1 . "მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.
2 . მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.
3 . გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.
4 . შენ კი, დანიელ, დაიმარხე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ დრომდე. მრავალნი ივლიან აქეთ-იქით და გამრავლდება ცოდნა”.
5 . გავიხედე მე, დანიელმა, და, აჰა, ორი სხვაც დგას, ერთი მდინარის ერთ ნაპირზე და ერთი - მდინარის მეორე ნაპირზე.
6 . უთხრა ერთმა სელით შემოსილ კაცს, რომელიც მდინარის წყლებზე იდგა: "როდის იქნება ამ საკვირველი საქმის ბოლო?”
7 . სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელი და გავიგონე, როგორ დაიფიცა საუკუნოდ ცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დადგენილ დროს, დროებსა და დროის ნახევარში; როცა სრულად შეიმუსრება წმიდა ერის ძალა, მაშინ აღსრულდება ეს ყველაფერიც.
8 . მესმოდა ეს, მაგრამ ვერ გავიგე და ვუთხარი: "ჩემო ბატონო, რა იქნება ყოველივე ამის შემდეგ?”
9 . თქვა: "წადი, დანიელ, რადგან დაფარული და დაბეჭდილია ეს სიტყვები უკანასკნელ დრომდე.
10 . მრავალნი განიწმიდებიან, გათეთრდებიან და გამოიბრძმედებიან, თუმცა ბოროტნი იბოროტებენ. და ვერ მიხვდება ვერც ერთი ბოროტმოქმედი, გონიერნი კი მიხვდებიან.
11 . მუდმივი მსხვერპლის აკრძალვისა და გატიალების სიბილწის დამკვიდრებიდან ათას ორას ორმოცდაათი დღე გავა.
12 . ნეტარია, ვინც მოელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს.
13 . შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.