1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.
3 . მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.
4 . თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,
5 . ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.
6 . ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.
7 . მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
9 . თუ ვინმემ თავისი მამა და დედა დასწყევლოს, უსათუოდ მოკვდეს. მამამისი და დედამისი დასწყევლა მან: მასზეა მისი სისხლი.
10 . თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
11 . ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს ახადა: უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
12 . თუ თავისი შვილის ცოლთან დაწვება ვინმე, უსათუოდ მოკვდნენ ორივენი. აღრევა ჩაიდინეს; მათზეა მათი სისხლი.
13 . თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
14 . თუ ვინმე დედასა და შვილს შეირთავს ცოლად, უზნეობას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით ისინი, რათა უზნეობა არ იყოს თქვენ შორის.
15 . ვინც პირუტყვთან დაიჭერს კავშირს, უსათუოდ მოკვდეს და პირუტყვიც მოკალით.
16 . თუ ქალი რომელიმე პირუტყვს შესაწყვილებლად მიუახლოვდება, მაშინ მოკალით ქალი და პირუტყვიც უსათუოდ მოკვდეს, მათზეა მათი სისხლი.
17 . თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.
18 . თუ ვინმე ცოლთან მისი წიდოვნებისას დაწვება და ახდის სიშიშვლეს, იხილავს მის დენას და ისიც გამოაჩენს თავის სისხლდენას, ორივე მოიკვეთონ თავისი ხალხიდან.
19 . დეიდის ან მამიდის სიშიშვლეს არავინ ახადოს, რადგან საკუთარ სისხლსა და ხორცს გააშიშვლებს; თავის ცოდვას იტვირთავენ ისინი.
20 . ვინც თავის ბიცოლასთან დაწვება, ის საკუთარი ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს. თავის ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
21 . თუ ვინმე თავისი ძმის ცოლს შეირთავს, უწმიდურებაა, საკუთარ ძმას ახადა სიშიშვლე: ამიტომ, უშვილონი იქნებიან.
22 . დაიცავით ყოველი ჩემი წესი და სამართალი, აღასრულეთ ისინი და არ ამოგანთხევთ ქვეყანა, სადაც მიმყავხართ საცხოვრებლად.
23 . ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებისამებრ, რომელთაც ვდევნი თქვენგან; ვინაიდან ამ ყოველივეს სჩადიოდნენ და მძაგს ისინი.
24 . აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.
25 . განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და წმიდა და უწმიდური ფრინველი; ნუ შეიბილწებით პირუტყვით, ფრინველით და ყოველი ქვემძრომით მიწაზე, რაც უწმიდურია და გამოვაცალკევე თქვენგან;
26 . და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.
27 . თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.
1 . დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან;
2 . თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთებს.
3 . მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე ხალხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისით და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძვინვარება ისრაელისგან”.
5 . უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: "ყველა მოკალით იმ კაცთაგან, ვინც ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა”.
6 . და აჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
7 . დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში.
8 . მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი - მუცელში; და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსრვა.
9 . ოცდაოთხი ათასი კაცი მოსრა ამ ჭირმა.
10 . უთხრა უფალმა მოსეს:
11 . "დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოვსპე ისრაელის ძენი ჩემი შურისძიებით.
12 . ამიტომ უთხარი, რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას.
13 . და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მის შემდგომ მღვდლობის მარადიულ აღთქმად, ვინაიდან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი”.
14 . მოკლული ისრაელიანის სახელი კი, რომელიც მიდიანელ ქალთან ერთად მოიკლა, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონის მამისსახლის მთავარი.
15 . ხოლო, მიდიანელ ქალს, რომელიც მოიკლა სახელად ერქვა ქოზბი, ასული ცურისა, მამისეული ტომის მთავრისა მიდიანში.
16 . უთხრა უფალმა მოსეს:
17 . "მტრობდეთ მიდიანელებს და განგმირეთ,
18 . ვინაიდან მტრულად მოგექცნენ ისინი თავისი მზაკვრობით, როდესაც გაცთუნეს ფეღორითა და ქოზბით, მიდიანელთა მთავრის ასულით, რომელიც და იყო მათი და მოიკლა მომსვრელი სენის დღეს - ფეღორის გამო”.
1 . "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
2 . ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
3 . არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
4 . რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
5 . ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
6 . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
7 . იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
8 . არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
9 . იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
10 . მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
11 . დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
12 . თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
13 . შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
14 . კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
15 . მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16 . შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17 . თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
18 . არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
19 . ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20 . კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21 . არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
22 . თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23 . გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
24 . ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
25 . ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
26 . ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
1 . ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: "გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.
2 . ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე?
3 . ისიც გითხარით, აღარ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, მარყუჟად იქნებიან ისინი თქვენთვის და მახედ გექცევიან მათი ღმერთები.
4 . როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელს, ხმა აღიმაღლა ხალხმა და ატირდა.
5 . და უწოდეს ამ ადგილს სახელად ბოქიმი (მტირალნი) და მსხვერპლი შესწირეს უფალს.
6 . გაუშვა იეშუამ ხალხი და წავიდნენ ისრაელის ძენი, თითოეული თავის წილხვედრ მიწაზე, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
7 . უფალს ემსახურებოდა ხალხი იეშუასა და იმ უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლებიც იეშუას შემდგომ იყვნენ და ნახეს უფლის ყველა დიადი საქმე, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
8 . გარდაიცვალა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა.
9 . და დაკრძალეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10 . მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.
11 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ბაყალებს ემსახურებოდნენ.
12 . და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს.
13 . მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.
14 . აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
15 . და ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი მათ წინააღმდეგ იყო საბოროტოდ, როგორც უთხრა და დაუფიცა უფალმა; დიდ უბედურებაში ჩაცვივდა ხალხი.
16 . და აღუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებმაც მძარცველებისგან იხსნეს ისინი.
17 . მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.
18 . როცა უფალმა მსაჯულები დაადგინა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, მათი გმინვის გამო, მჩაგვრელები და შემავიწროებლები რომ ტანჯავდნენ;
19 . მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, თავიანთ მამებზე მეტად იხრწნებოდნენ, სხვა ღმერთების კვალს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ეთაყვანებოდნენ მათ; არ მიატოვეს თავიანთი ბოროტი საქმეები და სიჯიუტე.
20 . კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და თქვა: "რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და აღარ ისმენს ჩემს ხმას,
21 . მეც აღარ განვდევნი მათგან იმ ხალხებს, რომლებიც იეშუას დარჩა განსადევნი, როცა მოკვდა.
22 . მათი მეშვეობით გამოვცდი ისრაელს: დაუბრუნდებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები”.
23 . და დატოვა უფალმა ეს ხალხები, აღარ განდევნა და არ ჩაუგდო ხელში იეშუას.
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს.
2 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან.
3 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე.
4 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს.
5 . ამიტომ ერიდებიან აშოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე.
6 . დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს.
7 . დაინახეს აშდოდელმა კაცებმა ყოველივე და თქვეს: "არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღმერთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე - დაგონზე”.
8 . შეუთვალეს და შეიკრიბა მათთან ფილისტიმელთა ყველა მთავარი; ჰკითხეს: "როგორ მოვექცეთ ისრაელის ღმერთის კიდობანს?” უპასუხეს: "გათში გადავიდეს ისრაელის ღმერთის კიდობანი”. და გადაიტანეს გათში.
9 . აჰა, გადაიტანეს იგი და უფლის ხელი იყო ქალაქზე და შეიქნა დიდი არეულობა; ქალაქის მკვიდრნი, დიდებიც და პატარებიც, დიდად იგვემნენ და ბუგრები გამოაჩნდათ.
10 . გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონში; როცა ყეკრონში მივიდა ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები: "ისრაელის ღვთის კიდობანი მოგვიტანეს, რათა ჩვენც ამოგვხოცონ და ჩვენი ხალხიც”.
11 . კვლავ შეიკრიბა ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: "წარვგზავნოთ ისრაელის ღმერთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რათა არ მოგვსრას ჩვენ და ჩვენი ხალხი”. დიდი შიში იყო მთელ ქალაქში, რადგან ფრიად დამძიმდა იქ ღმერთის ხელი.
12 . ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრებით დაწყლულდა; და ზეცამდე მიაღწია ქალაქის მოთქმამ.
1 . მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.
2 . დიდმა დრომ - ოცმა წელიწადმა - განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დამკვიდრებიდან; და მოენატრა უფალი ისრაელის მთელ სახლს.
3 . ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
4 . განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5 . თქვა სამუელმა: "შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს”.
6 . შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: "შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
7 . გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ.
8 . უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: "ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
9 . აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.
10 . როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.
11 . გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე.
12 . აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: "ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.
13 . დამარცხდნენ ფილისტიმელნი და მეტად აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
14 . და დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთა მიერ წართმეული ქალაქები: ყეკრონიდან გათამდე; მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორს შორის.
15 . მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
16 . დადიოდა წლიდან წლამდე, გარს უვლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას და მთელ იმ ადგილებში მსაჯულობდა ისრაელზე.
17 . მერე რამაში ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი. იქაც განსჯიდა ისრაელს და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
2 . იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
3 . შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.
4 . სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.
5 . მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.
6 . ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.
7 . მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
8 . ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომლებიც თავ-თავის ღმერთებს უკმევდნენ და სწირავდნენ.
9 . განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
10 . რომელმაც უბრძანა, არ გაჰყოლოდა უცხო ღმერთების კვალს; მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11 . უთხრა უფალმა სოლომონს: "იმის გამო, რომ ასეთი გახდი და არ დაიცავი ჩემი აღთქმა და წესები, რომლებიც გიბრძანე, უსათუოდ გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს.
12 . ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის გულისთვის; შენს ძეს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13 . მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს ძეს მივცემ - დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, მე რომ ავირჩიე”.
14 . და აღუდგინა უფალმა მტერი სოლომონს, ედომელი ჰადადი, ედომის მეფის შთამომავალი.
15 . ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად იმის მერე, რაც გაწყვიტა ყოველი მამაკაცი ედომში,
16 . რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, ვიდრე არ მოსპეს ყოველი მამაკაცი ედომში,
17 . გაიქცა ჰადადი მამამისის მსახურ ედომელებთან ერთად, რომ ეგვიპტეში ჩასულიყვნენ; პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18 . აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს. წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ეგვიპტეში, ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, რომელმაც მისცა მას სახლი, სარჩო და მიწა.
19 . დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მისცა მას ცოლად თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის და.
20 . და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. ფარაონის სახლში გაზარდა ბავშვი თახფენესმა და იზრდებოდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21 . გაიგონა ჰადადმა ეგვიპტეში, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი. უთხრა ჰადადმა ფარაონს: "გამიშვი, წავალ ჩემს ქვეყანაში”.
22 . უთხრა ფარაონმა: "რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში წასვლა რომ მოინდომე?” უპასუხა: "არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი”.
23 . კიდევ აღუდგინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადად-ყეზერს, ცობის მეფეს, თავის ბატონს;
24 . შემოიკრიბა კაცები და გახდა მძარცველთა მეთაური. მას შემდეგ, რაც მოსრა დავითმა ისინი ცობში, დამასკოსკენ წავიდნენ, დასახლდნენ და იქ ბატონობდნენ.
25 . ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის დღეებში; იმ ხანად ისრაელს ჰადადიც მტრობდა. სძულდა მას ისრაელი და არამზე გამეფდა იგი.
26 . იერობყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, ხელი აღმართა მეფეზე.
27 . აი, მიზეზი, რის გამოც ხელი აღმართა მეფეზე: მილო ააშენა სოლომონმა, დანგრეულ ნაპრალებს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28 . მამაცი კაცი იყო იერობყამი. დაინახა სოლომონმა, რომ კარგად ასრულებდა საქმეს ეს ახალგაზრდა და ჩააბარა იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29 . ერთ დღეს გავიდა იერობყამი იერუსალიმიდან და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ემოსა. მხოლოდ ეს ორნი იყვნენ მინდვრად.
30 . აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31 . უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.
32 . ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან,
33 . რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.
34 . არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელ სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს.
35 . ხელიდან გამოვგლეჯ მის ძეს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს,
36 . მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.
37 . აგირჩევ და ისე იმეფებ, როგორც შენი სული მოისურვებს; შენ იქნები ისრაელის მეფე.
38 . თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39 . ამის გულისთვის მოვდრეკ დავითის შთამომავლებს, ოღონდ არა სამუდამოდ”.
40 . ეძებდა სოლომონი იერობყამს მოსაკლავად, მაგრამ ადგა და ეგვიპტეში გაიქცა იერობყამი, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან; და იყო იქ სოლომონის სიკვდილამდე.
41 . სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი სიბრძნე სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42 . ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43 . განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.
1 . იმ ხანებში დასნეულდა აბია, იერობყამის ძე.
2 . უთხრა იერობყამმა თავის ცოლს: "ადექი, გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ იერობყამის ცოლი რომ ხარ და წადი შილოში; იქაა ახია წინასწარმეტყველი, რომელმაც მითხრა, ამ ხალხის მეფე გახდებიო.
3 . აიღე ათი პური და კვერები, ქილა თაფლი და მიდი მასთან; ის გეტყვის, რაც დაემართება ყრმას”.
4 . ასეც მოიქცა იერობყამის ცოლი; ადგა, წავიდა შილოში და მივიდა ახიას სახლში. ვეღარ ხედავდა ახია, სიბერისგან დაუძლურებოდა თვალები.
5 . უთხრა უფალმა ახიას: "აჰა, იერობყამის ცოლი მოდის, რათა გკითხოს თავის ძეზე, რადგან დასნეულებულია იგი; ასე და ასე ელაპარაკე მას, როცა მოვა და სხვა ქალად მოგეჩვენება”.
