იგავნი თავი 6

1 . შვილო, თუ თავდებად ჩადექი შენი ახლობლისთვის და ხელი ხელზე დაარტყი უცხოსათვის,

2 . მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით.

3 . თუ ხელში ჩაუვარდი ახლობელს, ასე მოიქეცი შვილო და გადაირჩენ თავს: წადი, თავი დაიმდაბლე და ევედრე.

4 . თვალებს ძილს ნუ მიაკარებ და ქუთუთოებს - რულს,

5 . გადაირჩინე თავი, როგორც შველმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.

6 . ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.

7 . არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი;

8 . ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.

9 . როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ?

10 . ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად,

11 . და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით - გაჭირვება.

12 . უღირსი ადამიანი, ბოროტი კაცი, უკუღმართი პირით დაიარება,

13 . თვალს ჩაუკრავს, ფეხებითა და თითებით ანიშნებს.

14 . უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.

15 . ამის გამო უეცრად დაატყდება უბედურება, მყისიერად შეიმუსრება და არ ექნება კურნება.

16 . ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:

17 . ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,

18 . ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,

19 . ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.

20 . შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

21 . განუწყვეტლივ გულზე გქონდეს შებმული, ყელზე მოხვეული.

22 . სიარულისას წინ წაგიძღვება, ძილში გიდარაჯებს და გამოღვიძებულს დაგელაპარაკება.

23 . რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.

24 . რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.

25 . ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს,

26 . რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.

27 . განა ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსის დაუწველად?

28 . ნაკვერჩხლებზე თუ გაივლის ვინმე ფეხების დაუწველად?

29 . ასევეა მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც; დაუსჯელი ვერ გადარჩება, ვინც მოყვასის ცოლს მიეკარება.

30 . არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოიპარავს;

31 . მაგრამ თუ წაასწრებენ, შვიდმაგად ზღავს, თავისი სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.

32 . ვინც ქალთან მრუშობს - ჭკუანაკლულია; თავს იღუპავს, ვინც ამას სჩადის.

33 . გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.

34 . რადგან ეჭვი განარისხებს კაცს და არ დაინდობს შურისძიების დღეს,

35 . არც რაიმე გამოსასყიდს მიიღებს და არც ძღვენთა სიმრავლეს დათანხმდება.