1 . და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
2 . და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3 . და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4 . ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
5 . არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
6 . ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7 . გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
8 . გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა.
9 . აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.
10 . მდინარე გამოედინებოდა ედემიდან ბაღის მოსარწყავად და მერე ოთხ ტოტად იყოფოდა.
11 . ერთი ტოტის სახელია ფიშონი; ის გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12 . კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ბროლიც და ზურმუხტის ქვაც.
13 . მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი მთელ ეთიოპიის ქვეყანას უვლის გარს.
14 . მესამე მდინარეა ტიგროსი. იგი აშურის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
15 . აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
16 . უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: "ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,
17 . ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.
18 . თქვა უფალმა ღმერთმა: "არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე”.
19 . გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი, ცის ყველა ფრინველი და მიუყვანა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც ადამი დაარქმევდა, თითოეული ცოცხალი არსების სახელიც ის იქნებოდა.
20 . დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა მისი შესაფერი შემწე.
21 . მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. ამოუღო მძინარეს ერთი ნეკნი და ხორცით დაფარა ის ადგილი.
22 . გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს.
23 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
24 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
25 . ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.
1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . "სული ჩემი შემუსვრილია, მინავლებულია ჩემი დღენი, საფლავი მზად არის ჩემთვის.
2 . განა მქირდავნი არ არიან ჩემ გარშემო და ჩემი თვალი მათ დაცინვას არ უმზერს?
3 . დამიცავი, გევედრები, თავდებად დამიდექი შენს წინაშე, სხვა ვინ მიქომაგებს?
4 . შენ დაუკავე მათ გულებს გონიერება, ამიტომაც არ აღაზევებ მათ ამის მერე.
5 . ვინც ანგარებით გასცემს მეგობრებს, მისი ძეების თვალები დაბნელდება.
6 . ხალხის საიგავოდ გამხადე და პირში საფურთხებლად შევიქენი.
7 . მწუხარებისგან თვალთ დამიბნელდა და აჩრდილს დაემსგავსნენ ჩემი სხეულის ასოები.
8 . აღშფოთდებიან წრფელნი ამის გამო და აუმხედრდებიან მართალნი უკეთურთ.
9 . მართალი თავის გზას ჩაეჭიდება და ხელწმიდა უფრო განმტკიცდება.
10 . თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენ შორის.
11 . განვლეს ჩემმა დღეებმა, დაიმსხვრა ჩემი განზრახვები და სურვილები ჩემი გულისა.
12 . ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ახლოა ნათელი ბნელთან!
13 . თუ ველი შავეთს, როგორც ჩემს სახლს, თუ წყვდიადში გავიმზადებ სარეცელს.
14 . თუ ჩავძახებ სამარეს: მამა ხარ ჩემი! მატლს - დედა ხარ ჩემი და დაი ხარ ჩემი!
15 . სადღაა ჩემი იმედი? და ჩემს სასოებას ვინ იხილავს?
16 . თან ჩამომყვება შავეთში? ნუთუ ერთად განვისვენებთ მტვერში?”
1 . უპასუხა იობმა და თქვა:
2 . "ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იქნება თქვენი ნუგეშისცემა ჩემთვის.
3 . დამაცადეთ ლაპარაკი და სათქმელს რომ გეტყვით, მერე დამცინეთ!
4 . განა ადამიანს ვედავები? რად არ უნდა ვიყო სულმოკლე?
5 . შემომხედეთ და განცვიფრდით, პირზე აიფარეთ ხელი;
6 . გახსენებაც კი მაშინებს და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს.
7 . რატომ ცოცხლობენ ბოროტეულნი, სიბერეს აღწევენ და ძლიერდებიან?
8 . უმზერენ თავისი შთამომავლობის დამკვიდრებას და თვალწინ ჰყავთ საკუთარი ნაშიერი;
9 . დაცულია მათი სახლები, შიშის გარეშეა და კვერთხი ღვთისა არაა მათზე;
10 . მისი ხარი ამაკებს და არ ააცდენს, მისი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს.
11 . ცხვარივით გაუშვებენ თავიანთ ბალღებს და კუნტრუშებენ მათი პატარები;
12 . დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ;
13 . განცხრომაში ატარებენ თავიანთ დღეებს და მშვიდად ჩადიან საფლავში;
14 . ეტყვიან ღმერთს: გაგვშორდი, არ გვწადია შენი გზების შეცნობა!
15 . ვინაა ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რა სარგებელია, რომ ვეძიოთ?