6 . გაიგონა ახიამ მისი ფეხის ხმა, როცა კარს მიუახლოვდა იგი და გასძახა: "მოდი, იერობყამის ცოლო, სხვა ვინმედ რატომ მაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გითხრა.
7 . წადი და უთხარი იერობყამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: შენ აღგამაღლე ხალხს შორის და წინამძღოლად დაგადგინე ჩემს ხალხზე, ისრაელზე;
8 . წავართვი სამეფო დავითის სახლს და შენ მოგეცი, თუმცა არ ჰგავხარ ჩემს მსახურს, დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მიჰყვებოდა ჩემს კვალს, რათა მხოლოდ ის აღესრულებინა, რაც ჩემს თვალში იყო მართებული;
9 . მაგრამ გადააჭარბე ბოროტებით მათ, ვინც შენამდე იყვნენ; წახვედი და გაიკეთე უცხო ღმერთები - ჩამოსხმული კერპები, ჩემს განსარისხებლად, მე კი ზურგი მაქციე.
10 . აჰა, ამიტომ, უბედურებას მოვუვლენ იერობყამის სახლს და ამოვუწყვეტ იერობყამს ყველა კედელთან მიმშარდავს, ტუსაღსა თუ თავისუფალს ისრაელში და გავხვეტ იერობყამის სახლეულს, როგორც კაცი ხვეტს სიბინძურეს, სანამ სულ არ გააქრობს.
11 . მათ, ვინც ქალაქში მოუკვდება იერობყამს - ძაღლები შეჭამენ, ხოლო, ვინც მინდორში - ცის ფრინველები დაჯიჯგნიან, ვინაიდან უფალმა ბრძანა ასე.
12 . შენ კი ადექი და წადი შენს სახლში, როგორც კი ფეხს შედგამ ქალაქში, მოკვდება ყრმა.
13 . მთელი ისრაელი იგლოვებს და დაკრძალავენ; მხოლოდ ის დაიკრძალება იერობყამისგან, რადგან მისი სახლეულიდან მხოლოდ ის ერთადერთი აღმოჩნდა სათნო უფლის, ისრაელის ღმერთის თვალში.
14 . უფალი აღადგენს ისრაელზე მეფეს, რომელიც მოსპობს იერობყამის სახლეულს ამ დღეს და აღარ დაყოვნდება ეს საქმე.
15 . შემუსრავს უფალი ისრაელს, წყალზე მოქანავე ლერწამივით და ამოძირკვავს ისრაელს ამ ნოყიერი მიწიდან, რომელიც მისცა მათ მამებს და მიმოაბნევს მდინარის გაღმა, რადგან კერპები გაიკეთეს თავისთვის და განარისხეს უფალი.
16 . მტერს გადაეცემა ისრაელი იერობყამის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდა და ისრაელსაც შეაცოდინა”.
17 . ადგა იერობყამის ცოლი, წავიდა და მივიდა თირცაში; როგორც კი სახლის ზღურბლს მიუახლოვდა, მოკვდა ყრმა.
18 . იგლოვა და დაკრძალა იგი მთელმა ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით.
19 . იერობყამის დანარჩენი საქმენი, მისი ბრძოლები და მეფობა, ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
20 . ოცდაორ წელს მეფობდა იერობყამი იერუსალიმში და მიიძინა თავის მამებთან, მის ნაცვლად ნადაბი, მისი ძე გამეფდა.
21 . რეხაბყამ სოლომონის ძე იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რეხაბყამი თავისი გამეფებისას და ჩვიდმეტი წელი მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც თავისი სახელის დასამკვიდრებლად გამოარჩია უფალმა ისრაელის ყოველი ტომიდან. დედამისს ნაყამა ერქვა, ყამონელი ქალი იყო იგი.
22 . ბოროტად იქცეოდნენ იუდევლები უფლის თვალში და ჩადენილი ცოდვებით თავიანთ მამებზე მეტად ანრისხებდნენ მას.
23 . მათაც მოიწყვეს მაღლობები, აიშენეს სვეტები და საკერპოები ყოველ მაღალ ბორცვსა და ფოთლოვანი ხის ქვეშ.
24 . საკერპოს მეძავი კაცებიც გაჩნდნენ ქვეყანაში და სჩადიოდნენ ყველა იმ სისაძაგლეს, რომელსაც აკეთებდნენ უფლის მიერ ისრაელის ძეთაგან განდევნილი ერები.
25 . რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს, ეგვიპტის მეფე შიშაკმა გაილაშქრა იერუსალიმზე.
26 . წაიღო უფლის ტაძრის, მეფის სასახლისა და ყველა სხვა საუნჯე; თან გაიყოლა სოლომონის გაკეთებული ოქროს ყველა ფარი.
27 . სპილენძის ფარები დაამზადა მათ ნაცვლად მეფე რეხაბყამმა და მეფის სასახლის კარისმცველთა უფროსებს გადასცა.
28 . როცა უფლის ტაძარში წავიდოდა მეფე, მცველები ატარებდნენ მათ, მერე კი ისევ საცავში აბრუნებდნენ.
29 . რეხაბყამის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
30 . გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის.
31 . მიიძინა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავის მამების გვერდით, დავითის ქალაქში. ნაყამა ყამონელი ერქვა დედამისს. მის მაგიერ აბიამი, მისი ძე გამეფდა.
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც გააკეთა ელიამ. ისიც უთხრა, მახვილით რომ დახოცა წინასწარმეტყველნი.
2 . მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: "ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.
3 . ეს რომ გაიგო ელიამ, ადგა და გაიქცა, თავი რომ გადაერჩინა. მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და იქ დატოვა თავისი მსახური,
4 . თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: "ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.
5 . დაწვა და დაიძინა ბელეკონის ბუჩქის ქვეშ. და აჰა, ანგელოზი შეეხო და უთხრა: "ადექი, ჭამე”.
6 . გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა.
7 . მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: "ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”.
8 . ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9 . მივიდა მღვიმემდე და ღამე იქ გაათია. აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
10 . თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
11 . უთხრა უფალმა: "წადი და მთაზე დადექი უფლის წინაშე”. აჰა, ჩაიარა უფალმა, მოჰყვა მას დიდი და ძლიერი ქარი, მთებს შლიდა და კლდეებს ამსხვრევდა უფლის წინაშე, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
12 . მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე - ჩუმი, ნაზი ხმა.
13 . მოისმინა ელიამ და მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, ხმა მოესმა; უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
14 . თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
15 . უთხრა უფალმა: "წადი, გაბრუნდი დამასკოს უდაბნოს გზით; და როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16 . იეჰუ ნიმშის ძეს ისრაელზე სამეფოდ სცხე, ელისე შაფატის ძეს კი აბელ-მეხოლადან, სცხე, რათა შენს ნაცვლად წინასწარმეტყველებდეს.
17 . ისე იქნება, რომ ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება იეჰუ მოკლავს; და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება - ელისე მოკლავს.
18 . მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”.
19 . წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, მიწას ხნავდა, თორმეტი უღელი ხარი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
20 . მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: "გამიშვი, ვაკოცებ ჩემს დედ-მამას და მერე გამოგყვები”. უთხრა ელიამ: "გაბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?”
21 . დაბრუნდა, აიყვანა უღელი ხარი და დაკლა, ხარის უღლით ხორცი მოხარშა, ხალხს დაუნაწილა და ხალხმაც ჭამა. ადგა, გაჰყვა ელიას და ემსახურებოდა.
1 . აუმხედრდა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.
2 . ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: "წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?”
3 . უთხრა უფლის ანგელოზმა ელია თიშბელს: "წადი, დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი, ნუთუ აღარ არის-თქო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?
4 . ამიტომ ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები!” წავიდა ელია.
5 . დაბრუნდნენ მოციქულნი ახაზიასთან. ჰკითხა: "რატომ დაბრუნდით?”
6 . უთხრეს: "კაცი გამოვიდა შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და გადაეცით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არისო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდებიო”.
7 . უთხრა მეფემ: "როგორი იყო ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?”
8 . უპასუხეს: "ბალნით არის დაფარული და წელზე ტყავის სარტყელი არტყამს”. თქვა მეფემ: "ეს ელიაა, თიშბელი”.
9 . მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდნენ და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია; უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, მეფემ შემოგითვალა, ძირს ჩამოვიდესო!”
10 . მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
11 . კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!”
12 . ელიამ უთხრა: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
13 . მესამედაც მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი, მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: "ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში.
14 . აჰა, ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და შთანთქა ორი წინამორბედი ორმოცდაათისთავი, თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად; ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში!”
15 . უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: "ჩაჰყევი, ნუ გეშინია!” ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან.
16 . უთხრა მეფეს: "ასე ამბობს უფალი, რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გაგზავნე შენი მოციქულები საკითხავად, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი სიტყვას, ვეღარ ადგები სარეცელიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები”.
17 . მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ წარმოთქვა. მის ნაცვლად კი იორამი გამეფდა, იოშაფატის ძის, იორამის, იუდას მეფის გამეფების მეორე წელს, რადგან ძე არ ჰყოლია.
18 . ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
1 . ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.
2 . სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3 . უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.
4 . მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”.
5 . თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6 . მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”.
7 . წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”
8 . გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.
9 . მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა.
10 . მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”.
11 . განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.
12 . განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.
13 . მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.
14 . ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
15 . დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.
16 . ელისემ უპასუხა: "ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არაფერს ავიღებ”. აძალებდა აღებას, მაგრამ უარი უთხრა.
17 . თქვა ნაყამანმა: "თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
18 . ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.
19 . უთხრა ელისემ: "მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას.
20 . იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: "აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”.
21 . დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: "ხომ მშვიდობაა?”
22 . მიუგო: "ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.
23 . თქვა ნაყამანმა: "ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.
24 . მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ.
25 . წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: "საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: "არსად წასულა შენი მსახური”.
26 . თქვა ელისემ: "განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე?
27 . დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.
1 . ახაზის, იუდას მეფის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და ათი წელი იმეფა.
2 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
3 . წამოვიდა მის წინააღმდეგ შალმანესერი, აშურის მეფე. გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და ხარკს უხდიდა.
4 . გაუგო შეთქმულება აშურის მეფემ ჰოშეაყს, რადგან მოციქულები გააგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთან და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურ ხარკს. შეიპყრო იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში დაამწყვდია.
5 . შეიჭრა აშურის მეფე ქვეყანაში, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
6 . ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.
7 . ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან და სხვა ღმერთების მოშიშება დაიწყეს;
8 . იმ ხალხების წესებით დადიოდნენ, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელისგან და ისრაელის მეფეთა სახისგან, რომლებიც დაისვეს.
9 . ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.
10 . სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ.
11 . საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.
12 . ემსახურებოდნენ კერპებს, თუმცა ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: "ნუ გააკეთებთო ამ საქმეს!”
13 . აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: "მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
14 . არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;
15 . უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
16 . მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;
17 . ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.
18 . ფრიად განურისხდა უფალი ისრაელს და განდევნა თავისი პირისგან. მხოლოდ ერთი, იუდას ტომიღა დარჩა.
19 . იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა.
20 . შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი შთამომავლობა და დატანჯა იგი, მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ განდევნა თავისი პირისგან;
21 . როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, ჩამოაშორა ისრაელი იერობყამმა უფლის კვალს და დიდი ცოდვებით აცდუნა.
22 . დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მან ჩაიდინა და არ განრიდებიან მათ,
23 . ვიდრე არ განდევნა უფალმა ისრაელი თავისი პირისგან, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახური წინასწარმეტყველების მეშვეობით. დღემდე აშურშია გადასახლებული ისრაელი თავისი მიწიდან.
24 . მოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და დაასახლა ისინი სამარიის ქალაქებში ისრაელის ძეთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
25 . არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ ამ ხალხებს.
26 . უთხრეს აშურის მეფეს: "ერებმა, რომლებიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში დაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია ამ ხალხებს ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ”.
27 . ბრძანა აშურის მეფემ: "წაიყვანეთ იქ ვინმე მღვდელი, იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს, იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება”.
28 . მივიდა იქ ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული. ცხოვრობდა ბეთელში და ასწავლიდა მათ უფლის მოშიშებას.
29 . მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ერმა და დადგეს მაღლობთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ერმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30 . ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა - ნერეგალი, ხამათელებმა კი - აშიმა,
31 . ყაველებმა ნიბხაზი და თართაკი გაიკეთეს, ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადარმელექისა და ყანამელექისთვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.
32 . უფლისაც ეშინოდათ და თავისი წიაღიდან ირჩევდნენ მაღლობების მღვდლებს, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობების სახლებში.
33 . უფლისაც ეშინოდათ და თავის ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ერების ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს.
34 . დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.
35 . ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: "ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;
36 . მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
37 . მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
38 . ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდეთ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ;
39 . მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრის ხელიდან”.
40 . მაგრამ არ შეისმინეს მისი ხმა და წინანდელ ჩვეულებებს მისდევდნენ.
41 . ამ ერებს უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. ისევე როგორც მათი მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილიშვილები.
1 . ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, გამეფების მესამე წელს გამეფდა იუდაზე ხიზკიაჰუ, ახაზის ძე.
2 . ოცდახუთი წლის იყო თავისი გამეფებისას და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული.
3 . ყველაფერში სწორად იქცეოდა უფლის წინაშე, როგორც მამამისი დავითი.
4 . მან გააუქმა მაღლობები, დაამსხვრია ქანდაკებანი და აჩეხა აშერი. მანვე დაამსხვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან ისრაელის ძენი იმ დღეებამდე უკმევდნენ და ნეხუშტანს უწოდებდნენ მას.
5 . უფალზე, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი; არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის არც მის შემდგომ და არც იმათ შორის, ვინც მის წინ იყო.
6 . უფალს მიეკრა და მის კვალს არ განდგომია; იცავდა მის მცნებებს, რომელიც მოსეს პირით ბრძანა უფალმა.
7 . ყველგან, სადაც გავიდოდა, უფალი იყო მასთან და გონივრულად იქცეოდა. განუდგა აშურის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა.
