1 . ხილვა, რომელიც იხილა წინასწარმეტყველმა აბაკუმმა.
2 . როდემდე უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? ვღაღადებდე შენ წინაშე ძალადობის გამო და არ მიხსნიდე?
3 . რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს.
4 . ამიტომაც დაუძლურდა რჯული და ვეღარ იმარჯვებს სამართალი, ბოროტმოქმედი ჯაბნის მართალს და გამრუდდა სამართალი.
5 . შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით, გაოცდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.
6 . რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, სასტიკ და ფიცხ ხალხს, მთელ ქვეყანაზე რომ მიმოდიან, იმ საცხოვრებლების დასაპატრონებლად, მათ რომ არ ეკუთვნით.
7 . საშიშნი და შემზარავნი თვითონ არიან საკუთარი თავების რჯულიცა და სამართალიც.
8 . ჯიქზე უსწრაფესნი არიან მათი ცხენები და ღამის მგლებზე მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრები, შორიდან მოფრინავენ მსხვერპლზე შემართული არწივებივით.
9 . დასარბევად მოდიან, ქარბუქივით მოექანებიან მათი რაზმები და ქვიშასავით ხვეტენ ტყვეებს.
10 . მეფეებს დასცინიან, მთავრებს მასხრად იგდებენ. ყველა ციხე-სიმაგრეს დასცინიან, მიწაყრილებს ახვავებენ და იპყრობენ.
11 . ქარივით გადაივლიან ზღვას, გადაივლიან და დანაშაულს ჩაიდენენ, მათი ძალა მათი ღმერთია.
12 . განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
13 . მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
14 . ზღვის თევზებივით აქციე ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით გახდნენ.
15 . ანკესით იჭერენ მათ ქალდეველნი, ბადეში აბამენ; ამიტომ ხარობენ და ზეიმობენ.
16 . ამიტომ სწირავენ მსხვერპლს თავიანთ ბადეს და საკმეველს უკმევენ თავიანთ თევზსაჭერს, რადგან მათგან აქვთ დიდი თევზჭერა და უხვია მათი საჭმელი.
17 . ნუთუ უსასრულოდ უნდა აშიშვლებდნენ მახვილებს და უმოწყალოდ უნდა ხოცავდნენ ხალხებს?
1 . დავდგები ჩემს სადარაჯოზე, ავალ კოშკზე და დავაყურადებ, რომ ვნახო რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
2 . მიპასუხა უფალმა და მითხრა: ჩაწერე ჩვენება და დაფებზე ამოტვიფრე, რომ იოლად წაიკითხოს მკითხველმა.
3 . რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.
4 . აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
5 . ღვინო ცბიერია და არ აძლევს მას მოსვენებას. საფლავივით იფართოებს პირს, სიკვდილივით გაუმაძღარია, თავისთან აგროვებს ყველა ერს და კრებს ყველა ხალხს.
6 . განა ყველანი საარაკოდ არ გახდიან მას? შაირებითა და ქარაგმებით ილაპარაკებენ მის წინააღმდეგ. იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო! როდემდე? და მძიმე ვალდებულებებით იმძიმებსო თავს.
7 . განა უცებ არ აღდგებიან შენი მევალენი და გამოფხიზლდებიან შენი დამაფრთხობელნი? უსათუოდ მათ ნადავლად იქცევი.
8 . რადგან გაძარცვე მრავალი ერი, ამიტომ გაგძარცვავს ყველა ხალხი ადამიანის სისხლისღვრისთვის და ქვეყანაზე, ქალაქსა და მასში მცხოვრებლებზე ძალადობისთვის.
9 . ვაი უმართლოდ ქონების მომხვეჭელს თავისი სახლისთვის, მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად.
10 . სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის, მრავალი ხალხის მოსპობა. დანაშაულს სჩადის შენი სული.
11 . რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.
