.

3 . უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.

4 . არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.

5 . მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.

6 . მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.

7 . მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.

8 . უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.

9 . ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.

10 . უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.

11 . რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.

12 . ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.

13 . გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.

14 . მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა.

15 . მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: "რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს.

16 . მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.

17 . დაბრუნდა დანიელი თავის სახლში და აუწყა ეს ამბავი ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას - თავის მეგობრებს,

18 . რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.

19 . მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.

20 . და თქვა დანიელმა: "კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება.

21 . ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.

22 . აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.

23 . გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.

24 . მივიდა დანიელი არიოქთან, რომელსაც ბაბილონელ ბრძენთა დახოცვა უბრძანა მეფემ და უთხრა მას: "ნუ დახოცავ ბაბილონელ ბრძენთ, მიმიყვანე მეფის წინაშე და მე გავუცხადებ მეფეს სიზმრის მნიშვნელობას”.

25 . მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.

26 . მიუგო მეფემ დანიელს, რომელსაც იქ ბელტეშაცარს ეძახდნენ: "შეგიძლია მითხრა სიზმარი, რომელიც ვიხილე და მისი მნიშვნელობაც განმიმარტო?”

27 . მიუგო დანიელმა და უპასუხა: "საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები.

28 . მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:

29 . ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.

30 . მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.

31 . აჰა, დიდი ქანდაკება იხილე სიზმარში, მეფევ; დიდზე დიდი იყო ეს ქანდაკება და საოცრად ელვარე; შენ წინაშე იდგა; საშინელი იყო მისი შესახედაობა.

32 . თავი ამ ქანდაკებისა წმიდა ოქროსი იყო, მკერდი და მკლავები - ვერცხლისა, მუცელი და თეძოები - სპილენძისა,

33 . წვივები - რკინისა, ფეხები - ნაწილი რკინისა და ნაწილი თიხისა.

34 . უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.

35 . მაშინ ყველაფერი ერთად დაიმსხვრა: რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ზაფხულის კალოს მტვერივით იქცა და ქარმა წაიღო; კვალიც აღარ დარჩა. ხოლო ქვა, ქანდაკებას რომ მოხვდა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აავსო.

36 . ეს არის სიზმარი და მის მნიშვნელობასაც ვიტყვი მეფის წინაშე:

37 . აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.

38 . ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი.

39 . შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.

40 . მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს;

41 . როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ - რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული.

42 . როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე.

43 . ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას.

44 . იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.

45 . შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”.

46 . მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.

47 . მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.

48 . და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.

49 . დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაქი, მეშექი და ყაბედ-ნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა.