1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . და აჰა, ღვთისკაცი მოვიდა უფლის სიტყვით იუდადან ბეთელს, იერობყამი კი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევად.
2 . დასძახა სამსხვერპლოს უფლის სიტყვა და თქვა: "სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ვაჟი დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი, მსხვერპლად დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ შენზე და კაცთა ძვლებს დაწვავენ შენზე”.
3 . ნიშანი მისცა იმავე დღეს და თქვა: "აი, იმის ნიშანი, რომ უფლის ნათქვამია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება ეს სამსხვერპლო და გაიფანტება ზედ დაყრილი ნაცარი”.
4 . და როცა მოისმინა მეფემ ღვთისკაცის ნათქვამი, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, გაიწოდა სამსხვერპლოდან ხელი და თქვა: "შეიპყარით!” მყისვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.
5 . დაიშალა სამსხვერპლო და გაიფანტა ნაცარი სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ წარმოთქვა უფლის სიტყვისამებრ.
6 . უთხრა მეფემ ღვთისკაცს: "დაიმდაბლე თავი უფლის, შენი ღმერთის სახის წინაშე და ილოცე ჩემთვის, რომ შევძლო ხელის უკან წაღება”. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და აღუდგინა ხელი მეფეს და გახდა როგორიც ადრე ჰქონდა.
7 . უთხრა მეფემ ღვთისკაცს: "სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და თან დაგასაჩუქრებ”.
8 . უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: "ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილზე.
9 . რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ და ნურც იმ გზით დაბრუნდები, რომლითაც მოხვედი”.
10 . და სხვა გზით წავიდა იგი, არ გაბრუნებულა იმ გზით, რომლითაც ბეთელში მოვიდა.
11 . ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელს. მოვიდნენ მისი ძენი და უამბეს ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა მოიმოქმედა იმ დღეს ბეთელში და მის მიერ მეფისთვის ნათქვამი სიტყვებიც გადასცეს მამას.
12 . მამამ იკითხა: "რომელი გზით წავიდა?” და დაანახეს შვილებმა ის გზა, რომლითაც წავიდა იუდადან მოსული ღვთისკაცი.
13 . უთხრა შვილებს: "შემიკაზმეთ სახედარი”. შეუკაზმეს სახედარი და შეჯდა.
14 . გამოედევნა ღვთისკაცს და მუხის ქვეშ მჯდომი იპოვა. უთხრა: "შენა ხარ ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?” მიუგო: "მე ვარ”.
15 . უთხრა: "სახლში წამომყევი და პური ჭამე”.
16 . უპასუხა: "ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან შემოვალ, ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილზე,
17 . რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ და ნურც იმ გზით დაბრუნდები, რომლითაც მოხვედი”.
18 . უთხრა: "მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ, ანგელოზი მელაპარაკა უფლის სიტყვით და მითხრა - შენს სახლში წამოიყვანეო ეს კაცი, პური ჭამოს და წყალი დალიოს” - იცრუა მან.
19 . დაბრუნდა ღვთისკაცი მასთან ერთად მის სახლში, ჭამა პური და დალია წყალი.
20 . ჯერ კიდევ სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი.
21 . დაუყვირა იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: "ასე ამბობს უფალი, რაკი ეურჩე უფლის სიტყვას და არ დაიცავი მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები,
22 . მობრუნდი, პური ჭამე და წყალი დალიე იმ ადგილზე, რომელზეც გითხრა: პურს ნუ შეჭამ და წყალს ნუ დალევო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამების საფლავში”.
23 . პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ შეუკაზმა სახედარი წინასწარმეტყველს, რომელიც გზიდან დააბრუნა;
24 . წავიდა, შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი, სახედარი ედგა გვერდით და ლომიც გვამთან იდგა.
25 . აჰა, დაინახა გამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი. მივიდნენ და ამბავი მიიტანეს ქალაქში, სადაც ცხოვრობდა ის მოხუცი წინასწარმეტყველი.
26 . გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა იგი და თქვა: "ეს ის ღვთისკაცია, რომელიც უფლის ბრძანებას არ დაემორჩილა, უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუგლეჯია და მოუკლავს, უფლის სიტყვის თანახმად, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის”.
27 . და უთხრა თავის ძეებს: "შემიკაზმეთ სახედარი”. შეუკაზმეს.
28 . წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან, არც გვამი შეუჭამია ლომს და არც სახედარი დაუგლეჯია.
29 . აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, შედო სახედარზე და უკან წამოიღო. და დაბრუნდა მოხუცი წინასწარმეტყველი ქალაქში მის დასატირებლად და დასამარხად.
30 . ჩაასვენა გვამი თავის სამარხში, გლოვობდა და ამბობდა: "ვაი, ჩემო ძმაო!”
31 . დამარხა და უთხრა თავის ძეებს: "როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია, მის ძვლებთან დაასვენეთ ჩემი ძვლები.
32 . რადგან ჭეშმარიტად ახდება ის, რაც უფლის სიტყვით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და სახლებს მაღლობებზე, სამარიის ქალაქებში რომ არიან აღმართულნი”.
33 . ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობყამს ბოროტი გზა და კვლავ განაწესებდა ხალხიდან მღვდლებს მაღლობებისთვის; ვის განწესებასაც მოისურვებდა, ხელს უვსებდა და ისიც მღვდელი ხდებოდა მაღლობზე.
34 . ამ მიზეზით ჩავარდა ცოდვაში იერობყამის სახლი, ამიტომ მოიკვეთა და აღიგავა მიწის პირისგან.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . ახლა კი ასე ამბობს უფალი - შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: "ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
2 . ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.
3 . ვინაიდან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა და თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ეთიოპია და შება - თქვენს სანაცვლოდ.
4 . რადგან ძვირფასნი ხართ ჩემს თვალში და ღირსეულნი, მე შეგიყვარეთ თქვენ! ამიტომ სხვა ადამიანებს მივცემ თქვენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს - თქვენი სიცოცხლისთვის.
5 . ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ.
6 . ჩრდილოეთს ვეტყვი: მიეცი! სამხრეთს: ნუ დააკავებ! მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი - ქვეყნის კიდიდან.
7 . ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!”
8 . გამოიყვანე ხალხი, თვალები რომ აქვთ, თუმცა ბრმანი არიან და ყურები რომ აქვთ, თუმცა ყრუნი არიან.
9 . ყველა ერი შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; ვის ძალუძს მათგან ეს გამოგვიცხადოს და გვაუწყოს გარდასული? მოიყვანონ მოწმეები, რომ გამართლდნენ; დაე, მოისმინონ და თქვან: "ჭეშმარიტია!”
10 . თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი, და ჩემი მსახურნი, რომელნიც ავირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ! არც ჩემამდე არსებობდა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება!
11 . მე და მხოლოდ მე ვარ უფალი და ჩემს გარდა მხსნელი არავინაა!
12 . მე ვთქვი და გიხსენით და გამოგიცხადეთ, უცხო ღმერთი არ ყოფილა თქვენ შორის. ამიტომაც თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი: და მე ღმერთი ვარ.
13 . უძველესი დროიდან იგივე ვარ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა; მოვიმოქმედებ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?”
14 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: "თქვენი გულისთვის გავგზავნი ბაბილონში, დავამხობ ყველა სიმაგრეს და ქალდეველებს - თავიანთ საამაყო გემებზე.
15 . მე უფალი ვარ თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.
16 . ასე ამბობს უფალი, მომცემი ზღვაში გზისა და დიდ წყალში - ბილიკისა,
17 . გამომყვანი ეტლისა და ცხენისა, ლაშქრისა და ვაჟკაცისა; ერთად განერთხნენ ისინი, ვეღარ ადგნენ, დაიშრიტნენ და ჩაქრნენ პატრუქივით.
18 . ნუ გაიხსენებთ წარსულს, გასულ დღეებზე ნუ იფიქრებთ.
19 . აჰა, მე ვქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოში გზას გავიყვან, ხრიოკზე მდინარეებს ვადენ.
20 . განმადიდებენ მინდვრის მხეცები, ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი მივეცი უდაბნოს, ხრიოკს - მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ხალხს, ჩემს რჩეულთ.
21 . ხალხი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, ჩემს დიდებას გამოაცხადებს,
22 . მაგრამ არ მომიხმე, იაკობ, რადგან დაიქანცე ჩემით, ისრაელ!
23 . არც სრულადდასაწველი კრავი მოგიყვანია ჩემთვის, არ მომაგებდი პატივს შენი მსხვერპლით, არც ძღვენით და არც გუნდრუკით.
24 . არც ლერწმის სურნელებანი გიყიდია ფულით და არც შენი მსხვერპლების ქონით მანებივრებდი, თუმცა შენი ცოდვებით მამძიმებდი და შენი ურჯულოებით მქანცავდი.
25 . მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
26 . გამახსენე და ერთად განვსაჯოთ; შენ მოყევი, რათა გამართლდე.
27 . შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამდგომლები ამიჯანყდნენ.
28 . სამაგიეროდ, დავამდაბლე საწმიდრის გამგებელნი, დასაკლავად მივეცი იაკობი და სალანძღად - ისრაელი.
1 . ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
2 . ყლორტივით ამოიზარდა მის წინაშე და ფესვივით - ურწყული მიწიდან, არც გარეგნობა ჰქონია და არც სიდიადე რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
3 . მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით;
4 . მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული.
5 . ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.
6 . ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.
7 . შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
8 . შეიპყრეს და სამსჯავროს გადასცეს და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან. ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა.
9 . ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.
10 . უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.
11 . იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
12 . ამიტომაც უდიდესთა შორის დავუმკვიდრებ მას წილს და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავი და დამნაშავედ შეირაცხა. მრავალთა ცოდვა იტვირთა და ურჩთათვის შუამდგომლობდა.
1 . თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.
2 . და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.
3 . უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.
4 . არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.
5 . მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.
6 . მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.
7 . მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.
8 . უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.
9 . ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.
10 . უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.
11 . რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
12 . ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.
13 . გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.
14 . მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა.
15 . მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: "რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს.
16 . მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.
17 . დაბრუნდა დანიელი თავის სახლში და აუწყა ეს ამბავი ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას - თავის მეგობრებს,
18 . რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.
19 . მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.
20 . და თქვა დანიელმა: "კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება.
21 . ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.
22 . აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
23 . გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.
24 . მივიდა დანიელი არიოქთან, რომელსაც ბაბილონელ ბრძენთა დახოცვა უბრძანა მეფემ და უთხრა მას: "ნუ დახოცავ ბაბილონელ ბრძენთ, მიმიყვანე მეფის წინაშე და მე გავუცხადებ მეფეს სიზმრის მნიშვნელობას”.
25 . მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.
26 . მიუგო მეფემ დანიელს, რომელსაც იქ ბელტეშაცარს ეძახდნენ: "შეგიძლია მითხრა სიზმარი, რომელიც ვიხილე და მისი მნიშვნელობაც განმიმარტო?”
27 . მიუგო დანიელმა და უპასუხა: "საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები.
28 . მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
29 . ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.
30 . მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
31 . აჰა, დიდი ქანდაკება იხილე სიზმარში, მეფევ; დიდზე დიდი იყო ეს ქანდაკება და საოცრად ელვარე; შენ წინაშე იდგა; საშინელი იყო მისი შესახედაობა.
32 . თავი ამ ქანდაკებისა წმიდა ოქროსი იყო, მკერდი და მკლავები - ვერცხლისა, მუცელი და თეძოები - სპილენძისა,
33 . წვივები - რკინისა, ფეხები - ნაწილი რკინისა და ნაწილი თიხისა.
34 . უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.
35 . მაშინ ყველაფერი ერთად დაიმსხვრა: რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ზაფხულის კალოს მტვერივით იქცა და ქარმა წაიღო; კვალიც აღარ დარჩა. ხოლო ქვა, ქანდაკებას რომ მოხვდა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აავსო.
36 . ეს არის სიზმარი და მის მნიშვნელობასაც ვიტყვი მეფის წინაშე:
37 . აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.
38 . ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი.
39 . შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.
40 . მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს;
41 . როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ - რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული.
42 . როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე.
43 . ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას.
44 . იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.
45 . შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”.
46 . მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.
47 . მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.
48 . და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.
49 . დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაქი, მეშექი და ყაბედ-ნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა.
1 . დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
2 . მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
3 . პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
4 . ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
5 . აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
6 . ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
7 . სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
8 . უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
9 . უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
10 . ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
11 . დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
12 . დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
13 . როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
14 . ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
15 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
16 . უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17 . ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18 . ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19 . უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
20 . ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
21 . ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22 . შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
23 . შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
24 . სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25 . ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
26 . სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27 . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
1 . დამანახა უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი იესო მღვდელმთავარი და სატანა, მის მარჯვნივ რომ იდგა, რათა ბრალი დაედო მისთვის.
2 . უთხრა უფალმა სატანას: უფალი გიკრძალავს, სატანავ, დიახ, უფალი გიკრძალავს, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3 . გაბინძურებული სამოსელი ეცვა იესოს და ანგელოზის წინაშე იდგა.
4 . მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ გაბინძურებული სამოსელი! კიდევ უთხრა: აჰა, განგაშორე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსე.
5 . თქვა: სუფთა თავსაბურველი დაახურეთ თავზე. დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და სამოსელით შემოსეს. უფლის ანგელოზი კი იდგა.
6 . გააფრთხილა უფლის ანგელოზმა იესო და უთხრა:
7 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და მე მემსახურები, ჩემს სახლს გაუძღვები და ჩემს ეზოებს ადევნებ თვალყურს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომთა მსგავსად.
8 . ისმინე, მღვდელმთავარო იეშუა, შენ და ყველა შენმა მეგობარმა, შენს წინ რომ სხედან, ისინი ხომ ნიშნის მოწმენი არიან, რადგან, აჰა, მოვავლენ ჩემს მსახურს - მორჩს.
9 . რადგან, აჰა, ქვა, რომელიც იეშუას წინ დავდე; შვიდი თვალია ამ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთ მასზე წარწერას - ამბობს ცაბაოთ უფალი - და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10 . იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - ყველა თქვენგანი მიიწვევს თავის მოყვასს ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.
1 . დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:
2 . "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
3 . ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 . შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.
5 . უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 . და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
7 . მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.
8 . გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.
9 . მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 . ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 . შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 . და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 . მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.
14 . ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.
15 . და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
16 . როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.
17 . მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
19 . ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
20 . უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.
21 . ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 . ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
23 . მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
1 . "რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
2 . მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
3 . მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად.
4 . უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ.
5 . კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
6 . გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
7 . უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო.
8 . რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.
9 . მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
10 . პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
11 . როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს.
12 . ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
13 . მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი?
14 . აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15 . ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
16 . ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
17 . იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა:
18 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
19 . წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
20 . მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.
21 . მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
22 . მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.
23 . უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
24 . ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.
25 . იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
26 . თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.
27 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
28 . ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
29 . იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას.
30 . და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”
31 . უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”
32 . იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
33 . უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”.
34 . შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
2 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
3 . ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
5 . იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
6 . აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
7 . ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
8 . მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
9 . და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
10 . და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
11 . ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
12 . და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
13 . ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
14 . მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
15 . ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
16 . გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17 . უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
18 . მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19 . ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
20 . მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21 . კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
22 . გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23 . იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
24 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
25 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
26 . არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
27 . ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
28 . და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
29 . სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
30 . სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
31 . მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
32 . საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
33 . მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
34 . ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
35 . განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
36 . სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
37 . იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
38 . უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
39 . დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
40 . მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
41 . შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
42 . მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
43 . მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
44 . უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
45 . ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
1 . შევიდა და გაიარა იერიხოზე.
2 . აჰა, იყო ვინმე მდიდარი კაცი, სახელად ზაქე - მებაჟეთა უფროსი.
3 . უნდოდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.
4 . წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რომ დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.
5 . როცა იმ ადგილამდე მივიდა, აიხედა იესომ მაღლა და უთხრა: "ზაქე, სწრაფად ჩამოდი! რადგან დღეს შენს სახლში მომიწევს დარჩენა”.
6 . და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.
7 . ვინც ეს დაინახა, ყველანი აბუზღუნდნენ; ამბობდნენ: "ცოდვილ კაცთან შევიდა დასარჩენად”.
8 . ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: "უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.
9 . უთხრა იესომ: "დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა, რაკი ისიც აბრაჰამის ძეა.
10 . ვინაიდან ძე კაცისა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა”.
11 . ამას რომ ისმენდნენ, ერთი იგავიც დაურთო, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და ეგონათ, ღმერთის სამეფო ახლავე გამოჩნდებაო.
12 . ამის გამო თქვა: "წავიდა ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
13 . მოუხმო თავის ათ მონას, მისცა ათი მინა და უთხრა, ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.
14 . მაგრამ მისი ქალაქის მკვიდრთ სძულდათ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს: არ გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზეო.
15 . მეფობა რომ მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მოეგვარათ მისთვის ის მონები, ვერცხლი რომ მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ ივაჭრა.
16 . მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო.
17 . უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფებაო.
18 . მოვიდა მეორე და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიტანა.
19 . მასაც უთხრა: შენ ხუთ ქალაქზე დადექიო.
20 . სხვა მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა, შენი მინა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
21 . შემეშინდა, რადგან მკაცრი კაცი ხარ - იღებ, რაც არ დაგიდევს, და იმკი, რაც არ დაგითესავს.
22 . უთხრა მას: შენივე ნათქვამით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ მკაცრი კაცი ვარ - ვიღებ, რაც არ დამიდევს და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
23 . მაშ, რატომ არ მიეცი ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთ, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო უკან?
24 . და უთხრა იქ მდგომთ: წაართვით ამას მინა და მიეცით ათი მინის მქონეს.
25 . მათ უთხრეს: უფალო, მას ისედაც ათი მინა აქვს.
26 . გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს კიდევ მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
27 . ჩემი მტრები კი, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემ წინაშე”.
28 . ეს თქვა და გაუდგა გზას იერუსალიმში ასასვლელად.
29 . ბეთბაგესა და ბეთანიას რომ მიუახლოვდა, ზეთისხილად წოდებული მთის მოპირდაპირედ, მოწაფეთაგან ორნი მიავლინა.
30 . უთხრა: "წადით მოპირდაპირე სოფელში. შეხვალთ თუ არა, დაბმულ ჩოჩორს დაინახავთ, რომელზეც ჯერ არ მჯდარა კაცი. ახსენით და მომიყვანეთ.
31 . თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ ხსნითო, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო”.
32 . წავიდნენ წარგზავნილები და ჰპოვეს მისი ნათქვამისამებრ.
33 . ჩოჩორის ახსნისას, ჰკითხეს მისმა პატრონებმა: "რატომ ხსნით ჩოჩორს?”
34 . უპასუხეს: "უფალს ესაჭიროება”.
35 . მიჰგვარეს იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იგი.
36 . მიმავალს კი თავის ტანისამოსს უფენდნენ გზაზე.
37 . ზეთისხილის მთის დაღმართს რომ მიუახლოვდა, მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა ხმამაღლა და სიხარულით იწყეს ღმერთის ქება-დიდება ყველა ძალთაქმედებისათვის, რაც იხილეს.
38 . ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”
39 . ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”
40 . მიუგო მან პასუხად: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები აღაღადდებიან”.
41 . ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.
42 . ამბობდა: "დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
43 . რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ყოველი მხრიდან მიწაყრილს შემოგავლებენ და შეგავიწროვებენ.
44 . მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ შეიცანი შენი მონახულების ჟამი”.
45 . შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.
46 . ეუბნებოდა მათ: "დაწერილია, ჩემი სახლი, სამლოცველო სახლია, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.
47 . ყოველდღე ტაძარში ასწავლიდა. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი მის დაღუპვას ცდილობდნენ.
48 . მაგრამ ვერ მოიფიქრეს, რა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.
1 . დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
2 . ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
3 . ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4 . მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
5 . სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
6 . იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე.
7 . იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
8 . ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.
9 . იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.
10 . იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.
11 . თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
12 . მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
13 . ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.
14 . და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
15 . იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: "ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
16 . მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
17 . ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
18 . ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
19 . ეს იყო მოწმობა იოანესი, როცა იერუსალიმელმა იუდევლებმა მღვდელნი და ლევიანნი მიუგზავნეს, რათა ეკითხათ მისთვის: "ვინ ხარ შენ?”
20 . მან აღიარა და არ უარყო; აღიარა: "მე არა ვარ ქრისტე”.
21 . ჰკითხეს: "მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: "არა ვარ”. "წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: "არა”.
22 . მაშინ უთხრეს მას: "ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ; რას იტყვი შენზე?”
23 . მან თქვა: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა”.
24 . წარმოგზავნილები ფარისეველთაგან იყვნენ.
25 . მათ ჰკითხეს: "მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?”
26 . მიუგო იოანემ პასუხად: "მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ!
27 . ის ჩემ შემდეგ მოდის და მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ”.
28 . ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათლავდა იოანე.
29 . მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.
30 . ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
31 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
32 . ამოწმებდა იოანე და ამბობდა: "ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.
33 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.
34 . მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა”.
35 . მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
36 . დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, კრავი ღვთისა”.
37 . გაიგონა მისი ნათქვამი ორმა მოწაფემ და გაჰყვა იესოს.
38 . იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: "რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: "რაბი, სად ცხოვრობ?”
39 . უთხრა მათ: "წამოდით და ნახეთ”. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.
40 . ერთი ამ ორთაგან, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.
41 . მან უპირველეს ყოვლისა თავისი ძმა სიმონი მოძებნა და უთხრა: "ჩვენ ვიპოვეთ მესია”. - რაც ითარგმნება როგორც ქრისტე.
42 . მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: "შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან გერქმევა კეფა”, - რაც ითარგმნება როგორც კლდე.
43 . მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა; იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: "გამომყევი”.
44 . ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან.
45 . ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: "ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან”.
46 . მიუგო ნათანაელმა: "განა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს?” უთხრა ფილიპემ: "წამო და ნახე”.
47 . იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.
48 . ჰკითხა ნათანაელმა: "საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: "ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.
49 . მიუგო მას ნათანაელმა: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!”
50 . უთხრა იესომ: "იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ!”
51 . უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”
1 . პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.
2 . სერობის დროს, ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა სიმონ ისკარიოტელის ძის გულში, რომ გაეცა იგი.
3 . იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის,
4 . წამოდგა სერობიდან, ზედა სამოსელი გაიხადა, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.
5 . მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.
6 . სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, უთხრა მან: "უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?!”
7 . იესომ უთხრა მას: "ახლა არ იცი, რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ”.
8 . იუარა პეტრემ: "უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!” მიუგო იესომ: "თუ არ დაგბან, წილი არ გექნება ჩემთან”.
9 . შესძახა სიმონ-პეტრემ: "უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!”
10 . იესომ უთხრა: "განბანილს მხოლოდ ფეხების დაბანა ჭირდება; რადგან ის მთლად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა”.
11 . რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.
12 . მათთვის ფეხების ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი, კვლავ დაჯდა და უთხრა მათ: "იცით, რა გაგიკეთეთ?
13 . თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ.
14 . ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.
15 . მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
16 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და არც მოციქულია თავის წარმგზავნელზე დიდი,
17 . რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
18 . ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა აღმართა ქუსლი ჩემზე.
19 . წინასწარ გეუბნებით, სანამ ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს”.
21 . ამის თქმის შემდეგ სულით აღელდა იესო, დაამოწმა და თქვა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე”.
22 . გაოგნებული მოწაფეები ერთმანეთს უყურებდნენ, ვისზე ამბობსო.
23 . ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, უბეზე მიყრდნობოდა მას.
24 . ანიშნა ამ მოწაფეს სიმონ-პეტრემ, ჰკითხე, ვინ არის, ვისზე ამბობსო.
25 . მკერდზე მიეკრა იგი იესოს და ჰკითხა: "უფალო, ვინაა იგი?”
26 . მიუგო იესომ: "ისაა, ვისაც ლუკმას ამოვუწობ და მივაწვდი”. ამოაწო ლუკმა და იუდას, სიმონ ისკარიოტელისას მიაწოდა.
27 . და ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე”.
28 . მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რატომ უთხრა ეს.
29 . რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება, გვიყიდე, რაც სადღესასწაულოდ არის საჭირო ან რაიმე მიეციო ღარიბებს.
30 . მან კი, ლუკმა აიღო თუ არა, მაშინვე გავიდა. და იყო ღამე.
31 . იუდა რომ გავიდა, თქვა იესომ: "ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
32 . რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას.
33 . შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, მაგრამ როგორც იუდევლებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც ამასვე გეუბნებით ახლა.
34 . ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
35 . იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
36 . სიმონ-პეტრემ ჰკითხა: "უფალო, სად მიდიხარ?” იესომ მიუგო: "ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები”.
37 . უთხრა მას პეტრემ: "უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის”.
38 . მიუგო იესომ: "სიცოცხლეს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ!”
1 . მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
2 . ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს.
3 . მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.
4 . პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: "აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
5 . მაშინ გარეთ გამოვიდა იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი; პილატემ უთხრა მათ: "აჰა, ადამიანი!”
6 . იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: "ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” უთხრა მათ პილატემ: "თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე, ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
7 . მიუგეს იუდევლებმა: "ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს”.
8 . ამ სიტყვის გაგონებამ უფრო შეაშინა პილატე.
9 . კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა.
10 . უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?”
11 . მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.
12 . ამის შემდეგ, პილატე შეეცადა გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ იუდევლები აყვირდნენ და ამბობდნენ: "თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ იქნები, რადგან, ყოველი, ვინც მეფეს უწოდებს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება”.
13 . ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო; თვითონ მსაჯულის ტახტზე დაჯდა, იმ ადგილზე, ქვაფენილს რომ უწოდებდნენ, ებრაულად - გაბეთას.
14 . პასექის პარასკევი იდგა, ასე მეექვსე საათი იქნებოდა; უთხრა იუდევლებს: "აჰა, თქვენი მეფე!”
15 . მათ კი იყვირეს: "მოაშორე, მოაშორე, ჯვარს აცვი!” იკითხა პილატემ: "თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მღვდელმთავრებმა უპასუხეს: "კეისრის გარდა არა გვყავს მეფე!”
16 . მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.
17 . იტვირთა თავისი ჯვარი და გავიდა იმ ადგილისკენ, თხემი რომ ერქვა, ებრაულად კი გოლგოთა.
18 . სადაც ჯვარს აცვეს იგი; მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო.
19 . წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა. და იყო დაწერილი: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე".
20 . ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.
21 . ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველი მღვდელმთავრები: "ნუ დაწერ იუდეველთა მეფეს, არამედ, რასაც ის ამბობდა: მე ვარ იუდეველთა მეფე!”
22 . მიუგო პილატემ: "რაც დავწერე, დავწერე”.
23 . როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.
24 . თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები.
25 . იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
26 . დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”
27 . შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.
28 . ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”
29 . იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა; ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
30 . ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: "აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.
31 . რაკი პარასკევი იყო, შაბათს გვამები ჯვარზე რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო, სთხოვეს იუდევლებმა პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32 . მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც.
33 . იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
34 . მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
35 . მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.
36 . რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: "და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.
37 . და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: "შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.
38 . ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
39 . მოვიდა ნიკოდემოსიც, ღამით რომ მივიდა იესოსთან, და ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავი მოიტანა.
40 . აიღეს და ნელსაცხებელთან ერთად, ტილოში შეახვიეს იესოს გვამი, როგორც იუდევლებში დამარხვისას არის მიღებული.
41 . იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
42 . ამიტომ იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.
1 . ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.
2 . მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.
3 . და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.
4 . ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5 . და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
6 . როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7 . ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8 . როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
9 . პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,
10 . ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი,
11 . როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
12 . ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?”
13 . სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.
14 . ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
15 . ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა.
16 . არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით:
17 . იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18 . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
19 . ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
20 . მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
21 . და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
22 . ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
23 . იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
24 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
25 . ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.
26 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
27 . რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
28 . შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
29 . კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე.
30 . მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
31 . მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას.
32 . ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
33 . ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
34 . რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35 . ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
36 . მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
37 . ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”
38 . ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39 . რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
40 . და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.
41 . ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.
42 . და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
43 . ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44 . ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45 . მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
46 . ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
47 . აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.
1 . გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2 . პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;
3 . უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო.
4 . ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
5 . იუდევლებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს; მიადგნენ იასონის სახლს და შეეცადნენ ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6 . რომ ვერ მიაგნეს, ქალაქის მთავრებთან წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმა და ყვიროდნენ: "აქაც მოვიდნენო ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი,
7 . იასონმა შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს!”
8 . აღაშფოთეს ხალხი და ამის მომსმენი ქალაქის თავნი.
9 . მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.
10 . ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.
11 . ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.
12 . ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
13 . მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
14 . ძმებმაც მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ; სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15 . გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
16 . სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17 . ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18 . ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19 . მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20 . რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?”
21 . ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22 . პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ;
23 . რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24 . ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,
25 . არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26 . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
27 . რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან.
28 . რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!
29 . და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.
30 . ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
31 . რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.
32 . მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
33 . ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34 . ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
1 . ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2 . რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3 . ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4 . რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;
5 . ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
6 . რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა.
7 . იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
8 . ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.
9 . ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10 . და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11 . და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
12 . ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;
13 . ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14 . რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
15 . ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!”
16 . სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17 . ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.
18 . ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.
19 . ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას.
20 . რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით,
21 . რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.
22 . ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;
23 . და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.
24 . ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
25 . ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26 . ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27 . ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28 . ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
29 . ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;
30 . ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.
31 . ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
32 . ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?
33 . ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
34 . და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.
35 . ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36 . როგორც წერია: "რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”.
37 . მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38 . და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი,
39 . ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
1 . ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!
2 . მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3 . ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?
4 . ამაოდ იტანჯეთ ამდენი? თუ ასეა - ამაოდ!
5 . ვინც სულ მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?
6 . როგორც აბრაჰამმა ირწმუნა ღმერთი, და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.
7 . ამიტომ, იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაჰამის შვილები არიან.
8 . წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: "და იკურთხება შენში ყველა ერი”.
9 . ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.
10 . ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: "წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”.
11 . ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით.
12 . ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
13 . ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”.
14 . იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.
15 . ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ გააუქმებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.
16 . ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: "შენს თესლთ” - როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: "შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.
17 . ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული.
18 . ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაჰამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.
19 . აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით.
20 . ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21 . აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
22 . მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.
23 . რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.
24 . ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.
25 . მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით.
26 . რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
27 . ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც.
28 . და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29 . და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაჰამის თესლი ხართ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, ეფესოში მყოფ წმიდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში:
2 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
3 . კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
4 . როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
5 . წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
6 . თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,
7 . რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
8 . რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
9 . გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.
10 . რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;
11 . მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
12 . რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
13 . მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,
14 . რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
15 . ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
16 . არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
17 . რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
18 . და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;
19 . და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,
20 . რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;
21 . ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლებაზე და ყოველგვარ სახელზე მაღლა, რაც კი წოდებულა არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც.
22 . და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
23 . რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
1 . და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.
2 . დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან.
3 . უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
4 . დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
5 . იკლებდა წყალი მეათე თვემდე; და გამოჩნდა მთის მწვერვალები მეათე თვის პირველ დღეს.
6 . ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული.
7 . და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
8 . .მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
9 . ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე; და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10 . მოიცადა კიდევ შვიდი დღე, და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11 . მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.
12 . კიდევ მოიცადა შვიდი დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და აღარ დაბრუნებულა იგი უკან.
13 . ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი.
14 . მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
15 . და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16 . "გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
17 . თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება - ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ”.
18 . გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები.
19 . და ყოველი ცოცხალი არსება: ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან.
20 . აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.
21 . იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: "აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.
22 . სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.
1 . ვეღარ შეძლო თავის შეკავება იოსებმა და შეჰყვირა: "ყველანი გაიყვანეთ!” და არავინ იყო მასთან, როცა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ძმებს.
2 . ხმამაღლა აქვითინდა და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლეულმაც.
3 . უთხრა თავის ძმებს: "იოსები ვარ. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
4 . უთხრა ძმებს იოსებმა: "მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: "იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
5 . ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
6 . რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7 . თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე.
8 . თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
9 . საჩქაროდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით: "ასე ამბობს-თქო იოსები, შენი ძე - მთელი ეგვიპტის ბატონად დამადგინა ღმერთმა; ჩამოდი ჩემთან, ნუღარ დააყოვნებ!
10 . იცხოვრებ გოშენის მიწაზე, ჩემს მახლობლად, შენ, შენი შვილები და შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და ყველაფერი თან გექნება, რაც გაგაჩნია.
11 . აქ გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლეული და მთელი შენი მონაგები.
12 . ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგეა, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
13 . უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში; ყველაფერი უამბეთ, რაც ნახეთ; იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი”.
14 . დაემხო თავისი ძმის, ბენიამინის კისერზე და აქვითინდა; და ბენიამინიც ქვითინებდა მის კისერზე.
15 . ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.
16 . მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, ძმები ჩამოუვიდნენო იოსებს და ეამათ ფარაონსა და მის მსახურებს.
17 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "შენს ძმებს უთხარი: ასე მოიქეცით: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და წადით ქანაანის ქვეყანაში;
18 . წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეული და მოდით ჩემთან. საუკეთესოს გარგუნებთ ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის დოვლათს შეჭამთ.
19 . შენ კი გებრძანება: წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ურმები თქვენი პატარებისა და ცოლებისათვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოდით;
20 . თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან ყოველივე საუკეთესო თქვენია ეგვიპტის მიწაზე”.
21 . ასეც მოიქცნენ ისრაელის ძენი. მისცა მათ იოსებმა ურმები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
22 . ერთი ხელი სამოსელი თითოეულ მათგანს, ხოლო ბენიამინს სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი მისცა.
23 . მამამისს კი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული ათი სახედარი, ათი ჭაკი ვირი ხორბლით და პურით დატვირთული გაუგზავნა, და საკვები - მამამისის სამგზავროდ.
24 . გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: "გზაში ნუ იდავებთ”.
25 . წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
26 . ახარეს: "ცოცხალია იოსები და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე განმგებლობს!” გაოგნდა, თუმცა არ ერწმუნა მათ.
27 . გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული.
28 . თქვა ისრაელმა: "კმარა, ცოცხალია ჩემი ძე, იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”.
1 . მიუგო ცოფარ ნაყამათელმა იობს:
2 . "განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
3 . განა შენი კვეხნა ხალხს დაადუმებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ შეგარცხვენს?
4 . ამბობდი: ხალასია ჩემი მოძღვრება და უდანაშაულო ვარო შენს თვალში!
5 . ეჰ, რომ ალაპარაკდებოდეს ღმერთი და შენს წინააღმდეგ გახსნიდეს თავის ბაგეს,
6 . გაუწყებდეს თავის დაფარულ სიბრძნეს, რადგან ორი მხარე აქვს სიბრძნეს! იცოდე, ღმერთი იმაზე ნაკლებად გსჯის, ვიდრე შენი უმართლობა იმსახურებს!
7 . ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?
8 . მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
9 . ზომით დედამიწაზე გრძელია და ზღვაზე ფართო.
10 . თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, ვინ შეაჩერებს?
11 . ვინაიდან იცნობს იგი ცბიერ ადამიანებს და როცა ხედავს უსამართლობას, განა არ მიაპყრობს ყურადღებას?
12 . ვინაიდან ამაო კაციც დაბრძენდება, თუმცა ველური ჩოჩორივით იბადება ადამიანი.
13 . თუ განიმზადებ გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,
14 . თუ უმართლობას განიშორებ ხელთაგან და არ დამკვიდრდება შენს კარვებში უსამართლობა,
15 . მაშინ აღმართავ სახეს უბიწოდ, მტკიცე იქნები და არ შეშინდები,
16 . რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
17 . შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლე და განთიადივით გაცისკროვნდები.
18 . დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.
19 . დაწვები და არავინ შეგაშფოთებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
20 . ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.
1 . გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, რადგან ახლოა შენი სახელი; ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.
2 . როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.
3 . ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები. სელა.
4 . ვუთხარი სულელებს: ნუ მოჰყვებით ქედმაღლობას,
5 . ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.
6 . რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდანაა მთები.
7 . ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
8 . რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.
9 . ხოლო მე ვიტყვი ყოველ ჟამს, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.
10 . ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.
1 . ასე ამბობს უფალი: "სად არის გაყრის წერილი, რომლითაც დედათქვენი გავუშვი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ? აჰა, თქვენი ურჯულოების გამო გაიყიდეთ და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული.
2 . რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.
3 . მე ვმოსავ ცებს წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
4 . უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
5 . უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.
6 . ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები - წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.
7 . მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.
8 . ახლოს არის ჩემი გამმართლებელი, ვინ შემედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მომიახლოვდეს.
9 . აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.
10 . ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში უსინათლოდ? მიენდოს უფლის სახელს და თავის ღმერთს დაეყრდნოს.
11 . აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, აალებული ისრებით გარშემორტყმულნო, იარეთ თქვენი ცეცხლისა და თქვენს მიერ აალებული ისრების სინათლეში! ამას მიიღებთ ჩემი ხელიდან; ტანჯვებში განერთხმებით!”
1 . მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
2 . აი, თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა; იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე;
3 . ფილიპე და ბართლომე; თომა და მებაჟე მათე; იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა;
4 . სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5 . ეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: "წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ;
6 . არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
7 . როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.
8 . სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9 . ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით;
10 . ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.
11 . რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.
12 . სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13 . და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.
14 . ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
16 . აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17 . უფრთხილდით ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ.
18 . გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19 . ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
20 . რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
21 . ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ.
22 . ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
23 . როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.
24 . მოწაფე მოძღვარზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
25 . მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
26 . მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
27 . რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
28 . ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
29 . განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
30 . თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია.
31 . ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
32 . ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33 . ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34 . ნუ გგონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
35 . რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული - თავის დედისგან და რძალი - თავის დედამთილისგან.
36 . კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან.
37 . ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
38 . ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი;
39 . ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.
40 . ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს.
41 . ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართლის სახელით ღებულობს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
42 . ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.