16 . აჰა, მათ ხელთ არაა მათი კეთილდღეობა; შორს არის ჩემგან ბოროტთა რჩევა!
17 . რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი და რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება? რამდენჯერ უწილადა განადგურება თავისი რისხვით?
18 . ჩალასავით არიან ქარის წინაშე და გრიგალის მიერ მოტაცებული ბზესავით?
19 . თქვენ ამბობთ: ღმერთი ადამიანის სასჯელს მის შვილებს უნახავს. _ დაე თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ შეიგნონ.
20 . საკუთარი თვალით იხილოს უბედურება და დალიოს ყოვლადძლიერის გულისწყრომის თასი!
21 . რადგან რაღაზე ენაღვლება თავისი სახლეული სიკვდილის შემდეგ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?
22 . განა ღმერთს სიბრძნე ესწავლება, როცა ის თვითონ დიდებულთ განიკითხავს?
23 . ზოგი ძალით აღსავსე კვდება, სრულიად მშვიდი და კმაყოფილი.
24 . მისი წიაღი რძითაა სავსე და მისი ძვლები სინედლით.
25 . ზოგი კი სულგამწარებული კვდება, ისე, რომ სიკეთე არ უგემია;
26 . ერთად ჩაწვებიან მტვერში და ჭია შეესევა მათ.
27 . აჰა, ვიცი მე თქვენი ფიქრები და ბოროტი ზრახვანი ჩემს წინააღმდეგ,
28 . რადგან ამბობთ, სად არისო მთავრის სახლი და სავანე, რომელშიც მკვიდრობს ურჯულო?
29 . ნუთუ არ გიკითხავთ გზირთათვის ან არ გსმენიათ მათი მონაყოლი,
30 . რომ უბედურების დღეს დაზოგილია ბოროტეული, გარიდებულია რისხვის დღეს?
31 . ვინ ამხელს მას პირში მისი გზის ურჯულოების გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
32 . გააცილებენ თავისი საფლავისაკენ და სამარხს გუშაგს დაუყენებენ;
33 . ტკბილად მიიღებენ ველის გორახები, მრავალი გააცილებს მას და წინაც მრავალი წარუძღვება!
34 . როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? სიცრუედ რჩება თქვენი პასუხები!”
1 . განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2 . "ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, მცოდნენო.
3 . რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს, სასა კი საჭმელს უგებს გემოს;
4 . ავირჩიოთ სამართალი და ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კარგი.
5 . რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
6 . გამტყუნდა ჩემი სამართალი! უკურნებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარო.
7 . ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას რომ სვამდეს წყალივით?
8 . უმართლობის ჩამდენთაკენ რომ მიემართება და ბოროტეულის გზებით რომ დაიარება?
9 . რადგან თქვა: არაფრად არგიაო კაცს, რომ ღმერთს აამოს.
10 . ამიტომ ისმინეთ ჩემი, გამგებო კაცებო! შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უმართლობისგან!
11 . რადგან თავისი საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და მისი გზისამებრ მიაგებს კაცს.
12 . ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბოროტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
13 . ვინ ჩააბარა მას დედამიწა? ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
14 . თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა,
15 . ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწის მტვერს დაუბრუნდება ადამიანიც.
16 . თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყურად იღე ჩემი სიტყვები!
17 . ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს?
18 . ვინ ეუბნება მეფეს: არარაობავ! და დიდგვაროვანს - უკეთურო!
19 . ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
20 . წამში დაიხოცებიან ისინი; შუაღამეს იძვრის ხალხი და იღუპება; წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,
21 . რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
22 . არც წყვდიადია და არც შავეთის ჯურღმული, რომ იქ დაიმალონ დანაშაულის მოქმედნი;
23 . რადგან არავის უწესებს ვადას იგი, რომ მივიდეს ღმერთთან სამსჯავროზე;
24 . გამოკვლევის გარეშე ამსხვრევს ძლიერთ და მათ ნაცვლად სხვებს აყენებს,
25 . რადგან იცის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;
26 . დაჰკრავს მათ, ბოროტეულთა მსგავსად, ყველას დასანახად,
27 . იმიტომ, რომ ზურგი აქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;
28 . მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;
29 . როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.
30 . რომ არ იმეფოს უღვთო კაცმა ხალხის საცდუნებლად.
31 . თუ უთქვამს ვინმეს ღმერთისთვის: ვიტვირთე სასჯელი, აღარ შევცოდავ;
32 . შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.