8 . ღაზამდე შემუსრა ფილისტიმელნი და მთელ მხარეში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ციხე-ქალაქამდე.
9 . ხიზკიაჰუს გამეფების მეოთხე წელს, ჰოშეაყ ელას ძის ისრაელში გამეფებიდან მეშვიდე წელს, სამარიის წინააღმდეგ გამოვიდა აშურის მეფე შალმანესერი და ალყაში მოაქცია იგი.
10 . დაიპყრო იგი მესამე წლის მიწურულს. ხიზკიაჰუს გამეფების მეექვსე წელს, რომელიც ისრაელზე ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელი იყო, დამარცხდა სამარია.
11 . აშურში გადაასახლა ისრაელი აშურის მეფემ და დაასახლა ისინი ხალახსა და ხაბორში, გოზანის მდინარეზე, მიდიელთა ქალაქებში.
12 . აშურში გადაასახლა ისრაელი აშურის მეფემ და დაასახლა ისინი ხალახსა და ხაბორში, გოზანის მდინარეზე, მიდიელთა ქალაქებში.
13 . მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს გამოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და დაიპყრო ისინი.
14 . წერილი გაუგზავნა აშურის მეფეს ლაქიშში მეფე ხიზკიაჰუმ: "დამნაშავე ვარ, პირი იბრუნე ჩემგან და რასაც დამაკისრებ, ვიტვირთებ”. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიაჰუს, სამასი ტალანტი ვერცხლი და ოცდაათი ტალანტი ოქრო.
15 . მისცა ხიზკიაჰუმ მთელი ვერცხლი, რაც უფლის ტაძარსა და მეფის სასახლის საგანძურში ინახებოდა.
16 . მაშინ იყო, რომ შემოაცალა ხიზკიაჰუმ ოქრო უფლის ტაძრის კარებსა და ზღურბლებს, რომლითაც ადრე თვითონვე მოჭედა და მისცა აშურის მეფეს.
17 . გაუგზავნა ლაქიშიდან აშურის მეფემ ხიზკიაჰუს იერუსალიმში თართანი, რაბსარისი და რაბშაკე, დიდი ლაშქრით. გამოვიდნენ, მივიდნენ იერუსალიმს და დადგნენ ზემო წყალსატევთან, რომელიც გზასთან იყო, მრეცხავთა მინდორთან.
18 . მოუხმეს მეფეს და გამოვიდნენ მათთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ჰილკიაჰუს ძე, შებნა მწიგნობარი და იოახი, ასაფის ძე, მემატიანე.
19 . უთხრა მათ რაბშაკემ: "გადაეცით ხიზკიაჰუს, ასე თქვა-თქო დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი?
20 . შენ ამბობ: ომისთვის რჩევაც მაქვს და ძალაცო! ფუჭი სიტყვებია ეს, ახლა ვისზე ხარ დანდობილი, რომ ამიჯანყდი?
21 . აჰა, ფიქრობ, გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს დაეყრდნო, რომელიც ხელისგულში შეესობა ყველას, ვინც მას დაეყრდნობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მას ენდობა.
22 . ხოლო თუ მეტყვით: ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო! იმას ხომ არ გულისხმობთ, ვისი მაღლობები და სამსხვერპლონიც ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმში?
23 . აჰა, შეეკარი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; მე მოგცემ ორი ათას ცხენს, ვნახოთ თუ შეძლებ მათზე მხედრების შესმას?
24 . აბა, როგორ გააბრუნებ ჩემი ბატონის მსახურთაგან თუნდაც ყველაზე უმცირეს სარდალს ეგვიპტის ეტლებითა და მხედრებით რომ დაიმედებულხარ?
25 . განა შენი უფლის ნებით არ მოვედი ამ ადგილის გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: წადი იმ ქვეყანაში და გაანადგურე”.
26 . უთხრეს ელიაკიმ ხილკიაჰუს ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: "გთხოვთ, არამის ენაზე გველაპარაკე შენს მსახურთ, რადგან შეგვიძლია გაგება; ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად”.
27 . უთხრა მათ რაბშაკემ: "განა, მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვათა სათქმელად? განა გალავანზე მსხდომ კაცებთან არა, რათა მტრედების სკლინტს ჭამდნენ და თავის შარდს სვამდნენ თქვენთან ერთად?”
28 . ადგა რაბშაკე და დიდი ხმით წამოიძახა ებრაულად: "ისმინეთ დიადი მეფის, აშურის მეფის, სიტყვა!
29 . ასე ამბობს მეფე: ნუ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რადგან არ ძალუძს თქვენი ხსნა ჩემი ხელიდან;
30 . ნურც უფალზე დაგაიმედებინებთ თავს ხიზკიაჰუ, ამ სიტყვებით: უფალი გვიხსნის და არ ჩავარდება ეს ქალაქი აშურის მეფის ხელში.
31 . ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით, გადმოდით ჩემკენ და ჭამოს თითოეულმა თავისი ვაზიდან და ლეღვის ხიდან და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭიდან,
32 . სანამ მოვსულვარ და თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში წამიყვანიხართ, მარცვლეულისა და ღვინის, პურისა და ვაზის, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, რათა იცოცხლოთ და არ მოკვდეთ; ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, როცა გაქეზებთ: უფალი გვიხსნისო.
33 . განა ოდესმე დაიხსნა რომელიმე ღმერთმა თავისი მიწა აშურის მეფის ხელთაგან?
34 . სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენასა და ყივას ღმერთები? განა იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
35 . ამ ქვეყნის ყველა ღმერთთაგან, რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ შენმა უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემგან?!”
36 . დადუმებული იყო ხალხი, სიტყვა არავის უთქვამს, რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: "არ უპასუხოთ”.
37 . მივიდნენ ხიზკიაჰუსთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიას ძე, შებნა მწიგნობარი და იოახ ასაფის ძე შემოგლეჯილი სამოსით და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.
1 . გაგზავნა მეფემ მოციქულები და შეკრიბეს მასთან იუდასა და იერუსალიმის მთელი უხუცესობა.
2 . წავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან ერთად იუდას ყველა კაცი და იერუსალიმის ყველა მცხოვრები, ასევე მღვდლები, წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიდან პატარამდე და მათ გასაგონად წაიკითხა მეფემ იმ აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა, უფლის სახლში რომ იპოვეს.
3 . დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა.
4 . უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.
5 . გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ;
6 . გაიტანა აშერი უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, მტვრად აქცია და ხალხის ძეთა საფლავებზე გააბნია.
7 . დაანგრია უფლის სახლთან მდგარი მეძავთა სახლები, სადაც დედაკაცები საფარველს უქსოვდნენ აშერს;
8 . გამოიყვანა იუდას ქალაქებიდან ყველა მღვდელი და წაბილწა ის მაღლობები, სადაც აკმევდნენ ისინი, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, დაანგრია კარიბჭის მაღლობები, ერთი - ქალაქის მთავრის, იეშუას, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9 . თუმცა არ ადიოდნენ მაღლობთა მღვდლები უფლის სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, მაინც ჭამდნენ ხმიადებს თავის ძმებთან ერთად.
10 . წაბილწა სამსხვერპლო, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ძე ან ასული.
11 . გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი, უფლის სახლის შესასვლელიდან სარდალ ნეთან-მელექის ოთახამდე, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12 . დაანგრია მეფემ იუდას მეფეთა მიერ, ახაზის ზედა სახლის ერდოზე და უფლის სახლის ორივე ეზოში, მანაშეს მიერ აღმართული სამსხვერპლოები, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში გადაყარა მათი მტვერი.
13 . შებილწა მეფე იოშიამ მაღლობები იერუსალიმის გასწვრივ, გახრწნილების მთის მარჯვნივ, სოლომონმა, ისრაელის მეფემ რომ აუშენა ყაშთორეთს - ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს - მოაბის სიბილწეს და მილქომს - ყამონის ძეთა სისაძაგლეს.
14 . ნამსხვრევებად აქცია სვეტები, გაჩეხა აშერები და ადამიანების ძვლებით შეავსო მათი ადგილები.
15 . ასევე მოექცა სამსხვერპლოს, რომელიც ბეთელშია. იერობყამ ნაბატის ძის, ისრაელის მაცდუნებლის მოწყობილი მაღლობიც და სამსხვერპლოც მანვე დაანგრია; ცეცხლში დაწვა მაღლობი და გააცამტვერა; აშერიც დაწვა.
16 . მიბრუნდა იოშია და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო; გაგზავნა და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები და სამსხვერპლოზე დაწვა. ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წარმოთქვა ღვთისკაცმა, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები.
17 . იკითხა იოშიამ: „ეს რა ძეგლია, მე რომ ვხედავ?” უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები, შენ რომ დამართე ახლა ბეთელის სამსხვერპლოს”.
18 . თქვა: „მოასვენეთ, ნურავინ დასძრავს მის ძვლებს”. არ შეხებიან არც მის და არც იმ წინასწარმეტყველის ძვლებს, რომელიც სამარიიდან მოვიდა.
19 . ასევე მოაშორა იოშიამ ყველა სახლი მაღლობებზე, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის განსარისხებლად და ისეთივე საქმე დამართა მათ, როგორც ბეთელში.
20 . სამსხვერპლოებზე დაკლა მაღლობთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა კაცთა ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.
21 . უბრძანა მეფემ მთელ ხალხს და უთხრა: „იდღესასწაულეთ პასექი უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, როგორც ამ აღთქმის წიგნში წერია”.
22 . არ მომზადებულა ასეთი პასექი მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განსჯიდნენ ისრაელს და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დღეებში არ მომხდარა ასეთი რამ.
23 . მხოლოდ იოშია მეფის გამეფების მეთვრამეტე წელს მომზადდა ასეთი პასექი უფლისთვის იერუსალიმში.
24 . აღმოფხვრა იოშიამ მესულთანეები, გრძნეულები, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი იუდას ქვეყანასა და იერუსალიმში გამოჩნდა, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა ხილკიაჰუ მღვდელმა.
25 . არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც უფლისკენ მთელი თავისი გულით, სულითა და ძალით მოიქცა, მოსეს რჯულის თანახმად და არც მის მერე აღმდგარა მისი მსგავსი.
26 . მაგრამ არ შებრუნებულა უფალი მძვინვარე რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე იმ სიბრაზის გამო, რომლითაც გააბრაზა მანაშემ.
27 . თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ, როგორც ისრაელი მოვიშორე, უარვყოფ ამ ქალაქს, იერუსალიმს და სახლს რომელიც ავირჩიე და რომელზეც ვთქვი: აქ დამკვიდრდება ჩემი სახელი”.
28 . იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეში არაა ჩაწერილი?
29 . მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტის მეფე, აშურის მეფესთან მდინარე ევფრატზე. გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.
30 . ეტლით წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. აიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, ზეთი სცხეს და მამამისის ნაცვლად გაამეფეს.
31 . ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
32 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები.
33 . დაატუსაღა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა და ქვეყანას ხარკად ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო დააკისრა.
34 . გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას ნაცვლად: სახელი შეუცვალა და დაარქვა იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა და იქ მოკვდა.
35 . ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს, ოღონდ ქვეყანას დაადო გადასახადები, რათა მიეცა ფული ფარაონის ბრძანებისამებრ; ქვეყნის ხალხს, თითოეულს მისი ქონების მიხედვით დააკისრა ნექოსთვის მისაცემი ფული.
36 . ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზებუდა, ფედაიას ასული, რუმადან.
37 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები.
1 . ჩაიმუხლა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; მძიმეა დატვირთული ურმები, ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.
2 . მოიდრიკნენ, ყველანი ერთად მოიხარნენ, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თვითონაც ტყვეობაში ჩავარდნენ.
3 . "მისმინე, სახლო იაკობისა და ისრაელის სახლის მთელო ნატამალო! ჩემს მიერ იქენით შობილნი და დედის საშოდანვე მე გატარებდით.
4 . იგივე ვარ თქვენს სიბერემდეც და მევე გატარებთ თქვენს ჭაღარამდე; მე შეგქმენი და მე გატარებ; მე გიტვირთავ და მე გამოგიხსნი.
5 . ვის მიმამსგავსებთ, გამიტოლებთ ან შემადარებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
6 . ქისიდან ჰყრიან ოქროს ზოგიერთნი და სასწორზე სწონიან ვერცხლს, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ, მერე მის წინაშე ემხობიან და თაყვანს სცემენ.
7 . მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე თავის ადგილზე დასვამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, შესძახიან და პასუხს არ სცემს, ვერ იხსნის მათ გასაჭირიდან.
8 . გაიხსენეთ და მუდამ გახსოვდეთ, გულთან მიიტანეთ, დამნაშავენო.
9 . გაიხსენეთ უწინდელი, დიდი ხნის წარსული, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა, მე ღმერთი ვარ და არვინ არის ჩემი მსგავსი.
10 . დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.
11 . გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მონადირე ფრინველს, კაცს შორი ქვეყნიდან, ჩემი რჩევის შემსრულებელს; ჭეშმარიტად, აკი ვთქვი, ჭეშმარიტად, აღვასრულებ კიდეც; მე დავგეგმე და კიდეც გავაკეთებ.
12 . მისმინეთ, გულგაჯიუტებულნო, სიმართლისგან შორს მყოფნო:
13 . მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.
1 . უფლის სიტყვა, იერემიას რომ ესმა:
2 . "უფლის სახლის კარიბჭეში დადექი და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა. თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდევლებო, ამ კარში შემომსვლელნო, უფლის თაყვანისსაცემად.
3 . ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქციელი და მე დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე.
4 . ნუ მიენდობით ყალბ სიტყვებს, რომ ამბობენ - უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო ეს!
5 . რადგან თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქციელს, თუ სიმართლით განიკითხავთ მოდავეებს,
6 . არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ,
7 . მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ.
