1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ შესცოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ.
2 . და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
3 . შეაგდო ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
4 . იოსები მიუჩინა მათ მცველთა უფროსმა და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5 . ერთ ღამეს სიზმარი ესიზმრა ორთავეს - თითოეულს საკუთრივ განსამარტი: მწდეთუხუცესსაც და მეპურეთუხუცესსაც.
6 . მივიდა დილით იოსები მათთან და ხედავს, აჰა, დაღვრემილნი არიან.
7 . ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად: "რატომ ხართ დაღვრემილნი”?
8 . უთხრეს: "სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ ამხსნელი არავინაა”. უთხრა იოსებმა: "განა უფლისაგან არ არის ახსნა? მე მიამბეთ”.
9 . უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: "სიზმარში ვხედავ, აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
10 . სამი ლერწი ჰქონდა; როგორც კი გაიფურჩქნა, კვირტები გამოიღო და მტევნები დამწიფდა.
11 . ხელთ ფარაონის ფიალა მეჭირა; ავიღე ყურძენი, ფიალაში ჩავწურე და ფარაონს მივართვი”.
12 . უთხრა იოსებმა: "ეს არის მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
13 . სამი დღის შემდეგ აგამაღლებს ფარაონი და დაგაბრუნებს ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევ ფიალას ფარაონს უწინდელივით, როცა მისი მწდე იყავი.
14 . ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე; ქენი სიკეთე, გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
15 . რადგან ებრაელთა ქვეყნიდან მომიპარეს და აქაც ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დილეგში ვიჯდე”.
16 . დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა სიზმარი იოსებმა და უთხრა: "მეც ვნახე სიზმარი: აჰა, პურის სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
17 . ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი; და ფრინველი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან”.
18 . მიუგო იოსებმა: "ესაა მისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;
19 . სამი დღის შემდეგ თავს მოგკვეთს ფარაონი და ხეზე ჩამოგკიდებს; შენს ხორცს კი ფრინველი დაძიძგნის”.
20 . მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა.
21 . დააბრუნა მწდეთუხუცესი ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევდა ფარაონს ფიალას;
22 . ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მას იოსებმა.
23 . და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, რადგან დაავიწყდა.
1 . ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;
2 . და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.
3 . მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.
4 . და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.
5 . კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
6 . მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.
7 . და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
8 . შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.
9 . და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:
10 . განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.
11 . ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.
12 . იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.
13 . როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.
14 . მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
15 . უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.
16 . მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
17 . და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.
18 . აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.
19 . მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.
20 . დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.
21 . შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.
22 . კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
23 . აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.
24 . წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
25 . უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
26 . შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
27 . მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.
28 . ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.
29 . აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
30 . მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.
31 . ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
32 . და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
33 . ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.
34 . ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.
35 . დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.
36 . ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.
37 . მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.
38 . უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”
39 . და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
40 . შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.
41 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.
42 . და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,
43 . დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
45 . უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46 . ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
47 . უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.
48 . და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.
49 . ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.
50 . ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
51 . და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.
52 . მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.
53 . დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა
54 . და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55 . და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.
56 . შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.
57 . ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.
1 . ვეღარ შეძლო თავის შეკავება იოსებმა და შეჰყვირა: "ყველანი გაიყვანეთ!” და არავინ იყო მასთან, როცა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ძმებს.
2 . ხმამაღლა აქვითინდა და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლეულმაც.
3 . უთხრა თავის ძმებს: "იოსები ვარ. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
4 . უთხრა ძმებს იოსებმა: "მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: "იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
5 . ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
6 . რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7 . თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე.
8 . თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
9 . საჩქაროდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით: "ასე ამბობს-თქო იოსები, შენი ძე - მთელი ეგვიპტის ბატონად დამადგინა ღმერთმა; ჩამოდი ჩემთან, ნუღარ დააყოვნებ!
10 . იცხოვრებ გოშენის მიწაზე, ჩემს მახლობლად, შენ, შენი შვილები და შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და ყველაფერი თან გექნება, რაც გაგაჩნია.
11 . აქ გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლეული და მთელი შენი მონაგები.
12 . ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგეა, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
13 . უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში; ყველაფერი უამბეთ, რაც ნახეთ; იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი”.
14 . დაემხო თავისი ძმის, ბენიამინის კისერზე და აქვითინდა; და ბენიამინიც ქვითინებდა მის კისერზე.
15 . ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.
16 . მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, ძმები ჩამოუვიდნენო იოსებს და ეამათ ფარაონსა და მის მსახურებს.
17 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "შენს ძმებს უთხარი: ასე მოიქეცით: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და წადით ქანაანის ქვეყანაში;
18 . წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეული და მოდით ჩემთან. საუკეთესოს გარგუნებთ ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის დოვლათს შეჭამთ.
19 . შენ კი გებრძანება: წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ურმები თქვენი პატარებისა და ცოლებისათვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოდით;
20 . თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან ყოველივე საუკეთესო თქვენია ეგვიპტის მიწაზე”.
21 . ასეც მოიქცნენ ისრაელის ძენი. მისცა მათ იოსებმა ურმები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
22 . ერთი ხელი სამოსელი თითოეულ მათგანს, ხოლო ბენიამინს სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი მისცა.
23 . მამამისს კი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული ათი სახედარი, ათი ჭაკი ვირი ხორბლით და პურით დატვირთული გაუგზავნა, და საკვები - მამამისის სამგზავროდ.
24 . გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: "გზაში ნუ იდავებთ”.
25 . წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
26 . ახარეს: "ცოცხალია იოსები და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე განმგებლობს!” გაოგნდა, თუმცა არ ერწმუნა მათ.
27 . გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული.
28 . თქვა ისრაელმა: "კმარა, ცოცხალია ჩემი ძე, იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”.
1 . ადგა დილაადრიანად იერუბაყალი, იგივე გედეონი, ასევე მასთან მყოფი მთელი ხალხი და ხაროდის წყაროსთან დაიბანაკეს; მიდიანელთა ბანაკი მისგან ჩრდილოეთით, მორეს მაღლობთან, ველზე იყო.
2 . უთხრა უფალმა გედეონს: "ბევრი ხალხი გყავს, რომ ჩავუგდო ხელში მიდიანელები, გაყოყოჩდება ისრაელი და იტყვის: ჩემმა ხელმა მიხსნაო.
3 . ამიტომ, ასე გამოაცხადე ხალხის გასაგონად: "ვისაც ეშინია და ცახცახებს, დაე გაბრუნდეს და დატოვოს გილყადის მთა!” და გაბრუნდა ხალხიდან ოცდაორი ათასი, ათი ათასი კი დარჩა.
4 . უთხრა უფალმა გედეონს: "ესეც ბევრია; წყალთან ჩაიყვანე, იქ გამოვცდი მათ; რომელზეც გეტყვი: წამოვიდეს-მეთქი, წამოგყვეს, მაგრამ რომელზეც გეტყვი: არ წამოვიდეს-მეთქი, არ წამოგყვეს”.
5 . ჩაიყვანა ხალხი წყალთან. უთხრა უფალმა გედეონს: "ცალკე დააყენე ყველა, ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს; ისინიც გამოაცალკევე, ვინც მუხლებზე დადგება დასალევად”.
6 . ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი აღმოჩნდა, დანარჩენებმა კი ჩაიმუხლეს წყლის დასალევად.
7 . უთხრა უფალმა გედეონს: "ამ სამასი მსვლეპელი კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებთ მიდიანელებს; დანარჩენები შინ გაბრუნდნენ”.
8 . აიღო ხალხმა საგზალი და რქის საყვირები; დანარჩენი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა გედეონმა, სამასი კაცი კი დაიტოვა; ხოლო მიდიანელნი ქვემოთ, ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
9 . უთხრა იმავე ღამეს უფალმა: "ადექი, ჩადი ბანაკში, რადგან შენს ხელთა მყავს ჩაგდებული მიდიანი.
10 . თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ ჩადით შენ და ფურა, შენი მსახური.
11 . მოისმენ, რას ამბობენ და მკლავები განგიმტკიცდება ბანაკში ჩასასვლელად”. და ჩავიდნენ ის და ფურა, მისი მსახური, ბანაკში, შეიარაღებულთა განაპირა რიგებისკენ.
12 . მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ყველა ძე კალიებივით მოფენილიყვნენ ველზე. მათ აქლემებს სიმრავლისგან თვლა არ ჰქონდა, როგორც ქვიშას, ზღვის სანაპიროზე.
13 . მივიდა გედეონი და, აჰა, სიზმარს უყვება კაცი თავის მოყვასს; ამბობს: "მესიზმრა: მოგორავს ქერის პური, მიგორდა მიდიანელთა კარვამდე, დაეჯახა და დასცა, ამოაპირქვავა და მიწასთან გაასწორა იგი”.
14 . მიუგო მოყვასმა და უთხრა: "ეს სხვა არაფერია, თუ არა გედეონის, იოაშის ძის, ისრაელიანი კაცის მახვილი; აჰა, ხელში ჩაუგდო ღმერთმა მიდიანელნი და მთელი მათი ბანაკი”.
15 . როცა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა გედეონმა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელის ბანაკში და თქვა: "ადექით! ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანელთა ბანაკი”.
16 . სამ რაზმად დაჰყო სამასი კაცი, ხელში ყველას რქის საყვირები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში კი - ჩირაღდნები.
17 . უთხრა მათ: "მიყურეთ და იგივე გააკეთეთ; აჰა, მივდივარ ბანაკის კიდისკენ და ისე მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი!
18 . ჩავბერავ საყვირში და ვინც ჩემთანაა, ყველამ ჩაბეროს მთელი ბანაკის ირგვლივ, თან იყვირეთ: უფლისა და გედეონისთვის!”
19 . ას კაცთან ერთად მივიდა ბანაკის კიდესთან გედეონი, შუა გუშაგობა იწყებოდა და გუშაგები ახლად გამოცვლილნი იყვნენ; ჩაბერეს საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები, რომლებიც ხელში ეჭირათ.
20 . ჩაბერა სამივე რაზმმა საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეკავათ, მარჯვენაში - საყვირები, ახმიანებდნენ და თან ყვიროდნენ: "მახვილი უფლისთვის და გედეონისთვის!”
21 . თითოეული თავის ადგილზე იდგა ბანაკის ირგვლივ; გაიქცა მთელი ლაშქარი - ღრიალებდნენ და მირბოდნენ.
22 . როცა რქის სამასი საყვირი დააყვირეს, მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი უფალმა და გარბოდა ლაშქარი ბეთშიტამდე ცერარასკენ, აბელ-მექოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად.
23 . მოუხმეს ისრაელიანებს ნაფთალის, აშერისა და მთელი მენაშეს ტომთაგან და დაედევნენ მიდიანელებს.
24 . მოციქულნი წარგზავნა გედეონმა ეფრემელთა მთაზე და შეუთვალა: გამოდით მიდიანელთა წინააღმდეგ და დაიკავეთ მათ წინ მდებარე წყაროები ბეთ-ბარამდე და იორდანე”. და გამოვიდა ეფრემელთა ყველა კაცი და ბეთ-ბარამდე დაიკავეს წყაროები და იორდანე.
25 . და შეიპყრეს მიდიანელთა ორი მთავარი: ყორები და ზეები. და მოკლეს ყორები ყორების კლდეზე, ზეები კი - ზეების საწნახელთან და სდიეს მიდიანელებს; ხოლო ყორებისა და ზეების თავები გედეონს მიუტანეს იორდანეს გაღმა.
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.
2 . და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.
3 . უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.
4 . არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.
5 . მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.
6 . მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.
7 . მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.
8 . უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.
9 . ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.
10 . უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.
11 . რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
12 . ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.
13 . გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.
14 . მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა.
15 . მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: "რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს.
16 . მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.
17 . დაბრუნდა დანიელი თავის სახლში და აუწყა ეს ამბავი ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას - თავის მეგობრებს,
18 . რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.
19 . მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.
20 . და თქვა დანიელმა: "კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება.
21 . ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.