12 . ვაი მას ვინც სისხლისღვრით აშენებს დაბას და უსამართლობაზე აფუძნებს ქალაქს.
13 . განა ცაბაოთ უფლისგან არაა, რომ ცეცხლისთვის შრომობენ ხალხები და ამაოებისთვის იტანჯებიან ერები?
14 . რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.
15 . ვაი შენ, ღვარძლით შეზავებულ სასმელს რომ ასმევდი შენს მოყვასს, რათა დაგეთრო და მისი სიშიშვლისთვის გეყურებინა.
16 . სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდების სანაცვლოდ.
17 . ვინაიდან ლიბანზე გაწეული ძალადობა დაგფარავს და შიშის ზარი დაგეცემა - ცხოველთა განადგურების, ადამიანთა სისხლისღვრის, ქვეყნის, ქალაქისა და ყველა მასში მცხოვრების აოხრების გამო.
18 . რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი.
19 . ვაი მას, ვინც ეუბნება ხეს, გაიღვიძეო; მდუმარე ქვას - გამოფხიზლდიო! განა გასწავლიან რაიმეს ისინი? აჰა, ოქრო-ვერცხლითაა მოჭედილი და არავითარი სული არ არის მასში.
20 . უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. მის წინაშე დადუმდეს მთელი ქვეყნიერება.
1 . საგალობელი ვედრება წინასწარმეტყველ აბაკუმისა.
2 . უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.
3 . თემანიდან მოდის ღმერთი, და წმიდა - ფარანის მთიდან. მისმა ბრწყინვალებამ დაფარა ზეცა და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.
4 . მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
5 . წინ შავი ჭირი მიუძღვება, ფეხდაფეხ სასჯელი მიჰყვება.
6 . შედგა და შეარყია დედამიწა, შეხედა და შეაძრწუნა ერები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო მაღლობები, საუკუნოა მისი გზები.
7 . უბედურებაში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები.
8 . განა მდინარეების წინააღმდეგ იყო უფლის გულისწყრომა? განა მდინარეების წინააღმდეგ იყო შენი რისხვა, ან ზღვის წინააღმდეგ შენი მძვინვარება, შენს ცხენებზე, შენი გადარჩენის ეტლებზე რომ ამხედრდი?
9 . მშვილდი იშიშვლე, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული; მდინარეებით დაღარე დედამიწა.
10 . დაგინახეს და იძვრნენ მთები, წყლის ნაკადებმა გადაიარეს; უფსკრულმა გამოსცა ხმა და ხელები ასწია.
11 . მზე და მთვარე გაირინდნენ თავიანთ სადგომებში. სინათლესავით მოდიოდა შენი ისრები, ელვარებდა შენი შუბის ბრწყინვალება.
12 . გულისწყრომით დადიხარ დედამიწაზე და რისხვით თელავ ერებს.
13 . შენი ხალხის გადასარჩენად, შენი ცხებულის გამოსახსნელად გამოხვედი; ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, ფუძიდან სახურავამდე გააშიშვლე.
14 . მისივე შუბით განუგმირე თავი მის ბელადებს, როცა შემოიჭრნენ ჩვენს გასაფანტად და ყიჟინებდნენ, რომ მალულად ჩაეყლაპათ ჩაგრული.
15 . შენი ცხენებით გათელე ზღვა, ადიდებული წყლის ზვირთები.
16 . მოვისმინე და შემეძრა გულ-მუცელი, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ძვლებმა იწყეს ტეხა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები უბედურების დღეს, როცა აღსდგებიან ჩემი ხალხის წინააღმდეგ და თავს დაესხმიან.
17 . თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი და აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და მინდვრებმა საზრდო არ მოიტანონ; მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი,
18 . მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.
19 . უფალი, ღმერთი ჩემი ძალაა, ფურ-ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს მაღლობებს მომატარებს. გუნდის ლოტბარს - ჩემს სიმებიან საკრავებზე.