33 . განა შენი განსჯისამებრ უნდა მიაგებდეს იგი, როცა მის სიმართლეს უარყოფ? შენ უნდა აირჩიო და არა მე, ილაპარაკე, რაც იცი.
34 . გამგები ადამიანი მეტყვის, და ბრძენი ადამიანი, მე რომ მისმენს:
35 . იობი უაზროდ ლაპარაკობს, მის სიტყვებში სიბრძნე არ არისო.
36 . ნეტავი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ბოროტეულთა მსგავსად რომ პასუხობს,
37 . რადგან თავის ცოდვას ამბოხს უმატებს, ხელს ხელზე ურტყამს და ღვთის საწინააღმდეგო სიტყვებს ამრავლებს ჩვენ შორის!”
1 . გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
2 . ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
3 . შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
4 . შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
5 . შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
6 . მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
7 . ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
8 . ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
9 . რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
10 . შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
11 . ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
12 . ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
13 . პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
14 . ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
15 . გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
16 . რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
17 . მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
18 . ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
19 . და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
20 . გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
21 . მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22 . ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
23 . უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
24 . რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
25 . შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
26 . ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
27 . გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
28 . რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
29 . ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
30 . შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
31 . მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
1 . აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2 . გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3 . წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4 . რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5 . დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6 . უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7 . შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8 . ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9 . საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10 . გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11 . დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12 . მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13 . რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14 . აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15 . და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16 . გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17 . რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18 . მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19 . შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20 . განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21 . ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22 . ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23 . გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24 . რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25 . ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26 . იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27 . ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28 . მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29 . დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30 . გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31 . იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32 . დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33 . ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34 . ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35 . გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
1 . შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
2 . დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3 . წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
4 . მადლსა და კეთილგონიერებას მოიპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
5 . მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
6 . ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
7 . ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
8 . კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის.
9 . პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;
10 . და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლიდან.
11 . შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.
12 . რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა - შვილს, თავის საქებარს!
13 . ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი - გონიერების მომხვეჭი!
14 . რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი - ბაჯაღლოს.
15 . მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.
16 . დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
17 . მისი გზები საამურია, ბილიკები - მშვიდობიანი.
18 . სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ჩაეჭიდა მას და ნეტარნი არიან მასზე ჩაბღაუჭებულნი.
19 . უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონიერებით განამტკიცა ცანი.
20 . ჯურღმულნი გაიპო მისი ცოდნით და ცვარს აფრქვევენ ღრუბელნი.
21 . შვილო, ნუ მიეფარება შენს თვალს ისინი, ჯანსაღი აზრი და ავკარგიანობა დაიცავი.
22 . და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.
23 . მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზებზე და ფეხი შენი არ წაბორძიკდება.
24 . როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.
25 . არც უეცარი შიში შეგაძრწუნებს და არც სიავე, ბოროტეულთაგან რომ მოვა,
26 . რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.
27 . ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,
28 . ნუ ეტყვი მოყვასს: "წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.
29 . ნუ განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის, როცა დანდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდით.
30 . ნურც უმიზეზოდ შეედავები კაცს, თუ არ უბოროტია შენთვის.
31 . ნუ შეგშურდება მოძალადე კაცისა, მის ნურც ერთ გზას ნუ აირჩევ;
32 . რადგან მზაკვარნი საძაგელნი არიან უფლის წინაშე, წრფელებთან კი ახლობლობს იგი.
33 . უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
34 . დამცინავთ დასცინის, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
35 . ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.
1 . გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: "აღარ მახარებს ისინი!”
2 . ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და სინათლე, მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები მობრუნდებიან წვიმის შემდეგ;
3 . იმ დღემდე, ვიდრე აკანკალდებიან სახლის მცველნი, მოიხრებიან ძლიერი კაცები და ფქვას შეწყვეტენ მეწისქვილენი, რადგან ცოტანი დარჩნენ, ვიდრე დააკლდებათ ნათელი სარკმელში მჭვრეტელთ;
4 . ვიდრე ჩაიკეტებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს წისქვილის ხმაური; ჩიტის ჟრიამულზე წამოდგებოდნენ და ვიდრე მიყუჩდებოდნენ მგალობელი ასულები;
5 . ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,
6 . გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.
7 . ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.
8 . "ამაოებათა ამაოება” - თქვა ეკლესიასტემ - "ყოველივე ამაოებაა!”
9 . იმის გარდა რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა ცოდნას და მრავალ იგავს იკვლევდა და თხზავდა.
10 . ეძებდა ეკლესიასტე შესაფერ სიტყვებს, რათა ზუსტად დაეწერა ჭეშმარიტების სიტყვები.
11 . ბრძენის სიტყვები შუბია და ჩაჭედილი ლურსმანი - იგავთა კრებული, ერთი მწყემსის მიერ არის ბოძებული.
12 . უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.
13 . ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;
14 . რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს - კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.
1 . "მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.
2 . მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.
3 . გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.
4 . შენ კი, დანიელ, დაიმარხე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ დრომდე. მრავალნი ივლიან აქეთ-იქით და გამრავლდება ცოდნა”.
5 . გავიხედე მე, დანიელმა, და, აჰა, ორი სხვაც დგას, ერთი მდინარის ერთ ნაპირზე და ერთი - მდინარის მეორე ნაპირზე.
6 . უთხრა ერთმა სელით შემოსილ კაცს, რომელიც მდინარის წყლებზე იდგა: "როდის იქნება ამ საკვირველი საქმის ბოლო?”
7 . სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელი და გავიგონე, როგორ დაიფიცა საუკუნოდ ცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დადგენილ დროს, დროებსა და დროის ნახევარში; როცა სრულად შეიმუსრება წმიდა ერის ძალა, მაშინ აღსრულდება ეს ყველაფერიც.
8 . მესმოდა ეს, მაგრამ ვერ გავიგე და ვუთხარი: "ჩემო ბატონო, რა იქნება ყოველივე ამის შემდეგ?”
9 . თქვა: "წადი, დანიელ, რადგან დაფარული და დაბეჭდილია ეს სიტყვები უკანასკნელ დრომდე.
10 . მრავალნი განიწმიდებიან, გათეთრდებიან და გამოიბრძმედებიან, თუმცა ბოროტნი იბოროტებენ. და ვერ მიხვდება ვერც ერთი ბოროტმოქმედი, გონიერნი კი მიხვდებიან.
11 . მუდმივი მსხვერპლის აკრძალვისა და გატიალების სიბილწის დამკვიდრებიდან ათას ორას ორმოცდაათი დღე გავა.
12 . ნეტარია, ვინც მოელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს.
13 . შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.
1 . 1. ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით. 2. კიდეც რომ შევცოდოთ, მაინც შენი ვართ, მაღიარებელნი შენი ძალისა; მაგრამ არ შევცოდავთ, რადგანაც ვუწყით, რომ შენად ვართ შერაცხილნი. 3. შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია. 4. ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ - ხატებამ, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა, 5. რომლის მზერაც უგუნურ წადილს და ტრფიალებას აღაგზნებს მკვდარი ქანდაკების უსიცოცხლო სახის მიმართ. 6. ამგვარ იმედთა ღირსნი არიან ბოროტებათა ტრფიალნი და მათი ჩამდენნიც, მოწადინენი და თაყვანისმცემლებიც. 7. მექოთნე რბილ თიხას ზელს და ჩვენდა სამსახურად გულმოდგინედ ძერწავს ყველაფერს; ერთი და იმავე თიხიდან იძერწება ორივე ჭურჭელი - საწმიდარიც და სადაგიც; მაგრამ რომელი რას უნდა ემსახუროს, ამის განმსჯელი თიხის ოსტატია. 8. ამ თიხიდანვე ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მშრომელი, რომელიც თავადაც მიწისგან წარმოიშვა ცოტა ხნის წინათ, ცოტა ხნის შემდეგ კი იქითკენ წავა, საიდანაც აღებულ იქნა, და მოსთხოვენ სულის ვალის უკან დაბრუნებას. 9. მაგრამ მას არ ადარდებს, რომ მძიმე შრომა უნდა, რომ ხანმოკლეა მისი ცხოვრება, არამედ ეჯიბრება ოქრომჭედლებსა და ვერცხლის მდნობელებს, სპილენძის ოსტატებს ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სისაძაგლის ძერწვა. 10. ფერფლია მისი გული, თიხაზე უმნიშვნელოა მისი სასოება და ტალახზე უპატიოა მისი ცხოვრება. 11. რადგან ვერ შეიცნო თავისი შემქმნელი, ვინც მას ჩაუდგა მოქმედი სული და სიცოცხლის სამშვინველი შთაბერა. 12. მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მათ გართობად ჩათვალეს, ხოლო ცხოვრება სარფიან ვაჭრობად, რადგან ამბობენ: ხომ საჭიროა საიდანმე, თუნდაც ბოროტებისგან, სარგებლის მიღება. 13. ყველაზე უკეთ თვითონ მან იცის, რომ ცოდვას სჩადის, რადგან ქმნის თიხიდან მყიფე ჭურჭლებსა და ქანდაკებებს. 14. მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჩვილ ბავშვებზე სულით უბადრუკნი არიან შენი ხალხის მტრები, რომელნიც ჩაგრავენ მას. 15. რადგან ისინი ღმერთებად მიიჩნევენ წარმართთა ხატებს, რომელთაც არა აქვთ თვალები სახედველად, არც ნესტოები ჰაერის შესასუნთქად, არც ყურები სასმენელად, არც თითები შესახებად და მათი ფეხებიც უმოქმედოა სავალად. 16. თუმცა ადამიანმა შექმნა ისინი და ნასესხებმა სულმა გამოსახა, მაგრამ არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის. 17. თავად მოკვდავია და მკვდარს აკეთებს ურჯულო ხელებით, ამიტომაც სჯობს თავის სათაყვანებელთ, რადგან თვითონ ცოცხლობს მაინც, ამათ კი არასოდეს უცოცხლიათ. 18. უსაძაგლეს ცხოველებს სცემენ თაყვანს, უჭკუობით სხვებისგან გამორჩეულთ. 19. შესახედავადაც უშნონი არიან და სხვა ცხოველებივით ვერ მიგვიზიდავენ, რადგან აკლიათ ღვთის დასტური და მისი კურთხევა.
1 . 1. დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან. 2. აფიქრებს ადამიანს და შიშსა ჰგვრის წინათგრძნობა და აღსასრულის დღე, 3. დიდებულ ტახტზე მჯდომარედან დაწყებული მიწად და ნაცრად დამდაბლებულამდე, 4. ძოწეულისა და გვირგვინის მატარებლიდან ჯვალოთი შემოსილამდე; ყველასთანაა გულისწყრომა და ეჭვი, შფოთი და მღელვარება, სიკვდილის შიში, ცოფი და მტრობა. 5. საწოლზე მოსვენების ჟამს ღამის ძილი აშფოთებს მის გონებას. 6. მცირე ხნით ან, თითქმის, არასოდეს ისვენებს; ამიტომაც ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით და შეძრწუნებულია მოჩვენებებით ბრძოლის ველიდან გაქცეულის მსგავსად. 7. უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და გაოცდება, რომ საშიში არაფერია. 8. ასე ემართება ყველა ხორციელს ადამიანიდან პირუტყვამდე, ცოდვილებს კი შვიდჯერ უფრო მეტად. 9. სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი - 10. ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა. 11. ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა, და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება. 12. შეიმუსრება ყველა ქრთამი და უსამართლობა, რწმენა კი იდგომება სამარადჟამოდ. 13. უსამართლოთა ქონება ხევივით ამოშრება და, მსგავსად ძლიერი ქუხილისა თავსხმაში დაიგრგვინებს. 14. ვინც ხელგაშლილია, გაიხარებს, დამნაშავენი კი საბოლოოდ წარწყმდებიან. 15. უღვთოთა შთამომავლობა რტოებს ვერ გაიმრავლებს და უწმიდური ფესვები სალ კლდეზე ექნებათ. 16. წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინ აღმოიფხვრება. 17. მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ დარჩება. 18. თავისი თავის მოიმედის და მშრომელის სიცოცხლე ტკბილია, მაგრამ განძის მპოვნელი ორივეს სჯობია. 19. შვილები და ქალაქის გაშენება სახელს ამკვიდრებენ, მაგრამ უმწიკვლო ცოლი ორივეს სჯობია. 20. ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ორივეს სჯობია. 21. სალამური და ბარბითი ტკბილ ჰანგს გამოსცემენ, მაგრამ ტკბილი ენა ორივეს სჯობია. 22. მადლი და სილამაზე თვალს იტაცებს, მაგრამ მწვანე ჯეჯილი ორივეს სჯობია. 23. მეგობარი და ამხანაგი დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ორივეს სჯობია. 24. ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება იხსნის ორივეზე მეტად. 25. ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა. 26. ქონება და ძალა გულს ამაღლებენ, მაგრამ ორივეზე უფრო - შიში უფლისა; არ იქნება უფლის მოშიშის დამარცხება და არ სჭირდება მას მფარველის ძებნა. 27. უფლის შიში კურთხევის სამოთხეა, ყოველგვარ დიდებაზე მეტად შემოსავს მას. 28. შვილო, მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, რადგან მათხოვრობას სიკვდილი სჯობია. 29. სხვისი სუფრის შემყურე კაცის ცხოვრება რა ცხოვრებაა - იგი ბილწავს თავის სულს სხვისი საჭმელით; გონიერი და ზრდილი კაცი კი თავს დაიცავს ამისგან. 30. ურცხვის პირში სათხოვარი თითქოსდა ტკბება, მაგრამ შიგნეულში კი ცეცხლად ინთება.