8 . აჰა, ყალბ და უსარგებლო სიტყვებზე ხართ დაიმედებულნი;
9 . იპარავთ, კლავთ და მრუშობთ, ცრუდ იფიცებთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს მისდევთ, რომელთაც არ იცნობდით.
10 . მერე კი მოხვალთ და დადგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება და ამბობთ - გადავრჩითო! რათა მერე ისევ ჩაიდინოთ ყველა ეს სისაძაგლე.
11 . ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენთვის ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ ამას!” - ამბობს უფალი.
12 . "ახლა წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო.
13 . ახლა კი, რადგან ყველა ეს საქმე ჩაიდინეთ, ამბობს უფალი, რადგან განთიადიდანვე გეუბნებოდით, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით,
14 . რაც შილოს მოვაწიე, იმასვე მოვაწევ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რომელზეც დაიმედებულხართ და იმ ადგილს, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით;
15 . გაგყრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა თქვენი ძმა, ეფრემის მთელი შთამომავლობა გავყარე.
16 . შენ კი, ნურც ილოცებ ამ ხალხისთვის და ნურც ვედრებასა და ლოცვას აღავლენ მათთვის, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
17 . განა ვერ ხედავ, რას სჩადიან ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?
18 . ძენი შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ, ქალები კი ცომს ზელენ, რომ კვერები დააცხონ ცათა დედოფლის პატივსაცემად, და სასმელს ღვრიან სხვა ღმერთებისთვის, რათა გამაბრაზონ.
19 . მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი, ამბობს უფალი, თუ თავს ირცხვენენ?”
20 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, გადმოინთხევა ამ ადგილზე ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა ადამიანსა და საქონელზე, მინდვრის ხეებსა და მიწის ნაყოფზე, აგიზგიზდება და არ მინავლდება”.
21 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა: "თქვენი ყოვლადდასაწველი სხვა მსხვერპლებს მიუმატეთ და ჭამეთ ხორცი.
22 . რადგან მე არაფერი მითქვამს თქვენი მამებისთვის, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამომყავდა, და არ მომითხოვია მათთვის სრულადდასაწველი და მსხვერპლები;
23 . მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი.
24 . მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ დამიგდეს, საკუთარი გონებითა და ბოროტი გულის სიჯიუტით იარეს, უკან მიდიოდნენ და არა წინ.
25 . ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ.
26 . მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
27 . ახლა შენც ეტყვი ამ სიტყვებს, მაგრამ არც შენ მოგისმენენ; მოუხმობ და არ გიპასუხებენ.
28 . უთხარი: აი, ხალხი, რომელიც არ დაემორჩილა უფლის, თავისი ღმერთის ხმას და არ მიიღო დარიგება; დაიკარგა ჭეშმარიტება, მოიკვეთა მათი ბაგეებიდან.
29 . შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.
30 . რადგან ბოროტს სჩადიან ჩემს თვალწინ იუდას ძენი, ამბობს უფალი, თავიანთი სისაძაგლენი დაადგინეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ იგი.
31 . თოფეთის სიმაღლეები აღმართეს ბენჰინომის ჭალებში, რათა ცეცხლში დაეწვათ საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, გულშიც არ გამივლია.
32 . ამიტომ მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა მეტად აღარ დაუძახებენ ამ ადგილს თოფეთსა და ბენჰინომის ჭალას, არამედ - სასაკლაო ჭალას, თოფეთში დამარხავენ ხოლმე უადგილობის გამო.
33 . და იქნება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად, აღარავინ იქნება მათი დამფრთხობი.
34 . შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულებისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, რადგან გაუდაბურდება ეს მიწა”.
1 . და იყო ჩემ მიმართ უფლის სიტყვა:
2 . "ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ძეებს და ასულებს ამ ადგილზე;
3 . რადგან ასე ამბობს უფალი ამ ადგილზე შობილ ძეებსა და ასულებზე, დედებზე რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში:
4 . სასიკვდილო სნეულებებით დაიხოცებიან, არც დაიტირებენ და არც დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით მოისპობიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის ცხოველთა საჭმელად იქცევა”.
5 . რადგან ასე ამბობს უფალი: "მგლოვიარეთა სახლში ნუ შეხვალ, მათ დასატირებლად და მისასამძიმრებლად ნუ წახვალ, რადგან ჩემი მშვიდობა, წყალობა და სიბრალული წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი.
6 . დაიხოცება დიდებულიც და ღატაკიც ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ, არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და არავინ გადაიპარსავს თმას მათთვის.
7 . არავინ გატეხს გლოვის პურს ნუგეშის საცემლად და არავინ მიაწვდის სამძიმრის თასს მამისა და დედის გამო.
8 . ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად”.
9 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, გავაქრობ ამ ადგილიდან, თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში, სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
10 . და ახლა, როცა ეტყვი ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას, ისინი გკითხავენ: რის გამო უშვებს ასეთ დიდ უბედურებას ჩვენზე უფალი? რა დანაშაული ჩავიდინეთ, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?
11 . შენ ასე უპასუხე: იმის გამო, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა! ამბობს უფალი, უცხო ღმერთებს რომ მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ; მე კი დამივიწყეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
12 . თქვენც ჩაიდინეთ ბოროტება, თქვენს მამებსაც კი გადააჭარბეთ. აჰა, თითოეული თქვენგანი თავისივე ბოროტი გულის სიჯიუტეს მიჰყვება და მე არ მისმენთ.
13 . ამიტომ გადაგასახლებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამები იცნობდნენ; იქ მოემსახურეთ უცხო ღმერთებს დღედაღამ, რადგან არ შეგიწყნარებთ.
14 . ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო.
15 . არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.
16 . აჰა, გავაგზავნი ბევრ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად; ამის შემდეგ გავაგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებში,
17 . რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.
18 . ჯერ ორმაგად გადავუხდი მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო, რომ შებილწეს ჩემი ქვეყანა; საკერპო გვამებითა და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო”.
19 . ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: "მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.
20 . "განა შეუძლია კაცს ღმერთები გაიკეთოს? მაინც არ იქნებიან ისინი ღმერთები!
21 . ამიტომ, აჰა, მე გავაგებინებ; ამჯერად მე გავაგებინებ მათ ჩემს ძალას და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ, რომ ჩემი სახელი არის - უფალი”.
1 . უფლის სიტყვა ერებზე, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველისადმი.
2 . ეგვიპტეზე და ეგვიპტის მეფის, ფარაონ ნექოს ლაშქარზე, მდინარე ევფრატთან, ქარქემიშში რომ იდგა, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ დაამარცხა იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს.
3 . "ფარები და ჯავშნები დაამწკრივეთ და საბრძოლველად გადით.
4 . ცხენები შეკაზმეთ და ამხედრდით, მხედრებო; მყარად დადექით თავჩაჩქნიანებო, შუბები ალესეთ და ჯავშნით შეიმოსეთ.
5 . რას ვხედავ? უკან იხევენ თავზარდაცემულნი, დამარცხდნენ მათი მამაცი მეომრები, გარბიან, რომ თავს უშველონ, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
6 . ვერ გაგექცევიან ფეხმარდნი, ძლიერნი ვერ გადარჩებიან; ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან წაიბორძიკეს და დაეცნენ.
7 . ვინ არის ნილოსივით რომ ადიდებულა, მდინარეების წყლებივით რომ იძვრის?
8 . ადიდდა ეგვიპტე ნილოსივით და მდინარეების წყლებივით იძვრის. ამბობს: ავდიდდები და მიწას დავფარავ, დავანგრევ ქალაქს და მის მკვიდრთო.
9 . ამხედრდით ცხენებზე, გიჟურად გაქანდით, ეტლებო; გამოდით, მამაცო მეომრებო: ქუშელნო და ფუთელნო - ფარის დამჭერნო, ლიდიელნო - მშვილდის დამჭერნო და მომზიდველნო.
10 . რადგან ეს დღე ცაბაოთ უფალ ღმერთს ეკუთვნის; შურისგების დღეა და შურს იძიებს თავის მტრებზე. შეჭამს მახვილი და გაძღება, მათი სისხლით დარწყულდება, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, მდინარე ევფრატთან.
11 . ადი გილყადზე და აიღე მალამო, ქალწულო, ეგვიპტის ასულო; ამაოდ იმარაგებ წამლებს, კურნება არ გექნება.
12 . ერებმა გაიგონეს შენი სირცხვილი, აავსო ქვეყანა შენმა კივილმა, რადგან ძლიერი ძლიერს შეეჯახა და ორივე ერთად დაეცა”.
13 . სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის შემუსვრაზე:
14 . "გამოაცხადეთ ეგვიპტეში და აუწყეთ მიგდოლს, აუწყეთ ნოფს და თახფანხესში თქვით: წამოდექით და მოემზადეთ, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.
15 . რატომ განერთხნენ შენი ძლიერები? ფეხზე ვეღარ დგანან, რადგან უფალმა დაამხო ისინი.
16 . გამუდმებით ბორძიკობენ, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექით, დავუბრუნდეთ ჩვენს ხალხს და ჩვენს მშობლიურ ქვეყანას - შორს მოძალადის მახვილისგან.
17 . ხმამაღლა აცხადებენ: დიდი ხმაურის გარდა არაფერია ფარაონი, ეგვიპტის მეფე! გაეპარა მიცემული დრო.
18 . ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელია ცაბაოთ უფალი; როგორც თაბორი დგას მთათა შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე ვიცი, რომ მოვა ის.
19 . სახეტიალოდ ბარგი მოამზადე, ეგვიპტეში მცხოვრებო ასულო, რადგან გაუდაბურდება ნოფი, დაიწვება და გაუკაცრიელდება.
20 . მშვენიერი დეკეულია ეგვიპტე, მაგრამ ჩრდილოეთიდან მოდის კრაზანა, მოდის!
21 . მისი დაქირავებულნიც მის შუაგულში ნასუქალი ხბორებივით არიან, მაგრამ ისინიც უკუიქცნენ, ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უბედურების დღე მოვიდა მათზე, მათი დასჯის ჟამი.
22 . მისი ხმა გველის სისინივით გაისმება, როცა ლაშქარი გადაადგილდება და ხისმჭრელებივით ცულებით მოადგებიან.
23 . მისი ტყე გაუჩეხავთ, ამბობს უფალი, და აღარ იპოვება; კალიაზე აურაცხელია იგი, არა აქვს სათვალავი.
24 . შერცხვენილ იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს გადაეცა ხელში.
25 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებედან, ფარაონსა და ეგვიპტეს, მის ღმერთებსა და მის მეფეებს, ფარაონსა და მასზე დაიმედებულებს!
26 . მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში ჩავაგდებ მათ, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფისა და მის მსახურთა ხელში, ამის შემდეგ კი უწინდელივით დასახლდება, ამბობს უფალი.
27 . შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ ფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შორეთიდან და შენს თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს უსაფრთხოდ და მშვიდად, არ ეყოლება შემშინებელი.
28 . ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთან ვარ; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, ვისთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, მაგრამ სამართლიანად დაგსჯი; არავითარ შემთხვევაში დაუსჯელს არ დაგტოვებ”.
1 . სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას პირით.
2 . "გამოაცხადეთ და აუწყეთ ხალხებს, ალამი ასწიეთ და აუწყეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: დაპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, გაწბილებულია მისი კერპები და დამსხვრეულია მათი ქანდაკებები!
3 . რადგან ხალხი მოადგა ჩრდილოეთიდან და უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას; აღარ იქნება მასში მცხოვრები, ადამიანიდან პირუტყვამდე ყველა დაიძრება და წავა.
4 . იმ დღეებში და იმ ჟამად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელის ძენი და იუდას ძენი, ერთად ივლიან და გზადაგზა იტირებენ, ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5 . სიონის გზას იკითხავენ, მისკენ მიმართავენ სახეებს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს საუკუნო აღთქმით, რომელიც აღარ იქნება დავიწყებული!
6 . დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა გადაახვევინეს გზიდან, მთებისკენ მიაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ახეტიალეს, თავიანთი მოსასვენებელი ადგილი დაავიწყეს.
7 . მათი მპოვნელები ჭამდნენ; მათი მტრები ამბობდნენ: რა ჩვენი ბრალია, უფალს შესცოდეს, რომელიც სიმართლის სამკვიდროა, უფალს, მათი მამების იმედსო.
8 . გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.
9 . რადგან, აჰა, წამოვაყენებ და მოვიყვან ბაბილონის წინააღმდეგ დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და დაატყვევებენ; მათი ისრები გამოცდილი მეომრებივით არიან, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
10 . ნადავლად იქცევა ქალდეველთა ქვეყანა და გაძღება ყველა მისი მძარცველი, ამბობს უფალი.
11 . რადგან გიხარიათ და დღესასწაულობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან დეკეულივით კუნტრუშობთ და ცხენებივით ჭიხვინებთ.
12 . დიდად შერცხვება დედათქვენი, დამცირდება თქვენი მშობელი; უკანასკნელი იქნები ერებს შორის - უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი.
13 . უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, მთლიანად გაუდაბურდება. ყველა, ვინც ბაბილონს ჩაუვლის, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მისი წყლულების დამნახავი.
14 . ჩამწკრივდით ბაბილონის გარშემო, მშვილდის მომზიდველნო! ესროლეთ, ისრებს ნუ დაინანებთ, რადგან უფალს შესცოდა.
15 . ყოველი მხრიდან დაეცით საბრძოლო ყიჟინა; დანებდა, დაეცნენ მისი საძირკვლები, დაინგრნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა; შური იძიეთ მასზე, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.
16 . მთესველი და ნამგლის დამჭერი ამოძირკვეთ ბაბილონიდან მოსავლის აღების დროს. მოძალადის მახვილისგან ყოველი თავისი ხალხისკენ გაბრუნდეს და ყოველი თავის ქვეყანაში გაიქცეს.
17 . გაფანტული ცხვარია ისრაელი, ლომებმა გაფანტეს. პირველად აშურის მეფემ შეჭამა იგი, ბოლოს კი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაუმტვრია ძვლები”.
18 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.