22 . აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
23 . გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.
24 . მივიდა დანიელი არიოქთან, რომელსაც ბაბილონელ ბრძენთა დახოცვა უბრძანა მეფემ და უთხრა მას: "ნუ დახოცავ ბაბილონელ ბრძენთ, მიმიყვანე მეფის წინაშე და მე გავუცხადებ მეფეს სიზმრის მნიშვნელობას”.
25 . მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.
26 . მიუგო მეფემ დანიელს, რომელსაც იქ ბელტეშაცარს ეძახდნენ: "შეგიძლია მითხრა სიზმარი, რომელიც ვიხილე და მისი მნიშვნელობაც განმიმარტო?”
27 . მიუგო დანიელმა და უპასუხა: "საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები.
28 . მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
29 . ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.
30 . მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
31 . აჰა, დიდი ქანდაკება იხილე სიზმარში, მეფევ; დიდზე დიდი იყო ეს ქანდაკება და საოცრად ელვარე; შენ წინაშე იდგა; საშინელი იყო მისი შესახედაობა.
32 . თავი ამ ქანდაკებისა წმიდა ოქროსი იყო, მკერდი და მკლავები - ვერცხლისა, მუცელი და თეძოები - სპილენძისა,
33 . წვივები - რკინისა, ფეხები - ნაწილი რკინისა და ნაწილი თიხისა.
34 . უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.
35 . მაშინ ყველაფერი ერთად დაიმსხვრა: რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ზაფხულის კალოს მტვერივით იქცა და ქარმა წაიღო; კვალიც აღარ დარჩა. ხოლო ქვა, ქანდაკებას რომ მოხვდა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აავსო.
36 . ეს არის სიზმარი და მის მნიშვნელობასაც ვიტყვი მეფის წინაშე:
37 . აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.
38 . ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი.
39 . შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.
40 . მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს;
41 . როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ - რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული.
42 . როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე.
43 . ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას.
44 . იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.
45 . შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”.
46 . მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.
47 . მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.
48 . და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.
49 . დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაქი, მეშექი და ყაბედ-ნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა.
1 . მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ერებს, ენებსა და მთელ დედამიწაზე მცხოვრებთ: "მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
2 . საჭიროდ მივიჩნიე, თქვენც გაუწყოთ ის ნიშნები და სასწაულები, რომლებიც უზენაესმა ღმერთმა მოიმოქმედა ჩემზე.
3 . რარიგ დიადია მისი ნიშნები და რა ძლევამოსილია მისი სასწაულები! სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი - თაობიდან და თაობებზე.
4 . მე, ნაბუქოდონოსორი, ვნებივრობდი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.
5 . სიზმარი ვნახე, რომელმაც შემაძრწუნა. ფიქრებმა ჩემს სარეცელზე და ხილვებმა ჩემს თავში, ამაფორიაქეს.
6 . ვბრძანე, ბაბილონის ყველა ბრძენი მოეყვანათ ჩემ წინაშე, რომ სიზმრის განმარტება ეუწყებინათ ჩემთვის.
7 . მოვიდნენ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი; ვუამბე სიზმარი, მაგრამ ვერ ამიხსნეს მისი აზრი.
8 . სანამ, ბოლოს, დანიელი არ მოვიდა ჩემ წინაშე, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, როგორც სახელი ჩემი ღვთისა და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია და მოვყევი სიზმარი მის წინაშე:
9 . ბელტეშაცარ, გრძნეულთა უფროსო! ვიცი, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში და არავითარი საიდუმლო არ არის შენთვის დაფარული. აი, ხილვანი ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე. ამიხსენი მისი მნიშვნელობა.
10 . ვნახე ხილვა საკუთარ სარეცელზე. აჰა, ხე დედამიწის შუაგულში - დიდი სიმაღლისა.
11 . გაიზარდა ხე, განმტკიცდა; მისი სიმაღლე ზეცას ასწვდა. დედამიწის ყოველი კიდიდან ჩანდა.
