1 .
ამ ამბების შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და იესო იერუსალიმში ავიდა.
2 .
იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და ხუთი დერეფანი აქვს,
3 .
მათში იწვა ძალიან ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ.
4 .
დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა. წყალი რომ აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა.
5 .
იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით.
6 .
იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: "გინდა გამოჯანმრთელდე?”
7 .
მიუგო ავადმყოფმა: "უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”.
8 .
უთხრა იესომ: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე”.
9 .
იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.
10 .
ამიტომ იუდევლებმა განკურნებულს უთხრეს: "შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა გაქვს”.
11 .
მან კი მიუგო: "ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო”.
12 .
ჰკითხეს, ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?
13 .
განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ხალხს შეერია.
14 .
ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: "აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.
15 .
ის კაცი წავიდა და უთხრა იუდევლებს, რომ იესომ განკურნა.
16 .
იუდევლებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
17 .
მან კი მიუგო: "მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
18 .
ამიტომ იუდევლები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
19 .
უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
20 .
რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.
21 .
რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.
22 .
არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,
23 .
რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.
24 .
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
25 .
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
26 .
რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27 .
განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.
28 .
ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.
29 .
კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.
30 .
ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31 .
თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32 .
სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.
33 .
თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება.
34 .
თუმცა ადამიანისგან მოწმობას არ ვიღებ, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
35 .
იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.
36 .
მე კი იოანეზე აღმატებული მოწმობა მაქვს; რადგან საქმენი, რომლებიც მამამ მომცა აღსასრულებლად და თვით, ჩემ მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემ შესახებ, რომ მამამ მომავლინა.
37 .
და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.
38 .
მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.
39 .
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
40 .
ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41 .
ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას,
42 .
მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.
43 .
მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
44 .
როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?
45 .
ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ.
46 .
რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.
47 .
ჰოდა, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა იწამებთ?”