19 . დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე, და იბალახებს იგი ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემისა და გილყადის მაღლობებზე დაიკმაყოფილებს სურვილს.
20 . იმ დღეებში და იმ ჟამს, ამბობს უფალი, მოიძიებენ ისრაელის დანაშაულს და აღარ იქნება, იუდას ცოდვებს - და ვეღარ იპოვნიან, რადგან მე მივუტევებ, ვისაც მოვიტოვებ.
21 . მერათაიმის ქვეყანაზე და ფეკოდის მცხოვრებლებზე გაილაშქრე, ააოხრე და გაანადგურე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი, ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც მე გიბრძანე!
22 . ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში, დიდი ნგრევაა.
23 . როგორ გატყდა და დაიმტვრა მთელი ქვეყნის ურო! როგორ იქცა ბაბილონი საშინელებად ერებისთვის?
24 . მახე დაგიგე და გაები, ბაბილონო, მაშინ, როცა არ ელოდი. მოგძებნეს და შეგიპყრეს, რადგან უფალს შეეჭიდე.
25 . გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა თავისი რისხვის იარაღი, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს საქმე აქვს ქალდეველთა ქვეყანაში.
26 . შორეული კიდეებიდან მოდით მის წინააღმდეგ, გახსენით მისი ბეღლები, ზვინებივით დაახვავეთ, სრულად გაანადგურეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს მისგან.
27 . მახვილს მიეცით მისი მოზვრები, დასაკლავად ჩავიდნენ; ვაი მათ, რადგან მათი დღე დადგა, მათი დასჯის ჟამი.
28 . აჰა, გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმა ისმის ბაბილონის ქვეყნიდან, რომ სიონში განაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება, მისი ტაძრის გამო.
29 . მრავალნი შეჰყარეთ ბაბილონის წინააღმდეგ, ყველა მშვილდის მომზიდველი. ბანაკად შემოეწყვეთ ყოველი მხრიდან, არავინ გაგექცეთ. მისი საქმისამებრ მიუზღეთ; როგორც გექცეოდათ, ისე
30 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის ქუჩებში და ყველა მისი მებრძოლი დადუმდება იმ დღეს, ამბობს უფალი.
31 . აჰა, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, რადგან შენი დღე დადგა, შენი დასჯის ჟამი.
32 . წაიბორძიკებს მედიდური და დაეცემა, არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება.
34 . მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
35 . მახვილი ქალდეველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ბაბილონის მცხოვრებლების წინააღმდეგ, მისი მთავრებისა და მისი ბრძენკაცების წინააღმდეგ;
36 . მახვილი მისი მისანი ქურუმების წინააღმდეგ და გაუგუნურდებიან; მახვილი მისი ძლიერი კაცების წინააღმდეგ და დაუძლურდებიან;
37 . მახვილი მისი ცხენების წინააღმდეგ, მისი ეტლებისა და ყველა უცხოტომელის წინააღმდეგ, მის წიაღში რომ არიან და დიაცებად იქცევიან; მახვილი მისი საგანძურების წინააღმდეგ და გაიძარცვებიან.
38 . გვალვა მის წყლებზე და ამოშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ მრისხანე კერპებისგან.
39 . დაიბუდებენ იქ უდაბნოს არსებები ტურებთან ერთად და სირაქლემები. უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.
40 . როგორც ღმერთის მიერ დაქცეულ სოდომში და გომორასა და მის მეზობელ ქალაქებში, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ დასახლდება, კაციშვილი აღარ იცხოვრებს მასში.
41 . აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ერი; მრავალი მეფე აღდგება ქვეყნის კიდეებიდან;
42 . მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი არიან, დაუნდობელნი; მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს, ცხენებზე არიან ამხედრებულნი; ერთი კაცივით მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
43 . გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.
44 . აჰა, ლომივით ამოვალ იორდანის უღრანიდან საძოვრებზე, გამუდმებით რომ ირწყვება. წამში გავაქცევ მათ და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? სამსჯავროზე ვინ დამიძახებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?”
45 . ამიტომ ისმინეთ უფლის განზრახვა, ბაბილონზე რომ განიზრახა; მისი გადაწყვეტილება, ქალდეველთა ქვეყანაზე რომ გადაწყვიტა; უსათუოდ წაათრევენ ფარის პატარა ბატკნებსაც კი, უსათუოდ გაუდაბურდება მათი საძოვრები.
46 . მიწა შეიძრება, როცა ხმა გაისმება: "შეიპყრეს ბაბილონი”; კივილი გაისმება ერებში.
1 . ასე ამბობს უფალი: "მე აღვძრავ დამღუპველ ქარს ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებლებზე.
2 . უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.
3 . არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.
4 . დაეცემიან განგმირულნი ქალდეველთა ქვეყანაში და დალახვრულნი მის ქუჩებში.
5 . რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
6 . გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
7 . ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.
8 . უცებ დაეცა ბაბილონი და გაცამტვერდა, იქვითინეთ მასზე, მალამო მოიტანეთ მისი წყლულისთვის, იქნებ განიკურნოს.
9 . ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ და წავიდეთ თითოეული საკუთარ ქვეყანაში, ვინაიდან ცას მიაღწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა.
10 . უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
11 . წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
12 . ასწიეთ ალამი ბაბილონის კედლების წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და აღასრულებს კიდეც, რაც ბაბილონის მცხოვრებლებზე თქვა.
13 . დიდ წყალზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბის შესაბამისად.
14 . საკუთარი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: "კალიასავით გაგავსებ ადამიანებით, ისინი დაგცემენ ყიჟინას”.
15 . მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.
16 . მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
17 . საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი კაცი, სირცხვილნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედილი კერპის გამო, რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული, სული არაა მათში.
18 . ამაოებაა იგი, გასაკიცხი ნახელავი; გაქრებიან მონახულების ჟამს.
19 . მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20 . შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;
21 . შენით შევმუსრავ ცხენსა და ეტლს თავისი მხედრებით;
22 . შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
23 . შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;
24 . "თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
25 . აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ გამოსული, დამანგრეველო მთავ, ამბობს უფალი, დამღუპველო მთელი ქვეყნისა; ხელს გავიწვდენ შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და ცეცხლმოკიდებულ მთად გაქცევ.
26 . ნუმც აიღებენ ქვას შენგან ქვაკუთხედად და საძირკვლისთვის, რადგან სამარადისო უდაბნოდ იქცევი! ამბობს უფალი.
27 . ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.
28 . მოუხმეთ მასზე ხალხებს, მიდიის მეფეებს, მის ყველა მთავარსა და გამგებელს, მისი სამფლობელოს ყოველ ქვეყანაში.
29 . ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.
30 . მიატოვეს ბრძოლა ბაბილონის ვაჟკაცებმა, ციხე-სიმაგრეებში ჩასხდნენ, დაილია მათი ძალა, დიაცებივით გახდნენ; ცეცხლი მოედო მათ საცხოვრებლებს, დაილეწა მათი დარაბები.
31 . შიკრიკი შიკრიკს მიჰყვება და მოამბე მოამბეს, რათა ბაბილონის მეფეს აუწყონ, რომ ყოველი მხრიდან დაიკავეს მისი ქალაქი.
32 . ფონები დაკავებულია, ჭალები ცეცხლითაა დამწვარი. მებრძოლნი დაფეთებულნი არიან.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.
34 . "შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.
35 . დაე, ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორც მე მომექცნენ იტყვის სიონის მკვიდრი; ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე”, იტყვის იერუსალიმი.
36 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
37 . ნანგრევების გროვად იქცევა გაუკაცრიელებული ბაბილონი, ტურების ბუნაგად, საფრთხობელად და დასაცინად.
38 . ბოკვრებივით ერთად იღრიალებენ და ლომებივით ბრდღვინვას მოჰყვებიან მისი მცხოვრებნი.
39 . როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი.
40 . "ისე წავასხამ, როგორც კრავებს დასაკლავად, ვერძებს ვაცებითურთ.
41 . როგორ შეიპყრეს შეშაკი და გარდახდა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
42 . ზღვამ მოიქცია ბაბილონი, მღელვარე ტალღებმა დაფარა იგი.
43 . გაცამტვერდნენ მისი ქალაქები, უწყლო უდაბნოდ გადაიქცა მიწა, რომელზეც აღარავინ მკვიდრობს; ადამის ძენი აღარ დადიან მასზე.
44 . მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.
45 . გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ხალხო, თითოეულმა საკუთარი სული გადაირჩინეთ უფლის მძვინვარებისგან.
46 . ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
47 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, როცა განაჩენს გამოვუტან ბაბილონის კერპებს, შერცხვება მთელი ქვეყანა და მის წიაღში დაეცემა ყველა მისი მოკლული.
48 . იყიჟინებს ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი”, - ამბობს უფალი.
49 . "როგორც ბაბილონი დასცემდა ისრაელის განგმირულთ, ისე ბაბილონშიც დაეცემიან მოკლულნი მთელი ქვეყნიდან.
50 . წადით, მახვილისგან თავდაღწეულნო, ნუ გაჩერდებით. შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულებში.
51 . შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
52 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, მოვინახულებ მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53 . ცამდეც რომ ამაღლდეს ბაბილონი და სიმაღლეებშიც რომ გამაგრდეს, მაინც მოეწევიან მძარცველნი ჩემგან” - ამბობს უფალი.
54 . გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55 . ვინაიდან უფალი გაატიალებს ბაბილონს და აღკვეთს მის ხმამაღალ ტრაბახს. ახმაურდება მისი ტალღები დიდი წყალივით და გაისმება მათი ჩოჩქოლის ხმა.
56 . რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
57 . "დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
59 . სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
60 . ერთ გრაგნილში ჩაწერა იერემიამ ყველა ის უბედურება, ბაბილონს რომ მოეწევა; ყველა ეს სიტყვა ბაბილონზე იქნა დაწერილი.
61 . უთხრა იერემიამ სერაიას: "ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
62 . იტყვი: უფალო, შენ თქვი ამ ადგილზე, ისე გავანადგურებ, რომ ვეღარავინ იცხოვრებსო მასში, ვერც ადამიანი, ვერც პირუტყვი, რადგან საუკუნო უდაბნოდ ვაქცევო მას.
63 . ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.
64 . და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, მე რომ მოვაწევ; მოიქანცებიან ისინი!” აქამდეა იერემიას სიტყვები.
1 . და იყო, მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ჩემს სახლში ვიჯექი და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. იქ დაეშვა ჩემზე უფალი ღმერთის ხელი.
2 . გავიხედე და, აჰა, კაცის მსგავსი გამოსახულება, წელს ქვემოთ - ცეცხლი, წელს ზემოთ - ბრწყინვალე, როგორც ელვარე ლითონი.
3 . გამოიწვდინა ხელის მსგავსი გამოსახულება, ჩამავლო თმაში და ამწია; ამიყვანა სულმა დედამიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში; ჩრდილოეთით მიმართული შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც კერპი იდგა, კერპი რომელიც ღმერთის შურისგებას აღძრავდა.
4 . და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება იყო იქ, ისეთი, ველზე რომ ვიხილე.
5 . მითხრა: "ძეო კაცისავ, მიაპყარ თვალები ჩრდილოეთის გზას”. გავხედე ჩრდილოეთის გზას და დავინახე შურისგების კერპი სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით, შესასვლელთან რომ იყო.
6 . მითხრა: "ძეო კაცისავ! ხედავ, რას სჩადიან? დიდ სისაძაგლეს, რასაც ისრაელის სახლი სჩადის აქ, რათა მოვშორდე ჩემს საწმიდარს! წამომყევი, კიდევ უფრო დიდ სისაძაგლეებს იხილავ”.
7 . მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში.
8 . მითხრა: "ძეო კაცისავ! გამოთხარე კედელი”. გამოვთხარე კედელი და, აჰა, შესასვლელია ერთი.
9 . მითხრა: "მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, იქ რომ სჩადიან”.
10 . მივედი, შევიხედე და, აჰა, ქვეწარმავალთა და ბილწ არსებათა ყოველგვარი გამოსახულება; ირგვლივ მთელ კედელზე ისრაელის ტაძრის ყოველგვარი კერპი იყო ამოკვეთილი.
11 . ისრაელის ტაძრის სამოცდაათივე უხუცესი იქ იყო და ყაზანია, შაფანის ძეც იდგა მათ შორის. იდგნენ კერპების წინაშე, თითოეულს სასაკმევლე ეჭირა ხელში და საკმევლის ხშირი ბოლქვები ადიოდა მაღლა.
12 . მითხრა: "ხომ ნახე, ძეო კაცისავ, რას აკეთებენ ისრაელის ტაძრის უხუცესნი დაფარულში, თითოეული თავისი ცრუღმერთის საწმიდარში? ვინაიდან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავს; დატოვა უფალმა ეს ქვეყანა”.
13 . კვლავ მითხრა: "ისევ დაბრუნდი და იხილავ უფრო დიდ სისაძაგლეებს, ესენი რომ სჩადიან”.
14 . მიმიყვანა უფლის ტაძრის კარიბჭის ჩრდილო შესასვლელთან და ვიხილე იქ მსხდომი ქალები, თამუზისთვის რომ მოსთქვამდნენ.
15 . მითხრა: "ხომ ხედავ, ძეო კაცისავ? კვლავ მობრუნდი და ამაზე დიდ სისაძაგლეებს იხილავ!”
16 . მიმიყვანა უფლის ტაძრის შიდა ეზოსთან და, აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარსა და სამსხვერპლოს შორის დაახლოებით ოცდახუთი კაცი დამდგარა უფლის ტაძრისკენ ზურგშექცევით, აღმოსავლეთით მიუმართავთ პირი და თაყვანს სცემენ აღმოსავლეთით მზეს.
17 . მითხრა: "ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას ტაძრისთვის იმ სისაძაგლეთა ჩადენა, რასაც აქ სჩადის? აავსეს ქვეყანა ძალადობით და მეტად და მეტად მანრისხებენ; აჰა, რტოები მიაქვთ ცხვირთან.
