აბაკუმი თავი 2

1 . დავდგები ჩემს სადარაჯოზე, ავალ კოშკზე და დავაყურადებ, რომ ვნახო რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.

2 . მიპასუხა უფალმა და მითხრა: ჩაწერე ჩვენება და დაფებზე ამოტვიფრე, რომ იოლად წაიკითხოს მკითხველმა.

3 . რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.

4 . აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.

5 . ღვინო ცბიერია და არ აძლევს მას მოსვენებას. საფლავივით იფართოებს პირს, სიკვდილივით გაუმაძღარია, თავისთან აგრ­ოვებს ყველა ერს და კრებს ყველა ხალხს.

6 . განა ყველანი საარაკოდ არ გახდიან მას? შაირებითა და ქარაგმებით ილაპარაკებენ მის წინააღმდეგ. იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო! როდემდე? და მძიმე ვალდებულებებით იმძიმებსო თავს.

7 . განა უცებ არ აღდგებიან შენი მევალენი და გამოფხიზლდებიან შენი დამაფრთხობელნი? უსათუოდ მათ ნადავლად იქცევი.

8 . რადგან გაძარცვე მრავალი ერი, ამიტომ გაგძარცვავს ყველა ხალხი ადამიანის სისხლისღვრისთვის და ქვეყანაზე, ქალაქსა და მასში მცხოვრებლებზე ძალადობისთვის.

9 . ვაი უმართლოდ ქონების მომხვეჭელს თავისი სახლისთვის, მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად.

10 . სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის, მრავალი ხალხის მოსპობა. დანაშაულს სჩადის შენი სული.

11 . რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.

12 . ვაი მას ვინც სისხლისღვრით აშენებს დაბას და უსამართლობაზე აფუძნებს ქალაქს.

13 . განა ცაბაოთ უფლისგან არაა, რომ ცეცხლისთვის შრომობენ ხალხები და ამაოებისთვის იტანჯებიან ერები?

14 . რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.

15 . ვაი შენ, ღვარძლით შეზავებულ სასმელს რომ ასმევდი შენს მოყვასს, რათა დაგეთრო და მისი სიშიშვლისთვის გეყურებინა.

16 . სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდე­ბის სანაცვლოდ.

17 . ვინაიდან ლიბანზე გაწეული ძალადობა დაგფარავს და შიშის ზარი დაგეცემა - ცხოველთა განადგურების, ადამიანთა სისხლისღვრის, ქვეყნის, ქალაქისა და ყველა მასში მცხოვრების აოხრების გამო.

18 . რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი.

19 . ვაი მას, ვინც ეუბნება ხეს, გაიღვიძეო; მდუმარე ქვას - გამოფხიზლდიო! განა გასწავლიან რაიმეს ისინი? აჰა, ოქრო-ვერცხლითაა მოჭედილი და არავითარი სული არ არის მასში.

20 . უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. მის წინაშე დადუმდეს მთელი ქვეყნიერება.