12 . მშვენივრად იყო გაფოთლილი, ნაყოფიც უხვად ესხა, ყველას ყოფნიდა საკვებად. მის ჩრდილში ბინადრობდნენ მინდვრის მხეცები, მის ტოტებში ბუდობდნენ ცის ფრინველნი, მისგან იკვებებოდა ყოველი ხორციელი.
13 . ვხედავდი ხილვებს ჩემს სარეცელზე და აჰა, ჩამოვიდა ზეციდან წმიდა გუშაგი.
14 . დაიძახა მან ხმამაღლა და თქვა: მოსჭერით ხე, შემოაკაფეთ ტოტები, ფოთლები შემოაცალეთ და ნაყოფი განაბნიეთ. განიდევნონ ცხოველები მისი ჩრდილიდან და ფრინველები - მისი ტოტებიდან.
15 . ოღონდ, მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად.
16 . ადამიანის გული წაერთვას და მხეცის გული მიეცეს; შვიდი ჟამი გადაივლის მასზე.
17 . ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.
18 . ეს არის სიზმარი, მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ ვიხილე და შენ, ბელტეშაცარ, ამიხსენი, რადგან ჩემი სამეფოს ბრძენთაგან არავის ძალუძს მისი მნიშვნელობის ახსნა; შენ კი ძალგიძს, იმიტომ, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში”.
19 . მაშინ დანიელი, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, ერთ საათამდე დუმდა და შემცბარი ფიქრობდა. შეაძრწუნა იგი ამ ფიქრებმა. ალაპარაკდა მეფე და უთხრა: "ბელტეშაცარ, სიზმარი და მისი მნიშვნელობა ნუ დაგაფრთხობს!” მიუგო მეფეს ბელტეშაცარმა: "ბატონო ჩემო! შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტერთ მისი ახსნა!
20 . ხე, შენ რომ იხილე, რომელიც გაიზარდა, განმტკიცდა, სიმაღლით ზეცას მიაღწია და დედამიწის კიდეებიდანაც ჩანდა,
21 . მშვენივრად რომ იყო გაფოთლილი, ნაყოფი უხვად ესხა და საკვებად ყველას ჰყოფნიდა, რომლის ჩრდილშიც მინდვრის მხეცები ბინადრობდნენ და ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,
22 . შენა ხარ, მეფევ, რომელიც განდიდდი და განმტკიცდი; გაიზარდა შენი სიდიადე და ზეცას მისწვდა, შენი საბრძანებელი ქვეყნის კიდეებამდე გავრცელდა.
23 . ხოლო მეფემ რომ წმიდა გუშაგი იხილა, ზეციდან ჩამომავალი, რომელიც ამბობდა: "მოსჭერით და აკაფეთ, ოღონდ მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად, ვიდრე შვიდი ჟამი გადაივლიდესო!”
24 . ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:
25 . განდევნილ იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან გექნება სამყოფელი, ხარივით ბალახს შეჭამ და ციური ნამით დარწყულდები; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას მისცემს.
26 . ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვების ბრძანება იმას მოასწავებს, რომ დაგიბრუნდება შენი სამეფო, ოღონდ მას შემდეგ, როცა მიხვდები, რომ ზეცა მმართველობს.
27 . ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი - ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.
28 . და ყოველივე მოეწია მეფე ნაბუქოდონოსორს:
29 . თორმეტი თვის შემდეგ, როცა ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობდა,
30 . თქვა მეფემ: "განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?”
31 . ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: "შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!
32 . განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”.
33 . მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი _ ფრინველის კლანჭებივით.
34 . იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.
35 . არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!
36 . მაშინ დამიბრუნდა ჩემი გონიერება; და დამიბრუნდა პატივი და პირვანდელი ბრწყინვალება ჩემი სამეფოს სადიდებლად; მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა, განმტკიცდა ჩემი მეუფება და აღმატებული გახდა ჩემი სიდიადე.
37 . ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.
1 . დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:
2 . "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
3 . ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 . შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.
5 . უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 . და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
7 . მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.
8 . გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.
9 . მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 . ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 . შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 . და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 . მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.
14 . ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.
15 . და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
16 . როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.
17 . მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
19 . ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
20 . უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.
21 . ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 . ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
23 . მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.