18 . მეც გულისწყრომით მოვექცევი, არ შეიცოდებს თვალი ჩემი და არ შევიბრალებ; თუნდაც დიდი ხმით შემომღაღადონ ყურში, არ შევისმენ მათსას”.
1 . დიდი ნადიმი გაუმართა მეფე ბელშაცარმა თავის ათას დიდებულს და იმ ათასთან ერთად სვამდა ღვინოს.
2 . იგემა რა ღვინო, ბელშაცარმა მისთვის ოქროსა და ვერცხლის იმ ჭურჭლის მოტანა ბრძანა, მამამისმა, ნაბუქოდონოსორმა რომ გამოიტანა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა იქიდან ესვათ მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს.
3 . და მოიტანეს ოქროს ის ჭურჭელი, რომელიც იერუსალიმის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან იყო გამოტანილი; და იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და მისი ხარჭები.
4 . ღვინოს სვამდნენ, თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს აქებდნენ.
5 . სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სალამპრეს წინ, სამეფო სასახლის კირით შელესილ კედელზე წერა დაიწყეს; და ხედავდა მეფე ხელის მტევანს, რომელიც წერდა.
6 . გაფითრდა მეფე, ფიქრები აერია, წელის სახსრები მოუდუნდა და მუხლები აუკანკალდა.
7 . ხმამაღლა იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდეველები და მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: "კაცი, რომელიც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას მაუწყებს, მეწამულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ჩემს სამეფოში მესამე მთავარი გახდება”.
8 . და მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისთვის მისი მნიშვნელობის განმარტება ვერავინ შეძლო.
9 . ფრიად შეშფოთდა მეფე ბელშაცარი და უფრო მეტად გაფითრდა; აფორიაქდნენ მისი დიდებულნი.
10 . დედოფალი კი, მეფისა და დიდებულების ლაპარაკის ხმაზე სანადიმო სახლში შევიდა. თქვა დედოფალმა: "მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაშინებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი სახეზე.
11 . არის შენს სამეფოში ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია; მამაშენის დღეებში მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე, ღმერთის სიბრძნის მსგავსი; მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების თავკაცად დააყენა.
12 . რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.
13 . და მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. ჰკითხა მეფემ დანიელს: "შენ ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?
14 . გაგონილი მაქვს, რომ ღმერთის სულია შენში და ნათელი გონება და საოცარი სიბრძნე გქონია.
15 . ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მოვაყვანინე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.
16 . მსმენია, რომ განმარტება და კვანძების გახსნა შეგიძლია. თუ ამ წარწერას წაიკითხავ და მის მნიშვნელობას ამიხსნი, მეწამულით შეგმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და ჩემს სამეფოში მესამე მთავრად გაგხდი!”
17 . უპასუხა დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: "შენი ძღვენი შენვე გქონდეს, საჩუქრებიც სხვას მიეცი. წარწერას მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ.
18 . მეფევ, უზენაესმა ღმერთმა სამეფო, სიდიადე, დიდება და პატივი უბოძა ნაბუქოდონოსორს, მამაშენს;
19 . იმ სიდიადის გამო, ღმერთმა რომ მისცა, ყველა ხალხი, ტომი და ენა კანკალებდა და შიშობდა მის წინაშე. ვისაც უნდოდა ჰკლავდა და ვისაც უნდოდა ცოცხალს უშვებდა, ვისაც უნდოდა აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა ამცირებდა.
20 . მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.
21 . განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.
22 . შენ, მისმა ძემ, ბელშაცარმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი;
23 . პირიქით, ზეციური უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი, მისი სახლის ჭურჭელი მოატანინე შენ წინაშე, რომ შენ, შენს დიდებულებს, შენს ცოლებსა და შენს ხარჭებს ამ ჭურჭლით გესვათ ღვინო. თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდით, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და ვერც აზროვნებენ; ხოლო ის ღმერთი, რომლის ხელშიც არის შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალი, არ განადიდე.
24 . ამიტომ გამოგზავნა ხელი და დაწერა ეს სიტყვები:
25 . აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ”.
26 . აი, ამ სიტყვების განმარტება: მენე - აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო;
27 . თეკელ - აიწონე სასწორზე და მსუბუქი აღმოჩნდი;
28 . ფერეს - დანაწევრდა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი”.
29 . მაშინ ბრძანა ბელშაცარმა და შემოსეს დანიელი მეწამულით, ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს კისერზე და გამოაცხადეს, რომ სამეფოში მესამე მთავარი იქნებოდა.
30 . იმ ღამეს მოკლეს ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
31 . და სამოცდაორი წლის დარიოს მიდიელმა მიიღო სამეფო.
1 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.
2 . დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.
3 . მოვკვეთ მოსამართლეთ მისი წიაღიდან და ყველა მის მთავარს დავხოცავ მასთან ერთად! - ამბობს უფალი.
4 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.
5 . დავუშვებ ცეცხლს იუდაზე და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს!
6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე - ღარიბს.
7 . თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!
8 . გირაოში წამოღებულ ტანსაცმელზე წვებიან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.
9 . მე გავანადგურე მათ წინაშე ამორელნი, რომელთა სიმაღლეც კედარივით იყო და სიმაგრე მუხასავით. მოვსპე მისი ნაყოფი ზევით და ფესვები ქვემოთ.
10 . მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოც წელიწადს გატარებდით უდაბნოში, რათა დაგემკვიდრებინათ ამორელთა ქვეყანა.
11 . დავადგინე თქვენი ძენი წინასწარმეტყველებად და თქვენი ჭაბუკნი - მოწმიდრებად. განა ასე არაა, ძენო ისრაელისა? - ამბობს უფალი.
12 . თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდრებს, წინასწარმეტყველთ კი უბრძანებდით: არ იწინასწარმეტყველოთო!
13 . აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.
14 . მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.
15 . ვერც მშვილდის დამჭერი აღდგება, ვერც მალემსრბოლი გადარჩება და ვერც ცხენზე ამხედრებული იხსნის თავის სულს,
16 . მამაცთაგან ყველაზე გაბედულიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს! - ამბობს უფალი.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონია ქუშის ძეს, გედელიაჰუს ძეს, ამარიას ძეს, ხიზკიაჰუს შთამომავალს, იუდას მეფის, იოშია ყამონის ძის დღეებში.
2 . ყველაფერს აღვგვი მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.
3 . აღვგვი კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველსა და ზღვის თევზებს, მაცდურს ბოროტეულებთან ერთად; აღვგვი ადამიანს მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.
4 . ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.
5 . მათ, ბანებზე რომ სცემენ თაყვანს ციურ ლაშქარს და უფალსა და მილქომს რომ იფიცებენ.
6 . მათ, ვინც განუდგნენ უფალს, აღარ ეძებდნენ და აღარაფერს ეკითხებოდნენ.
7 . დადუმდი უფლის, ღმერთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს უფალს მსხვერპლი, ამორჩეული ჰყავს სტუმრები.
8 . დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და დავსჯი მთავრებს, უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს.
9 . დავსჯი იმ დღეს ყველას, ტაძრის ზღურბლის გადამლახველს, თავიანთი უფლის სახლს ძალადობითა და სიცრუით რომ ავსებდნენ.
10 . იმ დღეს გაისმება - ამბობს უფალი - გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან, მოთქმა საპირისპირო მხრიდან და დიდი ნგრევის ხმა მაღლობებიდან.
11 . იბღავლეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან ყველა მოვაჭრე განადგურდება და ვერცხლის ყველა მიმწონი ამოწყდება.
12 . მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!
13 . გაიძარცვება მათი ქონება და გაუკაცრიელდება მათი სახლები; სახლებს ააშენებენ და ვერ იცხოვრებენ მათში, ვენახებს გააშენებენ და ვერ დალევენ მათგან ღვინოს.
14 . ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!
15 . რისხვის დღეა ეს დღე! უბედურებისა და გაჭირვების დღე, ნგრევისა და გაუდაბურების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლებისა და ბურუსის დღე,
16 . ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ საყვირისა და საბრძოლო შეძახილების დღე!
17 . შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.
18 . ვერც მათი ვერცხლი იხსნის მათ და ვერც - მათი ოქრო, უფლის რისხვის დღეს; და შთანთქავს მთელს ქვეყანას თავისი ეჭვიანობის ცეცხლით, რადგან, უცაბედად მოუღებს ბოლოს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
1 . ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: "უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
2 . უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
3 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
4 . და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
5 . უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, მიადგეს შუაღამისას და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6 . რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!
7 . მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან მიწვანან ლოგინში, არ შემიძლიაო წამოდგომა და პურის მოცემა;
8 . გეუბნებით: მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს პურის მისაცემად, მომაბეზრებლობის გამო მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება.
9 . მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
10 . ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
11 . რომელი თქვენგანი იქნება ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცეს?
12 . ანდა კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს?
13 . ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
14 . და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
15 . ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
16 . ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
17 . იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და თავისავე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაეცემა.
18 . თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
19 . თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20 . ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!
21 . როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
22 . მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
23 . ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა; ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
24 . როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25 . მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26 . მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.
27 . სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.
28 . მან კი თქვა: "ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას”.
29 . ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.
30 . ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.
31 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
32 . ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.
33 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.
34 . სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
35 . გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!
36 . თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
37 . ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა; ისიც შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38 . გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
39 . უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.
40 . უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
41 . ჰოდა გაეცით მოწყალებად, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, სუფთა გექნებათ ყველაფერი.
42 . მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!
43 . ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!
44 . ვაი თქვენ, რადგან უხილავი სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
45 . ამაზე რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ უთხრა: "მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვლანძღავ”.
46 . მან კი უთხრა: "ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
47 . ვაი თქვენ, წინასწარმეტყველთა სამარხებს რომ აშენებთ, თუმცა თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი!
48 . ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
49 . ამიტომაც თქვა ღმერთის სიბრძნემ: მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და ზოგს დახოცავენ მათგან, ზოგს კი განდევნიან.
50 . რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -
51 . აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.
52 . ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.
53 . როცა იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გაშმაგებით შეუტიეს და მრავალი კითხვით აიძულებდნენ ელაპარაკა,
54 . რათა ისეთი რამ ეთქმევინებინათ, რომ მერე ბრალი დაედოთ მისთვის.
1 . მაშინ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "ასეა, როგორც ამბობენ?”
2 . მან თქვა: "კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა.
3 . და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4 . მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ.
5 . მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.
6 . ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
7 . მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
8 . და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვა მან ისაკი და წინადაცვითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი - იაკობი, ხოლო იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.
9 . შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
10 . იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად.
11 . შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები.
12 . როცა ესმა იაკობს, ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა.
13 . მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავისი თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
14 . გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა, სამოცდათხუთმეტი სული.
15 . ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იქვე გარდაიცვალნენ ისიც და ჩვენი მამებიც.
16 . იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს, აბრაჰამმა რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ძეთაგან.
17 . ღმერთის მიერ აბრაჰამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,
18 . ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
19 . ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
20 . იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
21 . როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა.
22 . ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.
23 . ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები, ისრაელიანები მოენახულებინა.
24 . დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.
25 . ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
26 . მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?
27 . მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28 . ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ?
29 . ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.
30 . ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში.
31 . გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
32 . მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.
33 . უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
34 . ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
35 . ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი
36 . მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
37 . ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!
38 . ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
39 . ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით.
40 . უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან.
41 . გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
42 . ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს?
43 . მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.
44 . მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა.
45 . ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე.
46 . მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის.
47 . თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი.
48 . მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49 . ცა ტახტია ჩემი, დედამიწა - ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
50 . განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
51 . ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
52 . წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
53 . თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”
54 . ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
55 . ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.
56 . თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.
57 . მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას.
58 . ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
59 . ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
60 . მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.
1 . იკონიაში ერთად მივიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.
2 . ხოლო ურწმუნო იუდევლები ძმების წინააღმდეგ ამხედრებდნენ და აბოროტებდნენ წარმართებს.
3 . თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.
4 . მაშინ ორად გაიყო ქალაქის ხალხი: ზოგი იუდევლების მხარეს დადგა, ზოგიც - მოციქულებისა.
5 . მაგრამ როცა იუდევლები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად, შეეცადნენ, რომ გაელანძღათ და ჩაექოლათ ისინი,
6 . შეიტყვეს მათი განზრახვა და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს შეაფარეს თავი.
7 . და იქ ახარებდნენ.
8 . იყო ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებმოწყვეტილსა და დედის მუცლიდანვე დავრდომილს, არასოდეს გაევლო.
9 . ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად,
10 . უთხრა ხმამაღლა: "შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!” ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.
11 . ხალხმა რომ პავლეს მიერ მოხდენილი სასწაული დაინახა, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ადამიანებს დამსგავსებულან ღმერთები და ჩვენთან ჩამოსულანო.
12 . უწოდეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს - ჰერმესი, რადგან სიტყვაში პავლე უფროსობდა.
13 . ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც იმ ქალაქის წინ იდგა, კარიბჭესთან ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა; გადაწყვეტილი ჰქონდა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა.
14 . ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და შეჰყვირეს:
15 . "კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;
16 . რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა,
17 . თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს”.
18 . ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
19 . მერე მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, გადაარწმუნეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.
20 . მაგრამ მოწაფეები რომ შემოეხვივნენ გარს, წამოდგა და ქალაქში შევიდა; მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.
21 . სახარება უქადაგეს იმ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და ისევ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ.
22 . ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.
23 . ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.
24 . შემდეგ გაიარეს პისიდია და პამფილიაში მივიდნენ.
25 . იქადაგეს სიტყვა პერგეში და ჩავიდნენ ატალიაში.
26 . იქიდან უკან, ანტიოქიისკენ გასცურეს, სადაც ღვთის მადლს გადაეცნენ იმ საქმისთვის, მათ რომ აღასრულეს.