1 . 1. ო, სიკვდილო, რა მწარეა შენი გახსენება ადამიანისთვის, რომელიც მშვიდად ცხოვრობს თავის სიმდიდრეში! უზრუნველი და ყოველმხრივ ბედნიერი კაცისთვის, ვისაც კიდევ შეუძლია საჭმლის ჭამა. 2. ო, სიკვდილო, მშვენიერია შენი განაჩენი გაჭირვებული, დაუძლურებული ადამიანისთვის, მიხრწნილისთვის და ყოველივეზე ზრუნვით გამწარებულისთვის, სასოწარკვეთილისთვის და თმენადაკარგულისთვის! 3. ნუ გეშინია სიკვდილის განაჩენისა, გაიხსენე შენი წინაპრები და შენი მომავალნი. 4. ეს სასჯელია უფლისგან ყოველი ხორციელისთვის და როგორ უარყოფ მას, რაც უზენაესს ესათნოება. რა ათი, რა ასი, რა ათასი წელი - არ აღირიცხება სულეთში სიცოცხლის ჟამი. 5. ცოდვილთა შვილები საძაგლები არიან და ურჯულოებთან ერთად სახლდებიან. 6. ცოდვილთა შვილების მემკვიდრეობა განადგურდება და მათი შთამომავლობა სამუდამოდ სირცხვილში იქნება. 7. ურჯულო მამას შვილები გაკიცხავენ, რადგან მის გამო ჩაცვივდნენ სირცხვილში. 8. ვაი თქვენდა, ურჯულო კაცნო, რომელთაც უზენაესი ღვთის რჯული დაგიგდიათ! 9. როცა იბადებით, შესაჩვენებლად იბადებით, და როცა კვდებით, შეჩვენებაა თქვენი ხვედრი. 10. ყოველი, რაც მიწისაგანაა, მიწადვე მიიქცევა, ასევე ურჯულონიც - შეჩვენებიდან წარწყმედისკენ. 11. ადამიანები თავიანთ სხეულებს იგლოვენ, ხოლო ცოდვილთა უკეთური სახელიც კი წარიხოცება. 12. იზრუნე სახელზე, რადგან იგი უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ოქროს ათასი დიდი საგანძური. 13. კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია, კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება. 14. დაიცავით, შვილებო, მცნება და მშვიდობით იყავით. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - რა სარგებლობაა ამ ორისგან? 15. თავისი სისულელის დამფარველი კაცი სჯობს კაცს, თავისი სიბრძნის დამფარველს. 16. ამიტომაც ყურადიღეთ ჩემი სიტყვები: ყოველგვარი სირცხვილის შენახვა როდია კარგი, და ყველაფერი ყველას მიერ ჭეშმარიტებით როდი ფასდება. 17. გრცხვენოდეთ გარყვნილებისა დედ-მამის წინაშე და სიცრუისა წინამძღოლის და მეუფის წინაშე; 18. შეცოდებისა მსაჯულისა და მთავრის წინაშე და ურჯულოებისა საკრებულოსა და ხალხის წინაშე; 19. უსამართლობისა ნაცნობისა და მეგობრის წინაშე და ქურდობისა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობ; 20. გრცხვენოდეთ ღვთის სიმართლისა და აღთქმისა, და პურ-მარილზე იდაყვთა დაყრდნობისა, 21. მოტყუებისა სესხება-მიცემისას და დუმილისა მომსალმებლის წინაშე, 22. მეძავი ქალის ცქერისა და ნათესავისგან პირის შექცევისა, 23. წილისა და ძღვენის წართმევისა და გულისთქმისა გათხოვილი ქალის მიმართ, 24. არშიყობისა საკუთარ მხევალთან (და ახლოს არ გაეკარო მის საწოლს), 25. მეგობრებისთვის დასაყვედრებელი სიტყვებისა (და გაცემის შემდეგ ნუღარ დაამადლით); 26. გრცხვენოდეთ ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა. 27. იყავი ჭეშმარიტად მორცხვი და ყოველი ადამიანის სიყვარულს მოიპოვებ.