1 . ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: "გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.
2 . ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე?
3 . ისიც გითხარით, აღარ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, მარყუჟად იქნებიან ისინი თქვენთვის და მახედ გექცევიან მათი ღმერთები.
4 . როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელს, ხმა აღიმაღლა ხალხმა და ატირდა.
5 . და უწოდეს ამ ადგილს სახელად ბოქიმი (მტირალნი) და მსხვერპლი შესწირეს უფალს.
6 . გაუშვა იეშუამ ხალხი და წავიდნენ ისრაელის ძენი, თითოეული თავის წილხვედრ მიწაზე, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
7 . უფალს ემსახურებოდა ხალხი იეშუასა და იმ უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლებიც იეშუას შემდგომ იყვნენ და ნახეს უფლის ყველა დიადი საქმე, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
8 . გარდაიცვალა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა.
9 . და დაკრძალეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10 . მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.
11 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ბაყალებს ემსახურებოდნენ.
12 . და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს.
13 . მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.
14 . აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
15 . და ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი მათ წინააღმდეგ იყო საბოროტოდ, როგორც უთხრა და დაუფიცა უფალმა; დიდ უბედურებაში ჩაცვივდა ხალხი.
16 . და აღუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებმაც მძარცველებისგან იხსნეს ისინი.
17 . მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.
18 . როცა უფალმა მსაჯულები დაადგინა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, მათი გმინვის გამო, მჩაგვრელები და შემავიწროებლები რომ ტანჯავდნენ;
19 . მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, თავიანთ მამებზე მეტად იხრწნებოდნენ, სხვა ღმერთების კვალს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ეთაყვანებოდნენ მათ; არ მიატოვეს თავიანთი ბოროტი საქმეები და სიჯიუტე.
20 . კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და თქვა: "რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და აღარ ისმენს ჩემს ხმას,
21 . მეც აღარ განვდევნი მათგან იმ ხალხებს, რომლებიც იეშუას დარჩა განსადევნი, როცა მოკვდა.
22 . მათი მეშვეობით გამოვცდი ისრაელს: დაუბრუნდებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები”.
23 . და დატოვა უფალმა ეს ხალხები, აღარ განდევნა და არ ჩაუგდო ხელში იეშუას.