27 . ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
28 . და არამცირე ხანს დარჩნენ იქ, მოწაფეებთან ერთად.
1 . აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2 . უთხრა მათ: "როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: "არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”.
3 . უთხრა: "მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: "იოანეს ნათლობაში”.
4 . თქვა პავლემ: "იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე.
5 . ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ.
6 . როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
7 . სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.
8 . შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.
9 . მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
10 . ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.
11 . ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12 . ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
13 . ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14 . ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი.
15 . მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”
16 . დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.
17 . და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
18 . მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19 . ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.
20 . ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
21 . ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: "იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
22 . მაკედონიაში ორი თავისი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი გაგზავნა, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
23 . იმ დროს, არამცირე მღელვარება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
24 . ვერცხლისმჭედელმა დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა, რითაც არამცირე საქმეს აძლევდა ხელოსნებს,
25 . შეკრიბა ამ ხელობის ხალხი და უთხრა: "კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
26 . ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი ქადაგებით გადააცდინა ამდენი ხალხი, რაკი ამბობს, ადამიანის ხელით შექმნილნი, არ არიანო ღმერთები.
27 . მალე არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც აღარაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, ახლა რომ თაყვანს სცემს მთელი აზია და მსოფლიო”.
28 . ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!”
29 . მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.
30 . პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს;
31 . ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, მის მეგობართაგან, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32 . ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს, ვინაიდან ძალზე დაბნეული იყო კრებული და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33 . ხალხიდან იუდეველთა წარმომადგენელი, ალექსანდრე გამოიყვანეს, მან ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე,
34 . მაგრამ, როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰკიოდნენ: დიდიაო ეფესელთა არტემისი!
35 . ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: "ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო დიდი არტემიდეს და ციდანმოვლენილის ტაძრის მცველია?
36 . და რაკი ამაში ეჭვი არავის ეპარება, მშვიდად ყოფნა გმართებთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
37 . მოგიყვანიათ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველნი არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელნი.
38 . თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს ვინმეზე აქვთ საჩივარი, სამსჯავროც გვაქვს და პროკონსულებიც გვყვანან, და უჩივლონ ერთმანეთს.
39 . ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე უნდა გადაწყდეს.
40 . ვინაიდან საფრთხე გვაქვს, რომ დღევანდელი არეულობისთვის ბრალი დაგვდონ, რადგან არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შევძლოთ".
41 . ეს თქვა და დაითხოვა შეკრებილნი.
1 . ასლი ეპისტოლესი, რომელიც იერემიამ გაუვზავნა ტყვეებს, ბაბილონელთა მეფეს რომ უნდა წაესხა ბაბილონში. თავი პირველი 1. ღვთის წინაშე რომ ჩაიდინეთ, იმ ცოდვების გამო იქნებით წაყვანილი ტყვეებად ბაბილონში. 2. ბაბილონში რომ მიხვალთ, მრავალ წელიწადს, დიდხანს დაჰყოფთ იქ, მეშვიდე თაობამდე, ხოლო ამის შემდეგ გამოგიყვანთ იქიდან მშვიდობით. 3. ახლა კი, ბაბილონში იხილავთ ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც მხრებით დაატარებს ხალხი და რომლებიც შიშისზარს სცემენ წარმართებს. 4. ფრთხილად იყავით, თქვენც არ დაემსგავსოთ უცხოელებს და მათმა შიშმა არ შეგიპყროთ, როცა დაინახავთ მათ წინ და უკან მოთაყვანე ბრბოს. 5. არამედ თქვით გულში: შენი თაყვანისცემა გვმართებს, უფალო. 6. რადგან თქვენთან არის ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს. 7. მათი ენა ხომ ხელოსნის ხელითაა გამოთლილი, თავად კი ოქროთი და ვერცხლით არიან დაფერილი, მაგრამ ცრუნი არიან და ლაპარაკი არ შეუძლიათ. 8. თითქოს სამკაულის მოყვარული ქალწულები იყვნენ, ისე უმკობენ თავს ოქროსგან ნაკეთები გვირგვინებით თავიანთ ღმერთებს. 9. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ქურუმები თავიანთ ღმერთებს ჩუმად ჰპარავენ ოქრო-ვერცხლს და საკუთარი საჭიროებისთვის იყენებენ, ან მეძავებს ახარჯავენ საროსკიპოებში. 10. ადამიანებივით ამკობენ სამოსელით ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს, რომელთაც ჟანგისა და ჩრჩილისგანაც კი ვერ დაუცავთ თავი. 11. ძოწეულის მოსასხამი მოსავთ, პირისახიდან მოწმენდილი აქვთ მტვერი, რომელიც უხვად ედებათ საკერპოებში; 12. ხელთ კვერთხი უპყრია ქვეყნის მსაჯულივით, მაგრამ თავისი შეურაცხმყოფელის მოსპობა კი არ შეუძლია; 13. მარჯვენაში მახვილი უპყრია და ცული, მაგრამ ბრძოლისგან და ავაზაკებისგან თავის დაღწევა არ შეუძლია. 14. აქედან ჩანს, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი. 15. რადგან, როგორც გატეხილი ჭურჭელია გამოუსადეგარი მისი პატრონისთვის, ასევე მათი ღმერთები, საკერპოებში რომ არიან დაყენებული. 16. თვალები მტვერით აქვთ ამოვსებული, შემომსვლელთა ფეხს რომ მოჰყვება; 17. და როგორც მეფის შეურაცხმყოფელს ჩაუკეტავენ კარებს ყოველი მხრიდან სიკვდილმისჯილივით, ასევე მათ საკერპოებს იცავენ ქურუმები კარებებით, ბოქლომებითა და ურდულებით, რომ ავაზაკებმა არ გაძარცვონ. 18. მათ უფრო მეტად უნთებენ ლამპრებს, ვიდრე თავიანთ თავს, თუმცა არცერთის დანახვა მათ არ ძალუძთ. 19. სახლის კოჭებივით არიან; ამბობენ, ამოღებულია მათი გულებიო, თავად მათ და მათ სამოსელს მიწის ჭიები ჭამენ, თავად კი ვერაფერს გრძნობენო. 20. მათი პირისახე საკერპოდან ადენილი კვამლით არის გამურული; 21. ტანზე და თავზე ღამურები, მერცხლები და სხვა ფრინველები ასხდებიან, ზოგჯერ კი კატებიც. 22. აქედან გაიგებ, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი. 23. ხოლო ოქრო, რომლითაც ისინი სილამაზისთვის არიან დაფარულნი, არ ბრწყინავს, თუ ვინმემ ჟანგისგან არ გაწმიდა. როცა ასხამდნენ მათ, ვერაფერს გრძნობდნენ. 24. დიდ ფასად არიან ნაყიდნი, სული კი არ უდგათ. 25. ფეხები არა აქვთ და მხრებით დაატარებენ, საკუთრ უძლურებას ამჟღავნებენ კაცთა წინაშე. შერცხვენილი არიან ისინიც, ვინც მათ ემსახურება, რადგან ძირს თუ დაეცნენ, თავისით ვერ წამოდგებიან. 26. და თუ ვინმე წამოაყენებს, თავისით ვერ დაიძვრება ადგილიდან; თუ გადახრის ვინმე, თავისით ვეღარ გასწორდება; ძღვენსაც ისე მიართმევენ, როგორც მკვდრებს. 27. მათთვის შეწირულ მსხვერპლს ქურუმები ყიდიან და საკუთრად იყენებენ; მათი ცოლები ნაწილს ამარილებენ, არც ღარიბ-ღატაკთ ურიგებენ, არც საპყრებს. მათი მსხვერპლის მიკარებას მირეული და თვეში ჩამდგარი ქალებიც კი ბედავენ. 28. ამით გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, და არ შეგეშინდებათ მათი. 29. რადგან როგორ უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, როცა ქალებიც კი სწირავენ მსხვერპლს ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს? 30. მათ საკერპოებთან ეტლებით მიდიან დახეული კვართებით შემოსილი ქურუმები, თმაწვერმოპარსულნი და თავშიშველნი; 31. მოთქვამენ და გოდებენ თავიანთი ღმერთების წინაშე, როგორც მკვდრის ქელეხში იციან. 32. მათი შესამოსელიდან ნაწილი ქურუმებს მიაქვთ შინ და ცოლ-შვილს მოსავენ. 33. ვერც ბოროტისმყოფელს მიუზღავენ სამაგიეროს და ვერც კეთილისმყოფელს; არც მეფის დაყენება ძალუძთ და არც მისი გადაყენება. 34. ასევე, არც სიმდიდრის მიცემა შეუძლიათ ვინმესთვის და არც სპილენძის ფულისა; თუ ვინმე აღთქმას მისცემს და არ შეუსრულებს, ვერ მოჰკითხავენ; 35. სიკვდილისგან ვერ იხსნიან ვაცს და ვერც სუსტს დაიცავენ მძლავრისგან; 36. ბრმას თვალისჩინს ვერ დაუბრუნებენ და გაჭირვებულ კაცს ვერ შეეწევიან; 37. ქვრივოხერს ვერ შეიწყალებენ და ობოლს კეთილს ვერ უყოფენ. 38. მთის ლოდებივით არიან ხისგან გაკეთებული, მოვერცხლილი და მოოქროვილი ღმერთები; მათი თაყვანისმცემელნი კი შერცხვებიან. 39. როგორ უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად? 40. თავად ქალდეველთაგან არიან ისინი შეურაცხყოფილნი: დაინახავენ ვინმე მუნჯს, ლაპარაკი რომ არ შეუძლია, და მიჰყავთ ბელთან და ევედრებიან, ხმა ამოადებინოს კაცს, თითქოს ბელს რამე ესმოდეს. 41. ამის შემხედვარენი მაინც არ ეშვებიან მათ, რადგან გაგება არა აქვთ. 42. გზებზე სხედან წელშემოსარტყლული ქალები და ფიჭვის საკმეველს აკმევენ; 43. როცა ერთ მათგანს გამვლელი კაცი წაიყვანს და დაწვება მასთან, იგი თავის მეზობელ ქალს დასცინებს, რომ მასავით პატივის ღირსი არ შეიქნა და რომ არ შეხსნილა მისი სარტყელი. 44. ყველაფერი, რაც მათთვის კეთდება, სიყალბეა. მაშ, რისთვის უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად? 45. დურგლებისა და ოქრომჭედლების ხელით არიან ნაკეთები; სხვა რა უნდა იყვნენ, გარდა იმისა, რასაც მათი ოსტატები ისურვებენ. 46. თვით მათი შემქმნელნიც ვერ იქნებიან დღეგრძელნი და მათი ხელიდან გამოსულები როგორღა უნდა იყვნენ ღმერთები? 47. მხიალოდ სიცრუე და სირცხვილი დაუტოვეს თავიანთ შთამომავლობას. 48. როდესაც ომი ან უბედურება დაატყდებათ თავს, ქურუმები ერთმანეთში ბჭობენ, სად გაიხიზნონ კერპებთან ერთად. 49. მაშ, რატომ ვერ ხვდებიან, რომ არ არიან ღმერთები ისინი, ვისაც საკუთარი თავი ომისა და უბედურებისაგან ვერ დაუხსნიათ. 50. რაკი ხისგან არიან გაკეთებული და ოქროთი და ვერცხლით დაფერილი, ამაზე მიხვდებით, რომ ცრუნი არიან ისინი. ყველა ხალხისთვის და მეფისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი ღმერთები კი არ არიან, რამედ კაცის ხელით ნაკეთებნი, რომ ღვთის ხელი არ ურევია მათ შექმნაში. 51. მაშ, ვიღასთვის უნდა იყოს გაუგებარი, რომ ღმერთები არ არიან ისინი? 52. მეფეს ისინი ვერ დასვამენ ქვეყანაში და ვერც წვიმას მოუყვანენ ადამიანებს. 53. ვერც სამართალს გააჩენენ და ვერც დაჩაგრულს დაიცავენ, რადგან თავად უმწეონი არიან; ისინი ყორნებივით არიან ცასა და მიწას შორის. 54. როცა ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთების სახლს ცეცხლი გაუჩნდება, ქურუმები თავის გადასარჩენად გარბიან, ღმერთები კი სახლის კოჭებივით შუაზე იწვებიან. 55. ვერც მეფეს და ვერც მომხდურ მტერს ვერ აღუდგვბიან წინ. 56. მაშ, როგორღა უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად? 57. ვერც ქურდებისგან და ავაზაკებისგან ვერ დაიცავენ თავს ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთები, რადგან მომხდურნი მათ აღემატებიან ძალით; სტაცებენ ოქრო-ვერცხლს და შესამოსელს, რითაც არიან შემოსილნი, და მიდიან ნადავლით, ამათ კი თავის შველა არ შეუძლიათ. 58. ამგვარად, უმჯობესია მამაცი მეფე ან საოჯახო რამ ჭურჭელი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს პატრონისთვის, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ანდა სახლის კარი, რომელიც ქონებას იცავს, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ან ხის სვეტები მეფის სასახლეში, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები. 59. მზე და მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისთვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან; 60. ასევე - ელვაც, როცა ელავს, ყველაფერს ანათებს; და ქარიც ქრის ყველა მხარეში; 61. ასევე ღრუბლებიც, როცა ღვთისგან აქვთ ნაბრძანები, მთელს დედამიწას გადაუარონ, ასრულებენ ამ ბრძანებას; ასევე მთებისა და ტყეების მოსასპობად ცით მოვლენილი ცეცხლიც ასრულებს ნაბრძანებს. 62. ესენი კი არც სახით და არც ძალით არ ჰგვანან მათ. 63. ამიტომაც არ უნდა შეირაცხონ და არც უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, რადგან არ ძალუძთ არც სამართლის გაჩენა და არც კაცთათვის სიკეთის ქმნა. 64. როცა გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, არ შეგეშინდებათ მათი. 65. მეფეებს ვერც შეაჩვენებენ და ვერც დალოცავენ, 66. ნიშნებს ვერ აჩვენებენ ცაზე და ხალხში, ვერც მზესავით იბრწყინებენ და ვერც მთვარესავით გაანათებენ. 67. ცხოველები სჯობიან მათ, რადგან ისინი თავიანთ ბუნაგს მაინც მიაშურებენ და თავს უშველიან. 68. არაფრით არ ჩანს, რომ ისინი ღმერთები იყვნენ; ამიტომ ნუ გეშინიათ მათი. 69. რადგან როგორც საფრთხობელა ვერ იცავს ბოსტანში ვერაფერს, ასევე არიან მათი ღმერთები, ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი. 70. კიდევ გვანან ეკლის ბუჩქს ბაღში, რომელსაც ყველა ჩიტი აჯდება ზედ, ან გვამს, ბნელში დაგდებულს, მათი ხის ღმერთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი. 71. მათი ძოწეულის და სელის სამოსელზე, რომელიც ლპება მათ ტანზე, მიხვდებით, რომ ღმერთები არ არიან ისინი, რომ თავადაც საბოლოოდ დაილევიან და სირცხვილად დარჩებიან ქვეყანაზე. 72. ამიტომაც უმჯობესია მართალი კაცი, ვისაც კერპი არ ჰყავს, რადგან შორს იქნება იგი სირცხვილისგან.
1 . ახლა კერპთშენაწირებზე. ვიცით, რადგან ცოდნა ყველას გვაქვს. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.
2 . ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.
3 . მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.
4 . ამგვარად, კერპთშენაწირების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.
5 . ვინაიდან, თუნდაც იყვნენ ეგრეთწოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),
6 . ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.
7 . მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, ვინაიდან ზოგიერთები დღემდე ჩვეულებისამებრ ჭამენ კერპთაგან, როგორც კერპთშენაწირს და ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბილწება.
8 . საჭმელი არ მიგვაახლოებს ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ - არაფერი გვემატება და თუ არ ვჭამთ - არაფერი გვაკლდება.
9 . მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.
10 . ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად?
11 . და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
12 . ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ.
13 . ამიტომ თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაბრკოლო.
1 . და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს, გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი.
2 . გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიაჰუსთან დიდი ლაშქრით. და გაჩერდა იგი ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე.
3 . და გამოვიდნენ მასთან სასახლის მმართველი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე,
4 . უთხრა მათ რაბშაკემ: "ახლა უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე მშვიდად რომ ხარ?
5 . გეუბნები: შენი თათბირი და ომში სითამამე ფუჭი სიტყვებია მხოლოდ. ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ მეწინააღმდეგები?
6 . აჰა, ეგვიპტეს - გადატეხილ ლერწამს - ეყრდნობი, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მასზე დაიმედებულისთვის.
7 . და თუ იმას მეტყვი - უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო! - ეს ის ღმერთი ხომ არ არის, მაღლობებისა და სამსხვერპლოების მოშორების შემდგომ რომ უთხრა ხიზკიაჰუმ იუდასა და იერუსალიმს - მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი!
8 . ახლა, აბა, შეედარე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ორი ათას ცხენს მოგცემ, თუ შესხამ მათზე მხედრებს?
9 . მაშ როგორღა უკუაქცევ თუნდაც ერთს ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედად ხარ?
10 . თანაც, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: გამოდი მაგ ქვეყნის წინააღმდეგ და გაანადგურეო”.
11 . უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: "არამეულ ენაზე ელაპარაკე შენს მსახურებს, რადგან გვესმის; იუდაურად ნუ დაგველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან”.
12 . უთხრა მათ რაბშაკემ: "მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ ჩამომჯდარა, რათა თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი”.
13 . წამოდგა რაბშაკე, ხმამაღლა დაიყვირა იუდაურად და თქვა: "ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა!
14 . ასე ბრძანა მეფემ: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი!
15 . ნუ დაგაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, რომ გეუბნებათ: უსათუოდ გვიხსნის უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელითო!
16 . ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: დამნებდით და გამოდით ჩემთან; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და თავისი ლეღვი, სვას თითოეულმა თავისი ჭის წყალი,
17 . სანამ მოვსულვარ და წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
18 . არ მოგატყუოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს: უფალი გვიხსნისო! რომელი ხალხის ღმერთებმა იხსნეს თავიანთი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
19 . სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
20 . ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?”
21 . დუმდა ხალხი, სიტყვაც არ უთქვამთ, რადგან მეფეს ჰქონდა ნაბრძანები, არ უპასუხოთო.
22 . შემოხეული სამოსელით მივიდნენ ხიზკიაჰუსთან ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მმართველი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.
1 . გაიგონა ეს მეფე ხიზკიაჰუმ და ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
2 . გაგზავნა ელიაკიმი, სახლის ზედამხედველი, შებნა მწიგნობარი და ძაძებით შემოსილი უხუცესი მღვდლები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.
3 . უთხრეს: "ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს მოადგნენ ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4 . ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა რაბშაკეს ყოველი სიტყვა, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ დააბარა, რათა დაეძრახა ცოცხალი ღმერთი და დაეგმო სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა! აღავლინე ლოცვა ცოცხლად დარჩენილთათვის”.
5 . მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან.
6 . მიუგო ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7 . აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!”
8 . დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ებრძვის აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა.
9 . თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც გაიგო. უთხრეს: "აჰა, შენთან საბრძოლველად გამოვიდა”. ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით,
10 . ასე უთხარითო ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს "არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომელსაც ენდობი, ნუ იტყვი: არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
11 . ხომ გსმენია, რა დამართეს აშურის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი. შენ რა, გადარჩები?!
12 . განა იხსნეს ღმერთებმა თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი და ხარანი, რეფეცი და ედენის ძენი, თელასარში რომ არიან?
13 . სად არიან ხამათის, არფადის, სეფარ-ვაიმის მეფეები, ჰენაყისა და ყივას მეფე?”
14 . გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი.
15 . ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შეჰქმენი ცა და მიწა!
16 . ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები.
17 . მართალია, უფალო, ააოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები.
18 . ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები კი არა, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით გამოთლილი ქმნილებანი იყვნენ და მოსპეს ისინი.
19 . ახლა, გევედრები, რომ გვიხსნა, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან; გაიგოს დედამიწის ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ!”
20 . შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: შევისმინე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
21 . აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: მოგიძულა, დაგცინის ქალწული, ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
22 . ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე თვალი მედიდურად? ისრაელის წმიდაზე!
23 . შენი მოციქულების მეშვეობით გალანძღე უფალი და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედიო მთის მაღლობებზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი კედრები, რჩეული კვიპაროსები, მისი სამყოფლის საზღვრებს მივაღწიე და შევედი მის ნაყოფიერ ტყეში.
24 . ამოვთხარე და შევსვი უცხო წყლები, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრეო ეგვიპტის მდინარეები!
25 . ნუთუ არ გსმენია, რომ ეს უძველესი დროიდან დავგეგმე, რომ წინა დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
26 . მათმა მცხოვრებლებმა ძალა დაკარგეს, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ბალახივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
27 . ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.
28 . იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
29 . ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ველურად გაზრდილი ჭამეთ, მეორე წელიწადს მონარჩენიდან გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ვაზი ჩაყარეთ და მისი ნაყოფი ჭამეთ.
30 . კვლავ გაიდგამს ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და გამოიღებს ნაყოფს.
31 . რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და სიონის მთიდან ნატამალი. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
32 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ გაისვრის მასში, ვერ მიეჭრება ფარით ხელში და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.
33 . გაბრუნდება იმავე გზით უკან, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში! ამბობს უფალი.
34 . მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის”.
35 . იმ ღამეს გამოვიდა უფლის ანგელოზი და მოსრა აშურის ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.
36 . გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე და ნინევეში მივიდა.
37 . ერთხელ, როცა თავის ღმერთს ნისროქს სცემდა თაყვანს, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა.
1 . მოისმინა თუ არა ეს მეფე ხიზკიაჰუმ, შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
2 . გაგზავნა ელიაკიმი, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა მწერალი და მღვდელთაგან უხუცესნი - ყველანი ჯვალოთი შემოსილნი - წინასწარმეტყველ ესაია ამოცის ძესთან.
3 . უთხრეს მას, ასე ამბობსო ხიზკიაჰუ: უბედურების, მხილებისა და უარყოფის დღეა ეს დღე, რადგან მოადგნენ ყრმები საშოს კარს, მაგრამ შობისთვის ძალა არ არის.
4 . იქნებ ისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, შემოთვალა, რათა გაელანძღა ცოცხალი ღმერთი; იქნებ შერისხოს იმ სიტყვათა გამო, რომელიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილი ნატამალისთვის.
5 . და შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუს წარგზავნილნი ესაიასთან.
6 . მიუგო მათ ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, შენ რომ მოისმინე, რითაც მგმობდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7 . აჰა, სულს ჩავუდებ, ამბავს გაიგებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში; მახვილით დავცემ მისივე ქვეყანაში”.
8 . გაბრუნდა რაბშაკე და ლიბნასთან მებრძოლი ჰპოვა აშურის მეფე, რადგან გაგებული ჰქონდა ლაქიში დატოვაო.
9 . თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზეც ესმა, უთხრეს: შენთან საბრძოლველად გამოვიდაო. ეს რომ გაიგო, მაცნენი გაუგზავნა ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით:
10 . ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: "ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომელზეც დაიმედებულხარ - არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
11 . აჰა, გსმენია, რაც აშურის მეფეებმა მოაწიეს ყველა ქვეყანას, როგორ დაამხეს ისინი. შენ როგორ გადარჩები?
12 . განა გადაარჩინეს ისინი იმ ხალხთა ღმერთებმა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? გოზანი და ხარანი, რეცეფი და ძენი ედენისა, თელასარში რომ იყვნენ?
13 . სად არიან ხამათისა და არფადის მეფეები? ან სეფარვაიმის, ჰენასა და ავას მეფენი?”
14 . მიიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეებისგან, წაიკითხა, ავიდა უფლის ტაძარში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
15 . ევედრებოდა ხიზკიაჰუ უფალს და ამბობდა:
16 . "ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე! შენ, მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა.
17 . მოაპყარ ყური, უფალო და მოისმინე. გაახილე თვალი, უფალო და დაინახე სანხერიბის სიტყვა, ცოცხალი ღმერთის სალანძღად რომ გამოგზავნა.
18 . მართალია, უფალო, აშურის მეფეებმა გაატიალეს ყველა ქვეყანა და მათი მიწები.
19 . ცეცხლში ყრიდნენ მათ ღმერთებს, რადგან ღმერთები არ იყვნენ ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, ამიტომ მოსპეს კიდეც ისინი.
20 . ახლა კი უფალო, ღმერთო ჩვენო, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა შეიტყოს ქვეყნის ყველა სამეფომ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი”.
21 . გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმის პასუხად, რასაც სანხერიბზე, აშურის მეფეზე ევედრებოდი.
22 . ესაა სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: "აბუჩად აიგდო, დასცინა ქალწულს, სიონის ასულს! თავს იქნევდა იერუსალიმის ასულის უკან.
23 . ვის ძრახავდი და ვის ლანძღავდი? ვისზე აიმაღლე ხმა და ვის დაადგი თვალი? ისრაელის წმიდას!
24 . შენი მონების პირით ძრახავდი უფალს და ამბობდი, მთათა სიმაღლეზე ავედი ჩემი მრავალი ეტლით, ლიბანის კალთებზე; გავჩეხავ მის მაღალ კედრებს, მის ნარჩევ კვიპაროსებს და მივაღწევ მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე.
25 . მე ამოვთხარე და დავლიე წყლები, ჩემი ფეხის ტერფებით ამოვაშრობ ეგვიპტის ყველა მდინარეს.
26 . არ გსმენია განა, შორეულ წარსულში რომ გავაკეთე მე ეს? უძველეს დროში განვიზრახე და ახლა მოვაწიე, რათა ნანგრევების გროვად გექცეს გამაგრებული ქალაქები.
27 . ხელმოკლენი იყვნენ მისი მცხოვრებნი - გაწბილებულნი და შერცხვენილნი. ველის მცენარეებივით გახდნენ - მწვანე მოლივით და ერდოს ბალახივით, თავთავის გაკეთებამდე გათელილი ჯეჯილივით.
28 . ვიცოდი შენი დაჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა; შენი რისხვა ჩემს წინააღმდეგ.
29 . რადგან შენი მრისხანება ამაღლდა ჩემს წინაშე და შენი ამპარტავნება მოსწვდა ჩემს ყურს, კაუჭს გაგიყრი ნესტოებში და აღვირს ამოგდებ პირში და იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოსულხარ.
30 . ხიზკიაჰუ, ეს იქნება შენთვის ნიშანი: ჭამეთ ამ წელს ნაგერალი ხორბალი, მეორე წელს - თვითნაბადი, მესამე წელს დათესეთ და მომკეთ, ჩაყარეთ ვენახები და ჭამეთ ნაყოფი.
31 . გადარჩენილნი იუდას სახლიდან და თავდაღწეულნი კვლავ გაიდგამენ ფესვს დაბლა და გამოიღებენ ნაყოფს მაღლა.
32 . გამოვა იერუსალიმიდან ნატამალი და გადარჩენილნი - სიონის მთიდან”. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა მოიმოქმედებს ამას.
33 . ამიტომ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ ამოვა ამ ქალაქში, ვერ ისვრის აქ ისარს, ვერ მიადგება მას ფარით და ვერ აღუმართავს მიწაყრილს.
34 . რომლითაც მოვიდა, იმავე გზით გაბრუნდება და არ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
35 . მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის დავითისთვის.
36 . გამოვიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი; ადგნენ დილით და ნახეს, რომ გაცივებული გვამები ეყარა.
37 . გაბრუნდა და წავიდა სანხერიბი, აშურის მეფე; და ცხოვრობდა ნინევეში.
38 . ერთხელ, როცა ნისროქს, თავის ღმერთს სცემდა თაყვანს მის სახლში, ადრამელეხმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა დასცეს იგი მახვილით და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.